მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში

დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წელს, ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს.

თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში და ერთ-ერთ მათგანს ბათუმის ბულვარში განათავსებენ.
13234869_1379629355396526_67311942_o

აჭარის მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

აჭარის მთავრობამ 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დაამტკიცა. მთავრობის სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განმარტა, რომ დოკუმენტი არ გულისხმობს მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებების განვითარებას და ის ყველა სფეროს მოიცავს.

ზაურ ფუტკარაძის თქმით, სტრატეგია სოფლის ქალაქთან დაახლოებას ისახვს მიზნად, რაც სერვისების ხელმისაწვდომობას გულსხმობს.

მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მინისტრს დაავალა მოაწყოს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა და შენიშვნები გაითვალისწინოს. დღესვე, ზაურ ფუტკარაძემ სხდომაზე, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მის თქმით, ბიუჯეტი 92%-ით შესრულდა. შეფერხება კი მრავალწლიანი მცენარეების შესყიდვამ გამოიწვია.

არჩილ ხაბაძე ნივრის მოყვანის საცდელი პროგრამით დაინტერესდა. მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტროს საცდელად ნივრის შვიდი ნაკვეთი აქვს, სადაც კარგი მდგომარეობაა. სამინისტრო სამომავლდ გეგმავს ნივრის მოყვნას მაჭახლის ხეობისა და ქობულეთის სოფლებში. მომავალ წელს სამინისტრო ასევე გეგმავს შეიძინოს კაკლის ნერგი სპეციალური კონტეინერებით, რომ ნებისმიერ სეზონზე იყოს მისი მიღება და დარგვა შესაძლებელი. მინისტრის თქმით გასულ წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 7,5 მილიონი ლარით გაიზარდა.

ლედ ეკრანს 260 ათას ლარად ბათუმის კულტურის ცენტრი შეისყიდის

„ბათუმის კულტურის ცენტრი“ ლედ ეკრანს მაქსიმუმ 260 ათას ლარად შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. ეკრანი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან:

ეკრანი უნდა იყოს გარე გამოყენების;
ეკრანი უნდა დამონტაჟდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე;
მიწოდებული საქონელის ინსტალაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინერის მიერ;
ეკრანი უნდა დამონტაჟდეს გრუნტზე, რისთვისაც უნდა მოეწყოს სპეციალური მეტალის კონსტრუქცია;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის სამაგრი კონსტრუქციის გადაადგილება და დაყოფა ორ დამოუკიდებელ ნაწილად;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის დანაწილება ორ სრუფასოვან დამოუკიდებელ ეკრანად;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის მონტაჟი – დემონტაჟი განხორციელდეს ამწე-მანქანის დახმარების გარეშე.
ეკრანების კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ვიდეო ფაილების გამშვები მოწყობილობა;
მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს სწავლება ეკრანის მონტაჟზე და ექსპლუატაციაზე შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პირისთვის.

ეკრანის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 კალენდარულ დღეში; მიწოდების ადგილი: ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია, საზაფხულო თეატრის შენობა.

ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო ჯდებოდა.

ვიდრე საკრებულო საკითხს კენჭს უყრიდა, ინიციატივა განიხილა და მოიწონა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიამ. კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ კომისიას ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა ურჩია, სხვა, უფრო ძვირადღირებული ეკრანის შეძენა.

შესასყიდი ეკრანის ტექნიკურ მახასიათებლები:

1e2e

რესტორანი „პელიონი” ჰილტონ-ბათუმში – ქართული სამზარეულო ევროპული აქცენტით

თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენაც მოგწონთ, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” პირველ სართულზე მდებარე რესტორანი „პელიონი” ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

სასტუმრო „ჰილტონ-ბათუმის” ჰოლში მდებარე რესტორან „პელიონს” მყუდრო, დახვეწილი ინტერიერითაც გამოარჩევთ. მაგიდასთან მოკალათების შემდეგ მენიუს გადაშლით თუ არა, ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით, თუმცა „პელიონს” სხვა ქართული რესტორნებისგან ბევრი რამ განასხვავებს, პირველ რიგში – მომზადების ტექნოლოგია, ხარისხი და ახალი ინგრედიენტები. ფაქტობრივად, „პელიონი” ახალ სიცოცხლეს სძენს ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: აჭარული ხაჭაპური, მწვადი, ქაბაბი თუ ხინკალი.

„პელიონის” შეფ-მზარეულის მოადგილე 25 წლის დავით პოღოსიანია. კითხვაზე, რა არის „პელიონის” უპირატესობა, იგი ასე პასუხობს:
„ეს არის ქართული ტრადიციული სამზარეულო, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილი, უფრო გამოკვეთილი გემოთი. ვიყენებთ მომზადების ევროპულ ტექნოლოგიას, ვამზადებთ უფრო დაბალ გრადუსზე, ისე, რომ კერძები გამოვიდეს უფრო ნაზი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე ხორცი ცოტა უხეშია, ამიტომაც შევეცადეთ გაგვეუმჯობესებინა ხარისხი და ჩვენთან მომზადებული ხორცი დნება პირში.

2„ჰილტონ-ბათუმის” აჭარულ ხაჭაპურში ვიყენებთ მოცარელას და პარმეზანის ყველსაც, კვერცხის მაგივრად ვაცხობთ ბეკონითაც. ასეთი ნიუანსები ძალიან უხდება ქართულ სამზრეულოს. რაც შეეხება ხინკალს, ეს არის ტრადიციული ხინკალი, მაგრამ ცომს ვაბრტყელებთ და ხინკალს ვახვევთ მაშინ, როცა სტუმარი შეუკვეთავს. ყველაფერს ვამზადებთ ისე, რომ იყოს რაც შეიძლება ახალი. ჩვენთან სტუმრის თვალწინ ცხვება შოთიც, რომელსაც ცხელ-ცხელს მოგართმევენ მაგიდაზე.”

დავით პოღოსიანს სიახლეების სიყვარულის გამო „ჰილტონში” ექსპერიმენტატორსაც ეძახიან. მისი ყველაზე ცნობილი კულინარიული ექსპერიმენტი ჭაჭას უკავშირდება.

„ჭაჭას აქვს არაჩვეულებრივი გემური თვისებები. „პელიონში” გვაქვს კერძი, რომელსაც ჰქვია „ჭაჭაშული”. ეს არის კარგად ნაცნობი „ჩაშუშული~ ცოტა ევროპული კონცეფციით, რომლის მომზადებისას გამოვიყენეთ ჭაჭა. კერძის დაგემოვნებისას იგრძნობა ჭაჭისა და „ჩაშუშულის” ცხარე გემოც. არაჩვეულებრივი კერძია, სრულიად განსხვავებული და ამავე დროს ნაცნობი,” – ამბობს დავითი.

დავით პოღოსიანი
დავით პოღოსიანი

დავითი 15 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ კულინარია არის ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, ამიტომ პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია: „მივხვდი, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მივიღებდი იმ განათლებას, რაც მე მჭირდებოდა და ტყუილად დავხარჯავდი დროს. ერთი წელი ვმუშაობდი ანაზღაურების გარეშე, დღეში 18-19 საათი, მაგრამ ისე მომწონდა ეს საქმე, რომ არც გრაფიკს ვაქცევდი ყურადღებას და არც იმას, რომ ანაზღაურების გარეშე მიწევდა მუშაობა. მერე აღმოვაჩინე პროფესიული სასწავლებელი თბილისში, სადაც ორი წელი ვსწავლობდი ისეთ ცნობილ მზარეულებთან, როგორებიც არიან ესპანელი მანუელ ფაუნდეს ბარანდა და ბერძენი შეფ-მზარეული მარკო კორინთი. კოლეჯის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი რამდენიმე ცნობილ სასტუმროში თბილისში. შემდეგ წავედი აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში ვმუშაობდი. ძალიან რთული იყო იქ მუშაობა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა შემდგომში,” – იხსენებს დავითი.

აბუ-დაბის შემდეგ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და წელიწად-ნახევარი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მდებარე სასტუმროში მუშაობდა, რომლის რესტორნის მენიუ ცნობილია, როგორც კულინარიაში ყველაზე პრესტიჟული წოდების – „მიშლენის” სამი ვარსკვლავის მფლობელი.

ახლა დავითი „ჰილტონ-ბათუმში” მუშაობს და ამბობს, რომ ამაყობს ამ სასტუმროს რესტორნებით: „ვიცი, რომ აქ ჩემი ხელი ურევია და ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობაა. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება დამეხმარა და ახლა ვცდილობ ეს გამოცდილება გადავცე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მუშაობენ”.

45a329c5-f5e0-40bf-a306-4a625e346d31დავითის მუშაობის სტილი სხვა ქართული რესტორნების შეფ-მზარეულებისგანაც განსხვავებულია. მას ხშირად ნახავთ „პელიონში” სტუმრებთან მოსაუბრეს, აინტერესებს, რა მოსწონთ სტუმრებს და მათ შეკითხვებსაც პასუხობს ამა თუ იმ კერძის მომზადების ნიუანსების შესახებ.
კითხვაზე, მისი აზრით, რომელი კერძია განსაკუთრებული „პელიონში”, ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაუჭირდება:

„ყოველი კერძი არის რაღაცით განსაკუთრებული. მაგალითად, ღორის ნეკნების მარინადი არის უნიკალური, უგემრიელესი, მოტკბო და ცხარე გემოს ასეთ შერწყმას სხვაგან ვერსად ნახავთ. სტუმრებს ძალიან მოსწონთ „პელიონის” გრილის თეფში, რომელშიც შედის მწვადი, სხვადასხვა სახის სოსისი და ხორცეული. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩემ მიერ მომზადებული საჭმელი ამბობს ყველაფერს ჩემ მაგივრად.”

„პელიონი”, „ჰილტონ-ბათუმში” ახლა, საღამოს ხუთიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს. მაისში რესტორანს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს – მთელი თვის მანძილზე შეგიძლიათ 18-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

„პელიონი“ – კარგი ხედი რესტორნიდან, ხელმისაწვდომი ფასები, საქსაფონისა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება და მენიუ, რომელიც მრავალ კულინარიულ თავგადასავალს გპირდებათ. თქვენ რას შეარჩევთ?

რესტორანი "პელიონი"
რესტორანი “პელიონი”

გამომცემლობების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

არსებითი განხილვა გამომცემლობების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 17 მაისს გაიმართა. მოქალაქე ირინა რუხაძე და გამომცემლობები: „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ლოგოს პრესი“ მოითხოვენ არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს საქმეს, თუკი განხილვის მომენტისთვის სადავო სამართლებრივი აქტი გაუქმებულია, ან ძალადაკარგულად არის მიჩნეული.

ამ გამომცემლობებს, მათი განცხადებით, ზიანი 2013 წელს მიადგათ, როცა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მათ ვალდებულება დაეკისრათ, გადაეცათ საავტორო უფლებები განათლების სამინისტროსთვის სკოლის სახელმძღვანელოების გამოსაცემად.

„ზიანის მიყენების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე სიტყვა შეცვალა ამ ბრძანებაში და ის უკვე ჩაითვალა ახალ ნორმატიულ აქტად. ამით მხარეს წაერთვა შერსაძლებლობა, დაეცვა საკუთარი უფლებები, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს საშუალებას მისცემს სხვა პირებს, რომ მათ იდავონ სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სადავო სამართლებრივი აქტი უკვე ძალადაკურგულად არის მიჩნეული, ან გაუქმებულია“ – ამბობს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ იურისტი, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს იცავს.

მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენელმა, დღევანდელ პროცესზე მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.

იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა ხმაურის ფონზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. განიხილება უსკოს თვმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების საკითხი. დეპუტატი პეტრე ზამბახიძე ამბობს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებაა – არ აირჩიონ დეპუტატის შვილი [მამუკა ჯაში] და ასევე „ქართული ოცნების“ წევრი,  დავით ქარცივაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა არჩევნები ჩაატაროს უსკოს დღევანდელმა შემადგენლობამ. სხდომას ესწრება მამუკა ჯაში და ასვე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატიდავით ქარცივაძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით უსკოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი გვარამიამ კანდიდატურა მოხსნა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] ადრე განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ დავით ქარცივაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურებს და იგივეს მოუწოდებენ სხვა დეპუტატებსაც.

13219644_1339936762702413_509834786_n
იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

დღეიდან შავი ზღვის სანაპირო ყოველდღიურად დასუფთავდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, შპს ,,სანდასუფთავება“ შავი ზღვის სანაპიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დღეიდან ყოველდღიურად დაასუფთავებს.

სამუშაოები დილის 5:00 საათიდან დაიწყება და 9:00 საათამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მორიგე ჯგუფები სანაპირო ზოლს დამატებით დღეში ორჯერ, 11:00 საათსა და 18:00 საათზე დაასუფთავებენ.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.

13227572_1129369230456718_3654604323992522100_o

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა, 80-კვ.მ. ფასი: 44 ათასი დოლარი.

samaklero.ge

3.

118 ათასი ლარის სავარძლები ბათუმის საქალაქო ავტობუსებისთვის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“  Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის მგზავრის სავარძლების შეძენას გეგმავს. 800 სავარძლის შეძენაზე „ავტოტრანსპორტმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო თანხა – 118 400 ლარია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსებისთვის ასევე შეიძენს 550 კომპლექტ საბურავს, რისთვისაც ჯამში, მაქსიმუმ 227 500 ლარის გადახდას აპირებს.

რაც შეეხება ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას, ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება.

skami

შესასყიდი რბილი სავარძლის ნიმუში / ფერი შეთანხმდება ტენდერში გამარჯვებულთან

საპროტესტო აქცია საკუთრების დასაცავად

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მცხოვრები ვაჟა ხაბაძე და მისი ნათესავები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ხაბაძის განცხადებით, მიწა რომელსაც მემკვიდრეობით ფლობს სახელმწიფომ გაუყიდა. ვაჟა ხაბაძე მიწის დაბრუნებას ითხოვს.

„ათასი მეტრი მიწა წამართვეს და გამიყიდეს. მიწა საჯარო რეესტრში არ მქონდა გატარებული, რადგან სოფელში არავის აქვს საკუთრება დარეგისტრირებული. ის რომ მიწა ჩემი საკუთრებაა, ამის ძველი საკომლო ჩანაწერებიც ადასტურებს. გარდა ამისა, მაქვს ანდერძი რომლითაც დასტურდება ამ მიწაზე ჩემი საკუთრება“-გვეუბნება ვაჟა ხაბაძე.

ვაჟა ხაბაძე ამბობს, რომ გამგეობამ მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც მიწა აუქციონზე გაყიდა. „მიწის გაყიდვა მაშინ გავიგეთ, როცა ტრაქტორმა მუშაობა დაიწყო. მთელმა სამეზობლომ, სანათესაომ იცის რომ მიწა მე მეკუთვნის“-გვეუბნება ის.

ვაჟა ხაბაძემ  საპროტესტო აქცია 17 მარტსაც გამართა: „პოლიციაში რეკავენ, რადგან ამ თემაზე ხმაური არ აწყობთ. დღეს სასამართლო პროცესი მქონდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას მედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. თუმცა, მეორე სასამართლო კიდევ არის დანიშნული, სხვისი ქონების დაზიანებას მედავებიან. ჩემს მიწაზე შემოიჭრნენ, საკუთრება წამართვეს და თურმე მე მშენებლისთვის ფიცარი გამიტეხია, ამას მედავებიან“-ამბობს ვაჟა ხაბაძე.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია ხვალ, 17 მაისს, მახუნცეთში გაიმართება.   მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 847,80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1045 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 20 450 დოლარად, პირობებიან აუქციონზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს გაყიდა.

ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“

„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა.

გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები „ჟილინის არხზე“ ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა). მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ გულგრილობას და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან. დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. თანხის მიღების შემდეგ, კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩააბარა. ამ მაღალჩინოსნებს თანხის გადასარიცხად ხელი ირაკლი ჩავლეიშვილმა მოუწერა, მაშინ ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ირაკლი ჩავლეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მედიისგან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. „მერისგან ამ თემაზე ინფორმაცია არ მიმიღია. უშუალოდ, რა მოხდა, ვერ გავიგე“

„რა მოიმოქმედა მერიამ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად?“ – პროკურორ დავით ჭარბაძის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ მერიამ იმოქმედა კანონიერების ფარგლებში და გაწყვიტა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება.

საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შეკითხვა არჩილ ვანაძემაც დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საბანკო გარანტიის პირობების შემოწმება იყო საფინანსო სამსახურის საქმე. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, რომ ეს ჩვენი საქმე იყო? ასევე გვითხარით, ვინ ადგენდა კომპანიისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობას?“.  ბრალდებულის შეკითხვებზე საპასუხოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ დარწმუნებული არ არის და ამიტომაც ივარაუდა, რომ ფინანსურ დოკუმენტებს საფინანსო სამსახური მოამზადებდა. მისივე თქმით, არჩილ ვანაძე გამორჩეული საჯარო მოხელეა, ვის მიმართაც ნდობის მაღალი ხარისხი აქვს.

სასამართლოს ირაკლი ჩავლეიშვილმა ასევე დაუდასტურა, რომ შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლს ახორციელებდა არა უშუალოდ მერიის რომელიმე სამსახური, არამედ კონკრეტული კომპანია: „ასეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორც წესი, მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ამოწმებს მიმდინარე სამუშაოებს“ .

სამუშაოებს „ჟილინის არხზე“ შპს „გზამშენპროექტი“ ამოწმებდა. მისმა დირექტორმა, ნუგზარ ნირიმანოვმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს წინა სხდომაზე და აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ ხარისხს.  „ბოლო შესრულებიდან 10 დღის შერმდეგ, თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო, მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს? – მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მაშინ მოწმემ უპასუხა, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებია შესრულებული საქმე, ვიდრე მომდევნო ეტაპის თანხას გადარიცხავდა.

ამ საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ კი, დღესვე ამავე მაღალჩინოსნების სამოქალაქო დავა შეწყვიტა. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი იმ წერილის უკანონოდ მიჩნევას მოითხოვდნენ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდა. ფინანსური პოლიციის პასუხად მიწერილ წერილში ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა. მერიის იურისტის მტკიცებით, ეს დავა ცალკე არ უნდა განიხილებოდეს და ის სისხლის სამართლის საქმის ნაწილია. მოსამართლემ მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოს მორიგ სხდომებზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს გაეცნობა.

 

 

სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს

„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველია.

„ამ ქალბატონს ოქმის შედგენის დროს არ დაუფიქსირებია პრეტენზია და ხელი მოაწერა იმას, რომ ეთანხმება დაფიქსირებულ დარღვევებს“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა, დავით ებრალიძემ.

აფთიაქის დირექტორმა მოსამართლეს წარმოუდგინა 21 აპრილს შეძენილი მედიკამენტების ანგარიშფაქტურა. მისი განმარტებით, მედიკამენტები მან თბილისში შეიძინა და ბათუმში 25 აპრილს დაბრუნდა. „მედიკამენტები არ იყო დახლზე, როგორც ამას სააგენტოს წარმომადგენელი ამბობს და ფსიქოტროპული მედიკამენტები არსად დევს დახლზე. აღრიცხვის ჟურნალში მისი გატარება დაგვიანდა იმიტომ, რომ ფარმაცევტი იყო შეუძლოდ. თბილისიდან ერთი საათის ჩამოსულიც კი არ ვიყავი, როცა სააგენტოს წარმომადგენლები დამადგნენ თავს. დარღვევები იყო, მაგრამ მედიკამენტები, რომ შეძენილი მაქვს, ამას ადასტურებს ანგარიშ ფაქტურები და მისი წაღების უფლება არ ჰქონდათ“ – განაცხადა ნატო მესტვირიშვილმა.

