მთავარი,სიახლეები

41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

22.01.2016 • 2753
41 ავტომობილი საჩუქარად უსაფრთხოების სამსახურს „საქართველოს რკინიგზისგან“

15 ერთეული „suzuki swift“, 16 ერთეული „toyota corolla“ და 10 ერთეული „hyundai tucson“ – ის ავტომობილებია, რომლებიც „საქართველოს რკინიგზამ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად შეიძინა. უსაფრთხოების სამსახურისთვის საჩუქრად გადასაცემი ავტომობილების საერთო ღირებულებამ კი ჯამში 509 ათას 800 აშშ დოლარი და 144 ათასი ევრო შეადგინა.

„საქართველოს რკინიგზამ“ 10 ერთეული „hyundai tucson“ სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 257 800 აშშ დოლარად შეისყიდა; 16 ერთეული „toyota corolla“ – 252 ათას აშშ დოლარად, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“; ხოლო 15 ერთეული „suzuki swift“ – 144 ათას ევროდ, შპს „ჯი-თი მოტორსისგან“. ყველა ავტომობილი გამოშვებულია 2015 წელს და ხელშეკრულებების მიხედვით, შეძენილია ამავე წლის 29 დეკემბერს.

ავტომობილები საქართველოს რკინიგზამ გამარტივებული შესყიდვების გზით შეიძინა, რაზედაც თანხმობა განაცხადა ჯერ შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ, შემდეგ  „საპარტნიორო ფონდმა“ [როგორც „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილის მფლობელმა], ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და ბოლოს საქართველოს მთავრობამ, 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს  ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ამ განკარგულებით, „აღნიშნული ავტომობილების შესყიდვებზე გაწეული დანახარჯების „საქართველოს რკინიგზისთვის“ დაკომპენსირება, „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის წმინდა მოგებიდან განაწილებული და „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდიდან გამოქვითვის/შემცირების გზით“.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილების შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საფრთხეების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული რეგიონში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაძლიერება. ამ მიზნით, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვა ზემოაღნიშნულ წერილებში გათვალისწინებული რაოდენობისა და სპეციფიკაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის შემდგომში გადაცემის მიზნით.“ – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში.

იქვე განმარტებულია, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოთხოვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემები და შესყიდვის ღირებულება არ მოდის შესაბამისობაში „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კლასიფიკაციის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებთან და ზღვრული ფლობის ღირებულებასთან, ამიტომ შემსყიდველმა (სს „საქართველოს რკინიგზა“) მიმართა სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას მითითებული ავტომანქანების შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად. საკითხი განხილულ იქნა სახელმწიფო კომისიის მიერ და რკინიგზას ეთქვა თანხმობა შესყიდვის განხორციელებაზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: