საარჩევნო მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის.

აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს მოაწერა.

ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დამთავრდება, ხოლო სტადიონის შემთხვევაში – პირველ თებერვალს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ შპს „სტადიონად“, 2015 წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა.  სამინისტრომ იმავე წლის პროგრამების ჩამონათვალიდან ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და მათ განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა – 17 მილიონ 984 ათას 400 ლარი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო. შესაბამისად, „სტადიონს“ დაევალა ახალი საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობის უზრუნველყოფა.

ბათუმში, პუშკინის ქუჩა 164/ტბელ აბუსერისძის ქუჩა 2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია „სტადიონსა“ და ტენდერში გამარჯვებულ შპს „საბა კონსტრაქშენ“-ს შორის, ღირებულებით 22 მილიონ 172 ათას 764 ლარი.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი კი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,9 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

მაშველებმა კლდიდან გადაჩეხილი ნუკრი იპოვეს

შვლის ნუკრის გადარჩენის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ნუკრი (1)
ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

შვლის ნუკრი, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარემოს დაცვის უწყებას გადაეცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

“ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები.

მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან ამაო ბრძოლა და მთვარეზე გაუხსნელი კოოპერატივი.

მიჰყევით ლევან ბარამიძეს – მისი ამბავი მოკლეა და ბევრს მოგითხრობთ“ – აღნიშნულია რომანის ანოტაციაში.

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა.

სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც საინიციატივო ჯგუფი და მოსახლეობა აყენებდა?

თავად ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობა საუბრობს პოზიციების დათმობაზე, საუბრობს იმაზე, რომ შენარჩუნდება სამივე ხეივანი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს ძალიან კარგია. თუმცა, გარდა განცხადებებისა, მნიშვნელოვანია შეხვედრაზე გაკეთებული ინფორმაცია დოკუმენტურად იყოს დაფიქსირებული, შესაბამის აქტებში გაწერილი და ასახული იმ ხელშეკრულებაში, იმ თანდართულ დოკუმენტებში, რომლებიც კომპანიასთან არის გაფორმებული.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ კონკრეტული განცხადებები დაკავშირებულია გარკვეული პირობის შესრულებასთან. მეორეს მხრივ, თავისთავად მხოლოდ მედიით გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება.

აქციების დროს იყო მოთხოვნა და პეტციაშიც წერია, რომ სამივე ხეივანი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და დიახ ეს მოთხოვნა ნამდვილად სამართლიანია, რატომ იყო თუნდაც იდეის დონეზე საუბარი კონცეფციის მომზადების პროცესში, რომ ერთი ხეივანი უნდა აეღოთ ბათუმის ბულვარიდან? – გამოდის, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ხელისუფლებამ დახარჯა ფული  და ეს სამუშაოები მას აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული თანხა უშედეგოდ დაიხარჯა.

ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა არათანმიმდევრულად იყო დაგეგმილი კონცეფცია თავის დროზე. ეს პროცესი არ იყო ღია, არ იყო საჯარობა დაცული და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ეს ყველაფერი – სავარუდოდ ადგილოვრივი ხელისუფლება დაგვიანებით იგებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონთან შესაბამისობაში: ძველი ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ხეივნის აღება ან იმ სახით ჩარევა, რაც იგეგმებოდა კონფლიქტშია კანონთან.

ვთქვათ, ხელისუფლებამ ჩაწერა დოკუმენტში, რომ სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია?

მიზანი მიღწეულია თუ არა ამაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა ილაპარაკოს, მაგრამ იურიდიულად თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს სამართლებრივ აქტებში. აისახოს იმ დოკუმენტებში და  ტექნიკურ დავალებაში, კონცეფციის დოკუმენტებში, რომელიც დაუკვეთეს კომპანიას. ეს იქნება რეალური შედეგი და არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განაცხადი.

ვთქვათ, ხვალვე დადო მთავრობამ ასეთი დოკუმენტი, მაგრამ მთავრობის განცხადებებში კომერციული ობიექტების განთავსებაზეც კეთდებოდა აქცენტები.

ვერ წარმომიდგენია გადაწყვეტილება, რომელშიც მხოლოდ ის დაიწერება, რომ ბათუმის ბულვარში რჩება სამივე ხეივანი – ამ ფორმატში მომზადებული გადაწყვეტილება თავისთავად არ იქნება სრული. ის ვერ გასცემს პასუხს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც ბათუმის ძველი ბულვარი იდგა ამ პროცესში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო, ნათელი და არ უნდა ტოვებდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველაფერი წარიმართოს კანონმდებლობის შესაბამისად?

თუ აჭარის მთავრობა ფიქრობს გარკვეული ტიპის კონცეფციაზე, რომელიც აუცილებელია, ის უნდა შეიმუშავონ მხოლოდ და მხოლოდ ძეგლის ინტერესების გათვალიწინებით და არა ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებზე ორიენტირებით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ სხვა გადაწყვეტილებები. სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა, რომელიც დააზიანებს ძეგლს, პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ როგორც კანონმდებლობის დარღვევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს სამივე ხეივანი.

 

ხიჭაურის სკოლის მოსწავლე: მამა ლაზარემ თათარი დაგვიძახა [ვიდეო]

ხიჭაურის სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინ, 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლები დაიბარა სასწავლებელში.ვიდეო მასალაში ჩანს მშობლებისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის დიალოგი. მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ მათი შვილები ერთ-ერთმა მღვდელმა “კედელთან გააჩერა” და ასევე იმას, რომ ბავშვებს სასულიერო პირმა „თათრები” დაუძახა.

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა.

ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი?

ნუგზარ ზოსიძე
ნუგზარ ზოსიძე
სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა. ამ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ცვლილებები განხორციელდა სკოლის უკეთ მუშაობის მიზნით. სკოლა უკვე 6 წელია ფუნქციონირებს, ზემო აჭარამ იცის ამ სკოლის წარმატებული მუშაობა. ჩვენ ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული გავუშვით. ისინი წარმატებით აბარებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

ამ განცხადებაში ასევე წერია, რომ ნუგზარ ზოსიძემ თურმე იმიტომ დატოვა სამსახური, რომ ვერ შეძლებდა ხარისხიან ადამიანებთან მუშაობასო. მე ვიტყვი, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი, ისინი ფორმალურად დანიშნულები იყვნენ 14 სექტემბრიდან, მაგრამ არის რაღაც მიზეზები, რომ მათთან ერთად ვეღარ შევძლებ მუშაობას – სხვადასხვა პირდაპირი თუ ირიბი საუბრების გამო.

მაგრამ ერთიცაა, რატომ წერენ მხოლოდ ნუგზარ ზოსიძის წასვლაზე, რატომ წავიდა სკოლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რამინ შავაძე, დიდაჭარელი კაცი. იმიტომ წავიდა, რომ ხედავდა იმ უსამართლობას, რაც ხდებოდა სკოლაში. სკოლის ახალი ადმინისტრაცია კი, 20 იანვრიდან დღემდე ყოველ დღე ემუქრება ბავშვებს სკოლის დახურვით, ნუთუ ეს არის უკეთ მუშაობა?

რა სახის მუქარაზეა საუბარი?

ეს საპატრიარქომ შეისწავლოს. ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთო, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთარი თვალით ვნახე აქციიდან ძალით ბავშვებს როგორ მიათრევდნენ, ვითომც დასალაპარაკებლად.

და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემს უკან კიდევ ვიღაც დგას.. როგორ შემეძლო ეს ანარქია მე მომეწყო, როცა იქ სისხლი ჩავაქციე.

ამ ყველაფერის შესახებ ეპისკოპოსმა სპირიდონმა თუ იცის?

როცა განცხადება დავწერე, იმის შემდეგ სკოლაში არ მივსულვარ. ეს 12 დეკემბერს მოხდა.

ბავშვებმა საპროტესტო აქცია გამართეს თქვენი წასვლის გამო, რადგან ეგონათ, რომ თქვენ იძულებით გიშვებდნენ სამსახურიდან. თქვენ ამბობთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მიდიხართ. რას ფიქრობთ, იქნება იქ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო?

მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. უკვე აღარ შემეძლო ასე გაძლება. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დავწერე განცხადება წასვლაზე.

რა ტიპის ზეწოლას ახორციელებდნენ თქვენზე?

ახლა მაგაზე აღარ მსურს საუბარი. პიროვნებებზე საუბრები აღარ მინდა. საპატრიარქომ შეისწავლოს  იქ რაც ხდებოდა და მე რატომაც წამოვედი.

აპირებთ მიმართოთ საპატრიარქოს?

არავისთვის მიმართვას არ ვაპირებ. იმდენად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ თუ დაინტერესდებიან გაიგებენ.  მე კი ის მინდა, რომ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი და ამას მოვუწოდებ თითოეულ ბავშვს, თითოეულ მშობელს. საპროტესტო აქციები მბრალდება მე და არ მინდა, რომ ეს ასე იყოს.

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლის დირექციის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ:

1. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორად დაინიშნა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი სამონაზვნე ბარბარე (ციალა მეგრელაძე).

2. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო და საკონფერენციო მუშაობის დარგში დაინიშნა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გივი გიორგის ძე ჭუმბურიძე.

3. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ კულტურისა და ხელოვნების დარგში დაინიშნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის აკადემიური დოქტორი ნონა სულიკოს ასული შუშანიძე.

სკოლის ყოფილმა დირექტორმა მღვდელმა გიორგი ფუტკარაძემ, თხოვნით მიმართა დამფუძნებელს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რადგანაც მას უჭირდა დირექტორის მოვალეობის აღსრულებასთან ერთად საკმაოდ დატვირთული სამოძღვრო მსახურების შეთავსება. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ხოლო ყოფილმა სასწავლო ნაწილმა ნუგზარ ზოსიძემ, როდესაც მას სხალთის ეპარქიის განათლების განყოფილებამ წინასწარ გააცნო სკოლის დირექტორად და მის მოადგილეებად სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნებების დანიშვნის შესახებ, ნუგზარ ზოსიძემ განაცხადა, რომ ის ამ პიროვნებებთან ვერ იმუშავებდა და სკოლის დირექტორს მიმართა თხოვნით თანამდებობისაგან განთავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა“.

 

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

„არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“, – ამ სათაურით განცხადება აჭარის მთავრობამ ოფიციალურ ვებვერდზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. შეხვედრა გუშინ ღამის საათებში შედგა. შეხვედრის შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობასთან კონსესუსის მიღწევის გამო კმაყოფილება გამოთქვეს.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება.“

გაფორმდა თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, რაც ბულვარის დამცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, რა ითქვა შეხვედრაზე, როგორ გარძელდება კონცეფზიაზე მუშაობა და დადო თუ არა მთავრობამ პეტიციის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა? – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა დავით თოფურიძემ, რომელიც შეხვედრას ეწრებოდა „ბათუმებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა:
„ორშაბათს უნდა შევიტანო წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. შეხვედრას იურისტიც ესწრებოდა. საჯარო განცხადება უკვე გაკეთდა და ახლა ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. მაისის ბოლოდე სამივე ხეივანს აღადგენენ. მთავრობას რაც ჰქონდა წარმოდგენილი, ამას კონცეფცია არ ერქვა, ის რაც ვნახეთ აღარ არსებობს. იმის მიხედვით ბულვარი აღარ გაკეთება. ახლა დაიწყება ახალი კონცეფციის შექმნა. მიმდინარე სამუშაოები უნდა დასრულდეს, რადგან უნდა მოგვარდეს კომუნიკაციების პრობლემა. ჩვენ აქციების პარალელურად პირველივე დღეს ვითხოვდით, რომ გვერდით ხეივნებზე სამუშაოები არ შეწყვეტილიყო. შემდეგ რომ არ ეთქვათ ვეღარ ვასწრებთო და ჩვენთვის არ დაებრალებინათ ეს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, ჩვენი მოთხოვნაა, რომ 2009 წლის რეგულაციები შეიცვალოს და მომზადდეს ჩარჩო ხელშეკრულება, გეგმა გაკეთდეს, სადაც განისაზღვრება ყველა დეტალი, რომ არავინ აღარ ჩაერიოს. ჩვენ ეს ყველაფერი გვიწერია პეტიციაში და წერილსაც, რომლითაც მივმართავთ ხაბაძეს პეტიციის საფუძველზე მოვამზადებთ. ლოგიკურია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული სახე ბულვარს ვერ ექნება. ბუვარი უნდა იყოს დასასვენებელი პარკი.“
კითხვაზე, მიიღეთ თ არა პირობა, რომ პეტიციაში ჩამოწერილ ყველა მოთხოვნას მთავრობა გაითვალიწინებს? – დავით თოფურიძე პასუხობს:
„ ჩვენი უპირობო მოთხოვნა იყო სამი ხეივნის აღდგენა, რაზეც გადაწყვეტილება მიღწეულია. სხვა საკითხები სამუშაოა. დანარჩენზე საზოგადოებამ და მთავრობამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრია, მთავრობა წამოვიდა საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. თუ ამას შეცვლიან და არ იქნება ისე როგორც შეგვპირდნენ? – არ ვიცი, საზოგადოება კონტროლს გააგრძელებს. ამას არ მოვეშვებით, ჩვენ ბულვარის სადარაჯოზე ვიდგებით.“
პეტიციის თანახმად ბულვარის დამცველები მოითხოვენ:
“ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას”.

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ.

სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ კომისია მისივე თქმით, შესაბამისი კომპეტენციის არქონის მიზეიზთ დატოვა, კომისის თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ იგივე გაიმეორა, რომ კომისიის წევრები შესაცვლელია.

„ ჩემი სურვილია, რომ კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით. რადგან აქ უამრავი საკითხია განსახილველი. კომისია არ უნდა იყოს დიდი წევრთა რაოდენობის მიხედვით. ჯობია იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იქნებიან ექსპერტები ამ საქმისთვის საჭირო მიმართულებებით. რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს ვფიქრობ პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა ოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონდეს ბენეფიციარ ოჯახს. რა იგულისხმება შემოსავალში, ეს ყველაფერი ექსპერტმა უნდა დათვალოს. სოციალურ მხარეზე როცა ვსაუბრობთ უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და კარგად ერკვევიან ამ სფეროში. “

ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამგენმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა. კომისიამ კრიტერიუმების შესახებ მერიის მიერ წარდგენილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა გააგრძელა. სხდომაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებზეც კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შენიშვნები მოამზადეს. მსჯელობა ძირითადად ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ ჩანაწერს, შემოსავლის და გადასახდელი თანხის ოდენობას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის და სხვა საკითხებს შეეხო, თუმცა კომისიის წევრები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიდნენ.

კეთიშობილური მაგრამ არასწორად დაგეგმილი უწოდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.

„ მცდელობა ააშენოს სოციალური სახლი მერიის ერთადერთი კეთილშობილური იდეაა, რაც დასაფასებელია. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს არაკვალიფიციურად. რაზეც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. დღევანდელი სხდომაც ამას მოწმობს. კომისიაში წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოამზადა. ძალიან გაჭირდება ამ პროექტით რაიმეზე შეჯერება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არ არი განსაზღვრული. ჩემი აზრით ამ სამსახურს უპირველესად უნდა წარედგინა თანხის ოდენობა თუ რა ოდენობის თანხა უნდა ჰქონდეს ბენეფიციარს შემოსავლის სახით, რა უნდა იყოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. საერთოდ ასეთი ტიპის სახლის აშენება ამ ეტაპზე ჩვენ არ მიგვაჩნდა რელევანტურად. პირველ ეტაპზე შერეული ტიპის სოციალური სახლი უნდა აშენებულიყო, რადგან არასწორია პირველ რიგში დააკმაყოფილო ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნაქირავებ ბინებში იხდიან გადასახადს და მათი შვილები არიან უსაფრთხო გარემოში და უპასუხოდ დატოვო ოჯახები, რომლებიც არასთანადო გარემოში ცხოვრებენ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს დოკუმენტი არის არაკვალიფიციურად შედგენილი.“

სხდომაზე პროგრამის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეიცვლებიან თუ არა კომისიის წევრები, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება, ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შუამავლობა ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან კომისიის წევრს, მერის მოადგილეს ბაგრატ მანველიძეს სთხოვა.