სააგენტოს იურისტის თქმით, კანონი მათ აძლევთ უფლებას, კანონდარღვევით შენახული მედიკამენტები აფთიაქის მფლობელობას ჩამოართვან და დალუქონ. ამავე აფთიაქში ურეცეპტოდ მედიკამენტების დარღვევის ფაქტი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 8 აპრილსაც დააფიქსირა.

მოსამართლე ლევან მიქაბერიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს. სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში, აფთიაქი 6 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ორსართულიან მატარებლებს „საქართველოს რკინიგზა“ 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს

„საქართველოს რკინიგზა“ ოთხ ორსართულიან ელექტრომეტარებელს გამარტივებული შესყიდვის წესით, კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენს. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ უკვე მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გზით, 45 188 920 აშშ დოლარის ფარგლებში.

შესყიდვის დაფინანსების წყაროდ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ,  საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სესხიც შემდეგი ძირითადი პირობების გათვალისწინებით: სესხის ოდენობა – საქონლის ღირებულების არაუმეტეს 85%;  სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  – არაუმეტეს 6%; სესხის ვადა –  არანაკლებ 10 წელი და  ამასთან, სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია სს „საქართველოს რკინიგზისათვის“,  ამგვარი საჭიროების შემთხვევაში  [მათ შორის, შესყიდულ საქონელზე გირავნობის უფლების გამოყენებით].

იმის შესახებ, რომ 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება – საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის 22 აპრილს განაცხადა.

როგორც მაშინ „ბათუმელებთან“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მატარებელი სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. მისივე თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.

სამინისტრო ფესტივალების ორგანიზატორების დატრენინგებას აპირებს

აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  ბათუმში,  ედინბურგის  ფესტივალების აკადემიის კონსულტან-ტრენერების მოწვევა იგეგმება.  კონსულტანტ-ტრენერები საქართველოში მოქმედი ფესტივალების ორგანიზატორებს და პროდიუსერებს ტრენინგებს ჩაუტარებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალების ტრენერების მოწვევა მინისტრის მოადგილის, ნათია სირაბიძის ედინგურგში ვიზიტისას დაიგეგმა.

„მთავრობის პრიორიტეტია ბათუმი გადააქციოს საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურულ-საფესტივალო ცენტრად“-ნათქვამია სამინისტროს მიერ.

ოფიციალური ინფორმაციით, ნათია სირაბიძე ედინბურგის საკრებულოს კულტურის დეპარტამენტის დირექტორს ლინ ჰალფპენსაც შეხვდა.

„საუბარი შეეხო კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებს, სხვადასხვა სექტორის მიდგომას ფესტივალების და კულტურული ღონისძიებების მიმართ, მოსახლეობის და ტურისტების კვლევის მეთოდებს და შესაძლო გადასახადებს, როგორც კულტურის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს“-ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

გრიგოლეთში ზღვასთან ახლოს იყიდება 761 კვ/მ მიწის ნაკვეთი

grigoleti 6

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კურორტ გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატის“ მიმდებარედ [ავტომაგისტრალის გასწვრივ], ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში, იყიდება 761 კვ/მ მიწის ნაკვეთი. შესაძლებელია ნაკვეთის როგორც ერთიანად, ასევე ცალკე  – 381 კვ/მ-ის და ცალკე – 380 კვ/მ-ის გაყიდვა. ფასი შეთანხმებით. მობ.: 599 57 40 67

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „აქთივ ბათუმისთვის“ სკვერის დაბრუნებაზე

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ  დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. კომპანიას მიაჩნია, რომ სამინისტრის მხრიდან მათთვის ქონების ჩამორთმევა „იყო განზრახვა“.

გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბრძანება გამოსცა 2015 წლის 23 იანვარს, რომლითაც გაუქმდა „აქთივ ბათუმსა“ და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება შესრულებული. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, რომლის ბრძანებითაც გაუქმდა ჩვენი მინისტრის ბრძანება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

ამ გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები იყო ის, რომ მხარე აცხადებდა ინტერესს დამატებითი ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების გაუქმებისა და ახალი საინვესტიციო წინადადების განხილვის შესახებ. კომპანიას დღეს სამინისტროში შემოტანილი აქვს წინადადება, მიმდინარეობს მისი განხილვა, როგორც კი შევჯერდებით დეტალებსა და პირობებზე ახალი წინადადება წარედგინება აჭარის მთავრობას.

ამ ბრძანებით [მთავრობის თავმჯდომარის] ბათილად იქნა ცნობილი ის, რითაც გაუქმდა საკუთრების უფლება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ამ ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს „აქთივ ბათუმი“. მაგრამ იმის გამო, რომ კომპანიას დარღვეული აქვს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, სამინისტროს რჩება უფლება გააუქმოს ნასყიდობის ხელშეკრულება თუ არ იქნება წარმოდგენილი ის საინვესტიციო წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის – უნდა შედგეს მხარეთა შორის შეთანხმების აქტი ახალ პირობებზე.

ინვესტორი თავდაპირველად სახელმწიფოს სთავაზობდა იმავე მიწის ნაკვეთზე [სკვერი ბარბარეს ეკლესიასთან], დამატებითი ვადების პირობებში, 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. თუმცა, შემდგომში, იმის გათვალისწინებით, რომ არის სკვერი – მათგანაც წამოვიდა შემხვედრი წინადადება სხვა ადგილის მონაცვლეობაზე.

ჯერჯერობით ადგილის შერჩევის პროცესია, თუკი შევთანხმდებით, ალბათ, დაიწყება დეტალებზე საუბარი.

მათი [აქთივ ბათუმის] სურვილი იყო, რომ ჭაჭა თაუერთან გამოყოფოდათ მიწის  ნაკვეთი, თუმცა იქ მიმდინარეობს სხვა სახის დაგეგმარებითი სამუშაოები და ეს ამ ეტაპზე არ განიხილება. სხვა წინადადებები უნდა წარმოადგინოს კომპანიამ – რა პირობებში და რა ვადებში შეძლებს ვალდებულების შესრულებას.

ადმინისტრაციულ წარმოება ამ საქმის იმიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს  [ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 5 ნოემბერს და დასრულდა 2015 წლის 23 იანვრას], რომ მხარემ ადმინისტრაციული წარმეობის პროცესში არაერთხელ მომართა სამინისტროს დამატებითი განცხადებებით საინვესტიციო პირობების შეცვლაზე [ვალდებულების შესასრულებლად ითხოვდნენ კიდევ 4 წელს], ახალი საინვესტიციო ვალდებულებების აღებაზე, არსებული საინივისტეციო ვადების გადაწევაზე და იხილებოდა ეს ვადები, რაზედაც ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

არჩილ ხაბაძის ჩარევამდე რატომ არ მიიღო მსგავსი გადაწყევტილება სამინისტრომ? – აქ ორი პრობლემა იყო, 1 ინვესტიცის მნიშვნელობა რეგიონისთვის და მეორე ამ ტერიტორიის ადგილმდებარეობა. შესაბამისად, ამ ორ გადაწყვეტილებას შორის უნდა ყოფილიყო შუალედი მოძებნილი. იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია მდებარეობს ბარბარეს ეკლესიის გვერდით, ვცდილობდით ახალი ტერიტორია შემოეთავაზებინა ინვესტორს, სადაც უზრუნველყოფდა ამ ვალდებულების შესრულებას. დღემდე ამ პროცესში ვართ.

კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დაესრულებინა პროექტის ნებართვის მოპოვების პროცედურა. ეს ვადა გავიდა 2012 წლის ბოლოს. 2012 წლიდან 2015 წლამდე  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ გააუქმებია ხელშეკრულება. სწორედ ეს პერიოდი ჩათვალა სამინისტრომ, რომ კომპანიას ჰქონდა დამატებითი ვადა შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 5 წელი გავიდა და კომპანიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული მშენებლობის  ნებართვა, ეს აჩენდა სამინისტროს მხრიდან საფუძვლიან ვარაუდს, რომ ვერ უზრუველყოფდა კომპანია ამ ვალდებულების შესრულებას. ამიტომაც მიიღეს ხეშეკრულების გაუქმებაზე გადაწყვეტილება.

ახლა ინვესტორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე რეგისტრირებული რამდენიმე ქონებიდან უნდა შეარჩიოს ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება ინვესტიცის განხორციელება, რასაც წარმოადგენს ჩვენთან და ამას განვიხილავთ, ანუ ის რასაც წარმოადგენს უპირობოდ არ იქნება მიღებული. ასეა, სკვერი ბარბარეს გვერდით ეკუთვნის „აქთივ ბათუმს“, თუმცა არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ თუკი არ იქნება წარმოდგენილი მის მიერ ახალი საინვესტიციო წინადადება, გაუქმდება  საკუთრების უფლება ამ ტერიტორიაზე. ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუკი წარმოგვიდგენს ახალ საინვესტიციო წინადადებას, ხელშეკრულებაში შევა ცვლილება და ახალ ტერიტორიაზე განხორციელდება ინვსტიცია, ხოლო ბარბარეს ეკლესიის გვერდზე სკვერი საკუთრებაში დაუბრუნდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. თუ საინვესტიციო წინადადება ისევ ბარბარეს ეკლესიის გვერდით სკვერზე იქნება წარმოდგენილი, ეს წინადადება აღარ იქნება განხილული.

სკვერი ბარბარეს ეკლესიის გვერდით მთავრობამ კომპანიას დაუბრუნა

არჩილ ხაბაძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ რუსთაველზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებული 7007 კვადრატული მეტრი სკვერი ცოტა ხნის წინ დაუბრუნა. ეს სკვერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის 23 თებერვალს წაართვა კომპანიას „ვალდებულების შეუსრულებლობისთვის“. „აქთივ ბათუმს“ სარეკრეაციო ზონაში 2 მილიონ დოლარად შეფასებული სკვერი, ზღვისპირა ზოლში, 500 000 დოლარად ლევან ვარშალომიძემ მიყიდა და 40-სართულიანი სასტუმროს აშენება დაავალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „აქთივ ბათუმი“ რუსთაველის ქუჩის სკვერის ნაცვლად ამ ხელისუფლებას მიწის ნაკვეთს სთხოვს „ჭაჭის კოშკთან“, რომელიც ასევე სარეკრეაციო ზონაა.

