მთავარი,სიახლეები

არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?

12.03.2016 • 2220
არღვევს თუ არა „სოკარი“ მომხმარებლის უფლებებს?

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ თებერვლის თვეში ბუნებრივი გაზის თითქმის შვიდმაგი გადასახადი მიუვიდათ. მოქალაქეების თქმით, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე, მოხმარებული გაზის გადასახადს „სოკარის“ წარმომადგენლების ზეპირი მითითების საფუძველზე, ქვითრის გარეშე იხდიდნენ. „თებერვლის ქვითარზე კი 500 ლარი და მეტი თანხა იყო დაწერილი“, –  აცხადებენ ისინი. მათი აზრით, კომპანია მომხმარებლის უფლებებს არღვევს. მოქალაქეები თანხის ჩამოწერას ითხოვენ, ან კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ.
ასლან აბაშიძის 105 ნომერში მცხოვრები მაყვალა იაკობაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის საფასურს სტაბილურად 50-70 ლარს იხდიდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ქვითრის გამოგზავნა შეწყვიტა, დახარჯულ თანხას ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ფარავდა.
„სალარო აპარატი რა თანხასაც მაჩვენებდა, იმდენს ვიხდიდი, ან ოფისში ვრეკავდი და რასაც ოპერატორი მეუბნებოდა, ის თანხა შემქონდა. 70 ლარზე მეტი არ გადამიხდია. სექტემბრის შემდეგ ქვითარი პირველად მოვიდა თებერვალში და 547 ლარი იყო გადასახადი. შეუძლებელია, ამდენი დამეხარჯა“.
როგორც მაყვალა იაკობაძე ამბობს, სიტუაციაში გარკვევის მიზნით ის კომპანიის ოფისშიც მივიდა და გადახდილი თანხის ამონაწერი მოითხოვა: „მითხრეს, რომ ეს თანხა დავალიანების გამო დაგროვდა. მოვითხოვე ამონაწერი და როცა მომცეს ვკითხე, თუ რატომ არ აისახა შეტანილი თანხა. ამაზე პასუხი ვერ მივიღე“.

 

IMG_7425
იგივე პრობლემა აქვს თინა კონცელიძესაც. „არც ჩემთან მოსულა ქვითარი ხუთი თვის განმავლობაში, ახლა მოვიდა და მაქვს 500 ლარი გადასახდელი. ოფისში ვრეკავდი და რასაც მეუბნებოდნენ,იმდენი შემქონდა. ყველა თვეში მაქვს გადახდილი, არ ვიცი ამხელა თანხა რატომ დამაწერეს. შეუძლებელია ერთ თვეში ამდენი გაზი მომეხმარა“, – ამბობს ის.
ამავე ქუჩაზე მცხოვრებ თამილა ფასანაძესაც მიაჩნია, რომ პრობლემა „სოკარის“ მენეჯმენტშია და არა მომხმარებელში.
„ამონაწერს ვინც აკეთებდა, ის თანამშრომელი გაუშვიათ სამსახურიდან, დარღვევები ჰქონდაო. თუ ის არ ასრულებდა მოვალეობას, ჩვენ რა შუაში ვართ“.
მოქალაქეები ამბობენ, რომ „სოკარი“ მათ დავალიანების დაფარვას სამ თვეში სთხოვს. „წინააღმდეგ შემთხვევაში გაზს ჩაგიჭრითო. როგორ უნდა გადავიხადოთ ამდენი თანხა? ეს შეუძლებელია. ან ვადები გაგვიგრძელონ, ან მივმართავთ სასამართლოს“, – ამბობს მაყვალა იაკობაძე.
კომპანიის მიმართ პრეტენზიები აქვთ სხვა მოქალაქეებსაც. ვახტანგ იაკობაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირი სულ რამდენიმე დღეა რაც ჩართო, თუმცა გადასახადი მასაც 500 ლარი მიუვიდა. „73 წლის კაცი ვარ, სამუშაო მე არ მაქვს და სხვა შემოსავალი. რითი გადავიხადო? ან რატომ უნდა გადავიხადო ის, რაც არ დამიხარჯავს.“
„სოკარის“ პრეტენზიებს ჰაერში გამოკიდებული მრიცხველების გამოც უყენებს მოსახლეობა.
„შეხედეთ, რა მდგომარეობაში დატოვეს მრიცხველები. ამ სახლების წინ არხი იყო, მერიამ საზღვრები უკან გადმოწია, ამიტომ მრიცხველები შუა ქუჩაში დარჩა გამოკიდებული. ხან ვინ ეჯახება, ხან – ვინ. ამასწინათ მანქანა დაეჯახა, „სოკარში“ გვითხრეს პატრული იპოვის და გააკეთებინებსო. ორი თვე გავიდა და არავინ მოსულა, ისევ ჩვენ შევაკეთეთ“, -ამბობენ ამ ქუჩის მცხოვრებლები.

 

IMG_7428
მოსახლეობის აზრით, უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. გარდა ჰაერში გამოკიდებული ბუნებრივი აირის მრიცხველებისა, ქუჩებში ყრია სხვადასხვა მძიმე მასალა, რომელიც წყლის არხის გადაკეტვის შემდეგ ქუჩაში დარჩა. მოსახლეობა როგორც კომპანიისგან, ასევე მერიისგან ყურადღებას ითხოვს.
„სოკართან“ პრობლემები აქვს კიდევ ერთ მოქალაქეს, ნანა პატარაიას, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში ცხოვრობს. რესპონდენტი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მილი მის ეზოში გადის, თუმცა მასზე მიერთების უფლებას მას არ აძლევენ:
„ეს მილი თითქმის ერთი წელია გაიყვანეს, ისე რომ ჩემგან თანხმობა არ მიუღიათ. მოგვიანებით, როცა „სოკარს“ მილზე ჩემი სახლის მიერთება ვთხოვე, მითხრეს მილი კერძო პირის თხოვნით გავიყვანეთ და მისი ნებართვაა საჭიროო. ეს კერძო პირი ჩემი მეზობელია, რომელთანაც კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, შესაბამისად, ის გაზის მილზე მიერთების უფლებას არ გვაძლევს“, – ამბობს ნანა პატარაია.
მისი აზრით, „სოკარმა“ დაარღვია მისი, როგორც კერძო მესაკუთრის უფლება, როცა თანხმობის გარეშე გაიყვანა ეზოში გაზის მილი, ახლა კი სხვა პირის ნებართვის გარეშე არ აძლევს უფლებას მის ეზოში შესული გაზის მილით ისარგებლოს.
„სოკარმა“ პროექტიც დამიმზადა, რომელსაც ყდაზე ეწერა: „განხორციელდება მხოლოდ მეზობლის თანხმობით“. მე რატომ უნდა დამჭირდეს მეზობლის ნებართვა, როცა გაზის მილი ჩემს ეზოში გადის? თუ მეზობლის ნებართვა მჭირდება, მაშინ „სოკარის“ სახელზე რატომ მაწერინებენ განცხადებას“, – კითხულობს ნანა პატარაია.
კომპანიის პიარმენეჯერმა თეონა რუხაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად „სოკარის“ ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. ცხელი ხაზის ოპერატორის,ნათია კაპანაძის თქმით, ქვითრის მიუსვლელობა მომხმარებელს არ ათავისუფლებს გადასახადისგან. „ქვითარი შეიძლება დაიკარგოს და ამაზე პასუხისმგებელი კომპანია არ არის“, – გვეუბნება ის. ოპერატორის თქმით, მომხმარებელს დარიცხული თანხის ოდენობის გარკვევა აბონენტის ნომრით შეუძლია. „თვითონ შეუძლიათ ამოიწერონ მრიცხველზე ჩვენება, გადაამრავლონ ტარიფზე და იმის მიხედვით გადაიხადონ“.

 

gen. aslan abaSizis qucis macxovreblebi
რაც შეეხება ზედმეტად დარიცხულ თანხას, ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს: „ჩვენების გადამოწმების გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, დარიცხული თანხა არის მოხმარებული ენერგიის საფასური თუ რაიმე გაუგებრობაა. აბონენტი დაგვიკავშირდეს.უნდა გაირკვეს როგორი იყო მრიცხველის ჩვენება. თუ ჩვენება სწორად აქვთ აღებული, მაშინ ვაგზავნით ავარიულ ჯგუფს და ვარკვევთ ხომ არ იყო სადმე გაჟონვა. შეუძლიათ სერვისცენტრებს მიმართონ განცხადებით“.
ენერგოომბუდსმენის, ბექა სიორდიას განცხადებით, მან შეისწავლა საკითხი და აღმოჩნდა, რომ ის თანხა, რომელიც მოსახლეობას დააწერეს, მოხმარებული ენერგიის საფასურია და „მომხმარებელი რომ არ დაზარალდეს, დავალიანებას გადაუნაწილებენ ხუთ თვეზე“.
რაც შეეხება ნანა პატარაიას საკითხს, ომბუდსმენი ამბობს, რომ კერძო ეზოში მეპატრონის გარეშე მილს ვერ გაიყვანდნენ: „თუ მილი ეკუთვნის „სოკარს“, ის არის პასუხისმგებელი ოჯახის გაზიფიცირებაზე, მაგრამ თუ მილი კერძო პირის სახელზეა რეგისტრირებული, ამ პირისგან ნებართვის აღება დასჭირდება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: