მედალოსნები აჭარაში

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე.

როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა.

„სკოლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მოსწრება ჟურნალებში გადავამოწმეთ, შენიშვნები თუ გვქონდა სადმე, მივუთითეთ და ანგარიში განათლების სამინისტროს გადავუგზავნეთ. მედალოსანთა სიის დამტკიცება მათი პრეროგავტივაა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.

გასული სასწავლო წლის მონაცემებით, ბათუმში მედალოსნობის კანდიდატთა წარდგენილი სია სრულად დაკმაყოფილდა და 94-მა მოსწავლემ მიიღო მედალი [56 ოქროს მედალი და 38 – ვერცხლის].

საქართველოს განათლების სამინისტროში რესურსცენტრებისგან მედალოსნობის კანდიდატთა სიების მიღება არ დასრულებულა. გასული წლის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 2129 მედალოსანი იყო, მათგან 1292 _ ოქროს, ხოლო 837 ვერცხლის მედალოსანი.

ხულოს რესურსცენტრში წელს მედალოსნობის 48 [37 ოქრო და 11 ვერცხლი] კანდიდატია წარდგენილი. გასულ წელს სულ 37 მედალოსანი იყო, მათგან 26 ოქროს და 11 ვერცხლის მფოლობელი გახდა.

ქობულეთში წელს მედალოსნობის 23 კანდიდატი ფიქსირდება [7 – ოქრო; 16 – ვერცხლი]. ეს მონაცემები გაზრდილია წინა წელთან შედარებით – გასულ წელს სულ 21-მა მოსწავლემ მიიღო მედალი [15 – ოქრო; 8 – ვერცხლი].

ხელვაჩაურის რესურსცენტრის მონაცემებით, წელს წარდგენილია 26 კანდიდატი [18 – ოქრო, 8 – ვერცხლი]. გასულ წელს ხელვაჩაურში ოცმა მოსწავლემ მიიღო მედალი [18 – ოქრო, 2 – ვერცხლი].

შუახევის სკოლებმა წელს მედალოსნობის 36 კანდიდატი წარმოადგინეს, მათგან 21 ოქროს მედალზე, 15 კი _ ვერცხლზე. გასულ წელს შუახევში 29 ოქროს და 17 ვერცხლის, სულ 46 მედალი გაიცა.

ქედის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში წარდგენილ კანდიდატთა ზუსტ რიცხვს პასუხისმგებელი პირის მივლინებაში ყოფნის მიზეზით ვერ ასახელებენ. თუმცა დაახლოებით ამბობენ, რომ 14 კანდიდატია წარდგენილი, და თითქმის თანაბრად ნაწილდება ვერცხლსა და ოქროზე.

რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ.

2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების სახით ქმნის დირექციის მაკონტროლებელ ბერკეტს, რომელიც ასევე წარმოადგენს ავტონომიურობის ერთგვარ გარანტს. სკოლების ავტონომიურობა და მონაწილეობით მართვის პრინციპზე გადაყვანა დღემდე პროცესშია და ხშირად სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის რამდენიმე სკოლის დირექტორს, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულ, ძველ და განმეორებით არჩეულ წევრებს. მათი შეფასებით სამეურვეო საბჭოს საქმიანობის განსაზღვრული უფლებამოსილებები, სკოლის მართვის ლეგიტიმაციას აძლევს.

მე-15 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თამარ ხუნდაძე ორი ვადით [6 წელი] მონაწილეობდა სამეურვეო საბჭოში. მისი თქმით, საკითხები ყოველთვის კონსესუსის პრინციპით წყდებოდა და საბჭოში დაყენებულ სადავო საკითხს ვერ იხსენებს: „ჩვენ ყოველთვის კარგად ვთანამშრომლობდით დირექტორთან. ბიუჯეტის დამტკიცება იქნებოდა ეს თუ სხვა სასკოლო ყოველდღიური საკითხები“. მისივე თქმით, რაიმე სახის პრობლემა ან ნაკლოვანება სამეურვო საბჭოს მიერ სკოლის მართვის საქმიანობაში, რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება, აქამდე არ გამოკვეთილა. ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოში ჩართული მოსწავლეები უმეტესად ატიურად მონაწილეობდნენ საბჭოს საქმიანობაში, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია. რაც შეეხება დამატებით პასუხისმგებლობასა და აუნაზღაურებელ შრომას, ამ ენთუზიამს სკოლისა და პედაგოგიური საქმიანობის სიყვარულით ხსნის. სწორედ ამ მიზეზებით იყო სამეურვეო საბჭოს წევრი მაქსიმალური ვადით.
ამავე სკოლის პედაგოგი, ირმა მახარაძე ახალჩამოყალიბებული სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს, რიგ შემთხვევებში, უფლებათა გაზრდით უკეთესად შეეძლებოდა საქმიანობის წარმართვა.

„ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. მინდა მუზეუმიც გავხსნათ, თავად ეს სკოლა დავამთავრე. ასევე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდისთვის გავატაროთ რიგი ღონისძიებები. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა, აქ უფლება გვეძლევა გარკვეული საკითხები ჩავსვათ, რასაც სკოლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება“, – ამბობს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი, სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეული წევრი ელზა ზაქარეიშვილი. ის წელს პირველად მოხვდა სამეურვეო საბჭოში. როგორც ელზა ზაქარეიშვილი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ რამდენიმე კათედრის წარმომადგენლებს ესაუბრა და საკუთარი ხედვები წარუდგინა.

ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი, ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ მისი ამ სკოლის დირექტორობის პერიოდში მეოთხე სამეურვე საბჭო ჩამოყალიბდა.

„თანამშრომლობის პრობლემა არასდროს გვქონია. რამდენიმე ინიციატივაც ჰქონდათ, მაგალითად, ფორმიანობის, გახანგრძლივებული კლასების და სხვა საკითხების შესახებ და ერთობლივად ვახორციელებდით“, – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

ანა გათენაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრია საშუალო საფეხურზე. ის მესამე წელია, რაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაშია ჩართული. როგორც ანა ამბობს, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ავტომატურად ირჩევა სამეურვეო საბჭოს წევრად.

„წელს ნაკლებაქტიურად ვიყავი ჩართული. მანამდე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას შეხვედრებში. იდეებს ჩამოვთვლიდით, მერე ვიღებდით გადაწყვეტილებას რომელი იყო საუკეთესო, პროექტის სახით ვამუშავებდით და თავმჯდომარეს გაჰქონდა სამეუვეო საბჭოს სხდომაზე“, _ ამბობს ანა და ორ პროექტს იხსენებს: „პროექტი გვქონდა, „ორატორი“ ერქვა _ საჯარო გამოსვლების პრინციპზე. მაშინ სამეურვეო საბჭომ გამოგვიყო ფინანსები. ასევე იყო სილამაზის კონკურსიც. თუმცა სხვა ყველა აქტივობაც ძირითადად მათთან იყო შეთანხმებული“.
სამეურვეო საბჭოს საქმიანობის შესახებ სხვა ინფორმაციას ანა არ ფლობს. ამბობს, რომ ამ საკითხში არ არის კარგად ჩახედული.

მშობლის სტატუსით ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში მოხვდა მაია დუმბაძე. მისი შვილი მეორე კლასში გადავიდა. როგორც მაია ამბობს, მისთვის უცხო არ არის სასკოლო საქმიანობა, თუმცა სამეურვეო საბჭო ნამდვილად ახალი გამოწვევაა: „სკოლის ცხოვრებაში ჩართული ვარ, ექსკურსიები იქნება თუ სხვა საკითხების გადაწყვეტა. კარგი გარემოა, კომფორტული. ჩავთვალე, რომ შემეძლო მის მართვაში მონაწილეობა მიმეღო. გარდა ამისა, ბუნებითაც აქტიური ვარ და მინდა სკოლისთვის, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის რაც შემეძლება, გავაკეთო“, – აღნიშნავს სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული წევრი და იქვე ამატებს, რომ სასურველია, თუ მეტად დაინტერესდება ყველა მშობელი და უფრო აქტიურად ჩაერთვება სკოლის საქმიანობაში. მაიას სჯერა, რომ რეალური ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა საჯარო სკოლების უმაღლესი თვითმმართველი ორგანო – სამეურვეო საბჭო.

სამეურვეო საბჭოს ყოველ სამ წელიწადში ირჩევენ. საბჭოში წევრთა რაოდენობას სკოლის კონტინგენტი განსაზღვრავს – შეიძლება იყოს არანაკლებ ექვსი და არაუმეტეს თორმეტი წევრი. სამეურვე საბჭოში პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეთა მშობლები [სამივე საფეხურზე თითო წარმომადგენელი] ირჩევენ თანაბარი რაოდენობის წევრებს, ასევე 1 წევრი წარდგენილია მოსწავლეთა თვითმმართველობიდან, თითო წევრის დანიშვნის უფლება კი განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ. წევრების არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.

მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშა, რომელიც 24 ივნისს,  Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.

„პაციენტი ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა“, – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

კომპანია Real Palace-ს დირექტორმა, ედნარ ხიმშიაშვილმა გუშინ, 25 ივნისს „ბათუმელებთან“ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად  მუშა მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც ფეხქვეშ ფიცარი  ჩაუტყდა.

ბათუმში გასულ თვეშიც გარდაიცვალა  კიდევ ერთი ადამიანი მშენებლობიდან ჩამოვარდნის გზით.

ბულვარის ადმინისტრაცია: მოცეკვავე შადრევნები დროებით გაითიშება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არდაგანის ტბისა და მასში მდებარე ე.წ. მოცეკვავე შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, შადრევნები 29 ივნისამდე გათიშული იქნება.

„წყალკანალი ახორციელებს ტბის წყლის პროცედურულ გაწმენდას, ჩვენ კი – შადრევნის რეზერვუარისას. შადრევნების ლაზერული შოუ 29 ივნისს განაახლებს ფუნქციონირებას“, – ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

“ბათუმელების” კითხვას, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლამდე, რატომ არ იზრუნეს ტბის გაწმენდაზე? – პრესსამსახურში პასუხობენ, რომ ეს “პროცედურული გაწმენდაა”. თუმცა, სპეციალისტი აცხადებს, რომ არდაგანის ტბაზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა.

სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალის სტუმრები [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სასტუმროს გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა.

DSC_0222
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4-ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

ცერემონიალზე ითქვა, რომ ციხისძირში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროს გახსნის ცერემონიალი ხანგრძლივი ფოიერვერკით დასრულდა.

DSC_0383
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0413
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0266
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0179
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0193
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0224
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0231
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0314
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0343
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი
DSC_0426
„კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალი

სასტუმრო

სარფი, პლაჟი [ფოტო]

IMG_20160625_155151
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155440
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155543
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155527
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155505
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155814
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_160113
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_160126
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_160236
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_155609
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_160738
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_160724
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_161037
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_161104
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_161548
სარფი, 25.06.2016
IMG_20160625_161559
სარფი, 25.06.2016 / თედო ჯორბენაძის ფოტოები

Real Palace-ს დირექტორი: არ ვიცი გადმოვარდნილი მუშა გადარჩება თუ არა

„არ ვიცი გადარჩება თუ არა – სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ვერაფერს მეუბნებიან, არ მეუბნებიან რომ გადარჩება, არც იმას მეუბნებიან, რომ ვერ გადარჩება. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“, – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, კომპანია Real Palace დირექტორმა. სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადავრადა გუშინ, 24 ივნისს, მუშა.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, უფრო ზუსტად კი მუშა შედგა ფიცარზე, რომელიც სიძველის გამო ჩატყდა, ედნარ ხიმშიაშვილი არ ადასტურებს: „ვინ გითხრათ ეგ ქალბატონო, უსაფრთხოების ნორმები დაცულია ჩვენთან. უბედური შემთხვევა გაგიგიათ?“

კომპანია Real Palace-ის დირექტორის თქმით, მისთვის უცნობია უბედური შემთხვევა რისგან იყო გამოწვეული: „გამოძიებას დაუკავშირდით და გეტყვიან. წუხელ მთელი ღამე გამოძიება მყავდა, მათ უფრო ეცოდინებათ ვიდრე მე. იმათ დაურეკეთ და გეტყვიან“.

გასულ თვეში ბათუმში კომპანია „შველას“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა იმ დღესვე გარდაიცვალა.

შსს: მუშის გადმოვარდნის ფაქტზე საქმეა აღძრული

შსს-ს ინფორმაციით, 24 ივნისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

„მუშამ ფეხი ხის მორზე დადგა, რომელიც ჩატყდა და ჩამოვარდა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში. მათი ინფორმაციით, მუშა მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დღის პირველ საათზე მოხდა. რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია.

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ინფორმაციით, გასულ წელს ბათუმში სამუშაო ადგილებზე 4 ადამიანი დაიღუპა.

მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების ბოლო შემთხვევა, ბათუმში 4 მაისს დაფიქსირდა – ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა იმ დღესვე გარდაიცვალა.

მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სახლის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი, როგორც „ბათუმელებს“, რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 24 ივნისს, დღის პირველ საათზე მოხდა.

ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა. იგი პოლიტრამვით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

მეზღვაურთა დღე ბათუმში

დღეს, 25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გაიხსნა ბათუმის საზღავაო აკადემიის ორი ახალი აუდიტორია. ადუდიტორიები იაპონური კომპანია ,,FURUNO”-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

13497796_1187659217920296_3776953800442451585_o
საზღვაო აკადემიაში

„საქართველოში 9 ათასამდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღეობასთან, მითუმეტეს დღეს, როცა ცნობილი „აბრეშუმის გზის“ აღდგენის პროექტში საზღვაო მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებაზე.

საზღვაო აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და ვეტერან მეზღვაურებს დღესასწაული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მიულოცა.

13475092_1187659274586957_3865221108184253352_o
ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში.

quchaa 66666
ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, სავარაუდოდ, გაივლის სინაგოგას გვერდით, ასათიანის ქუჩამდე, აქედან კი მერიის შენობის გვერდით [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალურ სასწავლებელთან შეუერთდება თავდადებულის ქუჩას
ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის  გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში უარყოფენ.

„კეთილმოწყობის სამსახურში  განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პროექტი ქუჩის გაჭრასთან დაკავშირებით – არ არის. შეიძლება კერძო ინვესტორს რაღაც სურვილი ჰქონდეს, საუბარი იყოს, მაგრამ მერიის დონეზე მსგავსი რამ არ განიხილება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„რამდენადაც ვიცი, არიან ინვესტორები, ვისაც სურთ აქ მშენებლობა, სახლის აშენება და არის მათი იდეა – გაიჭრას გზა და აღდგეს 100-120 წლის წინანდელი რეალობა. როგორც მითხრეს, არის ძველი რუკები, რომლებიც მე არ მინახავს, სადაც თითქოს დატანილია ქუჩა არათუ ასათიანის, არამედ ამჟამინდელი თავდადებულის ქუჩამდეც კი. თუმცა, გზის გაჭრაზე რაიმე მუშა ან მზა პროექტი არ არსებობს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, პროფესიით არქიტექტორმა დათო ზოიძემ.