ქონების დაბრუნების საჯარო მიზეზები

DSCN99322012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ არჩევნებიდან მალევე დააანონსა, რომ „აქთივ ბათუმი“ ბულვართან, სარეკრეაციო ზონაში 40-სართულიან სასტუმროს არ ააშენებდა. შესაბამისად, 7007 კვადრატული მეტრი სკვერის უკან დაბრუნებაზე ადმინისტრაციული წარმოება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2012 წლის 5 ნოემბერს დაიწყო, ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით. წარმოება 26 თვეს გაგრძელდა [კანონი ადმინისტრაციული წარმოებისთვის ერთთვიან ვადას ითვალისწინებს]: სამინისტროსა და „აქთივ ბათუმს“ შორის „ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის“, „საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების“ შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 2015 წლის 23 იანვარს გამოსცა ბრძანება.

კომპანია „აქთივ ბათუმის“ იურისტმა, დათო ჯაიანმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის აღნიშნული ბრძანება აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. საჩივარში იურისტი მიუთითებს იმ შეცდომებზე, რაც 26-თვიანი წარმოების პროცესში დაუშვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და რაც, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, გახდა ქონების უკან დაბრუნების საფუძველი.

დათო ჯაიანის აზრით, ხელისუფლებას ამოძრავებდა „წინასწარი განზრახვა“, წაერთმია ქონება კომპანიისთვის. თუმცა, დათო ჯაიანი არც ერთ კონკრეტულ პირს არ ასახელებს.

საქმე იმაშია, რომ „აქთივ ბათუმი“ ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში მოემზადებინა სასტუმროს პროექტი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. დათო ჯაიანის თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ „კომპანიის ხელმძღვანელებს სურდათ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებამდე შენობის არქიტექტურული იერ-სახე შეეთანხმებინათ აჭარის რეგიონის მთავრობისთვის“.

დათო ჯაიანის შეფასებით, მთავრობას ხელი რომ არ შეეშალა „წარდგენილ საპროექტო ესკიზებთან დაკავშირებით“, კომპანია დათქმულ ვადაში შეძლებდა პროექტის შემუშავებას: „ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მიერ არ იქნა გადადგმული ქმედითი ნაბიჯები… ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილი და გათვლილი იყო იმისკენ, რომ ჩვენ მიერ არ მომხდარიყო დროულად ნაკისრი ვალდებულების შესრულება“.

დათო ჯაიანი თავის საჩივარში მთავრობის წევრებისგან სხვა „ხელშეშლაზეც“ წერს. მაგალითად, იმაზე, რომ ტყუილია, თითქოსდა ზეპირსიტყვიერად მისცა სამინისტრომ კომპანიას „დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად“ [კომპანიას ამის უფლებას გაფორმებული ხელშეკრულება აძლევდა]. მეტიც, კომპანიის იურისტს წარმოუდგენლად მიაჩნია ზეპირი ურთიერთობა, როცა საქმე ეხება 30-მილიონიან პროექტს. აქედან გამომდინარე, დავით ჯაიანი სახელმწიფოს სთხოვს დაასახელოს ზეპირი ნებართვის გამცემი მოხელეების ვინაობა და ისიც, თუ ვინ წარმოადგენდა მსგავსი შეთანხმების დროს კომპანიას.

იურისტი კიდევ რამდენიმე შეზღუდვაზე მიუთითებს, მათ შორის იმაზე, რომ აღნიშნულ ზონაში 40-სართულიანი სასტუმროს ასაშენებლად „სიმაღლის კოეფიციენტი აღმოჩნდა შემზღუდველი“; და იმაზეც, რომ ბათუმის მერიამ კომპანიას არ მისცა უფლება, „საკუთრება უსაფრთხო ღობით შემოეღობა“.

„აქთივ ბათუმის“ იურისტი საუბრობს ასევე ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო დეტალზე, რომელიც ხელშეკრულების გაუქმებაზე მომუშავე სახელმწიფო მოხელეების ან „კვალიფიკაციაზე“ მიუთითებს ან „წინასწარგანზრახვაზე“: ხელშეკრულების თანახმად „აქთივ ბათუმს“ პროექტის მოსამზადებლად 24-თვიანი ვადა ჰქონდა და ეს ვადა 2012 წლის 30 მარტს იწურებოდა. ნაცვლად ამისა, დავით ჯაიანის თქმით, ხელისუფლებამ ხელშეკრულების მოშლის საფუძველში მიუთითა, რომ „აქთივ ბათუმს“ პროექტის მოსამზადებლად ვადა 2011 წლის 30 მარტამდე ჰქონდა. ამის საფუძველზე დავით ჯაიანი ასკვნის: „აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ სამინისტროს ჩვენ მიერ გასაჩივრებული ბრძანების  მიღების დროს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება“.

რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო მოხელეები მსგავს “ტექნიკურ შეცდომებს“ უშვებენ მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენისას? – აჭარის ხელისუფლებაში ამაზე არ უმსჯელიათ. არც იმის შესახებ გამხდარა საჯაროდ ცნობილი, არჩილ ხაბაძემ დავით ბალაძის ბრძანების გაუქმებამდე შეისწავლა თუ არა ის ფაქტები, რასაც ბიზნესისთვის განზრახ ხელშეშლად მიიჩნევს კომპანიის წარმომადგენელი.

ქონების დაბრუნების შესაძლო მიჩქმალული მიზეზები

DSCN9916კომპანია „აქთივ ბათუმთან“ აჭარის ყოფილი ხელისუფალი – ლევან ვარშალომიძე წარმატებით თანამშრომლობდა. მისი ხელმოწერით ორი საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი, ბათუმის ცენტრალურ უბანში მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაზე, რომელზეც 20-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ახლაც გრძელდება; მეორე კი, რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის გვერდით არსებულ სკვერში 7007 კვადრატულ მეტრზე, სადაც 40-სართულიანი სასტუმროს აშენება იყო დაგეგმილი. ორივე ქონებაში, რომელიც 8 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, „აქთივ ბათუმმა“ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

კომპანიამ მშენებლობა თავდაპირველად ყოფილი ფოსტის შენობაზე დაიწყო. ხელშეკრულებით მას ამისათვის 48 თვე ჰქონდა. პროექტის დასასრულებლად კომპანიას დრო და, სავარაუდოდ, ფინანსები არ ეყო. 2016 წლის იანვარს კი, ყოფილი ფოსტის ფასადზე „აქთივ ბათუმის“ ბანერები ჩაანაცვლა კომპანია „მეტრო მეფის“ ბანერებმა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო მეფმა“ ყოფილი ფოსტის შენობაზე უკვე აშენებული 20-სართულიანი სასტუმრო იპოთეკით დატვირთა. ბათუმის ცენტრში, ყოფილი ფოსტის შენობაზე შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, როცა „მეტრო მეფის“ ბანერები გამოჩნდა.

„მეტრო მეფი“ რომ დაინტერესებულია ზღვისპირა ზოლში გრანდიოზული მშენებლობის წამოწყებით, ეს არაოფიციალური ინფორმაციაა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციაა, რომ `ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ჩამორთმეული სკვერის უკან დაბრუნების შემთხვევაში 40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის გარანტორიც „მეტრო მეფია“. „აქთივ ბათუმის“ მენეჯერი მამუკა ზაქარაძე „ბათუმელებთან“ „მეტრო მეფის“ მონაწილეობით სასტუმროს აშენებას ბარბარეს ეკლესიის თუ „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ არც გამორიცხავს. ასევე დადასტურებულია, რომ „მეტრო მეფის“ ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ – „მეტრო ატლას ჯორჯიამ“ საქართველოს სოლიდარობის ფონდში რამდენიმე თვის წინ 1 მილიონი ლარი გადარიცხა. კომპანიის გავლენიანი აქციონერი – გალიფ ოზთურქი კი შეხვდა როგორც მოქმედ, ისე ყოფილ პრემიერ-მინისტრებს. გალიფ ოზთურქს ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობაც მიანიჭეს.

არჩილ ხაბაძის არგუმენტები, რის გამოც სკვერი კერძო კომპანიას დაუბრუნა

ბრძანებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ 2015 წლის 18 მაისს გამოსცა, „აქთივ ბათუმის“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ბათილად ცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება „ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლაზე“. ხაბაძემ უწყებას დაავალა არსებული გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტი გამოსცეს.

არჩილ ხაბაძე თავის ბრძანებაში ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება არაზუსტ ინფორმაციებს ეფუძნება. თუმცა ამ დოკუმენტში ტერმინი „წინასწარგანზრახვა“ ნახსენები არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით განმარტეს.

შედეგი – სასტუმრო სარეკრეაციო ზონაში?

ბარბარეს ეკლესიის გვერდით მდებარე სკვერში 40-სართულიანი სასტუმროს შესაძლო მშენებლობას საზოგადოება მას შემდეგ აპროტესტებდა, რაც ლევან ვარშალომიძემ კანონის დარღვევით გადასცა სარეკრეაციო ზონა კერძო კომპანიას. მოსახლეობა ასევე აპროტესტებს „ჭაჭის კოშკის“ გვერდით მდებარე სკვერში მშენებლობის შესაძლებლობას. „ჭაჭის კოშკთან“ მშენებლობის შესახებ ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, რასაც ასევე მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი. მაშინ ითქვა, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვით დაინტერესებული იყო კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯია“, თუმცა აჭარის ხელისუფლებისთვის ამ ქონების გადაცემისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა ბათუმის საკრებულომ.

თავის დროზე, როცა 2 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ კომპანია „აქთივ ბათუმს“ 500 000 დოლარად გადასცა, ისიც ქალაქ ბათუმის საკუთრება იყო. შესაბამისად, ამ ქონების ანუ ბულვარში მიწის გაყიდვის უფლება ლევან ვარშალომიძეს მანამ არ ჰქონდა, ვიდრე ბათუმის საკრებულო მიწას ოფიციალურად არ გადასცემდა მთავრობას. მაშინ აჭარის მთავრობა ბათუმის საკრებულოს ნებართვას არ დალოდებია – უფრო ზუსტად, ბათუმის საკრებულოს ამ მიწის გადაცემის თხოვნით 2010 წლის 30 მარტიდან 4 თვის შემდეგ მიმართა. შესაბამისად, „აქთივ ბათუმს“ ქონება თავიდანვე კანონის დარღვევით გადასცეს.

ამ ტერიტორიაზე „აქთივ ბათუმი“ ააშენებს 40-სართულიან შენობას, სადაც უნდა განთავსდეს 200-ოთახიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო მიწისქვეშა ავტოფარეხით, სავაჭრო ცენტრებითა და სამორინე, არანაკლებ 20 სათამაშო მაგიდითა და 500 სათამაშო ავტომატით.

ჭაჭის თაუერი - თორნიკე თავაძის ფოტო (4)

ყველის განახლებული სექცია ბათუმის ბაზარში [ფოტო]

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექციის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. დღეს სექციაში ყველი მხოლოდ დახლ-მაცივრებიდან იყიდება.

ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე
ყველის სექცია სავაჭრო ცენტრ „ბონში“ / ფოტო: თორნიკე თავაძე

IMG_2422

ყველის სექციის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“.

სამმართველოს უფროსი აჭარაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას თავს არიდებს. 18 თებერვლიდან დღემდე სამმართველოს უფროსს – ვახტანგ წულაძეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმის გამოსასწორებლად, რაშიც სასამართლომ ამხილა – სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება ქალის, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თანამშრომელი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ვიდრე ვახტანგ წულაძე და აჭარის მთავრობა უმოქმედოდაა, დღითიდღე იზრდება იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულს ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ. ვახტანგ წულაძეს თავისი უკანონო გადაწყვეტილებისთვის ხალხის ჯიბის ხარჯზე ამ დროისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

ამ უმოქმედობას „მფლანგველობად“ აფასებენ მესამე სექტორში. „სახელმწიფო სახსრების მიმართ ასეთი მფლანგველური დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან უნდა იმსახურებდეს უმკაცრეს შეფასებებს და იწვევდეს, როგორც მინიმუმ, თანამდებობის პირთა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ანა სასამართლოში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოდან გათავისუფლებული ქალის მ.მ.-ს ინტერესებს იცავდა. ვინაიდან ვახტანგ წულაძე სასამართლო გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს, მხარემ უკვე მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს – სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით შესასრულებლად. თუკი ვახტანგ წულაძე აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნასაც დუმილით უპასუხებს, მაშინ საქმე პროკურატურას გადაეცემა, სამმართველოს ანგარიშს კი, ინკასო დაედება და უკანონოდ გათავისუფლებულს მთლიანად აუნაზღაურდება განაცდური ხელფასი. ასევე პრემია, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოში გაიცემოდა სადღესასწაულოდ.

„ხელოვნური ბარიერის დაწესება და გაჭიანურება ამ პროცესის უარყოფითად აისახება თავად გარემოს დაცვის სამმართველოს რეპუტაციაზე“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი: „სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. ამ ბოლო დროს მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოები ითხოვენ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვას იმისთვის, რომ დაიწყონ საქმეზე აღსრულება. ეს არასწორია, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის.“

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვას ელოდება ვახტანგ წულაძეც. მან `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ასე გაარკვევს კონკრეტულად რისი აღსრულება სურს ყოფილ თანამშრომელს: „ჩვენ შტატი არ გვაქვს და ამას დასჭირდება ცვლილებები, აღდგენა არის პრობლემა. მეტს ვერაფერს გეტვით, არ მაქვს დრო“.

18 თებერვლიდან ანუ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან დღემდე ვახტან წულაძეს არ მიუმართავს ოფიციალურად აჭარის მთავრობისთვის, ვისაც სამართლებრივად ექვემდებარება და ვინც მას ახალი შტატის დაშვების უფლება უნდა მისცეს, ასევე განაცდური ხელფასის გადასახდელად გამოუყოს თანხა.

ვახტანგ წულაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დროს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის დილემის წინაშე აღმოჩნდა. ჩინოვნიკის „დილემის“ ამბავი აჭარის მთავრობასაც არ მოუკითხავს. „არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან აქამდე უცნობი იყო მხარის ნება, სურდა თუ არა მას სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.

აჭარის მთავრობის ეს პასუხი უკვირს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტს, ანა ბერძენიშვილს: „სამი ინსტანციის სასამართლოში რის გამო ვიდავეთ აბა, თუ გადაწყვეტილების შესრულება არ გვინდოდა?“ ის უპასუხისმგებლობად აფასებს აჭარის მთავრობის დამოკიდებულებას.

რატომ არ რეაგირებს აჭარის მთავრობა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რითაც ჩინოვნიკის მხრიდან ჩადენილი უკანონობა დადასტურდა? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ გვიპასუხა, რომ მთავრობა ვახტანგ წულაძეს კითხვებს დაუსვამს, თუკი ის განაცდურის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას მოითხოვს, ან ახალი შტატის დაშვებას. „არ ვიცი, როგორ მოიქცევა აჭარის მთავრობა. ჩემი მოსაზრებით თუკი დაინტერესდებიან, ვიტყვი, რომ შესაფასებელია იყო თუ არა ამ შედეგის განჭვრეტა წინასწარ შესაძლებელი და როგორი იყო სასამართლოს პრაქტიკა“, – ამბობს დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ნიშნავს თუ არა ეს პასუხი იმას, რომ აჭარის მთავრობა ვახტანგ წულაძისთვის პასუხის მოთხოვნას არ აპირებს, რადგან სასამართლომ ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო [დღემდე სასამართლოს არ მოუთხოვია რომელიმე უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა, ვისი შტატიც გაუქმებულია]? – ამ შეკითხვაზე დავით გაბაიძემ გვითხრა, რომ ის სასამართლო პრაქტიკას ამ კუთხით არ იცნობს.
„თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილების მიღების დროს უკეთ უნდა განჭვრიტონ ყველა მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. კანონი მათ ამომწურავად განუსაზღვარავს გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ პროცედურებს. სამწუხაროდ, სწორედ ამ პროცედურების გვერდის ავლით მიღებული გადაყვეტილებები ხდება დავის საგანი და სასამართლო მათ აუქმებს. თუ თანამდებობის პირი კანონის მოთხოვნებს დაიცავს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ“, _ მიიჩნევს საია-ს იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი.

„უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომლითაც მან თანამშრომელი მ.მ. 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე სამმართველოს უფროსს ორსულმა ქალმა წერილით მიმართა და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. უფროსის რეაგირება სამსახურიდან ქალის გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კომპანიის წინააღმდეგ

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა შესაძლოა შპს „გუმბათს“ სასამართლოში უჩივლოს. მათი განცხადებით, მშენებელმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. გარდა ამისა, სახლის მაცხოვრებლებს, „გუმბათის“ მისამართით სხვა პრეტენციებიც აქვთ. მათი თქმით, კომპანიამ კორპუსის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიისაკუთრა, სადაც ოფისის მშენებლობას აპირებს.

„პროექტის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ვიდეოთვალები, ლიფტები დაუცველია და გაგვიქურდეს, ეზოში განათება არ დგას, საბავშვო მოედანი იქნებაო და არ არის,  ეზოში ფანტანი უნდა ყოფილიყო, არც ესაა. სახურავიდან წყალი ჩამოდის და თავიდან მოგვიწია რემონტის კეთება.  არ არის სახანძრო ნორმები დაცული.  ეზოდან გასასვლელი ვიწროა და სხვა  ბევრი პრობლემა აქვს. სამხარაულის ექსპერტიზა უნდა მოვიყვანოთ და შემდეგ შევიტანთ საქმეს სასამართლოში“- ამბობს სახლის მაცხოვრებელი, ლევან შოშიტაიშვილი.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები
შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები

„ორი წელია აქ ვართ და ვუცდით დაპირებებს. გარდა ამ პრობლემებისა, ჩვენ 1000კ/მ მიწა გვერთმევა, ამ ისედაც ვიწრო ეზოში. „გუმბათის“ ერთ-ერთი მეწილე, კორნელი კემულარია აპირებს რომ ჩვენი კორპუსის წინ ააშენოს შენობა-ნაგებობა ჩვენს ეზოში. გვეუბნება რომ ეს მიწა იყიდა, მაგრამ ვისგან არ ვიცით. გვეუბნებიან რომ თუ მიწას დავთმობთ, მაშინ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს“ – გვეუბნება ნინო ჭყონია.

„ამ სახლში ხუთი ბინა მაქვს შეძენილი. შეძენისას მითხრეს რომ სახლს ეყოლებოდა დამლაგებელი, ექნებოდა აუზი და დაცვა. სახლში ბინები ძალიან ძვირია, მაგრამ ის პირობები რაც ყიდვისას შემოგვთავაზეს სახლში არ არის. ვებ-გვერდზე რომ შეხვიდეთ დღემდე უდევთ რეკლამა, სადაც ამ ყველაფერზეა საუბარი“-გვეუბნება მეჰდი ჰეიდარი.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, კორპუსის ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, კომპანიის წარმომადგენელს ხელი არასწორ ნახაზზე მოუწერა: „როცა ნახაზი გააკეთეს, ათასი კვადრატული მეტრი მიწა, არასწორად შეიტანეს ნახაზში, რაზეც ამხანაგობის თავმჯდომარეს ზაზა ბოლქვაძეს  მოაწერინეს ხელი და მიისაკუთრეს“. ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, დასძენს რომ ამ საკითხს პროკურატურა გაარკვევს.

ლევან შოშიტაიშვილის თქმით, კორნელი კემულარია ეზოს ამ ნაწილის მითვისებას აპირებს
ლევან შოშიტაიშვილის თქმით, კორნელი კემულარია ეზოს ამ ნაწილის მითვისებას აპირებს

კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შპს „გუმბათს“ პირობების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში უჩივლებენ, მიწის მიტაცების საკითხს კი შესასწავლად პროკურატურას გადასცემენ.

კომპანია „გუმბათის“ დირექტორის მოადგილე ლაშა ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ კორპუსის მაცხოვრებელთა პრეტენზიები მიუღებელია.

„მე პირადად მსგავსი პრეტენზიები არ მომისმენია, რადგან ამ ეტაპზე ბათუმში არ ვიმყოფები. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ დაცვის სამსახური და ვიდეოთვალი, ხელშეკრულების პირობებში არ ეწერა. ლიფტებს რაც შეეხება, მათი  მოვლა-პატრონობა „ამხანაგობის“ უფლება-მოვალეობებში შედის და მათ უნდა გაეკონტროლებინათ ის ქონება, რომელიც ჩვენ გადავეცით.

წყალი თუ ჩამოდის და ვინმეს თუ კონკრეტული პრეტენზია გააჩნია, უნდა მოვიდეს ოფისში და ვისაუბროთ. 64 ათასი კვ/მ-ია ეგ სახლი და ასეთი ნიუანსები ხდება“.

საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი
საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი

რაც შეეხება ეზოს ნაწილის მითვისების საკითხს, ლაშა ბალაძე ამბობს, რომ მასთან „გუმბათს“ არანაირი შეხება არ აქვს.  „გუმბათი“  სახლის ტერიტორიაზე არანაირ მშენებლობას არ აწარმოებს.  კორპუსის მშენებლობა დაგვიკვეთა კორნელი კემულარიამ. სხვა მშენებლობის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“-ამბობს ის.

კორნელი კემულარიას მობილური ამ დროისთვის გამორთულია.

6 მაისის პარკში მოკლულის ოჯახი კომპანია “ზიმო 7”-ის მეწილეა

14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკთან მოკლული ირაკლი აბუსერიძე კომპანია „ზიმოს“ მეწილე იყო – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება. „ბათუმელებს“ კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ირაკლი აბუსერიძეს უშუალოდ კომპანია „ზიმოსთან“ კავშირი არ ჰქონდა, თუმცა მისი დედა,  მარინე მანგალაძე არის „ზიმოს“ პარტნიორი კომპანიის – „ზიმო-7“-ის დირექტორი.

რეესტრის, 2016 წლის მარტის ამონაწერის მიხედვით  „ზიმო-7“-ის 73% წილს ირაკლი აბუსერიძის მამა ფლობდა [ბეგლარ აბუსერიძე, რომელიც გარდაცვლილია]. „ზიმო-7“-ის 25% წილს კი კომპანია „ზიმო“ ფლობს [„ზიმოს“, ციხისძირიდან ურეკში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მრავალწლოვანი ხეები გადააქვს].

6 მაისის პარკთან ავტომანქანა ჯიპში მყოფ ირაკლი აბუსერიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრალდებულმა სამი ტყვია ესროლა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით: „6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე [ბრალდებულმა] ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული ბრალდებას უარყოფს, თუმცა ის გარდაცვლილის მეუღლემ და სხვა თვითმხილველებმაც ამოიცნეს. ჩვენივე ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, მოკლულის ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება. მოკლულსა და ბრალდებულს რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ პირადი კონფლიქტი, რა დროსაც გარდაცვლილმა აბუსერიძემ ბრალდებული დაჭრა [გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებული გარდაცვლილის ოჯახისგა ფულის გამოძალვას ცდილობდა. კონფლიქტ სწორედ აქედან გამომდინარე წარმოიშვა. ფაქტი 2010 წელს მოხდა] . ადრე  ბრალდებულიც ნასამართლევია.

ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი

გვეშველება!

კარს მოგვადგა არჩევნები და კვლავ დაიწყო მარათონი პარლამენტში ადგილების  დასაკავებლად. სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვხედავთ ძალას, რომელიც  ქვეყანას გამოიყვანს ამჟამად არსებული „მოჯადოებული წრიდან“.

ჩვენს მიერ „არჩეულ“ პარლამენტარებს 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისათვის გარდა იმისა, რომ თავიანთი „მოღვაწეობით“ „ვანოს შოუს“ ძალიან საინტერესო მასალას აწვდიდნენ.

თუ პარტიების მიერ წარმოდგენილ პროგრამებში ხალხმა ვერ დაინახა ქვეყნის გადარჩენის გზა, სავარაუდოა, რომ ან არ წავა არჩევნებზე, ან ისევ ცუდ არჩევანს გააკეთებს.

ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები ტარდება არა პარტიების  ღირსებისა და პროგრამის მიხედვით, არამედ არსებული ხელისუფლების მოშორების მიზნით, “ოღონდ ესენი არრრააა-ს“ პრინციპით. და  ხალხი  დაუფიქრებლად აძლევდა ხმას არარეალური პროგრამებით აღჭურვილ პარტიებს, შედეგი კი სახეზეა – კიდევ ერთხელ უშედეგოდ ჩავლილი 4 წელი, მოტყუებული ხალხი, ნიჰილიზმი, უიმედობა…

ჩემი აზრით, ხალხისთვის არავითარ შედეგს არ მოიტანს რომელიმე ყოფილი ხელისუფლების ქება ან ძაგება, ან იმ დეპუტატებზე ლაპარაკი, რომლებმაც  ოთხჯერ ან ხუთჯერ მოახახერხეს პარლამენტში „შეძრომა“, გაკეთებით კი არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, მაგრამ სანამ შეიძლება ასე გაგრძელდეს, ხომ უნდა იყოს რაღაც გზა, გზა ხსნისა?!…

ბატონმა კახი კავსაძემ დასვა კითხვა „გვეშველება რამე?“ პასუხიც თვითონ მიგვანიშნა, მაგრამ საზოგადოებას და ხელისუფალთ არ გაუციათ ამ კითხვაზე პასუხი, მცდელობაც კი არ ჰქონიათ გამოესწორებინათ სიტუაცია.

ვიფიქრე ამ პრობლემებზე და მინდა შემოგთავაზოთ ქვეყნის გადარჩენის ჩემეული ხედვა, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს  პარლამენტი  ღირსეული ადამიანებით, რომლებიც  აიღებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე. აღარ მინდა კვლავ უღირსი ადამიანები უტიფრად გვმოძღვრავდნენ პარლამენტის ტრიბუნიდან და დაუმსახურებლად, პირიქით – საქმის გაფუჭებაში იღებდნენ პრემიებსა და დანამატებს.

საქართველოში ნებისმიერი მეწარმე, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფოს გამოცხადებულ 200-ლარიან ტენდერში ან კონკურსში, მოსაკრებლის სახით იხდის  მინიმუმ 51 ლარს და გარანტიას 20 ლარს. ნუთუ პარლამენტარობა ისეთი უმნიშვნელო რამ არის, რომ არავითარი პასუხისმგებლობა ან გარანტია არ უნდა სჭირდებოდეს? თუ ისევ ულვაშის იმედზე უნდა ვიყოთ?

თავდაპირველად უნდა შევიმუშაოთ პროგრამა მინიმუმი, რომელიც მოეთხოვება პარლამენტარებს 4 წლის მუშაობის განმავლობაში. მიზანი უნდა იყოს  ჩამოყალიბებული იმ პრობლემების დასაძლევად, რასაც პრიორიტეტად თვლის ქვეყნის მოსახლეობა.

ცნობილია, რომ გამოკითხვების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა I ადგილზე უმუშევრობას და ეკონომიკურ  მდგომარეობას აყენებს.

ქვეყნის განვითარებულობა მრავალი პარამეტრით ფასდება, მათგან უმნიშვნელოვანესია  მ.შ.პ.

2014 წლის სტატისტიკის  მიხედვით საქართველოში  მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 3790 $ – მსოფლიოში 116 ადგილი.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტის შესასრულებლად  უახლოესი 4 წლის განმავლობაში მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით უნდა გაორმაგდეს, რაც სწორად მუშაობის შემთხვევაში შესაძლებელია. ეს შეძლო კიდეც საქართველოს ხელისუფლებამ 2003-2007 წლებში, მაგრამ  რის ხარჯზე, ესეც გასათვალისწინებელია.

ჩემი აზრით დეპუტატის პასუხისმგებლობის დასამკვიდრებლად კანდიდატებზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი პირობებით: პარტიის მიერ უნდა შეიქმნას  საბანკო ანგარიში, რომელზეც თითოეული კანდიდატი შეიტანს მონაწილეობის მოსაკრებლის  თანხას (10 000 ლარი), რომელიც მოხმარდება წინასაარჩევნო საორგანიზაციო საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, სანამ დამტკიცდება  პარლამენტში, საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნება საბანკო ანგარიში მომგებიან დეპოზიტზე, სადაც ჩაიდება საგარანტიო თანხა, კანდიდატის დეკლარირებული ქონების 20% (მაგრამ არანაკლებ 100 000 ლარისა). თანხა დაუბრუნდებათ დარიცხული მოგებით  დასახული მიზნის მიღწევისას, საპარლამენტო მოღვაწეობის დასრულებისას სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

ასევე დაპირების შესრულების შემდეგ თითოეული პარლამენტარი, სტატისტიკის შედეგების გამოქვეყნებისთანავე ქვეყნის ბიუჯეტიდან მიიღებს უმრავლესობიდან (იგულისხმება ახალი პარტიის უმრავლესობით მოსვლა, ან არსებული პარტიების მიერ ამ პრინციპით მონაწილეობა) 1 000 000 ლარს, ხოლო უმცირესობიდან 200 000 ლარს,  თუ მათი მოღვაწეობის შედეგად საქართველოს თითოეული მოქალაქის ბიუჯეტი გაიზრდება ორჯერ. ეს მეთოდი შეაკავშირებს პარლამენტარებს და მისცემს სტიმულს ერთად იღვაწონ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით.

აქ განხილული გვაქვს მხოლოდ ერთი მიმართულებით წინსვლა, სხვა მიმართულებები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისათვის, უნდა ჩამოყალიბდეს კანდიდატთა გამოვლენისა და შეკრების შემდეგ, პარტიის ბირთვის შექმნისთანავე. ასეთი პარტიის შექმნა ნაკლებ შანსს დაუტოვებს დღემდე მოქმედ პარტიებს, მაგრამ პარლამენტში ალბათ ისინიც მოხვდებიან და მიეცემათ საშუალება ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისა.

თუ ამ პარტიის ასეთი სისტემით არჩეული პარლამენტარები ვერ შეადგენენ საპარლამენტო უმრავლესობას, ან უმრავლესობის კოალიციას იმ კანდიდატებთან ერთად, რომელთაც თავისი პარტიით გაიზიარეს ზემოთხსენებული მოდელი, კანდიდატები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, დათმობენ თავიანთ ადგილებს და მათ ადგილს დაიკავებს სხვა პარტიების პროპორციული სიით გასული კანდიდატები, რადგან აზრი აღარ ექნება მათ მოღვაწეობას პარლამენტში, უმცირესობით შესვლისას მივიღებთ იგივე სტილის პარლამენტს, როგორიც გვქონდა დღემდე. სჯობს საერთოდ არ იყო პარლამენტარი, ვიდრე იყო დარბაზის შემავსებელი, იღებდე ხელფასს და არაფრის შეცვლა არ შეგეძლოს.

უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ახალი პარტიის პარლამენტარები უარს იტყვიან ყოველგვარ სახელფასო დანამატზე და 4,5 წლის შემდეგ, პროგრამის შესრულების შემთხვევაში, პატიოსნად მიიღებენ ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ 1 მლნ. ლარს. ეს მეთოდი  გამორიცხავს ნებისმიერი ოლიგარქის ჩარევას პარლამენტის საქმიანობაში და პარლამენტარებზე ზემოქმედებას.

ამ იდეის მიხედვით კანდიდატების შერჩევისას პარტიისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება წინასაარჩევნო დანახარჯები, რადგან ხალხი დიდი აგიტაციის გარეშეც  დაუჭერს მხარს ასეთი პროგრამის მქონე პარტიებს. საჭირო იქნება მხოლოდ არჩევნების ჩატარება პატიოსნად, გაყალბების გარეშე, რაც უნდა განაპირობოს საზოგადოების სიფხიზლემ და დამკვირვებელთა ზედმიწევნით კარგად მუშაობამ.

ქასთინგზე მოხვედრის მსურველი მთელი საქართველოდან, მიუხედავად ჩვენი ერის ნიჭიერებისა, ალბათ 200 კანდიდატზე  მეტი არ იქნება, რადგან არა მგონია თავისი არაკომპეტენტურობის წარმოჩენა და 10 000 ლარის დაკარგვის ალბათობა აინტერესებდეს ვინმეს. გარდა მომავალი პარლამენტარის უნარებისა და მაღალკვალიფიციურობისა კანდიდატი კარგად უნდა  ახერხებდეს ქართულად „წერას, კითხვას და ლაპარაკს“. უნდა წარმოადგინოს ამ იდეის გარშემო თავისი ხედვა და პროგრამა. ასევე  ნარკო ტესტი, ფსიქო, ზოგადი ჯანმრთელობის ცნობა,  თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. კანდიდატების შერჩევისას დაცული უნდა იყოს გენდერული თანასწორობა, უმცირესობების ინტერესები და მაჟორიტარები ყველა ოლქიდან. ყველა თვითონ წარმოაჩენს თავის თავს. თავიდან პარტიას არ ეყოლება ლიდერი, რომლის გარშემოც ვინმეს ექნებოდა სურვილი ეკეკლუცა და უკანა კარიდან მოენდომებინა მოხვედრა. სულ აირჩევა 120 კანდიდატი, უმცირესობისთვისაც ვტოვებთ შანსს. უმრავლესობით გასვლის შემთხვევაში არ არის გამორიცხული სამინისტროებში სხვა პარტიათა ან უპარტიოთა მაღალრეიტინგული წარმომადგენლების წარდგენა. 4,5 წლის შემდეგ დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განიცადონ ყოფილმა დეპუტატებმაც “როგორია იპოთეკარის ბედი“.

ამ იდეის აქტუალურობის დასამტკიცებლად საქართველოს მოსახლეობას ვთავაზობ ინტერნეტ სივრცეში აქტიურ მონაწილეობას უფასო დალაიქებით. თუ ეს იდეა  დააგროვებს 1 თვეში მილიონ ლაიქს, მაშინ შეიქმნება ახალ პარტია, რომელიც  საქართველოს გამოიყვანს უპასუხისმგებლო პარლამენტართა მოჯადოებული წრიდან და ქვეყანას შეუქმნის ნათელ მომავალს.

მე პირადად არავითარი ამბიცია არა მაქვს პოლიტიკოსობასა და პარლამენტარობაზე, მაგრამ როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის ბედი ვის ხელში იქნება და როგორი ოთხი წელიწადი გვექნება. სანამ გამოვაქვეყნებდი ამ სტატიას  იდეის არსი გავაცანი რამოდენიმე სხვადასხვა ფენისა და შეხედულებების ადამიანს. იდეა ყველასათვის საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა.

დღეისათვის საქართველოში მოქმედ არცერთ პარტიას არა აქვს ამ დონის პასუხისმგებლობა აღებული ხალხის წინაშე. ნუღარ გავაგრძელებთ უპასუხისმგებლო პარტიებთან თანამშრომლობას, ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. საქრთველოში დღეისათვის 219 პარტიაა რეგისტრირებული, მათგან არც ერთს არ აუღია რეალური პასუხისმგებლობა თავიანთ ნამოღვაწარზე. ყოველთვიურად კვლავ ჩნდებიან ახალ-ახალი პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან იწერენ პროგრამებსა და დაპირებებს, მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახელებშია, ხოლო პასუხისმგებლობა – ნულოვანი.

ყველა ამბიციურ კანდიდატს ვთავაზობ გახდეს ამ ახალი პარტიის წევრი და პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული ექნებათ. ნუღარ დახარჯავენ თავიანთ სახსრებს უნაყოფოდ, რადგან ამ იდეის გახმოვანების შემდეგ, მათი რაც უნდა კარგი, მაგრამ უგარანტიო დაპირებების აღარავის სჯერა. მივმართავ მილიარდერებს, მიუხედავად ქვეყნის წინაშე თავიანთი უდიდესი და დაუფასებელი ღვაწლისა, თუ სურვილი აქვთ მოხვდნენ პარლამენტში, ძალიან მცირე შანსი რჩებათ პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრისა. ვთავაზობ ქასტინგის გაუვლელად გაწევრიანდნენ პასუხისმგებლობის ამღებ პარტიაში, შეიტანონ თავიანთი ქონების 20 %  4,5 წლის ვადით მითითებულ საგარანტიო ანგარიშზე, რაც უზრუნველყოფს მათ პარლამენტარობას და როგორც მოქალაქეებმა იბრძოლონ ქვეყნის გასაძლიერებლად. ხოლო რეფორმატორთა ახალგაზრდულ გუნდს, რომლებიც ახლა აპირებენ შექმნან ახალი პარტია, ისედაც არ ექნებათ პრობლემა გააოცონ ჟიური თავიანთი ღრმა ერუდიციითა და მოტივაციით. არ იქნება შეზღუდვა არც იმ ძველ სახეებზე, რომელთაც არ შეულახავთ თავიანთი და ქვეყნის  ღირსება.

დავესესხები დიდ ილიას: „ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს“.

ახალი მოდელით კანდიდატების შერჩევა წაადგება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ განვითარებად სამყაროს, რომელთაც იგივე პრობლემები აწუხებთ, როგორც ჩვენ. ეს მეთოდი არ საჭიროებს კონსტიტუციის ან საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, რადგან სხვა პარტიებს არავინ ავალდებულებს ასევე მოქცევას.

მინდოდა მხარდაჭერისთვის მიმემართა საქართველოს პრეზიდენტისათვისაც, მაგრამ სანამ არ მოვისმენთ მისგან, რომ – აღიარებს შეცდომად და დანაშაულად მის შეტევას „თავისუფალ უნივერსიტეტზე“, ყველაზე დიდ მონაპოვარზე, რაც კი ბოლო პერიოდში შექმნილა საქართველოს მომავლისათვის, – ვებუტები.

ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდება ჭეშმარიტი დემოკრატია, ეკონომიურ წარმატებებთან ერთად გაძლიერდება საერთაშორისო მხარდაჭერა და ავტორიტეტი.  მხოლოდ ამის შემდეგ გამოიხედავენ ჩვენსკენ დროებით ჩამოშორებული ძმები და გაუჩნდებათ სურვილი საქართველოს გამთლიანებისა.

მეოცნებეთა დრო წავიდა, აღარ გაიყიდება საქართველო კვლავ „ფოჩიან კამფეტებზე“. თავის დროზე არ მოვუსმინეთ ერის მამებს, მივატოვეთ მარტოდ თავიანთ იდეებთან ერთად, დავკარგეთ მთელი ეპოქები და დარჩა მათი შეგონებანი ღაღადისად უდაბნოსა შინა. ნუღარ გავიმეორებთ ძველ შეცდომებს.

 

ავტორი: „ილია X (იქსი)“

პარკთან მოკლული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 14 მაისს, ბათუმში 6 მაისის პარკთან მოკლული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ბრალდებულმა 14 მაისს, პარკთან ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

„6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“.

პირველად ბათუმში „ტოსკა“ – ფოტორეპორტაჟი

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ პირველად დაიდგა. სპექტაკლი სამმოქმედებიანია.

პუჩინის ოპერა „ტოსკა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში
პუჩინის ოპერა „ტოსკა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში

სპექტაკლში ბათუმის საოპერო სტუდიის სოლისტები მონაწილეობდნენ.   სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გერმანელი ჰანს იოაჰიმ ფრეია, დამდგმელი დირიჟორი  კი იტალიელი მაურიციო ჩამპი.

ოპერა „ტოსკა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში
ოპერა „ტოსკა“ ბათუმის ხელოვნების ცენტრში

პრემიერა გუშინ 15 მაისს შედგა. სპექტაკლის განმეორებითი ჩვენება დაგეგმილია ხვალ, 17 მაისს.

სცენა სპექტაკლიდან „ტოსკა“. ბათუმი 2016
სცენა სპექტაკლიდან „ტოსკა“. ბათუმი 2016
სოლისტი, ირაკლი კახიძე. სპექტაკლში „ტოსკა“
სოლისტი, ირაკლი კახიძე. სპექტაკლში „ტოსკა“
სცენა სპექტაკლიდან „ტოსკა“ ბათუმი 2016
სცენა სპექტაკლიდან „ტოსკა“ ბათუმი 2016
სპექტაკლი „ტოსკა“
სპექტაკლი „ტოსკა“

 

საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საჯარო ლექცია-მოხსენება თემაზე –  უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და როლი.

მოხსენებებს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი.

საჯარო ლექცია-მოხსენება ბსუ-ში
საჯარო ლექცია-მოხსენება ბსუ-ში

„ვილაპარაკებ ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენს ეპოქაშიც არის თუ არა ამ ჰუმანიტარულ განათლებაში ის, რასაც უწოდებენ „ლებერალარტს“, მარადიული განზომელება, დანიშნულება… მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არის. შევეცდები ცოტა კონტრბალანსი გავაკეთო თანამედროვე წარმატების კულტის იდეასთან, იმ ყველაზე ფუნდამენტური იდეით განათლებაზე, რაც გაჩნდა საერთოდ აკადემიურ ტრადიციაში საბერძნეთში“, – უთხრა „ბათუმელებს“  ლევან გიგინეიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილმა კი „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ  მას არ მიაჩნია სხვა რამე განათლებად, გარდა მხატვრული განათლებისა. მისი თქმით საფუძველთა საფუძველს  გამოგონილი სამყარო და ლიტერატურა წარმოადგენს.

ლევან ბერძენიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საქართველოს განათლების სისტემაზე: „დღევანდელი უმაღლესი განათლების სისტემა ვერ გაუძლებს კრიტიკის ქარცეცხლს, რომელსაც ჩვენ დავატრიალებთ. იმედი მაქვს, რომ დისკუსიაში ჩაერთვება დარბაზიც, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კრიტიკული აზრი დაგვიგროვდა განათლების სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების სისტემასთან დაკავშირებით. დღეს საქართველოში 85 უნივერსიტეტი და უმაღლესი სკოლაა, რაც წარმოუდგენელია ასეთი პატარა და ასეთი გაუნათლებელი ქვეყნისთვის, როგორც ჩვენ ვართ. ერთ სულ მოსახლეზე, დიპლომირებული ადამიანების რიცხვით, საქართველო პირველ ადგილზეა და წიგნიერების რიცხვით კი ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მსოფლიოში. ამაზე ვილაპარაკებთ“.

დისკუსია დღეს, 15 მაისს, დღის 2 საათზე დაიწყო და 5 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – „RNCD“-ს პროექტის – „უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის რეგიონური განვითარებისათვის“ ფარგლებში.

ბათუმის მერია საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების კონცეფციას შეისყიდის

ბათუმის მერიამ საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების კონცეფციისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. კონცეფციის შედგენაში მერია 30 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

„შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში ქ. ბათუმის გაფორმების კონცეფციის შემუშავება [ახალი საშობაო-საახალწლო აქსესუარების შეძენით და არსებულის გამოყენებით], რომელიც შექმნის წინასადღესასწაულო ბათუმის საერთო ატმოსფეროში დადებით განწყობასა და კეთილსასურველ პირობებს, როგორც ქალაქის მცხოვრებლებისათვის, ისე სტუმრებისათვის;

შემუშავებული კონცეფციის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რომელიც საშუალებას მისცემს ბათუმის მერიას, ოპტიმალურად განსაზღვროს, გაითვალისწინოს და დაგეგმოს მოსალოდნელი სავარაუდო ხარჯები;

საშობაო-საახალწლო გაფორმების ფარგლებში ქალაქში არსებული ზოგიერთი შენობის და ნაგებობის ფასადის, გზაგამყოფი ზოლის, ქუჩის, სკვერის [ან პრეტენდენტის შეხედულებისამებრ რომელიმე სხვა ელემენტის] დიზაინის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება დეკორაციული და ილუმინაციის სისტემის ახალი განათებით გაფორმება;

წინასაახალწლო ბაზრობის საახალწლო ილუმინაციებით გაფორმება;

საახალწლო სკულპტურების და მათი განთავსების ადგილების შერჩევა;

საახალწლო გაფორმება უბნების მიხედვით;

მერიის ბალანსზე არსებული საახალწლო აქსესუარების ჩართვა საერთო კონცეფციაში და გამოყენება საშობაო-საახალწლო გაფორმებისას“.

სატენდერო პირობებში მერიას ასევე მითითებული აქვს მანათობელი საახალწლო აქსესუარების განთავსების ადგილები:

es1es2

მიმწოდებელს უფლება აქვს დამატებით, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, წარმოადგინოს აქსესუარების განთავსების ადგილები, მათი გაფორმების ელემენტები, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება მერიასთან. თავის მხრივ მერიას უფლება აქვს, შეცვალოს ზემოთჩამოთვლილი მანათობელი საახალწლო აქსესუარების განთავსების ადგილი [ფასადი, გზაგამყოფი, ქუჩა, სკვერი და სხვა].

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიაროს მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორი რეგიონის დაახლოების საქმეში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს კულტურული აქტივობები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დაიგეგმა ფოტოხელოვანთა და მხატვართა ორმხრივი გამოფენების ორგანიზება და ფოლკლორული ტურნე ქვემო სილეზიაში. თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაისახა ასევე სოფლის მეურნეობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროები.

დღესვე პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია შეხვედრას გამართავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. ეს ქვემო სილეზიის საპასუხო ვიზიტია – 29 მარტიდან პირველ აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ივნისის თვეში, ვროცლავში დაგეგმილია სასწავლო ტური, რომელიც ითვალისწინებს აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის პოლონური გამოცდილების გაზიარებას თვითმმართველობების მუშაობისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით.

22 ათასი ლარი კოლონადების შესაღებად

ბათუმში, 6 მაისის პარკის კოლონადების შეღებვაში ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო მაქსიმუმ 22 100 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ტენდერი სააგენტომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.

გამარჯვებულმა სამუშაო – კოლონადების ზედაპირიდან ამორტიზებული საღებავის ფენის მოცილება, ზედაპირის დამუშავება და მაღალი ხარისხის წყალმედეგი საღებავით შეღებვა – ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.

გამარჯვებული პრეტენდენტი ასევე ვალდებულია ანგარიშსწორებამდე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

ხულოში, სხალთა-კვატიის გზის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხულოში, ზომლეთი-ხიხაძირის გზის სხალთა-კვატიის მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.

გზის სარეაბილიტაციო სავარაუდო თანხაა 4 მილიონ 988 ათას 937 ლარი. ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა. ტენდერი, რომელიც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა წელს, 16 თებერვალს გამოაცხადა, 15 მარტს დასრულდა.

რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დრომდე და ხომ არ ჭიანურდება დრო შეგნებულად? – ამ კითხვაზე შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ვინაიდან შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დონორის სახსრებით ხდება, პირობებს ძირითადად შემსყიდველი ორგანიზაცია და დონორი ადგენენ.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა ინფორმაცია ამ კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით დევს შესყიდვების ვებგვერდზე.

სხალთა-კვატიის გზა - ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან (3)
სხალთა-კვატიის გზის მონაკვეთი

ამ დოკუმენტაციის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული პროცედურები არ ვრცელდება აღნიშნულ შესყიდვაზე“; ამასთან, ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი კომპანია „ბლექ სი გრუპი“ დასახელდა, რომელსაც სატენდერო კომისიამ დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შესახებ წერილობით, 28 მარტს მიმართა და ვადა 28 დღე მისცა. კომპანიამ გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დეპარტამენტს 4 799 999 ლარად შესთავაზა. დამატებითი დოკუმენტაცია კი „ბლექ სი გრუპს“ მიერ შესყიდვების ვებგვერდზე დღემდე არ აუტვირთია.

გზის მშენებლობის დაწყება-დასრულების ვადა, ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც დღეს, 14 მაისს, თვითმხილველების თვალწინ საკუთარ მანქანაში ცეცხლსასრული იარაღიდან ესროლეს გარდაიცვალა.

როგორც „ბათუმელებს“ რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, მამაკაცი მუცლის არეში იყო დაჭრილი:

„უმძიმესი შემთხვევა იყო, ფაქტობრივად დაღუპული იყო, სისხლის ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა გადმოყვანის დროს. ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ… “.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

შემთხვევა დღეს ბათუმში 6 მაისის პარკთან მოხდა. ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, ის კი ვინაც ესროლა, პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა.

6 მაისის პარკთან ჯიპში მყოფ მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს

დღეს, 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

„მაღაზიიდან, [მელიქიშვილის ქუჩაზე, ბიბლუსის გვერდით] გადმოვდიოდით პარკის მხარეს და ატყდა ხმაური, მეგობარმა ბავშვს დაავლო ხელი და მე უცებ მეგონა ბომბაჩკებია-მეთქი. დავდექი, სადაც გადმოხტა ეს ბიჭი… საჭესთან იჯდა, ვიღაც ზრდასრულმა ბიჭმა, კაცი იყო პრინციპში, ესროლა. სამი გასროლა იყო, მოარტყა, მანქანიდან [შავი ჯიპი] გადმოვარდა, „ფუ შენი ჩამცხრილესო“-თქვა და გავიქეცი. რომ მოვიხედე, მანქანა ვიღაცას მიყავდა. მსროლელი გაიქცა“ – ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა.

ტყვია შემთხვევის ადგილას. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
ტყვია შემთხვევის ადგილას. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
ტყვია შემთხვევის ადგილას. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
ტყვია შემთხვევის ადგილას. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო
Exit mobile version