სიახლეები

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის სოფლებში

27.03.2016
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეოლოგიურად აქტიურ სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ბიუჯეტიდან 344 862 ლარი გამოყო და სამუშაოების წარმოებისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ქედის 8 თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად გამგეობამ სამუშაოები დაგეგმა, ხარჯები დათვალა და ცხმორისის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრის, ზვარის, მახუნცეთისა და დაბა ქედის თემებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად ელექტრონული ტენდერი 15 თებერვალს გამოაცხადა.

15 თებერვალს გამოცხადებული შვიდი ტენდერი 7 მარტს დასრულდა, თუმცა ამ დროისთვის შემსრულებლებთან ხელშეკრულება გამგეობას ჯერ არ გაუფორმებია. რაც შეეხება დანდალოს თემს, აქ ტენდერი ჯერ არ დასრულებულა, ტენდერი 9 მარტს 38 643 ლარზე გამოცხადდა და 30 მარტს დასრულდება.

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ქედაში წელს ყველაზე მეტი თანხა – 47 491 ლარი მახუნცეთის თემში დაიხარჯება, ყველაზე ნაკლები – 21 221 ლარი კი ზვარის თემის სოფლებს მოხმარდება.

სატენდერო პირობების მიხედვით, ყველა თემში შესრულებულ სამუშაოებზე ობიექტის ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში გარანტია გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ობიექტი საგარანტიო პერიოდში დაზიანდება, შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება, დაზიანება შეაკეთოს.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში სოფლებში ძირითადად ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, მოეწყობა გაბიონები, საყრდენი კედლები და სანიაღვრე არხები.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ქედაში ძირითადად პირველ ივლისამდე უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.