კიდევ ერთი დეტალი: კომისიიის სხდომას ყველა წევრი არ ესრებოდა. სხდომას არ დასწრებია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ( მერის მოადგილე) ალექსანდრე მითაიშვილი, მერის მრჩეველი არქიტექტურულ საკითხებში და ამ კომისიის წევრი გიორგი რამიშვილი, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, მერიის საფინანსო – ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე. სხდომას არც საკრებულოს წევრები ლაშა სირაბიძე, თენგიზ აფხაზავა და დიმიტრი დარჩია ესწრებოდნენ, მერის ბრძანების თანახმად ისინი კომისიის წევრები არ არიან, მაგრამ ამავე ბრძანებით „მათ კომისიაში მონაწილეობა ეთხოვათ“.

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 2015 წლის 6 ივლისს მოაწერა ხელი.
კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მოსწავლეები ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – საპროტესტო აქცია ხიჭაურში

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ეპისკოპოს სპირიდონის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელის გათავისუფლებამ. მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ხიჭაურის გიმნაზია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეების საპროტესტო აქცია წყარო: ენმ-ის შუახევის ოფისის ფეისბუქგვერდიდან
ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეების საპროტესტო აქცია წყარო: ენმ-ის შუახევის ოფისის ფეისბუქგვერდიდან

ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეები პირველად პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე 20 იანვარს  არ შევიდნენ, როდესაც საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულებს გიმნაზიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ზოსიძე გათავისუფლებული დახვდათ. პროტესტი გაგრძელდა 21 იანვარსაც. საპროტესტო აქცია მოსწავლეებს არც დღეს შეუწყვეტიათ. საპროტესტო ტალღა დღეს კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან დღეს მათთან გამოსამშვიდობებლად მივიდა ნუგზარ ზოსიძე.

ბავშვები და მასწავლებლები ნუგზარ ზოსიძის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსწავლეების საყვარელი პედაგოგის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლება ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნუგზარ ზოსიძესა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტი მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიმნაზიის ადმინისტრაცია აპირებს დააბრუნოს ნუგზარ ზოსიძე გიმნაზიაში, თუმცა მხოლოდ პედაგოგის პოზიციაზე.

თავად ნუგზარ ზოსიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ეპისკოპოს სპირიდონთან და ვერც გიმნაზიის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირება. ხიჭაურის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით ამის მიღწევა შეუძლებელია.

საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „შუახევის ენმ-ის“ გვერდმა გაავრცელა ფეისბუქზე.

ახალი ჰოსპიტალი ბათუმში პირველ თებერვალს გაიხსნება

2016 წლის პირველი თებერვლიდან ბათუმში, ახალი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამოქმედდება. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკაში თებერვლიდან იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.

ისმეთ მიქელაძე-დინდარი
ისმეთ მიქელაძე-დინდარი

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ისინი ჰოსპიტალში ეტაპობრივად ამოქმედდება.   ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი იქნება კარდიოლოგია და მას თურქეთში, სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს.

„ჰოსპიტალში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუხდეს დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება“ – ამბობს ისმეთ მიქელაძე-დინდარი.

ჰოსპიტალის ინფორმაციით, მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე ხელმძღვანელობს; რეპროდუქტიულ განყოფილებაში უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდებია დანერგილი; სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობა რეპროდუქტოლოგ მეჰმეთ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება; გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშევი უხელმძღვანელებს.

ფოსპიტალში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. „სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში იქნებიან და მუდმივად გაეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება. პერიოდულად მოვიწვევთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდანაც“ – აცხადებენ ჰოსპიტალში.

„ბათუმელების“ კითხვას, ხო არ არის გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმები ევროპის კლინიკებთან, ისმეთ დინდარიმ უპასუხა: „ამ ეტაპზე მემორანდუმები, როგორც ასეთი, გაფორმებული არ არის, თუმცა პირადად მაქვს ისეთი კავშირები, რომ საჭირო სპეციალისტის საჭირო დროს ჩამოყვანა პრობლემა არ იქნება“.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი სამედიცინო კლინიკის სერვისები მოქალაქეებისთვის? – ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მომსახურების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ფასებიც დაახლოებით 10%-ით მაღალი იქნება ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებებშია საქართველოში. ჰოსპიტალში ამოქმედდა პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტიც.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალის თურქული ინვესტიციით გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა გასული წლის ბოლოს მიიღო.

სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალება

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო გზებზე, თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა აიკრძალება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, 21 იანვრიდან “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების კონტროლს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები განახორციელებენ. “ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუდაურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, მხოლოდ გუდაურში ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ წელს გუდაურში სპორტულ ტრასაზე, სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა.

“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე

დაბა ოჩხამურის მოსახლეობას 20 თებერვლამდე წყალი შეფერხებით მიეწოდება

22 იანვრიდან, დაბა ოჩხამურის მოსახლეობას,  წყალსადენი სისტემის მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სასმელ-სამეურნეო წყალი შეფერხებით მიეწოდება. სარემონტო სამუშაოები 20 თებერვლამდე დასრულდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ოჩხამურის წყალსადენი სისტემის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წყალსადენის ცენტრალური სისტემა, სათავე ნაგებობა, შიდა ქსელი, მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანობა და წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა  ნატრიუმის ჰიპოქლორიდისწარმოების დანადგარი.
ამ ეტაპისთვის წყალსადენ სისტემაზე 4 ახალი ტუმბო მონტაჟდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 107 000 ლარია გათვალისწინებული.

სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო პოლიკლინიკები პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების გამო, ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას.
პოლიკლინიკები სრული დატვირთვით იმუშავებენ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე , 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან.
მოსახლეობას შეუძლია მიმართოს (ან ბინაზე გამოიძახოს) იმ პოლიკლინიკას სადაც აღრიცხვაზე იმყოფება.
პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:
1. შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2
2. შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4
ტელ: +995 (0422) 25-20-03, +995 (0422) 25-20-08, მობ: 599 40-60-44
3. შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17
მობ: 593-47-87-87
4. შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N30
5. შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა”
მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7
ტელ: +599 (0422) 24-05-03
6. შპს ,,უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქობულეთი, თბილისის ქ.#31
მობ: 591 96-80-50, 577 10-67-64
7. სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31
მობ: 557 68-50-87
8. შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”
მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური მონაცემებით აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, 27 ნიმუში კი გადაგზავნილია თბილისში და შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. რეანიმაციაში იმყოფება სულ რვა ადამიანი, მათგან ერთი პაციენტი H1N1 ვირუსის მქონე.
გრიპისმაგვარი დაავადების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებულია:
ხელების ჰიგიენისა და ხველის/ცემინების წესების დაცვა;
დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა), საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდება;
ოთახების/სათავსოების ხშირი განიავება;
საერთო მოხმარების ზედაპირების სველი წესით დასუფთავება.
ისეთი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა:
ცხელება 38◦ და მეტი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
ციანოზი (სილურჯე ცხვირტუჩის არეში) და სუნთქვის გართულება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს!
სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.

7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში

აჭარის მთავრობის აპარატი მედიამონიტორიგში 7200 ლარს გადაიხდის. მთავრობამ შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „აიფიემ კვლევები“. თუ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, ის ვალდებული იქნება „უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ობიექტურად მიწოდება“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის“ მიერ შერჩეული საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროს, თემის, კომპანიისა და პიროვნების შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ოპერატულად მიწოდება მთავრობისთვის; ასევე უზრუნველყოს DVD დისკზე განთავსებული ვიდეომასალის მიწოდება full HD 1920X1980 ხარისხით, ყოველთვიურად;

მიმწოდებელი ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს:

საინფორმაციო საშუალებეში გასული ინფორმაციების მიწოდება მთავრობის აპარატისთვის, სიუჟეტის გასვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა;

ტელევიზიის, პრესის, რადიოს და ინტერნეტ-საიტების 24 საათიანი მონიტორინგი;

ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მიწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

მანვე უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის აპარატის მიერ არჩეული როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი გაზეთების მონიტორინგი [მინიმუმ 10 ტელევიზიის, 10 რადიოს და 30 ჟურნალ-გაზეთის] შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოს სოცილური მედიის მონიტორინგი.

გააფორმებს თუ არა აჭარის მთავრობის მონიტორინგი შპს „აიფიემ კვლევები“-სთან ხელშეკრულებას, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აჭარის მთავრობის აპარატში ფუნქციონირებს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ.

41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა.

„საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 800 აშშ დოლარად შეისყიდა; 16 ერთეული „toyota corolla“ – 252 ათას აშშ დოლარად, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“; ხოლო 15 ერთეული „suzuki swift“ – 144 ათას ევროდ, შპს „ჯი-თი მოტორსისგან“. ყველა ავტომობილი გამოშვებულია 2015 წელს და ხელშეკრულებების მიხედვით, შეძენილია ამავე წლის 29 დეკემბერს.

ავტომობილები საქართველოს რკინიგზამ გამარტივებული შესყიდვების გზით შეიძინა, რაზედაც თანხმობა განაცხადა ჯერ შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, შემდეგ  „საპარტნიორო ფონდმა“ [როგორც „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილის მფლობელმა], ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და ბოლოს საქართველოს მთავრობამ, 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს  ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ამ განკარგულებით, „აღნიშნული ავტომობილების შესყიდვებზე გაწეული დანახარჯების „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაკომპენსირება, „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის წმინდა მოგებიდან განაწილებული და „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდიდან გამოქვითვის/შემცირების გზით“.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილების შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საფრთხეების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეგიონში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაძლიერება. ამ მიზნით, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვა ზემოაღნიშნულ წერილებში გათვალისწინებული რაოდენობისა და სპეციფიკაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის შემდგომში გადაცემის მიზნით.“ – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში.

იქვე განმარტებულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოთხოვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემები და შესყიდვის ღირებულება არ მოდის შესაბამისობაში „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკაციის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებთან და ზღვრული ფლობის ღირებულებასთან, ამიტომ შემსყიდველმა (სს „საქართველოს რკინიგზა“) მიმართა სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას მითითებული ავტომანქანების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად. საკითხი განხილულ იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ და რკინიგზას ეთქვა თანხმობა შესყიდვის განხორციელებაზე“.

ვაკანსიები სახალხო დამცველის რეგიონულ სამმართველოებში

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი იგივე თანამდებობაზე სხვა რეგიონებშიც გამოაცხადეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსანტს იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონულ რწმუნებულებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ იურიდიული განათლება არ აქვთ, შესაძლია სხვა სამსახურის მოძებნა მოუწიოთ.

სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე საქართველოს რვა რეგიონში ჰყავდა რწმუნებული, დამატებით ექვს რეგიონში კი საკონტაქტო პირი. მათგან რამდენიმეს იურიდიული განათლება არ აქვს.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებულად 2005 წლიდან დღემდე გიორგი ჩარკვიანი მუშაობს. ის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან პროფესიით იურისტი არ არის. რა იქნება კონკურსის შემდეგ და მოუწევს თუ არა სამსახურის დატოვება ამის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.

სამმართველოს რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ ქორიძის განმარტებით კი, სახალხო დამცველის აპარატს მათთვის, ვისაც აქვს გამოცდილება, მაგრამ არა იურიდიული განათლება, შეთავაზება ამ დროისთვის არ აქვს.

„რეორგანიზაცია მხოლოდ რეგიონულ სამმართველოს შეეხო და ეს პრობლემებს არ უკავშირდება. სხვა ვაკანსიები, რაც გამოქვეყნებულია, მიმდინარე ვაკანსიებია. აქ შედის რვა რეგიონული ოფისი, დამატებით საკონტაქტო პირი ექვს რეგიონში. მაგალითად ზუდგიდში რეგიონული ორგანიზაცია რვა წლის წინ გაიხსნა, ათი წლის წინ ქუთაისში და ასე შემდეგ – წლების განმავლობაში მატულობდა ამ რეგიონებიდან განცხადებების რიცხვი. ამის გამო ჩვენი პასუხისმგებლობაც გაიზარდა და საჭირო გახდა ამ ყველაფერთან ადაპტაცია. ამიტომ გაიზარდა რეგიონული სამმართველოს სტატუსი და გარდაიქმნა დეპარტამენტად. დეპარტამენტშივე შეიქმნა სამი სამმართველო, მათ შორის აჭარის სამმართველოც არის. გამოცხადებულია კონკურსი სამმართველოს უფროსების თანამდებობაზე. შეიცვალა თანამშრომლების კვალიფიკაციის მოთხოვნები, რადგან საჭირო გახდა რეგონებში ოფისების იურისტებით დაკომპლექტება. ეს იმიტომ, რომ სახალხო დამცველის აპარატი თბილისიდან არ აკეთებდეს რეგიონულ საქმეებს. რაც რეგიონში შეიძლება გაკეთდეს, რეგიონის საქმეების საფუძვლიანად შესწავლა, შესაბამისმა ოფისმა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისად, არაიურისტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და ვერ გახდება სამმართველოს უფროსი, ვერც მთავარი სპეციალისტი, ან სპეციალისტი, რადგან ის არ არის იურისტი. მაგრამ მიიღებს ის, ვინც იურისტია და ამავდროულად აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ამ საქმიანობისთვის და იმ გამოწვევისთვის რაც ახლა დგას რეგიონების წინაშე, აუცილებელია იურიდიული განათლება. ეს გამოცდილებამ აჩვენა. “

საკონკურსო განცხადების მიხედვით, რეგიონული სამმართველოს უფროსის ხელფასი 1815 ლარია.

აჭარის მთავრობა: საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 8943 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 718 773,5 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179,1 ლარია.

მთავრობის მონაცემებით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: რუსეთი – 78.28% (20 358 ტონა), უკრაინა – 44. 83% (38 57ტონა), სომხეთი – 3.06%  (785 ტონა), აზერბაიჯანი – 0.94% (244 ტონა), ყაზახეთი – 1.72% (447 ტონა), ბელორუსია – 0.95 % (242 ტონა), სხვა ქვეყნები – 0.29 % (74 ტონა).

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას ექვსი ქარხანა აწარმოებს: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას იღებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხა 399 718 ლარს შეადგენს. სუბსიდია გაცემულია იმ ქარხნებზე, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

 

 

 

არჩილ ხაბაძე: ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში სამივე ალეა უნდა აღდგეს: „მზაობა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან არის, რომ უნდა აღდგეს სამივე ალეა, მე მხედველობაში მაქ… საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსახლეობის და ბათუმის ბულვარის გულშემატკივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ამას ერთმნიშვნელოვნად ვამბობ. მაგრამ რამდენიმე დღე კიდევ დამჭირდება, ვაწარმოებთ კონსულტაციებს, რომ ეს პროცესი სამართლებრივად სწორად განხორციელდეს“.

თითქმის ანალოგიური განცხადება, რომ „ბათუმელებისგან დაკომლექტებული კომისიის პირველივე შეკრებისთანავე შესაძლებელი ხდება კონცეფციაში ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება“, მთავრობამ ადრეც გაავრცელა.

თუ რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი ბულვარში სამივე ალეას [ბილიკის, ხეივნის] შენარჩუნება, „ბათუმელები“ კომენტარისთვის მაშინ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, გიორგი ხიმშიაშვილს დაუკავშირდა.

კონცეფციამდე წასაკითხი

ავტორი: სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის (საიას) იურისტი.

გამოქვეყნდა საიას ოფიციალურ ვებგვერდზე

 

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის და ოსმალეთის იმპერიები, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ბათუმის ბრიტანული ოკუპაცია, საბჭოთა კავშირი და ამ კავშირის დაშლის შემდეგ ხელახლა დაბადებული დამოუკიდებელი საქართველო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ კი შეიძლება ბათუმის ძველი ბულვარის გარეშე დავრჩეთ.

არადა, ამბავი ბულვარის გარეშე დარჩენისა უცნაურად დაიწყო. 2015 წლის 9 ივნისს ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შექმნეს. კომისიის შექმნიდან ასი დღის თავზე მეორედ შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისათვის საჭირო კომპანია აუცილებლად გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უნდა შერჩეულიყო. მერე რა რომ საქმე მრავალწლიანი შესყიდვას ეხებოდა. არანაირი კონკურსი. არანაირი საჯაროობა. სამაგიეროდ, 25 სექტემბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილი მისწერეს, რომ აქაოდა გამარტივებული შესყიდვის იქით საშველი არ გვაქვსო. 1 ოქტომბერს შესყიდვის თანხის ოდენობაც აცნობეს. თანხა რა, სულ რაღაც 240000 ლარი. მინისტრმაც მეორე დღესვე თანხმობა მისცა (აბა საკითხის მოკითხვას და გარკვევას ხომ არ დაიწყებდა). მერე 6 ოქტომბერი რომ მოვიდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვას რომ გახეთქავდა იმისთანა განკარგულება გამოსცა და 7 ოქტომბერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ყველა რეკორდი მოხსნა. თანხმობის მიღებიდან ერთ დღეში კონტრაქტი შპს „სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან“ გააფორმა.

ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ მიმოწერასა და სიჩქარეში, არავის უკითხავს რატომ უნდა შევცვალოთ ბათუმის ძველი ბულვარი. ის ბულბვარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და ძეგლზე საუბრისას ნებისმიერი იდეა, კონცეფცია და დოკუმენტი ფუჭი ქაღალდია, თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებს არ ემსახურება.

შეიძლებოდა ეს ამბავი აქვე დამესრულებინა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე ცუდი ჯერ არ მითქვამს. ყველაზე ცუდი კი იმ ტექნიკური დავალებაში იმალება, რომელიც კომპანიას მისცეს. დავალების მიხედვით კომპანიამ ბულვარის ტერიტორიის ფუნქციური გამოყენების ისეთი ზონები უნდა განსაზღვროს, სადაც სხვა ობიექტების პარალელურად – კვების, საზოგადოებრივი და გასართობი ობიექტების განთავსების ადგილი განისაზღვრება. ასევე, ატრაქციონების, პარკინგის, ზოოკუთხის და სათამაშო ავტომატების ადგილები. ჰოდა, ამის შემდეგ თვალსა და ხელს შუა გაქრება ბათუმის ძველი ბულვარი. ბულვარი, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც 1884-ში რის ვაი-ვაგლახით და მთელი დავი-დარაბის შემდეგ ძლივს გამოისყიდეს გადამდგარი უნტეროფიცრის ქვრივისგან. ბულვარი, რომლის დასამშვენებლადაც 1886 წლიდან მთელი ბათუმი დაფაცურდა და რომელიც წლებთან ერთად გასცდა ბურუნ-თაბიეს სიმაგრესა და ტაძრის (დუმბაძის) ქუჩის მონაკვეთს.

ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე, ვინც ვფიქრობთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ. სასტუმროების, კაფეების და გასართობი ატრაქციონების განსათავსებელი ადგილი. ჩვენზე, ვისაც გვჯერა, რომ ბათუმის ძველი ბულვარი თავად არის ბათუმი და ბათუმი არ არსებობს ძველი ბულვარის გარეშე.

ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი თავადი მიხეილ დ’ალფონსი 1889 წელს გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ეს ამბავი ისე ეწყინა ბატონ დ’ალფონსს, რომ სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა 2016 წელია და ეჭვი მაქვს, რომ გასული წლის ბოლოდან ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით აჭარის ხელისუფლების მიერ დაწყებული გაურკვეველი პოლიტიკის წყალობით, თავადი დ’ალფონსი ყოველდღე და დაუსრულებლად ტრიალებს საფლავში.

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

ავტორი: სულხან ღლონტი

ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციები, ჩვენი ქალაქის ისტორიის რეალურად ახალი და უნიკალური ფურცელია. იგი თავისი არსით მეტია ვიდრე ერთ კონკრეტული მოთხოვნა. დღემდე არსებული „ტრადიციული სისტემა“ გულისხმობდა ხელისუფლების გადაწყვეტილებების პრაქტიკულად უაპელაციოდ მიღებას და აღსრულებას. ნგრევა თუ შენება ხელისუფლების ექსკლუზივი იყო და აქამდე არც ერთ გადაწყვეტილებას ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია მოქალაქეების მხრიდან.

დღეს რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, რამაც ხელისუფლება დიდ საგონებელში ჩააგდო. ტრადიციული გამოცდილება კი ასეთ დროს შემდეგია: ხელისუფლება იწყებს სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობას, პროცესის მარგინალიზაციას და მოქმედი პირების მიმართ ზეწოლის ათასგვარი მექანიზმის გამოყენებას. გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ხელისუფლებამ ეს მეთოდი უკვე არაერთხელ სცადა, ძირითადად პროცესში პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნის გზით. არ გამოვიდა, ვერ იპოვეს პოლიტიკოსები პროცესის სათავეებთან და ჯერი მიდგა ბულვარის დაცვის მიზნით გაერთიანებულ გულწრფელ ბათუმელებზე.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამართლიანმა პროტესტმა სოციალურ ქსელში მასობრივი ხასიათი მიიღო. ამის საპირისპიროდ, ასპარეზზე გამოჩნდნენ სოციალური ქსელის უსახელო „გმირები“, ეს, ძირითადად, უინტერესო ხალხია, რომლებიც ამოფარებული არიან ყალბ, ეგრეთწოდებულ პროფაილებს და წერენ ყველაფერს და ყველაზე, ბუნებრივია, იმაზე მეტს, ვიდრე ჯანმრთელი გონება წარმოიდგეს. მათი ფუნქცია არის პიროვნებების დისკრედიტაცია და ამ მეთოდით ცდილობენ საინიციატივო ჯგუფების მიმართ უნდობლობის გაჩენას, რაც მართლაც ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრია მთელს ამ პროცესში.

თუ საინიციატივო ჯგუფებში შეიტანენ დაბნეულობას და მოახერხებენ მათ პასიურ რეჟიმზე გადაყვანას, მაშინ მიაღწევენ მხოლოდ საბოლოო მიზანს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ბულვარისთვის შინაარსის შეცვლა, მისი გადასხვაფერება, გაუცხოება, ფერების წართმევა, სულიერი ენერგიისგან დაცლა, ყველაფერ იმის წართმევა, რაც ასე ქარიზმატულს ხდის ჩვენს საუკუნოვან ხეივნებს და საბოლოოდ ჩვენს ქალაქს.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, სამოქალო აქტივიზმში გაწევრიანების მსურველთა რიგები ყოველდღიურად იზრდება და ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. დღეს იქმნება მომავალი დღისწესრიგის საფუძველი, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „ეს ქალაქი არის ჩვენი“, როგორადაც არ უნდა გამოვხატოთ ერთ წინადადებაში ჩვენი დამოკიდებულება, შინაარსი მაინც ერთია – დღეიდან გაჩნდა ღია და განცხადებული პრეტენზია ქალაქში მიმდინარე პროცესები შეუთანხმონ ქალაქის რეალურ მესაკუთრეებს, ბათუმელებს!

ზუსტად ეს გარემოება აშფოთებს ხელისუფლებას. მათ რიგებში უმალ გამოჩნდებიან „სხვაზე მეტის მცოდნეები“, რომელთაც არ მოსწონთ ასეთი დღისწესრიგი და იწყებენ მასთან ღიად ან ფარულად დაპირისპირებას. ეს არის ბრძოლა, სადაც რეალურად გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ეს არის ბათუმი! ქალაქი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჰყავს პატრონი.

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები, ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ისეთი მმართველობის შექმნას, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები. რომელიც არ არის აგრესიული, არამედ მოწოდებულია დიალოგისთვის. ქვეყნისთვის და ქალაქისთვის აუცილებელ საჭიროებებს აყალიბებს არა მარტო მონოტონურად, უღიმღამოდ, უინტერესოდ, არამედ ეფექტურად და ყველასთან ერთად. გადაწყვეტილებებს იღებს არა განკერძოებულად, არამედ დაინტერესებული მოქალქეების ჩართულობით. მიზანთა და იდეათა განვითარებაში ცნობს არა ვერტიკალურ, არამედ ჰორიზონტალურ პრინციპს.

როცა საქმე ეხება ქალაქის ყველაზე ნოსტალგიურ და ამავე დროს ყველაზე ცოცხალ ნაწილს – ბათუმის ბულვარს, როცა მოთხოვნებს აყენებს ქალაქში დომინანტი ძალა – ბათუმელები, როცა სამ(ასიდან) (სამ)ასივე ამბობს, რომ არასწორ გზაზე დგახარ და „განვითარების“ შენეული ხედვა დაწუნებულია, როცა სამი ხეივანი რეალურად არის სიმბოლო, რომელიც გულისხმობს, რომ ქალაქმა უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება და შენ (თუ თქვენ) ამ გადაწყვეტილებას აყოვნებ, ნიშნავს იმას, რომ ადექვატურად ვერ აღიქვამ პროცესს, რაც ქალაქში უფრო მეტ აგრესიას აჩენს. ახლა სამი საათია და ასეთ სამ საათს მრავალჯერ ჩაუვლია ჩვენს ქალაქში და ბევრი ასეთი გაუმართლებელი გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილებათა ავტორი უნახავს, რომელსაც საბოლოო ჯამში ბათუმმა მკაცრი პასუხი გასცა.

და ბოლოს, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს გარიგება და როგორი გავლენიანი ლობისტებიც არ უნდა ჰყავდეს მას, ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება გრიპის ვირუსითან დაკავშირებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური პოლიკლინიკები ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მატების პაციენტებს 21 საათამდე მოემსახურებიან. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკები პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მედიკოსები შეასრულებენ ბინაზე გამოძახებას. პოლიკლინიკები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე სრული დატვირთვით იმუშავებენ, 18:00 -დან 21 საათამდე პაციენტებს მომსახურებას მორიგე ექიმები გაუწევენ. მორიგე ექიმები პაციენტებს დასვენების დღეებშიც მოემსახურებიან. მოსახლეობას შეუძლია მიმართოს (ან ბინაზე გამოიძახოს) იმ პოლიკლინიკას, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება.

პაციენტებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურება შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები: 1. შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2 ტელ: +995 (0422) 27-92-47 2. შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4 ტელ: +995 (0422) 25-20-03, +995 (0422) 25-20-08, მობ: 599 40-60-44 3. შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17 მობ: 593-47-87-87 4. შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ. N30 ტელ: +995 (0422) 27-73-03 5. შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა” მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7 ტელ: +599 (0422) 24-05-03 6. შპს ,,უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” მის: ქობულეთი, თბილისის ქ.#31 მობ: 591 96-80-50, 577 10-67-64 7. სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” მის: ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31 მობ: 557 68-50-87 8. შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი” მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7 ტელ: +995 (0422) 25-87-01“.

მთავრობა ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას გეგმავს

ბათუმის ბულვარში დიოდთოვლობის გამო მოგლეჯილ ხეების ადგილას ახალ ხეებს ჩარგავენ – ამის შესახებ გასულ კვირას აჭარის მთავრობამ იმ ბრძანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ბუკნარის ტერიტორიიდან გიგანტური ხეების ამოღების კანონიერებაზე მიუთითებდა.

აჭარის მთავრობის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, ბათუმის ბულვარში ხეების გადარგვას ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილი უზრულველყოფს.

„ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება 2016 წლის იანვრის პირველ რიცხვებში დიდთოვლობის გამო ბათუმის ბულვარში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება მრავალწლოვანი ხე-მცენარეებით“, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბათუმელები“ დიანტერესდა,  კონკრეტულად რა სახეობისა და რა ოდენობის ხეების შეტანა იგეგმება ბათუმის ბულვარში, რის შესახებაც მთავრობიდან წერილობით შემდეგი გვაცნობეს:

„ამჟამად  მიმდინარეობს კონსულტაციები პროექტში ჩართულ შესაბამისი დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებთან და ბულვარის ადმინისტრაციასთან თუ რა სახეობის, ზომისა და ასაკის ხე-მცენარეების გადმორგვა არის შესაძლებელი. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გადარგვა მოხდება იგივე ადამინური და ტექნიკური რესურსის დახმარებით, რაც საშუალებას მოგვცემს ერთის მხრივს გამოყენებულ იქნეს უპრეცედენტო პროექტში ჩართული სპეციალისტების გამოცდილება, მეორე მხრივ დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები“.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო დიდთოვლობის დროს ბათუმის ბულვარში თოვლმა 8 ხე მოგლიჯა.

EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის

20 იანვარს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს რაოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. თანხა ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებზე დაიხარჯება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, „ქობულეთის წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 1,5 მილიონი ევრო, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი – 1,814 მილიონი ევრო.

11236146_1017717814933198_25443846601571831_n

ასევე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომლებსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა ოთარ ზოიძემ.

H1N1 ვირუსისგან პრევენცია ბათუმის საბავშვო ბაღებში

H1N1 ტიპის ვირუსისგან პრევენციის მიზნით ბათუმის საბავშვო ბაღებში გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. ყველა საბავშვო ბაღში შეტანილია სადეზინფექციო სითხე, ხდება ოთახების ხშირი განიავება, აღსაზრდელებს ხშირად ბანენ ხელებს. გაციებული თანამშრომლები და აღსაზრდელები ბაღებში არ დაიშვებიან. აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ ბათუმის მერიამ გაავრცელა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა.

 

არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

ბუნდოვანი ბრძანება

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით (მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნული ბრძანების გამოცემაზე, თუმცა თავად ბრძანება აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დღემდე არ არის ატვირთული. შესაბამისად, ხელმიუწვდომელია მისი ზუსტი შინაარსი – ავტ.), რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რა პროექტი ხორციელდება ოზურგეთში (პროექტის სახელწოდება), რომელი კომპანია ახორციელებს ამ პროექტს, კერძო პირის საკუთრებაა თუ მუნიციპალური ან სახელმწიფო საკუთრება? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა. მთავრობიდან შემდეგი გვაცნობეს: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელსაც აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი… პროექტის  ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დენდროლოგიური პარკის მოწყობა… მას ექნება საზოგადოებრივი დანიშნულება და გახდება ტურისტულად და ეკოლოგიურად მიმზიდველი ადგილი…“

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის „მნიშვნელოვან კომპონენტად“ შეფასებული პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად  „ბათუმელები“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება თუ ბრძანება არ მიუღია. „ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. – მე როგორც ვიცი ეგ [პარკი] კერძო საკუთრებაა. შემოღობილია. და შემდგომ როგორ იქნება, არ ვიცი“.

 

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არჩილ ხაბაძემ ბრძანება არა კერძო პირის, არამედ მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამოსცა. ამონარიდი მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან: „პროექტი მოიცავს „წვერმაღალას“ და შეკვეთილის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მოწყობას, რისთვისაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხდება ხემცენარეების გადარგვა. მნიშვნელოვანია, რომ ხეების გადარგვის შემდგომ მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა შიდა სასოფლო გზები და გარე განათება, რომელიც გადაეცემა შესაბამის მუნიციპალიტეტს და ისარგებლებს ადგილობრივი მოსახლეობა“.

 

„ბათუმელებმა“ ბრძანების ამ მონაკვეთის დაზუსტების მიზნით აჭარის მთავრობას დამატებით კითხვებით მიმართა. მაგალითად, გვაინტერესებდა, დენდროლოგიური პარკის გადაცემა იგეგმება მუნიციპალიტეტისთვის თუ მხოლოდ შიდა სასოფლო გზებითა და გარე განათებით ისარგებლებს მოსახლეობა? ან რა დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე მიაჩნიათ აჭარის მთავრობაში, რომ მოსახლეობას ამ სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა, მაშინ, როცა ტერიტორია კერძო საკუთრებაა? – ამ კითხვების პასუხად მთავრობამ შემდეგი განმარტა: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია, საუბარი იყო ციხისძირისა და ბუკნარის ტერიტორიაზე ხეების გადარგვის შემდგომ ინფრასტრუქტურის, შიდა სასოფლო გზების მოწყობასა და მათ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემაზე“.

 

ხეების გადარგვის ფასი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლების გათვლებით, ვინც ხეების გატანას აჭარის რეგიონიდან გურიაში აქტიურად აპროტესტებენ, სამუშაოები, რომელიც ხეების გადასატანად ტარდება, „ბიძინა ივანიშვილს მთლიანობაში დაახლოებით 3 მილიონი ლარი უჯდება“. მათივე ინფორმაციით, მართალია ამ ეტაპზე მხოლოდ სამი ხის გადარგვის შესახებ გამოიცა ბრძანება, მაგრამ ტერიტორიიდან სინამდვილეში დაახლოებით 30 ხის გატანა იგეგმება. „თუ ადგილზე მიხვალთ, ნახავთ, რომ ყველა გასატანი ხე მონიშნულია და ეს სამ ერთეულზე გაცილებით მეტია“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით: საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე კომპანია „ზიმო“ მუშაობს. შესაბამისად, პროექტის ფასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების გასარკვევად „ბათუმელები“„ზიმოს“ დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერაფერს იტყვის პროექტის საერთო ღირებულებაზე და ამის გასარკვევად სხვას უნდა მივმართოთ.

ირაკლი შანავას თქმით, კარგი ამინდის შემთხვევაში, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებათ გზის მოწყობითი სამუშაოების დასასრულებლად. მისივე მტკიცებით, სხვა ხეების მოჭრა მშენებლობის პროცესში გამორიცხულია. „ერთი პატარა ხე მოვჭარით და დაგვაჯარიმეს, თუ არ ვცდები 1700 ლარით“, – ამბობს ირაკლი შანავა. მისივე განმარტებით, გზის მშენებლობისთვის საჭირო ინერტულ მასალებს კომპანია მოიპოვებს კარიერზე, რომლის ლიცენზიასაც თავად ფლობს.

რისკი, რაც ასაკოვანი ხეების გადარგვას ახლავს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიის და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნარგული ასანიძე ამბობს, რომ ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ამ კონკრეტული ხეების გადატანა მათივე სიცოცხლისთვის სახიფათოა:

„მერწმუნეთ, ხეების გადატანა ამ სეზონზე, მით უმეტეს ამ ასაკის ხეების, დიდი საფრთხის შემცველია: 200-წლოვანი ხე ისედაც მიძინების პერიოდშია. ის ამდენი ხანი ამ გარემოში იყო ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ეკოლოგ-ექსპერტი მაგაზე დადებით რეკომენდაციას არ გასცემდა. გულწრფელად მიკვირს, რატომ არ აძლევენ მას [ბიძინა ივანიშვილს] ამ რჩევას, მით უფრო თუ მას უყვარს გიგანტური ხეები. თუ დიდი ოდენობის ნიადაგი გადააყოლეს მცენარეებს (ამბობენ 140 ტონა ნიადაგი მიყვებაო), მაშინ ვვარაუდობ, რომ მცენარე შეიძლება გადარჩეს, რადგან მათი სიცოცხლის 60-70% ნიადაგზეა დამოკიდებული. მაგრამ ნიადაგის გარდა არსებობს სხვა ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დაღუპვა. იმედია, ბოტანიკოსები მუშაობენ ხეებისთვის ამ გარემოს შექმნაზე. შემოდგომაზე გამოჩნდება, გადარჩნენ თუ ვერა ეს მცენარეები“.

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს.

სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს საბოლოო დანგრევამდე მოხსნეს მოაჯირი, მოანგრიეს შიდა კედლები, ახადეს სახურავი, ისე, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღნიშნულ სამუშაოებზე ნებართვა არ გაუცია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სწორედ სააგენტო იცავს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ბათუმში მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არასათანადო ძალისხმევა გაიღო ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე ძეგლის დასაცავად, რადგან სახლის ნგრევა თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და სააგენტომ ძეგლის გადარჩენა ვერ შეძლო. სააგენტო, თავის მხრივ, ამ ბრალდებას უარყოფს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88 მუხლის პირველი ნაწილით განიხილება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

ვაჟა-ფშაველას ქუჩა ბათუმის ცენტრში მდებარეობს. ამ ადგილას 1 კვ. მეტრი ბინის ფასი 800-1000 დოლარიდან იწყება. „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯარიმის მაქსიმალური რაოდენობა, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფის გამო კომპანიისთვის სახელმწიფოს დაუკისრებია, 10 000 ლარია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

სახლს ვაჟა-ფშაველას 13-ში და სინაგოგას ბათუმში ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საუკუნის სახლი ბათუმში, რომლის დანგრევასაც აპირებენ [ფოტო]

ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს.

შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.

სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან

20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

კონკურსში – „მე-ომბუდსმენი“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო თავდიშვილი და ელენე ჩავლეიშვილი (გუნდი „რა“), ხოლო მესამე ადგილი ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ გვარიშვილსა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამთა კახაბერიძეს ერგოთ (გუნდი „მთვარე“). მათ საჩუქრად ლეპტოპები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ სამახსოვროდ სერტიფიკატები, ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართველი ერის ისტორია“, ჩანთები და სხვა საჩუქრები მიიღეს.

„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით მეექვსედ გაიმართა.

პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი უკვე წარუდგინა. ესენი არიან: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. მათ შორის ერთ-ერთი არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად 29 იანვრამდე უნდა წარუდგინოს.

ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს იმ პირთა სახელები და გვარებია, რომლებიც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდნენ დარეგისტრირდნენ.

ბათუმის მერიის სამსახურები ახალ მისამართზე

ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანის ქუჩაზე გადავიდა მერიის სამსახურები: საფინანსო ეკონომიკური, განათლების, კულტურისა და სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის, სოციალური და მერიის შიდა აუდიტი.

ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი.

ახალ შენობაში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობიდან სამუშაოდ გადავიდა მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი [მერის მოადგილის ორი თანამდებობიდან ერთი დღემდე ვაკანტურია. ყოფილმა მოადგილემ ზურაბ ბერიძემ ეს თანმდებობა 2015 წლის 13 ივლისს, სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზით დატოვა].

რაც შეეხება მერს და ვიცე-მერს, ისინი რჩებიან ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში. აქვე რჩება მოქალაქეთა წერილების მიღების განყოფილებაც.

ბათუმის მერია, საჯარო რეესტრში, ბათუმში, ორბელიანის ქუჩა N10-ში მდებარე უძრავი ქონების მერიაზე გადაცემის რეგისტრაციას ითხოვს.

აღნიშნული ქონება [1149 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – საერთო ფართობით 829,3 კვ.მ] ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი [განუსხვისებელი] ქონების სახით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით გადაეცა. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, H1N1-ის გრიპის ვირუსით ორი პაციენტი კლინიკაში მკურნალობს ბათუმში, ორი კი უკვე გაწერელია საავადმყოფოდან.

H1N1-ის შემთხვების გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევებმაც. „თუ ადრე 230-მდე გამოძახება გვქონდა დღეში, ახლა 350-მდე გამოძახებაც გვაქვს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

20 იანვარს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის ხელმძღვანელებსა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება H1N1 ვირუსის თემაზე სასაუბროდ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მეორე ადამიანი გარდაიცვალა H1N1-ის ვირუსით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტი თანმხლები ქრონიკული დაავადების ფონზე გარდაიცვალა.

H1N1-ის ვირუსის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

გრიპის პირველივე ნიშნების შემთხევევაში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რომ არ მოხდეს დაავადების გართულება.

აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდა, ოთახის ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს დაყოვნებისაგან თავის არიდება და თუ ოჯახში დაავადებულია, სასურველია დაავადებულმა პირბადე გამოიყენოს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

H1N1-ის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით.

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არჩილ ხაბაძეს დღეს წარუდგენენ

დღეს, ექვსი საათისთვის სპეციალურმა კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მინიმუმ ორი კანდიტატი უნდა წარუდგინოს. მათგან კი ერთ-ერთს არჩილ ხაბაძე უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. კანდიდატების შესარჩევად უსკომ კონკურსი 2015 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა.

ოთარ დავითაძე, დავით კვაჭაძე, სოფიო კახაძე, ვლადიმერ მამულაძე, დავით რობაქიძე, დავით ქარცივაძე, პარმენ ჯალაღონია – ეს იმ პირთა სახელები და გვარებია, რომლებიც აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღბად დარეგისტრირდნენ.

კომისიას მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი რუსლან ქორიძე ხელმძღვანელობს. ამავე აპარატის წევრია ერთ-ერთი კონკურსანტი პარმენ ჯალაღონია. ის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

უსკოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ამ დრომდე ამ თანამდებობაზე არჩილ მიქელაძე მუშაობდა.

უსკოს პირველი პირის ხელფასი 2390 ლარია. ის სახელმწიფო მანქანითაც გადაადგილდება.

ავტოსპორტის აწმყო აჭარაში

გური მუხიგული, გური ჩავლეშვილი და ვახო ხურციძე ავტოსპორტის აჭარის ნაკრების წევრები არიან. 2015 წელი მათთვის წარმატებული სეზონი აღმოჩნდა საქართველოს ჩემპიონატზე. 

 

 

ვახო ხურციძე
ვახო ხურციძე

ვახო ხურციძე

23 წლის დრიფტერი
საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი
ასპარეზობა: პროფესიონალთა კლასი
ავტომობილი: BMW E36
ძრავის მოცულობა: 4.6

 

 


გური მუხიგული
გური მუხიგული

გური (გურამ) მუხიგული 

29 წლის დრიფტერი
საქართველოს ჩემპიონი
ასპარეზობა: მოყვარულთა კლასი
ავტომობილი: BMW E30
ძრავის მოცულობა: 3.2

 

 


გური ჩავლეშვილი
გური ჩავლეშვილი

გური (გურამ) ჩავლეშვილი

29 წლის მრბოლელი
ასპარეზობა: წყვილთა რბოლა, მოყვარულთა კლასი
ავტომობილი: Honda Civic
ძრავის მოცულობა: 1.8

 

  საქართველოს ჩემპიონატები, როგორც დრიფტში ასევე წყვილთა რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ხუთ ეტაპად 2015 წლის გამავლობაში მიმდინარეობდა. ფინალური ასპარეზობები ოქტომბერ-ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართა.
დრიფტის ჩემპიონატს ორგანიზებას „BMW Club Georgia“ უწევდა, ხოლო, წყვილთა რბოლას –  „Mitsubishi Club Georgia“.
ვახო ხურციძე პროფესიონალებს შორის დრიფტში (მოცურებული ავტომობილის მართვა) მესამე ადგილზე გავიდა. ის 14 წლიდან ჩაერთო ავტოსპორტში, გასულ წელს მოყვარულთა შორის გაიმარჯვა და პროფესიონალებში გადაინაცვლა: „ხუთი ექვსი წელია აქტიურად ვარ ავტო-სპორტში, ვიღებ აჭარის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, ბოლო ორი წელია, კი საქართველოს მასშტაბითაც გამოვდივარ“ – ამბობს ვახო.
პირველი გამარჯვება აღმოჩნდა გური ჩავლეშვილისა და გური მუხიგულისთვის, მოყვარულთა კლასში.
გური ჩავლეშვილი: „2010 წლიდან ვასპარეზობ ავტოსპორტში. ვმონაწილეობდი აჭარა გურია, იმერეთის მასშტაბით, დასავლეთის ჩემპიონატებში. წელს პირველად მივიღე მონაწილეობა საქართველოს პირველობაზე“.
აჭარის ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის იური ლომთათიძის თქმით, ასეთი შედეგი სპორტსმენებს ავტოსპორტში აჭარიდან წლებია არ ჰქონიათ.
„80-იან წლებში საქართველოს ჩემპიონატი რომ ტარდებოდა მაშინ გვყავდა აჭარიდან საქართველოს ჩემპიონი. მას მერე მკვდარი იყო ყველაფერი [ავტოსპორტში]. ესენი გაიზარდნენ ჩვენთან ფედერაციაში, ბავშვები იყვნენ რომ მოვიდნენ. მერე თავიანთი ავტომობილები შეიძინეს, დიდი ფული დახარჯეს, ისინი საკუთარი სახსრებით მონაწილეობენ შეჯიბრებებში“.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა პრიზიორებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა, პირველ ადგილზე გასულებს ათას-ათასი ლარი, მესამე ადგილზე გასულს კი 600 ლარი.
თითოეული ეტაპზე მონაწილეობა ერთ მრბოლელს მინიმუმ 3000 ლარი, ხოლო ერთ სეზონზე 15 000 ლარი უჯდება. როგორც თვითონ ამბობენ მშობლებისა და მეგობრების ფინანსური დახმარებით ასპარეზობენ.
„წლიურად 20 000 ლარი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი თითო მრბოლელზე, საქართველოს ჩემპიონატისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის დეპარტამენტს იმისთვის, რომ ბოლო ეტაპზე ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცეს. თუმცა რაც მოიგეს, ამ ბიჯებს სამი იმდენი დახარჯული აქვთ“.
გარდა იმისა, რომ სიძვირით გამოირჩევა ეს სპორტი, სპორტსმენებს დამატებით ხარჯებიც აქვთ. რადგან ბათუმში შესაბამისი ავტოდრომი და სავარჯიშო ტრასა არ არსებობოს, სავარჯიშოდ რუსთავში უწევთ ჩასვლა და ტრასის ქირაობა. ამიტომ მიღწეული შედეგები თითქმის წინასწარი მომზადების გარეშე მოიპოვეს. ბათუმში არის ავტოდრომი თუმცა როგორც ავტომოყვარულები ამბობენ ის არ არის სავარჯიშოდ საკმარისი ადგილი.
ვახო ხურციძე: „სანამ შეჯიბრების მორიგი ეტაპი დაიწყება მანამდე, ერთი კვირით ადრე ჩავდიართ რუსთავის ავტოდრომზე. სამი ოთხი დღით ვვარჯიშობთ, დღეში საშუალოდ თითო საათით, და მეხუთე დღეს გამოვდივართ შეჯიბრზე. სინამდვილეში, საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც რომ ვივარჯიშოთ. პატარა ადგილი არ არის საკმარისი გვეყოს, რადგან მართვის სწავლას ჩვენ არ ვაპირებთ“.
„მინიმუმ 100-120 კილომეტრი საათით უნდა იმოძრაო და მერე დაიწყო მოცურებითი სიარული, ასეთი სპორტია დრიფტი“ – განმარტავს გურამ მუხიგული.
იური ლომთათიძის თქმით, მათ აქვთ ევროპაზე ასპარეზობის შანსი, თუმცა განსაკუთრებული მომზადება სჭირდება ავტომობილებს და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია.
მიუხედავად არსებული პირობებისა, ისინი მომავალ წელსაც აპირებენ ასპარეზობას.
გური ჩავლეშვილი: „ბევრი ადამიანია ვისაც შეუძლია ასპარეზობა, მაგრამ სწორედ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას“.
„ერთხელაც მობეზრდება მეგობარს ამდენი ფულის გაცემა, მამასაც მობეზრდება, ვეღარ – გაწვდება. მაგრამ სახელმწიფო ტაშს რომ უკრავს [როცა ჩემპიონი გახდება სპორტსმენი], ხომ უნდა დაეხმაროს მათ? მომავალ თაობას რა ვუყოთ? 67 წევრი მყავს ამ წუთში ფედერაციაში, მათ შორის 8 წლის ბავშვებიც. სანამ შემიძლია ვასწავლი, მაგრამ როგორ უნდა ვასწავლო ტრასის გარეშე? ერთი წელია ვეღარ ვავარჯიშებ მათ, ამიტომ იკარგებიან პერპექტიული ახალგაზრდები“ – ამბობს იური ლომთათიძე. მას სურს, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ტრასა მოეწყოს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ვარჯიში ასევე საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.
ტრასის გეგმა
ტრასის გეგმა
იური ლომთათიძე: „ტრასის მოწყობას დაახლოებით 1 მილიონ 880 ათას ლარი დასჭირდება. ტრასა მოეწყობა 20 ჰექტარზე და გათვლილი იქნება, როგორც ავტოსპორტისთვის, ასევე ა~ველოსპორტისა და მოტოსპორტისთვისაც. ეს იქნება ყველაზე იაფიანი ტრასა, რაც შეიძლება გავაკეთოთ აჭარაში, თავისი კომპლექტებით“.
ფედერაციას ტრასის მოწყობის პროექტი მომზადებული აქვს და 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარუდგენს.
ვახო ხურციძე / გური მუხიგული / გიორგი მკრტიჩიანი
ვახო ხურციძე / გური მუხიგული / გიორგი მკრტიჩიანი
ვახო ხურციძის ავტომობილი BMW E36
ვახო ხურციძის ავტომობილი BMW E36
გური მუხიგული
გური მუხიგული
გური მუხიგულის ჯილდო
გური მუხიგულის ჯილდო

 

 

გური ჩავლეშვილი (მარჯვნივ)
გური ჩავლეშვილი (მარჯვნივ)
ფოტოები აღებულია ვახო ხურციძის, გური მუხიგულისა და გური ჩავლეშვილის Facebook-გვერდიდან
Exit mobile version