რეკლამა

კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

13.03.2016 •
კრივის ჩემპიონატის ქართველი გამარჯვებული ამერიკაში

,,მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ ,, Georgia’’ – როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი’’

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიამ, რომელიც ქალაქ ანაპოლისში მდებარეობს, კრივში კადეტთა ბრიგადის ყოველწლიურ, ტრადიციულ ჩემპიონატს უმასპინლა. აკადემიაში 70 ქვეყნიდან 4 000-მდე კურსანტი სწავლობს. ქართველმა კადეტმა პაატა გუჯეჯიანმა ფინალურ შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველი უცხოელი კურსანტი გახდა, რომელმაც ფინალში წარმატება მოიპოვა.

პაატა გუჯეჯიანი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელია. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიაში (United States Naval Academy) სასწავლებლად 2014 წელს გაიგზავნა. დღეს ის აშშ-ის საზღვაო აკადემიის მესამე კურსის წარმატებული კადეტია.
ამბობს, რომ კრივი ბავშვობიდანვე იტაცებდა და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ გადავწყვიტე სპორტის ამ სახეობაში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

პაატა გუჯეჯიანი: „თავიდან რთული იყო, რადგან გუნდში ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად, მაინც ჩავერთე და ვარჯიში დავიწყე. წვრთნის დროს თვალს გამოცდილ მოკრივეებს ვადევნებდი, საჭირო დროს ვგულშემატკივრობდი კიდეც და ვფიქრობდი, რომ რთული იქნებოდა რინგზე ასეთ ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ თავი დამენებებინა და რამე უფრო ადვილი სახეობა შემერჩია. დავინტერესდი აკადემიაში არსებული სპორტის თითქმის ყველა სახეობით. ძალებიც რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე. ძიების პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადვილი არაფერია, მაგრამ თუ იშრომებ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ, ყველაზე რთული საქმეც გაგიიოლდება. ასეთმა აღმოჩენამ მაფიქრებინა, რომ დანებება სისუსტეა და გადავწყვიტე გავმხდარიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ამ შეჯიბრებაზე გამარჯვებას ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერეს მოწინააღმდეგესთან მომიწია შერკინებამ. რინგზე ასვლის წინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ დამარცხების უფლება არ მქონდა, რადგან ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ საქმისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და ახლა შემიძლია ვთქვა რას ვაპირებ მომავალში. რა თქმა უნდა, დავისახავ მიზნად, რომ გავაგრძელო ვარჯიში და არა მარტო აკადემიის, არამედ ამერიკის უნივერსიტეტთა შორის დაგეგმილ შეჯიბრებებშიც ჩემი ქვეყნის სახელით მივიღო მონაწილეობა და რა თქმა უნდა, გავიმარჯვო. მინდა ჩემი წარმატებით ამერიკელებმა (სტუდენტებმა, ჩემმა თანატოლებმა) გაიცნონ „Georgia“, როგორც ქვეყანა და არა როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი.

krivi

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი