მთავარი,სიახლეები

გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

24.01.2016 • 1744
გიორგი კეკელიძე თავის ახალ წიგნსა და ლიტერატურაზე

„ … გვეუბნებოდნენ რომ წიგნები, რომლებსაც წავიკითხავთ, აუცილებლად უკეთესს გაგვხდის, რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო ეს ვერ იქნება ასე. რამდემიმე მარტივი მიზეზის გამო ლიტერატურა გარდა ჰაგიოგრაფიული და დიდაქტიკური ნაწილისა, რომელიც ძალიან პატარა მომენტს მოიცავდა მსოფლიო ლიტერატურის განვითარების ისტორიაში, იწერებოდა არცთუ ხუთოსან ადამიანებზე, ისეთ ადამიანებზე, რომლებიც თანამდროვე სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბუნებრივია, ვერ იქნებოდნენ სამაგალითონი.

მაგალითად, ავთანდილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა სამაგალითო თავდაცვის მინისტრი. წარმოუდგენელია თინა ხიდაშელი სამი წლით სადღაც წავიდეს ვიღაცის მოსაძებნად. ჯერ ერთი, რომ მისი ქმარიც გაბრაზდება და მეორეც, ეს მთლად სახელმწიფოებრივი ამბავი არ უნდა იყოს. არც არსად მსოფლიოში არ შეიძლება ასეთი მძლავრი ამოვარდნები იყოს ბუნებრივი და მისაღები სოციალური ცხოვრებისთვის. უკეთესი შეიძლება გახადოს ადამიანი სამოქალაქო კოდექსებმა ან კონსტიტუციებმა, ისიც, ბუნებრივია, მხოლოდ გარეგნულად, თუ მისი შინაგანი მხარე არ კარნახობს.

რაც შეეხება მხარტვრულ ლიტერატურას, ის არ არის ჩვეულებრივი ამბების ლიტერატურა, ის უფრო ამოვარდნების ლიტერატურაა. იგივე ამირანის ამბავი, ავთანდილის ამბავი და ეთერიანში მურმანისა და ეთერის ამბავი. არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ აბესალომს. იგივე ალუდა ქეთელაური არ ნიშნავს მოქმედებას, რომელზეც მასწავლებელი სკოლის მოსწავლეს მოუწოდებდეს, რომ მან მაინცდამაინც ასე უნდა გააკეთოს, რომ ის იყოს უკეთესი ადამიანი და ბაძავდეს თავის საყვარელ გმირს.

კაცობრიობა დაიღუპებოდა როგორც ისტორიული მოცემულობა, რომ ბაძავდეს მხატრული ლიტერატურის გმირებს, აბსურდულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. არ შეიძლება შენ გაიმეორო ის, რაშიც თავს იყრის სხვა ადამიანის მიერ დანახული ბევრი ადამიანი და ეს ბევრი ადამიანი თვითონაც არ იქცევა ისე, როგორადაც შეიძლება პოტენციურად ავტორს სდომებოდა რომ მოქცეულიყო. ხშირად პერსონაჟები, ასე ვთქვათ, გარბიან ავტორის ხელიდან, ესეც ჩვეულებრივი ამბავია.

აქედან გამომდინარე ჩვენ, თუნდაც, როდესაც ამ კონკრეტულ წიგნს ავიღებთ ხელში არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ გმირი, რომელიც თქვენს წინაშე იქნება, რაღაცით შეიძლება მისაბაძი იყოს.

არმისაბაძობა, ამვდროულად, ბუნებრივია, არ გულისხმობს უინტერესობას, იმიტომ რომ მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, საერთოდ ყველა ტიპის დარგსა და ჟანრს შორის, არის ის, რომ მას აქვს უნიკალური უნარი თქვენ გაცხოვროთ სხვა ადამიანის ცხოვრებით სულ რაღაც ერთ-ორ ან ძალიან დიდი რომანის შემთხვევაში სამ ოთხ საათს. ეს არის სრულიად გამორჩეული უნარი ლიტერატურისა, რომ შენ შეხვიდე სხვა ადამიანში, იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით, გარდაიცვალო სხვა ადამიანის მაგივრად. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია გულწრფელად თქვას, რომ მე მოვკვდი, იმიტომ რომ ამის გაზიარება სხვა შემთხვაში შეუძლებელია. მოგეხსენებათ, რომ სიკვდილის გამოცდილება არ არსებობს და მასზე წარსულ დროში ადამიანი ვერაფრით ვერ ისაუბრებს. ესეც არის მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი უპირატესობა.

სხვა უპირატესობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ ის დროებით წყვეტს ჩვეულებრივ ცხოვრებას და გვთავაზობს ინტერპრეტაციის უნარის შეძენასა და შესაძლებლობას. რაც ასევე არ არის ყველა დარგის და ჟანრის პრეროგატივა, იმიტომ, რომ მხარტული ლიტერატურა არის გამოყენების ტექნიკის ან გამოტოვების ტექნიკის მეშვეობით ახალი ფანტაზიების დაბადების ერთგვარი კერა…

გამოტოვება ჩემთვის, თქვენთვის და ჩვენთვის გულისხმობს ადგილს, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერპრეტაციით შევავსოთ….”

ლიტერატურასა და თავის წიგნზე გიორგი კეკელიძე მკითხველს გუშინ, 23 იანვარს ბათუმში, კაფე „გარდენსში“, თავისი ახალი წიგნის – „ორი თავგადასავალი“ – პრეზენტაციაზე ესაუბრა.

გადაბეჭდვის წესი