მთავარი,სიახლეები

ექნება თუ არა პარლამენტს ეთიკის კოდექსი?

29.03.2016 • 1375
ექნება თუ არა პარლამენტს ეთიკის კოდექსი?

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პარლამენტის წინ „იდენტობის“ მიერ  გამართულ აქციასთან დაკავშირებით ქსენოფობიური განცხადებები გააკეთეს: „ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქიდან, საიდანაც დაიწყო აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი“. ანალოგიურად ქსენოფობიური განცხადება გააკეთა ომარ ნიშნიანიძემაც: „პიდარასტების აქციაა?“ ამას თუ მოვესწრებოდი ქუთაისში, არც დამესიზმრებოდა.“ საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას თქმით, აუცილებელია პარლამენტმა შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი, რომელიც დეპუტატებს აიძულებს, პატივი სცენ საზოგადოებას და თავი შეიკავონ ჰომოფობიური, ქსენოფობიური თუ დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან.

ქალბატონო თამარ, რატომ მიიჩნევთ, რომ აუცილებელია ეთიკის კოდექსის მიღება?

ეთიკის კოდექსის იდეა დიდი ხანია არსებობს, – ყველა სფეროში მოქმედებს ეთიკის სტანდარტები. ეთიკის კოდექსი აქვთ ჟურნალისტებს, საჯარო სამსახურის მოხელეებს, კოდექსი აქვთ მოსამართლეებს და თითქმის ყველა პროფესიას, მათ შორის საპარლამენტო ეთიკაც არის სათუთი და მნიშვნელოვანი თემა.

არსებობს წინა პარლამენტის მიერ მიღებული ეთიკის რამდენიმე პრინციპი, თუმცა ისიც მკვდარია და არ მოქმედებს. თანაც ის ვრცელდება მხოლოდ ხელმომწერებზე, რადგან ამ პარლამენტის წევრები არ არიან იმ კოდექსის ხელმომწერები, მათზე არ ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკის კოდექსის მიღება?

ეთიკასა და სამართალს შორის განსხვავება ის არის, რომ სამართლებრივ ნორმებს აუცილებლად მოყვება რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან კანონის სახით. ეთიკური სტანდარტი კი არ არის ვერტიკალური ურთიერთობა და ზევიდან დადგენილი წესები, ეთიკური სტანდარტები არის ჯგუფის შეთანხმება რაღაც წესებზე, ერთგვარი ხელშეკრულება, ოღონდ ჰორიზონტალური ურთიერთობის ფარგლებში, რომელზეც ვთანხმდებით, რომ ასე არ ვიქცევით. ამ სტანდარტს შეიძლება მოყვეს რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა, რომელზეც ასევე ეს ჯგუფი შეთანხმდება, ან საერთოდ არ მოყვეს პასუხისმგებლობა გარდა იმისა, რომ დადასტურდეს ეთიკური პრინციპების დარღვევა ვიღაცის მხრიდან. ვინ იქნება ამის დამადასტურებელი სუბიექტი, ესეც ამ ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიდის მსჯელობა ეთიკური სტანდარტი დაირღვა თუ არა. დეპუტატი მოიქცა თუ არა არაეთიკურად.

კონკრეტულ შემთხვევაში რაც გახდა დისკუსიის თემა [მეჭიაურის და ნიშნიანიძის ჰომოფობიური განცხადებები იგულისხმება], ეს არ არის იმ ხარისხის დარღვევა, რომ წავიდეთ სასამართლოში და საკუთარი უფლებების დარღვევისთვის ვიდავოთ, მაგრამ ჩვენ ცალსახად ვგრძნობთ, რომ ეს პრობლემაა. ეს არის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და სტერეოტიპების გაღვივება საპარლამენტო ტრიბუნიდან. ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეთიკური სტანდარტები არსებობდეს და ხელი მოაწეროს პარლამენტის ყველა წევრმა. ჩვენი ენა უნდა იყოს დაცლილი დისკრიმინაციული ელემენტებისგან და ამას სწორედ ეთიკური სტანდარტები უზრუნველყოფს.

 თუკი არ მოაწერენ ხელს დეპუტატები, კოდექსი დაავალდებულებს?

ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მისთვის ეთიკური ღირებულებები არ არის მისაღები და ეს უკვე თავისთავად პასუხია საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის. ღირსების კოდექსივითაა ეთიკის სტანდარტები. თუ ვიტყვი, რომ მე ამ წესებს დავიცავ, შემდეგ კი დავარღვევ, გამოდის, რომ მე არ ვარ ჩამოყალიბებული და პრინციპული ადამიანი, თუნდაც იმ საკითხებზე, რაზეც უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული ვიყავით. ეს არის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი.

 ითქვა, რომ გოგი თოფაძის არაეთიკური გამონათქვამები კოალიციაში განიხილეს. თუმცა შიდაპარტიული შეფასებების მიუხედავად, სურათი არ იცვლება. ეთიკის კოდექსი რამდენად რეალურად იმუშავებს?

როცა დეპუტატები შეთანხმდებიან ეთიკის კოდექსის არსებობაზე, ამან უნდა შეაჩეროს დისკრიმინაციული გამონათქვამები. პარლამენტის წევრი თანამდებობის პირია, დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიებით, მისი სტატუსი ხელშეუხებელია, ამიტომ იერარქიული საუბარი და მითითებები, რომ „შენ არასწორად იქცევი“  და ა.შ. არ არის სწორი სამართლებრივი ფორმა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ვალდებულებას საკუთარი სურვილით იღებს დეპუტატი.

 როდის უნდა დაიწყოს ეთიკის კოდექსზე მუშაობა?

არსებობს ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეიმუშაოს საქართველოს პარლამენტის ეთიკის სტანდარტები და ამაზე მუშაობს პარლამენტის შესაბამისი მუდმივმოქმედი საბჭო.

როგორ ფიქრობთ, ამ მოწვევის პარლამენტი მოასწრებს კოდექსის მიღებას?

ვფიქრობ, მოსწრებადია.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: