სიახლეები

სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალება

22.01.2016
სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალება
შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო გზებზე, თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა აიკრძალება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, 21 იანვრიდან “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების კონტროლს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები განახორციელებენ. “ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუდაურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, მხოლოდ გუდაურში ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ წელს გუდაურში სპორტულ ტრასაზე, სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.