მთავარი,სიახლეები

გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

28.03.2016
გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლის თქმით, ბიჭი თანატოლებმა მოკლეს

26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში 14 წლის მოზარდი  გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

„ბათუმელები“ გარდაცვლილი მოზარდის დეიდას, ხათუნა მსხალაძეს ესაუბრა: „ჩემი დისშვილი იჯდა კომპიუტერთან, ისადილა და ამ დროს დაუძახა მეგობარმა, რომელიც აქვე ცხოვრობს, მოპირდაპირე კორპუსში. სადარბაზოში დახვდა სამი მოზარდი და ადგილზე მოკლეს. თვითმკვლელობა არ ყოფილა და ცრუ ინფორმაციას ნუ აშუქებენ. ის ბავშვები, ვინც დახვდნენ, ვიცნობთ და ვიცით სახელი და გვარებიც, რადგან აქვე ცხოვრობენ და მეზობლები არიან“.

გარდაცვლილი მოზარის დეიდა ამბობს, რომ ჯერ დეტალები შესწავლილი არ აქვთ, მაგრამ ამბობს, რომ მოზარდებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

„შეტყობინებები ვნახეთ ტელეფონში, ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ და არ ჩავძიებივარ. მეზობლები ამბობენ, რომ ისე ჩუმად მოხდა ეს ყველაფერი, არაფერი გაგვიგიაო. წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ბავშვის მოკვლა და ხმას ვინ ამოიღებდა“.

დეიდას ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი დღის 4 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოკლეს.

„საფეთქელთან აქვს დაზიანება და უკან კიფაზე. ჩემი დისშვილი ბავშვებმა ნახეს სადარბაზოს მეორე სართულზე, ჩემს დას დაუძახეს. მან მაშინვე წაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვი გზაში გარდაიცვალა“.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის, თუმცა დაიკითხნენ  თუ არა ის მოზარდები, ვისაც ოჯახის წევრები ასახლებენ, სამინისტროში არ გვეუბნებიან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოზარდების ოჯახმა, რომელსაც გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ასახელებენ,  თავიანთი საცხოვრებელი დატოვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: