მთავარი,სიახლეები

მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ

10.07.2016 • 2118
მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. ის აპირებს პარტია მის მიერვე შექმნილი ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ბაზაზე დააფუძნოს. პარლამენტარის თქმით, მას პარტიის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მისი გეგმები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებამ შეცვალა. მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგებაში ადანაშაულებს და ახლა მისი მთავარი მიზანი, მისივე თქმით, ამ გარიგების ჩაშლაა.

ბატონო მურმან, არჩევნები მოახლოვდა, რა გეგმები გაქვთ, საკუთარი პარტიის შექმნას მართლა აპირებთ?

დიახ, ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლის შემდეგ ჩემი გეგმები შეიცვალა. მგონია რომ ჩვენ კონკურენცია უნდა გავუწიოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, სამწუხაროდ, ასე მოაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საქმე. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავზებას მივიღებდი. არის ასეთი შემოთავაზება, როგორც მაჟორიტარული წესით, ასევე პარტიულ სიებში. ახლა მივიღე გადაწყვეტილება და პრაქტიკულად ალბათ საბოლოოა, რომ შევქმნა საკუთარი პარტია და კონკურენციაში შევიდეთ ვარშალომიძესთან და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირდაპირ გეტყვით, რომ ნაკლებად პერსპექტიულად მეჩვენება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობა პირადად ჩემს მიმართ. მე მგონია, რომ კონკურენტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად ვარშალომიძე. სადაც ვარშალომიძე იყრის კენჭს მაჟორიტარად, მეც იქ ვაპირებ კენჭისყრას. შევხედავ რა მიმართულებით წავა ვარშალომიძე. თუ ის პარტიულ სიას ჩაუდეგება სათავეში და დააანონსებს ამას, მეც მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ პარტიულ სიას ჩავუდგე სათავეში და მოსახლეობამ გადაწყვიტოს ვინ ურჩევნია. ის, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უკვე აგებს, ეს არის აშკარა. არ მაგონდება არცერთი შემთხვევა, როცა არჩილ ხაბაძე დადიოდა რაიონებში და ტაშით ხვდებოდნენ. ხაბაძემ და ივანიშვილმა მოახერხეს იმდენი, რომ ლევან ვარშალომიძის შემოსვლას აჭარაში ტაშის დაკვრა მოყვა. ამიტომ მეჩვენება ისიც , რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არის გარიგება და ეს გარიგება უნდა ჩაიშალოს. ეს არის უახლოესი დღის წესრიგი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

თქვენ ახლა საუბრობთ იმაზე, რომ ლევან ვარშალომიძეს უფრო მეტი გავლენა აქვს აჭარაში?

რა თქმა უნდა. 2012 წლის 1 ოქტომბერს ლევან ვარშალომიძე პირადად მე გამოვიყვანე კაბინეტიდან და ქართული ოცნება შევიყვანე. ლევან ვარშალომიძესთან ოპონირება მომიხდა არა ერთი და ორი დღით, როგორც სხვებს, არამედ, მე მათთან ოპონიერების რეჟიმში ვიყავი 2004 წლის მაისიდან, როცა აბაშიძე წავიდა ხელისუფლებიდან. ცხრა წელი უწყვეტი ბრძოლა გაგრძელდა „ნაციონალური მოძრაობა“- სააკაშვილი-ვარშალომიძის ხელისუფლებასთან და ეს მოძრაობა დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბრით. ჩვენი დანაპირები პირველი ოქტომბრისა უნდა შესრულდეს. ეს არის შრომისმოყვარე პატიოსანი მთავრობის მოსვლა. მოსახლეობას ვეუბნებოდით, რომ ყველა იმ საკუთრებას აღვადგენდით, რომელიც უკანონოდ ჩამოართვა სააკაშვილმა. ჯერჯერობით არცერთი საკუთრება უკან დაბრუნებული არ არის. გონიოს მიწები, რომელზეც ხშირად აპელირებენ არის პოლიტიკური საკითხი და თუ საზოგადოება მხარს დამიჭერს, ამ პრობლემას გადავწყვეტ 15 წუთში. ამას არ ჭირდება არავითარი აღიარების კომისია და სამართლებრივი ნორმები. მიწის გადაცემა არის პოლიტიკური საკითხი და მთავრობამ უნდა იღონოს ყველაფერი იმისათვის, რომ დედაქალაქს წაართვას კომპეტენციები და ფუნქციები. თუ თვითმმართველობები არ განვითარდა, ჩვენი ქვეყანა მუდმივად სიღარიბის ჭაობში იქნება. და თუ გვინდა, რომ სიღარიბიდან ამოვძვრეთ, ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა დავუტოვოთ ის ფუნქციები, რაც მისი გასაკეთებლია, ხოლო დანარჩენი კი ის, რაც შეგვიძლია ადგილზე გავაკეთოთ, უნდა გაკეთდეს ადგილზე.
ვაპირებდი კენჭისყრას საქართველოს პარლამენტში, თუმცა მაინც მგონია რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვფიქრობ  კონკურენციაში უნდა შევიდეთ იმ ხელისუფალთან, იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ. სამწუხაროდ, 2 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო იმ ადამიანების განდევნა მისი გუნდიდან, რომლებმაც მასთან ერთად დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს თქვენ ვერ დაასახლებთ ძალიან მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მხარდამჭერები არ იყვნენ. მაგალითად გიორგი ერმაკოვი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ჭეიშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზურაბ პატარაძე, რომელიც მოდის ახლა ხელისუფლებაში, არის ლევან ვარშალომიძის ახლობელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გარიგება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩააბაროს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახელით, ეს არ გამოუვა. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს გავუშიფროთ. გაიშიფრება არამარტო ეს პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“, არამედ გაიშიფრება ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არის საქართველოში და სინამდვილეში ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ერთ-ერთი ასეთი მგონია „პატრიოტთა ალიანსი“ და სხვა პოლიტიკური პარტიებიც. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატები“ აჭარაში. მე ვფირობ, რომ ისინი ასრულებენ „ქართული ოცნების“ დაკვეთებს.

თქვენ არცერთი არჩევნების წინ, მაშინაც კი, როცა ის იყო მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე არ მოგიხსენიებიათ როგორც გავლენიანი ფიგურა

სრულიად გეთანხმებით, ლევან ვარშალომიძე და გადაკეთებული ლევან ვარშალომიძე, ანუ „ქართული ოცნება“ არიან გაერთიანებული ამ ბრძოლაში. ამიტომ, ჩვენ სწორედ ამ გაერთიანებულ ძალას უნდა ვებრძოლოთ. ახლა, როცა მე ვახსენებ ლევან ვარშალომიძეს, ბუნებრივია ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასაც“. ლევან ვარშალომიძე ვერ ჩამოვიდოდა აჭარაში ასე პომპეზურად, თუ არ იქნებოდა „ქართული ოცნების“ დასტური. ჩემი კონკურეტი „ქართული ოცნება“ არ იქნება. დამისახელეთ ვის უნდა ვებრძოლო – ავთანდილ ბერიძეს? – მას საკუთარ სადარბაზოშიც კი მოვუგებ არჩევნებს. კაკო ძნელაძეს? – რომელსაც ოთხი წელია ხმა არ ამოუღია იმ დაპირებებზე, რაც ჩვენ მოსახლეობას მივეცით. ან ვის უნდა ვებრძოლო – არჩილ ხაბაძეს? – რომელიც ოთხი წელია პოლიტიკაშია და წარმოადგენა არ აქვს რა თანამდებობაზე იქნება… ამ კვალობაზე ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურა მაინც გამოჩნდა ლევან ვარშალომიძე. მე ვამბობ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციას, როგორც რეგიონში, ისე დანარჩენი მასშტაბით ქვეყანაში. სადაც ჩვენი გავლენებია, ყველაგან მივწვდებით და ვეტყვით მოასახლეობას, რომ ეს არის დიდი ფარული გარიგება.

ვინ იქნება თქვენთან ერთად პარტიაში?

ქალბატნი მედეა ვასაძე და მე ვიქნებით თანადამფუძნებლები. ბუნებრივია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოიზარებიან, თუმცა ახლა მათი სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ვნახოთ როგორ იქნება ტექნიკური საკითხები მოგვარებული. მე ამ დრომდე ამის გაკეთებას არ ვაპირებდი და საერთოდ არაა ჩემთვის მიმზიდეველი პოლიტიკური პარტიის შექმნა, იმიტომ რომ საქართველოში ორ ასეულზე მეტი პარტიაა ერთანარი ხედვებით. დღეს ჩანს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მხარეს და აჭარაში, ეკონომიკურად ყველაზე მიმზიდველ რეგიონში, ყველა პარტია არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. მათ შორის ისეთი პარტია, რომელიც ცენტრალურ დონეზე მართლაც ოპონირების რეჟიმშია. მაგალითად „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან აჭარის რეგიონში. მე შეგნებულად არ ვსაუბრობ იმ პარტიებზე, რომლებსაც აქვთ შანსი გადალახონ ბარიერი, მაგრამ ისინი არიან „ქართული ოცნება“. ჩვენ ხელისუფლებასთან არ გავრიგებულვართ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ყოფნით დავმტკბარიყავით. ჩვენ გვქონდა შანსები და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო ასეთი მძლავრი ფინანსური პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა იმიტომ, რომ იცის რა ხიფათები ელის ჩვენგან. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ახლა ფინანსებმა უნდა გადაინაცვლოს მეორე მხარეს და არ უნდა იყოს ეს გადამწყვეტი. ჩვენ უნდა შევქმნათ სერიოზული პოლიტიკური მოძრაობა – „ემსახურე საქართველოს“ და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს დიდი გარიგება ჩავშალოთ.

„თავისუფალ დემოკრატებთან“ დაკავშირებით თქვენ ამბობთ, რომ ისინი გარიგდნენ მმართველ პარტიასთან მხოლოდ აჭარაში?

დიახ, ცენტრალურ დონეზე ბუნებრივია არის დაპირისპირება, მაგრამ თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცერთ მაღალი თანამდებობის პირს, რომლებიც ოპოზიციაში წასვლის შემდეგ გადააყენეს. მაშინ როცა ჩვენი გუნდის წევრები, სკოლის დარაჯებიც კი გაუშვეს. მაგალითად ლევან ლორთქიფანიძე, ყოფილი გამგებელი ლამის დაიჭირეს და ვერაფერი დაუმტკიცეს. „თავისუფალი დემოკრატია“ განათლების მინისტრის მოადგილე, არქივის უფროსის მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის საკრებულოს წევრი. როგორ ახერხებს თანამდებობაზე ყოფნას? ბევრი სხვა მაგალითების მოყვანა შემიძლია. უმაღლეს საბჭოში რაც ხდება „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან, ხელის აწევა იმ ბიუჯეტებზე იმ პროცესებზე, იმ თაღლითურ გარიგეგებზე, მაგალითად, სტადიონის 17 მილიონ ლარზე რომ ხელია აწეული, ბიუჯეტზე რომ ხელია აწეული და ახლა რომ აპირებენ ხელის აწევას მთავრობის დამტკიცებაზე აჭარაში. ეს ხომ ნონსესია? – როდის იყო ოპოზიცია მთავრობის ფორმირებაზე პასუხიმგებლობას იღებდა. არცერთ ცივილურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტია მთავრობას ხმას არ აძლევს. მაშინ რატომ არ მისცეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხმა კვირიკაშვილს, 2015 წლის დეკემბერში? ჩვენ მოსახლეობას ეს ყველაფერი უნდა გავუშიფროთ. საერთოდაც, ფრაქცია „თავსუფალი დემოკრატები“ არის დაშლილი უმაღლეს საბჭოში, სამი შევიდა და ახლა დარჩენილია ერთი. კახიძემაც დატოვა პარტია.

თქვენთან ხომ არ მოდის?

არა. ასეთი მოლაპარაკებები არ გავქვს. ის ჩემი უახლოესი ადამიანი იყო და თითქმის ათეული წლების წინ, ის მე მოვიყვანე პოლიტიკაში. ის არც მალავს ამის შესახებ.

თქვენ თქვით, რომ ფული ერთ მხარეს გადანაწილდა, თქვენს პარტიას ვინ დააფინანსებს?

ჩემი მცდელობა, რომ შექმნილიყო დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია, ბუნებრივია კანონის ფარგლებში, ჩაიშალა. მე პოლიტიკაში ფული არ მიკეთებია და არც ვაპირებ. მე ფული არ მაქვს, ფიზიკური ძალა და უნარი რამდენსაც შეწვდება, იმდენს შევძლებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: