მთავარი

ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

21.01.2016 • 2581
ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

ავტორი: სულხან ღლონტი

ბათუმის ბულვარის დასაცავად გამართული აქციები, ჩვენი ქალაქის ისტორიის რეალურად ახალი და უნიკალური ფურცელია. იგი თავისი არსით მეტია ვიდრე ერთ კონკრეტული მოთხოვნა. დღემდე არსებული „ტრადიციული სისტემა“ გულისხმობდა ხელისუფლების გადაწყვეტილებების პრაქტიკულად უაპელაციოდ მიღებას და აღსრულებას. ნგრევა თუ შენება ხელისუფლების ექსკლუზივი იყო და აქამდე არც ერთ გადაწყვეტილებას ასეთი ორგანიზებული წინააღმდეგობა არ შეხვედრია მოქალაქეების მხრიდან.

დღეს რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, რამაც ხელისუფლება დიდ საგონებელში ჩააგდო. ტრადიციული გამოცდილება კი ასეთ დროს შემდეგია: ხელისუფლება იწყებს სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობას, პროცესის მარგინალიზაციას და მოქმედი პირების მიმართ ზეწოლის ათასგვარი მექანიზმის გამოყენებას. გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ხელისუფლებამ ეს მეთოდი უკვე არაერთხელ სცადა, ძირითადად პროცესში პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნის გზით. არ გამოვიდა, ვერ იპოვეს პოლიტიკოსები პროცესის სათავეებთან და ჯერი მიდგა ბულვარის დაცვის მიზნით გაერთიანებულ გულწრფელ ბათუმელებზე.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამართლიანმა პროტესტმა სოციალურ ქსელში მასობრივი ხასიათი მიიღო. ამის საპირისპიროდ, ასპარეზზე გამოჩნდნენ სოციალური ქსელის უსახელო „გმირები“, ეს, ძირითადად, უინტერესო ხალხია, რომლებიც ამოფარებული არიან ყალბ, ეგრეთწოდებულ პროფაილებს და წერენ ყველაფერს და ყველაზე, ბუნებრივია, იმაზე მეტს, ვიდრე ჯანმრთელი გონება წარმოიდგეს. მათი ფუნქცია არის პიროვნებების დისკრედიტაცია და ამ მეთოდით ცდილობენ საინიციატივო ჯგუფების მიმართ უნდობლობის გაჩენას, რაც მართლაც ყველაზე მზაკვრული ჩანაფიქრია მთელს ამ პროცესში.

თუ საინიციატივო ჯგუფებში შეიტანენ დაბნეულობას და მოახერხებენ მათ პასიურ რეჟიმზე გადაყვანას, მაშინ მიაღწევენ მხოლოდ საბოლოო მიზანს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ბულვარისთვის შინაარსის შეცვლა, მისი გადასხვაფერება, გაუცხოება, ფერების წართმევა, სულიერი ენერგიისგან დაცლა, ყველაფერ იმის წართმევა, რაც ასე ქარიზმატულს ხდის ჩვენს საუკუნოვან ხეივნებს და საბოლოოდ ჩვენს ქალაქს.

მიუხედავად დაბრკოლებებისა, სამოქალო აქტივიზმში გაწევრიანების მსურველთა რიგები ყოველდღიურად იზრდება და ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. დღეს იქმნება მომავალი დღისწესრიგის საფუძველი, რომელიც შემდეგნაირად იკითხება: „ეს ქალაქი არის ჩვენი“, როგორადაც არ უნდა გამოვხატოთ ერთ წინადადებაში ჩვენი დამოკიდებულება, შინაარსი მაინც ერთია – დღეიდან გაჩნდა ღია და განცხადებული პრეტენზია ქალაქში მიმდინარე პროცესები შეუთანხმონ ქალაქის რეალურ მესაკუთრეებს, ბათუმელებს!

ზუსტად ეს გარემოება აშფოთებს ხელისუფლებას. მათ რიგებში უმალ გამოჩნდებიან „სხვაზე მეტის მცოდნეები“, რომელთაც არ მოსწონთ ასეთი დღისწესრიგი და იწყებენ მასთან ღიად ან ფარულად დაპირისპირებას. ეს არის ბრძოლა, სადაც რეალურად გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ეს არის ბათუმი! ქალაქი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჰყავს პატრონი.

ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს სისტემური ცვლილებები, ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ისეთი მმართველობის შექმნას, რომელსაც ენდობიან მოქალაქეები. რომელიც არ არის აგრესიული, არამედ მოწოდებულია დიალოგისთვის. ქვეყნისთვის და ქალაქისთვის აუცილებელ საჭიროებებს აყალიბებს არა მარტო მონოტონურად, უღიმღამოდ, უინტერესოდ, არამედ ეფექტურად და ყველასთან ერთად. გადაწყვეტილებებს იღებს არა განკერძოებულად, არამედ დაინტერესებული მოქალქეების ჩართულობით. მიზანთა და იდეათა განვითარებაში ცნობს არა ვერტიკალურ, არამედ ჰორიზონტალურ პრინციპს.

როცა საქმე ეხება ქალაქის ყველაზე ნოსტალგიურ და ამავე დროს ყველაზე ცოცხალ ნაწილს – ბათუმის ბულვარს, როცა მოთხოვნებს აყენებს ქალაქში დომინანტი ძალა – ბათუმელები, როცა სამ(ასიდან) (სამ)ასივე ამბობს, რომ არასწორ გზაზე დგახარ და „განვითარების“ შენეული ხედვა დაწუნებულია, როცა სამი ხეივანი რეალურად არის სიმბოლო, რომელიც გულისხმობს, რომ ქალაქმა უკვე გადაწყვეტილება მიიღო და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება და შენ (თუ თქვენ) ამ გადაწყვეტილებას აყოვნებ, ნიშნავს იმას, რომ ადექვატურად ვერ აღიქვამ პროცესს, რაც ქალაქში უფრო მეტ აგრესიას აჩენს. ახლა სამი საათია და ასეთ სამ საათს მრავალჯერ ჩაუვლია ჩვენს ქალაქში და ბევრი ასეთი გაუმართლებელი გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილებათა ავტორი უნახავს, რომელსაც საბოლოო ჯამში ბათუმმა მკაცრი პასუხი გასცა.

და ბოლოს, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს გარიგება და როგორი გავლენიანი ლობისტებიც არ უნდა ჰყავდეს მას, ამ საქმიდან საბოლოოდ გამარჯვებული მაინც ბათუმელები გამოვლენ!

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: