რეკლამა

7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

13.03.2016 •
7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

ავღანეთში დილით, ათი საათისთვის ჩავფრინდით. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტი იყო ცხელ მიწაზე. ბოლო ვიზიტისას, ვიზის უქონლობის გამო, აქ მხოლოდ ერთი თვე დავყავი. ახლა დიდი ხნით ჩამოვედი. 6-თვიანი სამშვიდობო მისია ჟურნალისტისთვის სერიოზული თავგადასავალი და გამოწვევაა.

ქაბულის აეროპორტში მეკავშირე ოფიცრები დაგვხვდნენ და ამერიკულ ბაზამდე მიგვაცილეს. „ფენიქსი“ თითქმის არ შეცვლილა. ამ ბაზაზე პირველი ვიზიტი გამახსენდა. ვიწრო ოთახი, სულ რაღაც 4 კვადრატული მეტრი, სიცხე, ემოციები და სურვილი – რაც შეიძლება მალე ჩავბმულიყავი სამშვიდობო მისიაში – არ მაძინებდა.

მეორე დღესვე აღმოვაჩინე, რომ აქ, ახალი ვალუტა არსებობს – ტყემალი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებში ყველაზე ძვირად ფასობს. თბილისიდან ერთი ქართველი ჯარისკაცი გამოგვყვა. ქაბულში კუბდარი და ხაჭაპური წამოეღო. ერთი თვე ვიზოგავდით მშობლიურ ცომეულს. ობიანიც უგემრიელესი იყო.

რამდენიმე დღეში საბუთები მოვაწესრიგეთ და ჰელმანდში გავემგზავრეთ. ჩვენ მიშა და გიორგი უნდა შევცვალოთ. ისინი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრად ავღანეთში უკვე შვიდი თვეა მუშაობენ. წესია ასეთი. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს 7-თვიანი ინტერვალით ვენაცვლებით. ძველიPAO, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ახალს შტაბში წარადგენს და არსებულ სიტუაციასაც გააცნობს. მისიის გადაბარება, აღჭურვილობის, იარაღის, ვიდეო და ფოტოკამერის გადაფორმებას გულისხმობს. შესაბამისად, პირველ დღეებში საქმე ნაკლებია.

7 tve avghanetshi (2)ჰელმანდში გაუსაძლისი სიცხეა. სუნთქვა ჭირს. ყველგან მტვერია, ქვიშა და უდაბნო. ჩვენი ბიჭები ცხელ პროვინციაში მისიას მალე დაასრულებენ და სულ რამდენიმე კვირაში ყანდაღარში გადავალთ. ყანდაღარში ძღვენიც გვაქვს ჩასატანი. ერთ-ერთ ჯარისკაცთან ტყემალი გამოგვატანეს. ეს, უკვე აღარ მიკვირს. გზავნილების ფასს აქ მალევე ხვდები.

ყანდაღარში გამთენიისას გავფრინდით. გრილი დილა იყო. ბასტიონის აეროპორტში (ეს ბრიტანული სამხედრო აეროპორტია) გრძელი რიგი დაგვხვდა. დიდხანს მოგვიხდა ლოდინი მძიმე ბარგით – ჩანთები, ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და იარაღი. აეროპორტში ყავა ვიყიდე. ისეთი მუქი და ძლიერი იყო, გული მთელი დღე მიფრიალებდა.
ყანდაღარის აეროპორტი უზარმაზარია. გავცდით სამხედრო აეროპორტს, შემდეგ სამოქალაქოს და ISAF-ის წარწერასთან შევჩერდით. სპეცრაზმელებმა ბაზაზე გადაგვიყვანეს. გავიარეთ შემოწმება. ჩემმა ტყემალმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ახსნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ვიდრე არ გავასინჯე, ბრიტანელები ვერ მიხვდნენ რა იყო.

ბაზა ყანდაღარში საკმაოდ დიდია. როდესაც დიდ ბაზაზე მისიას იწყებ, პირველი, რაც უნდა გააკეთო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელი ოფიცერი უნდა გაიცნო. კოორდინირებული საქმიანობისთვის ეს აუცილებელია. ყანდაღარში ახალჩასულები პირველ გადაღებაზეც გავედით და ვიდეომასალა თბილისში გამოვაგზავნეთ. ეს, ჩვენი მისიის დაწყებას ნიშნავდა. საქმიანობის პარალელურად, ვარჯიშიც დავიწყე. ავღანეთი ის ადგილია, სადაც, როგორი ზარმაციც უნდა იყო, ვარჯიშის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდება.

ყანდაღარის საავიაციო ბაზა

ყანდაღარის საავიაციო ბაზა ერთ-ერთი მთავარი საავიაციო ბაზაა ავღანეთის სამხრეთით. ჩვენი რეინჯერების ამოცანა სწორედ მისი დაცვაა. ტერიტორია იმდენად ვრცელია, რომ ყაზარმიდან დიდ სასადილომდე, „ნაიგარამდე“ მისასვლელად ავტობუსი აუცილებლად გჭირდება. რა გინდა, იქ არ იყოს.
ყველაზე ახლომდებარე სასადილო შედარებით პატარაა და მას მხოლოდ დილით ვსტუმრობთ.

ქართველი რეინჯერები დგანან გარე, ანუ წინ წაწეულ ბაზაზეც. ეს, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზია. პირველი დარტყმა მათ უნდა მიიღონ და ძირითადი ბაზა შემოტევებისგან დაიცვან. აქ არ არსებობს მრავალფეროვანი სასადილოები, სპორტული დარბაზები, კეთილმოწყობილი საშხაპეები და საცხოვრებლები. ერთ-ერთი ასეთი ბაზა „შახ ვალი კოტი, ავღანური სოფლის მახლობლად მდებარეობს. ამ პატარა ბაზაზე ამერიკელ სამხედროებთან ერთად მხოლოდ ქართველი რეინჯერები არიან. არასდროს დამავიწყდება მშრალი საკვების გემო, რომელიც ამ ბაზაზე გავსინჯე. განსაკუთრებული გარემო, სახელდახელოდ მოწყობილი პირსაბანი და კარავში ჯარისკაცებთან ერთად გათენებული ღამეები. წინ წაწეულ ბაზაზე ბაროტრავმა მივიღე და სმენა დამიქვეითდა. ეს იყო ჩემი, ავღანური მსუბუქი იარა.

ავღანეთში ჩემი ყოფნის დროს ქართველები ყანდაღარში და ქაბულში იყვნენ. შემდეგ დაემატა ბაგრამის საავიაციო ბაზა და ბაზა „მარმალი“მაზარ-ი-შარიფში. ქაბულში დავრჩით, თუმცა ბაზა შევიცვალეთ. ქაბულში რამდენიმე ბაზაა და ერთ-ერთში ქართული სამხედრო წარმომადგენლობის ოფისია. ესაა ქართული სამშვიდობო მისიის ცენტრი.

[რეპორტაჟის გაგრძელება შემდეგ ნომერში]

ავტორი: გიორგი თუხარელი

7 tve avghanetshi

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ-გვერდი: mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი