სიახლეები

დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

30.07.2016 • 2254
დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობამ ის დასახლებები განსაზღვრა, სადაც საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია განხორციელდება. 12 ასეთ დასახლებას შორის, დაბა შუახევიც მოხვდა.

ეს დასახლებებია:

  1.  კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი).
  2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი).
  3.  არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
  4.  არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).
  5.  სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი).
  6.  მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
  7.  ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი).
  8.  ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი).
  9.  ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი).
  10.   საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი).
  11.  მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).
  12.  შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).

აღნიშნულ დასახლებებში, საპილოტო პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაზღვრავს. საპილოტო პროექტის ფარგლებში უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2018 წლის 1 ივლისამდე. მთავრობის შესაბამისი დადგენილება მიმდინარე წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება.

მიწის რეგისტრაციის შესახებ სამ ივნისს დამტკიცებული კანონპროექტი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ სისტემური რეგისტრაციისას ნაკვეთების გადაფარვის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.  დანარჩენ დასახლებებში მიწის რეგისტრაცია სპორადულად, მოქალაქეთა მიმართვიანობის საფუძველზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 13 აგვისტოდან ამოქმედდება საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, მიწა საკუთრებაში დაირეგისტრირონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები. საქართველოს მთავრობამ აჭარის მთავრობას დაავალა მიეწოდებინა იმ დასახლებების სია, სადაც 1992 წელს მიწის რეფორმა არ გატარებულა. აჭარის მთავრობის მიერ კი თბილისში გადაგზავნილი იქნა შემდეგ დასახლებათა ნუსხა:

ხულოს მუნიციპალიტეტი [მთლიანად, ანუ დაბა ხულოსა და ყველა სოფლის ჩათვლით] – გარდა რეკრეაციული ზონებისა: კურორტი ბეშუმი და კურორტი გოდერძი;

შუახევის მუნიციპალიტეტი – გარდა მთა ღომას, მთა ჩირუხისა და კურორტ გომარდულისა;

ქედის მუნიციპალიტეტი – გარდა დაბა ქედისა და აწჰესის დასახლებისა.

რატომ არ აღმოჩნდა ამ სიაში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები, სადაც ასევე არ გატარებულა მიწის რეფორმა? – აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ „მოცემული ნუსხა ატარებს საპილოტე ხასიათს და მომავალში შესაძლებელია დამატებით წარდგენილი იქნეს სხვა დასახლებების ნუსხაც, რომლებიც ამ ეტაპზე არ იქნა ასახული“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: