მთავარი,სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – მომავლის განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით

28.03.2016 • 3717
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი – მომავლის განათლება სრული სახელმწიფო დაფინანსებით

ქართული საზოგადოების საკმაოდ შეზღუდული წრე ფლობს ინფორმაციას გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობისა და მისი რაობის შესახებ. მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი შეიძლება ძველმოდურად ფიქრობდეს, რომ ეს არის „რთულად აღსაზრდელთა“ ან თუნდაც სოციალურად დაუცველთა“ პანსიონი თუ ინტერნატი.

სინამდვილეში ის, საქართველოში საუკეთესო საჯარო სკოლაა, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეები ირიცხებიან, მაგრამ ეს არ არის ადვილი საქმე. კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები.  ყოველ წელიწადს, თითო ადგილზე 4-5 მსურველი მოდის და მხოლოდ ყველაზე ნიჭიერებს ეძლევათ პრივილეგია სწავლობდნენ საუკეთესო საჯარო სკოლაში.

რა არის კადეტთა პრივილეგია და ლიცეუმის საუკეთესოობა? საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ყოველწლიურად, თითოეულ მოსწავლეზე 10000 ლარს შეგნებულად და მიზანმიმართულად ხარჯავს. ამ მხრივ, ლიცეუმს საჯარო სკოლებს შორის კონკურენტი არ ჰყავს. მეტიც, დაფინანსების მხრივ, კერძო სკოლებს შორისაც ის ქვეყნის საუკეთესო ხუთეულში შედის. ისეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა გვერდით, როგორიცაა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის სკოლა, ქართულ-ბრიტანული აკადემია, ევროპული სკოლა და კავკასიის ფრანგული სკოლა. განსხვავება ერთია და მთავარი: ლიცეუმის ყველა სიკეთე უფასოა, ის გათვლილია  ნიჭიერ მოსწავლეზე და სოციალურ ფენას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.  ეს არის თავდაცვის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობა.

რა კონკრეტულ ღონის­ძიებებში გამოიხატება დაფინანსება? ეს ნიშნავს სწავლების გარანტირებულად მაღალ დონეს, საუკეთესო ინფრასტრუქტურას, კალორიების რაციონით მოზარდებზე სპეციალურად გათვლილ კვებას, ვარჯიშს, დისციპლინასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს. სწორედ ამიტომ, ლიცეუმი არის ერთადერთი ავტორიზებული საჯარო სკოლა საქართველოში.

სასერტიფიკატო გამოცდების ბოლო ეტაპისას საჯარო სკოლების მასწავლებელთა 83% ჩაიჭრა და მხოლოდ 17%-მა გადალახა ზღვარი. ლიცეუმში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. მეტიც, აქ ასწავლიან მეცნიერებათა დოქტორები. ისინი არა მხოლოდ ატარებენ გაკვეთილს, არამედ შემდეგ რჩებიან ლიცეუმში და მოსწავლეებს თვითმომზადებაში, საშინაო დავალებების შესრულებაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ ამბობენ ლიცეუმში, რომ ეს არის „სახლი სახლიდან შორს. შედეგად, არც ერთ მოსწავლეს არ სჭირდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის კერძო მასწავლებელთან მომზადება. კადეტთა 98% უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ხდება და ამას ლიცეუმში მიღებული ცოდნით ახერხებს.

ლიცეუმში ნიშანს არავინ გაჩუქებთ, ხათრით არავინ დაგიწერთ. მოსწავლეებს, რომლებიც არ არიან სწავლაზე ორიენტირებულები ან, ვერ ახერხებენ სასწავლო პროგრამის დაძლევას მაქსიმალურად ეხმარებიან და შედეგების გამოსწორების შანსს აძლევენ. რჩებიან ისინი, ვისაც ხელეწიფება სწავლის სტანდარტს აუწყოს ფეხი.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

ლიცეუმი არის „გასამხედროებული“ სკოლა, აქ ტერმინი „გასამხედროება პირობითია. კადეტები გაძლიერებულად სწავლობენ ყველა იმ საგანს, რაც საჯარო სკოლებში ისწავლება,  ხოლო სამხედრო გაკვეთილებს მხოლოდ დროის 10% ეთმობა. ისინი ეჩვევიან ყაზარმულ ცხოვრებას, სამხედრო ფორმის ტარებას, მწყობრში სიარულს, დისციპლინას და მომავალი სამხედრო მოსამსახურისათვის საჭირო სხვა საბაზისო უნარ-ჩვევებს. კადეტი არ არის მოქმედი სამხედრო, ის სკოლის მოსწავლეა, რომელიც  სამხედრო კარიერის დასაწყებად ემზადება. სამწლიანი სწავლის შედეგად, კადეტი არა მხოლოდ მომავალი სამხედროსათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ითვისებს, არამედ ყალიბდება მოქალაქედ, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მას უყალიბდება დისციპლინა, შეუძლია გუნდურად მოქმედება, პატივს სცემს და არ ანაგვიანებს გარემოს, იცავს წესებს, არის კანონმორჩილი და სიფრთხილით ეკიდება საზოგადოებრივი კუთვნილების ობიექტებს.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ, გამორჩეულ კადეტებს საშუალება ეძლევათ სწავლა გააგრძელონ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ან საზღვარგარეთ, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში და ამით საკუთარი წარმატებული კარიერა უზრუნველყონ.

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ოთხწლიანი სწავლის შედეგად, ისინი ღებულობენ როგორც სამოქალაქო დიპლომს, ასევე ოფიცრის წოდებას. აკადემიის სტუდენტს, იუნკერს, გარანტირებული აქვს სტიპენდია და მომავალი სამხედრო კარიერა. ეს, მათი ოჯახების მატერიალურ კეთილდღეობასა და სამშობლოსათვის გაწეულ ღირსეულ სამსახურს ნიშნავს.

ლიცეუმი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრობის სამჭედლოა. სწორედ მისი კურსდამთავრებულები იქნებიან ყველაზე განათლებული და დისციპლინირებული სამხედროები ქვეყნის მხედრობის სათავეში.

თვლი, რომ ხარ ნიჭიერი, შრომისა და სწავლის მოყვარული, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გაძლევს შანსს მიიღო მაღალი დონის განათლება და აშენო წარმატებული კარიერა.

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: