მულტიმედიური ექსპოზიცია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

8 აპრილს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მულტმედიური ექსპოზიცია – „ავატარი „კი” [Avatar “YES“] გაიხსნება.

ექსპოზიცია მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და ვიდეოარტს.

გამოფენაში მონაწილეობენ: ქრისტინე ტუსიაშვილი, დენის ოგანი, თამარ გიორგაძე და თეონა ბურკიაშვილი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ზვიად გამსახურდიას 1/5.

Pigmentdruck - ქრისტინე ტუსიაშვილი
Pigmentdruck
– ქრისტინე ტუსიაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და ზოგადად, პროცესის ანალიზის შედეგად გაირკვია, რომ ბულვარში დაგეგმილი და განხორციელებული სარეაბილატაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს ეწინააღმდეგება.

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს იმ შენიშვნებს, რც ბულვარის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ანალიზის შედეგად გაირკვა. მათ შორის:

„ბათუმის ბულვარის კონცეფციის დაგეგმარება-შემუშავების მიზნით შექმნილი კომისია ძირითადად საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა და მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს;

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბულვარის კონცეფციის შესაქმნელად სსიპ “ბათუმის ბულვარსა” და კომპანია “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან” მოლაპარაკებები წინასწარ გაიმართა.

პროექტში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, გახდეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მიზეზი;

სსიპ “ბათუმის ბულვარმა“ სამუშაოების ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასხვა პროექტი წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბულვარის მესაკუთრის (ბათუმის მინიციპალიტეტის) ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე ყურადღებას ამახვილებს კულტურული მემკვდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის კონცეფციასა და შპს “სასტუმრო ოაზისთან” გაფორმებული ხელშეკრულებაზე:

„2015 წლის 6 ივნისს, სსიპ “ბათუმის ბულვარის” დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის ბრძანებით, ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შეიქმნა. ამ კომისიას უნდა განესაზღვრა ტექნიკური დავალება ბათუმის ბულვარის შემდგომი განვითარების კონცეფციისთვის (კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მხოლოდ კონსერვაციის გეგმის მომზადებას ითვალისწინებს და არა ახალი განვითარების კონცეფციის გეგმის შედგენას).

კომისია, რომელსაც ტექნიკური დავალება უნდა განესაზღვრა, საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა: კომისიის მუშაობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ლანდშაფტის არქიტექტორები, დენდროლოგები და კულტუროლოგები. პროცესი მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დარღვევით. ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოემზადებინა ტოპოგეგმა და ასევე ბულვარის განვითარების კონცეფცია. ტექნიკური დავალების შესრულების შემდეგ, 2015 წლის 1 ოქტემბერს, ბათუმის ბულვარის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ა/არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს და აცნობა, რომ გეგმავდა 240 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისთვის.

ა/არ მთავრობის 189-ე განკარგულებით, ბათუმის ბულვარი ადმინისტრაციას მიეცა თანხმობა, რომ განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში სასურველი იყო ტენდერი გამოცხადებულიყო, სადაც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებდნენ, რადგან ქართულ ბაზარზე მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელთაც საბაღე-საპარკო მნიშვნელობის ძეგლისთვის კონცეფციის (კონსერვაციის გეგმის) მომზადების გამოცდილება აქვთ.

აჭარის მთავრობის თანხმობის შემდეგ, სსიპ “ბათუმის ბულვარმა” ჩასატარებელი სამუშაოს განფასება 3 კომპანიას მოსთხოვა: ბულვარის ტოპოგეგმისა და კონცეფციის მოსამზადებლად შპს „არქმასტერმა” ჯამში 305 000 ლარი მოითხოვა, შპს „ევრო ბილდმა“ – 300 000 ლარი. შპს “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისმა” კი ზუსტად ის თანხა 240 000 ლარი დაასახელა, რაც ბულვარის ადმინისტრაციამ ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითა. შედეგად ბულვარის ადმინისტრაციამ მომსახურების მისაღებად ხელშეკრულება შპს “სანატორიუმ ოაზისთან” გააფორმა (ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი იმისა, რომ შპს “სანატორიუმ ოაზისსა” და ბულვარის ადმინისტრაციას განფასებამდე ქონდათ წინასწარი კონსულტაციები).

2015 წლის 16 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონში შპს “სანატორიუმ ოაზისმა” ბულვარის კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო ბულვარის დაგეგმარება, უნდა გაუქმებულიყო მესამე ხეივანი და ის მთლიანდ უნდა დათმობოდა კაფეებსა და რესტორნებს. ტექნიკური დავალებისა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ირღვევოდა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ ბულვარში წარმოდგენილი სამუშაოების პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს, რადგანაც კონცეფციის მიზანს წარმოადგენს „სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტის განახლება“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი ძეგლში ჩარევა დასაშვებია, თუ არ ირღვევა ძეგლის ავთენტურობა.

შპს “დრიმლენდ ოაზისის“ (რომელსაც „სანატრიუმ სასტუმრო ოაზისი“ 2015 წლის 24 დეკემბერს შეერწყა) 91%-ს მფლობელი შპს ალბერეტა (ავსტრია), 8.3%-ს კი პარლამენტარ გოდერძი ბუკიას ქალიშვილი ნათია ბუკია ფლობს. საჯარო რეესტრში ნათია ბუკია კომპანიის 25%-იანი წილის მართველადაც არის მითითებული.

შპს „სანატორიუმ სასტუმრო ოაზისი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა ეპატიათ. 2015 წლის 30 ივლისს, საქრთველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს “სანატორიუმ ოაზისს” „საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით“ დაკისრებული/დასაკისრებელი პირსაგამტეხლოსგან გათავისუფლდა (პირსაგამტეხლოს თანხა კი იმ დროისთვის დახლოებით ორ მილიონ ოთხასიათას დოლარს შეადგენდა): 2008 წლის 25 აგვისტოს, სასტუმრო “ოაზისმა“ დაბა ჩაქვში მდებარე 42 000 კვ/მ ტერიტორია აუქციონში 2 270 000 ლარად შეიძინა, კომპანიას შვიდი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განიხილავს შპს“ ლიმტომთან “ დადებული ხელშეკრულებასაც. ბულვარის ტენდერში გამარჯვებულმა ამ რუსულმა კომპანიამ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ხეივნის ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაობი უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების ღირებულება 1 253 159.55 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.

„აღნიშნული ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე სამი ხეივნიდან ორზე უნდა განხორციელებულიყო ბეტონის 6სმ. სისქის რომბისებური ფილის დაგება – 10 971 კვ.მ.-ზე, ხოლო მესამე ხეივანზე უნდა დაგებულიყო მწვანე საფარი – კორდი 3879 კვ.მ.–ზე. საზოგადოების პროტესტის შემდეგ მესამე ხეივნის გაუქმების გადაწყვეტილება შეიცვალა და შედეგად, არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანად მესამე ხეივანზე ფილების დასაგებად საჭირო გახდა ახალი პროექტის მომზადება – აღნიშნული სამუშაობის შესყიდვა ბულვარის ადმინისტრაციის ხარჯებს დაახლოებით 300 000 ლარით ზრდის.

ამასთან, ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის მერიაში და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასახვა პროექტი წარადგინა. ბათუმის მერს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამივე ხეივანზე ძველის ნაცვლად ბეტონის ფილები უნდა დაეგო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში წარდგენილი იყო პროექტი, რომელიც ორ ხეივანზე ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სსიპ “ბათუმის ბულვარის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაციში ხარვეზი არ აღმოუჩენიათ. ამ ფაქტით არც შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულან.“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ “ბათუმის ბულვარს”, 2016 წელს გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით არ მიმართოს კომპანიებისგან მომსახურების მიღების მიზნით პირდაპირი შესყიდვის ფორმას და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, ორგანიზაციის მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებულ შესყიდვებში გამოვლენილი სავარაუდო დარღვევების ფაქტებით დაინტერესდეს და შესაბამისი დასკნა საზოგადოებას გააცნოს.

აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი

ლადო მჟავანაძე სოფელ გონიოში ცხოვრობს. გასული წლის 17 ნოემბერს სეტყვამ მისი მანდარინის ბაღიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მას მხოლოდ 50 ლარს სთავაზობს.

სეტყვისგან დაზიანებული ნაკვეთის შემოწმების აქტი სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 3 დეკემბერს დადო, რომლის მიხედვითაც, ზარალის ოდენობა მთლიანი მოსავლის 15 %-ით განისაზღვრა. მანამდე გაფორმებული სადაზღვევო პოლისით დადგენილი ლიმიტი კი, ლადო მჟავანაძის შემთხვევაში – 1000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების სახით ლადო მჟავანაძეს 150 ლარი უნდა მიეღო

„სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ფრანშიზა [არაანაზღაურებადი მინიმუმი] სადაზღვევო ლიმიტის 10 %-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 100 ლარს“ – აღნიშნულია „ალდაგის“ წერილში, რომელიც კომპანიამ ლადო მჟავანაძეს მისწერა. ამავე წერილში კომპანია „ალდაგი“ მთავრობის იმ განკარგულებაზე მიუთითებს, რითაც „ფრანშიზას“ პირობებია გათვალისწინებული. ამ სქემით, ფერმერის მანდარინის ბაღის 150-ლარიან ზარალს 100 ლარი გამოაკლდა და მას ხელში 50 ლარი დარჩა [ლადო მჟავანაძემ შარშან ორი ტონა მანდარინი დააზღვია, რაშიც 34 ლარი ჰქონდა გადახდილი].

„მარტო ამ შემთხვევით ნუ განიხილავთ. მთლიანი მოსავალი რომ გაფუჭებოდა, მაშინაც 100 ლარი გამოაკლდებოდა ფრანშიზას სახით და ხელზე 900 ლარს მიიღებდა,“ – ასე ამართლებს ფერმერის აუნაზღაურებელ ზარალს ლევან მაღრაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი. მისი თქმით, 10-პროცენტიანი ფრანშიზა აგროდაზღვევის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რა სარგებელი აქვს სახელმწიფო აგროდაზღვევას, თუკი იგი ფერმერამდე ვერ აღწევს? – კითხვაზე ლევან მაღრაძემ გვითხრა, რომ კალკულაცია შესაძლოა რთულია, მაგრამ ამის შესახებ ფერმერები ინფორმირებულნი იყვნენ, როცა მათ სადაზღვევო პოლისს მოაწერეს ხელი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ დაზღვევის არსებულ მოდელს უნდა გადახედოს.„ფრანშიზას ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შეხვდებით, ასევე გასაგებია, რომ სადაღვევო კომპანიასაც უნდა დარჩეს მოგება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არსებული ეკონომიკური მდგომაროება და შეიმუშავოს ისეთი რეგულაცია, რაც პირველ რიგში, ფერმერზე აისახება პოზიტიურად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საია-ს იურისტმა, ანა მდინარაძემ.

აგროდაზღვევისთვის წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. სახელმწიფო ფერმერებს სადაზღვევო პრემიის ნაწილს 40-დან 70 %-მდე უფინანსებს.

ბათუმის სასამართლოსგან გამართლებულს ქუთაისის სააპელაციომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ მიჩნეული მ.ზ., ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მ.ზ.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებოდა. იგი ბათუმის ბულვარში, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გასული წლის 14 აგვისტოს მ.ზ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლის მიზეზი? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წერილობით გვიპასუხა:

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, აპელანტმა – აჭარის პროკურატურამ მისი გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.  სისხლის სამართლის კოლეგიამ საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ იგი ვერ გაიზიარებს გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას პირის უდანაშაულობის შესახებ.  სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოწმეების პ.ი.-ს, ი. ხ.-ს, რ.ა.-სა და ჯ.შ.-ს ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია და ეჭვის საფუძველს იძლევა.  რაც შეეხება მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ დაიწყო გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, როგორ მოხდა ოპერატიული ჯგუფის მიერ მ. ზ.-ს ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა. ამ და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ პოლიციელთა ჩვენებები სარწმუნოდ მიიჩნია, რადგან ისინი თანმიმდევრულია და თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ.ზ.-ს ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სისხლის სამართლის პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე და 302-ე მუხლებით და საბოლოოდ, მ.ზ.-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ წერილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. „პირველ ინსტანციაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ აშკარად არასაკმარისი იყო მტკიცებულებები გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მისაღებად,“ – ამბობს ლაშა რომანაძე, რომელიც პირველ ინსტანციაში მ.ზ.-ს ინტერესებს იცავდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ.ზ.-ს ინტერესების დამცველი ჯემალ კიკნაძე იყო. მასთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

 

 

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა

პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს.

როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს. ოჯახში ურთიერთშელაპარაკება მოხდა და ამას მოჰყვა ძალადობის ფაქტი. ჩატარდა ექსპერტიზაც, რითაც დადგინდა, რომ ქალს დაზიანებები არ ჰქონდა“ – უთხრა პაატა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობა ოჯახში ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.

მიწის საკუთრება, მთავრობის კანონპროექტი და საფრთხეები – 31 მარტს ბათუმში დისკუსია გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 31 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს დისკუსიას საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ თემაზე: „მთავრობის კანონპროექტი კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს“.

დისკუსიაზე მიწვეულები არიან მიწის მესაკუთრეები, მოქალაქეები, რომელთაც მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1 წლიანი ვადა, იმისათვის რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია . 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნული სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განკარგოს, მათ შორის გაასხვისოს, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება წარმოშობს შემდეგი სახის რისკებს:

„კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შესაძლოა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს. დღესდღეობით, პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრი ვერ ახერხებს რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენას. ამის მიზეზი ისაა, რომ 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი სათანადო საკადასტრო ინფორმაციის გარეშე მნიშვნელოვანი ხარვეზებით დარეგისტრირდა. სამწუხაროდ შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამგვარი მესაკუთრეების დაცვის მექანიზმს.

ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მქონე პირები დაკარგავენ მიწაზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი მრავალი წლის მანძილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, თუმცა ვერ ახერხებს საკუთრების რეგისტრაციას ხარვეზის შემცველი, დაკარგული ან განადგურებული დოკუმენტაციის გამო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევებისათვის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურებს. შესაბამისად, 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პირები დაკარგავენ ყოველგვარი მოთხოვნის უფლებას და ის მიწა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ფლობდნენ და ამუშავებდნენ, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას შესაძლოა 1 წლის ვადაში ვერ მოახერხონ საკუთრების რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით გასაწევი ხარჯების (აზომვითი სამუშაოები, არქივიდან დოკუმენტების მოძიება და სხვ.) ოდენობა 1 ჰა მიწის ნაკვეთისთვის საშუალოდ 300 ლარს შეადგენს, რაც თავისთავად ცხადია, ბარიერი იქნება არაერთი მოქალაქისთვის. ამასთან, არ არის ცნობილი რა სახის საინფორმაციო კამპანიის განხორცილება იგეგმება, იმისათვის რათა დაინტერესებულმა პირებმა დროულად შეიტყონ ახალი რეგულაციის შესახებ და რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 1 წლიანი ვადა არ გაუშვან.

საკადასტრო საზღვრების გადაფარვისა და მსგავსი საკითხებისგან გამოწვეული სასამართლო დავების ოდენობა გაიზრდება. დღეის მდგომარეობით, აზომვითი ნახაზების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მესაკუთრეს და კერძო საამზომველო კომპანიას. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების სიზუსტის გადამოწმების მექანიზმი კი საჯარო რეესტრს არ გააჩნია. აღნიშნული პრაქტიკისა და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთების უმრავლესობა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით არის რეგისტრირებული, დიდი ალბათობით საზღვრების გადაფარვის გამო ქონებრივი და ადმინისტრაციული დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაუარესდება მიწის ბაზრის განვითარება და საინვესტიციო გარემო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო განკარგავს მიწის ნაკვეთებს, რომელზეც კერძო პირებს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება. ასეთ შემთხვევებში გარდაუვალი იქნება სასამართლო დავები და დაპირისპირება მიწის ყოფილ მფლობელსა და ახალ მესაკუთრეს შორის, რაც თავისთავად ცხადია ხელს შეუშლის მიწის ეფექტიან გამოყენებას.

არ არის განსაზღვრული რა შემთხვევაში მოითხოვს სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვას. კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსიით ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია და არა ვალდებული, მოითხოვოს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. შესაბამისად ასეთი აკრძალვის არსებობა მთლიანად სააგენტოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი განკარგვის აკრძალვის გარეშე დარეგისტრირდება, ხოლო სახელმწიფოს შეზღუდულ საკუთრების უფლებას საგამონაკლისო ხასიათი ექნება.

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მნიშვნელოვნად გართულდება. კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად შეიძლება დარეგისტრირდეს თვითნებურად დაკავებული მიწაც, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცედურის ხანგძლივობიდან გამომდინარე კი, დაინტერესებულმა პირმა შესაძლოა კანონპროექტით დადგენილ 1 წლიან ვადაში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ უზრუნველყოს.

სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მიწის რეგისტრაციის უკვე დამტკიცებული სტრატეგიის იმპლემენტაცია. კერძოდ, სახელმწიფოში უკვე არსებობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის 106-ე ბრძანებით დამტკიცებული „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია”. ჩვენთვის გაუგებარია რატომ ხდება ორი სხვადასხვა მიდგომის ერთდროულად მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. განსხვავებით უკვე ინიცირებული კანონის პროექტისა, სტრატეგია ითვალისწინებს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების ერთიან ხედვას, სადაც მაქსიმალურაად არის დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი“ – აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებს სამკაულების დამზადებას ასწავლის

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში [ქობულეთი, რუსთაველის 36] ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით ასაკოვანი ქალბატონები ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან. გაკვეთილებს დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს.

„სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის.“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქმიანობა ხორციელდება პროექტის „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში პროექტი გაგრძელდება.

ორგანზაციის იურისტის მარინა ჟღენტის ინფორმაციით, რაზეც მან ცოტა ხნის წინ „ბათუმელების“ გადაცემაში ისაუბრა ხანდაზმულთა საზოგადობაში ინტეგრაციის მიზნით ორგანიზაცია ეტაპობრივად ატარებს ტრენინგებს, უწევს მათ ადვოკატირებას და მცირე პროეტების წამოწყებაშიც ეხმარება.

პუშკინის ქუჩა ბათუმში [ფოტო]

რატომ არ ხდება ქუჩის  [იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს] მოსწორება სპეცტექნიკით ისე, რომ ორმოები მაინც აღარ იყოს? – ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიაში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. რაც შეეხება პუშკინის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთებს, გამოდარებისთანავე დაიყრება ღორღი და ჩატარდება მოშანდაკების სამუშაოები. განთავსდება დამატებითი საინფორმაციო დაფებიც“.

ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო

ამავე თემაზე:

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

 

„აწარმოე საქართველოსთვის“: ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადა 5 აპრილამდე გადაიწია

28 მარტს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, მეწარმეობის განვითარების ვებგვერდი – www.qartuli.ge აღარ მუშაობს. ამასთან დაკავშირებით სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესიდეების მიღების ბოლო ვადა 31 მარტის ნაცვლად 5 აპრილი იქნება.

ბათუმის რეგიონული ოფისის მენეჯერის ლიკა კალატოზის ინფორმაციით, ყველა განაცხადი, რომელიც აქამდე იყო შესული, შენახულია და არც ერთი განაცხადის დაკარგვა არ არის მოსალოდნელი. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ როდისთვის ამოქმედდება ვებგვერდი გამართულად. „პროგრამული ხარვეზის გასწორებაზე მუშაობენ“, – უთხრა ბათუმელებს ლიკა კალატოზმა.

ეკონომიკის სამინისტროს შენობის მე-6 მე-7 სართულებზე ხანძარი 28 მარტს გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ დაიწვა შეკიდული ჭერი და ოთახები, დაახლოებით 400-500 კვ.მ. ფართობი.

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ.

ბათუმი. პუშკინის ქუჩა.
ბათუმი. პუშკინის ქუჩა.

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე].

როგორ გაიზრდება პედაგოგების ხელფასები პირველი აპრილიდან კატეგორიების მიხედვით

პირველი აპრილიდან საქართველოში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იგეგმება. ხელფასები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შემდეგ გაიზრდება. პროექტის მიხედვით, პედაგოგის ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის განმარტებით, პედაგოგების საბაზისო ხელფასის ზრდა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„არსებობს საბაზისო ხელფასი, რომელიც დღეის მდგომარეობით  355 ლარია. პირველი  აპრილიდან კი  405 ლარი გახდება. ეს საკითხი მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, მაგრამ სტაჟისა და აკადემიური ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდა  მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბაზისო ხელფასი მრავლდება კოეფიციენტებზე, ანუ პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

 

პედაგოგთა ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით
პედაგოგთა ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით

 

„არიან საშუალო განათლების პედაგოგებიც, რომლებიც სოფლის სკოლებში მუშაობენ, ასეთი პედაგოგები მხოლოდ საბაზისო ხელფასს მიიღებენ”, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგი, რომელსაც ათწლიანი მუშაობის სტაჟიც აქვს, მინისტრის ბრძანების შემდეგ  548 ლარს და 78 თეთრს მიიღებს. დღეს ამ კატეგორიის მასწავლებლის ხელფასი 481 ლარი და სამი თეთრია.

უფროსი მასწავლებლის დანამატი დღეის მდგომარეობით არის 160 ლარი და გახდება 180 ლარი.

წამყვანი მასწავლებლის დანამატი 250 ლარია და გახდება  270 ლარი.

კლასის დამრიგებლის ხელფასი დღეს არის 88 ლარი და 75 თეთრი, პირველი აპრილიდან კი 101 ლარი და 25 თეთრი გახდება.

პროექტის მიხედვით, პედაგოგს სრული დატვირთვის (18 საათის) შემთხვევაში, განაკვეთს ზემოთ (კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით) ჩატარებულ ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე დაემატება 6 ლარი.

„არასრულ განაკვეთზე მყოფი პედაგოგებიც მიიღებენ  დამატებით 6 ლარს, განაკვეთს ზემოთ ჩატარებულ ყოველ გაკვეთილზე“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

რაც შეეხება მენტორ მასწავლებლებს, პროექტის მიხედვით მათი ანაზღაურება 400 ლარითაა განსაზღვრული, თუმცა როგორც  გოჩა დავითაძე გვეუბნება, მენტორი მასწავლებლები საქართველოში არ გვყავს.

 

პედაგოგების ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით
პედაგოგების ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით

 

 

ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში: დავით კვაჭაძეს მხარს არ დავუჭერთ

დავით კვაჭაძეს გამარჯვების იმედი აქვს, დეპუტუტატები კი, რომლებმაც მას მხარი ერთხელ არ დაუჭირეს, ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „დავით კვაჭაძის კიდევ ერთხელ წარდგენა აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მხრიდან უმაღლესი საბჭოს შეურაცხყოფა იყო და ისინი დავით კვაჭაძის არჩევას მხარს არ დაუჭერენ.“

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, თემურ კახიძის თქმით, გადაწყვეტილების შეცვლას არც მათი ფრაქციის წევრები გეგმავენ და უსკოს თავმჯდომარეობის კჯანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

დავით კვაჭაძის მხარდაჭერას არც ახალი ფრაქციის წევრები გეგმავენ.

„ტელევიზიით მოვისმინე ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადება, რომ „ნაცონალური მოძრაობიდან“ წასულების იმედი აქვს. ასეთები ვართ მე და მურმან ბერიძე და ჩვენ კვაჭაძის კადიდატურას მხარს არ დავუჭერთ“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

„ბათუმელებთან“ მედეა ვასაძემაც განაცხადა, რომ დავით კვაჭაძეს მხარს არ დაუჭერს.

საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ორი კანდიდატი რუსუდან მიქელაძე და უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის შვილი, მამუკა ჯაში წარუდგინა.

ამავე თემაზე:

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დასახელდა

დავით კვაჭაძის საკითხი უმაღლეს საბჭოში 10 დღეში უნდა გადაწყდე

სიბერე საქართველოში

ისინი, ვინც დაბერდნენ საქართველოში და შეუძლიათ, მუშაობენ. ეს მათი არჩევანი არ არის, მცირე პენსია და სოციალური პირობები ხანდაზმულ მოქალაქეს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევს. მძიმე სამუშაოს შესრულება მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ 160-ლარიანი პენსია მათ საჭიროებებს არ ჰყოფნის. ისინი ოჯახებსაც ეხმარებიან.

69 წლის ასლან ჯაფარიძე სოფელ ახალშენიდან ბათუმში თბილისის მოედანზე სამუშაოდ ყოველდღე მიდის. ის დანებს, მაკრატლებსა და სხვა ბლაგვ ნივთებს ლესავს:

„პენსია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ წამლები იყიდო, ოჯახშიც მიიტანო რამე და საჭირო დროს ექიმთანაც მიხვიდე. ექიმთან მისვლა უფასო რომ გახდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერი ხომ არ არის უფასო, წამალი გინდა. შვილიშვილებსაც რომ მიუტანო რამე, უნდა იმუშაო. დილიდან აქ ვდგავარ. ერთი დანის გალესვა 30 თეთრია. სამი ერთი ლარია, ხანდახან ხურდას მიტოვებენ, მჩუქნიან“.

რატომ ირჩევენ ხანდაზმულ ასაკში ისევ სამუშაოს, ამაზე მოხუცებს თითქმის იდენტური პასუხები აქვთ: პენსია მცირეა და ელემენტარულ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს, ოჯახებს კი დახმარება სჭირდება.
ბათუმელი მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც შრომა აღარ შეუძლიათ, უმეტესად მუნიციპალურ სასადილოში იკვებებიან. აქ მოხვედრის მსურველი უფრო მეტია, თუმცა ამ დროისთვის ადგილები უკვე შევსებულია. მუნიციპალურ სასადილოში ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში ორი ლარია გათვალისწინებული. მერიაში ორ ლარად ერთი ადამიანისთვის სადილის მომზადება შესაძლებლად მიაჩნიათ.

„სოციალური სერვისების სააგენტო 3500 ბენეფიციარს ემსახურება. სარგებლობენ სოციალურად დაუცველი პირები, მათ შორის მოხუცები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. დღეში ერთხელ უზრუნველყოფილნი არიან ცხელი საკვებით. პროგრამის ბიუჯეტია 2 მილიონამდე ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქში მეექვსე მუნიციპალური სასადილოს დამატება. ერთი ულუფა 2 ლარი გვიჯდება“.

ბათუმში მარტო დარჩენილი 122 მოხუცი საპატრიარქოს მიერ დაარსებულ სათნოების სავანეში ცხოვრობს. ორგანიზაცია წელს მერიამ დაახლოებით 900 000 ლარით დააფინანსა. სავანეს დირექტორი დეკანოზი იოვანე ბარამიძე ამბობს, რომ სავანეში მოხვედრა კიდევ ოცამდე მოხუცს უნდა, მაგრამ სავანეში ადგილი აღარ არის: „როცა მოდიან, ვცდილობ პირდაპირ უარი არ ვუთხრა და ვეუბნები, როგორც კი ადგილი გამიჩნდება მიგიღებთ-მეთქი. იმაზე, რომ მსურველი უფრო მეტია და ადგილები არ გვაქვს, მერიაც ინფორმირებულია“.

საქართველოში 700 000-ზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს, მათ შორის 50 000-ზე მეტი _ აჭარაში. მათ სახელმწიფო 160-ლარიანი პენსიითა და საყოველთაო დაზღვევის შეღავათებით უზრუნველყოფს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოხუცებისა და მათი ოჯახებისთვის კი სოციალური პაკეტია გათვალისწინებული. ამას ემატება ბათუმის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებიც, თუმცა ეს ყველაფერი მოხუცების მოვლა-პატრონობას ბოლომდე რეგიონის დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს.

ცაგოს გადაცემა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილის თქმით: „მთავრობა ბევრს აკეთებს, მაგრამ მართალია ისიც, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. თუ ვიმსჯელებთვ საიდან მოვდივართ და რამდენი შეძლო მთავრობამ, ამას შეიძლება მაღალი შეფასება მივცეთ, მაგრამ თუ იმ კუთხით განვიხილავთ კიდევ რაა საჭირო, მაშინ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მოხუცებზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც აისახება. ოჯახში ყველა რომ იყოს დასაქმებული, მერწმუნეთ, ორი მოხუცის შენახვა პრობლემა არ იქნებოდა“.
ვიდრე მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაწესებული შეღავათებით იწონებს თავს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ღირსეული სიბერისთვის საკმარისი არ არის,გაერომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. გაერო რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, აქტიურად იმუშაოს დაბერების შესახებ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.

ახალმა პრემიერმა უკვე გააჟღერა ინიციატივა დაგროვებითი პენსიის შემოღების აუცილებლობაზე.

პირუტყვის ვაქცინაცია ბრუცელოზზე ზაფხულში დაიწყება

ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად გასულ წელს შეიმუშავა. მაშინ დაავადების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები რეგიონების მიხედვით გაწერეს. პროგრამის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოკვლევით გასულ წელს დაიწყო. წელს ზაფხულში კი სააგენტო მსხვილფეხა პირუტყვს საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრის.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს პირველად წელს ზაფხულში ჩაუტარდება. ბრუცელოზი იმ საკარანტინო დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანს არა მარტო რძისა და ხორც-პროდუქტების მიღებით, არამედ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით გადაედება. დაავადების რისკ-ფაქტორებისა თუ გავრცელების სიხშირის მიუხედავად, სახელმწიფომ დაავადებასთან ბრძოლა მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ბრუცელოზთან ბრძოლის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „FAO“-ს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაც გასულ წელს დაიწყო.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირებას, გამოკვლევასა და პრევენციული ღონისძიებების პერიოდულად გატარებას გულისხმობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი ამბობს, რომ ბრუცელოზის დაავადებასთან ბრძოლის პირველი ეტაპი აჭარაში, კახეთსა და თბილისში გასულ წელს მსხვილფეხა პირუტყვის  სეროლოგიური გამოკვლევით დაიწყო. გასულ წელს სააგენტომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწილი გამოიკვლია და წელს დამატებით, ამავე რეგიონებში 200 000-მდე პირუტყვის გამოკვლევას გეგმავს. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის თქმით, სამომავლოდ პირუტყვის გამოკვლევა და ვაქცინაცია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც განხორციელდება.

ძროხასააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს აჭარაში გამოკვლეული 27 551 მსხვილფეხა პირუტყვიდან ბრუცელოზი 192-ს გამოუვლინდა. ყველაზე მეტი, სულ 12 234 მსხვილფეხა რქოსანი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოიკვლიეს. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, კვლევა ქედაში 3096-ს, შუახევში – 5 458, ქობულეთში – 3 760, ხელვაჩაური – 1 752, ქალაქ ბათუმში კი 251 პირუტყვს ჩაუტარდა. ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა, 126 ხულოშია გამოვლენილი, ყველაზე ნაკლები, ორი შემთხვევა კი ქედაში.

„მსხვილფეხა საქონლის სეროლოგიური გამოკვლევა, რაც სისხლის ნიმუშების აღებას  გულისხმობს, კახეთში, აჭარაში, თბილისსა და მის შემოერთებულ სოფლებში გასულ წელს დავიწყეთ, ამ რეგიონებში წელსაც გაგრძელდება პირუტყვის გამოკვლევა,  დაავადების ცირკულაცია მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ. შემდეგაც იქნება ვაქცინაცია, თუმცა მხოლოდ იმ მსხვილფეხა საქონელს ჩაუტარდება, რომელსაც საყურე ნიშანი გააჩნია და რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია“, – ამბობს ლაშა ავალიანი.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფერმერის მსხვილფეხა პირუტყვს გამოკვლევით ბრუცელოზი დაუდგინდება, დაავადებული საქონლის დაკვლას მას კანონი ავალდებულებს. კანონმდებლობა ფერმერთა კომპენსირებას არ ითვალისწინებს.

ლაშა ავალიანი ამბობს, რომ გრძელვადიანი პროგრამით იგეგმება დაზარალებულთა კომპენსირება, თუმცა რა თანხას მიიღებს ფერმერი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში, პროგრამაში ამ დროისთვის დეტალურად არ არის გაწერილი. დღემდე კომპენსაცია არავის მიუღია.

სამსახურის უფროსის აზრით, ამ შემთხვევაში „მთავარი ის არის, რომ დაავადებასთან ბრძოლა მიმდინარეობს და არა კომპენსირების საკითხი, რადგან დაავადებული საქონელი რისკია არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც. კომპენსაციის საკითხი კი ბევრ სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს“.

როგორც ლაშა ავალიანი ამბობს, წელს ზაფხულში ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინით – „ერდე-51“-ით მხოლოდ მდედრი და არამაკე მსხვილფეხა საქონელი აიცრება. ლაშა ავალიანის თქმით, ეს სამიზნე რეგიონებში – აჭარაში, კახეთში, თბილისში – არსებული პირუტყვის 70%-ია.

შემდეგ ეტაპზე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის აცრა იგეგმება.

ვაქცინა „ერდე-51“ საქართველოში არ იყიდება, ვაქცინას სურსათის ეროვნული სააგენტო ელექტრონული ტენდერით შეიძენს. ამ დროისთვის უცნობია რა თანხაზე გამოაცხადებს ტენდერს სააგენტო ამ მიზნით. ლაშა ავალიანის თქმით, ერთი პირუტყვის ვაქცინაცია სახელმწიფოს მინიმუმ ორი ლარი დაუჯდება.

ბრუცელოზთან ბრძოლის მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგს ქართველ სპეციალისტებთან ერთად FAO-ს წარმომადგენლებიც გაუწევენ.

 

ამავე თემაზე:

საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

 

არჩევანის თავისუფლება (ვიდეო)

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების სურვილების, მიზნებისა და ოცნებების მიმართ.

სიუჟეტში თქვენ გაიგებთ, როგორც მშობლების ასევე შვილების პოზიციას, აგრეთვე თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარის სოფლებში. ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს არსებულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გადაცემის ჩანაწერში შემდეგ ლინკზე:

სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით.

ექნება თუ არა პარლამენტს ეთიკის კოდექსი?

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პარლამენტის წინ „იდენტობის“ მიერ  გამართულ აქციასთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადებები გააკეთეს: „ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც დაიწყო აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი“. ანალოგიურად ქსენოფობიური განცხადება გააკეთა ომარ ნიშნიანიძემაც: „პიდარასტების აქციაა?“ ამას თუ მოვესწრებოდი ქუთაისში, არც დამესიზმრებოდა.“ საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, აუცილებელია პარლამენტმა შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი, რომელიც დეპუტატებს აიძულებს, პატივი სცენ საზოგადოებას და თავი შეიკავონ ჰომოფობიური, ქსენოფობიური თუ დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან.

ქალბატონო თამარ, რატომ მიიჩნევთ, რომ აუცილებელია ეთიკის კოდექსის მიღება?

ეთიკის კოდექსის იდეა დიდი ხანია არსებობს, – ყველა სფეროში მოქმედებს ეთიკის სტანდარტები. ეთიკის კოდექსი აქვთ ჟურნალისტებს, საჯარო სამსახურის მოხელეებს, კოდექსი აქვთ მოსამართლეებს და თითქმის ყველა პროფესიას, მათ შორის საპარლამენტო ეთიკაც არის სათუთი და მნიშვნელოვანი თემა.

არსებობს წინა პარლამენტის მიერ მიღებული ეთიკის რამდენიმე პრინციპი, თუმცა ისიც მკვდარია და არ მოქმედებს. თანაც ის ვრცელდება მხოლოდ ხელმომწერებზე, რადგან ამ პარლამენტის წევრები არ არიან იმ კოდექსის ხელმომწერები, მათზე არ ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკის კოდექსის მიღება?

ეთიკასა და სამართალს შორის განსხვავება ის არის, რომ სამართლებრივ ნორმებს აუცილებლად მოყვება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან კანონის სახით. ეთიკური სტანდარტი კი არ არის ვერტიკალური ურთიერთობა და ზევიდან დადგენილი წესები, ეთიკური სტანდარტები არის ჯგუფის შეთანხმება რაღაც წესებზე, ერთგვარი ხელშეკრულება, ოღონდ ჰორიზონტალური ურთიერთობის ფარგლებში, რომელზეც ვთანხმდებით, რომ ასე არ ვიქცევით. ამ სტანდარტს შეიძლება მოყვეს რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, რომელზეც ასევე ეს ჯგუფი შეთანხმდება, ან საერთოდ არ მოყვეს პასუხისმგებლობა გარდა იმისა, რომ დადასტურდეს ეთიკური პრინციპების დარღვევა ვიღაცის მხრიდან. ვინ იქნება ამის დამადასტურებელი სუბიექტი, ესეც ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიდის მსჯელობა ეთიკური სტანდარტი დაირღვა თუ არა. დეპუტატი მოიქცა თუ არა არაეთიკურად.

კონკრეტულ შემთხვევაში რაც გახდა დისკუსიის თემა [მეჭიაურის და ნიშნიანიძის ჰომოფობიური განცხადებები იგულისხმება], ეს არ არის იმ ხარისხის დარღვევა, რომ წავიდეთ სასამართლოში და საკუთარი უფლებების დარღვევისთვის ვიდავოთ, მაგრამ ჩვენ ცალსახად ვგრძნობთ, რომ ეს პრობლემაა. ეს არის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და სტერეოტიპების გაღვივება საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეთიკური სტანდარტები არსებობდეს და ხელი მოაწეროს პარლამენტის ყველა წევრმა. ჩვენი ენა უნდა იყოს დაცლილი დისკრიმინაციული ელემენტებისგან და ამას სწორედ ეთიკური სტანდარტები უზრუნველყოფს.

 თუკი არ მოაწერენ ხელს დეპუტატები, კოდექსი დაავალდებულებს?

ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მისთვის ეთიკური ღირებულებები არ არის მისაღები და ეს უკვე თავისთავად პასუხია საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ღირსების კოდექსივითაა ეთიკის სტანდარტები. თუ ვიტყვი, რომ მე ამ წესებს დავიცავ, შემდეგ კი დავარღვევ, გამოდის, რომ მე არ ვარ ჩამოყალიბებული და პრინციპული ადამიანი, თუნდაც იმ საკითხებზე, რაზეც უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული ვიყავით. ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

 ითქვა, რომ გოგი თოფაძის არაეთიკური გამონათქვამები კოალიციაში განიხილეს. თუმცა შიდაპარტიული შეფასებების მიუხედავად, სურათი არ იცვლება. ეთიკის კოდექსი რამდენად რეალურად იმუშავებს?

როცა დეპუტატები შეთანხმდებიან ეთიკის კოდექსის არსებობაზე, ამან უნდა შეაჩეროს დისკრიმინაციული გამონათქვამები. პარლამენტის წევრი თანამდებობის პირია, დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიებით, მისი სტატუსი ხელშეუხებელია, ამიტომ იერარქიული საუბარი და მითითებები, რომ „შენ არასწორად იქცევი“  და ა.შ. არ არის სწორი სამართლებრივი ფორმა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვალდებულებას საკუთარი სურვილით იღებს დეპუტატი.

 როდის უნდა დაიწყოს ეთიკის კოდექსზე მუშაობა?

არსებობს ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეიმუშაოს საქართველოს პარლამენტის ეთიკის სტანდარტები და ამაზე მუშაობს პარლამენტის შესაბამისი მუდმივმოქმედი საბჭო.

როგორ ფიქრობთ, ამ მოწვევის პარლამენტი მოასწრებს კოდექსის მიღებას?

ვფიქრობ, მოსწრებადია.

 

 

 

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარედ, რუსუდან მიქელაძე – წევრად?

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა – უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – დავით კვაჭაძე, ხოლო  კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძე და მამუკა ჯაში.

არჩილ ხაბაძემ ერთხელ უკვე წარუდგინა დავით კვაჭაძე უმაღლეს საბჭოს, მაგრამ მის კანდიდატურას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, მთავრობის თავმჯდომარემ იგივე კანდიდატურა წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. ცხადია, მთავრობის თავმჯდომარეს უფრო მეტი გარანტიები რომ არ ჰქონოდა, კვაჭაძის კანდიდატურას განმეორებით აღარ წარუდგენდა უმაღლეს საბჭოს. ინფორმირებული საჯარო პირების თქმით, ასეთი გარანტია უკვე აქვს ხაბაძეს – ამ შემთხვევაში მმართველმა კოალიციამ პარტნიორი იპოვა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის შემდეგი გარიგება დაიდო: უმაღლეს საბჭოში „ნაციონალი“ დეპუტატები მხარს დაუჭერენ დავით კვაჭაძის კანდიდატურას, ხოლო „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს რუსუდან მიქელაძეს, რომლის უსკოში წევრობა „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს.

დავით კვაჭაძის კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ, ერთ-ერთმა დეპუტატმა – ირაკლი ჯაშმა უმაღლეს საბჭოში ინიციატივა წარადგინა. მისი ინიციატივა უსკოს თავმჯდომარის არჩევას დასაშვებს ხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას უმაღლესი საჭოს 21 დეპუტატიდან მხოლოდ 7 დაუჭერს მხარს. არსებული კანონით უსკოს თავმჯდომარეს 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. უსკოს თავმჯდომარეს 6 წლის ვადით ირჩევენ.

რას სწავლობენ „ამერიკულ კუთხეში“

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული „ამერიკული კუთხე“ ერთი თვის წინ გაიხსნა. საგანმანათლებლო, შემეცნებითი სივრცე საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ფუნქციონირებს. საელჩო აფინანსებს ტექნიკური და საგანმანათლებლო მასალების შესყიდვასაც. რას სწავლობენ მოზარდები და ბავშვები „ამერიკულ კუთხეში“ და რა სიახლეებს ჰპირდება ის წელს ახალგაზრდებს?

„ამერიკული კუთხე“ ყოველდღე, დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ღიაა. როგორც კუთხის კოორდინატორი, სალომე ჟორჟიკაშვილი გვეუბნება, „ამერიკული კუთხეთ“ მოსარგებლეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია ბავშვებისთვის წელიწადში 1 ლარი ღირს, უფროსებისთვის კი  – 3 ლარი.

სალომეს განმარტებით, „ამერიკული კუთხის“ საგანმანათლებლო პროგრამები ასაკობრივად არის გათვლილი. კუთხეში მოქმედებს როგორც დიდების, ისე პატარების ინგლისურენოვანი სასაუბრო კლუბები.

DSCN8335

 

„ეს კლუბები მოზარდებსა და ნებისმიერ მსურველს ეხმარება ინგლისური ენის უკეთ დაუფლებაში. გარდა ამისა, ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, შეუძლიათ წაიკითხონ სხვადასხვა ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, ნახონ მხატვრული ფილმები, შემდეგ კი გაარჩიონ ეს ფილმები. აქ არსებობს მკითხველთა კლუბებიც“.

აქ ერთი კუთხე ტექნოლოგიებზეა დათმობილი. მაგიდაზე პლასტმასის ფერადი, წყლიანი ჭიქები აწყვია, რომლებიც ელექტრონული წრედით კომპიუტერზეა მიერთებული. წყალზე თითების შეხებით, თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერში კლავიატურაზე დაუკრათ და მუსიკალური ბგერები მოისმინოთ. აქვეა რობოტიც, რომელიც, როგორც კოორდინატორი ამბობს, „ამერიკული კუთხის“ თანამშრომელმა ააწყო. ბავშვებს ყველაზე მეტად აქ 3D ფანქარი მოსწონთ, რომლითაც მყარი კონსტრუქციების დახატვაა შესაძლებელი. როგორც „ამერიკულ კუთხეში“ გვეუბნებიან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მეცნიერებებზე, ტექნოლოგიაზე, ინჟინერიაზე, მათემატიკის მიმართულებაზე.

„გვაქვს სპიკერპროგრამებიც. ვიწვევთ სპიკერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კლუბის წევრებს სხვადასხვა მიმართულებით. თემები მრავალფეროვანია, როგორც ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სფეროდან, ასევე სამოქალაქო თვითშეგნებაზე, გენდერზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. სპიკერები არიან მოხალისეები, ძირითადად უცხოელები მოდიან, მაგრამ გვინდა, ადგილობრივებიც მოვიწვიოთ“, – ამბობს პროგრამების კოორდინატორი, სოფო გოთუა.

გარდა სხვადასხვა  შემეცნებითი პროგრამებისა, როგორც კოორდინატორები ამბობენ, აქ მოზარდები და სტუდენტები იღებენ ინფორმაციას ამერიკაში მოქმედი სტუდენტური თუ სასკოლო პროგრამების შესახებ.

DSCN8350

„კლუბის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ და არაფრისგან შექმნან რაღაც,“ – ამბობს  სალომე. კლუბში დაიწყო ორიგამის გაკვეთილებიც, – ბავშვები ქაღალდისგან აკეთებენ ნივთებს.

წელს პირველად ბათუმის „ამერიკული კუთხე“ აპირებს ახალი პროგრამის – „ჰაკატონის“ განხორციელებას. პროგრამის პრინციპი ასეთია: მონაწილეები 70 საათის განმავლობაში იკრიბებიან კლუბში, იყოფიან ჯგუფებად და მათ მიეცემათ კონკრეტული დავალებები თემის მიხედვით.

„ამ დროის მანძილზე მონაწილეებმა უნდა შექმნას რაიმე პროდუქტი. ამ შემთხვევაში ჩვენ საბუნებისმეტყველო მიმართულება ავირჩიეთ. საკმაოდ დაძაბულ და ექსტრემალურ პირობებში მოუწევთ მუშაობა. ამით მოზარდებს მიეცემათ შანსი, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ,“- ამბობს ამერიკული კუთხის ტექნიკური კოორდინატორი, ზურაბ მესხიძე. – „პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან მოზარდები მეცხრე კლასის ზემოთ. დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური „ჰაკატონის“ გაკეთებაც. მოსწავლეებისთვის კი აპრილში გვინდა ამის მოწყობა“.

ინტერვიუს ჩაწერის დროს „ამერიკულ კუთხეში“ პირველი, მე-2 და მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებიან. მოზარდები ჯენგა-ს თამაშობენ. ცდილობენ სიმაღლეში აზიდული კუბიკები ერთმანეთის ისე დააშორონ, რომ ნაგებობა არ ჩამოიქცეს.

 

DSCN8346

„ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა,“ – ამბობენ ისინი. „ისეთი კარგი გარემოა, დავიძინებ კიდევაც აქ“, – ამბობს ნიკა ბერიძე. მარიამ ადამიაც კლუბის წევრია. როგორც მარიამი ამბობს, დროის საინტერესოდ გაყვანის გარდა, აინტერესებს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობები და ამაზეც იღებს ინფორმაციას. მათთან ერთად არიან ნანი ქოქიაშვილი და ნოდარ ინაიშვილიც. ისინიც მიიჩნევენ, რომ „ამერიკული კუთხე“ ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა განტვირთვისა და დროის საინტერესოდ გატარებისთვის. კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კუთხეში უფასო ინტერნეტითაც ისარგებლონ.

კითხვაზე, რამდენად რაციონალურად იყენებენ ინტერნეტს ახალგაზრდები? სოფო გოთუა ამბობს, რომ „მათ თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა არის გარკვეული საიტები, რაზეც წვდომა არ აქვთ“.

სიახლეების შესახებ კლუბის წევრებს, როგორც კოორდინატორები ამბობენ,  სოციალური ქსელებითა და სმს-ით ატყობინებენ.

„ამერიკულ კუთხე“  მასპინძლობს გამოფენას თანამედროვე ფემინისტი ქალების შესახებ. გამოიფინა 16 ქალის პორტრეტი, ვინც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში გამოირჩევიან. პორტრეტები მარტის ბოლომდე იქნება გამოფენილი.

 

პლაგიატის პრობლემა საქართველოში – კვლევის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს 28 მარტს, ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის „პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში“  შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა. კვლევის შედეგები კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  ქეთევან გურჩიანმა წარმოადგინა. პრეზენტაციას რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ კვლევა, რომლის მიზანი  საქართველოს აკადემიურ სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკისა და დამოკიდებულების შესწავლა იყო, ბსუ-სა და საქართველოს სხვა  უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, საქართველოს აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემის ირგვლივ ინფორმაციის ნაკლებობა და დაბალი ცნობიერება შეინიშნება. განსაკუთრებულ პრობლემურ ფოკუს-ჯგუფს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაციები უნივერსიტეტებში პლაგიატის პრობლემის ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. იმსჯელეს სხვადასხვა ანტიპლაგიატური პროგრამის გამოყენებასა და ეფექტიანობაზე.

კვლევა „პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში“  Erasmus+-ისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

10

 

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დასახელდა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  დღეს, 28 მარტს, აჭარის უმაღლეს საბჭოს უსკოში  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კანდიდატურები წარედგინა.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარედგინა:

აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად დავით კვაჭაძის კანდიდატურა;

აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – რუსუდან მიქელაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურები“-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, დავით კვაჭაძის კანდიდატურა მეორედ წარუდგინა.

საიას ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და დისკუსია ბათუმში

დღეს 28 მარტს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო. ფილმი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა, 2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ქალთა სამართლებრივ მდგომარეობას ასახავს. ოფიციალური მონაცემებით,  2014 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 34 ქალი მოკლეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, დისკუსიის მიზანია დავინახოთ, თუ როგორ ხედავს საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას და როგორ უნდა გაუმჯობესდეს მუშაობა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„საია საკმაოდ აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზე და შეგვიძლია ვთთქვათ, რომ ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემი და რისკ-ფაქტორებიც არის ძალიან გაზრდილი. სამწუხაროდ, საზოგადოების რეაგირება არ არის მძაფრი ქალთა მიმართ ძალადობაზე,  სანამ მედიით არ გაიგებს ქალთა გარდაცვალების შესახებ. ამიტომ, ჩვენი აქტიურობა უნდა იყოს მიმართული მანამდე, სანამ ფატალური შედეგი დადგება“.

 

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, მსგავს თემებზე დისკუსია მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

„ქალის როლთან მიმართებაში საკმაოდ სტერეოტიპულია საზოგადოება და მის როლს ოჯახში როგორც მეორეხარისხოვანს ისე განიხილავს. არც სახელმწიფოს ქმედებებია ეფექტური. პოლიციელებიც კი, როდესაც გადიან შემთხვევის ადგილზე, მიიჩნევენ რომ ოჯახში მომხდარი კონფლიქტი არის ოჯახის საქმე და თავს არიდებენ გამოძიების ეფექტურად წარმართვას და ცდილობენ  ქალსა და კაცს  შორის არსებული უთანხმოება ურთიერთშეთანხმების გზით მოაგვარონ. ასეთმა ფაქტებმა კაცებში გააჩინა დაუსჯელობის სინდრომი, რის შედეგებიც  ასახულია საიას მიერ მომზადებულ ფილმში“.

დისკუსიის დროს ოჯახში ძალადობის გამომწვევ მიზეზად დასახელდა როგორც სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური მუშაობა, ასევე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, რომელსაც ხშირად უწევენ ადამიანები ანგარიშს.

„ბათუმში მოხდა შემთხვევა, როცა ნაცემმა ცოლმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და რომ მოვიდა სასწრაფო, ქმარმა უფლება არ მისცა მათ ცოლისთვის წნევა გაესინჯათ. ექიმებმა რეაგირებაც არ მოახდინეს ამ ფაქტზე ისე დატოვეს პაციენტი“ – ამბობს „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია“-ს წარმომადგენელი მარკელა ჩხაიძე.

 

დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. საიას მიერ მომზადებული ფილმის განხილვა
დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. საიას მიერ მომზადებული ფილმის განხილვა

დისკუსიას ესწრებოდნენ აჭარის უმეღლესი საბჭოს დეპუტატებიც. ასმათ დიასამიძის აზრით, ქალი ძირითადად მაშინ ხდება მსხვერპლი, როცა ის სოციალურად დაუცველია და ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ წასასვლელი არსად აქვს:

„ასეთ დროს ქალი იძულებულია მოითმინოს ძალადობა. ამიტომ, აუცილებელია დაიმსხვრეს სტერეოტიპები  ოჯახში მობრუნებული ქალის შესახებ და  ქალს, რომელსაც საფრთხე ექმნება ქმრის ოჯახში, მისი დროული განრიდება მოხდეს“.  მედეა ვასაძის აზრით კი, ოჯახში ძალადობის მიზეზს სოციალური ფაქტორიც განაპირობებს.

ქალთა ძალადობის შესახებ ფილმი, მომზადებულია ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით.

 

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სახურავი გადახდილი აქვს და წვიმა აზიანებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების საფრთხეზე განცხადება 28 მარტს საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა გააკეთა.  მისი თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ფაქტზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.

„როგორც ხედავთ, სახლის უკანა კედელი დაანგრიეს, სახურავი გადახადეს. ეს იგივე ტიპის მოვლენაა, რასაც ადგილი ჰქონდა ვაჟა-ფშაველას 13 ნომრის შემთხვევაში. დაიწყეს სახლის, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, უკანონო დემონტაჟი“.

 

DSCN8614

 

ნინო ინაიშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა სტატუსის მქონე სახლს ჯერ სახურავს ხდიან, შემდეგ კი მისი დემოტაჟი ხდება.

„ბელეტაჟი არის ბათუმის სული, ასე რომ ვთქვათ. მოსპე ბელეტაჟი და აღარ იქნება ბათუმის სული. ჩვენ ვერ ვიცავთ ძეგლებს, სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობს, კანონი არ მუშაობს და ეს არის კიდევ უფრო უარესი. ამიტომ, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, სახელმწიფოსგან, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან რომ ის ზიანი რაც  ამ ძეგლს მიადგა, აანაზღაუროს. ამოაშენოს კედელი და სახლი გადახუროს, რომ არ დაინგრეს“.

ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ფაქტზე რეაგირებას დროულად ვერ ახდენს:

„ვიცით, რომ დაიწყებს საქმის გამოძიებას, თუმცა რეაგირებას ახდენს გვიან და ამ დროში ძეგლი ნადგურდება. გადავდივართ დასჯის მეთოდებზე, მაშინ როცა ჩვენ პრევენციულ მეთოდებზე უნდა ვიმუშაოთ. სამოქალაქო საზოგადოება დავეხმარებით და გვერდით დავუდგებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, რადგან დაპირისპირებით, რასაც დღეს სააგენტო აკეთებს, არაფერი არ გამოვა,“ – აცხადებს ნინო ინაიშვილი.

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში არსებული სახლი, მე-19 საუკუნის დასაწყისშია აშენებული.

 

სახალხო დამცველის საინფორმაციო კამპანია – „წამმზომი ჩართულია“

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია –  „წამმზომი ჩართულია“.

„კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს – ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს/მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს“-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: „იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს  დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან – 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს – 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება“.

სახალხო დამცველი კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

 

გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი  გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

„ბათუმელები“ გარდაცვლილი მოზარდის დეიდას, ხათუნა მსხალაძეს ესაუბრა: „ჩემი დისშვილი იჯდა კომპიუტერთან, ისადილა და ამ დროს დაუძახა მეგობარმა, რომელიც აქვე ცხოვრობს, მოპირდაპირე კორპუსში. სადარბაზოში დახვდა სამი მოზარდი და ადგილზე მოკლეს. თვითმკვლელობა არ ყოფილა და ცრუ ინფორმაციას ნუ აშუქებენ. ის ბავშვები, ვინც დახვდნენ, ვიცნობთ და ვიცით სახელი და გვარებიც, რადგან აქვე ცხოვრობენ და მეზობლები არიან“.

გარდაცვლილი მოზარის დეიდა ამბობს, რომ ჯერ დეტალები შესწავლილი არ აქვთ, მაგრამ ამბობს, რომ მოზარდებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

„შეტყობინებები ვნახეთ ტელეფონში, ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ და არ ჩავძიებივარ. მეზობლები ამბობენ, რომ ისე ჩუმად მოხდა ეს ყველაფერი, არაფერი გაგვიგიაო. წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ბავშვის მოკვლა და ხმას ვინ ამოიღებდა“.

დეიდას ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი დღის 4 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოკლეს.

„საფეთქელთან აქვს დაზიანება და უკან კიფაზე. ჩემი დისშვილი ბავშვებმა ნახეს სადარბაზოს მეორე სართულზე, ჩემს დას დაუძახეს. მან მაშინვე წაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვი გზაში გარდაიცვალა“.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა დაიკითხნენ  თუ არა ის მოზარდები, ვისაც ოჯახის წევრები ასახლებენ, სამინისტროში არ გვეუბნებიან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოზარდების ოჯახმა, რომელსაც გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ასახელებენ,  თავიანთი საცხოვრებელი დატოვეს.

სოფელ სამებაში მურმან დუმბაძის ძმის ოჯახი გაქურდეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, სოფელ ქვედა სამებაში ორი ოჯახი გაქურდეს. მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმის, გურამ დუმბაძის ოჯახი.

გურამ დუმბაძის შვილის, ესმა დუმბაძის ინფორმაციით, ქურდი სახლში ღამის 1 საათზე საძინებელ ოთახში შენიშნა: „ღამით გამეღვიძა და დავინახე ოთახში უცხო პირი. საშუალო სიმაღლის იყო, შავი კაპიშონი ჰქონდა, სავარაუდოდ სახე დაფარული ჰქონდა. არ დამიყვირია, რადგან ხელში ხმალი ეჭირა და შემეშინდა. ეს ხმალი კედელზე გვეკიდა, ნაჩუქარი იყო, მამაჩემს 20 წლის წინ აჩუქეს და როგორც ჩანს კედლიდან ჩამოხსნა. წაღებულია ნოუთბუქიც“-გვეუბნება ესმა დუმბაძე.

მისივე ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია მედლების კოლექციაც.

ესმა დუმბაძე ამბობს, რომ ოჯახის წევრებს ქურდის შემოსვლის შესახებ მას შემდეგ აცნობა, რაც უცხო პირი ოთახიდან გავიდა. „სახლში ჩემი მშობლები და ჩემი უფროსი შვილი იყო, მაგრამ როცა გავიდა ქურდი, მერე დავუძახე. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ დილით გავიგე რომ ჩემი სამეზობლოც გაუქურდავთ რამდენიმე ოჯახზეა საუბარი“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – მომავლის განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით

ქართული საზოგადოების საკმაოდ შეზღუდული წრე ფლობს ინფორმაციას გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობისა და მისი რაობის შესახებ. მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი შეიძლება ძველმოდურად ფიქრობდეს, რომ ეს არის „რთულად აღსაზრდელთა“ ან თუნდაც სოციალურად დაუცველთა“ პანსიონი თუ ინტერნატი.

სინამდვილეში ის, საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლაა, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები ირიცხებიან, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე. კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები.  ყოველ წელიწადს, თითო ადგილზე 4-5 მსურველი მოდის და მხოლოდ ყველაზე ნიჭიერებს ეძლევათ პრივილეგია სწავლობდნენ საუკეთესო საჯარო სკოლაში.

რა არის კადეტთა პრივილეგია და ლიცეუმის საუკეთესოობა? საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ყოველწლიურად, თითოეულ მოსწავლეზე 10000 ლარს შეგნებულად და მიზანმიმართულად ხარჯავს. ამ მხრივ, ლიცეუმს საჯარო სკოლებს შორის კონკურენტი არ ჰყავს. მეტიც, დაფინანსების მხრივ, კერძო სკოლებს შორისაც ის ქვეყნის საუკეთესო ხუთეულში შედის. ისეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა გვერდით, როგორიცაა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის სკოლა, ქართულ-ბრიტანული აკადემია, ევროპული სკოლა და კავკასიის ფრანგული სკოლა. განსხვავება ერთია და მთავარი: ლიცეუმის ყველა სიკეთე უფასოა, ის გათვლილია  ნიჭიერ მოსწავლეზე და სოციალურ ფენას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.  ეს არის თავდაცვის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობა.

რა კონკრეტულ ღონის­ძიებებში გამოიხატება დაფინანსება? ეს ნიშნავს სწავლების გარანტირებულად მაღალ დონეს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას, კალორიების რაციონით მოზარდებზე სპეციალურად გათვლილ კვებას, ვარჯიშს, დისციპლინასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს. სწორედ ამიტომ, ლიცეუმი არის ერთადერთი ავტორიზებული საჯარო სკოლა საქართველოში.

სასერტიფიკატო გამოცდების ბოლო ეტაპისას საჯარო სკოლების მასწავლებელთა 83% ჩაიჭრა და მხოლოდ 17%-მა გადალახა ზღვარი. ლიცეუმში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. მეტიც, აქ ასწავლიან მეცნიერებათა დოქტორები. ისინი არა მხოლოდ ატარებენ გაკვეთილს, არამედ შემდეგ რჩებიან ლიცეუმში და მოსწავლეებს თვითმომზადებაში, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ ამბობენ ლიცეუმში, რომ ეს არის „სახლი სახლიდან შორს. შედეგად, არც ერთ მოსწავლეს არ სჭირდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კერძო მასწავლებელთან მომზადება. კადეტთა 98% უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ხდება და ამას ლიცეუმში მიღებული ცოდნით ახერხებს.

ლიცეუმში ნიშანს არავინ გაჩუქებთ, ხათრით არავინ დაგიწერთ. მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან სწავლაზე ორიენტირებულები ან, ვერ ახერხებენ სასწავლო პროგრამის დაძლევას მაქსიმალურად ეხმარებიან და შედეგების გამოსწორების შანსს აძლევენ. რჩებიან ისინი, ვისაც ხელეწიფება სწავლის სტანდარტს აუწყოს ფეხი.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

ლიცეუმი არის „გასამხედროებული“ სკოლა, აქ ტერმინი „გასამხედროება პირობითია. კადეტები გაძლიერებულად სწავლობენ ყველა იმ საგანს, რაც საჯარო სკოლებში ისწავლება,  ხოლო სამხედრო გაკვეთილებს მხოლოდ დროის 10% ეთმობა. ისინი ეჩვევიან ყაზარმულ ცხოვრებას, სამხედრო ფორმის ტარებას, მწყობრში სიარულს, დისციპლინას და მომავალი სამხედრო მოსამსახურისათვის საჭირო სხვა საბაზისო უნარ-ჩვევებს. კადეტი არ არის მოქმედი სამხედრო, ის სკოლის მოსწავლეა, რომელიც  სამხედრო კარიერის დასაწყებად ემზადება. სამწლიანი სწავლის შედეგად, კადეტი არა მხოლოდ მომავალი სამხედროსათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ითვისებს, არამედ ყალიბდება მოქალაქედ, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მას უყალიბდება დისციპლინა, შეუძლია გუნდურად მოქმედება, პატივს სცემს და არ ანაგვიანებს გარემოს, იცავს წესებს, არის კანონმორჩილი და სიფრთხილით ეკიდება საზოგადოებრივი კუთვნილების ობიექტებს.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ, გამორჩეულ კადეტებს საშუალება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ან საზღვარგარეთ, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში და ამით საკუთარი წარმატებული კარიერა უზრუნველყონ.

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ოთხწლიანი სწავლის შედეგად, ისინი ღებულობენ როგორც სამოქალაქო დიპლომს, ასევე ოფიცრის წოდებას. აკადემიის სტუდენტს, იუნკერს, გარანტირებული აქვს სტიპენდია და მომავალი სამხედრო კარიერა. ეს, მათი ოჯახების მატერიალურ კეთილდღეობასა და სამშობლოსათვის გაწეულ ღირსეულ სამსახურს ნიშნავს.

ლიცეუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრობის სამჭედლოა. სწორედ მისი კურსდამთავრებულები იქნებიან ყველაზე განათლებული და დისციპლინირებული სამხედროები ქვეყნის მხედრობის სათავეში.

თვლი, რომ ხარ ნიჭიერი, შრომისა და სწავლის მოყვარული, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გაძლევს შანსს მიიღო მაღალი დონის განათლება და აშენო წარმატებული კარიერა.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეოლოგიურად აქტიურ სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ბიუჯეტიდან 344 862 ლარი გამოყო და სამუშაოების წარმოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ქედის 8 თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ სამუშაოები დაგეგმა, ხარჯები დათვალა და ცხმორისის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრის, ზვარის, მახუნცეთისა და დაბა ქედის თემებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ელექტრონული ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა.

15 თებერვალს გამოცხადებული შვიდი ტენდერი 7 მარტს დასრულდა, თუმცა ამ დროისთვის შემსრულებლებთან ხელშეკრულება გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია. რაც შეეხება დანდალოს თემს, აქ ტენდერი ჯერ არ დასრულებულა, ტენდერი 9 მარტს 38 643 ლარზე გამოცხადდა და 30 მარტს დასრულდება.

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ქედაში წელს ყველაზე მეტი თანხა – 47 491 ლარი მახუნცეთის თემში დაიხარჯება, ყველაზე ნაკლები – 21 221 ლარი კი ზვარის თემის სოფლებს მოხმარდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა თემში შესრულებულ სამუშაოებზე ობიექტის ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში გარანტია გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ობიექტი საგარანტიო პერიოდში დაზიანდება, შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება, დაზიანება შეაკეთოს.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში სოფლებში ძირითადად ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, მოეწყობა გაბიონები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ქედაში ძირითადად პირველ ივლისამდე უნდა დასრულდეს.

აღდგომა ბათუმის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში [ფოტო]

დღეს სომხური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

DSCN8478
ბათუმის სომხური ეკლესია

DSCN8480

DSCN8489

DSCN8493

 

 

DSCN8507

DSCN8516

DSCN8523

DSCN8524
ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია

 

ბათუმის სინაგოგაში ფურიმის დღესასწაული აღნიშნეს

ფურიმის დღესაწაულის აღსანიშნავად ბათუმის სინაგოგაში მუსიკალური საღამო მოეწყო. სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ცეკვები ბავშვებმა შეასრულეს. წარმოდგენას ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვიც დაესწრო.

ფურიმი მხიარულების დღესასწაულად მიიჩნევა და იგი სპარსეთში მცხოვრები ებრაელების გადარჩენის აღსანიშნავად დაწესდა. ფურიმისთვის ძირითადად კოსტიუმირებული მსვლელობები ეწყობა და ბავშვებს საჩუქრებით, ასევე ტკბილეულით ასაჩუქრებენ. ფურიმის დროს ადამიანებს ღვინის განუსაზღვრელი რაოდენობით დალევის უფლება აქვთ.

DSCN8575

ბონში, ბარცხანასა და გოროდოკში წყლის მიწოდება 18 საათზე აღდგება

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში – ბონის, ბარცხანისა და „გოროდოკის“ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება 27 მარტს, 18:00 საათზე.

მერიის ინფორმაციით „უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, აიმღვრა მდინარეები ლეჩა და ყოროლისწყალი, რის შედეგადაც სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ ე.წ. „ძველი ქსელის” აბონენტებს“.

C ჰეპატიტი – HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის ახალი რეჟიმები

2016 წლის 25 მარტიდან ძალაშია HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის განახლებული რეჟიმები.

„C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ დანართი №6 [HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები] განახლებული რედაქციით საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 25 მარტს დაამტკიცა.

HCV ინფექციის ანტივირუსული მკურნალობის რეჟიმები

HCV 1 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები

სოფოსბუვირი  400მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები პაციენტებისთვის ციროზით და ციროზის გარეშე და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით და აგრეთვე ტელაპრევირის და ბოცეპრევირის შემცველი რეჟიმებით) პაციენტებისთვის ციროზის გარეშე.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი)

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით და აგრეთვე ტელაპრევირის და ბოცეპრევირის შემცველი რეჟიმებით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 600 მგ დღეში (საწყისი დოზა)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია  პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დეკომპენსირებული ციროზი  ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაზიანებით (Child-pugh B და C), არიან ან არ არიან ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები და ასევე ციროზით (Child-pugh A) პაციენტებისთვის, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, მაგრამ უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია HCC-ის  გამო. მკურნალობა უნდა აწარმოოს გამოცდილმა სპეციალისტმა კრეატინინის კლირენსისა და ჰემოგლობინის მკაცრი კონტროლით.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით და რომელთაც არ აქვთ ციროზი.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით და რომელთაც აქვთ ციროზი.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 600 მგ  დღეში (საწყისი დოზა)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია დეკომპენსირებული ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები პაციენტებისათვის დეკომპენსირებული ციროზით, ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით და აგრეთვე ტელაპრევირის და ბოცეპრევირის შემცველი რეჟიმებით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი (დეკომპენსირებული ციროზის ჩათვლით), რომლებიც არ არიან ტოლერანტული რიბავირინის მიმართ.

აღნიშნული რეჟიმი ასევე რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით, არ აქვთ ციროზი და არ არიან ტოლერანტული რიბავირინის მიმართ.

HCV  2  გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

რიბავირინი 1000 მგ  ან რიბავირინი 1200 მგ  დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის ციროზით და ციროზის გარეშე.

 

 

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 600 მგ დღეში (საწყისი დოზა)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია  პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დეკომპენსირებული ციროზი ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაზიანებით (Child-pugh B და C), არიან ან არ არიან ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები და ასევე ციროზით (Child-pugh A) პაციენტებისთვის, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, მაგრამ უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია HCC-ის გამო. მკურნალობა უნდა აწარმოოს გამოცდილმა სპეციალისტმა კრეატინინის კლირენსისა და ჰემოგლობინის მკაცრი კონტროლით.

 

პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან  პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ  1-ჯერ კვირაში,

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 1000 მგ  ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და  >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით.

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  დღეში (1 ტაბლეტი)

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით და არ არიან ტოლერანტული ინტერფერონისადმი.

HCV 3 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (ჰარვონი), 1 ტაბლეტი დღეში

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის ციროზის გარეშე.

 

პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან  პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ  1-ჯერ კვირაში,

სოფოსბუვირი  400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში,

რიბავირინი 1000 მგ  ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და  >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი და არ აქვთ უკუჩვენება ინტერფერონისადმი.

 

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (ჰარვონი), 1 ტაბლეტი დღეში

რიბავირინი 1000 მგ  ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და  >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი და არ არიან ტოლერანტული ინტერფერონისადმი.

 

 

პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან  პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ  1-ჯერ კვირაში,

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და  >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით.

 

 

სოფოსბუვირი  400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ  (1 ტაბლეტი) დღეში

რიბავირინი 600 მგ დღეში (საწყისი დოზა)

მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა

რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები პაციენტებისთვის დეკომპენსირებული ციროზით.“.

C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტით – „ჰარვონით“ გრძელდება. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ცნობით, პრეპარატის  გამოყენება უკვე დაწყებულია. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი პაციენტებისთვის უფასოა.

C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის მთავრობამ გასული წლის აპრილში დაამტკიცა.

ამავე თემაზე:

C ჰეპატიტის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოაქვთ

C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება

საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“

ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია,  ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

სავალდებულო ეტიკეტირების სისტემამ უნდა უზრუნველყოს კავშირის დადგენა, ერთი მხრივ, ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს,  ხორცის ნაჭრებსა  და ცალკეულ ცხოველს შორის. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისათვის უნდა იყოს სრული, გასაგები და ადვილად წასაკითხი.

ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას, ვალდებულია, დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს ან/და ცხოველებს შორის.

ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულოა ხორცის, ხორცის პარტიის შემადგენლობის, გატარებული ხორცის, ხორცის ანაჭერის, ასევე დაჭრილი შეფუთული და შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირება. ანუ, საქონლის ხორცის არცერთი ნაჭერი არ გაიყიდება ეტიკეტირების გარეშე, მათ შორის არც გატარებული ხორცი.

ძროხაეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ. ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი;

თუ ხორცი მიღებულია იმ ცხოველისაგან ან ცხოველთა ჯგუფისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში [„წარმოშობა − საქართველო“], ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს ასევე სასაკლაოზე ცოცხალი ცხოველის მიმყვანი პირის პირადი ნომერი, იმ შემთხვევაში, თუ ხორცი მიღებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველისაგან, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საყურე ნიშანი [ეს პუნქტი 2018 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში]; იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ასევე ქვეყნის დასახელება.

ხორცის ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ამავე თემაზე:

სასაკლაოები აჭარაში

რატომ გაძვირდა ხორცი ბათუმში

15 მარტს  საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა

15 მარტს ქართულმა არტილერიამ 24 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე – ვაზიანში  და II საარტილერიო ბრიგადაში – ქალაქ ხონში  ერთდროულად მიმდინარეობდა.

არტილერია ყველა ქვეყნის სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქართველ არტილერისტებს საამაყო ბიოგრაფია აქვთ. ეს ბიოგრაფია გვიანი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს,  საქართველოს პირველი რესპუბლიკით გრძელდება და მოდის დღემდე. ქართველმა არტილერისტებმა საკუთარი პროფესიონალიზმი არაერთხელ დაამტკიცეს. არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც  სწორედ ამ საამაყო ბიოგრაფიის ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.

ზუსტად 23 წლის წინ, 15 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ  ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იერიში მიიტანა სოხუმზე,  როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები უტევდნენ სოხუმს, ყველაზე ფართომასშტაბიანი, „მარტის შემოტევის“ მოგერიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა პირველ საარტილერიო ბრიგადაში მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამასთან ერთად, თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.

„არტილერისტებს მინდა მივულოცო პროფესიული დღე. აქაც, ამ ბრიგადაშიც, როგორც ხონში, იმართება ღონისძიება და მინდა, აქედან შევეხმიანო II საარტილერიო ბრიგადის მთელ შემადგენლობას, მეთაურს, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო; ქვეყანას არ დასჭირვებოდეს მათი სამსახური, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მთელი ამ 24 წლის განმავლობაში, თავგანწირვით და მხედრული მამაცობით გვერდში დაუდგებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მადლიერები ვართ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც, სწორედ ამ საარტილერიო ბრიგადებიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ყველა ომში, რომელიც საქართველომ გადაიტანა და კვლავ იმედიანად ვართ“,  –  განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საზეიმო ღონისძიება როგორც ვაზიანში, ასევე ხონში დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ოფიცრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოეს. ღონისძიებაზე სტუმრებს ბრიგადის შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადების პირადი შემადგენლობები, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

არტილერიის დღე

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

პაატა  ჯიბუტი: „მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა და ვინც ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა“

პაატა ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობს. თუმცა, სამშობლოს მისი სამსახური გაცილებით ადრე დასჭირდა. ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში დაბადებული ბიჭი 20 წლის იყო აფხაზეთის ომში რომ წავიდა. ამ პერიოდში სერჟანტის წოდება ჰქონდა. თავდაცვის სამინისტროს პირველ სასწავლო ცენტრში მომზადების გავლის შემდეგ წვევამდელებს სერჟანტებად უკვე თავად ამზადებდა. შეეძლო სასწავლო ცენტრში დარჩენა, მაგრამ იხსენებს, რომ  აფხაზეთის ომი ახალი დაწყებული იყო, უამრავი ახალგაზრდა იღუპებოდა და ამ პროცესის შორიდან ყურება არ შეეძლო.

პაატა ჯიბუტი: „დიდი შეტაკებები და ბრძოლები გავიარეთ.  მტერი არაერთხელ მოვიგერიეთ, ბევრი მშვიდობიანი მოსახლე გადავარჩინეთ. 20 წლის ბიჭები ვიყავით, ბევრი მათგანი ახლა ცოცხალი აღარც არის. უამრავი მეგობარი დავკარგე…“

…1993 წლის 20 სექტემბერი იყო… ქვედანაყოფიდან, რომელშიც პაატა ჯიბუტი მსახურობდა, აფხაზური შენაერთებით გამაგრებული ტერიტორიისკენ 10 კაცი დაიძრა. მალე მტრის ალყაში მოექცნენ. ერთ-ერთ თანამებრძოლი დაიჭრა…

პაატა ჭიბუტი: დუშეთელი ბიჭი იყო, ორი ტყვია  მოხვდა. გამოსაყვანად შევედი, მაგრამ უცებ მეც ფეხში დამჭრეს. მტერი სულ რაღაც 40 მეტრში იყო.  სიკვდილს თვალებში სწორედ იმ დროს ჩავხედე…“

მოწინააღმდეგის მიერ მათი მიმართულებით ნასროლი ჭურვის წნევამ ხელი მთლიანად დაუზიანა, ფეხში დაიჭრა და მრავალმხრივი დაზიანება მიიღო.

პაატა ჯიბუტი: „ვიცოდი, თუ გავითიშებოდი სისხლისგან დავიცლებოდი. თავს ვებრძოდი,  რომ გონი არ დამეკარგა. შემდეგ, კიდევ ორი ტყვია მომხვდა, მაგრამ ამ დროს ჩემს დასახმარებლად  ჩემი ძმაკაცი შემოვიდა – ახლა ვიცე-პოლკოვნიკია…

შეტაკებისას ხელი დაკარგა,  ფეხში 3 ტყვია მოხვდა… სახეც დაეწვა – მაგრამ გადარჩა…

პაატა ჯიბუტი
პაატა ჯიბუტი

პაატა ჯიბუტი: „რეაბილიტაციის პროცესი მძიმე იყო. ფიქრი იმაზე, რომ ხალხს ვეცოდებოდი, ძალიან მაწუხებდა. შემდეგ იყო „პაუზა“ სამხედრო სამსახურში…

პაატა ჯიბუტი: „2005 წელს, როგორც კი საკონტრაქტო სამსახური შეიქმნა, მივაკითხე. გენერალური შტაბის ამჟამინდელმა უფროსმა დიდი სამსახური გამიწია, ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ჩემი ამბავი და  მაშინ მისმა სიტყვებმა, დახმარების ხელმა, რომელიც გამომიწოდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა. იმ დღეს ხელახლა დავიბადე, სულ არ გამხსენებია ხელი, ყველაფერი თავიდან დავიწყე…“

შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი… წარსულზე საუბარი უმძიმს, თუმცა  ერთი რამ დანამდვილებით იცის, ქვეყნისთვის და ომებში დაღუპული ბიჭების იმედების გასამართლებლად ახლაც და მომავალშიც ბევრს გააკეთებს.

პაატა ჯიბუტი: „ვოცნებობ, რომ ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალი დავიბრუნოთ, ძალიან მინდა დაფასდეს ყველა ჯარისკაცი, ვინც ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირა. დაფასდევს ყველა, ვინც ომის ვეტერანია…

ჯარი და სამხედრო საქმე  მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი მეუღლეც  სამხედრო მოსამსახურეა. მომავალი მეუღლე აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულმა, რეაბილიტაციის და სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაიცნო. ორი ვაჟი ჰყავთ.  პაატა ჯიბუტი ამბობს, რომ თუ შვილებიც მის გზას აირჩევენ, ამ არჩევანს  სიხარულით შეხვდება.

პაატა ჯიბუტი: „რატომაც არა, თუ სურვილი ექნებათ უნდა იმსახურონ, ემსახურონ საკუთარ  ქვეყანას, საკუთარ ხალხს. უფროს შვილს უკვე ვატყობ ამ სულისკვეთებას, ვგრძნობ მის სურვილს და ძალიან ბედნიერი ვარ…

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

ხშირად დასმული შეკითხვები – რა არის ნატო?

ნატო 28 ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია. წევრი ქვეყნები შეთანხმებულად მოქმედებენ ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების დასაცავად. ამას კოლექტიურ თავდაცვას უწოდებენ.

ნატო-ს, როგორც ორგანიზაციის და ალიანსის უმთავრესი მიზანია მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ტერიტორიული თავდაცვის გარანტირება.

ნატო, უპირველეს ყოვლისა, აგრესიისგან თავდაცვისა და აგრესიის შეკავების მექანიზმია.  ის ერთგვარი ქოლგაა, რომელიც წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ვითარდებიან ასე წარმატებულად დასავლეთის ქვეყნები. დასავლეთის ქვეყნების ყველა ის მატერიალური სიკეთე [მაღალი ხელფასი, ჯანდაცვა, განათლება, მიმოსვლის თავისუფლება, ადამიანის უფლებები], რასაც ასე შევნატრით, სწორედ ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ გახდა შესაძლებელი.

მაინც რა არის უსაფრთხოება და რა მნიშვნელობა აქვს მას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გვერდით ცხოვრობს მეზობელი ან მეზობლები, რომლებიც მუდმივად გაშანტაჟებენ, გივარდებიან სახლში, გართმევენ აუცილებელ ნივთებს, გიჭრიან ელექტროენერგიას და გაზს, გისწორდებიან ფიზიკურად, იკავებენ თქვენი საცხოვრებელი სახლის გარკვეულ ოთახებს, რაც ხელს გიშლით, მაგალითად საძინებლიდან სამზარეულოსა და სააბაზანოში გასვლაში. ამის გამო თქვენ ვეღარ ახერხებთ ელემენტარული ფუნქციების დროულად შესრულებას. მუდმივი ფიზიკური ძალადობით სუსტდება თქვენი ჯანმრთელობა. იმის გამო, რომ დილით ვერ ახერხებთ დროულად აბაზანაში შესვლას, მუდმივად გაგვიანდებათ სამსახურში, სამზარეულოზე წვდომის დაბლოკვის გამო, ვერ ახერხებთ კვების რეჟიმის დაცვას, რაც საბოლოოდ თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე აისახება. და იკლებს თქვენი ოჯახის შემოსავალი და თქვენ ნელ-ნელა ღარიბდებით.

რაც შეეხება კოლექტიურ თავდაცვას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სამეზობლოში 28 ოჯახი შეთანხმდა, რომ ერთ ოჯახზე თავდასხმა ყველა დანარჩენზე თავდასხმად განიხილება და თავდასხმის შემთხვევაში მოძალადეს არა ის ერთი, დაზარალებული ოჯახი, არამედ ოცდარვავე ოჯახი დაუპირისპირდება. ასეთ შემთხვევაში, მოძალადე კარგად დაფიქრდება, სანამ ამგვარ თავდასხმას განახორციელებს.

ნატო-ს მიერ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მოქმედებებში და ის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არაწევრ ქვეყნებზე თავდასხმას. თავად ის ფაქტი, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრია, ამ ქვეყნის მიმართ აგრესიის გამოვლენას აფერხებს.

მაგალითად, ავიღოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათ ისეთივე მცირე ტერიტორიები და სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, როგორიც საქართველოს და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი ისეთივე სიამოვნებით დაემუქრებოდა, როგორც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკეთებს. თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ისინი ნატო-ს წევრები არიან, სადაც ყველა ქვეყანას ერთმანეთის დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, მოსკოვი პირდაპირ აგრესიას ერიდება.

დიალოგსა და თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი ურთიერთობისთვის. ნატო უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ჩაატარონ კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებზე, აამაღლონ ერთმანეთისადმი ნდობა და საბოლოოდ თავიდან აიცილონ კონფლიქტები. ნატო მხარს უჭერს დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ნატოს აქვს სამხედრო პოტენციალი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ან სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩაატაროს კრიზისის მართვისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ოპერაციები.

სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი მექანიზმია, პრობლემების მოგვარებას ნატო დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმებით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო მსოფლიოს მასშტაბით უძლიერესი სამხედრო გაერთიანებაა, იგი სამხედრო ძალას შეზღუდულად იყენებს და ალიანსის ფუძემდებლური ხელშეკრულებით გათვალისწინებული უშუალო პასუხისმგებლობის არეალის გარეთ ნატო-ს მიერ ძალის გამოყენების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცედურული ბარიერების გადალახვის შემდეგაა შესაძლებელი.

ნატო-ს წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე აუცილებლად განლაგდება ნატო-ს ჯარები. ევროპაში ასეთი ბევრი ქვეყანაა. ისინი ნატო-ს წევრები არიან და მათ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული ალიანსის ბაზები, თუმცა  ალიანსის გარეთ მყოფმა ყველა ქვეყანამ იცის, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნატო-ს გაერთიანებულ პასუხს მიიღებს.

ნატო-ს წევრობა ქვეყნებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საშუალებას აძლევს, რაც მიიღწევა სხვა წევრ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით და ურთიერთდახმარებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა: თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმები, სამხედრო კონცეფციების და დოქტრინების შემუშავება, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სწავლება და წვრთნები, თანამედროვე აღჭურვილობისა და შეიარაღებების სისტემების ერთობლივი განვითარება და შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და ა.შ. ალიანსის წევრობა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგროვებული უზარმაზარი ცოდნის და ექსპერტიზის მიღების საშუალებას იძლევა.

ყოველდღიური ცხოვრება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. ნატო-საქართველოს თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითები

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ  NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში აუცილებლად განთავსდება NATO -ს ჯარი, მცდარია.

სინამდვილეში, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული NATO-ს შეიარაღებული ძალების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებასთან. ამასთან, NATO-ს არ ჰყავს ჯარი. NATO-ს შეიარღებულ ძალებს მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები წარმოადგენს და მშვიდობიანობის დროს ეს ძალები ეროვნული მთავრობის განკარგულებაში არიან. NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, NATO-ს ჯარის ან მისი სამხედრო ბაზის განთავსება ახალგაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე  ავტომატურად არ ხდება.

ნატო

ვინაიდან ალიანსის მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის და სტაბილურობის  უზრუნველყოფას წარმოადგენს, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ მის წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. NATO-ში ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და თავად განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება NATO-სგან. მაგალითად: ბალტიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ალიანსმა საჰაერო პატრულირების გზით დაიწყო ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვა. ეს ოპერაცია ნიშნავს NATO-ს თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, NATO-სა და საქართველოს შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება საჭირო დახმარების ტიპი და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ყველა ამ დახმარების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების გამყარება იქნება.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

Exit mobile version