აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს. კანდიდატი უნდა იყოს 21 წელს გადაცილებული, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი სამუშაო გამოცდიელება. ხელფასი 1500 ლარი.
ჯანდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ევალება – სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge;
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 მაისია.
კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადებების გადარჩევა 2016 წლის 6 მაისს მოხდება, ხოლო მეორე ეტაპი -ტესტირება 2016 წლის 13 მაისს ჩატარდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ეროვნიული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე კვლავ გამოიტანა. ამჯერად შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 6 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარია.
ადრე გამოცხადებული აუქციონების მიხედვით, რომლებიც არ შედგა, შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასი ჯერ 5 მილიონ 850 ათასი აშშ დოლარი, შემდეგ კი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი ამჯერად 13 მაისს უნდა დასრულდეს. ქონება გარკვეული პირობებით სხვისდება.
პირობა:
ნასყიდობის საფასურის გადახდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2016 წლის 20 დეკემბრამდე, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე (ძეგლის) მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის მოწყობა და ამოქმედება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული (შენობის გუმბათი) საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა;
აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, მყიდველის ან/და მესამეპირის მიერ, არანაკლებ 80 მოქალაქის დასაქმება როლელთა არანაკლებ 90%-ს უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეები.
პროფილის (სასტუმროს – არანაკლებ 25 (ოცდახუთი) ნომერი, სამორინეს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის) და დასაქმებულთა რაოდენობის მუდმივად 10 (ათი) წლის განმავლობაში შენარჩუნება.
შენობას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გუმბათი მიაშენეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გუმბათში დამონტაჟებული საათი კი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს eauction.ge-ზე განცხადებების განთავსებასა და ვაჭრობის პროცესის უზრუნველსაყოფად, მარტო 2016 წლის მარტის თვეში, 2500 ლარი აქვს გადახდილი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 30 აპრილს, 17:00 სთ-ზე, ბათუმში „მუხრან ვახტანგაძის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“ გაიხსნება. ფინალური თამაშები და დაჯილდოების ცერემონიალი კი პირველ მაისს, 17:00-დან 19:00სთ-მდე ჩატარდება.
„ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მოასპარეზე ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. გამარჯვებულები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ღონისძიება ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან 55 ათასი ლარია გამოყოფილი“ აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ტურნირი ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება. გასულ წელს ტურნირის ჩასატარებლად ბათუმის მერიამ 37 600-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია.
ახალი სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა – ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2016 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. ტენდერი მიმდინარე წლის 6 მაისს უნდა დასრულდეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით აღნიშნულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით ხულოს გამგეობას 83-მა ოჯახმა მიმართა.
დღეს, 28 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია აჭარაში ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირებაზე – გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოსა და ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი ორგანიზებით.
ერთ-ერთი მომხსენებლის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის, ციალა ქათამიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში ეკომიგრაციული პროცესების რეგულირებას და წარმოდგენილ იქნა სამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა პოზიცია როგორც ეკომიგრაციის სფეროს რეგულირების, ასევე ე.წ. სოციალური სახლების მშენებლობის რეგლამენტაციის საკითხებზე. ასევე განხილულ იქნა ეკომიგრაციის სფეროში სახელმწიფოს მიერ, აღნიშნულ სფეროში, პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და ხედვის არარსებობის საკითხი.
„სახალხო დამცველის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე ცალსახაა, ვფიქრობთ რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ეკომიგრაციული პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ეკომიგრანტთა სტატუსს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და მოვალეობებს. მანამ სანამ ეს არ მოხდება შეუძლებელია ვისაუბროთ აღნიშნული სფეროში პროცესების ეფექტურ მენეჯმენტზე“, – აღნიშნა ციალა ქათამიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.
დისკუსიაზე მოხსენებები წარმოადგინეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ნათია ზოიძემ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა არჩილ ხახუტაიშვილმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მინდია ბასილაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.გ. გაამართლა. ამავე პირს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია გასული წლის 9 სექტემბერს ე.წ. „დევნილთა დასახლებაში“ მომხდარ მკვლელობებზე. ბრალდებულის ადვოკატი, რამინ პაპიძის მთავარი აქცენტი თავის გამოსვლებში იყო ის, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, ვინც მანამდე ბრალდებულის ახლობელი მოკლა. მკვლელობებს წინ უსწრებდა სიტყვიერი ურთიერთშელაპარაკება. შეხვედრაზე, სადაც ორი პირი მოკლეს, არასასურველი სიძე უნდა შერიგებოდა ცოლის ძმას. ძმა დას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ოჯახი [ქმარი და ორი შვილი] მოულოდნელად მიატოვა და ახალი ოჯახი შექმნა. „ახალი სიძე გამუდმებით ურეკავდა ცოლის ძმას და სთხოვდა შეხვედრას. საბოლოოდ შეხვედრა დევნილთა დასახლებაში შედგა, სადაც შეიკრიბნენ ორივე მხარის რამდენიმე მეგობარი და ნათესავი“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.
შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფების შემდეგ, მ.შ.-მ [სიძის მეგობარი] დანით მძიმედ დაჭრა ქალის ძმა და მოკლა ქალის დეიდაშვილი. ამის შემდეგ ქალის ძმის ნათლულმა მ.გ.-მ პისტოლეტით მოკლა მ.შ.
თუკი ადვოკატის მტკიცებას აუციელებელი მოგერიების შესახებ მოსამართლე არ გაიზიარებდა, მ.გ.-ს 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა.
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გუშინ, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს, ე.წ. „ზებრაზე“ გადასვლისას დაეჯახა ავტომანქანა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლის დროს დაზარალებული კონტაქტური იყო და მას აღენიშნებოდა ნაკლებად მძიმე დაზიანების ნიშნები. დაზარალებული გადაიყვანეს საავადმყოფოში.
დღეს, 28 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ და მუნიციპალური მასშტაბით სხვადასხვა საგნობრივი კონკურსის ჩასატარებლად, გამარტივებული ელეტრონული ტენდერი გამოაცხადა შემდეგ შესყიდვებზე:
ერთი ცალი ოქროსფერი ბუს გამოსახულებიანი თასი;
48 სიგელი;
ცხრა მედალი;
18 ცალი წიგნი – „ათას ერთი შეკითხვა ინტელექტუალებისთვის“ [სამივე ნაწილით];
ცხრა ცალი საქართველოს ისტორიის ოთხტომეული [მაგარი ყდითა და თავისი ყუთით];
ბათუმი-შუახევისა და შუახევი-ბათუმის მიმართულებით 18 ადამიანის ტრანსპორტირება;
10 ლიტრი ღვინო;
ორი ცალი ხაჭაპური;
რვა მჭადი;
ორი საწებელი;
ორ-ორი თეფშით ოჯახური, ოსტრი, სინორი, ბორანი და ყველის ასორტი.
სატენდერო თანხა 1 727 ლარია. როგორც სატენდერო პირობების ხარჯთაღრიცხვაშია წარმოდგენილი ღვინით, მჭადით, ბორანით, სინორით, ხაჭაპურით და სხვა კერძებით სუფრა შუახვში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მოწვეული სტუმრებისთვის [სულ რვა ადამიანისთვის] უნდა მოეწყოს. ტენდერი 6 მაისს დასრულდება.
24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში.
დისკუსიაზე მოხსენება – ტოლერანტობის ფენომენი ევროპის და საქართველოს მაგალითებზე, წაიკითხა ფილოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
დისკუსია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
დისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიდისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიდისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიდისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიდისკუსიას ესწრებოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – „bridging cultures“ მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლას აწყობს ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში [11-22 ივლისი]. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზატორი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრებისა და დღიური სამჯერადი კვების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის ხარჯები, თავად მონაწილე სტუდენტებმა უნდა აანაზღაურონ. ამავე ინფორმაციით მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები, რომლებითაც სტუდენტებს უნივერსიტეტში ჩაეთვლებათ სამი სასწავლო კრედიტი.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობის მსურველები ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ მინიმუმ B2 დონეზე.
მონაწილეობის მსურველებმა, უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი, 18:00 საათი.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონკურსის წესით შეირჩევა ორი სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2016“ 13 მაისს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზებას შპს „GEONET EXPO“ მოახდენს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ „EXPO BATUMI“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
გამოფენაზე ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში.
ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით „EXPO BATUMI 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილია სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენის მხარდამჭერები არიან აჭარის მთავრობა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო.
ქობულეთში, სოფელ კვირიკეს ცენტრალურ გზაზე გაშენებულ ევკალიპტების ხეივანში უკვე ერთი თვეა მასიურად აჭრიან ტოტებს უზარმაზარ ხეებს. მრავალწლიანი ევკალიპტები ამ ხეივანში, ფაქტობრივად, სრულიად უტოტებო ხეებად იქცნენ.
ფოტო: არჩილ კახაძე
კვირიკეს მცხოვრების თქმით, ევკალიპტის ტოტებს ახარისხებენ და სატვირთო მანქანებით გააქვთ გასაყიდად. მისივე თქმით, როცა მოითხოვეს ამ უკანონო ქმედების შეჩერება, პასუხად მიიღეს, რომ ქობულეთის გამგეობიდან აქვთ ნებართვა და უკანონოს არაფერს აკეთებდნენ.
კვირიკეს მისასვლელთან ევკალიპტების ხეების გაშენება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაში მალარია მძვინვარებდა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მას შემდეგ კვირიკესთან მისასვლელი ხეივანი ამ ფორმით არასოდეს გაუჩეხიათ.
კვირიკეში ევკალიპტების ხეივანი
ქობულეთის გამგეობის პრესცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ჯანადაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ქობულეთის გამგებამ გასცა ნებართვა ევკალიპტების გასხვლასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებით.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით, პირველ და 2 მაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის №11 სამარშრუტო ხაზი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
მოქალაქე იზოლდა რუსიძე ჯინჭარაძის ქუჩაზე მძიმე ტექნიკას არ უშვებს. ის მისი სახლის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც კომპანია „ელიტჰაუსი“ აწარმოებს. იზოლდა რუსიძე ამბობს, რომ არ შეუშვებს მშენებლობაზე მანქანებს, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
„მშენებლობა მიდის კანონდარღვევით, დამიბნელეს ოთახები და წამართვეს საერთო ეზო, რომლითაც ამდენი წელია ვსარგებლობ. ამ დიდი კორპუსის გვერდით ტოვებენ თაღს და აქედან უნდა შევიდე თურმე ჩემს სახლში. ექსპერტიზამ დაადასტურა დარღვევები“ – ამბობს იზოლდა რუსიძე.
იზოლდა რუსიძემ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომელიც მიმდინარე წლის 27 იანვარს არის გაცემული. დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: „ფანჯრების და კარების ღიობების მოწყობით დარღვეულია მუხლი 26“ ასევე: „აივნები მოცემულ უბანზე მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე მოწყობილია, შეჭრილია მიჯნის ზონაში, რაც დაუშვებელია თანახმად მუხლი 26“.
ადასტურებს თუ არა ბათუმის მერია დარღვევებს მშენებლობაზე – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რეაგირებას მას შემდეგ მოახდენენ, თუკი დარღვევებს სასამართლო დაადასტურებს. რატომ არ სწავლობს შემთხვევას ქალაქის ზედამხედველობის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე? – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიას ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუცია.
ჯინჭარაძის ქუჩაზე ამ დრომდე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ორი სატვირთო მანქანის მძღოლი დააჯარიმა, ერთი- 100, ხოლო მეორე – 200 ლარით. მიზეზი – ქალაქის ამ ნაწილში სატვირთო მანქანის გადაადგილებისთვის შესაბამისი ნებართვის არქონაა. „რაც შეეხება თავად მშენებლობას, ამ ნაწილში პოლიცია ვერ ჩაერევა. მშენებელ კომპანიას აქვს შესაბამისი ნებართვა” – აცხადებენ შსს-ს პრესცენტრში.
იზოლდა რუსიძე კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უკანონო მშენებლობას ბათუმის ვიცე-მერი, ბაგრატ მანველიძე მფარველობს. მან 2014 წლის 13 სექტემბერს „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ფლობდა მიწის ნაკვეთს ჯინჭარაძის ქუჩაზე, ოღონდ კომპანია „გუმბათმა“ ახალი კორპუსის „ნისიად“ აშენებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ელიტჰაუსმა“ ბაგრატ მანველიძის და სხვა რამდენიმე პირის ქონება გასული წლის 31 აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრებაში. სხვებთან ერთად, ბაგრატ მანველიძის ოჯახიც მიიღებს საცხოვრებელ ბინას სადავო კორპუსში. კომპანია „ელიტჰაუსი“ ჯინჭარაძის ქუჩაზე ჯამში 1100 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ამ კომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ანრი გეგუჩაძეა. „ელიტჰაუსი“ ამ მშენებლობის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე – 2015 წლის 7 აპრილსაა დაფუძნებული. ამ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.
ბათუმის მერია ბაგრატ მანველიძის ინტერესს ამ მშენებლობაში გამორიცხავს. პრესსამსახურის განმარტებით, ბაგრატ მანველიძე საერთოდ არ არის კავშირში ამ მშენებლობასთან. ის ფლობდა მიწის ნაკვეთს, მაგრამ გაყიდა დაახლოებით 5 წლის წინ.
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის ილია ვერძაძის თქმით, მეათე წელია რაც მათი პროფკავშირები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეს მათი ორგანიზებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ათამდე, ხოლო მოგვიანებით „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე დაირგვება.
„სამუშაო ადგილზე გასულ წელს ბათუმში დაიღუპა 4 ადამიანი, წელს კი უკვე ორი ადამიანია დაღუპული. საქართველოს მასშტაბით წლევანდელი მონაცემი ჯერ, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ გასული წლის მონაცემებით 41 ადამიანი დაიღუპა“, – ამბობს ილია ვერძაძე.
27 აპრილს, ღამით, ბათუმის ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვა სცადეს.
ბარის მფლობელის, დავით მამულაძის თქმით, დაცვის პოლიციამ, საღამოს ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე დროის შუალედში დაურეკა და აცნობა, რომ ბარში კვამლი და დიდი რაოდენობით წყალი იდგა: „ადგილზე დამხვდა მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ იმგვარი ბოთლი, საკუჭნაოში დადებული და უკვე ჩამქრალი. როგორც ჩანს, ვინც იყო, ცეცხლი გაუკიდა და დატოვა საკუჭნაოში, სადაც იქვე წყლის მილი გადის. მილი ამ ცეცხლმა დააზიანა, წყალმა ამოხეთქა და ჩააქრო ცეცხლი“.
როგორც მანველიძემ თქვა, ის პოლიციაში უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე, თუმცა ეჭვი, თუ ვის უნდა გაეკეთებინა ან რა მიზეზით, ამ დროისათვის არ აქვს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე პუნქტით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ბათუმის კულტურის ცენტრში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ შესრულდება.
ოპერის დამდგმელი რეჟისორია გერმანელი ჰანს-იოაჰიმ ფრეი, ხოლო დირიჟორობას გაუწევს იტალიელი დიროჟორი მაურიცო ჩამპი.
ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერა 15-18 მაისს გაიმართება. ოპერაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან – ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.
იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერის – „ტოსკა“ -პრემიერა პირველად 1900 წლის 14 იანვარს რომში, კონსტანცას თეატრში გაიმართა.
თბილისში, „ტოსკა“ 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საოპეროს დასის არსებობის ისტორიაში „ტოსკა“ პირველად შესრულდება.
დღეს 28 აპრილს, სასტუმრო „შერატონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ინიციატივით, შეხვედრა იმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბათუმის აგრარული ბაზრის წარმომადგენლებს შორის.
როგორც განმარტეს, შეხვედრის ძირითადი მიზანი ბათუმის აგრარულ ბაზარში გასატარებელი ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილება შეეხება ყველის სექციას, რომლის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“.
ყველის სექცია აღიჭურვება 40 ახალი დახლ-მაცივრით, ხელსაბანი ონკანებით და უჟანგავი ინვენტარით. რძის პროდუქტების სექციისთვის მოეწყობა 4 სასაწყობე ოთახი, ლაბორატორია, გასახდელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო, სამრეცხაო და სასტერილიზაციო.
ყველის სექციის რეკონსტრუქციის მიზანია, რომ მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველის სექციაში დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.
შეხვედრის წარმომადგენლთა განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ბათუმის აგრარული ბაზრისთვის.
„ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესი“ შემუშავებულია „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ადამიანის ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ექსპორტისა და იმპორტის წესს, ორგანოთა ტრანსპლანტაციის მიზნით – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ადამიანის ორგანოს იმპორტის უფლება აქვს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით;
ორგანოთა იმპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულება წარადგენს განაცხადს სამინისტროში. განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმ ორგანოთა სახეობის თაობაზე, რომლის იმპორტსაც გეგმავს და იმ აუცილებელ გამოკვლევათა შესახებ, რომლებიც თან უნდა ახლდეს თითოეული სახის ორგანოს, იმპორტის განხორციელების შემთხვევაში, მისი ტრანსპლანტაციისათვის ვარგისიანობის დადასტურების მიზნით [გამოკვლევის შედეგები აივ ინფექციაზე/შიდსზე, B და C ჰეპატიტზე, სიფილისზე, ასევე სხვა აუცილებელ გამოკვლევათა შედეგები, რომელთა ჩამონათვალი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] შეიძლება, განსხვავდებოდეს ორგანოს სახეობის შესაბამისად].
საქართველოდან ორგანოთა ექსპორტი კი დასაშვებია მხოლოდ ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით, სამინისტროს წერილობითი თანხმობით [კანონით, ტრანსპლანტაციის ბანკი წარმოადგენს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებას/სამედიცინო დაწესებულების ნაწილს, რომელიც ახორციელებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ორგანოთა აღებას, შენახვასა და გადანერგვას]. ორგანოთა ექსპორტის თაობაზე წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულება განაცხადს წარადგენს ჯანდაცვის სამინისტროში.
საქართველოს კანონით „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს: რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.
ამავე კანონით საქართველოში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია.
25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა.
მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:
მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“;
ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“;
რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“;
ალბერ კამიუ – „უცხო“;
ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“.
პირველი მეოთხედფინალური თამაში შედგა ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლისა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე] და ბათუმის №2 საჯარო სკოლის [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] გუნდებს შორის. აღნიშნული თამაშის შედეგებით, ანგარიშით 9:6, ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №2 საჯარო სკოლა.
სკოლა „ნიკეს“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე] და ბათუმის №20 საჯარო სკოლის[სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] გუნდებს შორის გაიმართა მეორე მეოთხედფინალური თამაში, რომლის შედეგებითაც ნახევფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №20 საჯარო სკოლა, ანგარიშით 15:5.
„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.
„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.
პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე ბრალდება – უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაა. ერთ-ერთი ბრალდებული, ასლან აბაშიძის პირადი დაცვის უფროსი – დავით ხალვაშია, იგივე „ქელფეთა“. ის ბრალდებულისთვის განკუთვნილი კუთხიდან ისმენდა დღეს პროკურორების გამოსვლას [დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს].
პროკურორი მიქაელ ქობულაძე და ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს
პროკურორებმა მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად აღწერეს ჩოლოქის ხიდის აფეთქება, ასევე ნაღმზე აფეთქებები ჩაქვში, რომლითაც რამდენიმე პირმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ბრალდების მხარემ ასევე დაწვრილებით მოყვა თენგიზ ასანიძის ისტორია, სადაც მათი თქმით ასლან აბაშიძესთან ერთად, სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები. ბრალდების მხარემ ასევე აღწერა ჟურნალისტებზე სატელეფონო მიყურადების და თავდასხმის ფაქტები.
სასამართლო განაჩენს ელოდება ასევე იოსებ გოგიტიძე და ამირან კურცხალიძე. ამ საქმეში კიდევ ორი ბრალდებული ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე არიან, რომლებიც მოსკოვში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გარდაიცვალნენ.
სასამართლო მორიგ სხდომებზე მოისმენს რამდენიმე დაზარალებულის ჩვენებას, ასევე დაცვის მხარის და თავად ბრალდებულების საბოლოო სიტყვას.
რა რეაგირება მოჰყვა „აჭარის ტელევიზიაში“ დაახლოებით ერთი თვის წინ შიდა აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ „აჭარის ტელევიზიის“ ხელმძღვანელს, სოსო სტურუას მიმართა. მან ერთი თვის წინ გვითხრა, რომ დაელოდებოდა სამსახურების წერილობით განმარტებებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდა.
„საყვედური გამოვუცხადეთ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ორ თანამშრომელს განმარტებების წარმოდგენამდე, რადგან პირდაპირ იყო დაფიქსირებული შესყიდვის პროცედურებში დარღვევები. სამსახურებმა უკვე წარმოადგინეს წერილობითი პასუხები და აუცილებლად გავეცნობი მომავალ კვირას, როცა შვებულებიდან დავბრუნდები. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებ, ერთად ვიმსჯელებთ“ – ამბობს სოსო სტურუა.
„ეს იყო უპატივცემულობა ჩემ მიმართ და აუცილებლად მივმართავ სასამართლოს“ – უთხრა „ბათუმელებს“ მალხაზ ბოლქვაძემ, „აჭარის ტელევიზიის“ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა. მასთან ერთად საყვედური კიდევ ერთ თანამშრომელს – მამუკა გუნდაძეს გამოუცხადეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ისიც საყვედურს ხელმძღვანელობისგან. მალხაზ ბოლქვაძე აპირებს გაასაჩივროს, როგორც ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, ასევე თავად აუდიტის დასკვნა, სადაც შესყიდვების პროცედურული დარღვევებია დაფიქსირებული.
„სამსახურების წერილობითი განმარტებები შემოსულია ჩვენთანაც, მაგრამ ჩვენთან უშუალოდ ანგარიშვალდებული არის ტელევიზიის ხელმძღვანელი. შესაბამისად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სოსო სტურუა. მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა 6 მაისისთვის არის ჩანიშნული“ – გვითხრა ნატა იმედაიშვილმა, „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მოადგილემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო ხვალ ანგარიშს აჭარის უმაღლეს საბჭოს ჩააბარებს. ეს უკვე რიგით მეორე ანგარიში იქნება მრჩეველთა საბჭოსგან, რომლის წევრებიც უმაღლესმა საბჭომ აირჩია. „ბორდის“ ანგარიშს საკანონდებლო ორგანო ცნობად მიიღებს.
გონიოს ყოფილი პოლიგონის განაღმვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს წელს 279 ათას 128 ლარი გადაეცემა.
„გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 ლარი“ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს გასულ წელს 220 ათასი ლარი გამოეყო. აქედან, მთავრობის ინფორმაციით, ათვისებულ იქნა 173 ათას 881 ლარი და 44 თეთრი.
კომპანია “ლიტომმა“ გასულ კვირას ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრა დაიწყო და დაასრულა კიდეც – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ორ სასეირნო ზოლში ფილების დაგების პროცესი მოულოდნელად იმიტომ შეიცვალა, რომ ფილები უხარისხო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარში ადვილადტეხად ფილებს აგებდნენ, „ბათუმელებს“ ბულვარში ფილების შეტანისთანავე მოაწოდეს, მაგრამ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მისი გამოქვეყნებისგან თავს დღემდე ვიკავებდით.
ის, რომ ბულვარში ორი კვირის წინ დაგებული ფილები ნამდვილად გამოცვალა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ლიტომმა“, ახლახან დაუდასტურეს „ბათუმელებს“. ქობულეთში არსებული ფილების მწარმოებელი კომპანია „ლეგის“ გაყიდვების მენეჯერმა, შალვა კეთილაძემ გვითხრა, რომ გასულ პარასკევს ბულვარში შეტანილი ფილები სწორედ მათგან შეისყიდეს.
მან ასევე თქვა, რომ მანამდე ბულვარში დაგებული ფილები მათ კომპანიას არ ეკუთვნოდა. სხვა დეტალების შესახებ კეთილაძემ იმ მოტივით არ ისაუბრა, რომ „შეთანხმების თანახმად კლიენტთან დადებულ საკონტრაქტო პირობებზე ვერ ისაუბრებს“.
შალვა კეთილაძემ გვირჩია ამ საკითხის გასარკვევად ბულვარის ადმინისტრაციას მივმართოთ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფილები, რომლებიც „ლიტომმა“ ჯერ დააგო და შემდეგ აყარა, შპს „ბლოკის“ საამქროში იყო წარმოებული. საამქრო ხელვაჩაურში მდებარეობს. 2015 წლის 25 მაისს დაფუძნებული „ბლოკის“ 100% წილის მფლობელი გიორგი ცინცაძეა, დირექტორი კი – დემურ დიასამიძე. ბიზნესში გადასვლამდე დემურ დიასამიძეს აჭარის მთავრობაში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა – 2015 წლის 20 მაისამდე იგი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.
დემურ დიასამიძეს ახლო ურთიერთობა აქვს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ არჩილ ხაბაძესთან, ხოლო დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან.
ცოტა ხნის წინ დემურ დიასამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ შპს „ბლოკი“ ეკუთვნის თავისი დის ქმარს, ხოლო გასულ კვირას დაადასტურა, რომ ბულვარისთვის ფილებს ნამდვილად შპს „ბლოკში“ ამზადებდნენ, ოღონდ არა ყველას. კითხვაზე, – რატომ აყარეს თქვენს კომპანიაში ჩამოსხმული ფილები, დემურ დიასამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა: „ვერ გეტყვი, რაღაც პარტია მე პირადად არ მიმიწოდებია, მაგრამ რაღაც მივაწოდე შუალედურ კომპანიას… [ეს შუალედური კომპანია არ არის „ლიტომი“] რომელსაც ტენდერი ჰქონდა მოგებული, იმას მივაწოდე. დანარჩენს ვერ გეტყვი“.
დემურ დიასამიძემ ასევე თქვა, რომ მან მიწოდებულ პროდუქციაზე ანაზღაურება მიიღო. „მე რაც გავყიდე ის, რა თქმა უნდა, ამინაზღაურეს. მე სრულ მოცულობას ვერ მივაწვდიდი, რადგან იმ ვადებში მსგავსი მოცულობის ფილებს ვერ მოვამზადებდი. ჩემთან დაკვეთა როცა მოვიდა, მაშინ ჩამოვასხით, ჩვენგან დაგვიანება არ ყოფილა. როგორც ვიცი, სხვებისგანაც ყიდულობდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ დემურ დიასამიძემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ მისთვის უცნობია, გასულ კვირამდე სხვა რომელი კომპანიის ჩამოსხმული ფილები შეჰქონდათ ბულვარში.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა „ლიტომის“ დირექტორის, როსტომ ნაკაშიძის მინდობილმა პირმა გოჩა აბაშიძემ. ბათუმის ბულვართან გაფორმებულ სატენდერო ხელშეკრულებაზე სწორედ ამ უკანასკნელს აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, ვერც იმის გარკვევა მოხერხდა, რატომ გადაწყვიტეს „ლიტომში“ ფილები ჩამოესხათ სწორედ მინისტრის მეგობრის მმართველობის ქვეშ არსებულ კომპანიაში [იგულისხმება დავით ბალაძე, რომელიც, ფაქტობრივად, უშუალოდ ზედამხედველობს ბულვარის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს].
გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, ექსპერტიზაზე შემოწმებული ფილების ნაცვლად სხვა ფილების დაგება საკუთრივ კომპანიის გადაწყვეტილება იყო, თუ ვინმე სხვისი ჩარევით მოხდა ეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ლიტომი“ აგებდა არა ექსპერტიზაგავლილ ფილებს, რაც თურქული წარმოების იყო, არამედ სხვა ფილებს. ფილებზე ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია ჩატარებული.
ბულვარის ადმინისტრაციის პრესცენტრში „ბათუმელებს“ არ დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული სიყალბის გამოვლენის შემდეგ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ლიტომთან“ ხელშეკრულება მოშალა. „სამუშაოებს „ლიტომი“ აგრძელებს“, – აცხადებენ პრესცენტრში.
ბათუმის ბულვარში ახალდაგებული ფილების აყრის პროცესი
1 მილიონ 253 ათას 159-ლარიანი ტენდერი
სსიპ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 1 მილიონ 253 ათას 159 ლარზე ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულ კომპანია „ლიტომს“ გასული წლის 26 ნოემბერს გაუფორმა. ხელშეკრულებაში წერია, რომ „დეკორატიული ფილებისა და ბეტონის ბორდიურების მოწყობა 2016 წლის 10 მარტს უნდა დასრულდეს“. ეს შეთანხმება ძალაში მხოლოდ 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით იყო.
აქედან მოყოლებული კომპანია „ლიტომს“ „ბათუმის ბულვარმა“ 7-ჯერ შეუცვალა ხელშეკრულება – სამუშაოების შეფერხების მიზეზად კომპანია ასახელებს იმ საპროტესტო აქციებსაც, რომელიც ბულვარში მესამე სასეირნო ბილიკის გაუქმების განზრახვას მოჰყვა… ბოლო შეთანხმებით კი, „ლიტომმა“ დეკორატიული ფილები ბულვარში 2016 წლის მაისის ბოლომდე უნდა მოაწყოს.
რატომ აყარა კომპანიამ უკვე დაგებული ფილები, რა გახდა ამის მიზეზი? რა გარანტია არსებობს, რომ ნამდვილად დასრულდება ბულვარში მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტურისტული სეზონის წინ? – სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ახალდანიშნულმა დირექტორმა, ცისკარ გოგიტიძემ სამდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოწოდება საჭიროდ არ ჩათვალა: მან უარი თქვა ბულვარში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ კითხვებზე ეპასუხა.
კითხვებზე პასუხის მისაღებად სათანადო კვალიფიკაციის პირი ვერც აჭარის მთავრობაში გამონახეს – ყოველ შემთხვევაში ეს განმარტება მიიღო „ბათუმელებმა“ მთავრობის პრესცენტრიდან.
ერთადერთი ადამიანი, ვინც ოფიციალური სტრუქტურებიდან „ბათუმელებს“ უპასუხა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე იყო. მინისტრს „ბათუმელები“ მაშინ გადაეყარა ბულვარში, როცა ის გასულ პარასკევს ბულვარში შეტანილ ახალი ფილების გამძლეობას თავისი ფეხით ამოწმებდა და კმაყოფილიც ჩანდა. „ბათუმელების“ კითხვას – „აქ რას აკეთებთ, ბატონო დავით?“ მინისტრმა უპასუხა – „ვცეკვავ~. სხვა კითხვის დასმის შესაძლებლობა „ბათუმელებს“ აღარ მიეცა, რადგან მინისტრი წავიდა.
როგორ გაიმარჯვა ტენდერში „ლიტომმა“
შპს „ლიტომის“ წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წელს, ტენდერში გამარჯვებამდე 45 დღით ადრე, 12 ოქტომბერს დაფუძნებულა. მან 4 კონკურენტ კომპანიას ბულვარის მოსაპირკეთებლად გამოცხადებულ ტენდერში იმით აჯობა, რომ ფილებზე დაბალი ფასი მიუთითა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორი ალეის ფილებისთვის კომპანია „ლიტომი“ 181 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა.
თუ დემურ დიასამიძის განმარტებით ვიმსჯელებთ, „ლიტომს“ ფილებისთვის გამოყოფილი თანხა უკვე გახარჯული აქვს იმ ფილებში, რომლებიც ბულვარში ჯერ დააგეს და შემდეგ აყარეს. შესაბამისად, კომპანია იძულებულია ახალი ფილები იყიდოს. გარდა ამისა, „ლიტომს“ ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუწევს ქობულეთში წარმოებულ ფილებში, ვიდრე მას სატენდერო ხელშეკრულებაში ჰქონდა მითითებული. და მესამე – სატენდერო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე „ლიტომს“ მესამე ალეაში კორდი უნდა დაეგო. საპროტესტო აქციების შემდეგ, ხელისუფლებამ კორდი ისევ ფილებით ჩაანაცვლა. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ჯერ არ ჩანს, აჭარის ხელისუფლება „ლიტომს“ თუნდაც მესამე ალეის ფილების შესასყიდად დაუმატებს თუ არა თანხას.
სწორედ ამიტომ კითხვა – მოესწრება თუ არა ბულვარში მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე, შეიძლება სულ არ აღმოჩნდეს რიტორიკული.
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის შენობის A კორპუსის რეაბილიტაციის პროცესი იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად შენობა ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ ფირმას ჩაბარდა.
აჭარაში ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. მას შემდეგ რამდენჯერმე გადაიღება. დაწესებულება არ შეესაბამება თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. შენობის ნაწილში კი სამედიცინო საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია.
სამინისტროს ცნობით, შენობის A კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად განახორციელებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. დასრულების შემდეგ რებილიტირებულ შენობაში განთავსდება ამბულატორია, ინფექციური განყოფილება და შიდსის ცენტრი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TIKA) დააფინანსებს. შენობის რეაბილიტაციისთვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
გონიოს ხიდთან ტრაილერს საპატრულო პოლიცია სახლისკენ არ უშვებს. მძღოლი ამბობს, რომ ის პატრულმა 300 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ პარკირების მოთხოვნას არ დაემორჩილა. „მე და მამაჩემი ვცხოვრობთ გონიოში, ახალსოფელში, პატრული კი მოითხოვდა, რომ მანქანა პარკირებაზე შეგვეყვანა იძულების წესით. დაჯარიმების შემდეგაც არ გვიშვებს პატრული, მოითხოვენ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანას“, – უთხრა „ბათუმელებს“ გენადი სურმანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მოწმდება, მიდის თუ არა ნამდვილად აღნიშნული პირი საკუთარ ოჯახში: „თუ ეს დადასტურდება, მაშინ მანქანას საჯარიმოზე აღარ გადაიყვანენ, ხოლო დაჯარიმება პატრულის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია“.
გონიოს ხიდთან ორი ფასიანი ავტოპარკია მოწყობილი. ამ შემთხვევაში, პატრული იმ პარკში მოითხოვდა ტრაილერის შეყვანას, რომელიც შპს „ავტო 2015“-ს ეკუთვნის. ეს კომპანია 2015 წლის 27 ივლისს დაფუძნდა და მისი ერთ-ერთი მეწილე, 3%-ი წილის მფლობელი „ქართულ ოცნებასთან“ასოცირებული პირი ჯემალ დუაძეა. მან საპატიმრო პოლიტიკური პატიმრის სტატუსით 2013 წელს დატოვა და არაერთხელ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი. ჯემალ დუაძე 2016 წლის 21 მარტს დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით.
შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები, ჩანთები და სხვა ნივთები გამოფინეს დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. გამოფენა-გაყიდვას ორგანიზება აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ გაუწია. ღინისძიების მხარდამჭერები არიან ასევე განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია.
გამოფენას სხვა სტუმრებთან ერთად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და განათლების მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრნენ. მათ შშმ პირების მიერ შექმნილი ნახატები შეიძინეს და ერთად ფოტოები გადაიღეს.
ავთანდილ ბერიძემ მათ აღდგომის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და საჩუქრად პასკები და სუვენირები გადასცა.
ორგანიზატორების თქმით, საჩუქრები უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობითი ხარჯებით შეიძინეს.
შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
მაღალმთიან აჭარაში (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში) კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა ტარდება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას, ონკოლოგის კონსულტაციას – დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთა კონსულტაციას, ონომარკერებზე ლაბორატორიულ გამოკვლევას და ციტოლოგიურ გამოკვლევას.
პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა არანაკლებ 1600 ბენეფიციარს ჩაუტარდება.
პროგრამას კლინიკა “მედცენტრი” ახორციელებს. უფასო გასინჯვები და კვლევები 2017 წლამდე გაგრძელდება.
მთავრობის განკარგულებით, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა. განკარგულების მიხედვით, ფონდის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო განახორციელებს.
„ფონდი ორიენტირებული იქნება მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების განათლებაზე, გადამზადება-ტრენინგებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე მათი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებზე,“ – ამბობს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, პაატა პატიაშვილი. მისი თქმით, ფონდისთვის თანხის ჩარიცხვას უკვე აპირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე რამდენიმე კერძო კომპანია. გადაწყვეტილებას ფონდში საბჭო მიიღებს, რომლის მესამედს თავად სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ.
ვინ მიიღებს დაფინანსებას? – პაატა პატიაშვილის თქმით, კონკრეტული კრიტერიუმები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ჩვენ რამაზ ბერიძის შემთხვევა გავახსენეთ, რომელიც ავღანეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა, სმენა დაუქვეითდა და უსამსახუროდ დარჩა. მას სახელმწიფოსგან არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. პაატა პატიაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობა ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებზე ვერ აისახება და მათ სამინისტროს ვეტერანთა დეპარტამენტმა უნდა მიხედოს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ფონდი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებს არ დაეხმარება? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე პაატა პატიაშვილმა გვიპასუხა, რომ ფონდის უფლებამოსილება ეს არ არის. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ ამ ფორმით ფონდის შექმნის ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 25 მაისს, 20:00 საათამდე.
უკვე გამოქვეყნდა ინსტრუქცია, თუ როგორ შეიძლება ბავშვის პირველკლასელად დარეგისტრირება. ინსტრუქციის თანახმად, ონლაინრეგისტრაციისთვის წინა წლების მსგავსად, წელსაც საჭირო იქნება შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების ზუსტი თარიღი, მშობლების პირადობის ნომრები. სკოლას, სადაც გსურთ ბავშვის მიყვანა, თუ მინიჭებული ნომერი აქვს, სასურველია სკოლის ნომრის მითითებაც.
რაც შეეხება მოსწავლედ ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების მიღებას – ეს პროცესი დაიწყება 30 მაისიდან და გაგრძელდება 10 ივლისის სამუშაო დღის ბოლომდე.
მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016- 2017 სასწავლო წლისთვის 3 ეტაპად განახორციელებს. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია არის მე-2 ეტაპი.
მე-3 ეტაპი დაიწყება 2016 წლის 14 ივნისი – გაგრძელდება 30 ივნისამდე. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის ფართობი 380 კვადრატული მეტრია. ახალი ქონება საპატრულოს უფროსს 2016 წლის 5 იანვარს დაურეგისტრირებია.
ბინების ყიდვა-გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ქობულეთის ამ ნაწილში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საშუალოდ, 100 აშშ დოლარამდე ფასობს. შესაბამისად, საპატრულოს უფროსს ახალი ქონების შეძენა მინიმუმ 38 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფასს ემატება კაპიტალური, ორსართულიანი სახლის ფასი, რომელიც ნაყიდ მიწის ნაკვეთზე დგას.
ხვიჩა ღლონტი ქობულეთში კიდევ რამდენიმე ქონებას ფლობს: 2011 წლიდან მას ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორ უძრავ ქონებაზე. მიწის ნაკვეთების მთლიანი ფართობი 2976 კვ. მეტრია. ის ასევე ფლობს მიწის ორ ნაკვეთს 2008 წლიდან აბაშიძისა და რუსთაველის ქუჩებზე.
ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსის, ხვიჩა ღლონტის ბიოგრაფიული მონაცემები არ არის განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. თანამდებობრივად ხვიჩა ღლონტს არც ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონია. მის შესახებ ასევე არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია შს სამინისტრომ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვიჩა ღლონტი ქობულეთის საპატრულოს უფროსად 2013 წლიდან მუშაობს. მანამდე იგი რიგითი პატრული იყო.
ხვიჩა ღლონტისთვის ასევე გვსურდა გვეკითხა ივანიშვილებთან მეგობრობის შესახებ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის – ემზარ ივანიშვილის ნათლულია და ისინი ერთობლივად საწვავის ბიზნესში არიან ჩართული.
ხვიჩა ღლონტმა „ბათუმელებს“ ტელეფონი მას შემდეგ გაუთიშა, რაც ერთობლივ ბიზნესთან დაკავშირებით კითხვები მოისმინა. შესაბამისად, მისგან პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.
გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ნაცვლად, მისი მოადგილე – რამაზ ბოლქვაძე აპირებდა.
„მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“. ეს იყო რიგგარეშე სხდომა და იგი ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაინიშნა. ასევე უცნობი იყო, ამ საკითხზე მომხსენებელი თუ შეიცვლებოდა“ – ამბობს ეკა თარგამაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ოპოზიციის გადაწყვეტილებას ბავშვობად აფასებს ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი: „ოპოზიციას აქვს ბოიკოტის უფლება, მაგრამ არაფერს ემსახურება ეს, გარდა იმისა, რომ თქვან, აი, რა მაგრები ვართო. ბავშვობაა ეს და არა დეპუტატობა. არც განსაკუთრებული პრობლემა იქმნება ამით. ივნისში პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ბიუჯეტის შესრულებას“.
კითხვაზე – გაიარა თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსულტაციები ფრაქციებთან, როცა მან რიგგარეშე სხდომა დანიშნა? – ალექსანდრე ჩიტიშვილმა გვითხრა, რომ ავთანდილ ბერიძეს ამის ვალდებულება არ აქვს: „გაფრთხილებული იყო ყველა და მოსულებიც იყვნენ. შეთანხმება რას ცვლიდა, გაუგებარია. ისინი არ დაესწრნენ სხდომას იმიტომ, რომ არ იყვნენ 10 ან 11. ეს სჭირდებოდათ მათ ძალის დემონსტრირებისთვის“ – განმარტავს ალექსანდრე ჩიტიშვილი.
21 აპრილის, პლენარული სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მომხსენებელი, მინისტრი დავით ბალაძე, უმაღლეს საბჭოში მისული იყო.
„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ.
წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე „ჟილინის არხის საქმეში“. გამოძიება არჩილ ვანაძესთან ერთად, ხულოს გამგებლის მოადგილეს – ლაშა ბოლქვაძეს [ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა] სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში სდებს ბრალს.
არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე
დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები – მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩაბარდა.
ახალი სასამართლო დავა ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბათუმის მერის წინააღმდეგ დაიწყო. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე აპროტესტებენ წერილს, სადაც გიორგი ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა.
ეს წერილი ერმაკოვს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილისთვის ამ უწყების მოთხოვნის საპასუხოდ იქამდე მიუწერია, ვიდრე მაღალჩინოსნებს ბრალს წარუდგენდნენ.
„მერიას არ ჰქონდა უფლებამოსილება მსგავსი შეფასება მოეხდინა, რადგან არც ერთი ინსტრუქციით ეს არ იყო გათვალისწინებული, რომ არ უნდა გადაგვერიცხა. ჩვენს გადაწყვეტილებას გააჩნდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არჩილ ვანაძე, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე.
მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ხულოს გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ ერმაკოვის წერილში გამოთქმული შეფასება არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ ეფუძნებოდა: „არანაირი საფუძველი არ გვქონდა ამისთვის, რომ არ გადაგვერიცხა. ერმაკოვმა მოსაზრება დააფიქსირა ყოველგვარ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობის გარეშე. მერიას ამ მოსაზრების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.“
მერიის ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ ამ საკითხზე უშუალოდ მერთან არ უსაუბრიათ. „ვცდილობ, სამართლებრივი ურთიერთობა დავადგინოთ სასამართლოში. ამ საკითხზე გია ერმაკოვთან არ მისაუბრია,“ – გვითხრა არჩილ ვანაძემ.
„არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის წინააღმდეგ,“ – ამ საქმეზე არც ბათუმის მერი გამოცხადდა და არც მისი წარმომადგენელი – ვახტანგ გედენიძე. მერიამ სხდომის გადადება მოითხოვა სხვა სხდომაზე დასწრების მიზეზით, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საფუძვლიანად მიიჩნია. რა შეპასუხება აქვს ბათუმის მერს მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის სარჩელზე? – მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება და ის „ბათუმელების“ ამ შეკითხვას ამიტომ ვერ უპასუხებს. მერიის იურისტი ვახტანგ გედენიძე ამ თემაზე კომენტარს სასამართლოს შემდეგი სხდომის შემდეგ დაგვპირდა.
საქმეზე, სადაც არჩილ ვანაძესა და ლაშა ბოლქვაძეს სამსახურებრივ გულგრილობასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად განხორციელებას ედავებიან, უკვე დაიკითხა მოწმედ შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკური დირექტორი – ნუგზარ ნირიმანოვი. მან სასამართლოს უთხრა, რომ რეგულარულად მოწმდებოდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„პირველი ეტაპის შესრულებიდან 10 დღის შემდეგ თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო. მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს?“ – ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მოწმემ უპასუხა, რომ ეს შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო და მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ნირიმანოვს დაცვის მხარემ შეახსენა თუ რატომ გაუფორმა მის კომპანიას მერიამ კონტრაქტი და გადაუხადა 61 ათასი ლარი – რომ ეკონტროლებინა არა მხოლოდ ტექნიკური ხარისხი, არამედ გადახდის სერტიფიკატში დაედგინა სამუშაოს ღირებულება. დავის საგანი სამუშაოების მეორე ეტაპის განსახორციელებლად ავანსად ჩარიცხული თანხაა.
ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა „ჟილინის არხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად შპს „ჰიდრომ“ გაიმარჯვა. ამ კომპანიამაც ვერ შეასრულად ვალდებულებები, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და პირიქით, „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ამჯერად „ჟილინის არხზე“ შპს „მშენებელი 80“ მუშაობს. ეს კომპანია მერიამ ელექტრონული ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია.
აჭარის რეგიონში 9 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. ორმა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 119 307.00 ლარი.
დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის -„დანერგე მომავალი“ – მენეჯერმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, დავით ცენტერაძის ბაღის გაშენების პროცესი. დავით ცენტერაძე პროგრამაში 2015 წლის 2 დეკემბერს ჩაერთო და 4.5 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 57,946.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 48,020.00 ლარი ნერგებზე, ხოლო 9,926.00 ლარი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.
აჭარაში: ქობულეთის რაიონში 9 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ლურჯი მოცვი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1357 ჰა-ს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,9 მილიონ ლარს აღემატება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:
• ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
• სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.
პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან არის თვითნებურად შესახლებული.
„ვერ გაგცემთ პასუხს, ვინ ცხოვრობს ირგვლივ. ეს არაა ამ საქმესთან კავშირში,“ – თქვა ადვოკატების საპასუხოდ ჯულიეტა მგალობლიშვილმა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა. მან ასევე ვერ უპასუხა მოსამართლე თამარ ბურჯანაძის შეკითხვას – რის საფუძველზე მიეწოდებოდა ელექტროენერგია დავით ცინცაძის ოჯახს 2013 წლამდე. ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ელექტროენერგიის მისაწოდებლად პირმა უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც დაადასტურებს კანონიერ საკუთრებას.
იმიტომ, რომ ყოფილი სანატორიუმის შენობა მწვანე კონცხზე სახელმწიფო საკუთრებაა, ერთ-ერთი მოპასუხე ამ საქმეში ქონების მართვის ეროვნული სააგენტოა. „სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ამ ოჯახს არ გააჩნია ქონების კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი,“ – განაცხადა სააგენტოს იურისტმა, დიანა ჭანტურიამ.
ქონების კანონიერების რა დამადასტურებელი მოწმობა არსებობდა „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში, როცა იქ თვითნებურად შესახლებულებს ელექტროენერგია მიაწოდეთ? – „ბათუმელების“ ეს შეკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უპასუხოდ დატოვეს.
სოციალურ შემწეობაზე მყოფი დავით ცინცაძე ამბობს, რომ მას სამი წლის წინ სამეზობლო დავის შედეგად შეუწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება. „მეზობლად მცხოვრებმა ბერიძეებმა გამოგვირთეს შუქი, ისინიც თვითნებურად შესახლებული არიან, მაგრამ ამბობენ, ჩვენია ეს შენობა, რადგან თქვენზე ადრე შემოვედითო. მათგან მქონდა გადმოყვანილი სადენი, მას შემდეგ ნავთის ლამპაზე ვართ,“ – ამბობს დავით ცინცაძე.
-რას სთავაზობს სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სამი წელია უშუქოდ იმყოფება? – ამ შეკითხვით „ბათუმელებმა“ დღეს რამდენიმე უწყებას მიმართა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სახელმწიფო საკუთრებაზე ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ, ხოლო ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია აჭარის საკუთრებაა. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში გაგვიმარტეს, რომ ისინი არ გასცემენ ნებართვას საკუთრების კანონიერების შესახებ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ვერ დაეხმარებიან და ვერც შუამდგომლობას გაუწევენ თვითნებურად შესახლებულის სტატუსი მქონე ადამიანებს.