მთავარი,სიახლეები

საია: ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

10.03.2016
საია: ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13 უკანონო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს გამოვეხმაუროთ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აღვნიშნოთ შემდეგი:

  • ოფიციალური ინფორმაციისთანახმად, 2015 წლის ივლისის თვეში, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, სტატუსის მინიჭების დღიდან შენობაზე გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა სტანდარტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული;
  • „გაზეთი ბათუმელების“ინფორმაციის თანახმად, შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან ხუთი თვის განმავლობაში – სახლს თანდათან მოხადეს სახურავი, მოანგრიეს შიდა კედლები, მოხსნეს მოაჯირი და 2015 წლის ოქტომბერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის კედელი დარჩა;
  •   2015 წლის ნოემბერში, შენობის მესაკუთრე შპს „სლავა”-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩა #13 მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უკანონოდ დაანგრია. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე პროკურატურას ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ უწარმოებია და არ დამდგარა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  • მედიაში გავრცელებულიინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია „სლავა“-მ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განაახლა, თუმცა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ მომხდარა უკანონო საქმიანობის აღკვეთა.

ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:

  • დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს შპს „სლავას“ მიერ, ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 მდებარე შენობის ადგილას წარმოებული უკანონო სამშენებლო სამუშაოები;
  • ყველა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ (აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო), დროულად უნდა უზრუნველყონ უკანონო სამუშაოების აღკვეთა;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ – შპს „სლავა“-ს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტზე, უზრუნველყონ კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურება;
  • საქართველოს პროკურატურამ დროულად და ეფექტურად აწარმოოს გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე და მოხდეს შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.