მთავარი,სიახლეები

სიდედრზე ძალადობაში ბრალდებული სიძე

19.05.2016
სიდედრზე ძალადობაში ბრალდებული სიძე

„ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს,“ – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ბრალდებულმა ა.ჩ.-მ. მას სიდედრზე ძალადობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, სიძემ სიდედრი ზედიზედ ორჯერ სცემა – 22 მარტს მან არასრულწლოვნის თანდასწრებით პლასტმასის მილი ჩაარტყა დაზარალებულს, 23 მარტს კი სახის არეში სცემა ხელის მრავალჯერადი დარტყმით. სიძე სიდედრთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა.
საქმის არსებით განხილვამდე მოსამართლემ ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. პროკურორ გიორგი რამიშვილის აზრით, ბრალდებული გირაოს სახით არ უნდა გათავისუფლდეს, რადგან მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და იძალადა ბავშვის თანდასწრებით. ბრალდებულს სამართლებრივი დაცვის ცენტრის, ანუ სახაზინო ადვოკატი იცავს.

„არ ვეთანხმები პროკურორს, რადგან ბრალდებული დაკავების დროიდან თავს მიიჩნევს დამნაშავედ. მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება 1000 ლარი გირაოს სანაცვლოდ,“ – თქვა ადვოკატმა ლაშა რომანაძემ. მოსამართლის გადაწყვეტილების მიღებამდე, თავად ბრალდებულმა უარი თქვა გირაოთი გათავისუფლებაზე: „საიდან მოვიტანო 1000 ლარი? არ მაქვს,“ – თქვა ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილიდან ა.ჩ.-მ.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბრალდებულს შეახსენა, რომ მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ისევ შეიცავს საფრთხეს – ბრალდებულს უკვე მოხდილი აქვს ორწლიანი პირობითი მსჯავრი ისევ სიდედრთან ჩადენილი ოჯახური ძალადობისთვის.

მომდევნო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხება ბრალდებულის ცოლი, ასევე ექსპერტი, რომელიც ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას სასამართლოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სიდედრზე ძალადობაში მხილებულ სიძეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ელის 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: