მთავარი,სიახლეები

დისკუსია ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

11.03.2016 • 1545
დისკუსია ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებზე, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

რისთვის იყენებს ბათუმის მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებს? – თემაზე დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ვინაიდან ა(ა)იპ-ებს არ აქვთ კონკურსის ჩატარების ვალდებულება, წლების განმავლობაში ფიქსირდება ეჭვი, რომ ა(ა)იპ-ებს მმართველი პოლიტიკური ძალა აქტივისტებისა და ახლობლების დასასაქმებლად იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმის ა(ა)იპ-ებში საშტატო ერთეულების რაოდენობა 122-ით გაიზარდა.

„საშტატო ერთეულები გაიზარდა იმიტომ, რომ ამის საჭიროება იყო,“ – თქვა დისკუსიაზე ირაკლი მიქელაძემ, რომელიც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ შტატები ძირითადად საბავშვო ბაღებში გაიზარდა.

საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ჯუმბერ კახიძე შეხვედრაზე დაჯამებული ციფრებით მოვიდა. მან დღევანდელი მოცემულობა 2013 წელს შეადარა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ წელიწადში მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 927-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლბით, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ძირითადად 2013 წელს გაიზარდა.

„მაგ დროს უმრავლესობაში თქვენ იყავით და იმიტომ. ჯერ კიდევ 2012 წელს თქვენ მოადგილეების შტატებიც დაუმატეთ ა(ა)იპ-ების დირექტორებს,“ – თქვა მონაცემების საპასუხოდ ირაკლი მიქელაძემ. „თუ გასაუქმებელი იყო, რატომ არ გააუქმეთ?“ – იკითხა ჯუმბერ კახიძემ. „არ გავაუქმეთ იმიტომ, რომ ჩვენთვის ადამიანია მთავარი,“ – თქვა რეპლიკის სახით ნატალია ზოიძემ, საკრებულს წევრმა „ქართული ოცნებიდან“.

„მთავარი არის ის, რომ არავინ ასაბუთებს, რისთვის ჩნდება ახალი ვაკანსიები, რა საჭიროება არსებობს და როგორ ხდება თანამშრომლების შერჩევა“ – ეს დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, კობა ჩხეიძემ თქვა. ის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელია.

დისკუსიის დასასრულს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ აღნიშნა, რომ მექანიზმები ა(ა)იპ-ებში დასაქმებაზე შესამუშავებელია. „კონკურსს ვერ ჩავატარებთ. ეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება არ არის“ – თქვა მიქელაძემ. „ამის უფლება მერიას აქვს,“ – თქვა დარბაზში მყოფმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა.

დღევანდელ დისკუსიას მოუცლელობის მიზეზით არ დაესწრო ბათუმის მერი – გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი. დისკუსიაზე 14 ა(ა)იპ-დან მხოლოდ ერთის ხელმძღვანელი მოვიდა – ალეკო თევზაძე, რომელიც მერის მრჩევლად მუშაობდა და ამჟამად ა(ა)იპ „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელია.

დისკუსიის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართულობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულბის გაზრდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: