Batumelebi | C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება – Batumelebi
RU | GE  

C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსება მეორე ეტაპზეც გაგრძელდება

აჭარის რეგიონში C ჰეპატიტის პროგრამას ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახორციელებს. საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მკურნალობის კურსში 550 ბენეფიციარი არის ჩართული და მათი უმრავლესობისთვის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა.

დიაგნოსტირების დადგენის, ასევე მკურნალობის თანადაფინანსებას ბათუმში მცხოვრები ადამიანებისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახდენს, ხოლო მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. თანადაფინასება პროგრამის მეორე ეტაპსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.  „ეროვნული პროგრამით ქვეყნის მასშტაბით 30 პროცენტით ფინანსდება, როგორც C ჰეპატიტის დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობა. დანარჩენ 60 პროცენტს მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ჩვენ ვაფინანსებთ. დარჩენილ 10 პროცენტს თავად პაციენტი იხდის. პროგრამა სრულად ფარავს ყველა მომსახურების ხარჯს, თუკი ბენეფიციარი სოციალურად დაუცველია და მას 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსმა ნონა ეფაძემ.

C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისთვის ლაბორატორიული კვლევები დაახლოებით 480 ლარი ჯდება. დაავადების დადგენის შემთხვევაში, მკურნალობის ეტაპი რეგულარული მონიტორინგის გარდა, სხვადასხვა კვლევების ჩატარებას გულისხმობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თითოეული კვლევის საფასური დაახლოებით 170 ლარია.

C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი თაობის მედიკამენტით „ჰარვონით“ გაგრძელდება. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ცნობით, პრეპარატი უკვე მიიღეს და რამდენიმე დღეში მის გამოყენებას დაიწყებენ. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი პაციენტებისთვის უფასოა.

C ჰეპატიტის პროგრამის პირველ ეტაპს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი წარმატებულად აფასებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელჩი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდა. სამინისტროს მონაცემებით, პროგრამაში სულ 6571 ადამიანია ჩართული, აქედან 3200 მკურნალობის კურსს წარმატებით ასრულებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი