დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს ნაცდური ხელფასი – დაახლოებით 20 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. „სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმაც – წააგოს“, – ასე გრძნობს პასუხისმგებლობას ვახტანგ წულაძე სასამართლოში წაგებული საქმის შემდეგ.

გარემოს დაცვის სამმართველოს წინააღმდეგ მ.მ. ისევ აპირებს სასამართლოს მიმართოს, ამჯერად მოთხოვნა საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური კომპენსაციის მიღება იქნება. თუკი ამ საქმესაც მ.მ. მოიგებს, 20 ათასს ლარს მორალური ზიანისთვის გასაცემი თანხაც დაემატება. სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მ.მ.-მ სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, 2014 წლის იანვარში მიმართა წერილით და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

უფროსის რეაგირება სამხურიდან ორსული მ.მ.-ს გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია დააბრალა. „არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა, როგორც ამას ამბობენ. შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს ვმალავთ. იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“, – ეს კომენტარი ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებთან“ 2014 წლის 10 თებერვალს გააკეთა.

მაშინ სამმართველოს უფროსმა თქვა ისიც, რომ საჯარო მოხელემ, ვის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„შესაბამისმა სამსახურებმა“, ანუ გამოძიებამ ფაქტზე მოკვლევა 6 თვის დაგვიანებით დაიწყო. სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიებასთან ორსულ ქალზე ძალადობა არ დაადასტურეს. „გამოძიება შეწყდა, რადგან პროკურატურამ ძალადობის ფაქტი დაადგინა, მაგრამ ვერ დაინახა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი, ვინც სასამართლოში მ.მ.-ს სამართლებრივ დახმარებას უწევდა. მ.მ.-ზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა სახალხო დამცველმაც, თუმცა მისი რეკომენდაციები, ისევე როგორც არსამთავრობო ორგანიზაციების მითითებები, ვახტანგ წულაძისთვის არ აღმოჩნდა გასათვალისწინებელი. ვახტანგ წულაძე მ.მ.-ს გათავისუფლების დროს შიდა აუდიტის დასკვნას დაეყრდნო, სადაც გამოძიებისგან თუ სახალხო დამცველისგან განსხვავებით აღნიშნულია, რომ სამმართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულმა ორსულმა სასამართლოს მიმართა, ვახტანგ წულაძემ სამმართველოში მისი შტატიც გააუქმა. სამოქალაქო სექტორში ამ მიდგომას „მანკიერ პრაქტიკად“ აფასებენ, რადგან ნათლად იკითხება თანამდებობის პირის სურვილი, ალაგმოს საკუთარი „გემოვნებით“ გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლოს გზით უკან დაბრუნება. აქამდე არსებულ შემთხვევებში, სასამართლო დავის მოგების მიუხედავად, ადამიანები სამსახურს ვერ უბრუნდებოდნენ, თუკი ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ, აღარ არსებობდა.

„ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის პრეცედენტული. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია „მოჩვენებითი რეორგანიზაცია“, რომელიც ფესვგადგმულია ჩვენს რეალობაში. ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება და დღევანდელმაც მოირგო ეს მავნე პრაქტიკა. ამჯერად გარემოს სამმართველოს მოუწევს მ.მ.-ს სამსახურში დაბრუნება იმის მიუხედავად, რომ მისი შტატი ამ უწყებაში აღარ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის მთავრობაც ხელს უწყობდა მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს უფროსს. შტატის გაუქმების არანაირი დასაბუთება არ არსებობდა და ვახტანგ წულაძემ ეს აჭარის მთავრობის ნებართვის საფუძველზე გააკეთა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან~.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე ანგარიშის გაწევა მოუწევთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსაც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის პირებისთვის სავალდებულო გახდება საჯარო მოხელის გათავისუფლებისას იხელმძღვანელონ იმ პრინციპებითა და სტანდარტებით, რომლებიც დაადგინა უზენაესმა სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე.

უნდა დაისაჯოს თუ არა ვახტანგ წულაძე იმისთვის, რომ მან, ერთი მხრივ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება ხალხის ჯიბეს მინიმუმ 20 ათასი ლარით დააზარალებს? – კითხვას მივლინებაში მყოფმა ვახტანგ წულაძემ სატელეფონო საუბრის დროს მოკლედ უპასუხა: „ჯერ არ ჩაგვბარებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. წავიკითხავ და მერე ვიმსჯელოთ. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაშინ დადგება. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმა – წააგოს“.

„როცა ვახტანგ წულაძე წერილით მოგვმართავს და მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფას განაცდურის ასანაზღაურებლად, აჭარის მთავრობა აუცილებლად დაუსვამს მას კითხვებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით გაბაიძემ. თუმცა მას არ ახსოვს პრაქტიკიდან ვინმეს თანამდებობა დაეკარგოს საჯარო მოხელის უკანონოდ გათავისუფლებისთვის: „ასეთ შემთხვევაში მთავრობის აპარატი სწავლობს საქმეს და თუკი კანონმდებლობის უხეში დარღვევა იკვეთება, პირის დისციპლინური პასუხისმგებლობა დგება. ძირითად შემთხვევებში, ეს არის – გაფრთხილება. გააჩნია ასევე, რა ტიპის უხეშ დარღვევასთან გვექნება საქმე. ეს შეფასებაზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, თანამდებობის პირის მოქმედებამ წყალში ჩაყაროს ყველაფერი, რასაც მთავრობა აკეთებს. სამართლებრივად და ფინანსურად რომ ზიანია, ეს უკვე გასაგებია“, – ამბობს დავით გაბაიძე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ პასუხისგება აუცილებელია, რადგან მის გარეშე თანამდებობის პირების „გემოვნებაზე“ ვიქნებით ისევ დამოკიდებული. „თუ არ იქნება პასუხისმგებლობაზე საუბარი, შეუძლებელია თანამდებობის პირთა ქცევის ეფექტური კონტროლი განვახორციელოთ. საქმიანობის პროცესში არავინ არის დაცული შეცდომებისგან, მაგრამ როდესაც ამ შეცდომას მიზანმიმართულად ჩადიხარ, ეს საჭიროებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. არაერთი გათავისუფლება გვინახავს, რომელიც დაკავშირებული იყო თანამდებობის პირთა პირად „გემოვნებაზე“. უკანონო გათავისუფლებების შედეგად არამხოლოდ ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც, ვინაიდან საზოგადოებას ასეთი უწყებების მიმართ უჩნდებათ ნიჰილისტური დამოკიდებულება. სახელმწიფო ორგანოების გამართული მუშაობა პირდაპირ პროპორციულია დემოკრატიის ხარისხზე“, – განმარტავს საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონით უნდა განისაზღვროს მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღები პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის რეგულირების საკითხი, ოღონდ კარგად უნდა გაანალიზდეს ყველა ის რისკი, რაც შეიძლება პასუხიმგებლობის ფორმის დადგენამ გამოიწვიოს.

პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მანანა კობახიძე არ მიიჩნევს, რომ სამართლებრივი რეგულაციის პრობლემა არსებობს. ის ამბობს, რომ თუკი სასამართლო საჯარო მოხელის უკანონო გათავისუფლებას ცალსახად ადასტურებს, შესაძლოა, ამით გამოძიება დაინტერესდეს: „მნიშვნელოვანია, გამოირკვეს, რამდენად ჰქონდა განზრახვას ადგილი. თუ ასეა, ეს რეალურად არის კრიმინალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მანანა კობახიძემ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეაგირება მთავრობისვე ინტერესში უნდა შედიოდეს. თუ მთავრობა არ მოქმედებს, გამოდის, რომ სამოქალაქო საზოგადოებაა უმოქმედო და ჯერ კიდევ ვერ გახდა იგი შესაბამისად ანგარიშგასაწევი: „ეს არ უნდა განიხილოს ვინმემ, როგორც კონკრეტული ქეისი. მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და აქტიური დისკუსია ამ თემაზე. აჭარის მთავრობამ უნდა იგრძნოს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან თანამდებობის პირების ასეთ თვითნებობებზე. თუ ამჯერადაც არავინ დაისჯება, სხვა თანამდებობის პირის თვითნებობას ვნახავთ“.

მითები NATO-ს შესახებ

გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა

მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მცდარია.

mitiსინამდვილში NATO მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ალიანსის პოზიციით, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს. NATO მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების –  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის – დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან.

საქართველოს NATO -ში გაწევრიანებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოსვლას და ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ აღმავლობას. აღნიშნული პროგრესი დაეხმარება საქართველოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მისი მოქალაქეებისათვის მიმზიდველ ქვეყანა გახდეს.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

ხშირად დასმული კითხვები – რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოებაში?

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის წარმატებული ისტორიებით არის გამყარებული. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. 2009 წლის იანვარში ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა და ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობა. ნათლად მოიხაზა თანამშრომლობის სფეროები – უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

განსაკუთრებით დასაფასებელია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ეტაპზე იმყოფება. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და მხარს გვიჭერს, როგორც თანამშრომლობის ორმხრივ ისე, მრავალმხრივ ფორმატებში.

არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე სწორედ აშშ-ის წარმომადგენელია. საქართველო ყველა პირობას ქმნის პარტნიორებისთვის, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა შედეგზე ორიენტირებული და რელევანტური იყოს. მზად ვართ, ბოლომდე დავრჩეთ ავღანეთში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. რადგან, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, არსებული გლობალური გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა წარმოუდგენელია.

2016 წლის მაისში, საქართველოში, ქართული და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ერთმანეთთან მაღალი პროფესიული თავსებადობა. „ღირსეული პარტნიორი“ აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მტკიცე არგუმენტი და ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების სანდო, ანგარიშგასაწევი და ყველაზე უახლოესი პარტნიორი. მსგავსი წრთვნის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება.

xshirad dasmuli kitxvebi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

,,მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ ,, Georgia’’ – როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი’’

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიამ, რომელიც ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს, კრივში კადეტთა ბრიგადის ყოველწლიურ, ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინლა. აკადემიაში 70 ქვეყნიდან 4 000-მდე კურსანტი სწავლობს. ქართველმა კადეტმა პაატა გუჯეჯიანმა ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი უცხოელი კურსანტი გახდა, რომელმაც ფინალში წარმატება მოიპოვა.

პაატა გუჯეჯიანი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელია. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში (United States Naval Academy) სასწავლებლად 2014 წელს გაიგზავნა. დღეს ის აშშ-ის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის წარმატებული კადეტია.
ამბობს, რომ კრივი ბავშვობიდანვე იტაცებდა და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

პაატა გუჯეჯიანი: „თავიდან რთული იყო, რადგან გუნდში ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, მაინც ჩავერთე და ვარჯიში დავიწყე. წვრთნის დროს თვალს გამოცდილ მოკრივეებს ვადევნებდი, საჭირო დროს ვგულშემატკივრობდი კიდეც და ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა რინგზე ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ თავი დამენებებინა და რამე უფრო ადვილი სახეობა შემერჩია. დავინტერესდი აკადემიაში არსებული სპორტის თითქმის ყველა სახეობით. ძალებიც რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე. ძიების პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადვილი არაფერია, მაგრამ თუ იშრომებ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, ყველაზე რთული საქმეც გაგიიოლდება. ასეთმა აღმოჩენამ მაფიქრებინა, რომ დანებება სისუსტეა და გადავწყვიტე გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან მომიწია შერკინებამ. რინგზე ასვლის წინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ დამარცხების უფლება არ მქონდა, რადგან ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ საქმისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და ახლა შემიძლია ვთქვა რას ვაპირებ მომავალში. რა თქმა უნდა, დავისახავ მიზნად, რომ გავაგრძელო ვარჯიში და არა მარტო აკადემიის, არამედ ამერიკის უნივერსიტეტთა შორის დაგეგმილ შეჯიბრებებშიც ჩემი ქვეყნის სახელით მივიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა, გავიმარჯვო. მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ „Georgia“, როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი.

krivi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

„საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს – გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით“

ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები

2016 წლის 1 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე: ნატოს ვარშავის სამიტი – მოლოდინები და პერსპექტივები.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ანტიდასავლური პროპაგანდის და ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოლოდინების მართვის საკითხებზე თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო თუ საექსპერტო წრეებს შორის შეთანხმების მიღწევას და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. შეხვედრის მთავარ ამოცანას არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხისა და მიდგომების შემუშავება წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს, გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით. მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ერთიანი პოზიცია. დღევანდელი შეხვედრის მიზანია შევთანხმდეთ იმ პაკეტზე, რომელიც გვინდა მივიღოთ ვარშავიდან. ასევე მნიშვნელოვანია მაისში დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელზეც ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. დღეს მნიშვნელოვანია, სწორედ დავგეგმოთ საკომუნიკაციო სტრატეგია და ამაზე იქნება დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება ანტიდასავლური პროპაგანდა. სამხედრო დისციპლინით მომზადებული უნდა შევხვდეთ ვარშავის სამიტს. პოზიცია უნდა იყოს შემტევი და მიზანმიმართული. კომუნიკაცია საზოგადოებასთან თამამი უნდა გვქონდეს. რუსული პროპაგანდის არსი მგდომარეობს შემდეგში, რომ ნატოც კარგია და ევროკავშირიც, მაგრამ თქვენთვის არ არის. ჩვენი მიზანია ნატოს წევრობაა, მაგრამ ამასობაში მთავარი ამოცანა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კარი ჩვენ თვითონ არ ჩავკეტოთ, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაეთმო. მეორე – ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინების მართვას და კომუნიკაციას.

თავდაცვის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხი. ასევე გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობებსა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

`საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით“

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი – კონცეფცია განსახილველად მზად არის

შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის საეტაპო შემადგენელი ნაწილი სრულყოფილი რეზერვის ჩამოყალიბება იქნება.

თავდაცვის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ღია დიალოგს საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ და რამდენიმე დღეში სამსჯავროზე გამოიტანს საბაზისო მოსაზრებებს შეიარაღებული ძალების რეზერვის შესახებ. დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავისი მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები შეჯერებული საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს სამხედრო ექსპერტებიც. ასეთი მიდგომით ქვეყანას უკვე წელს ექნება საშუალება დაიწყოს რეზერვის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ღრმა პროფესიულ კომპეტენციას და საზოგადოების მხარდაჭერას დაეფუძნება.

რეზერვის კონცეფცია“ იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და მოქალაქეების მზადყოფნა თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში.

რეზერვის კონცეფციის“ ახალი პროექტი სამი ტიპის რეზერვის ცნებას ითვალისწინებს, „საარმიო რეზერვი, „ტერიტორიული რეზერვი და პროფესიული რეზერვი, რომლის მთავარი არსი, მისი დანიშნულება პირველ რიგში შეიარაღებული ძალების რეგულარული საბრძოლო ქვედანაყოფების გაძლიერება და მისი შევსებაა.
სწორედ ამ დანიშნულებით იქნება გამოყენებული „საარმიო რეზერვი. რა იქნება სიახლე? საარმიო რეზერვში“ ჩაირიცხებიან მხოლოდ ის პირები რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური ან იმსახურეს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ამ ტიპის რეზერვში მყოფ პირებს ჰქონდეთ საფუძვლიანი სამხედრო მომზადებაც (საბაზისო სამხედრო მომზადება, სპეციალიზაციის კურსები, საველე წვრთნები და ა.შ.) და სამხედრო გამოცდილებაც.

შეიარაღებულ ძალებში იქნება გაშლილი და კადრირებული ქვედანაყოფებიც, აგრეთვე ყველა ქვედანაყოფისთვის იარსებებს საომარი მდგომარეობის შტატები.
მაგალითად, ქვეითი ბატალიონი მშვიდობიანობის დროს შეიძლება იყოს სამი საბრძოლო ასეულით, მაგრამ ომის შემთხვევაში გადავიდეს ოთხ საბრძოლო ასეულის მქონე შტატზე. რაც ნიშნავს, რომ მოკლე სამობილიზაციო დროში, ერთი ბატალიონის ძალა და შესაძლებლობა ერთი საბრძოლო ასეულით (140 კაცამდე) გაიზრდება. იგივე პრინციპი იქნება კადრირებულ ქვედანაყოფების მიმართებაში, მშვიდობიანობის დროს ამ ქვედანაყოფებში მხოლოდ სამეთაურო და უზრუნველყოფის რგოლის სამეთაურო მოსამსახურეები იქნებიან, ხოლო ომის შემთხვევაში მიწერილი „საარმიო რეზერვის“ პირადი შემადგენლობის ხარჯზე გაიშლებიან სრული საბრძოლო შესაძლებლობის მქონე საბრძოლო ერთეულებად;

არსებული კონცეფციის თანახმად, „საარმიო რეზერვის“ იმ პირებთან, რომლებიც სამხედრო ქვედანაყოფების ზრდისთვის იქნება გამოყენებული, გაფორმდება ხელშეკრულება და ისინი ვალდებულნი იქნებიან მიწერილ ქვედანაყოფებში კვალიფიკაციის შესანარჩუნებელ სამობილიზაციო შეკრებებზე ყოველწლიურად გამოცხადდნენ. შეკრებების ხანგრძლივობა ჯამში არ აღემატება 45 კალენდარულ დღეს. ამ პირებთან ხელშეკრულება ორმხრივ ვალდებულებებს გაითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ რეზერვისტი ვალდებული იქნება მუდამ იყოს კომუნიკაციაში სამობილიზაციო სამსახურთან და ჰქონდეს შესაძლებლობა არა უგვიანეს 24 საათისა გამოცხადდეს თავშეყრის ან, მიწერის ადგილზე. სამაგიეროდ, ის მიიღებს გარკვეულ ანაზღაურებას და სხვადასხვა სოცილურ შეღავათებს.
ასეთი მიდგომით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, ომის შემთხვევაში ორჯერ და მეტჯერ გავზარდოთ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა ისე, რომ მისი პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ხარისხი იყოს მაღალი, ხოლო ქვედანაყოფების შერწყმის ვადა _ მოკლე.
ტერიტორიული რეზერვის“ შემთხვევაში სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საზოგადოებას განსხვავებულ მიდგომას ვთავაზობთ. პირველ რიგში, ეს არის მხოლოდ ჩარჩო ფორმა იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვაში ნებისმიერმა მოქალაქემ მონაწილეობა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მიიღოს.
ტერიტორიული რეზერვი“ არ იქნება ერთგვარი ჯგუფების ერთობლიობა, მასში თავს მოიყრის როგორც სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები, ასევე საბრძოლო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები თუ რაზმები.
მივყვეთ თანმიმდევრულად _„ტერიტორიული რეზერვი“ ეფუძნება მოხალისეობის პრინციპს (თუმცა თანამშრომლობა ითვალისწინებს ორმხრივ ვალდებულებებს ურთიერთობის მთელ პერიოდში). რეზერვისტი, ვალდებული იქნება წლის განმავლობაში 30-45 დღე მონაწილეობა მიიღოს წვრთნასა და ვარჯიშში. „ტერიტორიული რეზერვის“ გამოყენებისა და ორგანიზაციული მოწყობის პრინციპები გაწერილი იქნება „ეროვნული გვარდიის კონცეფციაში. აქვე დავამატებ, რომ „ტერიტორიული რეზერვის“ მომზადება, ორგანიზება და მართვა მთლიანად „ეროვნული გვარდიის“ ამოცანა იქნება. საარმიო და ტერიტორიული რეზერვი საშუალებას მოგვცემს, მთლიანად მოვიცვათ საბრძოლო, არასაბრძოლო და სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა სპექტრი. ოპტიმალურად გადავანაწილოთ სამობილიზაციო რესურსი შესაძლებლობებისა და მომზადების ხარისხის მიხედვით, ამასთანავე გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის თავდაცვის საქმეში.

მესამე კომპონენტი იქნება „პროფესიული რეზერვი, მისი არსი იქნება ინდივიდუალური მიდგომა იმ პირების მიმართ, რომლებსაც გააჩნიათ შეიარაღებული ძალებისათვის დეფიციტური ცოდნა და განათლება. ისინი გაწვეული იქნებიან რეზერვში და ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე, დაიკავებენ სხვადასხვა სამხედრო თანამდებობებს. ეს საშუალებას მოგვცემს უარი ვთქვათ „ვარსკვლავიანი შტატების“ მანკიერ პრაქტიკაზე, როდესაც იძულებული ვიყავით სამხედრო თანამდებობზე სამოქალაქო პირები დაგვენიშნა.

იმედს ვიტოვებთ, რომ საჯარო დისკუსიაშიც და შემდეგ რეზერვის ორგანიზების პრაქტიკულ ღონისძიებებშიც საზოგადოების აქტიურობა და თანამონაწილეობა დიდი იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების ან, მხოლოდ სამხედროების საქმე. ხვალ, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება მოუწიოს ფორმის ჩაცმა, იარაღის ხელში აღება და ქვეყნის დაცვა. ჩვენ თუ არა ჩვენს შვილებს, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს და ჩვენი ვალდებულებაა მათი ბრძოლა იყოს კარგად ორგანიზებული და მხარდაჭერილი ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან.
თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ მხოლოდ ის სახელმწიფოები და ერები ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, რომლებიც ქვეყნის თავდაცვაში სწორად აბალანსებდნენ პროფესიონალიზმსა და საყოველთაობას.

ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, სწორედ ასეთი დაბალანსებული თავდაცვის სისტემა შევქმნათ, რომელშიც პროფესიონალი სამხედროები და რეზერვისტი მოქალაქეები ერთობლიობაში მნიშვნელოვან სამხედრო ძალად ჩამოყალიბდებიან.

reservi - 1 gverdistvis

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროს გენდერის კვირეული – #ქალი ქვეყნის სამსახურში

3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გენდერული კვირეული ჩატარდა. #ქალი ქვეყნის სამხახურში – სწორედ ასეთი სახელწოდებით დასათაურდა კვირეული, რომელმაც როგორც შიდა აგრეთვე გარე აუდიტორიისთვის მრავალი საინტერესო ღონისძიება მოიცვა: ლექცია-დისკუსიებით, ვიზიტებით, ფოტოგამოფენებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დატვირთული კვირეული საინტერესო აღმოჩნდა როგორც სამინისტროში დასაქმებული ადამიანებისთვის აგრეთვე, სტუდენტებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. კვირეული 3 მარტს, მრავალშვილიან სამხედრო ოჯახში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტით დაიწყო. სამინისტრომ ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ლობჟანიძესა და მის მეუღლეს მეოთხე შვილის დაბადება მიულოცა.

ამავე დღეს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში საინტერესო პერფორმანსი წარმოადგინა. ერთდროულად, დედაქალაქში – ქართველმა ჯარისკაცებმა, გორში – ეროვნული თავდავის აკადემიის იუნკრებმა, ხოლო ქუთაისში – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა, ქალბატონებს დედის დღე იებით მიულოცეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა დედაქალაქში დედებს საჩუქარიც გაუკეთა. სამხედრო ორკესტრის ბენდმა ევროპის მოედანზე ქალბატონებისთვის კონცერტი გამართა და სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა.

3-8 marti4 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. ანა დოლიძემ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და 2016 წლის გეგმის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროში გენდერულ საკითხებზე პერმანენტული ხასიათის შეხვედრების მოწყობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა,­ გენდერული­ მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერება, გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზი, შეფასება, კვლევების, გამოკითხვების წარმოება, რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო მოდულების შექმნა და განვითარება 2016 წლის გენდერული გეგმის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს.

ამავე დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი _ ლიდერი“ გაიმართა. ლექციას სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის იუნკრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ქალი ლიდერების მომრავლება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხედვა სახელმწიფოს, უწყების, ერთი ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც ქალები საზოგადოებაში მეტად მონაწილეობენ, ბუნებრივია, მათ მოაქვთ განსხვავებული პერსპექტივა ამ ხედვებთან დაკავშირებით, მათ მოაქვთ საკუთარი გამოცდილება, მოაქვთ თანაგრძნობა და ბევრი ის თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ, აუცილებელია ხშირი საუბარი ამ თემაზე, იმაზე, რომ გვქონდეს შესაძლებლობა და ისეთი გარემო პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალი ქალი ლიდერის შექმნას, – განაცხადა ანა დოლიძემ.

7 მარტს სტუდენტებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექცია წარმოადგინა ხუთმა სპიკერმა, მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინი ბაქრაძემ, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ. ლექცია-დისკუსია ეხებოდა სამინისტროს გენდერულ პოლიტიკასა და გენდერულ წარმოდგენებს ქართულ საზოგადოებაში.

3-8 martiiiiiiმნიშვნელოვანია, რომ წელს თავდაცვის სამინისტრო, გენდერული თანასწორობის კუთხით, მოწინავე უწყებად აღიარეს. 2015 წლის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ხელმძღვანელ თანამდებობებზე 28.5% ქალი და 71.5% მამაკაცი მუშაობს.
სულ, სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთაგან 45.8% ქალია, ხოლო 54.2% მამაკაცი.

დღეისათვის სამინისტრო გენდერული თანასწორობის და გაეროს №1325 რეზოლუციის (გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუცია, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს) განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს წარმატებით ახორციელებს.

გენდერული თანასწორობის განმტკიცების მიზნით 2014 წელს შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია, რომლის განსახორციელებლად სამინისტროში გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი და გენდერული მრჩევლის ინსტიტუტიც შეიქმნა.
8 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერის კვირეული საზეიმოდ დაიხურა.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა. მან სამ ოფიცერ და ერთ სერჟანტ ქალბატონს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. ოფიცრებს – ნათია ჩიტაურს, ეკატერინე ხარაშვილს და რუსუდან რომელაშვილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭათ, სერჟანტ ნანა ცხადაძეს კი, თინათინ ხიდაშელმა საჩუქრად საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.

„ჩემი ამოცანაა, ყველა პრინციპის, ყველა წესის და სტანდარტის დაცვით, რაც შეიარაღებულ ძალებში მოქმედებს, შესაძლებლობების თანაბრობა გავაჩინოთ ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ჩვენ, ეს პროცესი სიმბოლურად 8 მარტს დავიწყეთ, როდესაც შეიარაღებულ ძალებს სამი ვიცე-პოლკოვნიკი ქალი შეემატა და გარწმუნებთ, რომ ასეთი სიურპრიზები, რომელიც მათი დამსახურებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარეობს, კვლავ იქნება. ქალებს შეიარაღებულ ძალებში წოდებრივი წინსვლა ექნებათ“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს გენდერის კვირეული

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

ავღანეთში დილით, ათი საათისთვის ჩავფრინდით. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტი იყო ცხელ მიწაზე. ბოლო ვიზიტისას, ვიზის უქონლობის გამო, აქ მხოლოდ ერთი თვე დავყავი. ახლა დიდი ხნით ჩამოვედი. 6-თვიანი სამშვიდობო მისია ჟურნალისტისთვის სერიოზული თავგადასავალი და გამოწვევაა.

ქაბულის აეროპორტში მეკავშირე ოფიცრები დაგვხვდნენ და ამერიკულ ბაზამდე მიგვაცილეს. „ფენიქსი“ თითქმის არ შეცვლილა. ამ ბაზაზე პირველი ვიზიტი გამახსენდა. ვიწრო ოთახი, სულ რაღაც 4 კვადრატული მეტრი, სიცხე, ემოციები და სურვილი – რაც შეიძლება მალე ჩავბმულიყავი სამშვიდობო მისიაში – არ მაძინებდა.

მეორე დღესვე აღმოვაჩინე, რომ აქ, ახალი ვალუტა არსებობს – ტყემალი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებში ყველაზე ძვირად ფასობს. თბილისიდან ერთი ქართველი ჯარისკაცი გამოგვყვა. ქაბულში კუბდარი და ხაჭაპური წამოეღო. ერთი თვე ვიზოგავდით მშობლიურ ცომეულს. ობიანიც უგემრიელესი იყო.

რამდენიმე დღეში საბუთები მოვაწესრიგეთ და ჰელმანდში გავემგზავრეთ. ჩვენ მიშა და გიორგი უნდა შევცვალოთ. ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრად ავღანეთში უკვე შვიდი თვეა მუშაობენ. წესია ასეთი. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს 7-თვიანი ინტერვალით ვენაცვლებით. ძველიPAO, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ახალს შტაბში წარადგენს და არსებულ სიტუაციასაც გააცნობს. მისიის გადაბარება, აღჭურვილობის, იარაღის, ვიდეო და ფოტოკამერის გადაფორმებას გულისხმობს. შესაბამისად, პირველ დღეებში საქმე ნაკლებია.

7 tve avghanetshi (2)ჰელმანდში გაუსაძლისი სიცხეა. სუნთქვა ჭირს. ყველგან მტვერია, ქვიშა და უდაბნო. ჩვენი ბიჭები ცხელ პროვინციაში მისიას მალე დაასრულებენ და სულ რამდენიმე კვირაში ყანდაღარში გადავალთ. ყანდაღარში ძღვენიც გვაქვს ჩასატანი. ერთ-ერთ ჯარისკაცთან ტყემალი გამოგვატანეს. ეს, უკვე აღარ მიკვირს. გზავნილების ფასს აქ მალევე ხვდები.

ყანდაღარში გამთენიისას გავფრინდით. გრილი დილა იყო. ბასტიონის აეროპორტში (ეს ბრიტანული სამხედრო აეროპორტია) გრძელი რიგი დაგვხვდა. დიდხანს მოგვიხდა ლოდინი მძიმე ბარგით – ჩანთები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და იარაღი. აეროპორტში ყავა ვიყიდე. ისეთი მუქი და ძლიერი იყო, გული მთელი დღე მიფრიალებდა.
ყანდაღარის აეროპორტი უზარმაზარია. გავცდით სამხედრო აეროპორტს, შემდეგ სამოქალაქოს და ISAF-ის წარწერასთან შევჩერდით. სპეცრაზმელებმა ბაზაზე გადაგვიყვანეს. გავიარეთ შემოწმება. ჩემმა ტყემალმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ახსნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ვიდრე არ გავასინჯე, ბრიტანელები ვერ მიხვდნენ რა იყო.

ბაზა ყანდაღარში საკმაოდ დიდია. როდესაც დიდ ბაზაზე მისიას იწყებ, პირველი, რაც უნდა გააკეთო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელი ოფიცერი უნდა გაიცნო. კოორდინირებული საქმიანობისთვის ეს აუცილებელია. ყანდაღარში ახალჩასულები პირველ გადაღებაზეც გავედით და ვიდეომასალა თბილისში გამოვაგზავნეთ. ეს, ჩვენი მისიის დაწყებას ნიშნავდა. საქმიანობის პარალელურად, ვარჯიშიც დავიწყე. ავღანეთი ის ადგილია, სადაც, როგორი ზარმაციც უნდა იყო, ვარჯიშის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდება.

ყანდაღარის საავიაციო ბაზა

ყანდაღარის საავიაციო ბაზა ერთ-ერთი მთავარი საავიაციო ბაზაა ავღანეთის სამხრეთით. ჩვენი რეინჯერების ამოცანა სწორედ მისი დაცვაა. ტერიტორია იმდენად ვრცელია, რომ ყაზარმიდან დიდ სასადილომდე, „ნაიგარამდე“ მისასვლელად ავტობუსი აუცილებლად გჭირდება. რა გინდა, იქ არ იყოს.
ყველაზე ახლომდებარე სასადილო შედარებით პატარაა და მას მხოლოდ დილით ვსტუმრობთ.

ქართველი რეინჯერები დგანან გარე, ანუ წინ წაწეულ ბაზაზეც. ეს, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზია. პირველი დარტყმა მათ უნდა მიიღონ და ძირითადი ბაზა შემოტევებისგან დაიცვან. აქ არ არსებობს მრავალფეროვანი სასადილოები, სპორტული დარბაზები, კეთილმოწყობილი საშხაპეები და საცხოვრებლები. ერთ-ერთი ასეთი ბაზა „შახ ვალი კოტი, ავღანური სოფლის მახლობლად მდებარეობს. ამ პატარა ბაზაზე ამერიკელ სამხედროებთან ერთად მხოლოდ ქართველი რეინჯერები არიან. არასდროს დამავიწყდება მშრალი საკვების გემო, რომელიც ამ ბაზაზე გავსინჯე. განსაკუთრებული გარემო, სახელდახელოდ მოწყობილი პირსაბანი და კარავში ჯარისკაცებთან ერთად გათენებული ღამეები. წინ წაწეულ ბაზაზე ბაროტრავმა მივიღე და სმენა დამიქვეითდა. ეს იყო ჩემი, ავღანური მსუბუქი იარა.

ავღანეთში ჩემი ყოფნის დროს ქართველები ყანდაღარში და ქაბულში იყვნენ. შემდეგ დაემატა ბაგრამის საავიაციო ბაზა და ბაზა „მარმალი“მაზარ-ი-შარიფში. ქაბულში დავრჩით, თუმცა ბაზა შევიცვალეთ. ქაბულში რამდენიმე ბაზაა და ერთ-ერთში ქართული სამხედრო წარმომადგენლობის ოფისია. ესაა ქართული სამშვიდობო მისიის ცენტრი.

[რეპორტაჟის გაგრძელება შემდეგ ნომერში]

ავტორი: გიორგი თუხარელი

7 tve avghanetshi

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

„გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“ ბათუმში

15 და 16 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, წარმოდგენილი იქნება ლექციებისა და ვიდეოჩვენებების ციკლი „გერმანული თეატრის ისტორია და დღევანდელობა“.

პროექტს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გოეთეს ინსტიტუტისა და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდ „კავკასიას“ მხარდაჭერით წარმოადგენს.

15 მარტს  წარმოდგენილი იქნება ლექციების ციკლი, გერმანელი რეჟისორის,  გერმანული სცენიური ნატურალიზმის ფუძემდებლის ოტო ბრამის შესახებ.  16 მარტს კი  გერმანული თეატრის ისტორია, რეინჰარდტიდან ბრეხტამდე.

ლექციების ციკლს,  ხელოვნების დოქტორი ლევან ხეთაგური გაუძღვება.

ბათუმში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს [ვიდეო]

დღეს 12 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გააპროტესტეს.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს თუ ვის მიერ მოხდა  ფარული ჩანაწერის  youtube-ზე ატვირთვა და კანონის შესაბამისად დაისაჯოს.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი, 11 მარტს გავრცელდა. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით ვიდეომასალის გავრცელებაზე გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს – ხოლო მისი მეორე ნაწილი – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება, ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა
საჯარო გამოსვლისას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში ბუნებრივი გაზის თითქმის შვიდმაგი გადასახადი მიუვიდათ. მოქალაქეების თქმით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, მოხმარებული გაზის გადასახადს „სოკარის“ წარმომადგენლების ზეპირი მითითების საფუძველზე, ქვითრის გარეშე იხდიდნენ. „თებერვლის ქვითარზე კი 500 ლარი და მეტი თანხა იყო დაწერილი“, –  აცხადებენ ისინი. მათი აზრით, კომპანია მომხმარებლის უფლებებს არღვევს. მოქალაქეები თანხის ჩამოწერას ითხოვენ, ან კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ.
ასლან აბაშიძის 105 ნომერში მცხოვრები მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის საფასურს სტაბილურად 50-70 ლარს იხდიდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ქვითრის გამოგზავნა შეწყვიტა, დახარჯულ თანხას ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ფარავდა.
„სალარო აპარატი რა თანხასაც მაჩვენებდა, იმდენს ვიხდიდი, ან ოფისში ვრეკავდი და რასაც ოპერატორი მეუბნებოდა, ის თანხა შემქონდა. 70 ლარზე მეტი არ გადამიხდია. სექტემბრის შემდეგ ქვითარი პირველად მოვიდა თებერვალში და 547 ლარი იყო გადასახადი. შეუძლებელია, ამდენი დამეხარჯა“.
როგორც მაყვალა იაკობაძე ამბობს, სიტუაციაში გარკვევის მიზნით ის კომპანიის ოფისშიც მივიდა და გადახდილი თანხის ამონაწერი მოითხოვა: „მითხრეს, რომ ეს თანხა დავალიანების გამო დაგროვდა. მოვითხოვე ამონაწერი და როცა მომცეს ვკითხე, თუ რატომ არ აისახა შეტანილი თანხა. ამაზე პასუხი ვერ მივიღე“.

 

IMG_7425
იგივე პრობლემა აქვს თინა კონცელიძესაც. „არც ჩემთან მოსულა ქვითარი ხუთი თვის განმავლობაში, ახლა მოვიდა და მაქვს 500 ლარი გადასახდელი. ოფისში ვრეკავდი და რასაც მეუბნებოდნენ,იმდენი შემქონდა. ყველა თვეში მაქვს გადახდილი, არ ვიცი ამხელა თანხა რატომ დამაწერეს. შეუძლებელია ერთ თვეში ამდენი გაზი მომეხმარა“, – ამბობს ის.
ამავე ქუჩაზე მცხოვრებ თამილა ფასანაძესაც მიაჩნია, რომ პრობლემა „სოკარის“ მენეჯმენტშია და არა მომხმარებელში.
„ამონაწერს ვინც აკეთებდა, ის თანამშრომელი გაუშვიათ სამსახურიდან, დარღვევები ჰქონდაო. თუ ის არ ასრულებდა მოვალეობას, ჩვენ რა შუაში ვართ“.
მოქალაქეები ამბობენ, რომ „სოკარი“ მათ დავალიანების დაფარვას სამ თვეში სთხოვს. „წინააღმდეგ შემთხვევაში გაზს ჩაგიჭრითო. როგორ უნდა გადავიხადოთ ამდენი თანხა? ეს შეუძლებელია. ან ვადები გაგვიგრძელონ, ან მივმართავთ სასამართლოს“, – ამბობს მაყვალა იაკობაძე.
კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ სხვა მოქალაქეებსაც. ვახტანგ იაკობაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირი სულ რამდენიმე დღეა რაც ჩართო, თუმცა გადასახადი მასაც 500 ლარი მიუვიდა. „73 წლის კაცი ვარ, სამუშაო მე არ მაქვს და სხვა შემოსავალი. რითი გადავიხადო? ან რატომ უნდა გადავიხადო ის, რაც არ დამიხარჯავს.“
„სოკარის“ პრეტენზიებს ჰაერში გამოკიდებული მრიცხველების გამოც უყენებს მოსახლეობა.
„შეხედეთ, რა მდგომარეობაში დატოვეს მრიცხველები. ამ სახლების წინ არხი იყო, მერიამ საზღვრები უკან გადმოწია, ამიტომ მრიცხველები შუა ქუჩაში დარჩა გამოკიდებული. ხან ვინ ეჯახება, ხან – ვინ. ამასწინათ მანქანა დაეჯახა, „სოკარში“ გვითხრეს პატრული იპოვის და გააკეთებინებსო. ორი თვე გავიდა და არავინ მოსულა, ისევ ჩვენ შევაკეთეთ“, -ამბობენ ამ ქუჩის მცხოვრებლები.

 

IMG_7428
მოსახლეობის აზრით, უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. გარდა ჰაერში გამოკიდებული ბუნებრივი აირის მრიცხველებისა, ქუჩებში ყრია სხვადასხვა მძიმე მასალა, რომელიც წყლის არხის გადაკეტვის შემდეგ ქუჩაში დარჩა. მოსახლეობა როგორც კომპანიისგან, ასევე მერიისგან ყურადღებას ითხოვს.
„სოკართან“ პრობლემები აქვს კიდევ ერთ მოქალაქეს, ნანა პატარაიას, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში ცხოვრობს. რესპონდენტი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მილი მის ეზოში გადის, თუმცა მასზე მიერთების უფლებას მას არ აძლევენ:
„ეს მილი თითქმის ერთი წელია გაიყვანეს, ისე რომ ჩემგან თანხმობა არ მიუღიათ. მოგვიანებით, როცა „სოკარს“ მილზე ჩემი სახლის მიერთება ვთხოვე, მითხრეს მილი კერძო პირის თხოვნით გავიყვანეთ და მისი ნებართვაა საჭიროო. ეს კერძო პირი ჩემი მეზობელია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, შესაბამისად, ის გაზის მილზე მიერთების უფლებას არ გვაძლევს“, – ამბობს ნანა პატარაია.
მისი აზრით, „სოკარმა“ დაარღვია მისი, როგორც კერძო მესაკუთრის უფლება, როცა თანხმობის გარეშე გაიყვანა ეზოში გაზის მილი, ახლა კი სხვა პირის ნებართვის გარეშე არ აძლევს უფლებას მის ეზოში შესული გაზის მილით ისარგებლოს.
„სოკარმა“ პროექტიც დამიმზადა, რომელსაც ყდაზე ეწერა: „განხორციელდება მხოლოდ მეზობლის თანხმობით“. მე რატომ უნდა დამჭირდეს მეზობლის ნებართვა, როცა გაზის მილი ჩემს ეზოში გადის? თუ მეზობლის ნებართვა მჭირდება, მაშინ „სოკარის“ სახელზე რატომ მაწერინებენ განცხადებას“, – კითხულობს ნანა პატარაია.
კომპანიის პიარმენეჯერმა თეონა რუხაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „სოკარის“ ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. ცხელი ხაზის ოპერატორის,ნათია კაპანაძის თქმით, ქვითრის მიუსვლელობა მომხმარებელს არ ათავისუფლებს გადასახადისგან. „ქვითარი შეიძლება დაიკარგოს და ამაზე პასუხისმგებელი კომპანია არ არის“, – გვეუბნება ის. ოპერატორის თქმით, მომხმარებელს დარიცხული თანხის ოდენობის გარკვევა აბონენტის ნომრით შეუძლია. „თვითონ შეუძლიათ ამოიწერონ მრიცხველზე ჩვენება, გადაამრავლონ ტარიფზე და იმის მიხედვით გადაიხადონ“.

 

gen. aslan abaSizis qucis macxovreblebi
რაც შეეხება ზედმეტად დარიცხულ თანხას, ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს: „ჩვენების გადამოწმების გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, დარიცხული თანხა არის მოხმარებული ენერგიის საფასური თუ რაიმე გაუგებრობაა. აბონენტი დაგვიკავშირდეს.უნდა გაირკვეს როგორი იყო მრიცხველის ჩვენება. თუ ჩვენება სწორად აქვთ აღებული, მაშინ ვაგზავნით ავარიულ ჯგუფს და ვარკვევთ ხომ არ იყო სადმე გაჟონვა. შეუძლიათ სერვისცენტრებს მიმართონ განცხადებით“.
ენერგოომბუდსმენის, ბექა სიორდიას განცხადებით, მან შეისწავლა საკითხი და აღმოჩნდა, რომ ის თანხა, რომელიც მოსახლეობას დააწერეს, მოხმარებული ენერგიის საფასურია და „მომხმარებელი რომ არ დაზარალდეს, დავალიანებას გადაუნაწილებენ ხუთ თვეზე“.
რაც შეეხება ნანა პატარაიას საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ კერძო ეზოში მეპატრონის გარეშე მილს ვერ გაიყვანდნენ: „თუ მილი ეკუთვნის „სოკარს“, ის არის პასუხისმგებელი ოჯახის გაზიფიცირებაზე, მაგრამ თუ მილი კერძო პირის სახელზეა რეგისტრირებული, ამ პირისგან ნებართვის აღება დასჭირდება“.

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი?

„იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. ამიტომ, კაზინოები ბათუმში არის დამატებითი სერვისი ტურისტული თვალსაზრისით,“ – ამბობს სოფიო ლაზიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

დეპარტამენტის მონაცემებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის მოქალაქეებიც ბათუმში ტურისტად შემოდიან, ბოლო წლების განმავლობაში პირველ ადგილზეა თურქეთი [ვიზიტორთა რაოდენობით], შემდეგ აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და სხვა ქვეყნები.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება კაზინოს მომხმარებელთა რაოდენობა, ზოგადად, ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სოფიო ლაზიშვილი ამბობს, რომ ისინი სტატისტიკას იღებენ კონკრეტული სასტუმროებიდან – რამდენი ადამიანი გაჩერდა მათთან ქვეყნების მიხედვით: „იქ გაჩერებული ადამიანებიდან კი, რამდენი კაზინოში სათამაშოდ ჩამოვიდა და რამდენი ქალაქის, ბუნების დასათვალიერებლად გავიდა, ამისი კონკრეტული სტატისტიკა არ გვაქვს… თუმცა, ამ კაზინოებიდან რაღაც მოსაკრებელი რჩება ბათუმის ადგილობრივ ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია განსაზღვრა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში კაზინოების არსებობა“.

ტურიზმის სპეციალისტი ზვიად ელიზიანი სათამაშო ბიზნესის დადებით ეფექტებზე საუბრისას ამბობს, რომ „კაზინოები იხდიან გადასახადებს, დასაქმებული არიან ადამიანები… კაზინო მაინც სპეციფიკური ბიზნესია და იდეაში შესაძლოა იყოს აღურიცხავი შემოსავლებიც, თუმცა კანონმდებლობით შემოსავლების დეკლარირება მაინც ხდება. აქედან გამომდინარე, ანუ შემოსავლების კუთხით, კაზინოებისგან მიღებული ეფექტი რაღაც დოზით დათვლადიც არის“.

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ინფორმაციით, „ბათუმში მოქმედ კაზინოებში განთავსებულია 138 მაგიდა და 1475 სათამაშო აპარატი [მონაცემი გამოყვანილია გადახდების ანალიზის შედეგად]. სათამაშო ბიზნესიდან კი ბათუმის ბიუჯეტში 2015 წელს ჯამში შენატანი 15,5 მილიონი ლარი იყო. აქედან 8,3 მილიონი ლარი მაგიდებიდან, ხოლო 6,6 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებიდან. ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 18 000 ლარს, ხოლო ერთ აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 ათას ლარს“  [შედარებისთვის, სათამაშო ბიზნესიდან 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა].

11 მოქმედი კაზინოდან ოთხი, გასული წლის ექვს თვეში გაიხსნა. თუ გავითვალისწინებთ იმ კაზინოების რაოდენობასაც, რომელთა ამოქმედებაც გადაწყვეტილია, ბათუმში მალე 22 კაზინო იქნება.

ზვიად ელიზიანის თქმით, კაზინოების რაოდენობა იზრდება მათზე მოთხოვნის გამო: „კაზინო-ტურისტები საკმაოდ სპეციფიკურია, ისინი არ არიან ჩვეულებრივი ტურისტები. უმეტესობისთვის, ვინც სათამაშოდ ჩამოდის, მხოლოდ ესაა საინტერესო. დანარჩენი, ვთქვათ, ქალაქის დათვალიერება, შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს. თუმცა, ამისი გაანალიზებაც შესაძლებელია კვლევის მეშვეობით, ან კაზინოებთან თანამშრომლობით – ანუ, ვინც ჩამოდის სათამაშოდ, იმათი 15-20% მაინც ათავსებს თუ არა თან დასვენებას და თან თამაშს. თუ თამაში მათთვის არ არის ერთადერთი იდეაფიქსი, შეიძლება დამატებითი, მათზე მორგებული სერვისები შესთავაზო. ვთქვათ, ტურები, ან რაღაც ივენთები და ამით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ქალაქმა, რეგიონმა და ქვეყანამ“.

ზვიად ელიზიანი მიიჩნევს, რომ რადგან მოთხოვნა არის ამ სეგმენტზე და მას დადებითი მხარეც აშკარად აქვს, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური თანმდევი ეფექტები, რაც ახლავს ამ ბიზნესს და მაქსიმალურად გააძლიეროს პოზიტიური მხარე. „კაზინოს ტურიზმი ცალკე სეგმენტია, რომელსაც კონკრეტული კლიენტურა ჰყავს. თუ აკრძალავ, მოთხოვნა ბაზარზე დარჩება და ეს სეგმენტი გადაინაცვლებს სხვაგან, დავუშვათ, ევროპაში, თუნდაც კვიპროსში. ტურისტების მოზიდვის კუთხით, სტიმულირებაზე თუ აიღებს აქცენტს ქვეყანა, შეიძლება პიარ ან/და მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩადება ამ სეგმენტის, რათა უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.“

სოფიო ლაზიშვილის თქმით, დეპარტამენტი რეგიონს რეკლამას უწევს საერთაშორისო ბაზრებზე, ყველა მისი შესაძლო ტურისტული მიმართულებებით, მათ შორის კაზინოების სეგმენტის კუთხითაც, თუმცა რა პროცენტი უჭირავს ამ სეგმენტს ტურიზმის სფეროში, დაკონკრეტება რთულია.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი და შიდა ტურისტების კვლევას. მონაცემებს ვამუშავებთ და ალბათ მარტის ბოლოსთვის გამოვაქვეყნებთ. კვლევაში იქნება პასუხები კითხვებზე – რა მიზნით ჩამოხვედით, რა მოინახულეთ და ა.შ. და ამ კვლევამაც შესაძლოა აჩვენოს კონკრეტული რამ, რაც კაზინოებთანაა  დაკავშირებული“.

ზვიად ელიზიანის თქმით, ბათუმის კაზინოებს, ძირითადად, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ცოტა ნაკლებად, მაგრამ ისრაელიდანაც სტუმრობენ. ადრე ერაყიდან და შუა აზიის ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ კი შესაძლოა ირანიდანაც გაიზარდოს იმ ვიზიტორთა რიცხვი, რომლებიც ბათუმში, კონკრეტულად კაზინოში სათამაშოდ ჩამოვლენ.

ბათუმში დღეს მოქმედი კაზინოებია: „აჭარაბეთი“, „შერატონი“, „ინტურისტი“, „ივერია“, „ევროპაბეთი“ , „Leo Grand“-ი,  „გოლდენ პალასი“, „კამპიონე“, „ინტერნაციონალი“, „სენატორი“ და „პრეზიდენტი“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კაზინოები ეტაპობრივად ამოქმედდება ასევე: გოგებაშვილის N10-ში [მესაკუთრე შპს „ქროსვეისი“], მწვანეს N1-ში [სს „მეტრო ატლას ჯორჯია“], მ. აბაშიძის N33-ში [შპს „აქთივ ბათუმი“], გოგებაშვილის N10/12-ის მიმდებარედ [შპს „ადოგ ჯორჯია“], რუსთაველის N30/ნინოშვილის N23 [შპს „ტამ ჯეო“], ხიმშიაშვილის ქუჩის გასწვრივ [შპს „მარინა კოლიზეუმი“], ჟღენტის ქუჩა [ყოფილი სტადიონის ტერიტორია, შპს „GIMG“], შ. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ [სს „იაფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთი“], კახაბრის დასახლებაში [სს „მეტრო ატლას ჯორჯია“] და ასევე კახაბრის დასახლებაში [შპს „ეიერ-მერიდიანსი“]. „ბათუმელების“ ინფორმაციით კაზინოები ასევე გაიხსნება „პორტა ბათუმი თაუერში“ [შპს სისთემ ინშაათი“] და ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში [შპს „ბათუმი თაუერი“].

GE DIGITAL CAMERA

 

„უთქმელი ისტორიები“ – დისკუსია ქალი მოღვაწეების შესახებ

დღეს, 12 მარტს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართება საჯარო დისკუსია ისტორიული ქალი მოღვაწების შესახებ. დისკუსიის თემაა – „უთქმელი ისტორიები“.

შეხვედრის მიზანია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ქალების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, რაიონისა თუ მთლიანად ქვეყნის ან ქალთა მოძრაობის განვითარებაში.

შეხვედრას უძღვება ქალთა კლუბის წევრი, ნინო ტავლალაშვილი.

 

რატომ ჭრიან ქალაქში ჭადრებს? [ვიდეო]

დღეს  12 მარტს, ბათუმში  ლერმონტოვის ქუჩაზე ოთხი ჭადარი ამოიღეს.  უფრო ადრე, 9 მარტს, ჭადრები  გამსახურდიას და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაშიც მოჭრეს და მის ნაცვლად პალმები დარგეს.

რატომ ჭრიან ჭადრებს ქალაქში? – ამ კითხვით ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს მივმართეთ. სამსახურის უფროსის მოადგილის, შავლეგ ფხაკაძის განცხადებით, ხეები ქუჩის რეაბილიტაციას უშლიდა ხელს და ამიტომ მოხდა მისი ამოღება.

„სამი ჭადარი ამოვიღეთ, ამას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა. ბორდიურების გაკეთებას უშლიდა ხელს. მის ნაცვლად სხვა მარადმწვანე ხეებს დავრგავთ“- აცხადებს ის „ბათუმელებთან“ საუბარში.

წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია – საპროტესტო აქცია ხულოში

დღეს, 12 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში წაბლანა-ყინჩაურის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. სოფლის მოსახლეობა, მათივე თქმით, ჰესების მშენებლობის შედეგად მათი კერძო საკუთრების დაზიანებას აპროტესტებს.

სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, გვირაბის მშენებლობის შედეგად დაზიანდა მათი კერძო სავარგულები და საყანე ადგილები. მოსახლეობა როგორც ხელისუფლებას, ასევე ნორვეგიულ კომპანიას სთხოვს, რომ დაიცვან მათი უფლება და ზიანი არ მიაყენონ მათ საკუთრებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ადრეც მიმართეს კომპანიას და ხელისუფლებას, თუმცა მათგან არავინ გამოხმაურებია.

„ჩვენ გვაინტერესებს, რას მივიღებთ ჩვენი ქონების დაზიანების სანაცვლოდ და როგორ გადაწყდება ჩვენი საკითხი, შევძლებთ ამ სოფლებში ცხოვრებას, თუ ვერა,“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ხულო-წაბლანის გზის მონაკვეთი გადაუკეტეს იმ ავტომანქანებს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობენ.

როგორც „ბათუმელებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ უთხრა, საპროტესტო აქციაში 250 ადამიანი მონაწილეობს.

ბსუ-ს სტუდენტი უნივერსიტეტისა და სახელისუფლო ძალებს შორის ბრძოლაზე

გიორგი ბაგრატიონი, სტუდენტი

39351ვფიქრობ, ყველა კარგად ვხდებით, თუ რა ხდება დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში. ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტსა და სახელისუფლებო ძალებს შორის, უნივერსიტეტიის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დასაცავად. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მაინც ორად იყოფა: ისინი, ვინც აანალიზებენ და იცავენ უნივერსიტეტს და ისინი, ვინც გარკვეული არიან სიტუაციაში, მაგრამ ვერ აღიარებენ, შესაბამისად, უნივერსიტეტს ვერც იცავენ. სწორედ მეორე კატეგორიას შემიძლია მივაკუთვნო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის გამოხმაურება დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სოლიდარობის აქციისადმი.

ვფიქრობ, არსებული ბიუროკრატიული სისტემის ახსნა [თუ როგორ შეიძლება უნივერსიტეტში ოფიციალურად იმყოფებოდეს “უშიშროების” წარმომადგენელი] მხოლოდ იმას გვანიშნებს, რომ რექტორს სურს ყურადღება გადაიტანოს მეორეხარისხოვან საკითხზე [ანუ სამართლებრივ ჩარჩოზე, თუ როგორ შეიძლება მიხდეს “უშიშროების” წამომადგენელი უნივერსიტეტში ოფიციალურად] და თავი აარიდოს მთავარს. მარტივია გავამართლოთ სისტემა ასე, ვინაიდან წმინდა ბიუროკრატიული თუ სამართლებრივი გზებით არ შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ დღეს უნივერსიტეტის პოლიტიკაში დიდწილად ერევიან გარე ძალები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მარტივი და მიღებული პრაქტიკაა, სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ საკითხი, რათა ვერ გავცდეთ მას და ვერ მივიდეთ იმ რეალობასთან, რომელსაც ჩარჩოს გარეთ, არაფორმალურ სივრცეში ვხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ საუნივერსიტეტო პოლიტიკაში ერევიან არაფორმალურად, სტუდენტები კარგად ვხვდებით რასთანაც გვაქვს საქმე, სწორედ ამიტომ გამიჩნდა პროტესტი იმ განცხადების მიმართ, რაც დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

არ ვიცი რა ისაუბრა ბატონმა მერაბმა კადრს მიღმა, მაგრამ კარგად მახსოვს მისი ქმედება, როცა დილით აქციის დაწყებამდე მოვიდა ჩვენთან და ეცადა გაერკვია, თუ რაში იყო საქმე. როდესაც მე საუბარი დავიწყე იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც შეეხებოდა უნივერსიტეტის საქმიანობაში სუს-ის ჩარევას, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას და როდესაც გაისმა ერთ-ერთი ჟურნალისტის ხმა – „კამერა მოამზადე”, მან თავი აარიდა საუბარს და უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია.

საინტერესოა, რატომ აარიდა თავი ბატონმა მერაბმა ამ საკითხზე საუბარს თუკი იცის, რომ უნივერსიტეტი სრულიად დამოუკიდებელია?

მინდა რექტორს შევახსენო ერთი ფაქტი – რამდენიმე თვის წინ, ისევე როგორც თსუ-ში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყო მცდელობა კანცლერის უალტერნატივოდ დანიშვნისა და ეს მცდელობა წარმატებით შესრულდა, თუმცა საინტერესო ის ფაქტებია, რაც ამ მოვლენას უსწრებდა.

ერთ დღეს უნივერსიტეტის ეზოში ვხედავთ თუ როგორ შემოდის უშიშროების წარმომადგენელი [რომელიც დიდი ხანია კაბინეტიდან კაბინეტში შეიარაღებული დაიარება, მინდა სახელიც ვაცნობო რექტორს, ეს პიროვნება არის სახელად ენრიკო], რომელიც დემონსტრაციულად, დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს ყოფილ კანცლერთან, ხოლო მეორე დღით ვიგებთ ინფორმაციას, რომ კანცლერი განცხადებას წერს თანამდებობის დატოვების შესახებ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 7 თვე აქვს ვადა. ამ საკითხის განხილვას ხმაური მოყვა წარმომადგენლობით საბჭოზეც, თუმცა მან მაინც დატოვა თანამდებობა და გამოცხადდა არჩევნები, სადაც ტრადიციულად უალტერნატივო კანტიდატმა „გაიმარჯვა“… ცხადია, ყოფილი კანცლერი უნივერსიტეტიდან არ გაუშვეს და შეუქმნეს შტატი [კანცლერის მოადგილე, თუ არ ვცდები] მაღალი ანაზღაურებით. სამწუხაროა, რომ ამ რეალობას ვერ შეეწინააღმდეგა ორგანიზებული სტუდენტური ძალა, მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს და რა პოზიცია აქვს რექტორს ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ საკითხს, იცის თუ არა რექტორმა ამ პიროვნების ეგრეთ წოდებული “ოდერის” არსებობის შესახებ? – რამდენიმე დღის წინ თავად ვნახე, თუ როგორ მიიწევდა ზემოთაღნიშნული პიროვნება ორმაგი კარებით შენიღბული კაბინეტისაკენ, რომლის უკანაც თავად რექტორი იმყოფება.

აღარაფერს ვამბობ თვითმმართველობის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც სხვადასხვა შეხვედრის, აქციის, შიდა დაპირისპირების შემდეგ უშიშროების წარმომადგენელებს ხვდებიან. დღესაც გვქონდა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ისინი ინფორმაციას აგროვებდნენ, როცა აქციის მიმდინარეობისას, ჩვენს წინ შეჩერდა თვითმმართველობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მინურ პაქსაძის ავტომობილი და გარკვეული დროის განმავლობაში გვაკვირდებოდა მობილურზე საუბრის პარალელურად. [ეს პიროვნება შემჩნეულია სხვა აქციების დროს აქტიურობაშიც].

მინდა მივმართო ყველას, ვისაც რეალურად აღელვებს დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში მიმდინარე პროცესები, იქნება ეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პროფესორი თუ სტუდენტი. დღეს თსუ-ში მიმდინარე პროცესები არის ბრძოლა უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისათვის, ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ თსუ-ს დამოუკიდებლობისთვის, არამედ ზოგადად, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის და, შესაბამისად, ყველა ჩვენთაგანის ინტერესში შედის, ჩვენ მხოლოდ მეტი პრინციპულობა გვჭირდება, იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ სად დგას პირადი ინტერესები მაშინ, როცა უნივერსიტეტზე გვაქვს საუბარი.

და ბოლოს მინდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ მერაბ ხალვაშს გავაცნო ჩემი მოკრძალებული პოზიცია.

დღეს, თსუ-ში, ის სტუდენტები, რომლებიც იბრძვიან კონკრეტული იდეისთვის, რომლებიც იბრძვიან უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვის, ისინი, რომლებსაც შეიძლება არანაირი შეხება არ ჰქონდეთ ბათუმის უნივერსიტეტთან, უფრო მეტად იცავენ ჩვენი უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას, ვიდრე თავად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავად რექტორი.

დისკუსია ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

რისთვის იყენებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებს? – თემაზე დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ვინაიდან ა(ა)იპ-ებს არ აქვთ კონკურსის ჩატარების ვალდებულება, წლების განმავლობაში ფიქსირდება ეჭვი, რომ ა(ა)იპ-ებს მმართველი პოლიტიკური ძალა აქტივისტებისა და ახლობლების დასასაქმებლად იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმის ა(ა)იპ-ებში საშტატო ერთეულების რაოდენობა 122-ით გაიზარდა.

„საშტატო ერთეულები გაიზარდა იმიტომ, რომ ამის საჭიროება იყო,“ – თქვა დისკუსიაზე ირაკლი მიქელაძემ, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ შტატები ძირითადად საბავშვო ბაღებში გაიზარდა.

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯუმბერ კახიძე შეხვედრაზე დაჯამებული ციფრებით მოვიდა. მან დღევანდელი მოცემულობა 2013 წელს შეადარა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ წელიწადში მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 927-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლბით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ძირითადად 2013 წელს გაიზარდა.

„მაგ დროს უმრავლესობაში თქვენ იყავით და იმიტომ. ჯერ კიდევ 2012 წელს თქვენ მოადგილეების შტატებიც დაუმატეთ ა(ა)იპ-ების დირექტორებს,“ – თქვა მონაცემების საპასუხოდ ირაკლი მიქელაძემ. „თუ გასაუქმებელი იყო, რატომ არ გააუქმეთ?“ – იკითხა ჯუმბერ კახიძემ. „არ გავაუქმეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ადამიანია მთავარი,“ – თქვა რეპლიკის სახით ნატალია ზოიძემ, საკრებულს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.

„მთავარი არის ის, რომ არავინ ასაბუთებს, რისთვის ჩნდება ახალი ვაკანსიები, რა საჭიროება არსებობს და როგორ ხდება თანამშრომლების შერჩევა“ – ეს დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, კობა ჩხეიძემ თქვა. ის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელია.

დისკუსიის დასასრულს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მექანიზმები ა(ა)იპ-ებში დასაქმებაზე შესამუშავებელია. „კონკურსს ვერ ჩავატარებთ. ეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება არ არის“ – თქვა მიქელაძემ. „ამის უფლება მერიას აქვს,“ – თქვა დარბაზში მყოფმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა.

დღევანდელ დისკუსიას მოუცლელობის მიზეზით არ დაესწრო ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი. დისკუსიაზე 14 ა(ა)იპ-დან მხოლოდ ერთის ხელმძღვანელი მოვიდა – ალეკო თევზაძე, რომელიც მერის მრჩევლად მუშაობდა და ამჟამად ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელია.

დისკუსიის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართულობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულბის გაზრდა.

 

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მხოლოდ 8 ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში სულ 8 ადამიანი დაჯარიმდა, 4 – ნიშანში დგომისთვის და 4 – ტროტუარზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს ჯილდო გადაეცა

11111აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს სტენდი ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin -2016“ სპეციალური პრიზით – „ღვინის ტურიზმის საუკეთესო მიმართულება“ -დაჯილდოვდა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარდგენილი.

დეპარტამენტის ცნობით, გამოფენის ფარგლებში, რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბერლინში საქმიან შეხვედრებს მართავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილი. ის უკვე შეხვდა მეკლენბურგის ოლქის (ქალაქი როსტოკი) ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის Skal, მაკედონიის, ქვემო ბავარიისა და ვალონიის რეგიონის (ბელგია) ტურიზმის სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს. დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა TAV holding–ს, პოლონეთისა და ლიტვის მსხვილ ტურ ოპერატორებს Sun and Fun და Novaturas წარმომადგენლებს აჭარაში ფრენების დაწყებით დაინტერესების მიზნით.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 9 მარტს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ყოველწლიურად 170 ათასამდე დამთვალიერებელს ითვლის. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 180 ქვენის 11 ათასამდე ორგანიზაცია წარადგენს. ტურიზმის სფეროში იგი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოფიციალურად წარადგინეს


დღეს ბათუმში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა.

თეიმურაზ ქორიძის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული  წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოებში.

„ჩვენ ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. ოფისი გააგრძელებს მიმდინარე თემებზე მუშაობას – პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, სოციალური თემატიკის შესწავლას, ინდივიდუალურ საჩივრების განხილვას და სხვა. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, ჟურნალისტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა,“ – თქვა ციალა ქათამიძემ.

ციალა ქათამიძე სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა. მას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში, უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობისა.

 

ციალა ქათამიძე
ციალა ქათამიძე

ამავე თემაზე:

ციალა ქათამიძე აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენლად დაინიშნა

ბათუმში ახლა პირველი საათია

ბათუმში ახლა პირველი საათია – ყოველ შემთხვევაში ამ დროს უჩვენებს ერას მოედანზე დამონტაჟებული საათის ისრები. ქალაქში, სადაც ტურისტის მოსაზიდად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ, ტურისტულ ადგილებში დამონტაჟებული საათები გაუმართავია. ბათუმის მერია, რომელიც ქალაქის მართვაზეა პასუხისმგებელი, ტურისტულ ადგილებში საათების გამართვასაც კი ვერ უზრუნველყოფს.

კითხვაზე – უხერხული ხომ არ არის ბათუმში ტურისტების თავშეყრის ადგილებზე დამონტაჟებული საათის ისრები არარეალურ დროს რომ უჩვენებს? – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადეობასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მერი ემირიძე პასუხობს, რომ უხერხულია და მის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტში არ იცოდნენ: „ჩვენი კომპეტენცია არ არის, თუმცა შეგვიძლია რეკომენდაცია მივცეთ მერიას ამაზე.“

გაჩერებულ საათებთან დაკავშირებით განცხადება დღეს, ევროპის მოედანზე ენმ-ის ბათუმის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ მანანა ილურიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, ქალაქში საათების დროის გაჩერებას სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

„ბათუმელები“ მერიასაც დაუკავშირდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საათების გამართვის უზრუნველყოფა ევალება კომპანიას, რომელთანაც მერიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. რატომ ვერ ახერხებს ეს კომპანია მოვალეობის შესრულებას და ვისი კომპეტენციაა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი? – ამ კითხვებზე პასუხები “ბათუმელებს” ჯერჯერობით არ მიუღია.

საათი ევროპის მოედანზე
გაჩერებული საათი ევროპის მოედანზე
საათი გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში
გაჩერებული საათი გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში

მთავრობამ უსკოს თავმჯდომარეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა

გუშინ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატობისა და წევრობის მსურველთა განაცხადებების მიღება დასრულდა და დღეს აჭარის მთავრობამ სიები გამოაქვეყნა.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად, 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია შემდეგია: 

  1.     ბოლქვაძე რამაზ
  2.     დიასამიძე სოფიო
  3.     იაკობაძე ზებურ
  4.     კახაძე სოფიო
  5.     კვაჭაძე დავით
  6.     კიკაბიძე მიხეილ
  7.     მამულაძე ვლადიმერ
  8.     ფარტენაძე დავით
  9.     ქარცივაძე დავით
  10.  ძირკვაძე ნარგიზ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  წევრის თანამდებობის დასაკავებლად, 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია კი ასე გამოიყურება:  

  1.     ბერიძე თემურ
  2.     გვარამია ირაკლი
  3.     დიასამიძე ნერიმან
  4.     დიასამიძე სოფიო
  5.     ზაალიშვილი ზაალ
  6.     იაკობაძე ზებურ
  7.     კახაძე სოფიო
  8.    კიკაბიძე მიხეილ
  9.    მამულაძე ვლადიმერ
  10.  მიქელაძე რუსუდან
  11.  ნაკაშიძე ემმა
  12.  ფარტენაძე დავით
  13.  ქარცივაძე დავით
  14.  შაქარაძე ნინო
  15.  ძირკვაძე ნარგიზ
  16.  ხოზრევანიძე თამარ
  17.  ჯაიანი კახაბერ
  18.  ჯაში მამუკა
  19.  ჯიქია ქეთევან

“ბათუმელები” დამატებით ინფორმაციას აპლიკანტთა შესახებ, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

უფასო კონსულტაცია ბათუმში მცხოვრები II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის

ენდოკრინოლოგი პროფესორი ელენე გიორგაძე
ენდოკრინოლოგი პროფესორი ელენე გიორგაძე

12 მარტს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ბათუმში მცხოვრები II ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის, ბათუმის მერიის ორგანიზებით უფასო კონსულტაცები ჩატარდება.
კონსულტაციას ენდოკრინოლოგი, პროფესორი ელენე გიორგაძე ჩაატარებს.
პაციენტთა წინასწარი რეგისტრაცია დღეს მთავრდება. მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ტელეფონზე: 29 29 31.

უფასო კონსულტაცია “ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტის” ბათუმის ფილიალში ჩატარდება, რომელიც  ხიმშიაშვილის ქუჩის #2-ში (საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში”) მდებარეობს.

 

 

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ის „ცხელი წერტილია“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა.

დარეჯან გურგენაძე
დარეჯან გურგენაძე

ტყიდან, გზიდან შემოდიან მანქანებით და მიაქვთ სილა. გუშინაც იყვნენ შემოსულები. აზიანებენ აქ არქეოლოგების მიერ გათხრილ და მონიშნულ ადგილებს. ფართობი დიდია და ახლა ისეთი ადგილებიდანაც გააქვთ, ადრე რომ არ გაჰქონდათ. სახელმწიფომ ალბათ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი, დაიცვას ეს ადგილები. გარემოს დაცვის ინსპექცია ხშირად აჯარიმებს აქ ხალხს, მაგრამ ეტყობა ჯარიმებს არ იხდიან, ან არ ახდევინებენ. წერეთ რამდენიც გინდათ ოქმებიო ეუბნებიან. მეც და ჩემს შვილსაც გვეჩხუბებიან, თქვენ ვინ რას გეკითხებათოკერძო პირები არიან, ეტყობა თავისთვის ან გასაყიდად გააქვთ სილა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დარეჯან გურგენაძე, რომელიც იქვე ცხოვრობს და ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ბაზას იცავს.

ადრე ბაზის გარდა დარაჯი/მცველი მთლიან ტერიტორიასაც ჰყოლია, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ადგილს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, უპატრონოდაა დატოვებული. მას რამდენიმე წელია დარეჯან გურგენაძე ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე შეძლებისდაგვარად იცავს.

გარემოს დაცვის ინსპექცია რეგულარულად ახდენს აღნიშნული ტერიტორიის პატრულირებას, რათა ინერტული მასალა უკანონოდ არ გაიტანონ. შესაბამისი რეაგირება არის, ოქმები შედგენილია არაერთგზის. ჩვენ ვართ უფლებამოსილი, გამოვავლინოთ კონკრეტული სამართალდარღვევა და შემდეგ საგამოძიებო უწყებაში ან სასამართლოში გადავაგზავნოთ მასალები. შემდეგ ჯარიმას დააკისრებენ თუ არა, და გადაიხდის თუ არა ამ ნაწილს ჩვენ ვეღარ მივსდევთ,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ ფიჭვნარში და მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.

GE DIGITAL CAMERA
დაზიანებული სამაროვანი ფიჭვნარში

მეცნიერთა აზრით, ფიჭვნარის დაცვის საუკეთესო მექანიზმი მისთვის სტატუსის მინიჭება და ოფიციალური დაცვის დაწესებაა.

ამჟამად ფიჭვნართან დაკავშირებით სააგენტოში საკითხი არ განიხილება. არქეოლოგების მიერ რამდენიმე წლის წინ იყო შემოტანილი არქეოლოგიური ზონის დადგენაზე დოკუმენტები, მაგრამ მაშინ შეისწავლეს გარკვეული ტერიტორია, სადაც მშენებლობა დაიწყო და შემდეგ რატომღაც დღის წესრიგში აღარ დადგა სტატუსის საკითხი. თუმცა, თუ იქნება შესაბამისი მომართვა და დაინტერესება, თუნდაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხრიდან, ჩვენ ვიშუამდგომლებთ მთავრობასთან, რომ ფიჭვნარში არქეოლოგიური ზონა დადგინდეს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა მუშაობა ქობულეთის სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რომელშიც გათვალისწინებულია ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონის არსებობა: ახლა მოსამზადებელია დოკუმენტი, რათა ეროვნულ სააგენტოს მივმართოთ. არქეოლოგებთან ერთად საჭიროა განისაზღვროს ტექნიკური საკითხები, მაგალითად, იქ არის სამაროვანი ადგილები, რომლებიც არ არის მონუმენტური და შესწავლის შემდეგ შეიძლება მიიღოს სხვა დანიშნულება, ანუ წარიმართოს მშენებლობას ან სხვა ტიპის განვითარება. ამიტომ მცოცავი საზღვრების დადგენა იქნება საჭირო. თუ რაიმე მონუმენტური აღმოჩნდება, ის ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. შესაბამისი დოკუმენტაციის მოსამზადებლად 2-3 კვირა იქნება საჭირო, არქეოლოგებთან ერთად მოვამზადებთ და ამის შემდეგ მივმართავთ ეროვნულ სააგენტოს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით“.

GE DIGITAL CAMERA
არქეოლოგიური ბაზა ფიჭვნარში

ფიჭვნარის ნამოსახლარებს [სამაროვნებს] უძრავი ძეგლის სტატუსი 1976 წლიდან ჰქონდა – დაცული ტერიტორია იყო. წინა ხელისუფლებამ ყველა ძეგლს სტატუსი გაუუქმა და მათი ხელახალი აღიარება-რეგისტრაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შედგა ფიჭვნარის ნამოსახლარის, როგორც უძრავი ძეგლის პასპორტიც, არქეოლოგებმა მისთვის სტატუსის მინიჭებას ვერ მიაღწიეს [აღსანიშნავია, რომ ასეთი ორი ძეგლია აჭარაში: გონიო-აფსაროსი და პეტრას ციხე].

არქეოლოგ ნინო ინაიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 2012 წელს დასრულდა აჭარის სივრცითი მოწყობის სქემაზე მუშაობა, სადაც საუბარი იყო ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიის მნიშვნელობაზეც: აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, როგორც კი შეიცვალა მთავრობა, არქეოლოგებმა მოვითხოვეთ ქობულეთფიჭვნარისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭება. სააგენტოს უფროსის მოადგილე, თენგიზ ცინცაძე უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში. მან მოამზადა სათანადო დოკუმენტაცია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან შესათანხმებლად, მაგრამ როგორც ჩანს, გააჩერეს ეს საქმე, ალბათ, ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა

ნინო ინაიშვილის თქმით, ფიჭვნარის არქეოლოგიურ ძეგლს, მეცნიერული ღირებულების გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასევე ქობულეთ-ფიჭვნარის ტერიტორიაზე კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია.

GE DIGITAL CAMERA
ფიჭვნარი. განათხარი სამაროვნები. ამჟამად თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია

დღეს შემორჩენილია სამი დიდი სამაროვანიკოლხური, ბერძნული და ელინიზმის ეპოქის. შესწავლილია 1300-ზე მეტი სამარხი და აღმოჩენილია უნიკალური ნივთებიფიჭვნარის ნეკროპოლი [მკვდართა ქალაქი] უნიკალური ძეგლია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ შავიზღვისპირეთისთვის. მთავარი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში სხვა ნეკროპოლი, რომელიც ბერძნებთან/ელინებთან იქნება დაკავშირებული, არ გვაქვს. იქ საერთაშორისო ცენტრის შექმნა შეიძლება, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა სტატუსის მინიჭება, რომ დავნიშნოთ ოფიციალური პირი და დაიცვას ეს ადგილები. გააქვთ სილა, ზიანდება სამარხები, გაუხსნელ ფართობში იჭრებიან უკვე, ძალიან რთული სიტუაციაა,“ – ამბობს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე.

ადგილი, რომელზედაც ფიჭვნარის ნამოსახლარებია, 2010 წლის მონაცემებით სახელმწიფო საკუთრება იყო. ამავე წელს იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც სამაროვნები იყო, ხელისუფლებამ თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოაცხადა, სასტუმროების აშენების მიზნით.

საჯარო რეესტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, ეს ტერიტორია [ამჟამად 43 540 კვ/მ] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

GE DIGITAL CAMERA
გდი-ს პატრულირება არქეოლოგიურ ბაზასთან

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2015 წლის იანვრიდან დღემდე ჩოლოქის [ძირითადად ფიჭვნარის] ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების  53 ფაქტზეა ოქმები შედგენილი. მთლიანობაში კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამავე პერიდში სულ ანალოგიური სამართალდარღვევის 158 ფაქტია გამოვლენილი. სამართალდამრღვევები ძირითადად 1500 ლარით არიან დაჯარიმებულები

 

IMG14573
სილის უკანონოდ მოპოვების გამო დაზიანებული სამაროვანი ფიჭვნარში

ბსუ-ს სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს: „უშიშროება მოცილდეს უნივერსიტეტს“

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ თსუ-ში კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას. თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

სოლიდარობის აქციის მონაწილე ბათუმელმა სტუდენტებმა შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელეს: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტი არის დამოუკიდებელი, ავტონომიური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გარე ძალების ზეწოლისაგან. დაუშვებლად მიგვაჩნია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების ჩარევა.
ასევე მხარს ვუჭერთ და სრულიად ვიზიარებთ აქტივისტების შემდეგ მოთხოვნებს:
* კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა.
* ამავე აქციის მონაწილეთა შეხვედრა სენატის წარმომადგენლებთან.

?

პრობლემები და მოთხოვნები, რომელთა ირგვლივაც დაიწყო საპროტესტო აქციები არ ატარებს ლოკალურ სახეს და წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წლებია დგას”.

აქციაზე მყოფ სტუდენტებთან მივიდა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში და სტუდენტებს ჰკითხა, რა უნდათ. რაზეც სტუდენტებმა უპასუხხეს, რომ „უშიშროება უნდა მოცილდეს უნივერსიტეტს“.

 

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

ინტერნეტრეაქცია 6 თვის ბარბარეს შიმშილობაზე

6 თვის ბარბარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში რვაწევრიან ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახს სოციალური შემწეობა იმის გამო მოუხსნეს, რომ ბავშვის მამა დასაქმდა, მაგრამ ის მალევე ისევ უმუშევარი, ხოლო ოჯახი შემწეობის გარეშე დარჩა. ოჯახი ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვებას. გოგონამ წონაში დაიწყო კლება. ბარბარესა და მის ოჯახზე სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „გაზეთ ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში, ხოლო შემდეგ – ვებგვერდზე.

ბარბარეს მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში მოქალაქეებმა კამპანია წამოიწყეს. მაგალითად, ერთ-ერთი ჯგუფი თბილისში აგროვებს ბარბარესთვის საკვებს, რომლებიც წერენ, რომ კვირას, 11 საათზე თბილისში, დიდუბის მეტროსთან იკრიბებიან. გაზეთი “ბათუმელები” გააშუქებს ამ სოციალურ აქტივობას, ახლა კი გთავაზობთ სოციალური ქსელების რეაქციას ბარბარეს შიმშილობაზე.

1 წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილისგან გარდაცვალება არ მავიწყდება:( Madona Mariami Beridze რა ხდება, ხომ არ იცი? რითი დავეხმაროთ?

Posted by Nino Lomjaria on Monday, March 7, 2016

პრემიები არ მოიკლოთ, ბლიად!გიული ამბობს, რომ ანიტა, უმცროსი დისგან განსხვავებით, შეესაბამება თავისი ასაკის წონას. ბავშ…

Posted by David Mchedlidze on Monday, March 7, 2016

Naira Bedukadzeესენი ნორმალურები არიან ?.. ამდენი უსახლკარო , მშიერი გაუბედურებული ხალხისთვის ვერ მიუხედიათ, ახალშობილი ბავშვები აკვნებში შიმშილით ეხოცებათ და ემიგრანტებს ეპატიჟებიან?..

Posted by Naira Sharubanashvili on Thursday, March 10, 2016

სამაგიეროდ ანაფორიანები ხო გყავთ მაძღრები

Posted by Tea Shermadini on Tuesday, March 8, 2016

ამ დროს #შავჯიპებში #მინისტრებიბანაობეენ..

Posted by Ninuka Borchkhadze on Monday, March 7, 2016

!!! Ar unda shimshilobdnen bavshvebi :(

Posted by Teona დიასამიძე on Monday, March 7, 2016

 

 

 

 

8

7

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

 

 

+

 

 

 

 

 

2+

საია: ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი:

  • ოფიციალური ინფორმაციისთანახმად, 2015 წლის ივლისის თვეში, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, სტატუსის მინიჭების დღიდან შენობაზე გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა სტანდარტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული;
  • „გაზეთი ბათუმელების“ინფორმაციის თანახმად, შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან ხუთი თვის განმავლობაში – სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და 2015 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა;
  •   2015 წლის ნოემბერში, შენობის მესაკუთრე შპს „სლავა”-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე პროკურატურას ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ უწარმოებია და არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მედიაში გავრცელებულიინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია „სლავა“-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განაახლა, თუმცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ მომხდარა უკანონო საქმიანობის აღკვეთა.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:

  • დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს შპს „სლავას“ მიერ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას წარმოებული უკანონო სამშენებლო სამუშაოები;
  • ყველა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), დროულად უნდა უზრუნველყონ უკანონო სამუშაოების აღკვეთა;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ – შპს „სლავა“-ს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტზე, უზრუნველყონ კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურება;
  • საქართველოს პროკურატურამ დროულად და ეფექტურად აწარმოოს გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე და მოხდეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

კორუფციაზე ეჭვები – არასამთავრობოები ბათუმიდან ძეგლების ნგრევაზე პრემიერს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს განცხადებით მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს სთხოვენ, დაინტერესდეს ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას ბათუმში. საქმე იმაშია, რომ ვაჟა-ფშაველას 13-ში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კომპანია „სლავა 2015“-მა ჯერ დაანგრია, ახლა კი იქ უკანონო მშენებლობას ეწევა. ძეგლის ტერიტორიაზე საძირკველი კომპანიამ 8 მარტს ჩამოასხა, თუმცა ამ პროცესის შეჩერება ვერც ერთმა სახელმწიფო უწყებამ ვერ „მოახერხა“. არასამთავრობოების პრემიერმინისტრისადმი მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს  ქალაქ ბათუმში კულტურული მემკიდრეობის, ურბანული განვითარების პოლიტიკა სრულად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

კერძოდ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13-ში,  კომპანია „სლავა 2015“ შვიდი თვის მანძილზე ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უნებართვო დემონტაჟს. ამ ხნის განმავლობაში პროცესი ვერ აღკვეთა ვერც ერთმა სახელმწიფო ინსტიტუტმა.

მიმდინარე წლის 8 მარტს კომპანიამ ძეგლის ადგილას უკანონოდ დაიწყო მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის პროცესი, რაზეც მოქალაქეთა მიერ უკანონო  მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის  განყოფილებაში არაერთი შეტყობინება შევიდა. თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა ვერ „მოახერხეს“  უკანონო მშენებლობის აღკვეთა.

ეს არ არის კანონის უგულვებელყოფის ერთადერთი ფაქტი: ძველი ბათუმის ტერიტორიაზე სამშენებლო რეგულაციების დარღვევამ სისტემური ხასიათი მიიღო. უნებართვო მშენებლობებია მაზნიაშვილის 35/37-ში, ვახტანგ გორგასლის 17-ში, მაზნიაშვილის 31-ში, ზუბალაშვილის 9-ში. შესაბამისი სამსახურები ამ დარღვევების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებენ. საეჭვო ვითარებაში გაიცა დემონტაჟისა და მშენებლობის ნებართვა ბარათაშვილის N 24-ში. არსებული ვითარება კორუფციის ეჭვს ბადებს.

ბოლო წლებში ძველი ბათუმის იერსახე მკვეთრად შეიცვალა. ქალაქი კარგავს ისტორიულ ღირებულებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ე.წ. ინვესტორების ინტერესებს ეწირება, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებები უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლების მიერაა წახალისებული.

ბატონო პრემიერო, ბათუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ისტორიის შენარჩუნება და გადარჩენა. ძეგლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება  უპირისპირდება სახელმწიფოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვალდებულებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და შენარჩუნების შესახებ.

ვთვლით, რომ სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან მსგავსი უმოქმედობა აუცილებლად მიგვიყვანს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლამდე და საზოგადოების მხრიდან კანონისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებამდე, გამომდინარე აქედან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები;
  • აღკვეთონ  მენაშენეების  მიერ წარმოებული უკანონო ქმედებები.

არსამთავრობო ორგანიზაციები:

ბათომი,

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი,

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

შეხვედრა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საგრანტო კონკურსის შესახებ

დღეს, 10 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე წარმოდგინეს დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული სამინისტროს , “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების” 2016 წლის პროგრამის მიზნებისა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული  საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ.

აღნიშნული საგრანტო კონკურსისთვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 600 000 ლარია გამოყოფილი და 6 საგრანტო მიმართულებაზე ნაწილდება: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსება, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრებლით   უზრუნველყოფა, იურიდიული დახმარების გაწევა და სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

„მეორე წელია, რაც ეს პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება, მანამდე ხორციელდებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან და სხვადასხვა რეგიონებში ახლაც მიმდინარეობს [მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ]. 2017 წლიდან ჩვენ სრულად გადავიბარებთ ყველა რეგიონში მიმდინარე პროგრამებს და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული და ეფექტური იქნება ეს პროგრამები”, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

საგრანტო კონკურსი 7 მარტს გამოცხადდა და 21 მარტამდე გაგრძელდება.

გიორგი კირთაძე: ასეთი ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან წინააღმდეგობაშია

დღეს, 10 მარტს  ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდმოარემ გიორგი კირთაძემ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ჩაიშალა: „რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ [ჭეიშვილმა] ვერ მოუყარა თავი 13 დეპუტატს ვინც მხარს დაუჭერდა ბიუჯეტში ცვლილებას“, –  ცვლილებები ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში, ფეხბურთის განვითარების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას შეეხებოდა.

გიორგი კირთაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის დადგენილება წარმოადგენდა თხოვნას / რეკომენდაციას, რომელიც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა პირდაპირ ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი წარადგინა.

„მინდა მოვუწოდო უმრავლესობის  დეპუტატებს, რომ მომავალ სხდომაზე, როდესაც ჩატარდება ის, მხარი არ დაუჭირონ ამ ცვლილებას“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით ზარალდება ბათუმის დინამო, რომელიც ცვლილების შემდეგ მიიღებს განახევრებულ დაფინანსებას და გარდა ამისა აღნიშნული ცვლილება თვითმმართველობის იდეასთან სრულ წინააღმდეგობაშია.

„ჩვენ ბათუმის დინამოსთვის გამოვყევით ფული და დავაკელით ჭაობის რეაბილიტაციას, ახლა კი გამოდის, რომ ჩვენ ამ ფულით ვაფინანსებთ არა ბათუმის დინამოს, არამედ სამტრედიის ჩიხურას, ბატონი სპორტის მინისტრის პირად კლუბს – საბურთალოს, თბილისის დინამოს და ა.შ.“, – თქვა გიორგი კირთაძემ და დასძინა, რომ თვითმმართველობის იდეის მიხედვით თვითმმართველმა ერთეულმა უნდა განკარგოს საკუთარი ბიუჯეტი. 

საკრებულოს სხდომა 16 მარტისთვისაა დანიშნული, დღის წესრიგს კი ბიუჯეტში ცვლილების გარდა სხვა საკითხებიც დაემატა.

რონი სოლბერგი „შუახევიჰესზე“, საქართველოსა და ენერგეტიკაში ქალების როლზე

რონი სოლბერგი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) აღმასრულებელი დირექტორია. უკვე ერთი წელია ბათუმში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად და საოცრად მოსწონს ეს ქალაქი, განსაკუთრებით არატურისტულ სეზონზე. დატვირთული სამსახურებრივი გრაფიკის პარალელურად, მაქსიმალურად ცდილობს კარგად გაიცნოს საქართველო, მისი მოგზაურობა მწვანე ტბიდან, აჭარის მაღალმთანეთიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდა.

რონი სოლბერგი
რონი სოლბერგი

მოსწონს ქართული ღვინო. ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. შემოდგომაზე კახეთი მოინახულა, ყვარლის ტბამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე და გადაწყვიტა, რომ გაზაფხულზე თავის უცხოელ მეგობრებსაც უმასპინძლოს. მოგზაურობის კულმინაცია, ბუნებრივია, აჭარა იქნება – რეგიონი, რომელიც განსაკუთრებით უყვარს და მისთვის მეორე სახლია. უყვარს მხატვრობა, აქტიურად ეცნობა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, შერჩევის პროცესშია და სულ მალე რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევრის შეძენას გეგმავს.

რონი სოლბერგს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი ვაჟი ინჟინერია, ქალიშვილი საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს და მამის მსგავსად ჰიდროენერგო სექტორში აპირებს მუშაობას. უმცროსი 19 წლის არის, სერფინგის სკოლაში სწავლობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, თუ რა პროფესიის არჩევა სურს სამომავლოდ. უმცროსი შვილისგან განსხვავებით რონი სოლბერგის გატაცება თხილამურებზე სრიალი და მოტოციკლეტია (ასპარეზობების 11-ჯერ გამარჯვებული). სულ ახლახანს მოინახულა გოდერძის უღელტეხილი და თვლის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რომელსაც განვითრების დიდი პოტენციალი გააჩნია.

რონი სოლბერგი ნორვეგიის ქალაქ ოსლოსთან ახლოს, ტყის პირას ცხოვრობს. სახლში ცოტა დროს ატარებს, რადგან თვისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, საზღვარგარეთ უწევს ცხოვრება. უყვარს სახლში ლუდის მოხარშვა და მეგობრების გამასპინძლება.

რონი სოლბერგი ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას 2015 წლიდან ჩაუდგა სათავეში, AGL-ი ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის კასკადს აშენებს. პროექტის განხორციელებაზე ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად მუშაობს.

მის სახელს წარმატებული ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება უკავშირდება. ახლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს. ამ ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონი დოლარია. რონი სოლბერგი წარმოშობით ნორვეგიელია, საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს ხელმძღვანელობდა. ინტერვიუში რონი სოლბერგი თავის ქართულ გამოცდილებაზე საუბრობს.

კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი.
კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი.

ბატონო რონი, როგორია გუნდი, რომელსაც საქართველოში ხელმძღვანელობთ?

ეს არის გუნდი, რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია. AGL-ის გუნდის უმეტეს ნაწილს, როგორც იცით, ქართველები შეადგენენ. როცა პროექტს უცხო ქვეყანაში ახორციელებ, მნიშვნელოვანია კარგად იცნობდე ამ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, გარემოს, სხვაგვარად წარმატებული კომუნიკაცია ვერ შედგება. საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი რაც გვაკეთე, დავიწყე ამ ქვეყნის გაცნობა. ეს არის საოცარი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ: ემოციური, საინტერსო, ღრმა, განსაკუთრებული ადამიანები. ქართველი თანამშრომლების ცოდნა, განათლება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტის წარმატებას.

თქვენი საქმიანობა მეტწილად ტექნიკურ პროცესთან ასოცირდება, რამდენად არიან ქალები წარმოდგენილი თქვენს კომპანიაში?

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ კომპანიის ქართველი თანამშრომლების 60% ბათუმში, ხოლო 100% თბილისში სწორედ ქალები შეადგენენ, ნაწილს მენეჯერული პოზიციები უჭირავთ, ნაწილი კი კომპანიის მმართველ გუნდშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ, როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ასევე, ზოგადად, სექტორში, მრავლად არიან წარმოდგენილი ქალბატონები, რომლებიც სიღრმისეულად ფლობენ ტექნიკურ დეტალებსაც კი, რაც უაღრესად მისასალმებელია, რადგან, უფრო ხშირად ამ სფეროსადმი მეტ ინტერსს მამაკაცები ამჟღავნებენ. ვისურვებდი მეტი და მეტი ქალი მეხილა ენერგეტიკით დაინტერესებული.

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. კომპანიებში თანამედროვე მართვის მეთოდები თანდათან ფუძნდება და ვითარდება. თქვენ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენი აზრით, რა არის პირველი ნაბიჯი რასაც მენეჯერი დგამს, როცა კომპანიის სათავეში დგება?

უპირველეს ყოვლისა სწავლობ კომპანიის საჭიროებებს, მაგრამ ზოგადი შეფასებიდან გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ნებისმიერი კომპანიისთვის უმთავრესია წარმატების მისაღწევად – დიდ კომპანიას ხელმძღვანელობ თუ პატარას, საშუალო რგოლის მენეჯერი ხარ თუ მმართველ რგოლს მართავ, პირველი ნაბიჯია – ააშენო გუნდი, სადაც ყველას საკუთარი შესაძლებლობის მაქსმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემა, უნდა დაინახო, შეისწავლო და მისცე შენი გუნდის ყველა წევრს საშუალება აკეთოს ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის.

ეს, რასაკვირველია, არ არის მარტივი პროცესი, თუმცა წარმატებული და მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია წარმატებული პროექტები განხორციელდეს.

ჯერ კიდევ ბევრი მენეჯერი არ მიჩნევს მნიშვნელოვნად კომპანიის შიდა საკომუნიკაციო არხების დანერგვას ან გაუმჯობესებას. თქვენ კომპანიაში რამდენად განვითარებულია ეს მიმართულება?

ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივად საჭიროებს დახვეწა-განვითარებას ტექნოლოგიური პროგრესის კვლადაკვალ. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა საკომუნიკაციო არხების საშუალებით თანამშრომლები მუდმივად იყვნენ ინფორმირებული კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაუშვებელია გარე არხების საშუალებით იგებდნენ კომპანიის მიღწევების ან გამოწვევების შესახებ. ჩვენ ამ მხრივ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ საშუალებას ვიყენებთ. გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ პირისპირ კომუნიკაცია ყველაზე ეფექტურია ამ პროცესში. სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად ამ ხერხს მივმართავთ.

რა იქნება თქვენი, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე CEO-ს რჩევა ქართველი მენეჯერებისთვის?

მე მიმაჩნია, რომ კომპანიის მმართველს მუდმივად უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ კომპანიის როგორც წარმატება, ასევე მარცხი, შენი პასუხისმგებლობის ნაწილია და ვერ იქნება ის ცალკეული თანამშრომლის ან განყენებულად გუნდის ბრალი. კომპანიის თითოეული თანამშრომელი უნდა გრძნობდეს თავს კომპანიის ნაწილად და მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა, რომ კომპანიის წარმატების მონაწილეა. მიეცით თანამშრომლებს საშუალება იგრძნონ პასუხისმგებლობა და მიიღონ გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლების შესაბამისად.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გამონახეთ დრო და მოუსმინეთ თქვენს თანამშრომლებს.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდი
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდი

ბათუმში, მაკდონალდსთან, სასწრაფოდ იყიდება სტუდიოს ტიპის ოროთახიანი ბინა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე,  მაკდონალდსთან  ახალაშენებულ  კორპუსში სასწრაფოდ იყიდება სტუდიოს  ტიპის ოროთახიანი, 53 კვ.მ ბინა ყველა პირობით. ფასი: 48 000 დოლარი. შესაძლებელია შეთანხმება გადახდის  ვადებზე.

samaklero.ge

5

ბათუმში იყიდება ბინა 103 კვ. მ. ზღვის ხედით

ბათუმში იყიდება ბინა 103 კვ. მ. (სადარბაზოში 5 კვ.მ სათავსო). აქვს 2 საძინებელი, სტუდიო, აივანი ზღვის ხედით, ზალა, შესასვლელი. სამზარეულოს ავეჯი რჩება. ბუნებრივი გაზი გაყვანილია აივანზე (საჭიროების შემთხვევაში). ფასი: 85 000 დოლარი.

samaklero.ge

3

 

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ქირავდება ერთოთახიანი ბინა ახალაშენებულ კორპუსში

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე,  ქირავდება ერთოთახიანი ბინა ახალაშენებულ კორპუსში, უზრუნველყოფილი  ევრორემონტით, გათბობით, აივნით, ავეჯით, სიგნალიზაციით, ცხელი წყლით, ინტერნეტით,  კონდიციონერით, უმაღლესი ხარისხის ტექნიკით. ფასი: 350დოლარი.

samaklero.ge

2

ეროვნული ბანკი ოქროსფერ 50-თეთრიანებზე: ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია

 

ე.წ. ყვითელი 50-თეთრიანი მონეტების ყიდვა-გაყიდვაზე სოციალურ ქსელებში დაწყებულმა აჟიოტაჟმა მოსახლეობაშიც გადაინაცვლა. ამ ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ერთ მონეტაში 10 ლარიდან 100 დოლარამდეც კი იხდიან. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, მონეტა შეიცავს ღირებულ ლითონს და ის გასაყიდად საქართველოდან თურქეთში გააქვთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მოჭრილია 1993 წელს, მიმოქცევაშია 1995 წლიდან, წონა – 2,5 გრ, დიამეტრი – 19 მმ, სისქე 1,4 მმ. მონეტის შემადგენლობა – სპილენძის შენადნობი ოქროსფერი და ის სხვა რაიმე ღირებულ ლითონს არ შეიცავს.

„ეს შეიცავს სპილენძის შენადნობს, რომელსაც სამონეტო მეტალს უწოდებენ ზოგადად და ბევრი ქვეყანა იყენებს. რაიმე განსაკუთრებული ღირებულება მას არ გააჩნია. ნუმიზმატიკური თვალსაზრისითაც, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის თავის დროზე მიმოქცევაში გაშვებული, ალბათ ამ კუთხითაც არ არის ღირებული თუ საინტერესო“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ეროვნული ბანკის თანამშრომელმა ნანა კობერიძემ.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მონეტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ მათაც სოციალური ქსელებიდან იციან და ფიქრობენ, რომ ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია ვიღაცის მხრიდან ატეხილი და კონკრეტულად თუ რა ხდება, ამისი თქმა არ შეუძლიათ:  „თუმცა, ისიც დაიწერა ქსელში, რომ იმ ნომრებზე, რაც მითითებული აქვთ, იმათ, ვინც თითქოს შეისყიდდა მონეტებს, არ პასუხობენ ან გათიშულია“.

ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტები 2017 წლის ბოლომდე დარჩება მიმოქცევაში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისი მიმოქცევიდან ამოღების მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ 2006 წელს მოიჭრა ახალი, ვერცხლისფერი მონეტები.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ოქროსფერი მონეტების ამოღება გრძელდება და ამოღებული მონეტების ბედს ბანკი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც ამ მონეტების მიმოქცევაში ყოფნის ვადა ამოიწურება.

ოქროსფერ, სამონეტო მეტალს ასევე შეიცავს 2-ლარიანი მონეტები – შიდა რკალის შემადგენლობა: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი-ოქროსფერი; ასევე 10-ლარიანი [ქრისტეშობის 2000 წლისადმი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური] მონეტები -გარეთა რკალი: სპილენძი-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

50 2 1 2222

Exit mobile version