სიდედრზე ძალადობაში ბრალდებული სიძე

„ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ა.ჩ.-მ. მას სიდედრზე ძალადობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, სიძემ სიდედრი ზედიზედ ორჯერ სცემა – 22 მარტს მან არასრულწლოვნის თანდასწრებით პლასტმასის მილი ჩაარტყა დაზარალებულს, 23 მარტს კი სახის არეში სცემა ხელის მრავალჯერადი დარტყმით. სიძე სიდედრთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა.
საქმის არსებით განხილვამდე მოსამართლემ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. პროკურორ გიორგი რამიშვილის აზრით, ბრალდებული გირაოს სახით არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და იძალადა ბავშვის თანდასწრებით. ბრალდებულს სამართლებრივი დაცვის ცენტრის, ანუ სახაზინო ადვოკატი იცავს.

„არ ვეთანხმები პროკურორს, რადგან ბრალდებული დაკავების დროიდან თავს მიიჩნევს დამნაშავედ. მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ,“ – თქვა ადვოკატმა ლაშა რომანაძემ. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, თავად ბრალდებულმა უარი თქვა გირაოთი გათავისუფლებაზე: „საიდან მოვიტანო 1000 ლარი? არ მაქვს,“ – თქვა ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილიდან ა.ჩ.-მ.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს შეახსენა, რომ მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ისევ შეიცავს საფრთხეს – ბრალდებულს უკვე მოხდილი აქვს ორწლიანი პირობითი მსჯავრი ისევ სიდედრთან ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის.

მომდევნო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხება ბრალდებულის ცოლი, ასევე ექსპერტი, რომელიც ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას სასამართლოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სიდედრზე ძალადობაში მხილებულ სიძეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელის 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე.

რუსთაველის უნივერსიტეტში ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები განაახლეს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე  ზოოლოგიისა და მინერალოგიის განახლებული კაბინეტები გაიხსნა.

„თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კაბინეტებში პროფესორ-მასწავლებლებისა და ლაბორანტების მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული უნიკალური მინერალოგიური ექსპონატები და ნიმუშები განთავსდა. სასწავლო თვალსაჩინოებისათვის განკუთვნილი ინტერიერი და საგამოფენო სტენდები საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და სასწავლო პროცესის ეფექტურობას შეუწყობს ხელს“-ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ზოოლოგისა და მინერალოგიის განახლებული კაბინეტები რუსთაველის უნივერსიტეტში
ზოოლოგისა და მინერალოგიის განახლებული კაბინეტები ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

მათივე ინფორმაციით, მინერალოგიის კაბინეტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან, განსაკუთრებით ურალის მთებიდან შეგროვებული კოლექციაა თავმოყრილი. ზოოლოგიის კაბინეტში უხერხემლო და ხერხემლიან ცხოველთა ექსპონატებია განთავსებული. უახლოეს მომავალში კაბინეტების ახალი ნიმუშებით შევსებაა დაგეგმილი.

„მინერალოგიისა და ზოოლოგიის კაბინეტების განახლება 2015 წელს, უნივერსიტეტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდა. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსის გარემონტება“.

მწვანე კონცხზე სამუშაოების დასრულება რკინიგზაზეა დამოკიდებული

მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან და პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება კითხვით ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემას წარმოადგენს რკინიგზა, რომელიც დასახლებას [იმ ადგილს, სადაც N31 სამარშრუტო მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაა] პლაჟისგან ჰყოფს. რკინიგზაზე შლაგბაუმი არ არის, ავტომანქანებისთვის დროებითი გადასასვლელის მოწყობაზე კი „საქართველოს რკინიგზამ” უარი განაცხადა.

„რკინიგზას რომ ნებართვა მიეცა კომპანიისთვის, ახლა სანაპირო ზოლში მეტი სამუშაო იქნებოდა შესრულებული. უნდა გაკეთდეს სკვერი, გამაგრდეს ნაპირი, კეთილმოეწყოს ზღვაში შეჭრილი ხიდი, რომლისთვისაც რკინის მოაჯირები მუშებმა ხელით გადმოზიდეს რკინიგზაზე. ახლა ამ ხიდზე ბეტონი უნდა დაიგოს, მანქანებს კი არ უშვებენ. ჩაბნელებული და უპატრონო იყო აქაურობა, პლაჟზე ღამით ტურები დარბიან, განათებაც ახლა მონტაჟდება, სეზონი იწყება და იმედია გალამაზდება ეს ადგილი,” – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოქალაქემ.

მწვანე კონცხის დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მონოლითი 2015″ ახორციელებს. კომპანიამ სამუშაოები, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა დაასრულოს. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში კი კომპანიას ვადის კიდევ ერთი თვით [ანუ სექტემბრამდე] გაგრძელების მოთხოვნის უფლებაც აქვს.

მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

„ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. სამუშაოები მიმდინარეობს და დროულად დავასრულებთ. რკინიგზას რაც შეეხება, ჩვენ მივწერეთ ბათუმის მერიას და „საქართველოს რკინიგზასთან~ ის აგვარებს საქმეს. დროებითი გადასასვლელის პროექტიც მზადაა და შეთანხმების ეტაპზეა. ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ლიანდაგზე ხელით გადატანას, ამას ვერ დავუშვებ, საფრთხეში ვერავის ჩავაგდებ. მაქ დიდი საფრთხეა და რკინიგზაც სიფრთხილით ეკიდება ეტყობა ამ საკითხს. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა შეთანხმდეს,” – განაცხადა „ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბარში „მონოლითი 2005“-ის დირექტორმა მერაბ დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ ციხისძირში რკინიგზაზე, იმ ადგილზე, საიდანაც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში ტიტას ხე გადაიტანა, დროებითი გადასასვლელი მოწყობილია [აქედან კიდევ ორი ხეა გადასატანი].

მწვანე კონცხის ერთ-ერთი მცხოვრები იმასაც ამბობს, რომ „რკინიგზის თუ სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელიც აქ იყო, თქვა – ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ქვეითად მოსიარულეთათვის არსებული გადასასვლელის დატოვებაც არ შეიძლება”. ამ გადასასვლელით კი სარგებლობს როგორც ბოტანიკურ ბაღში შემსვლელი, ასევე მწვანე კონცხის პლაჟზე გადამსვლელებიც.

„ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში” უთხრეს, რომ მათთან შესულია ბათუმის მერიის წერილი, მიმდინარეობს განხილვა და რამდენიმე დღეში, დიდი ალბათობით, დადებითად გადაწყდება: „უცებ არ წყდება ასეთი საკითხები, მანდ უნდა მოეწყოს დროებითი გადასასვლელი, მოძრაობაც უნდა დარეგულირდეს, შესაძლოა დროებით ჩვენი წარმომადგენელიც მივამაგროთ მაგ ადგილს”.

რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, რკინიგზაში აცხადებენ, რომ რაიმეს შეცვლას მწვანე კონცხთან მიმართებაში არ აპირებენ – „ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის“.

ბათუმის მერიამ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობაში თითქმის მილიონი – 997 ათას 676 ლარი უნდა გადაიხადოს. ამ ტერიტორიამდე მისასვლელ გზას კი სხვა კომპანია არემონტებს.

მწვანე კონცხი
მწვანე კონცხი

ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“

პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ დამფუძნებელმა, კიევის ყოფილმა მერმა, ქობულეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ჩერნოვეცკიმ, რომლის პარტიაც 2016 წლის არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა. რატომ გაქრა „ბედნიერი საქართველოსთვის~ ქართული პოლიტიკური სივრციდან? მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩერნოვეცკის გუნდის მომავალ წევრად მოიაზრებოდა, ამბობს, რომ ჩერნოვეცკიმ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

აჭარის ტელევიზიასთან თქვენ აღნიშნეთ, რომ მოხდა გარკვეული გარიგება ივანიშვილსა და ჩერნოვეცკის შორის. რა გარიგებაზე საუბრობთ კონკრეტულად?

შედეგით უნდა ვილაპარაკოთ გარიგებაზე. შედგა შეხვედრა ლეონიდ ჩერნოვეცკისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რის შემდეგაც მან პოლიტიკური აქტიურობა შეაჩერა, რაც მივიდა ფინალამდე, ანუ მან უარი თქვა პოლიტიკაზე.

კონკრეტულად რა გარიგება უნდა ყოფილიყო?

არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ლეონიდ ჩერნოვეცკის შევხვდი. მან მითხრა, რომ აქტიურობას შეაჩერებდა და მისი არეალი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქობულეთით, მაგრამ ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება საბოლოოდ შეეშვას პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში.

მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩერნოვეცკის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ვერსიას მოვისმენთ?

მე ვიცი მხოლოდ ის, რომ განზრახვა იყო პოლიტიკის კეთებისა, პოლიტიკური პარტიის შექმნის, ჩემთან ურთიერთობის, მაჟორიტარული სისტემით რეგიონებში გასვლის, აჭარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების და საქართველოს პარლამენტში საკმაო რაოდენობით შესვლის. რა განცხადებას გააკეთებს, ამაზე ლაპარაკი ძნელია, უნდა დაველოდოთ და მისგან მივიღოთ ინფორმაცია.

თქვენი აზრით, მოახლოებული არჩევნების წინ რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დანაპირები აღმოჩნდა ტყუილი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე უთხრა, რომ ის ისეთ დემოკრატიას დატოვებდა საქართველოში, რომ ევროპასაც კი გააკვირვებდა.

რა დაკარგა ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ გაქრობით?

ვფიქრობ, რომ მინიმუმ ქობულეთის ამომრჩეველმა დაკარგა ერთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც შეეძლო უამრავი სოციალური პროგრამა განეხორციელებინა, როგორც პოლიტიკოსს, როგორც სტატუსის მქონე ადამიანს, რომელმაც მოინდომა პოლიტიკაში შემოსვლა. დემოკრატია ჩვენთან არის იმ დონეზე, რა დონეზეც ესმის ბიძინა ივანიშვილს დემოკრატია და კონკურენცია. რა დონეზეც არის ჩვენი ქვეყანა, იმ დონის დემოკრატიაა ქვეყანაში.

ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური კონკურენტი დაინახა ლეონიდ ჩერნოვეცკის სახით?

მე კი არ ვფიქრობ, მე ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ლეონიდ ჩერნოვეცკის შეხვედრის შემდეგ შედგა შეხვედრა, რითაც ლეონიდ ჩერნოვეცკის აეკრძალა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა და განსაკუთრებით, საქმიანობა პირადად ჩემთან.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თქვა, რომ ურთიერთობა ჰქონდა თქვენთან, თუმცა ეს არ იყო სერიოზული ურთიერთობა შემდგომი თანამშრომლობისთვის. თქვენთვის მოულოდნელი იყო მისი ეს განცხადება?

ჩემთვის მოულოდნელი იყო ლეონიდ ჩერნოვეცკის შემოთავაზება, რომ მასთან ვყოფილიყავი პოლიტიკურ პარტიაში და გამეწია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური უზრუნველყოფა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ პარლამენტში გარკვეული რაოდენობის ხალხი შეგვეყვანა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მისი ლაპარაკი ჩემთვის, ბუნებრივია, არ არის მოულოდნელი.

ვის ეშინია მარქსიზმის უნივერსიტეტში?

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი
ნორიკ ბადოიანი, თსუ-ს მაგისტრანტი

ანტიმარქსისტული რიტორიკა, მითუმეტეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, უცხო და ახალი ნამდვილად არ არის. წარსულში მას ხშირად იყენებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, კონსერვატორები, დღეს კი – სხვადასხვა ჯურის მემარჯვენე ძალები. 90-იანი წლებიდან ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში დაიწყო ანტიმარქსისტული ისტერია იმ სპეციფიკით, რომ შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონოდათ ავთენტურ მარქსიზმზე [ისინი მას, ძირითადად, არაადეკვატურად გადმოცემული ინტერპრეტაციებით იცნობდნენ]. ის გაიგივებული იყო საბჭოთა ფსევდომარქსისტულ დისკურსთან [რომელიც ფეხს იკიდებს XX ს-ის 20-იანი წლების შუა რიცხვებიდან, სტალინურ-ბიუროკრატიული თერმიდორის გამარჯვების შედეგად].

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე თავს დებდნენ „მეცნიერულ მარქსიზმზე“ და უმაღლეს სასწავლებლებში პარტისტორიის კურსს კითხულობდნენ, ახლა ყველაზე გააფთრებულ ანტიმარქსისტებად და ანტიკომუნისტებად გვევლინებიან. რასაკვირველია, ეს სახეცვლილება ფასადური ხასიათის იყო და მარქსის, ასევე სხვა სოციალისტური აზრის წარმომადგენლების ნაშრომების განადგურებით შემოიფარგლებოდა.

ეს პირები დღესაც აგრძელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას საგანმანათლებო სივრცეში, იმ განსხვავებით, რომ პარტისტორიის ნაცვლად სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ასწავლიან. ამასთან, ისინი გულმოდგინედ ცდილობენ დამალონ მარქსიზმის მეცნიერული ხასიათი, მისი აქტუალობა, გამოდევნონ ის აკადემიური დისკურსიდან და წარმოაჩინონ როგორც უტოპისტი მოაზროვნე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე რეალობასთან, მაშინ როდესაც, დასავლურ აკადემიურ სივრცეში მე-20 საუკუნიდან მოყოლებული აქტიურად მიმდინარეობს მარქსიზმის შესწავლა, გააზრება და გამდიდრება სხვადასხვა თემითა და პრობლემატიკით [მაგ. ფრანკფურტის სკოლა, ფროიდო-მარქსიზმი, პოსტმარქსიზმი და ა.შ].

სწორედ ამ პროფესურის ანტიმეცნიერული პროპაგანდის შედეგია [სხვა წანამძღვრებთან ერთად] ის ყველაფერი, რაც 2016 წლის 21 მარტს ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. კერძოდ ის, რომ პრივილეგირებული ჯგუფის – თვითმმართველობის – წევრები და მათი მხარდამჭერები ოფიციალურ შეხვედრაზე ანტისეკულარულ, ანტიჰუმანურ ფრაზებს სკანდირებდნენ [„ძირს ათეისტები!“, „მარქსიზმის ბუდეს არავის გავახსნევინებთ“ და ა.შ].

ნათელია, რომ ეს რიტორიკა არ წარმოადგენს ამ კონკრეტული პირებისა და სტუდენტური ჯგუფების, თუნდაც თვითმმართველობის, გაცნობიერებულ შეხედულებებს. ეს ყველაფერი ორმა ფაქტორმა განაპირობა: ერთი მხრივ, იმ პროფესორ-მასწავლებლების გამიზნულმა ანტიმარქსისტულმა სულისკვეთებამ, რომლის ვერბალიზებასაც სტუდენტები ახდენენ. მეორე მხრივ, თვითმმართველობის წევრების ამ ფრაზეოლოგიის უკან დგას პარტიული ისტემბლიშმენტის ნება, რომელსაც არ სურს დაკარგოს გავლენა საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან განათლება არ არის განცალკევებული პოლიტიკური, სოციალური თუ საჯარო სივრცისგან. სწორედ ამიტომ არის ასეთი მტკივნეული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ელიტებისთვის საუნივერსიტეტო სივრცეში გავლენების დაკარგვის საფრთხე და ამიტომ ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური სხეულის საცეცებით, თვითმმართველობის საშუალებით, მის შენარჩუნებას.

კარგი იქნება ისტორიული გამოცდილების, იმ სტუდენტური მოძრაობების მაგალითის მოხმობა, რომლებმაც განათლების სივრცეში ცვლილებასთან ერთად გავლენა იქონიეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე. მაგალითად, 1968 წლის მაისის სტუდენტური პროტესტი, რომლის ძირითადი შთამაგონებელი მარქსისტი მოაზროვნეების [ჰერბერტ მარკუზე, ლუი ალთუსერი, ანრი ლეფევრი და სხვ.] ნაშრომები იყო, შედეგად მოყვა განათლების დემოკრატიზაცია, სტუდენტის სოციალური სტატუსის ამაღლება, სტუდენტებსა და მუშებს შორის ფსიქოლოგიური უფსკრულის ლიკვიდაცია, შარლ დე გოლის გადადგომა და „პიროვნების ძალაუფლების რეჟიმის“ დაცემა. სწორედ ამიტომ, სტუდენტური მოძრაობების [„აუდიტორია #115“, „ავტონომია უნივერსიტეტს“] კონცეტრაცია განათლების საკითხებზე სავსებით ლოგიკურია – მათი ბრძოლა მიბმულია შრომით საკითხებზე და ღიად პოლიტიკური ხასიათი აქვს.

გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რატომაც სურს პოლიტიკურ ელიტას [აგრეთვე ამ ტენდენციების უაპელაციოდ და გაუაზრებლად მიმღებ ადამიანებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ მათ] უნივერსიტეტიდან განდევნოს ისეთი იდეები და თეორიები [როგორიც არის მარქსიზმი – არადოგმატური, არასაბჭოური ფორმით], რომლებიც დღის წესრიგში სვამენ სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის საკითხს, რითაც პირდაპირ დარტყმას აყენებენ იმ სისტემასა და სტატუს-კვოს, რომელიც აკანონებს უთანასწორობას.

„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ 19 თანამშრომელი „ტელეარხი 25“-ის დირექტორს, გია სურმანიძეს ულტიმატუმს უყენებს – წერილში, რომლითაც მათ გია სურმანიძეს ორი დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეს, „მაცნეს“ თანამშრომლები ითხოვენ, დირექციამ არ დააბრუნოს არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

მათი პოზიცია უცვლელია დღესაც, როცა უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ტელეარხი 25-“-ხელმძღვანელობამ სამსახურში უნდა აღადგინოს ყოფილი ჟურნალისტები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ჯაბა ანანიძე, ნინო ხელაძე და აუნაზღაუროს მათ ნაცდური ხელფასი.

„მიგვაჩნია, რომ პირები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ახდენენ ტელევიზიის თანამშრომელთა პროფესიულ დაკნინებას და იმ არხის დისკრედიტაციას, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ არხზე პროფესიულ საქმიანობას არ უნდა დაუბრუნდენ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ მათგან, როგორც სატელევიზიო სიუჟეტებში, ისე პირად საუბრებში, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ვართ უპრინციპოები და მართულები“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 19 ადამიანი აწერს.

13233389_740908189385010_1265773421_nმიმართვაში ასევე ხაზგასმულია, რომ „მაცნეს“ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხელს აწერენ მიმართვას, განსაკუთრებით არ სურთ მაია მერკვილაძის დაბრუნება საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე და ნინო ხელაძის – დღის პროდიუსერისა და წამყვანის პოსტზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და უარს ვიტყვით მოვალეობის შესრულებაზე” – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს არ აწერს „ტელეარხი 25-“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირინა ყურუა.

„სამსახურიდან დათხოვნილი ნებისმიერი ადამიანი და მით უფრო ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეს თავის პოზიციაზე და მე ველოდები ტელეარხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას და მხარეების შეთანხმებას. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს, ჩემი აქ ყოფნა მაია მერკვილაძეს [„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი] არასოდეს უქმნიდა საფრთხეს სამსახურის დაკარგვის. მე კონტრაქტზე დღემდე არ მომიწერია ხელი, იმიტომ რომ ველოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – განაცხადა ირინა ყურუამ „ბათუმელებთან”.

რელიგიათა საბჭომ ბათუმში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა

დღეს, 18 მაისს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, ხუთწევრიანი წარმომადგენლობით, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებსა და მედიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო აჭარაში რელიგიურ უმცირესობათა წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია  რელიგიათა საბჭოს საერთო სურათის აღქმისა და ანალიზისთვის სჭირდება, რათა შესაბამისი რეკომენდაციები გაიცეს.

შეხვედრაზე განიხილეს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის, საჯარო სამსახურებში რელიგიურ უმცირესობათა დასაქმების, სკოლებში სეკულარიზმის დაცვისა და სხვა საკითხები.

რამდენიმე ქუჩა გარეგანათების გარეშე

ქუჩების ნაწილი ბათუმში გარეგანათების გარეშეა. გრიბოედოვის, ლერმონტოვის, თაყაიშვილის და თავდადებულის ქუჩებზე გარეგანათება პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრიწყინვალემდე არეალშია შეზღუდული, ლუკა ასათიანის ქუჩაზე კი, ბაგრატიონიდან – მთის ძირის ქუჩამდე. ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, გარეგანათება მათ უბანში უკვე რამდენიმე კვირაა გამორთულია.

„ამ ქუჩებზე გარეგანათება ერთი კვირის განმავლობაში აღდგება“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.  მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა ამ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაზიანდა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

IMG_0005
ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა

IMG_0001

IMG_0023

უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს ხვალ უყრიან კენჭს

19 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტს უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 846 ათას ლარს შეადგენს. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 93 ათასით მეტი იყო და ის დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებდა – 3400 ლარით.

პირვანდელი ვერსია, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უკვე დააკორექტირა. დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდა აღარ იგეგმება, გარდა ამისა, დაფინანსება მოაკლდათ ფრაქციებს. ამასთან ერთად, თუკი აქამდე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 6 ფრაქციის დაფინანსებას ითვალისწინებდა, ამჯერად დაფინანსება 5 ფრაქციაზეა გათვლილი. ამჟამად უმაღლეს საბჭოში მაქსიმალური ოდენობის – 7 ფრაქცია მუშაობს.

„ოპოზიციის კრიტიკის შედეგად შეიცვალა პროექტი. ჩვენ ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერას ისევ არ ვაპირებთ, თუკი მას არ მოაკლდება ფრაქციების ავტომანქანების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ხარჯები, ეს დაახლოებით 20 ათასს ლარს შეადგენს” – უთხრა „ბათუმელებს“ პეტრე ზამბახიძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ . მისი შეფასებით, ბიუჯეტი არასწორად არის შედგენილი და მორგებულია ერთპიროვნული მმართველობისთვის.

დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა დაკავშირება ანზორ თხილაიშვილთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან. ამავე კომისიის აპარატის ხელმძღვანელის, როლანდ გათენაძის განმარტებით, გამორიცხული არაა, ბიუჯეტის პროექტში ისევ შევიდეს ცვლილებები, ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე გავა.

2016 წელს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი 4 მილიონ 957 ათასს ლარს შეადგენს.

ბათუმში „მშრალი“ მინის ხიდი აიგება

მინის ხიდის აშენება ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე იგეგმება. ხიდი იმ პროექტის ფოტოებზე ჩანს, რომელიც დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ამ უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, რომლის მიხედვითაც ხიდი საბიუჯეტო სახსრებით უნდა გაკეთდეს.

მინის ხიდი გმირთა ხეივნის ერთ მხარეს დააკავშიორებს სასტუმრო კომპლექსს, რომელიც აქ უნდა აშენდეს. 30-სართულიანი კორპუსის აშენებას საფუძველი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩაუყარა. კორპუსს კომპანია “სახლი ხეივანში” აპირებს, სადაც განთავსდება 105 ნომრიანი სასტუმრო, 300 საცხოვრებელი აპარტამენტი, კომერციული ფართები და გასართობი ცენტრები. სასტუმრო კომპლექსი ექსლუატაციაში 2019 წელს უნდა შევიდეს.

xidi
მინის ხიდი და კორპუსი, რომელიც გმირთა ხეივანში უნდა აშენდეს / პროექტი. წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან

„საზოგადოების ბრალი არ არის, რომ მას არავინ ეუბნება სიმართლეს“, – ასე გვიპასუხა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შეკითხვაზე: რა ისწავლა საზოგადოებამ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან, როცა რამდენიმე ადამიანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადა. მისი აზრით, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი იყენებს პროპაგანდისთვის ჰომოფობიური განწყობების გააქტიურებას, რადგან მათ საზოგადოებისთვის სხვა შეთავაზება აღარ აქვთ.

ნათია ფანჯიკიძე: მგონია, რომ ისეთი რამ აღარ განმეორდება, რაც სამი წლის წინ ვნახეთ. 90-იანი წლების შემდეგ ასეთი დაპირისპირება არ მახოვს. შემზარავი სანახავი იყო, როცა რამდენიმე ადამიანს მისდევდა მთელი ჯგუფი. დარწმუნებული ვარ, როცა შემდეგ ტელევიზორში ნახეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში, არც ერთი მათგანი არ დარჩებოდა საკუთარი თავით კმაყოფილი. პირიქით, შეეშინდებოდათ კიდეც საკუთარი აგრესიის და დასვამდნენ კითხვას: რა იყოს ეს? ხმამაღლა თუ არა, შინაგანად მაინც გაუჩნდებოდათ ეს შეკითხვა. უკიდეგანო დაჯახების შემდეგ ვსწავლობთ, რომ ასეთი აგრესია არ უნდა განმეორდეს. მაშინ პროვოკაციას წამოეგო საზოგადოება.

გასული წლის 17 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ერეკლე მეფის საზოგადოებამ“ და ბასილ მკალავიშვილის მრევლმა გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა იმ 13 მოსარჩელის სასარგებლოდ, ვინც შეურაცხყვეს…

ესეც პროვოცირებული მგონია. პროვოცირება ყოველთვის შეიძლება, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იოლად ღიზიანდებიან. ერთია გაღიზიანება და მეორე – სცენა, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ. ნებისმიერი ადამიანი გიპასუხებთ, მათ შორის ისინიც, ვინც ეს აქცია გამართეს, რომ აგრესია არის ცუდი. ვფიქრობ, ამ პროცესში ვისწავლეთ მთავარი, რომ დაპირისპირება არ უნდა გადავიდეს ხოცვა-ჟლეტაში, თორემ ილუზია იმაზე, რომ ბოლომდე ყველა შეთანხმდება რაღაცაზე, არავის აქვს.

რამდენად არსებობს ამ საკითხზე დიალოგის რესურსი?

ტონალობა გვაქვს საერთოდ ძალიან მაღალი. სატელევიზიო გადაცემებიც არ გვაქვს ისეთი, რომელიც ორიენტირებული იქნება ინფორმირების ამაღლებაზე, იმაზე, რომ რეალურად გავიგოთ ადამიანების პიროვნული ტკივილი. ჩვენ ვნახულობთ ერთსა და იმავე ტონალობაში დადგმულ შოუებს. არ ვფიქრობ, რომ მედია რაღაცას ანგარიშს უწევს ამ თემის გაშუქების დროს. უბრალოდ, მედიის დიდ ნაწილს სხვა სტილი აქვს არჩეული, თეატრალიზებული, რომელიც კიდევ უფრო გამაუცხოვებლად მუშაობს ნაცვლად იმისა გაგვაგებინოს, რომ ყველანი ვართ ადამიანები, ყველას გვაქვს სისხლი, ხორცი, გრძნობები.

თითქოს ჩანს, რომ გარკვეულ ნაწილს აშინებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი – რამდენად შეიცვალა საზოგადოების განწყობა?

აშინებს, რადგან ეს პოლიტიკური პროპაგანდის თემაა. ადამიანებს არწმუნებენ, რომ თითქოს ეს საკითხი არის ყველაზე პრობლემური, არადა, მოსახლეობისთვის არ არის ეს პრობლემა. საერთოდ არ იდგა, მაგალითად, დღის წესრიგში ქორწინების შემოღება-არშემოღება, მაგრამ პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს სხვა შესათავაზებელი არაფერი აქვს. ეს არის ინსტინქტური, დემოგრაფიული შიში, რომ აღარ გავმრავლდებით, ყველა „ასეთი“ გახდება, გახშირდება, მოედება ყველას.

ბუნებრივი ინსტინქტიდან წამოსული შიში შესაძლოა გახდეს ძლიერი, იმდენად ძლიერი, რომ შესაძლოა, აგრესიისკენ უბიძგოს ადამიანს. ჩვენთან ამ შიშს კვებავენ, ნაცვლად იმისა, ადამიანებს უთხრან, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება; პირიქით, ეუბნებიან, რომ შთამომავლობა აღარ გვეყოლება. ასე ღვივდება პანიკა თემის ირგვლივ. ჩვეულებრივი, ათასი საქმითა და პრობლემით დაღლილი ადამიანი არც კი ფიქრობს ჰომოფობიურ განწყობებზე. პრეზიდენტმა ახსენა ამ დღეებში, იმიტომ გააქტიურდა ქორწინებაზე რეფერენდუმის თემა, რომ სხვა თემები გადაფარონო. ვფიქრობ, მართებულად აღნიშნა ეს.

რას ახვედრებს საზოგადოება ამ პროპაგანდას? ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვს თუნდაც პოლიტიკოსთა მხრიდან მანიპულაციას?

ჩემი აზრით, რეალობაში ადამიანები საღად გრძნობენ ამ თემას. ფუნდამენტური პრინციპის _ ყველა თანასწორი ვართ და ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს – გააზრების პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, მეჩვენება, რომ არ გვაქვს. სამწუხაროა, სახელმწიფოს მიდგომა არ შეიცვალა და არც სამართლებრივი სტრუქტურა შეცვლილა იმ კუთხით, რომ ვინც აგრესიას ავლენს, ადეკვატურად დაისაჯოს.

დომინანტი ეკლესიის მიდგომა რამდენად შეიცვალა? – 17 მაისის მოვლენების აგრესიული სასულიერო პირები არ დასჯილან.

ეკლესია არ არის ერთგვაროვანი. ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებიც მართლა სიყვარულით არიან სავსე… ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თავად თემისგან წამოვიდეს მნიშვნელოვანი გზავნილები აგრესიის გარეშე და შედგეს დიალოგი. ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა. ლგბტ თემის წარმომადგენლებისთვისაც მითქვამს, რომ მათი მოსაზრებები ხშირად ასევე აგრესიული ფორმითაა გამოხატული. მესმის, რომ მათ აქვთ თავდაცვითი პოზიცია, მაგრამ არ უნდა ჩანდეს გაბრაზება. თემში არ მოვიაზრებ მხოლოდ ლგბტ პირებს. აქ არის მათი გარემოცვა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ასე შემდეგ. მათ ყველაზე უკეთ იციან ამ პრობლემის არსი. ამ თემმა უნდა ილაპარაკოს, პირველ რიგში და შედგეს კომუნიკაცია.

თავად ლგბტ თემის წევრებისთვის რა შეიცვალა, თქვენი დაკვირვებით?

ხშირად მყავს ამ თემიდან პაციენტები. ისევ მოდიან მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სექსუალური ორიენტაციის განკურნება შეიძლება. ზოგიერთი მშობელი ტრავმირებულიც კი არის, მიიჩნევს, რომ სათანადოდ ვერ აღზარდა შვილი, რაღაც გამოეპარა. ინდივიდუალურია ეს შემთხვევები და ტენდენციაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მოდიან თავად ლგბტ თემის წევრებიც, ვინც პრობლემად აღიქვამს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას. ეს ყველაფერი დროში უნდა გადაიხარშოს. მე ერთს ვხედავ – ინფორმაციის მიწოდების, გააზრების შემდეგ ბევრი მშობელი იჯერებს, რომ ეს არ არის ავადმყოფობა და შეუძლია ძალიან ბედნიერიც იყოს.

ინტერვიუ ჩაწერილია გაზეთ „ბათუმელების“ ბეჭდური ვერსიისთვის, 10 მაისს.

დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძე „ქართული ოცნების“ 8 ხმას მიიღებს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია „რესპუბლიკელ„ გიორგი მასალკინს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითი იქნება, რაც ჯამში 9 წევრის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ციფრი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემამდე (11 ხმა) შეიძლება მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ გაზარდონ. დავით ქარცივაძე ასარჩევად არჩილ ხაბაძემ გასულ კვირას წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო დავით, თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მაღალი რანგის საარჩევნო მოხელე იყავით. ახლა სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ თქვენი არჩევის წინააღმდეგი. რატომ?

ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 2010 წლამდე: ადრე საარჩევნო ადმინისტრაციაში რომ გემუშავა მოხელედ, ხელისუფლების თანხმობა უნდა გქონოდა. მე, პირადად, 2010 წელს სამსახურიდან გამიშვეს … ვერსად დავიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა უდიდესი გამოცდილება – ვერც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკოდან და ვერც პარტიიდან.

არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ახლა ამბობს, რომ ცესკომ პოლიტიკური ნიშნით შეარჩია საოლქო კომისიების წევრები. ისინი თავის დროზეც პოლიტიკური პარტიებიდან იყვნენ წარდგენილები საოლქო-საარჩევნო თუ საუბნო კომისიებში. როდესაც პირი ინიშნება საარჩევნო კომისიის წევრად, ის ემორჩილება საარჩევნო ადმინისტრაციას და არანაირი პოლიტიკური აქტივობის ან აგიტაციის უფლება არ აქვს. ასეთი ქმედება ჯარიმას – 2000 ლარს ითვალისწინებს.

ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ პარტიის მიერ კომისიაში წარდგენილი პირი პარტიასთან ანგარიშვალდებულებას დაივიწყებს?

არავისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრილია. აქცენტი კომპეტენციაზე კეთდება.

დავით კვაჭაძის ორჯერ წარდგენის გადაწყვეტილება კომპეტენციამ განაპირობა და არა სხვა მიზეზმა?

დავით კვაჭაძე უძლიერესი სპეციალისტია, როგორც საარჩევნო მოხელე – ვყოფილვარ მის ტრენინგზე. ხელისუფლების მოწონებულ კანდიდატს დავარქმევდი საკუთარ თავს, რადგან არჩილ ხაბაძემ წარმადგინა, მაგრამ, რადგან უმაღლეს საბჭოში არ არის უმრავლესობა, შეიძლება არც ამირჩიონ. ვერ გავაიგივებ „ქართულ ოცნებასა“ და კოალიციას ერთმანეთთან – პარტიები დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. შეიძლება „რესპუბლიკელებმა“ არც დამიჭირონ მხარი, ან კონსერვატორებმა. წინასწარი საუბარი გვქონდა, მაგრამ არ ვიყავი მაშინ კანდიდატი და ჩემს გეგმებზე ვერ ვისაუბრებდი. შესაბამისად, არც მათი განწყობები ვიცი…

მე საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვიყავი. კოორდინაციას ვუწევდი პარტიული ნიშნით დანიშნულ ყველა საარჩევნო მოხელის მუშაობას. ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის კოალიციიდან გასული (რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ფორუმი, მრეწველები) თუ ყოფილი კომისიის წევრები – ეს დაახლოებით 505 ადამიანია, ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე პოლიტიკური ნიშნით, საარჩევნო კანონით აკრძალული რაიმე ჩამედინოს.. მე ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალისტი და კარგად ვიცი საარჩევნო კოდექსი, სადაც წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ არის დამნიშვნელი სუბიექტის წინაშე ვალდებული.

მაგრამ ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ეს არ არის თქვენი საწინააღმდეგო არგუმენტი. თქვენ მუშაობდით „ქართული ოცნების“ შტაბშიც, როგორც აქტივისტი.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კომისიის წევრობა, ქუჩიდან? შერჩევამდე შტაბში მუშაობაზეა საუბარი.

მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მიზეზი ჰქონდეთ თქვენ წინააღმდეგ, რაც დავით კვაჭაძის მიმართ ჰქონდათ?

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, საკონკურსო კომისიაც არ გაიტანდა მთავრობის თავმჯდომარესთან ჩემს კანდიდატურას. არ ვიცი, რატომ. დარწმუნებული ვარ, მათთან შეხვედრა შედეგს გამოიღებს, თუ უკვე ჩამოყალიბებული არ აქვთ აზრი, რომ მხარს არ დამიჭერენ.

თქვენ ობიექტურობაზე საუბრობთ. გახსოვთ, ალბათ, ოპოზიციური ფრაქციებიც ითხოვდნენ ობიექტურობას – ნეიტრალური პირი წარმოადგინოსო ხაბაძემ. თუ გადავხედავთ თქვენს კონკურენტებს, ფიქრობთ, რომ ობიექტურად შეგარჩიეს?

გია ქარცივაძე არ შეარჩიეს. მე ვიცნობ გია ქარცივაძეს, ბრწყინვალე იურისტია. მახსოვს მისი განცხადებები, როცა საიას წარმოადგენდა. მისი შრომითი ბიოგრაფია არ წამიკითხავს და არ ვიცი, რა საარჩევნო გამოცდილება აქვს. ეჭვი არ მეპარება არჩილ ხაბაძის კომპეტენციაში. მაშინ, როცა კომისიის მიერ ვიყავი არჩეული, ორჯერ არ წარადგინა ჩემი კანდიდატურა – გადააგზავნა ჩემზე კომპეტენტური…

უსკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი გაიწელა. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისს იწყება. კოდექსის თანახმად, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია, კონკურსის გამოცხადება აღარ შეიძლება, გამოცხადებული უნდა დამთავრდეს.

მოვალეობის შემსრულებელს იმხელა ლეგიტიმაცია არა აქვს, როგორც არჩეულ თავმჯდომარეს [თუ უსკოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, არჩევნებს მოვალეობის შემსრულებელი ჩაატარებს]. სადღაც 365 საარჩევნო უბანია აჭარაში. თუ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, არჩევნების შედეგების დათვლას უხელმძღვანელებს ორი მოვალეობის შემსრულებელი – თავმჯდომარე და მდივანი. ეს ბევრ კითხვას გააჩენს. ამიტომ ვფიქრობ, უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პასუხისმგებლობა ყველას აქვს.

რას შეცვლით უსკოს მუშაობაში, თუ გახდებით თავმჯდომარე?

სიმღერა რომ არის აქეთ-გორას ძვრას ვუზამ – ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. უსკო არჩევნებს ატარებს. ვფიქრობ, უსკოს ფუნქციები დაკნინებულია. არადა, მაღალი ხელფასებია და საქმე არ კეთდება. შეეძლოთ ემუშავათ ცნობიერების ამაღლებაზე არჩევნებთან დაკავშირებით, სემინარები ჩაეტარებინათ, კადრები გადაემზადებინათ.

ჩემი პრივილეგია არის ის, რომ ოთხ ოლქში მაქვს ნამუშევარი – 2012 წელს ცესკოს წარმომადგენელი ვიყავი და შემეძლო ნებისმიერ ოლქში შევსულიყავი, მაგრამ ხულო ავირჩიე, რადგან გაყალბებასა და დარღვევებზე პერიფერიებიდან მოდიოდა ინფორმაცია.

უსკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრა ხვალ გაიმართება

უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით, 19 მაისს უმაღლესი საარჩენო კომისიის თავმჯდომარის და წევრის კენჭისყრა გაიმართება. უსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძეა, წევრობის – მამუკა ჯაში, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრის – ირაკლი ჯაშის შვილია.

„დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ამიტომ მე ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დავუჭირე.” – უთხრა “ბათუმელებს” თემურ კახიძემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

“ბიუროს ამ გადაწყვეტილებით დაირღვა კანონი, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი კანდიდატურა. ერთი წევრისთვის კენჭისყრის უფლება უმაღლეს საბჭოს არ აქვს. ამით დასტურდება ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი” – ამბობს უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”

ამ ფრაქციამ, ასევე ფრაქციებმა “თანასწორობამ” და “მაჟორიტარებმა” 12 მაისს საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვეს, რომ არ დაუჭერენ მხარს დეპუტატის შვილს, ასევე დავით ქარცივაძეს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” წევრია.

ბიუროს სხდომაზე უსკო-ს საკითხის კენჭისყრაზე გატანას მხარი არ დაუჭირა: “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ასევე თემურ კახიძემ “თავისუფალი დემოკრატებიდან”. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ამ ფრაქციის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. საკითხის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა „რესპუბლიკელმა“ გიორგი მასალკინმა.

17 მაისს, უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი ჯაშმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა არჩევნები ჩაატაროს უსკოს დღევანდელმა შემადგენლობამ.

„ქართულ ოცნებას“ 21-კაციან უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ ჰყავს. ორი დღის წინ დავით ბაციკაძემაც დაწერა განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარიდან“ გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე დღეს განცხადება უკან გაიტანა.

მუშებს საწარმოში არ უშვებენ – საპროტესტო აქცია ავეჯის საწარმოსთან

ავეჯის საწარმოს “მაქროს” 70-მდე თანამშრომელი ამ დრომდე საპროტესტო აქციას მართავს და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს. მათ საწარმოს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ. სამსახურიდან დათხოვნილი მუშები ამბობენ, რომ ისინი გუშინ გაათავისუფლეს, როცა პროტესტი გამოთქვეს კვების ხარისხთან დაკავშირებით.

„უკვე სამი წელია ამ საწარმოში ვმუშაობ, დღეში 12 საათი. ბოლო დროს ძალიან გააფუჭეს კვება და ეს გავაპროტესტეთ გუშინ, საჭმელი აღარ ვარგოდა. უცებ მოვიდა ხელმძღვანელი და გვითხრა, ვისაც არ მოგწონთ, დატოვეთ შენობაო. გვითხრეს, ხვალ დილით დაგელაპარაკებითო. დღეს დილით ჭიშკარი ჩაკეტილი დაგვხვდა, აღარ გვიშვებენ” – ამბობს “ბათუმელებთან” საწარმოს თანამშრომელი, გიორგი მიქელაძე.

“საწარმო ამ ადამიანებმა თავისი სურვილით დატოვეს. ამას ადასტურებს ვიდეოკამერის ჩანაწერები და მოწმეები. ამ პროტესტით საწარმოს ძალიან დიდი ზიანი მიადგა” – ამბობს “ბათუმელებთან” შპს “მაქროს” მთავარი კოორდინატორი, სოფო ვარშანიძე. მისი განმარტებით, დასაქმებულების კვებით უზრუნველყოფა დამსაქმებლის კეთილი ნებაა და ეს არაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა. “გათავისუფლდნენ თუ არა მუშები სამსახურიდან, ვინც პროტესტი გამოხატა?” – “ამ შეკითხვაზე სოფო ვარშანიძემ გვითხრა, რომ პასუხს კომპანიის იურისტი დღის განმავლობაში გაგვცემს. მისი თქმით, იურისტი ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს ესწრება.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულებს ასევე არ აქვთ უფლება ისარგებლონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით და სამსახური საღამოს 6 საათზე დატოვონ: “ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იხდიან, მაგრამ უფლება არ გვაქვს არჩევანის, ძირითადად დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე ვმუშაობთ. ამას გარდა, ტუალეტშიც კი ვიდეო კამერები დაგვიყენეს. ამ ყველაფერზე გვინდოდა ხელმძღვანელებთან გვესაუბრა, მაგრამ არავინ გამოდის კონტაქტზე.“

საწარმოს წარმომადგენლის, სოფო ვარშანიძის ინფორმაციით, ვიდეოკამერა მხოლოდ საპირფარეშოს შესასვლელში, პირსაბანთანაა დამონტაჟებული და არა უშუალოდ კაბინაში: “ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, როცა მუშების ნაწილი დიდ დროს ატარებდა ტუალეტთან, იქ ეწეოდა და სამუშაო დრო იხარჯებოდა. რაც შეეხება ზეგანაკვეთურ შრომას, თითოეული საათი აღირიცხება და ყველა მუშაობს მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში.”

საწარმო “მაქრო” ბათუმში, კახაბრის #48-ში სამი წლის წინ ამოქმედდა. საწარმო თურქული ინვესტიციით გაიხსნა და იქ 200-მდე ადამიანია დასაქმებული. საწარმოში დასაქმებულებს დღემდე არ აქვთ შექმნილი პროფესიული კავშირი.

13235678_1029849437062769_3087129893686668112_o

 

Welcome to Batumi – ედო მჟავანაძის ფოტორეპორტაჟი

13214430_10205589478370279_2083709650_o
ფოტო: ედო მჟავანაძე
1 (12)
ფოტო: ედო მჟავანაძე
1 (13)
ფოტო: ედო მჟავანაძე
1 (9)
ფოტო: ედო მჟავანაძე
1 (8)
ფოტო: ედო მჟავანაძე

საარსებო მინიმუმი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 161 ლარით და 20 თეთრით განისაზღვრა, რაც 70 თეთრით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი, მიმდინარე წლის აპრილში, 142 ლარით და 80 თეთრით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 60 თეთრით მეტია.

საარსებო მინიმუმი საქართველოში საქსტატის მონაცემებით:

saarsebo minimumi

„2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.“ – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემებით, 2004 წლის აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 80,2 ლარი იყო.

ბოლივუდი საქართველოში მეორე ფილმს გადაიღებს

ინდური პროდაქშენი – „Abbass Mustan“ – აბაას და მუსტან ბარმავალების რეჟისორობით საქართველოში თრილერის, სახელწოდებით „მაშინ“ გადაღებას გეგმავს. პროდაქშენის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფებიან და არჩევენ ადგილებს ფილმის ეპიზოდებისთვის.

„Abbass Musta“-ს წარმომადგენელი დარისპან პრაშელი ამბობს, რომ ფილმში მონაწილეობას მხოლოდ ინდოელი მსახეობები მიიღებენ და სრულ ფილმს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის აჭარაში გადაიღებენ.

„ფილმის გადასაღებად ივნისში ინდოეთიდან 100 ადამიანი ჩამოვა, ერთ-ერთი ეპიზოდი ქედაში ძველ ხიდზე უნდა გადავიღოთ, ადგილები შერჩეული კი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ დეტალებს, ფილმის გადაღებაში ტექნიკურად ქართველები დაგვეხმარებიან“, – ამბობს დარისპანი ფილმის ბიუჯეტი მილიონი 300 000 დოლარია.

დეპუტატ დავით ბაციკაძესთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი

უმაღლესი საბჭოს წევრის, მედეა ვასაძის განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატმა მას არ მიაწოდა ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ის შეძლებდა დაედასტურებინა, რომ დეპუტატ დავით ბაციკაძესა და უსკოს წევრობის კანდიდატ მამუკა ჯაშს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ნამდვილად ჰქონდა ადგილი [მამუკა ჯაში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილია]. „მიპასუხეს, რომ უნდა მივმართო დაცვის სამსახურს. მე გავამზადე წერილი დაცვის სამსახურის სახელზე და ახლა მათგან ველოდები პასუხს“, – ამბობს მედეა ვასაძე.

გუშინ ინციდენტის შემდეგ ინფორმაცია მხოლოდ მედეა ვასაძემ დაადასტურა, მომხდარის შესახებ მამუკა ჯაშმაც უარყო და დავით ბაციკაძემაც. თუმცა, დავით ბაციკაძე არ უარყოფს ინფორმაციას, რომ გუშინ დაწერა განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება-აჭარიდან“ გასვლასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე დღეს დილითვე ის უკან გაიტანა. ამ ფრაქციას ირაკლი ჯაში ხელმძღვანელობს და ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ირაკლი ჯაში რიგით წევრად დარჩებოდა უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, დაკარგავდა თანამდებობის პირის პრივილეგიებს, რაც მაღალ ხელფასს, ავტომობილის მომსახურებას და სხვა სიკეთეებს გულისხმობს.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ირაკლი ჯაშმა არც უარყო და არც დაადასტურა. „მე ბათუმელი კაცი ვარ, რომც მომხდარიყო არ გეტყოდით“, – ამბობს ირაკლი ჯაში.

დღესვე გახდა ცნობილი ისიც, რომ კანდიდატურა მოხსნა უსკოს წევრად წარდგენილმა ირაკლი გვარამიამ. ის დავით ბაციკაძის პარტიის – „კონსერვატორების“ წევრია და მისი მხარდაჭერით სარგებლობდა. მისივე განმარტებით, წინასწარი კონსულტაციებით გაირკვა, რომ გვარამია ვერ შეძლებდა 11 ხმის მოგროვებას [ასარჩევად ამდენი ხმაა საჭირო], რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობამ აზრი დაკარგა.

გვარამიას გადაწყვეტილების შემდეგ უსკოს წევრის კონკურსის ლეგიტიმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეჭვქვეშ ისევ დააყენა.

რაც შეეხება დავით ბაციკაძის გადაწყვეტილებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, ის განმარტავს, რომ აპირებდა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფლებაში“ გადასვლას მერაბ აბაშიძის ნაცვლად, ხოლო მერაბ აბაშიძე მის ადგილს დაიკავებდა. „მაგრამ ახლა მერაბ აბაშიძე გაბრაზდა და უარზეა“,- განმარტა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“.

მთავრობას ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშეკრულება არ შეუწყვეტია

კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს, ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე არჩილ ხაბაძემ განცხადება 12 აპრილს გააკეთა. ხელშეკრულება ამ დრომდე ძალაში რჩება.

„ვთქვი, რომ ჩვენი მოქმედება იქნებოდა აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოებში. გვქონდა ორი ვარიანტი. ერთი, ეს იყო მორიგების გზით ხელშეკრულების გაწყვეტა, მეორე იყო ის, რომ მიგვეყვანა ბოლომდე ხელშეკრულება და შემადეგ დაგვეწყო შემოწმება – ინვენტარიზაცია. საინიციატივო ჯგუფმა აირჩია პირველი და უნდა გაწყვეტილიყო ხელშეკრულება, მაგრამ კომპანია ამაზე არ მოდის. სამართლებრივ ჩარჩოებში მოხვედრა გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ შევედავებით, ისინი გვიჩივლებენ სასამართლოში და ჩვენ ვიდავებთ. გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, სასამართლო მიიღებს იმ თანხებთან დაკავშირებითაც, რომლებიც დარჩენილი გვაქვს. გავყვებით ამ პროცესებს ბოლომდე.“- განმარტა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“.

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“, 2016 წლის 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებდა მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერსახის დამახინჯებას გამოიწვევდა.

არჩილ ხაბაძემ განმარტება “დრიმ ოაზისთან” ხელშეკრულების შეწყვეტაზე სწორედ საინიციატივო ჯგუფ – „დაიცავი ძველი ბულვარის“ მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.

„გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების გზებზე. იყო საუბარი, თუ რამდენად შეიძლებოდა სამართლებრივ ფარგლებში ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო ან შეწყვეტილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამართლებრივ ჩარჩოებში შესაძლებელია ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ პროცედურებისა და მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება მოთხოვნას ბულვარის კონსერვაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბულვარის კონსერვაცია ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ამაზე მუშაობის დაწყება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანია დავითანხმეთ ხელშეკრულების ორმხრივ შეწყვეტაზე. თუმცა ჩვენ ავანაზღაურებთ იმ სამუშაო ღირებულებას, რაც უკვე შეასრულა „დრიმ ოაზისმა“. სიტყვიერად შევთანხმდით, თუმცა უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით“- განაცხადა მაშინ არჩილ ხაბაძემ.

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და   კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის „დრიმლენდ ოაზისის“ მმართველი კომპანია კი იყო შპს „საქტურკურორტი“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ფუნქციონირებას აგრძელებს ახალი იურიდიული სახელით  – შპს „დრიმლენდ ოაზისი“.

სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

დღეს, 17 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების: ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის, ჯაბა ანანიძისა და ნინო ხელაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სარჩელით ჟურნალისტების სამსახურში აღდგენას და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, „ტელეარხი 25“-ის ადმინისტრაციას დაევალა როგორც არხიდან დათხოვნილი ჟურნალისტების სამსახურში დაბრუნება, ისე განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება. ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების დროს აღნიშნა, რომ მხარემ [„ტელეარხი 25“] ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის კანონიერებას, მათ შორის იმასთან დაკავშირებითაც, რომ არხიდან გაშვებული თანამშრომლები ქმნიდნენ კონფლიქტურ სიტუაციას, რაც სარედაქციო საქმიანობას აფერხებდა.

„ტელეარხ 25“-ის დირექტორმა, გია სურმანიძემ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის თანახმა იყო ყოფილი თანამშრომლებისთვის განაცდური თანხა აენაზღაურებინა, ოღონდ არ სურდა მათი უკან დაბრუნება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს ჯაბა ანანიძე, რომელიც ამ დროისთვის „გაზეთ ბათუმელების“ თანამშრომელია. დანარჩენი ჟურნალისტების თქმით, ამ საკითხზე საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ჩამოყალიბდებიან.

„ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა.

როდის აამოქმედებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამას

იმ სამი მილიონი ლარიდან, რაც მთავრობამ ბიუჯეტში ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროგრამისთვის გაითვალისწინა, ამ დრომდე ლარიც არ დაუხარჯავთ. ეს ერთადერთი პროგრამაა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოცდაერთი პროგრამიდან, რომელიც ამ დრომდე არ აუმოქმედებიათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, 2016 წლის პირველი კვარტალი მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა იმ სამართლებრივი ბაზის მოსამზადებლად, რაც სჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას.

„მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მოვიპოვეთ უფლება წვდომა გვქონოდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთიან ბაზასთან, სადაც ჩვენი ბენეფიციარები არიან რეგისტრირებულნი. ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა გასულ კვირას. განვიხილეთ პირველი სამოცდაათი ბენეფიციარი, რომელიც რეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში. განხილული საკითხები და მასალები დასაზუსტებლად გადაეგზავნება მუნიციპალიტეტებს, იქიდან მასალების მიღების შემდეგ ჩვენ უკვე გავცემთ ნებართვებს და ისინი მოიძიებენ საცხოვრებლებს, რომელთა შეძენაც უნდათ. შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ექსპერტიზას სამხარაულის მიერ. ესპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საცხოვრებელი სახლების შეძენის თაობაზე.“ – განაცხადა მინისტრმა.

დღესვე მთავრობის სხდომაზე შექმნეს შერეული სამთავრობო კომისია , რომელიც განიხილავს ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების საკითხებს.

მთავრობის დადგენილებით ეკომიგრანტი ოჯახები გაიყო ორ ჯგუფად – ოჯახები რომლებიც საჭიროებენ განსახლებას, ვინაიდან მათი საცხოვრებელი ტერიტორია გამოუსადეგარია საცხოვრებლად და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელ ადგილზე შესაძლებელია ახალი სახლის მშენებლობა, ან სახლს, რომელშიც ბენეფიციარი ცხოვრობს, აღდგენითი სამუშაოები ესაჭიროება.

დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს პირველი კვარტალის მუშაობის ანგარიშიც მოისმინეს. მინისტრის ინფორმაციით, პროგრამები 96 პროცენტით შესრულდა, თუმცა,  სოციალური პროგრამების ყველა ვალდებულება შესრულებულია.

მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში

დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ წელს, ბათუმის ძველ ბულვარში განთავსდება ახალი სასწრაფო ამბულატორია, რომელიც გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ქალაქის დამსვენებლებს.

თანამედროვე ტიპის ამბულატორია სულ ორია საქართველოში და ერთ-ერთ მათგანს ბათუმის ბულვარში განათავსებენ.
13234869_1379629355396526_67311942_o

აჭარის მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა

აჭარის მთავრობამ 2016-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიის სახელმძღვანელო დაამტკიცა. მთავრობის სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ განმარტა, რომ დოკუმენტი არ გულისხმობს მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებების განვითარებას და ის ყველა სფეროს მოიცავს.

ზაურ ფუტკარაძის თქმით, სტრატეგია სოფლის ქალაქთან დაახლოებას ისახვს მიზნად, რაც სერვისების ხელმისაწვდომობას გულსხმობს.

მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მინისტრს დაავალა მოაწყოს ამ დოკუმენტის საჯარო განხილვა და შენიშვნები გაითვალისწინოს. დღესვე, ზაურ ფუტკარაძემ სხდომაზე, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მის თქმით, ბიუჯეტი 92%-ით შესრულდა. შეფერხება კი მრავალწლიანი მცენარეების შესყიდვამ გამოიწვია.

არჩილ ხაბაძე ნივრის მოყვანის საცდელი პროგრამით დაინტერესდა. მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტროს საცდელად ნივრის შვიდი ნაკვეთი აქვს, სადაც კარგი მდგომარეობაა. სამინისტრო სამომავლდ გეგმავს ნივრის მოყვნას მაჭახლის ხეობისა და ქობულეთის სოფლებში. მომავალ წელს სამინისტრო ასევე გეგმავს შეიძინოს კაკლის ნერგი სპეციალური კონტეინერებით, რომ ნებისმიერ სეზონზე იყოს მისი მიღება და დარგვა შესაძლებელი. მინისტრის თქმით გასულ წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 7,5 მილიონი ლარით გაიზარდა.

ლედ ეკრანს 260 ათას ლარად ბათუმის კულტურის ცენტრი შეისყიდის

„ბათუმის კულტურის ცენტრი“ ლედ ეკრანს მაქსიმუმ 260 ათას ლარად შეისყიდის. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. ეკრანი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთან:

ეკრანი უნდა იყოს გარე გამოყენების;
ეკრანი უნდა დამონტაჟდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე;
მიწოდებული საქონელის ინსტალაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინერის მიერ;
ეკრანი უნდა დამონტაჟდეს გრუნტზე, რისთვისაც უნდა მოეწყოს სპეციალური მეტალის კონსტრუქცია;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის სამაგრი კონსტრუქციის გადაადგილება და დაყოფა ორ დამოუკიდებელ ნაწილად;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის დანაწილება ორ სრუფასოვან დამოუკიდებელ ეკრანად;
შესაძლებელი უნდა იყოს ეკრანის მონტაჟი – დემონტაჟი განხორციელდეს ამწე-მანქანის დახმარების გარეშე.
ეკრანების კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს ვიდეო ფაილების გამშვები მოწყობილობა;
მიმწოდებელი ვალდებულია ჩაატაროს სწავლება ეკრანის მონტაჟზე და ექსპლუატაციაზე შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პირისთვის.

ეკრანის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 კალენდარულ დღეში; მიწოდების ადგილი: ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ბათუმი, ზღვისპირა პარკის ტერიტორია, საზაფხულო თეატრის შენობა.

ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო ჯდებოდა.

ვიდრე საკრებულო საკითხს კენჭს უყრიდა, ინიციატივა განიხილა და მოიწონა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიამ. კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ კომისიას ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა ურჩია, სხვა, უფრო ძვირადღირებული ეკრანის შეძენა.

შესასყიდი ეკრანის ტექნიკურ მახასიათებლები:

1e2e

რესტორანი „პელიონი” ჰილტონ-ბათუმში – ქართული სამზარეულო ევროპული აქცენტით

თუ ქართული სამზარეულო გიყვართ და ახალი გემოს აღმოჩენაც მოგწონთ, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის” პირველ სართულზე მდებარე რესტორანი „პელიონი” ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

სასტუმრო „ჰილტონ-ბათუმის” ჰოლში მდებარე რესტორან „პელიონს” მყუდრო, დახვეწილი ინტერიერითაც გამოარჩევთ. მაგიდასთან მოკალათების შემდეგ მენიუს გადაშლით თუ არა, ყველა ნაცნობ და საყვარელ ქართულ კერძს იპოვით, თუმცა „პელიონს” სხვა ქართული რესტორნებისგან ბევრი რამ განასხვავებს, პირველ რიგში – მომზადების ტექნოლოგია, ხარისხი და ახალი ინგრედიენტები. ფაქტობრივად, „პელიონი” ახალ სიცოცხლეს სძენს ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა: აჭარული ხაჭაპური, მწვადი, ქაბაბი თუ ხინკალი.

„პელიონის” შეფ-მზარეულის მოადგილე 25 წლის დავით პოღოსიანია. კითხვაზე, რა არის „პელიონის” უპირატესობა, იგი ასე პასუხობს:
„ეს არის ქართული ტრადიციული სამზარეულო, მაგრამ ბევრად უფრო დახვეწილი, უფრო გამოკვეთილი გემოთი. ვიყენებთ მომზადების ევროპულ ტექნოლოგიას, ვამზადებთ უფრო დაბალ გრადუსზე, ისე, რომ კერძები გამოვიდეს უფრო ნაზი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე ხორცი ცოტა უხეშია, ამიტომაც შევეცადეთ გაგვეუმჯობესებინა ხარისხი და ჩვენთან მომზადებული ხორცი დნება პირში.

2„ჰილტონ-ბათუმის” აჭარულ ხაჭაპურში ვიყენებთ მოცარელას და პარმეზანის ყველსაც, კვერცხის მაგივრად ვაცხობთ ბეკონითაც. ასეთი ნიუანსები ძალიან უხდება ქართულ სამზრეულოს. რაც შეეხება ხინკალს, ეს არის ტრადიციული ხინკალი, მაგრამ ცომს ვაბრტყელებთ და ხინკალს ვახვევთ მაშინ, როცა სტუმარი შეუკვეთავს. ყველაფერს ვამზადებთ ისე, რომ იყოს რაც შეიძლება ახალი. ჩვენთან სტუმრის თვალწინ ცხვება შოთიც, რომელსაც ცხელ-ცხელს მოგართმევენ მაგიდაზე.”

დავით პოღოსიანს სიახლეების სიყვარულის გამო „ჰილტონში” ექსპერიმენტატორსაც ეძახიან. მისი ყველაზე ცნობილი კულინარიული ექსპერიმენტი ჭაჭას უკავშირდება.

„ჭაჭას აქვს არაჩვეულებრივი გემური თვისებები. „პელიონში” გვაქვს კერძი, რომელსაც ჰქვია „ჭაჭაშული”. ეს არის კარგად ნაცნობი „ჩაშუშული~ ცოტა ევროპული კონცეფციით, რომლის მომზადებისას გამოვიყენეთ ჭაჭა. კერძის დაგემოვნებისას იგრძნობა ჭაჭისა და „ჩაშუშულის” ცხარე გემოც. არაჩვეულებრივი კერძია, სრულიად განსხვავებული და ამავე დროს ნაცნობი,” – ამბობს დავითი.

დავით პოღოსიანი
დავით პოღოსიანი

დავითი 15 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ კულინარია არის ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, ამიტომ პროფესიის არჩევაზე დიდხანს არ უფიქრია: „მივხვდი, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მივიღებდი იმ განათლებას, რაც მე მჭირდებოდა და ტყუილად დავხარჯავდი დროს. ერთი წელი ვმუშაობდი ანაზღაურების გარეშე, დღეში 18-19 საათი, მაგრამ ისე მომწონდა ეს საქმე, რომ არც გრაფიკს ვაქცევდი ყურადღებას და არც იმას, რომ ანაზღაურების გარეშე მიწევდა მუშაობა. მერე აღმოვაჩინე პროფესიული სასწავლებელი თბილისში, სადაც ორი წელი ვსწავლობდი ისეთ ცნობილ მზარეულებთან, როგორებიც არიან ესპანელი მანუელ ფაუნდეს ბარანდა და ბერძენი შეფ-მზარეული მარკო კორინთი. კოლეჯის დასრულების შემდეგ ვმუშაობდი რამდენიმე ცნობილ სასტუმროში თბილისში. შემდეგ წავედი აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში ვმუშაობდი. ძალიან რთული იყო იქ მუშაობა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გამოცდილება დამეხმარებოდა შემდგომში,” – იხსენებს დავითი.

აბუ-დაბის შემდეგ იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და წელიწად-ნახევარი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ მდებარე სასტუმროში მუშაობდა, რომლის რესტორნის მენიუ ცნობილია, როგორც კულინარიაში ყველაზე პრესტიჟული წოდების – „მიშლენის” სამი ვარსკვლავის მფლობელი.

ახლა დავითი „ჰილტონ-ბათუმში” მუშაობს და ამბობს, რომ ამაყობს ამ სასტუმროს რესტორნებით: „ვიცი, რომ აქ ჩემი ხელი ურევია და ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობაა. საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება დამეხმარა და ახლა ვცდილობ ეს გამოცდილება გადავცე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მუშაობენ”.

45a329c5-f5e0-40bf-a306-4a625e346d31დავითის მუშაობის სტილი სხვა ქართული რესტორნების შეფ-მზარეულებისგანაც განსხვავებულია. მას ხშირად ნახავთ „პელიონში” სტუმრებთან მოსაუბრეს, აინტერესებს, რა მოსწონთ სტუმრებს და მათ შეკითხვებსაც პასუხობს ამა თუ იმ კერძის მომზადების ნიუანსების შესახებ.
კითხვაზე, მისი აზრით, რომელი კერძია განსაკუთრებული „პელიონში”, ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაუჭირდება:

„ყოველი კერძი არის რაღაცით განსაკუთრებული. მაგალითად, ღორის ნეკნების მარინადი არის უნიკალური, უგემრიელესი, მოტკბო და ცხარე გემოს ასეთ შერწყმას სხვაგან ვერსად ნახავთ. სტუმრებს ძალიან მოსწონთ „პელიონის” გრილის თეფში, რომელშიც შედის მწვადი, სხვადასხვა სახის სოსისი და ხორცეული. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩემ მიერ მომზადებული საჭმელი ამბობს ყველაფერს ჩემ მაგივრად.”

„პელიონი”, „ჰილტონ-ბათუმში” ახლა, საღამოს ხუთიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს. მაისში რესტორანს განსაკუთრებული შეთავაზება აქვს – მთელი თვის მანძილზე შეგიძლიათ 18-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.

„პელიონი“ – კარგი ხედი რესტორნიდან, ხელმისაწვდომი ფასები, საქსაფონისა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება და მენიუ, რომელიც მრავალ კულინარიულ თავგადასავალს გპირდებათ. თქვენ რას შეარჩევთ?

რესტორანი "პელიონი"
რესტორანი “პელიონი”

გამომცემლობების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

არსებითი განხილვა გამომცემლობების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 17 მაისს გაიმართა. მოქალაქე ირინა რუხაძე და გამომცემლობები: „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ლოგოს პრესი“ მოითხოვენ არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს საქმეს, თუკი განხილვის მომენტისთვის სადავო სამართლებრივი აქტი გაუქმებულია, ან ძალადაკარგულად არის მიჩნეული.

ამ გამომცემლობებს, მათი განცხადებით, ზიანი 2013 წელს მიადგათ, როცა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო. მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მათ ვალდებულება დაეკისრათ, გადაეცათ საავტორო უფლებები განათლების სამინისტროსთვის სკოლის სახელმძღვანელოების გამოსაცემად.

„ზიანის მიყენების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე სიტყვა შეცვალა ამ ბრძანებაში და ის უკვე ჩაითვალა ახალ ნორმატიულ აქტად. ამით მხარეს წაერთვა შერსაძლებლობა, დაეცვა საკუთარი უფლებები, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს საშუალებას მისცემს სხვა პირებს, რომ მათ იდავონ სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სადავო სამართლებრივი აქტი უკვე ძალადაკურგულად არის მიჩნეული, ან გაუქმებულია“ – ამბობს „თავისუფალი უნივერსიტეტის“ იურისტი, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსარჩელეების ინტერესებს იცავს.

მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენელმა, დღევანდელ პროცესზე მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.

იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა ხმაურის ფონზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. განიხილება უსკოს თვმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების საკითხი. დეპუტატი პეტრე ზამბახიძე ამბობს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებაა – არ აირჩიონ დეპუტატის შვილი [მამუკა ჯაში] და ასევე „ქართული ოცნების“ წევრი,  დავით ქარცივაძე.

უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა არჩევნები ჩაატაროს უსკოს დღევანდელმა შემადგენლობამ. სხდომას ესწრება მამუკა ჯაში და ასვე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატიდავით ქარცივაძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით უსკოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი გვარამიამ კანდიდატურა მოხსნა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] ადრე განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ დავით ქარცივაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურებს და იგივეს მოუწოდებენ სხვა დეპუტატებსაც.

13219644_1339936762702413_509834786_n
იურიდიული კომისიის გასვლითი სხდომა / ფოტო: ცაგო კახაბერიძე

დღეიდან შავი ზღვის სანაპირო ყოველდღიურად დასუფთავდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, შპს ,,სანდასუფთავება“ შავი ზღვის სანაპიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დღეიდან ყოველდღიურად დაასუფთავებს.

სამუშაოები დილის 5:00 საათიდან დაიწყება და 9:00 საათამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მორიგე ჯგუფები სანაპირო ზოლს დამატებით დღეში ორჯერ, 11:00 საათსა და 18:00 საათზე დაასუფთავებენ.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს გაუფრთხილდნენ გარემოს და ნუ დაანაგვიანებენ სანაპიროს.

13227572_1129369230456718_3654604323992522100_o

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა

ბათუმში, ლუკა ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის ) ქუჩაზე იყიდება ბინა, 80-კვ.მ. ფასი: 44 ათასი დოლარი.

samaklero.ge

3.

118 ათასი ლარის სავარძლები ბათუმის საქალაქო ავტობუსებისთვის

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“  Zonda BUS და FAW CA6100D248-2 მარკის საქალაქო ავტობუსებისთვის მგზავრის სავარძლების შეძენას გეგმავს. 800 სავარძლის შეძენაზე „ავტოტრანსპორტმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო თანხა – 118 400 ლარია.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ავტობუსებისთვის ასევე შეიძენს 550 კომპლექტ საბურავს, რისთვისაც ჯამში, მაქსიმუმ 227 500 ლარის გადახდას აპირებს.

რაც შეეხება ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას, ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება.

skami

შესასყიდი რბილი სავარძლის ნიმუში / ფერი შეთანხმდება ტენდერში გამარჯვებულთან

საპროტესტო აქცია საკუთრების დასაცავად

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მცხოვრები ვაჟა ხაბაძე და მისი ნათესავები საპროტესტო აქციას გეგმავენ. ხაბაძის განცხადებით, მიწა რომელსაც მემკვიდრეობით ფლობს სახელმწიფომ გაუყიდა. ვაჟა ხაბაძე მიწის დაბრუნებას ითხოვს.

„ათასი მეტრი მიწა წამართვეს და გამიყიდეს. მიწა საჯარო რეესტრში არ მქონდა გატარებული, რადგან სოფელში არავის აქვს საკუთრება დარეგისტრირებული. ის რომ მიწა ჩემი საკუთრებაა, ამის ძველი საკომლო ჩანაწერებიც ადასტურებს. გარდა ამისა, მაქვს ანდერძი რომლითაც დასტურდება ამ მიწაზე ჩემი საკუთრება“-გვეუბნება ვაჟა ხაბაძე.

ვაჟა ხაბაძე ამბობს, რომ გამგეობამ მიწა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, რომელმაც მიწა აუქციონზე გაყიდა. „მიწის გაყიდვა მაშინ გავიგეთ, როცა ტრაქტორმა მუშაობა დაიწყო. მთელმა სამეზობლომ, სანათესაომ იცის რომ მიწა მე მეკუთვნის“-გვეუბნება ის.

ვაჟა ხაბაძემ  საპროტესტო აქცია 17 მარტსაც გამართა: „პოლიციაში რეკავენ, რადგან ამ თემაზე ხმაური არ აწყობთ. დღეს სასამართლო პროცესი მქონდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას მედავებოდნენ, მაგრამ სასამართლომ გამამართლა. თუმცა, მეორე სასამართლო კიდევ არის დანიშნული, სხვისი ქონების დაზიანებას მედავებიან. ჩემს მიწაზე შემოიჭრნენ, საკუთრება წამართვეს და თურმე მე მშენებლისთვის ფიცარი გამიტეხია, ამას მედავებიან“-ამბობს ვაჟა ხაბაძე.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია ხვალ, 17 მაისს, მახუნცეთში გაიმართება.   მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 847,80 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 1045 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 20 450 დოლარად, პირობებიან აუქციონზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს გაყიდა.

ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“

„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა.

გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები „ჟილინის არხზე“ ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა). მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ გულგრილობას და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან. დავის საგანი შპს „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. თანხის მიღების შემდეგ, კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩააბარა. ამ მაღალჩინოსნებს თანხის გადასარიცხად ხელი ირაკლი ჩავლეიშვილმა მოუწერა, მაშინ ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ირაკლი ჩავლეიშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ მედიისგან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. „მერისგან ამ თემაზე ინფორმაცია არ მიმიღია. უშუალოდ, რა მოხდა, ვერ გავიგე“

„რა მოიმოქმედა მერიამ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად?“ – პროკურორ დავით ჭარბაძის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ მერიამ იმოქმედა კანონიერების ფარგლებში და გაწყვიტა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება.

საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შეკითხვა არჩილ ვანაძემაც დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ საბანკო გარანტიის პირობების შემოწმება იყო საფინანსო სამსახურის საქმე. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას, რომ ეს ჩვენი საქმე იყო? ასევე გვითხარით, ვინ ადგენდა კომპანიისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობას?“.  ბრალდებულის შეკითხვებზე საპასუხოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, რომ დარწმუნებული არ არის და ამიტომაც ივარაუდა, რომ ფინანსურ დოკუმენტებს საფინანსო სამსახური მოამზადებდა. მისივე თქმით, არჩილ ვანაძე გამორჩეული საჯარო მოხელეა, ვის მიმართაც ნდობის მაღალი ხარისხი აქვს.

სასამართლოს ირაკლი ჩავლეიშვილმა ასევე დაუდასტურა, რომ შესრულებული სამუშაოების შესრულების კონტროლს ახორციელებდა არა უშუალოდ მერიის რომელიმე სამსახური, არამედ კონკრეტული კომპანია: „ასეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორც წესი, მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ამოწმებს მიმდინარე სამუშაოებს“ .

სამუშაოებს „ჟილინის არხზე“ შპს „გზამშენპროექტი“ ამოწმებდა. მისმა დირექტორმა, ნუგზარ ნირიმანოვმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს წინა სხდომაზე და აღნიშნა, რომ ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ ხარისხს.  „ბოლო შესრულებიდან 10 დღის შერმდეგ, თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო, მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს? – მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მაშინ მოწმემ უპასუხა, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებია შესრულებული საქმე, ვიდრე მომდევნო ეტაპის თანხას გადარიცხავდა.

ამ საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ კი, დღესვე ამავე მაღალჩინოსნების სამოქალაქო დავა შეწყვიტა. არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი იმ წერილის უკანონოდ მიჩნევას მოითხოვდნენ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდა. ფინანსური პოლიციის პასუხად მიწერილ წერილში ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს ავანსის სახით თანხა შემსრულებელი კომპანიისთვის არ უნდა ჩაერიცხა. მერიის იურისტის მტკიცებით, ეს დავა ცალკე არ უნდა განიხილებოდეს და ის სისხლის სამართლის საქმის ნაწილია. მოსამართლემ მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოს მორიგ სხდომებზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს გაეცნობა.

 

 

Exit mobile version