ნეტგაზეთი • RU

ვაკანსიები სახალხო დამცველის რეგიონულ სამმართველოებში

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი იგივე თანამდებობაზე სხვა რეგიონებშიც გამოაცხადეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად კონკურსანტს იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონულ რწმუნებულებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ იურიდიული განათლება არ აქვთ, შესაძლია სხვა სამსახურის მოძებნა მოუწიოთ.

სახალხო დამცველის აპარატს ამ დრომდე საქართველოს რვა რეგიონში ჰყავდა რწმუნებული, დამატებით ექვს რეგიონში კი საკონტაქტო პირი. მათგან რამდენიმეს იურიდიული განათლება არ აქვს.

აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებულად 2005 წლიდან დღემდე გიორგი ჩარკვიანი მუშაობს. ის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან პროფესიით იურისტი არ არის. რა იქნება კონკურსის შემდეგ და მოუწევს თუ არა სამსახურის დატოვება ამის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.

სამმართველოს რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ ქორიძის განმარტებით კი, სახალხო დამცველის აპარატს მათთვის, ვისაც აქვს გამოცდილება, მაგრამ არა იურიდიული განათლება, შეთავაზება ამ დროისთვის არ აქვს.

„რეორგანიზაცია მხოლოდ რეგიონულ სამმართველოს შეეხო და ეს პრობლემებს არ უკავშირდება. სხვა ვაკანსიები, რაც გამოქვეყნებულია, მიმდინარე ვაკანსიებია. აქ შედის რვა რეგიონული ოფისი, დამატებით საკონტაქტო პირი ექვს რეგიონში. მაგალითად ზუდგიდში რეგიონული ორგანიზაცია რვა წლის წინ გაიხსნა, ათი წლის წინ ქუთაისში და ასე შემდეგ – წლების განმავლობაში მატულობდა ამ რეგიონებიდან განცხადებების რიცხვი. ამის გამო ჩვენი პასუხისმგებლობაც გაიზარდა და საჭირო გახდა ამ ყველაფერთან ადაპტაცია. ამიტომ გაიზარდა რეგიონული სამმართველოს სტატუსი და გარდაიქმნა დეპარტამენტად. დეპარტამენტშივე შეიქმნა სამი სამმართველო, მათ შორის აჭარის სამმართველოც არის. გამოცხადებულია კონკურსი სამმართველოს უფროსების თანამდებობაზე. შეიცვალა თანამშრომლების კვალიფიკაციის მოთხოვნები, რადგან საჭირო გახდა რეგონებში ოფისების იურისტებით დაკომპლექტება. ეს იმიტომ, რომ სახალხო დამცველის აპარატი თბილისიდან არ აკეთებდეს რეგიონულ საქმეებს. რაც რეგიონში შეიძლება გაკეთდეს, რეგიონის საქმეების საფუძვლიანად შესწავლა, შესაბამისმა ოფისმა უნდა უზრუნველყოს.

შესაბამისად, არაიურისტი ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და ვერ გახდება სამმართველოს უფროსი, ვერც მთავარი სპეციალისტი, ან სპეციალისტი, რადგან ის არ არის იურისტი. მაგრამ მიიღებს ის, ვინც იურისტია და ამავდროულად აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ამ საქმიანობისთვის და იმ გამოწვევისთვის რაც ახლა დგას რეგიონების წინაშე, აუცილებელია იურიდიული განათლება. ეს გამოცდილებამ აჩვენა. “

საკონკურსო განცხადების მიხედვით, რეგიონული სამმართველოს უფროსის ხელფასი 1815 ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი