მთავარი,სიახლეები

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

24.01.2016
2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის.

აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს მოაწერა.

ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დამთავრდება, ხოლო სტადიონის შემთხვევაში – პირველ თებერვალს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ შპს „სტადიონად“, 2015 წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა.  სამინისტრომ იმავე წლის პროგრამების ჩამონათვალიდან ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და მათ განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა – 17 მილიონ 984 ათას 400 ლარი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო. შესაბამისად, „სტადიონს“ დაევალა ახალი საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობის უზრუნველყოფა.

ბათუმში, პუშკინის ქუჩა 164/ტბელ აბუსერისძის ქუჩა 2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია „სტადიონსა“ და ტენდერში გამარჯვებულ შპს „საბა კონსტრაქშენ“-ს შორის, ღირებულებით 22 მილიონ 172 ათას 764 ლარი.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი კი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,9 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: