„ენერგო-პრო ჯორჯია“: აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით „რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარასა და გურიაში აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას   მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და უამინდობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებსაც“.

აჭარაში მეორე დღეა თოვს.  25 იანვარს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს.

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმში 25 იანვარს „არცერთ სასიცოცხლო ობიექტს პრობლემა არ შექმნია მომარაგების თვალსაზრისით. ერთადერთი გვქონდა ხელვაჩაურში, როცა ენერგო-პრომ გადართვა აწარმოა, დაზიანება გვქონდა მე-8 საბავშვო ბაღში, შედეგად სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ. ასევე პრობლემა იყო 23-ე და 24-ე საბავშვო ბაღში ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, ამიტომ იქაც შევწყვიტეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებულია და აღდგენილია ელექტორენერგიის მიწოდება“.

ბათუმი თოვლში [ფოტო]

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

25 იანვარს თითქმის მთელი დღის განმავლობაში თოვდა ბათუმში. ქალაქში ამ წუთებშიც თოვს.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

25 იანვარს დილით ბათუმის მერიამ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისაგან“.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

ბათუმის მერიის განცხადებით უხვთოვლიანობის გამო, მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის ჩამოცურების საშიშროება. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთ ადგილებში მოძრაობისგან.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

 

1918-1919 წლებში ესპანური გრიპით (H1N1) 40 მილიონი ადამიანი დაიღუპა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას 2015-2016 წლებში აჭარაში გრიპისა და მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადებების გავრცელების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს იმ წესების დაცვაზე, რაც აუცილებელია გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად:

111გრიპის პანდემიები XIV საუკუნიდან არის აღწერილი; 10-50 წლიანი ინტერვალებით მეორდება; პანდემიის დროს შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 25-30% დაავადდეს; შესწავლილი (მე-20 და 21-ე საუკუნის) პანდემიები გამოწვეული იყო H1, H2 და H3 ქვეტიპებით:

1918-1919 H1N1 – ესპანური გრიპი 40 მლნ დაიღუპა

1957-1958 H2N2 – აზიური გრიპი 2 მლნ დაიღუპა

1968-1969 H3N2 – ჰონგკონგის გრიპი 1 მლნ დაიღუპა

2009 H1N1 – “ღორის გრიპი”, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა უკანასკნელი შეფასებით ციფრი 150,000-დან 575,000-მდე მერყეობს.

გრიპის ვაქცინაცით უზრუნველყოფა, საქართველო:

2013-2014 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 4000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა
  • მწარმოებელი – SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი)

2014-2015 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 8000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – INFLUVAC, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი)
  • მწარმოებელი – Abbott Biologicals B.V.(ნიდერლანდები)

2015-2016 წლის სეზონი

  • შესყიდული ვაქცინის რაოდენობა – 10 000 დოზა,
  • მათ შორის 5000 დოზა

ვაქცინის დასახელება – INFLUVAC, გრიპის ინაქტივირებული ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი), მწარმოებელი – Abbott Biologicals B.V.(ნიდერლანდები)

  • 5000 დოზა
  • ვაქცინის დასახელება – VAXIGRIP, გრიპის ინაქტივირებული სპლიტ-ვაქცინა
  • მწარმოებელი – SANOFI PASTEUR SA (საფრანგეთი).

გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე  

მოსალოდნელია სეზონის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ინფიცირება;  A/H1p დავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში;

 საზოგადოებაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის დროს, ინდივიდუალურ დონეზე გაურთულებელი გრიპის დიაგნოსტიკა შესაძლებელია კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით.

 გრიპის სწარფი ტესტები იძლევა სწრაფ შედეგს 15 წუთში და შესაძლოა ჰქონდეს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ჰოსპიტალურ სექტორში, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვან პროცენტში იძლეოდეს ცრუ უარყოფით შედეგს.

 ლაბორატორიული დიაგნოსტიკის (სახეობას არ აქვს მნიშვნელობა) უარყოფითმა შედეგმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მკურნალობის ტაქტიკაზე და ინფექციური კონტროლის ღონისძიებებზე; გრიპის შემთვევათა მატების ეტაპზ

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა – მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

 დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

 მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა – სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.

 იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

 სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.

ინფექციური კონტროლის ღონისძიებები საჭიროა გამუდმებით იქნეს დაცული ინფექციური კონტროლის სტანდარტული, წვეთოვანი და კონტაქტური გადაცემის შეზღუდვის წესები:

დაბეჯითებით რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, მათი ინფიცირებისა და პაციენთა საავადმყოფოსშიდა ინფიცირების შემცირების მიზნით; გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა იზოლაციის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს 7 დღე დაავადების დაწყებიდან ან 24 საათი ცხელებისა და სასუნთქი სისტემის მხრივი სიმპტომების შეწყვეტიდან, იმის მიხედვით, თუ რომელია უფრო განგრძობითი დროში, როდესაც პაციენტი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში.

3333ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში:

  • გრიპზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე აღსაზრდელი/მოსწავლე /მასწავლებელი არ დაიშვება სასწავლო პროცესზე
  • სავალდებულოა ყოველდღიური სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, სველი წესით დალაგება, ზედაპირების, სახელურების გაწმენდა
  • ოთახების ხშირი განიავება
  • აღსაზრდელთა/მოსწავლეთათვის ინფორმაციის ყოველდღიური გაცემა ხელების დაბანის მნიშვნელობის, გრიპის პროფილაქტიკის ღონისძიებათა შესახებ
  • გრიპზე საეჭვო კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან დროული ვიზიტი, ოჯახურ პირობებში პაციენტთა თვითიზოლაცია და მათ მიერ პირადი დაცვის საშუალებების (ნიღბების) გამოყენება.

 

 

ბათუმის მერია: სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიის სამსახურები, ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად გაგრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.

მერიის ინფორმაციით ამ დროისათვის, ბათუმში, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ბათუმის მერიის ცხელი ხაზი – 27 26 09; 24 22 22

შპს „სანდასუფთავების“ წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, დღის განმავლობაში მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილში იწმინდებოდა ქუჩები თოვლისგან.

მერიის განცხადებით პრობლემური რჩება ჭაობის დასახლება [ასევე პუშკინისა და ყოფილი შაუმიანის ქუჩები]. აქ ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოები, ვინაიდან გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიდთოვლობა

დიდთოვლობა

ბათუმი, 25.01.2016. „ბათუმელების" ფოტოები
ბათუმი, 25.01.2016. „ბათუმელების” ფოტოები

საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ბრძანებით გათავისუფლებული აპარატის ყოფილი უფროსის – ლიანა დიასამიძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ლიანა დიასამიძე გასაუბრების ეტაპს ხელახლა გაივლის.

„ჩვენ გასაურების პროცესს აუცილებლად დავაკვირდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლიანა დიასამიძესთან მიმართებაში დარღვეული იყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები: არ იყო ნაწარმოები სხდომის ოქმი, არ იყო გამოკვლეული შესაბამისი მტკიცებულებები ლიანა დიაასამიძის კვალიფიკაციასთან მიმართებით“ – აცხადებს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

ლიანა დიასამიძემ ტესტირების ეტაპზე 60-დან 57 ქულა მიიღო, თუმცა ამ შედეგის მიუხედავად, საკრებულოს საკონკურსო კომისიამ მიიჩნია, რომ ლიანა დიასამიძე ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს თანამდებობის დასაკავებლად. ლიანა დიასამიძე 2015 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა. ის საკრებულოში 2004 წლიდან მუშაობდა.

18292

ტელეარხ 25-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

„ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა: მაია მერკვილაძემ, ირმა ზოიძემ, ნინო ხელაძემ და ჯაბა ანანიძემ სასამართლოს მიმართეს. ჟურნალისტები გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სამართლებრივად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს ასახელებს, რაც ეკონომიური ან ტექნოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კადრების შემცირებას გულისხმობს.

ჟურნალისტების გათავისუფლებამდე,  „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე გაუშვეს იძულებით შვებულებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული  რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის  უფროსს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში
ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში

ბათუმის მერია: პროექტი არ ითვალისწინებდა ბულვარში ბილიკის გაუქმებას

ბათუმის ძველ ბულვარში ბილიკის გაუქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ, თან ახლდა ბათუმის მერის 2015 წლის 29 ივლისის [N25/14704] წერილი, რომლითაც ქალაქის მერია თანახმა იყო ბულვარში სამუშაოების დაწყებაზე.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ მერიაში წარდგენილი პროექტით იყო თუ არა გათვალისწინებული ძველ ბულვარში სამი პარალელური ალეიდან [სავალი ბილიკიდან] შუა ალეის გაუქმება და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობა და იყო თუ არა ამაზე გაცემული მერიის თანხმობა? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ჰკითხა ქალაქის მერიას.

,,ბათუმის ბულვარი“-ს მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას“, – წერია ბათუმის მერიისგან ბათუმელებისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელიც დღეს, 25 იანვარს მივიღეთ. მერიიდან ასევე გვაცნობეს, რომ შეცვლილი პროექტი მათთან არც მოგვიანებით წარუდგენიათ.

ამონარიდი ბათუმის მერიის პასუხიდან:

„თქვენი 2016 წლის 20 იანვრის N2/003 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ ,,ბათუმის ბულვარმა“ 2015 წლის 21 ივლისს წერილით მომართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას (N01-11/366; 21.07.2015წ.), რომელშიც აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული ჰქონდა თანხა ბულვარის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეებში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდურების აყრა-გატანის, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდურების მოწყობისათვის, ასევე საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის და ზემოაღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ითხოვა თანხმობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისაგან.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილს თან ერთვოდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ მოცემული სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტი არ ითვალისწინებდა ალეების გაერთიანებას [გაუქმებას] და მის ადგილზე ბალახის კორდის მოწყობას.

სსიპ ,,ბათუმის ბულვარი“-ს წერილი განხილული იქნა მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 29 ივლისის N25/14704 წერილით მიეცათ თანხმობა ეწარმოებინათ პროექტით განსაზღვრული სამუშაოები. აქვე თანხმობის წერილით განემარტათ, რომ ვინაიდან, ობიექტი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აღნიშნულის თაობაზე დამატებით ნებართვა უნდა აეღოთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ ,,ბათუმის ბულვარს“ შემდგომში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის შეცვლილი სახის პროექტით სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით არ მოუმართია“.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მომართა თუ არა კომპანია ,ლიტომ“-მა ბულვარში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მშენებლობის წარმოების თანხმობის მიღებასა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორია წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად, სამუშაოების წარმოებასთნ დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის გაცემა არ წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია ,,ლიტომ“-ს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის არ მოუმართავს“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“  მოწოდებული დოკუმენტებით კი ირკვევა, რომ „ბათუმის ბულვარმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი გადაამუშავა და ხელახლა წარუდგინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2015 წლის 11 სექტემბერს. ეს გადამუშავებული პროექტი კი [რაც ბილიკის გაუქმებას ითვალისწინებდა], როგორც მერიაში აცხადებენ, მათთან აღარ წარუდგენიათ.

ბათუმის ძველ ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დაწყებაზე ნებართვა აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2015 წლის 16 სექტემბერს გასცა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ძველი ბულვარის“ მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია.

ბულვარში ბილიკის გაუქმებას მოქალაქეთა პროტესტი და აქციები მოჰყვა. საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აჭარის მთავრობას პეტიციით მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. ამ დროისთვის პეტიციას 4794 ადამიანი აწერს ხელს.

აჭარის მთავრობის მხრიდან, ბულვარში სამთავე ბილიკის შენარჩუნების თაობაზე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ზეპირი განცხადება გაკეთდა.

გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკა აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, აჭარის სამედიცინო დაწესებულბებში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი. 63 პაციენტი მკურნალობის კურსს სტაციონარში გადის.

სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, წლის მე–3 კვირის მდგომარეობით რეგიონში აღირიცხა გრიპისმაგვარი დაავადების 1548 ამბულატორიული და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის სტაციონარული 209 შემთხვევა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაიცემა რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

„2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა აჭარაში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ეპიდსიტუაცია სტაბილურია ყველა მუნიციპალიტეტში, შემთხვევათა ზომიერი ზრდის ტენდენციით“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი 2025“-ზე მუშაობა, რომელიც წარმოადგენს ბათუმის სტრატეგიული განვითარების მოდელს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ერთობლივ სამუშაო დოკუმენტზე მხარეები უკვე ორი წელია მუშაობენ.

„2016 წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს. დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების თითქმის ყველა სფეროს და იმითაც არის საინტერესო რომ მოიცავს არა მარტო ბათუმის, არამედ მომიჯნავე ტერიტორიების განვითარებასაც.“

ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი „და არა ის, როგორ ხედავენ ქალაქს ჩინოვნიკები“.

„ამიტომ გვინდა მოსახლეობის ფართო ფენები ჩავრთოთ ქალაქის განვითარების გეგმაში. ასევე პროცესში უნდა ჩავრთოთ მომიჯნავე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომ ვისჯელოთ იმაზე რა ტერიტორიები უნდა დააბრუნოს ბათუმმა რომელსაც ითხოვენ ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები და რა დარჩება ქალაქის შემადგენლობაში ისე, რომ არავინ არ იზარალოს“.

ქალაქის გაფართოვების შემდეგ, ბათუმის საზღვრებში მოექცა ქობულეთის და ხელვაჩაურის საკმაოდ დიდი ნაწილი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს,  დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტი  ჩაქვის ნაწილის ძველ საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს, მსგავსი პრეტენზია აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც.

„ხელაღებით არ ვაპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მოხდება ამაზე მსჯელობა და შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი“-ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

რაც შეეხება გერმანელი კოლეგების რეკომენდაციებს, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ქალაქ როსტოკს აქვს ზოოპარკების განვითარების კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება შესაძლებლია.

 

DSCN7443

 

ჩვენს კოლეგებს კარგი გამოცდილება აქვთ ასევე რკინიგზის სფეროში,  კვანძების გადატანასთან და რეორგანიზაციასთა დაკავშირებით, ამიტომ  ბათუმის დეპო, რომელიც  შემოჭრილია ქალაქის გულში და ქმნის სატრანსპორტო კოლაფს, უნდა გავიდეს ოჩხამურის   ტერიტორიაზე ჩვენ ვთხოვთ კოლეგებს რომ დაგვითვალონ რა დაჯდება ამის გადატანა, რომ შემდეგში დავსახოთ დეპოს გადატანის სტრატეგია“.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავაც ესწრებოდა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ქალაქის  განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მერიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან:

„მომეწონა გერმანელების დამოკიდებულება ქალაქის მიმართ, როცა აღნიშნეს რომ პროექტი არ ჩაითვლება დოკუმენტად თუ არ მოხდება მისი საჯარო განხილვები. თუმცა ეს არის ძალიან პირველადი დოკუმენტი და მასში უნდა იყოს მოქცეული  რეგიონალური სტრატეგია და მერიის, როგორც ამ დოკუმენტის აღმასრულებელი ორგანოს  მონაწილეობაც უნდა იყოს მეტი“.

