სიახლეები

7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

27.03.2016 • 3047
7 თვე ავღანეთში – სამხედრო ჟურნალისტის რეპორტაჟი სამშვიდობო მისიიდან

სამხედო წარმომადგენლობის ოფისი ქაბულში

[II ნაწილი ]

KAIA -ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის გვერდით ბაზაზე ქართველ სამხედროებს ინტერნაციონალურ კონტიგენტთან უწევთ მუშაობა. აქ არიან ჩეხები, პოლონელები, ამერიკელები, ბრიტანელები, თურქები, ფრანგები და მონღოლებიც კი. KAIA – დიდი არ არის, თუმცა სხვა სამხედრო ბაზებისგან განსხვავდება, აქ დედაქალაქის მაჯისცემა იგრძნობა: მაღაზიები, დიდი ჰოსპიტალი, რამდენიმე სასადილო, სპორტული დარბაზები და მთავარი ადმინისტრაციული შენობა. ქართველ სამხედროებში მეტად პოპულარულია თურქული სასადილო. აქ ისეთ ნაცნობ კერძებს შეხვდებით, როგორიც არის, მაგალითად, აჯაფსანდალი.

სამშვიდობო მისიის შტაბს ავღანეთის დედაქალაქში ქართველი ჯარისკაცები იცავენ. ქაბული, ბოლო პერიოდში საკმაოდ პრობლემურია. ქალაქი, სადაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისი და  ავღანეთის ხელისუფლების ადმინისტრაციაა, ISAF-ის მისიის მიწურულს თალიბების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. ასეა „მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციის“ პირობებშიც.

ყანდაღარის საავიაციო ბაზიდან გამოსვლის შემდეგ ქართული კონტიგენტი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განთავსდა. ჩვენ ბაზაზე ერთი კვირით ადრე ჩავედით. ამ დროისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილები, საქმეში მთლიანად ჩართულები, ორი მედლის და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამადლობელი სერტიფიკატის მფლობელები ვიყავით.

სამხედრო ბაზის მახასიათებელია სატრანზიტო კარვები. აქ – მაქსიმუმ ორი კვირა შეგიძლია გაჩერდე. ეს ერთგვარი დროებითი საცხოვრებელია. ერთი კვირა სწორედ ამ  სატრანზიტო კარავში ვიცხოვრეთ. ვის არ შეხვდები აქ. სპეცრაზმელებს და დაზვერვის თანამშრომლებს, ავღანელ და უცხოელ რეპორტიორებს. კონტრაქტორებს და სამხედრო წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა ჩუმად მოძრაობს. სიჩუმეს უფრთხილდებიან. ღამე თუ ჩამოხვედი ჩუმად უნდა დაწვე. ისე, რომ სხვები არ შეაწუხო. სპეციფიკური სუნი დგას. დენთის, მტვრის და მენთოლიანი საღეჭი რეზინის. ჩვენი ბიჭები რომ ჩამოვიდნენ, აეროპორტში დავხვდით. 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფი იყო, რომელმაც ბაგრამში უსაფრთხოება ჩაიბარა. მათ ფუნქციებში ბაზის დაცვასთან ერთად ბაზის გარეთ პატრულირებაც შევიდა. თუმცა, ამ პერიოდში გარე ბაზები აღარ მოქმედებდა და შესაბამისად, მისიაც ნაკლები საფრთხის მატარებელი იყო.

ბაგრამის ბაზა

ბაგრამის ბაზა აეროპორტს გარშემო აკრავს. ავტობუსი აქაც მოძრაობს, და უფრო ინტენსიურადაც. ბაგრამი ყანდაღარზე ორჯერ დიდია. თუმცა მასშტაბები აქ პირობითია. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უამრავი დაწესებულებაა: ავღანური ბაზრობები, კონტრაქტორების ოფისები, საერთაშორისო კვების ბრენდული ობიექტები, ოფისები, სამხედრო ყაზარმები, სამხედრო ტექნიკის საწყობები. ტერიტორია კარგად არის დაცული. სარაკეტო არაპირდაპირი იერიშებისგან ბაზას სპეციალური ქვემეხები იცავენ. ისინი ჰაერში ანადგურებენ რაკეტას და საკმაოდ ეფექტური ხმაც აქვთ. პირველად ეს ხმა ერაყში ყოფნისას გავიგე. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კი, თითქმის ყოველ მეორე დღეს მესმოდა. ქართველი სამხედროები აქ ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. იყო შემთხვევა როდესაც სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს უარი უთქვამთ მათი პასუხისმგებლობის ზონაში მყოფ რაიონში ამოცანის შესრულებაზე და ეს მისია ქართველებს შეუსრულებიათ. ასევე, როდესაც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, მის უსაფრთხოებაში დიდ როლს სწორედ ქართველი მებრძოლები ასრულებენ.

მახსოვს, ქაბულში ვერტმფრენით მივფირინავდით. რეგისტრაცია გავიარეთ და მოსაცდელ დარბაზში ამერიკელ სამხედროებთან ერთად მოვხვდით. ისხდნენ, ჩაფიქრებულები და საქმიანები. ზოგი კითხულობდა, ზოგს ჩასძინებოდა. უცებ, ერთი სამოქალაქო ფორმიანი კონტრაქტორი მომიახლოვდა და მკითხა – ქართველი ხარ? დადებითი პასუხის შემდეგ სიამაყით მითხრა: – „ქართველები ძალიან მაგარი მებრძოლები ხართ, მე ქართველებთან ჰელმანდის პროვინციაში ვიმსახურე და მათი ნდობა ყველგან შეიძლება. ამის მოსმენისას  სიამაყე დამეუფლა.

სამხედრო აეროდრომის წესებიც ძალიან საინტერესო და სახასიათოა. ბილეთების მაგივრობას  ფურცლის ლამინირებული ნაგლეჯი გიწევს. არის მგზავრობის რამდენიმე ტიპი. ერთ შემთხვევაში იღბალს უნდა მიენდო, ანუ, მხოლოდ მაშინ გაფრინდები თუ ადგილი თავისუფალია. ამ ვარიანტს SPACE A ჰქვია. სამხედრო აეროპორტში რომ შედიხარ აბსოლუტურად ყველაფერს აბარებ ბარგში, გარდა ლეპტოპებისა. იარაღი უნდა განმუხტო გარეთ. ანუ მჭიდი უნდა ამოიღო პისტოლეტიდან. შემდეგ  მინიმუმ 2 საათი იცდი სანამ თვითმფრინავი მზად იქნება და მერე ბორტზეც ადიხარ. პისტოლეტიც და მჭიდიც ბორტზე აგაქვს. სამხედრო თვითმფრინავი საშინლად ხმაურიანია. ყურის საცობები აუცილებელია.

ბაგრამის ბაზაზე, დაახლოებით, ოთხი თვე ვიმუშავეთ. ამასობაში საქართველოში ახალი წელი და შობა იზეიმეს. ქართველ სამხედროებთნ ერთად არაერთ პატრულირებაში მივიღეთ მონაწილეობა. გავაშუქეთ ჰუმანიტარული მისიები და სამხედროების როგორც საბრძოლო, ისე ყოველდღიური ცხოვრება. ამ პერიოდში ჩვენი რამდენიმე სამხედროც დაშავდა. საბედნიეროდ მსუბუქად. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა მათ სიახლოვეს. არადა, წინა დღეს, სწორედ იმ პერიმეტრზე ჩვენც ვიყავით გადაღებაზე. ბაგრამის ბაზაზე ყოფნის დროს ქართულ სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალიც“ დაემატა. ეს უკვე გერმანული სამხედრო ბაზაა. აქ ჩვენი მებრძოლები სხვა, სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებენ.

მაზარ-ი-შარიფში როდესაც ჩვენი ქვედანაყოფი ჩამოვიდა, ჩვენი მისია უკვე თითქმის ამოწურული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სატელევიზიო მასალა გავგზავნეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისი ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს, რომ სამშვიდობო მისიის დროს ქართველი სამხედროების ცხოვრება და საქმიანობა სრულყოფილად წარმოჩნდეს.

თითქმის შვიდი თვე დავყავით ავღანეთში. იანვარში ნაცნობი პროცედურა ჩავატარეთ. მისია ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებს გადავაბარეთ და სამშობლოში წამოვედით.  როდესაც ცხელი მიწა თვითმფრინავის ილუმინატორიდან თვალს მიეფარა, 7 თვის განმავლობაში პირველად უემოციოდ დავიძინე.

[ნაწილი პირველი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე]

ავტორი: გიორგი თუხარელი

ავღანეთში

ავღანეთში

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: