შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, სოფელ ქვედა სამებაში ორი ოჯახი გაქურდეს. მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის ძმის, გურამ დუმბაძის ოჯახი.
გურამ დუმბაძის შვილის, ესმა დუმბაძის ინფორმაციით, ქურდი სახლში ღამის 1 საათზე საძინებელ ოთახში შენიშნა: „ღამით გამეღვიძა და დავინახე ოთახში უცხო პირი. საშუალო სიმაღლის იყო, შავი კაპიშონი ჰქონდა, სავარაუდოდ სახე დაფარული ჰქონდა. არ დამიყვირია, რადგან ხელში ხმალი ეჭირა და შემეშინდა. ეს ხმალი კედელზე გვეკიდა, ნაჩუქარი იყო, მამაჩემს 20 წლის წინ აჩუქეს და როგორც ჩანს კედლიდან ჩამოხსნა. წაღებულია ნოუთბუქიც“-გვეუბნება ესმა დუმბაძე.
მისივე ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია მედლების კოლექციაც.
ესმა დუმბაძე ამბობს, რომ ოჯახის წევრებს ქურდის შემოსვლის შესახებ მას შემდეგ აცნობა, რაც უცხო პირი ოთახიდან გავიდა. „სახლში ჩემი მშობლები და ჩემი უფროსი შვილი იყო, მაგრამ როცა გავიდა ქურდი, მერე დავუძახე. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ დილით გავიგე რომ ჩემი სამეზობლოც გაუქურდავთ რამდენიმე ოჯახზეა საუბარი“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.






