სიახლეები

7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში

22.01.2016 • 1395
7200 ლარი აჭარის მთავრობის აპარატისგან მედიამონიტორინგში

აჭარის მთავრობის აპარატი მედიამონიტორიგში 7200 ლარს გადაიხდის. მთავრობამ შესაბამისი ტენდერიც გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი – შპს „აიფიემ კვლევები“. თუ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება, ის ვალდებული იქნება „უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ობიექტურად მიწოდება“.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის“ მიერ შერჩეული საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროს, თემის, კომპანიისა და პიროვნების შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიომაუწყებლობით და ინტერნეტ-საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილად და ოპერატულად მიწოდება მთავრობისთვის; ასევე უზრუნველყოს DVD დისკზე განთავსებული ვიდეომასალის მიწოდება full HD 1920X1980 ხარისხით, ყოველთვიურად;

მიმწოდებელი ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს:

საინფორმაციო საშუალებეში გასული ინფორმაციების მიწოდება მთავრობის აპარატისთვის, სიუჟეტის გასვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა;

ტელევიზიის, პრესის, რადიოს და ინტერნეტ-საიტების 24 საათიანი მონიტორინგი;

ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მიწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

მანვე უნდა უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის აპარატის მიერ არჩეული როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი გაზეთების მონიტორინგი [მინიმუმ 10 ტელევიზიის, 10 რადიოს და 30 ჟურნალ-გაზეთის] შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უზრუნველყოს სოცილური მედიის მონიტორინგი.

გააფორმებს თუ არა აჭარის მთავრობის მონიტორინგი შპს „აიფიემ კვლევები“-სთან ხელშეკრულებას, უახლოეს დღეებში გადაწყდება. მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

აჭარის მთავრობის აპარატში ფუნქციონირებს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც უფროსს და სამ სპეციალისტს აერთიანებს. მთავრობის აპარატის დებულების მე-12 მუხლით, მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა ურთიერთობის ხელშეწყობა; მედიის საშუალებებით საზოგადოების ინფორმირება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობისა და სამინისტროების საქმიანობის შესახებ; მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, საინფორმაციო მასალების მომზადება, პრესრელიზების გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრესკონფერენციებისა და მედიაბრიფინგების ორგანიზება და ასე შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: