ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა.
ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი?
სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა. ამ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ცვლილებები განხორციელდა სკოლის უკეთ მუშაობის მიზნით. სკოლა უკვე 6 წელია ფუნქციონირებს, ზემო აჭარამ იცის ამ სკოლის წარმატებული მუშაობა. ჩვენ ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული გავუშვით. ისინი წარმატებით აბარებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.ამ განცხადებაში ასევე წერია, რომ ნუგზარ ზოსიძემ თურმე იმიტომ დატოვა სამსახური, რომ ვერ შეძლებდა ხარისხიან ადამიანებთან მუშაობასო. მე ვიტყვი, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი, ისინი ფორმალურად დანიშნულები იყვნენ 14 სექტემბრიდან, მაგრამ არის რაღაც მიზეზები, რომ მათთან ერთად ვეღარ შევძლებ მუშაობას – სხვადასხვა პირდაპირი თუ ირიბი საუბრების გამო.
მაგრამ ერთიცაა, რატომ წერენ მხოლოდ ნუგზარ ზოსიძის წასვლაზე, რატომ წავიდა სკოლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რამინ შავაძე, დიდაჭარელი კაცი. იმიტომ წავიდა, რომ ხედავდა იმ უსამართლობას, რაც ხდებოდა სკოლაში. სკოლის ახალი ადმინისტრაცია კი, 20 იანვრიდან დღემდე ყოველ დღე ემუქრება ბავშვებს სკოლის დახურვით, ნუთუ ეს არის უკეთ მუშაობა?
რა სახის მუქარაზეა საუბარი?
ეს საპატრიარქომ შეისწავლოს. ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთო, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთარი თვალით ვნახე აქციიდან ძალით ბავშვებს როგორ მიათრევდნენ, ვითომც დასალაპარაკებლად.
და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემს უკან კიდევ ვიღაც დგას.. როგორ შემეძლო ეს ანარქია მე მომეწყო, როცა იქ სისხლი ჩავაქციე.
ამ ყველაფერის შესახებ ეპისკოპოსმა სპირიდონმა თუ იცის?
როცა განცხადება დავწერე, იმის შემდეგ სკოლაში არ მივსულვარ. ეს 12 დეკემბერს მოხდა.
ბავშვებმა საპროტესტო აქცია გამართეს თქვენი წასვლის გამო, რადგან ეგონათ, რომ თქვენ იძულებით გიშვებდნენ სამსახურიდან. თქვენ ამბობთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მიდიხართ. რას ფიქრობთ, იქნება იქ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო?
მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. უკვე აღარ შემეძლო ასე გაძლება. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დავწერე განცხადება წასვლაზე.
რა ტიპის ზეწოლას ახორციელებდნენ თქვენზე?
ახლა მაგაზე აღარ მსურს საუბარი. პიროვნებებზე საუბრები აღარ მინდა. საპატრიარქომ შეისწავლოს იქ რაც ხდებოდა და მე რატომაც წამოვედი.
აპირებთ მიმართოთ საპატრიარქოს?
არავისთვის მიმართვას არ ვაპირებ. იმდენად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ თუ დაინტერესდებიან გაიგებენ. მე კი ის მინდა, რომ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი და ამას მოვუწოდებ თითოეულ ბავშვს, თითოეულ მშობელს. საპროტესტო აქციები მბრალდება მე და არ მინდა, რომ ეს ასე იყოს.