ანდრია შუბერტსის თქმით, ბათუმი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და განვითარდეს ქალაქი მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში.

წერილი ბათუმის ციხიდან

პატიმარი კ. მ. ბათუმის მე-3 საპყრობილიდან ამბობს, რომ 14 იანვრიდან შიმშილობს.  საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მან რკინის მეტალი 8 იანვარს გადაყლაპა, რითაც ციხეში სამედიცინო მომსახურება გააპროტესტა.

პატიმარის თქმით, ამის გამო საპყრობილის რეჟიმის უფროსმა დავით შატაკიშვილმა იგი  განმარტოებით საკანში 10 იანვარს გადაიყვანა, სადაც გაუსაძლისი პირობებია.

„ხელბორკილებით მაქვს ხორცები ამოგლეჯილი, რაც დააფიქსირა მორიგე ექიმმა. მივედი იმ ზომამდე, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს დავიწყე შიმშილობა“, – ნათქვამია პატიმრის წერილში. პატიმარი რეჟიმის უფროსის გადაწყვეტილებას მის მიერ დაწერილ წინა საჩივრებს უკავშირებს. „ეხლა სანამ საჩივრების წერას და შიმშილობას დაიწყებ, სანამ მე გამიხარდება მანდ იქნებიო“, – წერს პატიმარი კ.მ. რეჟიმის უფროსის შესახებ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბათუმის N3 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კ.მ.-ს შიმშილობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ პატიმარს მეტალის ნივთი არ გადაუყლაპავს.

პატიმარმა კ.მ.-მ დახმარების თხოვნის წერილით უკვე მიმართა ხელისუფლებას და უფლებათადამცველებს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, რა ინფორმაცია აქვს პატიმრის შიმშილობის შესახებ, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

უხვი ნალექის გამო ზოგიერთ სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ქალაქის სკოლებში მოსწავლეების ნაკლებობაა.

მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტების რამდენიმე სკოლაში:

„ქედაში 4 საჯარო სკოლაში, ქობულეთის მაღალმთიანი სოფლების 10 სკოლაში და ხელვაჩაურის 6 სკოლაში  შეჩერდა სასწავლო პროცესი უხვი ნალექის გამო,“- განაცხადეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, არც ერთ  საჯარო სკოლაში გათბობის პრობლემა არ დგას:  „მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეთა გამოუცხადებლობა უგზოობას უკავშირდება, ქალაქში კი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გრიპის ფონი, მშობლები შიშობენ და ამიტომ შემცირდა სწრებადობა,“- ამბობს თეა ვადაჭკორია.

ბათუმის ბულვარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ბულვარის გამწვანებისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს სავალი ბილიკების, ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებისთვის ადმინისტრაციის 50-მდე თანამშრომელია მობილიზებული.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, სერიოზული დაზიანებები არ შეინიშნება.

ქობულეთში 6 000 აბონენტი გათიშულია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

აჭარაში დილიდან თოვს, თუმცა, მუნიციპალიტეტების გამგეობების ცნობით, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ორ მუნიციპალიტეტს – ქობულეთსა და შუახევს.

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 20-15 სანტიმეტრია, დაბაში კი – 10 სანტიმეტრი. „ტექნიკა მზად არის, დაახლოებით 13-15 ერთეული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ამოქმედებული. რაც შეეხება დანისპარაულის მიმართულებას, სადაც უფრო მაღალია თოვლის საფარი, დაიწყო უკვე ტექნიკამ მუშაობა, იწმინდება გზები და დაახლოებით ერთ საათში ძირითადი ნაწილი იქნება გაწმენდილი. დანისპარაულიდანაც, რომელიც მაღალი სოფელია, ჯაჭვებით გამოვიდა ტრანსპორტი ქალაქის მიმართულებით, ისევე როგორც სხვა სოფლებიდან. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია,“ -ამბობს ხულოს გამგებელი.

ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, შუახევში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალმთიან ზონაში – 20 სანტიმეტრი. გამგებელი ამბობს, რომ ელექტროენერგია ღამის განმავლობაში რამდენიმე თემს გაეთიშა და ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. „ორხიდიანი მანქანები ყველგან გადაადგილდება, ტექნიკა მწყობრშია, დაახლოებით 15 ერთეული ტექნიკა გვყავს მუნიციპალიტეტში,“ – ამბობს გამგებელი.

თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. გამგებლის, სულხან ევგენიძის თქმით, ამ დროისთვის ქობულეთში 6 000 აბონენტია გათიშული. ელექტროენერგია არ მიეწოდება გვარას, ლეღვას, წყავროკას, შუაღელეს, ბუკნარსა და ციხისძირს, სადაც, გამგებლის თქმით, ევკალიპტის ტოტებმა ელექტროსადენები დააზიანა. სულხან ევგენიძე ამბობს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის მიწოდება საღამომდე უნდა აღდგეს.

რაც შეეხება მდგომარეობას გზებზე, ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 ერთეული ტექნიკა მუშაობს გზის გასაწმენდად, „და კიდევ სამი ერთეული ტექნიკა დამატებით გვათხოვეს კერძო კომპანიებმა, გადაადგილების პრობლემა არ არის,“ – ამბობს სულხან ევგენიძე.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ თოვლს ამ დროისთვის ქედაში პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაადგილდება.

„ყველაზე დიდი თოვლის საფარი სოფელ ზუნდაგაშია -აქ თოვლი 70 სანტიმეტრს აღწევს, რაც შეეხება დაბას, 25 სანტიმეტრამდეა თოვლი. იწმინდება შიდა სასოფლო გზები პირველ ეტაპზე იმ სოფლებში, სადაც ასფალტის საფარია, უჩხითის, გეგელიძეების, ოქტომბრის, მერისის მიმართულებით 11 ტექნიკა მუშაობს, რაც შეეხება შუქის მიწოდებას, შუქი მხოლოდ მახუნცეთის თემს არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბავშვების გამოუცხადებლობის გამო 6 ბაღი და ოთხი საჯარო სკოლა არ მუშაობს,“ – ამბობს გამგებელი.

ელექტროენერგია არ მიეწოდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც. „მუშაობს 12 ერთეული ტექნიკა, გზები იწმინდება. გვაქვს პრობლემები, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები არ არის. 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ შტაბში. თოვლის საფარი 20 სანტიმეტრიდან ნახევარ მეტრომდეა, გააჩნია ადგილს,“ – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

10 ათასი ლარი საზაფხულო სკოლებისთვის

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცხადდება კონკურსი 2016 წლის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის საზაფხულო სკოლის ორგანიზების კომპონენტში.

ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტრო დააფინანსებს აჭარაში საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ პირებს. პროექტის ბიუჯეტი ერთი საზაფხულო სკოლის მოწყობისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. საზაფხულო სკოლის ორგანიზება უნდა დაიგეგმოს 2016 წლის სექტემბერ – ნოემბერში.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება საზაფხულო სკოლის ორგანიზების კონკურსში მონაწილეობისათვის, იწარმოებს 2016 წლის პირველი თებერვლიდან  2016  წლის  2  მაისის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

მერიის ინფორმაციით, თოვლისგან მხოლოდ ცენტრალური ქუჩები გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი გაწმენდილია, მეორე ნაწილში კი სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი თედორაძის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილია თოვლისგან გაწმენდილი:

„ღამის 4 საათიდან ვმუშაობთ, ძირითადად ცენტრალური ნაწილი იწმინდება, მემედ აბაშიძის, რუსთაველის, გორგილაძის, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩები გაწმენდილია, მოძრაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი“.

ირაკლი თედორაძის თქმით, ქუჩებში საჭიროებისამებრ ყრიან ტექნიკურ მარილს.

„პრობლემას გვიქმნის გაუმართავი კერძო ავტომობილები, რადგან გადაადგილება უჭირთ და ხშირად კეტავენ გზას. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ, რომ გაუმართავი ავტომობილებით ნუ გამოვლენ ქალაქში“.

ირაკლი თედორაძის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში 20 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

თოვლიანი ბათუმი [ფოტო]

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ცივი ამინდები ბათუმში კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

DSCN0416 (1)

ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე
ფოტო:ლელა დუმბაძე

250116-0956

250116-0952(003)

250116-0955

250116-0950(001)

250116-0954

250116-1016(001)

250116-1016

250116-1008(001)

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი.

მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა სამაგალითო თავდაცვის მინისტრი. წარმოუდგენელია თინა ხიდაშელი სამი წლით სადღაც წავიდეს ვიღაცის მოსაძებნად. ჯერ ერთი, რომ მისი ქმარიც გაბრაზდება და მეორეც, ეს მთლად სახელმწიფოებრივი ამბავი არ უნდა იყოს. არც არსად მსოფლიოში არ შეიძლება ასეთი მძლავრი ამოვარდნები იყოს ბუნებრივი და მისაღები სოციალური ცხოვრებისთვის. უკეთესი შეიძლება გახადოს ადამიანი სამოქალაქო კოდექსებმა ან კონსტიტუციებმა, ისიც, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნულად, თუ მისი შინაგანი მხარე არ კარნახობს.

რაც შეეხება მხარტვრულ ლიტერატურას, ის არ არის ჩვეულებრივი ამბების ლიტერატურა, ის უფრო ამოვარდნების ლიტერატურაა. იგივე ამირანის ამბავი, ავთანდილის ამბავი და ეთერიანში მურმანისა და ეთერის ამბავი. არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ აბესალომს. იგივე ალუდა ქეთელაური არ ნიშნავს მოქმედებას, რომელზეც მასწავლებელი სკოლის მოსწავლეს მოუწოდებდეს, რომ მან მაინცდამაინც ასე უნდა გააკეთოს, რომ ის იყოს უკეთესი ადამიანი და ბაძავდეს თავის საყვარელ გმირს.

კაცობრიობა დაიღუპებოდა როგორც ისტორიული მოცემულობა, რომ ბაძავდეს მხატრული ლიტერატურის გმირებს, აბსურდულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. არ შეიძლება შენ გაიმეორო ის, რაშიც თავს იყრის სხვა ადამიანის მიერ დანახული ბევრი ადამიანი და ეს ბევრი ადამიანი თვითონაც არ იქცევა ისე, როგორადაც შეიძლება პოტენციურად ავტორს სდომებოდა რომ მოქცეულიყო. ხშირად პერსონაჟები, ასე ვთქვათ, გარბიან ავტორის ხელიდან, ესეც ჩვეულებრივი ამბავია.

აქედან გამომდინარე ჩვენ, თუნდაც, როდესაც ამ კონკრეტულ წიგნს ავიღებთ ხელში არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ გმირი, რომელიც თქვენს წინაშე იქნება, რაღაცით შეიძლება მისაბაძი იყოს.

არმისაბაძობა, ამვდროულად, ბუნებრივია, არ გულისხმობს უინტერესობას, იმიტომ რომ მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, საერთოდ ყველა ტიპის დარგსა და ჟანრს შორის, არის ის, რომ მას აქვს უნიკალური უნარი თქვენ გაცხოვროთ სხვა ადამიანის ცხოვრებით სულ რაღაც ერთ-ორ ან ძალიან დიდი რომანის შემთხვევაში სამ ოთხ საათს. ეს არის სრულიად გამორჩეული უნარი ლიტერატურისა, რომ შენ შეხვიდე სხვა ადამიანში, იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით, გარდაიცვალო სხვა ადამიანის მაგივრად. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია გულწრფელად თქვას, რომ მე მოვკვდი, იმიტომ რომ ამის გაზიარება სხვა შემთხვაში შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რომ სიკვდილის გამოცდილება არ არსებობს და მასზე წარსულ დროში ადამიანი ვერაფრით ვერ ისაუბრებს. ესეც არის მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი უპირატესობა.

სხვა უპირატესობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ის დროებით წყვეტს ჩვეულებრივ ცხოვრებას და გვთავაზობს ინტერპრეტაციის უნარის შეძენასა და შესაძლებლობას. რაც ასევე არ არის ყველა დარგის და ჟანრის პრეროგატივა, იმიტომ, რომ მხარტული ლიტერატურა არის გამოყენების ტექნიკის ან გამოტოვების ტექნიკის მეშვეობით ახალი ფანტაზიების დაბადების ერთგვარი კერა…

გამოტოვება ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენთვის გულისხმობს ადგილს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერპრეტაციით შევავსოთ….”

ლიტერატურასა და თავის წიგნზე გიორგი კეკელიძე მკითხველს გუშინ, 23 იანვარს ბათუმში, კაფე „გარდენსში“, თავისი ახალი წიგნის – „ორი თავგადასავალი“ – პრეზენტაციაზე ესაუბრა.

რესან კონცელიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მოადგილედ დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 30 წლის ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შემდეგ „ბათუმელებისთვის“ კიდევ ერთი ცვლილების შესახებ გახდა ცნობილი: ქედის პოლიციის 53 წლის უფროსი რესან კონცელიძე გადაყვანილია ლაშა გოგნიაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ. ამ ცვლილების შედეგად აჭარის პოლიციიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადავიდა დავით პაპავა, რომელიც მანამდე დეპარტამენტში მუშაობდა მოადგილის პოზიციაზე.

როგორც შს სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, ვაკანტურია ქედის მუნიციპალიტეტში პოლიციის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელსაც აქამდე რესან კონცელიძე იკავებდა.

შს სამინისტროს პრესცენტრში ასევე აცხადებენ, რომ როტაციის პროცესი გრძელდება, შესაბამისად, ცვლილებები აჭარის პოლიციაში კვლავაც იქნება.

ცვლილებები აჭარის პოლიციაში მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ბესიკ ამირანაშვილს სწორედ ლაშა გოგნიაშვილი ჩაენაცვლა, რომელიც მანამდე ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი იყო.

პრემიები, დანამატები და მთავრობის სამოქმედო გეგმა

საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირებას საქართველოს მთავრობა 2016-2017 წლებში აპირებს. მთავრობის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ საკითხის მოგვარების მიზნით 2016 წელს შემუშავდება შრომის ანაზღაურების სქემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ახალი კანონით განსაზღვრულ საჯარო სამსახურის სისტემასთან.  შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც, რომელიც მოამზადებს აღნიშნულ კანონპროექტს.

პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით მთავრობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.

„მიზანშეწონილია, შემუშავებულ იქნეს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე პრემიისა და დანამატის გაცემის საკითხის დარეგულირების მიზნით; აუცილებელია, დამატებით განისაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის დასაბუთება, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თანამშრომელთა პრემირების ჯანსაღი სისტემის ჩამოყალიბებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის გამჭვირვალობის ზრდას; მნიშვნელოვანია, დამატებითი ყურადღება გამახვილდეს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების დანერგვის მიმართულებაზე, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე, რაც უზრუნველყოფდა პრემიისა და დანამატის სახით გაცემული სახსრების გამჭვირვალობასა და დასაბუთებას“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში.

მთავრობის ინფორმაციით „ამ რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხები მოცულია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც განიხილა საქართველოს პარლამენტმა. კანონპროექტი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ახალ სისტემას და ითვალისწინებს დავალებას შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების საკითხებს“.

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 443 მილიონზე მეტი დაიხარჯება საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის [პრემიებისა და დანამატის ჩათვლით], 39 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება აჭარის 2016 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ხოლო ბათუმის ბიუჯეტში შრომის ასანაზღაურებლად 20 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

აჭარაში, 2014 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, 1 მილიონამდე ლარი პრემია გაიცა.

რატომ არ ჩატარდა დღეს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია

დღეს, 24 იანვარს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მზია ოქრაძესთვის ღვიძლი უნდა გადაენერგათ. მზიას დონორიც ჰყავს – თავისი და ლამზირა. მაგრამ ოპერაცია გადაიდო – მიზეზი ოჯახს არ აქვს ოპერაციისთვის აუცილებელი 125 ათასი ლარი. ამ დროისთვის მზია ოქრაძის ოპერაციისთვის მხოლოდ 35 ათასი ლარს მობილიზება გახდა შესაძლებელი, აქედან 15 ათასი ლარი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადასარჩენად სხვადასხვა მოქალაქეებმა შესწირეს.

მზია 31 წლის არის. ის 4 დასთან და მშობლებთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. 7-წევრიან ოჯახში მხოლოდ ლამზირა მუშაობს, მზიას და. ლამზირა ამბობს, რომ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილია – დონორი ის უნდა იყოს.

მზია პირველად შეუძლოდ გასლი წლის აგვისტოს თვეში გახდა. დიაგნოზის დადგენა თავდაპირველად საქართველოში სცადეს. შემდეგ ოჯახმა მონაცემები თურქეთშიც გადააგზავნა, საიდანაც აცნობეს, რომ, სავარაუდოდ, მზიას ღვიძლის ტრანსპლანტაცია დასჭირდება. 22 დეკემბერს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოქრაძეებს დაუდასტურეს, რომ საჭიროა ღვიძლის გადანერგვა.

ლამზირა ამბობს, რომ მისი დის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი დღე მნიშვნელოვანია. „ახალი წლის დღეებმა შეგვიშალა ხელი, თანხის შეგროვებაში. ამ ეტაპზე ის მოვახერხეთ, რომ აჭარის მთავრობა გვაძლევს 10 ათას ლარს, ხოლო 10 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. მივმართეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც, გვითხერს, რომ მათ ღვიძლის გადანერგვის პროგრამა არ აქვთ, მაგრამ მაინც იმედს არ ვკარგავთ, რომ 10 ისინიც მოგვცემენ ფულს. 15 ათასი ლარიც სხვადასხვა ადამიანმა შემოგვწირა“.

წესით, მზიასთვის ოპერაცია დღეს, 24 იანვარს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საკმარისი თანხის უქონლობის გამო ოპერაცია არ შედგა.

ოჯახი მხარდაჭერისთვის მიმართავს ბიზნესმენებს. ვისაც აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს 31 წლის ახალგაზრდას, შეგიძლიათ ისარგებლეთ შემდეგი საბანკო მონაცემებით:

 

საქართველოს ბანკი

GE30BG0000000822607800

მიმღები: ოქრაძე ლამზირა

ტელ: 558 38 40 95

მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა

გარკვეული ფიზიკური პირების მიმართ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტები თავიანთი ინიციატივით, კანონით, 2016 წლის 15 იანვრამდე, ახორციელებდნენ.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი აღნიშნული ვადა ერთი თვით, 2016 წლის 15 თებერვლამდე გადაიწია.

შესაბამისად:

„სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტი 2016 წლის 15 თებერვლამდე თავისი ინიციატივით ახორციელებს იმ ფიზიკურ პირთა მიმართ, რომლებიც:

ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და, შესაბამისად, დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

ბ) რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მიეკუთვნება შესაბამისი წესით განსაზღვრულ პირთა წრეს და აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი 2016 წლის 15 თებერვლამდე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების თაობაზე.“

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესში“ შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე  დადგენილება მთავრობამ 2016 წლის 16 იანვარს მიიღო და ძალაში 2016 წლის 14 იანვრიდან შევიდა.

აღნიშნული წესის მიხედვით, ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

საარჩევნო მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით 2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. 2016 წლის 10 თებერვლიდან კი გამოცდები დაიწყება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დამატებით ინფორმაციას გაეცნონ ვებგვერდებზე: www.cesko.ge და www.electionreforms.ge

2,4 მილიონი ლარი სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობის ზედამხედველობისთვის

ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებაში შპს „სტადიონი“ მაქსიმუმ 1 მილიონ 750 ათას ლარს, ხოლო ანალოგიურ მომსახურებაში, „რესპუბლიკურის“ ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში, 665 182 ლარს გადაიხდის.

აღნიშნული მომსახურებების შესყიდვებს „სტადიონი“ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების საშუალებით განახორციელებს. შესაბამისი თანხმობის განკარგულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელი 2016 წლის 14 იანვარს მოაწერა.

ახალი საავადმყოფოს შემთხვევაში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 28 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დამთავრდება, ხოლო სტადიონის შემთხვევაში – პირველ თებერვალს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის 100%-იანი წილის მქონე უფუნქციო შპს „ვეტერინარი“ შპს „სტადიონად“, 2015 წლის 4 აგვისტოს დაარეგისტრირა.  სამინისტრომ იმავე წლის პროგრამების ჩამონათვალიდან ამოიღო სტადიონისა და საავადმყოფოს დაპროექტება-მშენებლობის პროგრამები და მათ განსახორციელებლად აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა – 17 მილიონ 984 ათას 400 ლარი, შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალში ჩადო. შესაბამისად, „სტადიონს“ დაევალა ახალი საავადმყოფოსა და სტადიონის მშენებლობის უზრუნველყოფა.

ბათუმში, პუშკინის ქუჩა 164/ტბელ აბუსერისძის ქუჩა 2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 170 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმებულია „სტადიონსა“ და ტენდერში გამარჯვებულ შპს „საბა კონსტრაქშენ“-ს შორის, ღირებულებით 22 მილიონ 172 ათას 764 ლარი.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი კი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,9 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

მაშველებმა კლდიდან გადაჩეხილი ნუკრი იპოვეს

შვლის ნუკრის გადარჩენის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ნუკრი (1)
ფაქტი ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

შვლის ნუკრი, როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, გარემოს დაცვის უწყებას გადაეცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ფოტო]

დღეს ბათუმში, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკლიძის წიგნის „ორი თავგადასავალი“ პრეზენტაცია შედგა. წიგნი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.

გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია
გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

“ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები.

მეორე მხრივ – სიკვდილზე და სიცოცხლეზე დაკვირვება, სიყვარულთან გაუცხოება, ვერახდენილი ოცნებები, წარსულის შიში, საზღვრებთან ამაო ბრძოლა და მთვარეზე გაუხსნელი კოოპერატივი.

მიჰყევით ლევან ბარამიძეს – მისი ამბავი მოკლეა და ბევრს მოგითხრობთ“ – აღნიშნულია რომანის ანოტაციაში.

სულხან სალაძე ბულვარში ხეივნის შენარჩუნებაზე: განცხადება მედიაში არ ნიშნავს, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება

ბათუმის ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზეპირი განცხადება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობა დათმობაზე რეალურ მიდის და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები მთლიად შესრულდება? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა.

სულხან, მთავრობა ამბობს, რომ ბათუმის ბულვარის სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. თუმცა, დოკუმენტურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არავის უნახავს. არის თუ არა ეს პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც საინიციატივო ჯგუფი და მოსახლეობა აყენებდა?

თავად ის ფაქტი, რომ აჭარის მთავრობა საუბრობს პოზიციების დათმობაზე, საუბრობს იმაზე, რომ შენარჩუნდება სამივე ხეივანი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს ძალიან კარგია. თუმცა, გარდა განცხადებებისა, მნიშვნელოვანია შეხვედრაზე გაკეთებული ინფორმაცია დოკუმენტურად იყოს დაფიქსირებული, შესაბამის აქტებში გაწერილი და ასახული იმ ხელშეკრულებაში, იმ თანდართულ დოკუმენტებში, რომლებიც კომპანიასთან არის გაფორმებული.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ კონკრეტული განცხადებები დაკავშირებულია გარკვეული პირობის შესრულებასთან. მეორეს მხრივ, თავისთავად მხოლოდ მედიით გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქაღალდზე გაფორმდება.

აქციების დროს იყო მოთხოვნა და პეტციაშიც წერია, რომ სამივე ხეივანი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და დიახ ეს მოთხოვნა ნამდვილად სამართლიანია, რატომ იყო თუნდაც იდეის დონეზე საუბარი კონცეფციის მომზადების პროცესში, რომ ერთი ხეივანი უნდა აეღოთ ბათუმის ბულვარიდან? – გამოდის, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ხელისუფლებამ დახარჯა ფული  და ეს სამუშაოები მას აღარ სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული თანხა უშედეგოდ დაიხარჯა.

ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა არათანმიმდევრულად იყო დაგეგმილი კონცეფცია თავის დროზე. ეს პროცესი არ იყო ღია, არ იყო საჯარობა დაცული და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ეს ყველაფერი – სავარუდოდ ადგილოვრივი ხელისუფლება დაგვიანებით იგებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კანონთან შესაბამისობაში: ძველი ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ხეივნის აღება ან იმ სახით ჩარევა, რაც იგეგმებოდა კონფლიქტშია კანონთან.

ვთქვათ, ხელისუფლებამ ჩაწერა დოკუმენტში, რომ სამივე ხეივანს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია?

მიზანი მიღწეულია თუ არა ამაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა ილაპარაკოს, მაგრამ იურიდიულად თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს სამართლებრივ აქტებში. აისახოს იმ დოკუმენტებში და  ტექნიკურ დავალებაში, კონცეფციის დოკუმენტებში, რომელიც დაუკვეთეს კომპანიას. ეს იქნება რეალური შედეგი და არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განაცხადი.

ვთქვათ, ხვალვე დადო მთავრობამ ასეთი დოკუმენტი, მაგრამ მთავრობის განცხადებებში კომერციული ობიექტების განთავსებაზეც კეთდებოდა აქცენტები.

ვერ წარმომიდგენია გადაწყვეტილება, რომელშიც მხოლოდ ის დაიწერება, რომ ბათუმის ბულვარში რჩება სამივე ხეივანი – ამ ფორმატში მომზადებული გადაწყვეტილება თავისთავად არ იქნება სრული. ის ვერ გასცემს პასუხს იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც ბათუმის ძველი ბულვარი იდგა ამ პროცესში. შესაბამისად, ეს დოკუმენტი უნდა იყოს ბევრად უფრო მკაფიო, ნათელი და არ უნდა ტოვებდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველაფერი წარიმართოს კანონმდებლობის შესაბამისად?

თუ აჭარის მთავრობა ფიქრობს გარკვეული ტიპის კონცეფციაზე, რომელიც აუცილებელია, ის უნდა შეიმუშავონ მხოლოდ და მხოლოდ ძეგლის ინტერესების გათვალიწინებით და არა ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებზე ორიენტირებით. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ სხვა გადაწყვეტილებები. სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა, რომელიც დააზიანებს ძეგლს, პირდაპირ შეიძლება განვიხილოთ როგორც კანონმდებლობის დარღვევა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს სამივე ხეივანი.

 

ხიჭაურის სკოლის მოსწავლე: მამა ლაზარემ თათარი დაგვიძახა [ვიდეო]

ხიჭაურის სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლების მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. გუშინ, 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლები დაიბარა სასწავლებელში.ვიდეო მასალაში ჩანს მშობლებისა და ერთ-ერთი სასულიერო პირის დიალოგი. მშობლები აპროტესტებენ იმას, რომ მათი შვილები ერთ-ერთმა მღვდელმა “კედელთან გააჩერა” და ასევე იმას, რომ ბავშვებს სასულიერო პირმა „თათრები” დაუძახა.

ხიჭაურის გიმნაზიის ყოფილი მენეჯერი: სასულიერო პირები ბავშვებს კბილების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას მოსწავლეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე ნუგზარ ზოსიძე “ბათუმელებს” ესაუბრა.

ბატონი ნუგზარ, სკოლის მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ თქვენ საკუთარი განცხადების საფუძველზე წახვედით გიმნაზიიდან. ასე უთქვამთ მათთვის აქციაზე სასულიერო პირებს. რა იყო თქვენი წასვლის მიზეზი?

ნუგზარ ზოსიძე
ნუგზარ ზოსიძე
სკოლის დირექციამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელიც პირადად ჩემთვის არის სასაცილო და შეურაცხმყოფელი, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა. ამ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ცვლილებები განხორციელდა სკოლის უკეთ მუშაობის მიზნით. სკოლა უკვე 6 წელია ფუნქციონირებს, ზემო აჭარამ იცის ამ სკოლის წარმატებული მუშაობა. ჩვენ ასეულობით წარმატებული კურსდამთავრებული გავუშვით. ისინი წარმატებით აბარებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

ამ განცხადებაში ასევე წერია, რომ ნუგზარ ზოსიძემ თურმე იმიტომ დატოვა სამსახური, რომ ვერ შეძლებდა ხარისხიან ადამიანებთან მუშაობასო. მე ვიტყვი, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად ვმუშაობდი, ისინი ფორმალურად დანიშნულები იყვნენ 14 სექტემბრიდან, მაგრამ არის რაღაც მიზეზები, რომ მათთან ერთად ვეღარ შევძლებ მუშაობას – სხვადასხვა პირდაპირი თუ ირიბი საუბრების გამო.

მაგრამ ერთიცაა, რატომ წერენ მხოლოდ ნუგზარ ზოსიძის წასვლაზე, რატომ წავიდა სკოლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რამინ შავაძე, დიდაჭარელი კაცი. იმიტომ წავიდა, რომ ხედავდა იმ უსამართლობას, რაც ხდებოდა სკოლაში. სკოლის ახალი ადმინისტრაცია კი, 20 იანვრიდან დღემდე ყოველ დღე ემუქრება ბავშვებს სკოლის დახურვით, ნუთუ ეს არის უკეთ მუშაობა?

რა სახის მუქარაზეა საუბარი?

ეს საპატრიარქომ შეისწავლოს. ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთო, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთარი თვალით ვნახე აქციიდან ძალით ბავშვებს როგორ მიათრევდნენ, ვითომც დასალაპარაკებლად.

და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემს უკან კიდევ ვიღაც დგას.. როგორ შემეძლო ეს ანარქია მე მომეწყო, როცა იქ სისხლი ჩავაქციე.

ამ ყველაფერის შესახებ ეპისკოპოსმა სპირიდონმა თუ იცის?

როცა განცხადება დავწერე, იმის შემდეგ სკოლაში არ მივსულვარ. ეს 12 დეკემბერს მოხდა.

ბავშვებმა საპროტესტო აქცია გამართეს თქვენი წასვლის გამო, რადგან ეგონათ, რომ თქვენ იძულებით გიშვებდნენ სამსახურიდან. თქვენ ამბობთ, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მიდიხართ. რას ფიქრობთ, იქნება იქ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო?

მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ. უკვე აღარ შემეძლო ასე გაძლება. ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დავწერე განცხადება წასვლაზე.

რა ტიპის ზეწოლას ახორციელებდნენ თქვენზე?

ახლა მაგაზე აღარ მსურს საუბარი. პიროვნებებზე საუბრები აღარ მინდა. საპატრიარქომ შეისწავლოს  იქ რაც ხდებოდა და მე რატომაც წამოვედი.

აპირებთ მიმართოთ საპატრიარქოს?

არავისთვის მიმართვას არ ვაპირებ. იმდენად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ თუ დაინტერესდებიან გაიგებენ.  მე კი ის მინდა, რომ გაგრძელდეს სასწავლო პროცესი და ამას მოვუწოდებ თითოეულ ბავშვს, თითოეულ მშობელს. საპროტესტო აქციები მბრალდება მე და არ მინდა, რომ ეს ასე იყოს.

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლის დირექციის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ:

1. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორად დაინიშნა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი სამონაზვნე ბარბარე (ციალა მეგრელაძე).

2. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო და საკონფერენციო მუშაობის დარგში დაინიშნა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გივი გიორგის ძე ჭუმბურიძე.

3. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ კულტურისა და ხელოვნების დარგში დაინიშნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის აკადემიური დოქტორი ნონა სულიკოს ასული შუშანიძე.

სკოლის ყოფილმა დირექტორმა მღვდელმა გიორგი ფუტკარაძემ, თხოვნით მიმართა დამფუძნებელს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რადგანაც მას უჭირდა დირექტორის მოვალეობის აღსრულებასთან ერთად საკმაოდ დატვირთული სამოძღვრო მსახურების შეთავსება. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ხოლო ყოფილმა სასწავლო ნაწილმა ნუგზარ ზოსიძემ, როდესაც მას სხალთის ეპარქიის განათლების განყოფილებამ წინასწარ გააცნო სკოლის დირექტორად და მის მოადგილეებად სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნებების დანიშვნის შესახებ, ნუგზარ ზოსიძემ განაცხადა, რომ ის ამ პიროვნებებთან ვერ იმუშავებდა და სკოლის დირექტორს მიმართა თხოვნით თანამდებობისაგან განთავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა“.

 

აჭარის მთავრობა: ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

„არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით ბათუმის ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“, – ამ სათაურით განცხადება აჭარის მთავრობამ ოფიციალურ ვებვერდზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. შეხვედრა გუშინ ღამის საათებში შედგა. შეხვედრის შემდეგ კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აჭარის ტელევიზიის ეთერში მთავრობასთან კონსესუსის მიღწევის გამო კმაყოფილება გამოთქვეს.

გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება.“

გაფორმდა თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი ამასთან დაკავშირებით, რაც ბულვარის დამცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, რა ითქვა შეხვედრაზე, როგორ გარძელდება კონცეფზიაზე მუშაობა და დადო თუ არა მთავრობამ პეტიციის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა? – ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა დავით თოფურიძემ, რომელიც შეხვედრას ეწრებოდა „ბათუმებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტა:
„ორშაბათს უნდა შევიტანო წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელზე. შეხვედრას იურისტიც ესწრებოდა. საჯარო განცხადება უკვე გაკეთდა და ახლა ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. მაისის ბოლოდე სამივე ხეივანს აღადგენენ. მთავრობას რაც ჰქონდა წარმოდგენილი, ამას კონცეფცია არ ერქვა, ის რაც ვნახეთ აღარ არსებობს. იმის მიხედვით ბულვარი აღარ გაკეთება. ახლა დაიწყება ახალი კონცეფციის შექმნა. მიმდინარე სამუშაოები უნდა დასრულდეს, რადგან უნდა მოგვარდეს კომუნიკაციების პრობლემა. ჩვენ აქციების პარალელურად პირველივე დღეს ვითხოვდით, რომ გვერდით ხეივნებზე სამუშაოები არ შეწყვეტილიყო. შემდეგ რომ არ ეთქვათ ვეღარ ვასწრებთო და ჩვენთვის არ დაებრალებინათ ეს.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, ჩვენი მოთხოვნაა, რომ 2009 წლის რეგულაციები შეიცვალოს და მომზადდეს ჩარჩო ხელშეკრულება, გეგმა გაკეთდეს, სადაც განისაზღვრება ყველა დეტალი, რომ არავინ აღარ ჩაერიოს. ჩვენ ეს ყველაფერი გვიწერია პეტიციაში და წერილსაც, რომლითაც მივმართავთ ხაბაძეს პეტიციის საფუძველზე მოვამზადებთ. ლოგიკურია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული სახე ბულვარს ვერ ექნება. ბუვარი უნდა იყოს დასასვენებელი პარკი.“
კითხვაზე, მიიღეთ თ არა პირობა, რომ პეტიციაში ჩამოწერილ ყველა მოთხოვნას მთავრობა გაითვალიწინებს? – დავით თოფურიძე პასუხობს:
„ ჩვენი უპირობო მოთხოვნა იყო სამი ხეივნის აღდგენა, რაზეც გადაწყვეტილება მიღწეულია. სხვა საკითხები სამუშაოა. დანარჩენზე საზოგადოებამ და მთავრობამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავრია, მთავრობა წამოვიდა საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე. თუ ამას შეცვლიან და არ იქნება ისე როგორც შეგვპირდნენ? – არ ვიცი, საზოგადოება კონტროლს გააგრძელებს. ამას არ მოვეშვებით, ჩვენ ბულვარის სადარაჯოზე ვიდგებით.“
პეტიციის თანახმად ბულვარის დამცველები მოითხოვენ:
“ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებას; მათ სათანადოდ მოვლას, არსებული მწვანე საფარის და ნარგავების შენარჩუნებას.
კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რისი აგებაც შესაძლებელია ბათუმის ძველ ბულვარში. დაუშვებლად მიგვაჩნია ძველ ბულვარში კაპიტალური შენობება-ნაგებობების აგება;
გადაიხედოს იმ შენობა-ნაგებობის საკითხი, რომლებიც ბოლო წლებში აიგო და შეცვალა ბათუმის ბულვარის იერსახე.
ყველა გადაწყვეტილება იყოს საჯარო, კვლევებისა და გამოკითხვების საფუძველზე დაგეგმილი და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დოკუმენტურად დაასაბუთებენ გადაწყვეტილების აუცილებლობას.
სასწრაფოდ შეჩერდეს ყველა იმ პროექტისა და სამუშაოების განხორციელება, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ბათუმის ძველ ბულვარში და არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას”.

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ.

სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ კომისია მისივე თქმით, შესაბამისი კომპეტენციის არქონის მიზეიზთ დატოვა, კომისის თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ იგივე გაიმეორა, რომ კომისიის წევრები შესაცვლელია.

„ ჩემი სურვილია, რომ კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით. რადგან აქ უამრავი საკითხია განსახილველი. კომისია არ უნდა იყოს დიდი წევრთა რაოდენობის მიხედვით. ჯობია იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იქნებიან ექსპერტები ამ საქმისთვის საჭირო მიმართულებებით. რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს ვფიქრობ პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა ოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონდეს ბენეფიციარ ოჯახს. რა იგულისხმება შემოსავალში, ეს ყველაფერი ექსპერტმა უნდა დათვალოს. სოციალურ მხარეზე როცა ვსაუბრობთ უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და კარგად ერკვევიან ამ სფეროში. “

ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამგენმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა. კომისიამ კრიტერიუმების შესახებ მერიის მიერ წარდგენილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა გააგრძელა. სხდომაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებზეც კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შენიშვნები მოამზადეს. მსჯელობა ძირითადად ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ ჩანაწერს, შემოსავლის და გადასახდელი თანხის ოდენობას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის და სხვა საკითხებს შეეხო, თუმცა კომისიის წევრები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიდნენ.

კეთიშობილური მაგრამ არასწორად დაგეგმილი უწოდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.

„ მცდელობა ააშენოს სოციალური სახლი მერიის ერთადერთი კეთილშობილური იდეაა, რაც დასაფასებელია. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს არაკვალიფიციურად. რაზეც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. დღევანდელი სხდომაც ამას მოწმობს. კომისიაში წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოამზადა. ძალიან გაჭირდება ამ პროექტით რაიმეზე შეჯერება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არ არი განსაზღვრული. ჩემი აზრით ამ სამსახურს უპირველესად უნდა წარედგინა თანხის ოდენობა თუ რა ოდენობის თანხა უნდა ჰქონდეს ბენეფიციარს შემოსავლის სახით, რა უნდა იყოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. საერთოდ ასეთი ტიპის სახლის აშენება ამ ეტაპზე ჩვენ არ მიგვაჩნდა რელევანტურად. პირველ ეტაპზე შერეული ტიპის სოციალური სახლი უნდა აშენებულიყო, რადგან არასწორია პირველ რიგში დააკმაყოფილო ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნაქირავებ ბინებში იხდიან გადასახადს და მათი შვილები არიან უსაფრთხო გარემოში და უპასუხოდ დატოვო ოჯახები, რომლებიც არასთანადო გარემოში ცხოვრებენ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს დოკუმენტი არის არაკვალიფიციურად შედგენილი.“

სხდომაზე პროგრამის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეიცვლებიან თუ არა კომისიის წევრები, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება, ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შუამავლობა ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან კომისიის წევრს, მერის მოადგილეს ბაგრატ მანველიძეს სთხოვა.

კიდევ ერთი დეტალი: კომისიიის სხდომას ყველა წევრი არ ესრებოდა. სხდომას არ დასწრებია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ( მერის მოადგილე) ალექსანდრე მითაიშვილი, მერის მრჩეველი არქიტექტურულ საკითხებში და ამ კომისიის წევრი გიორგი რამიშვილი, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, მერიის საფინანსო – ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე. სხდომას არც საკრებულოს წევრები ლაშა სირაბიძე, თენგიზ აფხაზავა და დიმიტრი დარჩია ესწრებოდნენ, მერის ბრძანების თანახმად ისინი კომისიის წევრები არ არიან, მაგრამ ამავე ბრძანებით „მათ კომისიაში მონაწილეობა ეთხოვათ“.

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 2015 წლის 6 ივლისს მოაწერა ხელი.
კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მოსწავლეები ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ – საპროტესტო აქცია ხიჭაურში

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ეპისკოპოს სპირიდონის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელის გათავისუფლებამ. მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ხიჭაურის გიმნაზია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეების საპროტესტო აქცია წყარო: ენმ-ის შუახევის ოფისის ფეისბუქგვერდიდან
ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეების საპროტესტო აქცია წყარო: ენმ-ის შუახევის ოფისის ფეისბუქგვერდიდან

ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეები პირველად პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე 20 იანვარს  არ შევიდნენ, როდესაც საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულებს გიმნაზიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ზოსიძე გათავისუფლებული დახვდათ. პროტესტი გაგრძელდა 21 იანვარსაც. საპროტესტო აქცია მოსწავლეებს არც დღეს შეუწყვეტიათ. საპროტესტო ტალღა დღეს კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან დღეს მათთან გამოსამშვიდობებლად მივიდა ნუგზარ ზოსიძე.

ბავშვები და მასწავლებლები ნუგზარ ზოსიძის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსწავლეების საყვარელი პედაგოგის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლება ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნუგზარ ზოსიძესა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტი მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიმნაზიის ადმინისტრაცია აპირებს დააბრუნოს ნუგზარ ზოსიძე გიმნაზიაში, თუმცა მხოლოდ პედაგოგის პოზიციაზე.

თავად ნუგზარ ზოსიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ეპისკოპოს სპირიდონთან და ვერც გიმნაზიის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირება. ხიჭაურის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით ამის მიღწევა შეუძლებელია.

საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „შუახევის ენმ-ის“ გვერდმა გაავრცელა ფეისბუქზე.

ახალი ჰოსპიტალი ბათუმში პირველ თებერვალს გაიხსნება

2016 წლის პირველი თებერვლიდან ბათუმში, ახალი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამოქმედდება. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკაში თებერვლიდან იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.

ისმეთ მიქელაძე-დინდარი
ისმეთ მიქელაძე-დინდარი

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ისინი ჰოსპიტალში ეტაპობრივად ამოქმედდება.   ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი იქნება კარდიოლოგია და მას თურქეთში, სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს.

„ჰოსპიტალში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუხდეს დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება“ – ამბობს ისმეთ მიქელაძე-დინდარი.

ჰოსპიტალის ინფორმაციით, მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე ხელმძღვანელობს; რეპროდუქტიულ განყოფილებაში უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდებია დანერგილი; სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობა რეპროდუქტოლოგ მეჰმეთ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება; გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშევი უხელმძღვანელებს.

ფოსპიტალში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. „სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში იქნებიან და მუდმივად გაეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება. პერიოდულად მოვიწვევთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდანაც“ – აცხადებენ ჰოსპიტალში.

„ბათუმელების“ კითხვას, ხო არ არის გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმები ევროპის კლინიკებთან, ისმეთ დინდარიმ უპასუხა: „ამ ეტაპზე მემორანდუმები, როგორც ასეთი, გაფორმებული არ არის, თუმცა პირადად მაქვს ისეთი კავშირები, რომ საჭირო სპეციალისტის საჭირო დროს ჩამოყვანა პრობლემა არ იქნება“.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი სამედიცინო კლინიკის სერვისები მოქალაქეებისთვის? – ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მომსახურების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ფასებიც დაახლოებით 10%-ით მაღალი იქნება ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებებშია საქართველოში. ჰოსპიტალში ამოქმედდა პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტიც.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალის თურქული ინვესტიციით გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა გასული წლის ბოლოს მიიღო.

სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალება

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის უღელტეხილის სათხილამურო გზებზე, თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა აიკრძალება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.
გარდა ამისა, 21 იანვრიდან “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების კონტროლს სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრულ-ინსპექტორები განახორციელებენ. “ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუდაურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, მხოლოდ გუდაურში ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ წელს გუდაურში სპორტულ ტრასაზე, სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა.

“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე

Exit mobile version