მთავარი,სიახლეები

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

23.01.2016 • 1541
სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე:  განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა.

სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც საინიციატივო ჯგუფი და მოსახლეობა აყენებდა?

თავად ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობა საუბრობს პოზიციების დათმობაზე, საუბრობს იმაზე, რომ შენარჩუნდება სამივე ხეივანი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს ძალიან კარგია. თუმცა, გარდა განცხადებებისა, მნიშვნელოვანია შეხვედრაზე გაკეთებული ინფორმაცია დოკუმენტურად იყოს დაფიქსირებული, შესაბამის აქტებში გაწერილი და ასახული იმ ხელშეკრულებაში, იმ თანდართულ დოკუმენტებში, რომლებიც კომპანიასთან არის გაფორმებული.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ კონკრეტული განცხადებები დაკავშირებულია გარკვეული პირობის შესრულებასთან. მეორეს მხრივ, თავისთავად მხოლოდ მედიით გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება.

აქციების დროს იყო მოთხოვნა და პეტციაშიც წერია, რომ სამივე ხეივანი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და დიახ ეს მოთხოვნა ნამდვილად სამართლიანია, რატომ იყო თუნდაც იდეის დონეზე საუბარი კონცეფციის მომზადების პროცესში, რომ ერთი ხეივანი უნდა აეღოთ ბათუმის ბულვარიდან? – გამოდის, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ხელისუფლებამ დახარჯა ფული  და ეს სამუშაოები მას აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული თანხა უშედეგოდ დაიხარჯა.

ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა არათანმიმდევრულად იყო დაგეგმილი კონცეფცია თავის დროზე. ეს პროცესი არ იყო ღია, არ იყო საჯარობა დაცული და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ეს ყველაფერი – სავარუდოდ ადგილოვრივი ხელისუფლება დაგვიანებით იგებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონთან შესაბამისობაში: ძველი ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ხეივნის აღება ან იმ სახით ჩარევა, რაც იგეგმებოდა კონფლიქტშია კანონთან.

ვთქვათ, ხელისუფლებამ ჩაწერა დოკუმენტში, რომ სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია?

მიზანი მიღწეულია თუ არა ამაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა ილაპარაკოს, მაგრამ იურიდიულად თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს სამართლებრივ აქტებში. აისახოს იმ დოკუმენტებში და  ტექნიკურ დავალებაში, კონცეფციის დოკუმენტებში, რომელიც დაუკვეთეს კომპანიას. ეს იქნება რეალური შედეგი და არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განაცხადი.

ვთქვათ, ხვალვე დადო მთავრობამ ასეთი დოკუმენტი, მაგრამ მთავრობის განცხადებებში კომერციული ობიექტების განთავსებაზეც კეთდებოდა აქცენტები.

ვერ წარმომიდგენია გადაწყვეტილება, რომელშიც მხოლოდ ის დაიწერება, რომ ბათუმის ბულვარში რჩება სამივე ხეივანი – ამ ფორმატში მომზადებული გადაწყვეტილება თავისთავად არ იქნება სრული. ის ვერ გასცემს პასუხს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც ბათუმის ძველი ბულვარი იდგა ამ პროცესში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო, ნათელი და არ უნდა ტოვებდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველაფერი წარიმართოს კანონმდებლობის შესაბამისად?

თუ აჭარის მთავრობა ფიქრობს გარკვეული ტიპის კონცეფციაზე, რომელიც აუცილებელია, ის უნდა შეიმუშავონ მხოლოდ და მხოლოდ ძეგლის ინტერესების გათვალიწინებით და არა ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებზე ორიენტირებით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ სხვა გადაწყვეტილებები. სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა, რომელიც დააზიანებს ძეგლს, პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ როგორც კანონმდებლობის დარღვევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს სამივე ხეივანი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: