მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება

27.04.2016 • 3507
ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსის ახალი ქონება

„მოიცა, რა“ – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ ქობულეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ხვიჩა ღლონტმა შეკითხვაზე – რა დაუჯდა და როგორ მოახერხა საპატრულოს უფროსმა ახალი უძრავი ქონების შეძენა ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში. ამ „პასუხის“ შემდეგ ხვიჩა ღლონტმა ჩვენს სატელეფონო შეტყობინებებს აღარ უპასუხა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხვიჩა ღლონტმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, #21-ში მიწის ფართობი იყიდა მასზე განლაგებულ შენობებთან ერთად. მიწის ფართობი 380 კვადრატული მეტრია. ახალი ქონება საპატრულოს უფროსს 2016 წლის 5 იანვარს დაურეგისტრირებია.

ბინების ყიდვა-გაყიდვების აგენტების ინფორმაციით, ქობულეთის ამ ნაწილში ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საშუალოდ, 100 აშშ დოლარამდე ფასობს. შესაბამისად, საპატრულოს უფროსს ახალი ქონების შეძენა მინიმუმ 38 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებოდა. რა თქმა უნდა, ამ ფასს ემატება კაპიტალური, ორსართულიანი სახლის ფასი, რომელიც ნაყიდ მიწის ნაკვეთზე დგას.

ხვიჩა ღლონტი ქობულეთში კიდევ რამდენიმე ქონებას ფლობს: 2011 წლიდან მას ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ორ უძრავ ქონებაზე. მიწის ნაკვეთების მთლიანი ფართობი 2976 კვ. მეტრია. ის ასევე ფლობს მიწის ორ ნაკვეთს 2008 წლიდან აბაშიძისა და რუსთაველის ქუჩებზე.

ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსის, ხვიჩა ღლონტის ბიოგრაფიული მონაცემები არ არის განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. თანამდებობრივად ხვიჩა ღლონტს არც ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონია. მის შესახებ ასევე არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია შს სამინისტრომ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხვიჩა ღლონტი ქობულეთის საპატრულოს უფროსად 2013 წლიდან მუშაობს. მანამდე იგი რიგითი პატრული იყო.
ხვიჩა ღლონტისთვის ასევე გვსურდა გვეკითხა ივანიშვილებთან მეგობრობის შესახებ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქობულეთის საპატრულო სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის – ემზარ ივანიშვილის ნათლულია და ისინი ერთობლივად საწვავის ბიზნესში არიან ჩართული.

ხვიჩა ღლონტმა „ბათუმელებს“ ტელეფონი მას შემდეგ გაუთიშა, რაც ერთობლივ ბიზნესთან დაკავშირებით კითხვები მოისმინა. შესაბამისად, მისგან პასუხის მიღება „ბათუმელებმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა.

გადაბეჭდვის წესი