Batumelebi | სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე – Batumelebi
RU | GE  

სომხეთის კონსული ბათუმში: მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე

აჭარაში ჩამოსული ტურისტების ნაკადის მხრივ წლებია სომხეთი პირველ ხუთეულშია, 2016 წლის აგვისტოში, ისევე როგორც გასული წლის ამავე პერიოდში, აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთი აჭარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ციტრუსის რეალიზაციის მხრივაც. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აჭარიდან სომხეთში 785 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 3,06%-ია. რამდენად მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობა აკავშირებს სომხეთსა და აჭარის რეგიონს და რა პერსპექტივები აქვს ორ მხარეს ტურიზმის განვითარების მხრივ – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ეღიშე სარგსიანს ესაუბრა.

ბატონო ეღიშე, აჭარას, განსაკუთრებით ქობულეთსა და ბათუმს, საკმაოდ ხშირად ირჩევენ სომეხი ტურისტები დასასვენებლად. როგორც ვიცით, თქვენი და აჭარის მეთაურის შეხვედრისას სომხეთიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზეც ისაუბრეთ. სხვა რა ერთობლივი გეგმები გაქვთ ტურიზმის მიმართულებით?

ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ სურვილი ორივე მხრიდან, სურვილი იმისა, რომ გაგრძელდეს ტურიზმის განვითარება სომხეთიდან აჭარაში, კერძოდ ბათუმში და შეძლებისდაგვარად – პირიქითაც, ანუ შესაძლოა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მოსახლეობა დაინტერესდეს სომხური ტბისპირა ან სხვა საინტერესო ადგილებზე არსებული კურორტების მონახულებით. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ვარიანტები, მაგრამ ამაზე „გეგმის“ დარქმევა ჯერ ადრეა, მით უმეტეს, თუ საუბარია პირდაპირ ავიარეისებზე. ორივე მხარე მივიჩნევთ, რომ კარგი იქნებოდა ასეთი ავიარეისების არსებობა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე, თუმცა სომხეთშიც და საქართველოშიც ავიაკომპანიები კერძოა და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული ამით. ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი სურვილი ამის შესახებ, პრესაშიც გაჟღერდა ეს ინფორმაცია… ეტაპობრივად, ვიმუშავებთ იმ კომპანიებთანაც, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ ასეთი რეისების განხორციელებით.

არის საქართველოდან, კერძოდ აჭარიდან სომხეთისკენ საპასუხო ინტერესი ტურიზმის სფეროში?

იმის თქმა, რომ აქტიური ინტერესი არსებობს, არ იქნებოდა სწორი. ჩვენ ვისურვებდით, რომ ქართველი ტურისტებიც ჩამოდიოდნენ სომხეთში, თუმცა ინტერესი ჯერ მხოლოდ ცალმხრივია.

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს აჭარის რეგიონს სომხეთთან? როგორც ვიცით, ყოველწლიურად აჭარიდან რამდენიმე ტონა ციტრუსი გააქვთ სომხეთში, სხვა რაში გამოიხატება ეს ურთიერთობა?

იმდენად, რამდენადაც ცალკეული სტატისტიკა არ წარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკრეტულად რა მოცულობის რა პროდუქცია გადის სომხეთის ბაზარზე, ზუსტი რიცხვების დასახელება გამიჭირდება. მაგრამ იმაზე, რომ სეზონზე აჭარიდან ბევრი ციტრუსი გადის სომხეთში, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრების დროსაც გვისაუბრია. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ეს მაჩვენებელი ყოველ წელს გაუმჯობესდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აჭარისთვის, ისე სომხეთისთვისაც, რადგან ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს მეგობარი საქართველოსა და კერძოდ აჭარის ციტრუსს. სომხური მხრიდან ყველაზე ხშირად გარგარი შემოდის საქართველოში, ასევე, ზოგჯერ კარტოფილიც.

რამდენად დაინტერესებული არიან სომეხი ბიზნესმენები აჭარაში ინვესტირებით და თქვენი შეფასებით, რამდენად ხელსაყრელი პირობებია აქ მათთვის?

ინტერესი ნამდვილად არის და ბიზნესინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემოს მხრივ (მათ შორის საერთაშორისო ნორმებითაც) საქართველო საკმაოდ მოწინავე ადგილზეა. ასევე აჭარაში, აქაც არიან მეწარმეები [სომეხი], ძირითადად რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესში.

საკონსულოს საქმიანობაზე მინდა გკითხოთ, კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს სომხეთის საკონსულო, რა ტიპის დახმარებისთვის მოგმართავენ სომხეთის მოქალაქეები საქართველოში?

არდადეგების დროს, როგორც იცით, ათასობით სომეხი ტურისტი მოდის საქართველოში. მატარებელი ერევანსა და ბათუმს შორის სექტემბრის ბოლომდე ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხალხის სიმრავლესთან ერთად ამ დროს პრობლემებიც ჩნდება, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს სერიოზული პრობლემებია. ძირითადად ეს პასპორტთან დაკავშირებული საკითხებია – ვიღაც ჩამოვიდა და შუა შვებულების დროს აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა გასდის, ასევე ჩნდება ტექნიკური საკითხები დაკავშირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევსთან, არასწორ პარკირებასთან და ა.შ. მართალია, ეს წვრილმანი პრობლემებია, რომლებიც მალევე გვარდება, მაგრამ მათი დროული მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ადამიანმა პასპორტი დაკარგა, უკან ვერ დაბრუნდება. სხვა მხრივ აჭარაში დამსვენებლებისთვის კარგი პირობებია და საჩივრებს პრაქტიკულად არ ვიღებთ.

21 სექტემბერს აღინიშნა სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენ, როგორც სომხეთის მოქალაქე, კონსული, რას მიიჩნევთ ამ ხნის მანძილზე სომხეთის სახელმწიფოს ყველაზე დიდ მიღწევად?

სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც 1920 წელს აღმოჩნდა საბჭოთა მმართველობაში და დაერქვა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც ოცნებობდა თავისუფლებაზე და ზოგჯერ წარმოდგენაც კი ჭირდა იმისა, რომ ოდესმე ეს დრო დადგებოდა. ყველა ერის ოცნებაა, იყოს დამოუკიდებელი, თუმცა ამავდროულად დამოუკიდებლობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, პირველ რიგში იგი უნდა მოიპოვო, შემდეგ კი დამოუკიდებლად არსებობისთვის შესაბამისი რესურსი უნდა გაგაჩნდეს. საბედნიეროდ ჩვენ ეს შევძელით, ეს შეძლო საქართველომაც.

მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ადამიანების თავისუფლება და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მე საბჭოთა პერიოდშიც ვმუშაობდი დიპლომატიაში, სულ ვფიქრობდი, დადგებოდა თუ არა ისეთი დრო, როცა ჩვენს საკითხებს გადავწყვეტდით ჩვენით, მოსკოვში დარეკვისა და ტელეგრამის გაგზავნის გარეშე. საბედნიეროდ მოვიდა ეს დროც და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ამ წლების მანძილზე. ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებლობა შეფარდებითი ცნებაა, რაღაც მხრივ ასეცაა – არც ერთი ქვეყანა, ყველაზე ძლიერებიც კი, არც მთლად დამოუკიდებელი არიან, რადგან მსოფლიო საქმეები ერთმანეთთან კავშირშია. 25 წლის შემდეგ ჩვენ უკვე გვყავს მთელი თაობა, რომლებიც არიან თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეები.

რა მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევად?

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენ წინაშე დგას – ყარაბაღის საკითხია. ეს საკმაოდ ძველი პრობლემაა და სომხური მხარე, ახლაც, ისევე როგორც ადრე, ამბობს, რომ მომხრე ვართ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რომ პრობლემა მოგვარდეს საერთაშორისო ნორმების საფუძველზე მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, როგორც სომხეთისთვის, ისე მეზობლებისთვის და, ზოგადად, კავკასიის რეგიონისთვის.

ზოგადად როგორ აფასებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის? ურთიერთობების ეს დონე საკმარისია, თუ კიდევ მეტია საჭირო რაღაც მიმართულებებით?

ურთიერთობა სომხეთსა და საქართველოს შორის თავიდანვე მეგობრული იყო. მე 1991 წლიდან ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვმონაწილეობდი, ვესწრებოდი ურთიერთობის განვითარებას საქართევლოსა და სომხეთს შორის. ეს ნამდვილი მეგობრების ურთიერთობაა, ეს იგრძნობოდა როგორც ცალკეული ხელმძღვანელების, დელეგაციების ცალკეული წევრებისა თუ მოქალაქეების ურთიერთობაში. მე მქონდა საშუალება ყველა რეგიონში ვხლებოდი ჩვენი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასეთი მაღალი დონის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დამოუკიდებლობის მთელი ამ 25 წლის მანძილზე გრძელდება – ბევრს შეშურდება. თუმცა, უშუალოდ ჩვენი მეთაურები თვითონვე აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა ეკონომიკურმა ურთიერთობამაც (რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს), მიაღწიოს ასეთივე მაღალ დონეს. ჩვენ კულტურული ურთიერთობაც კარგ დონეზე გვაქვს, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი გვეურთიერთობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მეტი ერთობლივი კონცერტი, მეტი ერთობლივი ღონისძიება. ეს კეთდება კიდეც… თუნდაც ერთობლივი სატელევიზიო გადაცემები, მინახავს, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან ადამიანები გადაცემებს, სადაც სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთად მღერიან თუ ცეკვავენ. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ბევრი მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფოებრივ დონეზე, სამინისტროებს შორის, უწყებებს შორის… მთავარია, ეს ხელმოწერილი მიზნები განვახორციელოთ ცხოვრებაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეს უკვე გაკეთებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან