მთავარი,სიახლეები

რას სწავლობენ „ამერიკულ კუთხეში“

28.03.2016 • 2328
რას სწავლობენ „ამერიკულ კუთხეში“

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული „ამერიკული კუთხე“ ერთი თვის წინ გაიხსნა. საგანმანათლებლო, შემეცნებითი სივრცე საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ფუნქციონირებს. საელჩო აფინანსებს ტექნიკური და საგანმანათლებლო მასალების შესყიდვასაც. რას სწავლობენ მოზარდები და ბავშვები „ამერიკულ კუთხეში“ და რა სიახლეებს ჰპირდება ის წელს ახალგაზრდებს?

„ამერიკული კუთხე“ ყოველდღე, დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ღიაა. როგორც კუთხის კოორდინატორი, სალომე ჟორჟიკაშვილი გვეუბნება, „ამერიკული კუთხეთ“ მოსარგებლეთა ასაკი შეზღუდული არ არის. ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია ბავშვებისთვის წელიწადში 1 ლარი ღირს, უფროსებისთვის კი  – 3 ლარი.

სალომეს განმარტებით, „ამერიკული კუთხის“ საგანმანათლებლო პროგრამები ასაკობრივად არის გათვლილი. კუთხეში მოქმედებს როგორც დიდების, ისე პატარების ინგლისურენოვანი სასაუბრო კლუბები.

DSCN8335

 

„ეს კლუბები მოზარდებსა და ნებისმიერ მსურველს ეხმარება ინგლისური ენის უკეთ დაუფლებაში. გარდა ამისა, ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, შეუძლიათ წაიკითხონ სხვადასხვა ლიტერატურა ინგლისურ ენაზე, ნახონ მხატვრული ფილმები, შემდეგ კი გაარჩიონ ეს ფილმები. აქ არსებობს მკითხველთა კლუბებიც“.

აქ ერთი კუთხე ტექნოლოგიებზეა დათმობილი. მაგიდაზე პლასტმასის ფერადი, წყლიანი ჭიქები აწყვია, რომლებიც ელექტრონული წრედით კომპიუტერზეა მიერთებული. წყალზე თითების შეხებით, თქვენ შეგიძლიათ კომპიუტერში კლავიატურაზე დაუკრათ და მუსიკალური ბგერები მოისმინოთ. აქვეა რობოტიც, რომელიც, როგორც კოორდინატორი ამბობს, „ამერიკული კუთხის“ თანამშრომელმა ააწყო. ბავშვებს ყველაზე მეტად აქ 3D ფანქარი მოსწონთ, რომლითაც მყარი კონსტრუქციების დახატვაა შესაძლებელი. როგორც „ამერიკულ კუთხეში“ გვეუბნებიან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მეცნიერებებზე, ტექნოლოგიაზე, ინჟინერიაზე, მათემატიკის მიმართულებაზე.

„გვაქვს სპიკერპროგრამებიც. ვიწვევთ სპიკერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ კლუბის წევრებს სხვადასხვა მიმართულებით. თემები მრავალფეროვანია, როგორც ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სფეროდან, ასევე სამოქალაქო თვითშეგნებაზე, გენდერზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ. სპიკერები არიან მოხალისეები, ძირითადად უცხოელები მოდიან, მაგრამ გვინდა, ადგილობრივებიც მოვიწვიოთ“, – ამბობს პროგრამების კოორდინატორი, სოფო გოთუა.

გარდა სხვადასხვა  შემეცნებითი პროგრამებისა, როგორც კოორდინატორები ამბობენ, აქ მოზარდები და სტუდენტები იღებენ ინფორმაციას ამერიკაში მოქმედი სტუდენტური თუ სასკოლო პროგრამების შესახებ.

DSCN8350

„კლუბის მიზანია, ბავშვებმა ისწავლონ და არაფრისგან შექმნან რაღაც,“ – ამბობს  სალომე. კლუბში დაიწყო ორიგამის გაკვეთილებიც, – ბავშვები ქაღალდისგან აკეთებენ ნივთებს.

წელს პირველად ბათუმის „ამერიკული კუთხე“ აპირებს ახალი პროგრამის – „ჰაკატონის“ განხორციელებას. პროგრამის პრინციპი ასეთია: მონაწილეები 70 საათის განმავლობაში იკრიბებიან კლუბში, იყოფიან ჯგუფებად და მათ მიეცემათ კონკრეტული დავალებები თემის მიხედვით.

„ამ დროის მანძილზე მონაწილეებმა უნდა შექმნას რაიმე პროდუქტი. ამ შემთხვევაში ჩვენ საბუნებისმეტყველო მიმართულება ავირჩიეთ. საკმაოდ დაძაბულ და ექსტრემალურ პირობებში მოუწევთ მუშაობა. ამით მოზარდებს მიეცემათ შანსი, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ,“- ამბობს ამერიკული კუთხის ტექნიკური კოორდინატორი, ზურაბ მესხიძე. – „პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან მოზარდები მეცხრე კლასის ზემოთ. დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური „ჰაკატონის“ გაკეთებაც. მოსწავლეებისთვის კი აპრილში გვინდა ამის მოწყობა“.

ინტერვიუს ჩაწერის დროს „ამერიკულ კუთხეში“ პირველი, მე-2 და მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებიან. მოზარდები ჯენგა-ს თამაშობენ. ცდილობენ სიმაღლეში აზიდული კუბიკები ერთმანეთის ისე დააშორონ, რომ ნაგებობა არ ჩამოიქცეს.

 

DSCN8346

„ძალიან მოგვწონს აქ ყოფნა,“ – ამბობენ ისინი. „ისეთი კარგი გარემოა, დავიძინებ კიდევაც აქ“, – ამბობს ნიკა ბერიძე. მარიამ ადამიაც კლუბის წევრია. როგორც მარიამი ამბობს, დროის საინტერესოდ გაყვანის გარდა, აინტერესებს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობები და ამაზეც იღებს ინფორმაციას. მათთან ერთად არიან ნანი ქოქიაშვილი და ნოდარ ინაიშვილიც. ისინიც მიიჩნევენ, რომ „ამერიკული კუთხე“ ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა განტვირთვისა და დროის საინტერესოდ გატარებისთვის. კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, კუთხეში უფასო ინტერნეტითაც ისარგებლონ.

კითხვაზე, რამდენად რაციონალურად იყენებენ ინტერნეტს ახალგაზრდები? სოფო გოთუა ამბობს, რომ „მათ თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა არის გარკვეული საიტები, რაზეც წვდომა არ აქვთ“.

სიახლეების შესახებ კლუბის წევრებს, როგორც კოორდინატორები ამბობენ,  სოციალური ქსელებითა და სმს-ით ატყობინებენ.

„ამერიკულ კუთხე“  მასპინძლობს გამოფენას თანამედროვე ფემინისტი ქალების შესახებ. გამოიფინა 16 ქალის პორტრეტი, ვინც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში გამოირჩევიან. პორტრეტები მარტის ბოლომდე იქნება გამოფენილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: