მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

27.04.2016
უმაღლეს საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს ისევ არ მოუსმინეს

გასული წლის აჭარის ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოში დღესაც ვერ მოისმინეს. სხდომის ჩავარდნის მიზეზი ისევ კვორუმის არარსებობა გახდა. რეგისტრაცია მხოლოდ ათმა დეპუტატმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“  და ფრაქცია „თანასწორობის“ წევრებს რიგგარეშე სხდომისთვის რეგისტრაცია არ გაუვლიათ. ოპოზიცია დაუსწრებლობის მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მომხსენებელი მათთან შეუთანხმებლად შეიცვალა და 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ჩაბარებას დეპუტატებისთვის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ნაცვლად, მისი მოადგილე – რამაზ ბოლქვაძე აპირებდა.

„მიზეზი არის დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს „ქართული ოცნება“. ეს იყო რიგგარეშე სხდომა და იგი ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაინიშნა. ასევე უცნობი იყო, ამ საკითხზე მომხსენებელი თუ შეიცვლებოდა“ – ამბობს ეკა თარგამაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ოპოზიციის გადაწყვეტილებას ბავშვობად აფასებს ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი: „ოპოზიციას აქვს ბოიკოტის უფლება, მაგრამ არაფერს ემსახურება ეს, გარდა იმისა, რომ თქვან, აი, რა მაგრები ვართო. ბავშვობაა ეს და არა დეპუტატობა. არც განსაკუთრებული პრობლემა იქმნება ამით. ივნისში პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ ბიუჯეტის შესრულებას“.

კითხვაზე – გაიარა თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კონსულტაციები ფრაქციებთან, როცა მან რიგგარეშე სხდომა დანიშნა? – ალექსანდრე ჩიტიშვილმა გვითხრა, რომ ავთანდილ ბერიძეს ამის ვალდებულება არ აქვს: „გაფრთხილებული იყო ყველა და მოსულებიც იყვნენ. შეთანხმება რას ცვლიდა, გაუგებარია. ისინი არ დაესწრნენ სხდომას იმიტომ, რომ არ იყვნენ 10 ან 11. ეს სჭირდებოდათ მათ ძალის დემონსტრირებისთვის“ – განმარტავს ალექსანდრე ჩიტიშვილი.

21 აპრილის, პლენარული სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მომხსენებელი, მინისტრი დავით ბალაძე, უმაღლეს საბჭოში მისული იყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: