მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

25.01.2016
ირაკლი ჩავლეიშვილი: ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი და არა ჩინოვნიკების

დღეს 25 იანვარს, ბათუმის საკრებულოს წევრები გერმანიის ქალაქ როსტოკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ანდრიას შუბერტსა და რობერტ შტახს  შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმსა და როსტოკს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ქალაქის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, სატრანსპორტო დაგეგმვის, ნარჩენების მენეჯმენტის, კლიმატის ცვლილებების, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივ დოკუმენტზე – „ბათუმი 2025“-ზე მუშაობა, რომელიც წარმოადგენს ბათუმის სტრატეგიული განვითარების მოდელს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ერთობლივ სამუშაო დოკუმენტზე მხარეები უკვე ორი წელია მუშაობენ.

„2016 წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს. დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების თითქმის ყველა სფეროს და იმითაც არის საინტერესო რომ მოიცავს არა მარტო ბათუმის, არამედ მომიჯნავე ტერიტორიების განვითარებასაც.“

ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრი „და არა ის, როგორ ხედავენ ქალაქს ჩინოვნიკები“.

„ამიტომ გვინდა მოსახლეობის ფართო ფენები ჩავრთოთ ქალაქის განვითარების გეგმაში. ასევე პროცესში უნდა ჩავრთოთ მომიჯნავე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომ ვისჯელოთ იმაზე რა ტერიტორიები უნდა დააბრუნოს ბათუმმა რომელსაც ითხოვენ ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები და რა დარჩება ქალაქის შემადგენლობაში ისე, რომ არავინ არ იზარალოს“.

ქალაქის გაფართოვების შემდეგ, ბათუმის საზღვრებში მოექცა ქობულეთის და ხელვაჩაურის საკმაოდ დიდი ნაწილი, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს,  დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტი  ჩაქვის ნაწილის ძველ საზღვრებში დაბრუნებას მოითხოვს, მსგავსი პრეტენზია აქვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსაც.

„ხელაღებით არ ვაპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას, მოხდება ამაზე მსჯელობა და შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი“-ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

რაც შეეხება გერმანელი კოლეგების რეკომენდაციებს, ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ქალაქ როსტოკს აქვს ზოოპარკების განვითარების კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება შესაძლებლია.

 

DSCN7443

 

ჩვენს კოლეგებს კარგი გამოცდილება აქვთ ასევე რკინიგზის სფეროში,  კვანძების გადატანასთან და რეორგანიზაციასთა დაკავშირებით, ამიტომ  ბათუმის დეპო, რომელიც  შემოჭრილია ქალაქის გულში და ქმნის სატრანსპორტო კოლაფს, უნდა გავიდეს ოჩხამურის   ტერიტორიაზე ჩვენ ვთხოვთ კოლეგებს რომ დაგვითვალონ რა დაჯდება ამის გადატანა, რომ შემდეგში დავსახოთ დეპოს გადატანის სტრატეგია“.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნათია აფხაზავაც ესწრებოდა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ ქალაქის  განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მერიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან:

„მომეწონა გერმანელების დამოკიდებულება ქალაქის მიმართ, როცა აღნიშნეს რომ პროექტი არ ჩაითვლება დოკუმენტად თუ არ მოხდება მისი საჯარო განხილვები. თუმცა ეს არის ძალიან პირველადი დოკუმენტი და მასში უნდა იყოს მოქცეული  რეგიონალური სტრატეგია და მერიის, როგორც ამ დოკუმენტის აღმასრულებელი ორგანოს  მონაწილეობაც უნდა იყოს მეტი“.

ანდრია შუბერტსის თქმით, ბათუმი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს და განვითარდეს ქალაქი მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: