მთავარი,სიახლეები

რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

05.04.2016 • 2287
რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება.

„ყველა იმ სამსახურზე, ვინც იყო ჩართული ტენდერის პროცედურებში, მიცემული მაქვს ერთთვიანი ვადა. ამ დროში მათ უნდა წარმოადგინონ განმარტებები იმ დარღვევებზე, რაც აუდიტმა დააფიქსირა“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოსო სტურუამ, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორმა. ის ერთ-ერთია პასუხისმგებელ პირებს შორის, ვინც სატენდერო დოკუმენტაციას ხელს აწერს. მისი თქმით, დარღვევებზე რეაგირებას შემსრულებელი სამსახურების კონკრეტული პასუხები განსაზღვრავს.

სოსო სტურუას განმარტებები არ მოუთხოვია მარკეტინგის სამსახურისთვის იმის მიუხედავად, რომ აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია ამ სამსახურის არაეფექტური მუშაობის შესახებ.

„ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები აუდიტს, რომ თითქოს გასულ წელს რეკლამისთვის არ ვიმუშავეთ და ამ კუთხით არც ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. საქმე ისაა, რომ აჭარის ტელევიზია რეკლამებში შეზღუდულია და რის საშუალებაც გვაქვს, იმაზე ფასდაკლებებია დაწესებული. ნებისმიერ საშუამავლო კომპანიას არავინ ზღუდავს ამ სისტემით ისარგებლოს და მოიტანოს რეკლამა,“ – აცხადებს სოსო სტურუა.

„აჭარის ტელევიზიის“ შიდა აუდიტმა დააფიქსირა ისიც, რომ კადრების სტაბილურობისთვის ტელევიზიაში შესაბამისი გარემო არ არის, რადგან არ არის განსაზღვრული თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული პირობა.

„მრჩეველთა საბჭოს მიერ ზემოხსენებული უფლების რეალიზება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის კანონისმიერი საფუძვლის გამოყენება მართლზომიერი უნდა იყოს და ამასთან, ნაკარნახევი უნდა იყოს ობიექტური აუცილებლობით, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დაწესებულების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთან – კადრების სტაბილურობასთან,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

ხელშეკრულების პირობებზე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს უნდა ემუშავა. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნატა იმედაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მენეჯმენტს უკვე მიაწოდეს  ზოგადი ჩარჩო და ძირითადი მოთხოვნები, ხოლო საბოლოო ფორმა საბჭოსთან შესათანხმებლად ჯერ არ შესულა: „ჯერ კიდევ 2014 წელს დამტკიცდა ტიპიური ფორმის ხელშეკრულება, მაგრამ პრაქტიკაში დავინახეთ, რომ დასაქმებულთა მოთხოვნებს ის ვერ პასუხობდა. გასულ წელს, დიდი მოლაპარაკებების შედეგად შევიმუშავეთ ზოგადი პრინციპები, რასაც კონკრეტული სახე მენეჯმენტმა უნდა მისცეს და შეგვითანხმოს“ .

აუდიტის დასკვნაში, მრჩეველთა საბჭოს ნაწილში, კიდევ ერთ ხარვეზზეა საუბარი -აჭარის რადიოს პროგრამული პრიორიტეტები განსაზღვრული ისევ არ არის: „მოსახლეობასთან შეხვედრებიც გვქონდა ამ კუთხით, მაგრამ რადიო ჯერ ტექნიკურად არ არის მზად იმისთვის, რასაც საზოგადოება მოითხოვს. შესაბამისად, უფრო დიდი ხარვეზი იქნებოდა, რომ დაგვედო პრიორიტეტები, რომლებიც ვერ განხორციელდებოდა,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

რაც შეეხება დასკვნაში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებს, იმავე ტენდერების კუთხით, ნატა იმედაიშვილი 22 აპრილს ელოდება, როცა ტელევიზიის სამსახურებმა დარღვევებზე პასუხი უნდა წარმოადგინოს: „რეაგირება სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, ზოგიერთ ნაწილში არის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევები. ჯერჯერობით, შეფასებებს ვერ გავაკეთებ.“

ნატა იმედაიშვილი არ ფიქრობს, რომ შიდა აუდიტის კრიტიკული დასკვნა ვინმეს ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს: „ეს დამოკიდებულია პროცესზე. 2014 წელს ჩვენ გარე აუდიტი მოვიწვიეთ, მათ მიერ მომზადებული დასკვნა დადებითი იყო“.

შიდა აუდიტის სამსახური „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს შეიქმნა. მანამდე ამ კუთხით ტელევიზიაში მხოლოდ ერთი აუდიტორი მუშაობდა. აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ბერიძეა, რომელმაც გვითხრა, რომ მას კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს.

2015 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ბიუჯეტი 6 მილიონ 473 ათასი ლარი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: