Batumelebi | რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე – Batumelebi
RU | GE  

რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად კი რეგიონის მოსახლეობა მასობრივად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადადის.

ბათუმელი მედეა აბაშიძე ჩაის კრეფის სეზონზე ყოველ დღე გადადის თურქეთში, მუშაობს და საღამოს ისევ სახლში ბრუნდება. ამბობს, რომ თურქეთში საქართველოდან ჩაის საკრეფად სამ სეზონზე მიდიან – მაისში, შემდეგ ივნისის ბოლოდან ივლისის ბოლომდე პერიოდში  და სექტემბრიდან კიდევ ერთი თვით.

„სარფში გადავდივარ, ბირჟაზე მოდის ჩაის მეპატრონე თავისი მანქანით, მიყავხარ სახლში,  გასაუზმებს დილით, შუადღითაც და შესაძლოა ისეთი ოჯახი შეგხვდეს, რომ საღამოსაც გავახშმოს მსუბუქად. იშვიათი გამონაკლისია, კოკა-კოლა ან ნაყინი მოგართვას. გამთენიისას 4 საათზე გადავდივართ სარფში, იქაური დროით 7 საათამდე მოვლენ, გაყვები და უკვე 8 საათზე იწყებ მუშაობას,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

მისი თქმით, ზოგიერთები მთელ სეზონზე რჩებიან თურქეთში და მუშაობენ სარფიდან ტრაპიზონის ჩათვლით დასახლებებში, სადაც კი ჩაის პლანტაციებია, თუმცა მას ოჯახური პირობები არ უწყობს ხელს, თურქეთში სამუშაოდ დარჩეს.

„შემოსავალი შეიძლება გამოგივიდეს დღეში 150, მაქსიმუმ – 170 ლირა. ახლა დღიურად თითქმის არავინ იხდის ფულს – 1 კგ მოკრეფილ ჩაის ფოთოლში 30-დან 40-თეთრამდე გვიხდიან. 250-300 კგ. ჩაის ფოთოლს კრეფს ერთი ადამიანი. არიან ისეთები, 400-500 კგ-საც რომ კრეფენ დღეში… ჩვენთან რომ აღადგინონ პლანტაციები, იქ აღარ გადავალთ, აქ ვიმუშავებდით და ვიშოვიდით პურის ფულს“.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, 3,5 მილიონი ლარითაა დაფინანსებული და მას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, პროგრამაში ჩართვის მსურველის არც ერთი განცხადება არაა აჭარის რეგიონიდან სააგენტოში შესული.

აჭარაში ფიქრობენ, რომ ფართობების ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე თანადაფინანსება არასაკმარისია. პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს. ამასთან, თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული კომპანიებიდან ერთ-ერთი. სააგენტოს მიერ ხუთი ასეთი კომპანიაა შერჩეული, აქედან აჭარაში შპს „მექანიზატორი“ ფუნქციონირებს [ქობულეთის სერვისცენტრი, დაბა ჩაქვში], რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

ქობულეთის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.

„ეტყობა, გადაათვალიერა ფართობები იმ ხალხმა, ვინც იყო დაინტერესებული და უნდოდა ჩართვა პროგრამაში, მაგრამ ამ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია რეაბილიტაცია თავად განახორციელოს. ეს სააგენტოს მიერ შერჩეულმა კომპანიამ უნდა გააკეთოს და ამ ფაქტორმაც უარყოფითად იმუშავა ალბათ. ეს 2500 ლარი არ ეყოფა ჰექტარზე ჩასატარებელ სამუშაოებს,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე.

პროგრამაში ჩართვის მსურველს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 ჰექტარი  ფართობის ჩაის პლანტაცია და უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა კი ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობა უნდა მოაწყოს.

ავთანდილ მესხიძის ინფორმაციით, განაცხადი ითვალისწინებს, რომ პროგრამაში ჩართვის მსურველი იყოს შპს ან კოოპერატივი: „კოოპერატივს უპირატესობა ენიჭება, მაგრამ აჭარიდან საერთოდ არ არის განაცხადი შესული – სხვა რეგიონებიდანაც ძალიან ცოტაა. საქმე იმაშია, რომ აჭარაში პრივატიზება არ მომხდარა ჩაის ფართობების, შესაბამისად, არც ერთ კოოპერატივს თუ შპს-ს ეს ნაკვეთები საკუთრებაში არ აქვს. ჩაი 5700 ჰექტარზე იყო აჭარაში გაშენებული და დღეს 400 ჰექტარი თუ იქნება, ისიც ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა არც დაექვემდებაროს რეაბილიტაციას და არც კომპაქტურადაა, დაფანტულია ფართობები. ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი კოოპერატივები, რომ პროექტით გამოყოფილი თანხა ეყოს, ასეთ გაფანტულ ნაკვეთებს მოუყაროს თავი და ჩაერთოს პროგრამაში –  ეს ვერ მოხდება“.

აჭარაში, სამინისტროს მონაცემებით, ჩაის ფოთლის წარმოება-გადამუშავებას დღეს შვიდი კომპანია ახორციელებს.

„მაგალითად, ქობულეთში, ოჩხამურში, არის ჩაის პლანტაციები, კრეფს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ მხოლოდ 15 თეთრს უხდიან კილოგრამში. ამ ფასად მუშაობა არ ღირს, მაგრამ ხალხს სხვა გზა არ აქვს. ვინც სხვაგან ვერ ახერხებს გასვლას, ის კრეფს. არადა, 20 თეთრიც რომ გადაუხადონ, ვიცი, იმათთვის ესეც შეღავათი იქნება,“ – ამბობს მედეა აბაშიძე.

„ნამდვილად არ ვარ მომხრე აქ ჩაი იმ ფასად კრიფონ, რასაც თურქეთში უხდიან. ხარისხიანი ჩაი 30 თეთრად არ მოიკრიფება, ის გაცილებით მეტი უნდა ღირდეს. 4 კგ ნედლეულია საჭირო, რომ 1 კგ მზა პროდუქცია მიიღო. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, 2-გრამიანი პაკეტის ჩაი რომ ავიღოთ [პაკეტის ჩაი არის ყველაზე დაბალი ხარისხის] და კილოგრამებზე გადავიანგარიშოთ, სულ ცოტა, 30 ლარია კილოგრამი ჩაის გაყიდვის ფასი. თუ 30-თეთრად მოაკრეფინებ, ესე იგი, 1 კგ ჩაის ნედლეული ჯდება 1 ლარი და 20 თეთრი. დამუშავების, დაფასოებისა და ყველა ხარჯი რომ გავთვალოთ, 5-ლარს დიდად არ გადააჭარბებს თვითღირებულება. მოგება აქ გამოდის სულ ცოტა 500%. ვფიქრობ, უნდა იყოს შერჩევითი კრეფა, გადაუხადონ მაღალი ფასი მკრეფავს და შესაბამისად, გაიყიდოს მაღალხარისხიანი ჩაი. ხელით კრეფა არის საუკეთესო ხარისხის გარანტი. აგროწესების დაცვით ერთი ადამიანი 30-40 კგ ხარისხიანი ჩაის მოკრეფას თუ შეძლებს. სხვა მხრივ რაოდენობის გაზრდა ყოველთვის ხარისხის ხარჯზე ხდება, თუმცა ნებისმიერი ხარისხის პროდუქტს დღეს თავისი კლიენტი ჰყავს,“ – აცხადებს ავთანდილ მესხიძე და დასძენს, რომ მათ ხშირად უკავშირდებიან ბელორუსიიდან, ასევე ამერიკიდანაც არის მოითხოვნა ხარისხიან ჩაიზე.

ავთანდილ მესხიძის თქმით, ჩაის აქვს სოციალური დატვირთვაც: „როცა ჩაის კულტურა არის განვითარებული, თავისი აგროტექნიკური ღონისძიებებიდან გამომდინარე, 10 თვის განმავლობაში მუშახელი დასაქმებულია – გადაბარვა, სასუქების შეტანა, გასხვლა და შემდეგ 7 თვის განმავლობაში კრეფა. ჩაი რენტაბელური კულტურაა. არა თუ აღდგენა/რეაბილიტაცია, არამედ რომც გავაშენოთ, მაინც მომგებიანი იქნება რამდენიმე წელში. ნებისმიერი პროგრამის დაწყებამდე კი აუცილებლად უნდა მოხდეს აღწერა სახელმწიფო დონეზე არსებული  ფართობების და კულტურათა განლაგება უნდა იქნას გათვალისწინებული“.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე განწირულია აჭარაში, ისევე, როგორც ეს მოხდა 2002 და 2005 წლებში,“ – აცხადებს საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე თამაზ ცინცაძე და ამის მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ არ გაკეთდა შესაბამისი ანალიზი. მისივე თქმით, მიმდინარე პროგრამას მეჩაიეობის აღორძინებასთან საერთო არაფერი აქვს.

ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე

ჩაის კრეფა / სარფი, თურქეთი / ფოტო: თორნიკე თავაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com