მთავარი,სიახლეები

აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა დადასტურდა

20.01.2016
აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, H1N1-ის გრიპის ვირუსით ორი პაციენტი კლინიკაში მკურნალობს ბათუმში, ორი კი უკვე გაწერელია საავადმყოფოდან.

H1N1-ის შემთხვების გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევებმაც. „თუ ადრე 230-მდე გამოძახება გვქონდა დღეში, ახლა 350-მდე გამოძახებაც გვაქვს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების ცენტრში.

20 იანვარს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის ხელმძღვანელებსა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება H1N1 ვირუსის თემაზე სასაუბროდ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მეორე ადამიანი გარდაიცვალა H1N1-ის ვირუსით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პაციენტი თანმხლები ქრონიკული დაავადების ფონზე გარდაიცვალა.

H1N1-ის ვირუსის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

ჯანმო რეკომენდაციას უწევს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ მძიმე დაავადების რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა და სამედიცინო პერსონალმა.

გრიპის პირველივე ნიშნების შემთხევევაში აუცილებელია ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რომ არ მოხდეს დაავადების გართულება.

აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა საპნით ან სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდა, ოთახის ხშირი განიავება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს დაყოვნებისაგან თავის არიდება და თუ ოჯახში დაავადებულია, სასურველია დაავადებულმა პირბადე გამოიყენოს ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

H1N1-ის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატების დახმარებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.