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის თქმით, იმ ძველი რუკების მიხედვით, რაც მას გააჩნია, „არ დასტურდება, რომ ახლანდელი ახვლედიანის ქუჩა თითქოს გრძელდებოდა თავდადებულის ქუჩამდე. მაშინდელი გურიის ქუჩა [შემდგომში ჯინჭარაძის] 1888 წლისთვის მხოლოდ ერთი კვარტალია, 1898 წლისთვის კი ორივე კვარტალი ჩამოყალიბებულია და ამის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. 1917 წლის ფოტოზე ჩანს, რომ დღევანდელ კონსერვატორიასთან გადის პატარა შუკა, მაგრამ ისეთი უმნიშვნელო, რომ არც ერთ რუკაზე დატანის ღირსად არ ჩათვალეს, ან სულაც ეზოში შესასვლელი ბილიკი შეიძლება იყოს.“

შოთა გუჯაბიძის თქმით, არანაირი საფუძველი ახალი ქუჩის გაჭრის არ არსებობს, არც ისტორიული და არც დღევანდელობით გამოწვეული: „ქალაქის ცენტრში ახალი ქუჩის გაჩენას მხოლოდ კომერციული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ააშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს, რომელიც ფასადით ახალ ქუჩაზე გამოვა და შესაბამისად, მისი გასაყიდი ფასიც უფრო მაღალი იქნება. არსებული მდგომარეობა კი ამდენის საშუალებას არ იძლევა. ეს არის მტრული დამოკიდებულება ქალაქისადმი“.

ფოტო თედო
ვაჟა-ფშაველას 31 [ხედი ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩიდან]
ტერიტორია, სადაც თითქოს ქუჩა უნდა გაიჭრას, მთლიანადაა მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში. ეს ძეგლებია: ვაჟა-ფშაველას N27-ში მდებარე ბელეტაჟი, ბათუმის სინაგოგა, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. გარდა ამისა, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარეობს სახლი, რომელსაც, სავარაუდოდ, „ახალი გზა“ ჩაუვლის და რომელსაც „გეოგრაფიკის“ რეკომენდაციით, სასურველია  მიენიჭოს ძეგლის სტატუსი.

ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მდებარე ნაკვეთები და შენობები კერძო საკუთრებაშია. ინვესტორთა ინტერესი კი, ბუნებრივია, ამ ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქნება. რამდენად მისაღებია ეს და მაქსიმუმ რამდენი სართული იქნება ძეგლთა დაცვის აღნიშნულ ზონაში?

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, „სართულიანობას, ზოგადად, მერია არეგულირებს, მაგრამ მაქ რომ 15 და 20-სართულიანი სახლი არ აშენდება, მაგაზე ყველა თანხმდება. თუმცა, შეიძლება კომპანიამ მოიტანოს 5-სართულიანი სახლის პროექტი და არ ვარგოდეს, იმიტომ, რომ სინაგოგასთან იყოს შეუთავსებელი; მაგრამ შეიძლება მოიტანოს 7-სართულიანი და კარგი იყოს. მე ყველას ვეუბნები, რომ დომინანტური მაგ კვარტალში არის სინაგოგა და შემდეგ ვაჟა-ფშაველას 27-ში მდებარე შენობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასათვალისწინებელია და არქიტექტურულად ისე უნდა დაბალანსდეს ყველაფერი, რომ არ ჩაგვიყლაპოს ძეგლები. შესაძლოა მაქ 2-3 სართულიანმაც კი გააფუჭოს ყველაფერი და არ გავცეთ ნებართვა“.

აღნიშნულ კვარტალში, მაგალითისთვის, 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, 600 კვ/მ ის მოშენებაა შესაძლებელი, სადაც დღეს მოქმედი რეგულაციით, 5-სართულიანი კორპუსის აშენება შეიძლება, ცხადია, ეს დადგენილი კოეფიციენტის [კ2] მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის აქ 3,0-ის ტოლია. მაგრამ, მერიის ზონალურ კომისიას, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია ამ კოეფიციენტის გაზრდა 4,8-მდე. შესაბამისად, გაიზრდება ფართობიც [სართულიანობა]. კოეფიციენტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობითაც [ამ შემთხვევაში ულიმიტოდ], ოღონდ მერიის თანხმობით. წინა გამოცდილების მიხედვით, მერია ყველა ასეთ შუამდგომლობას თანხმდება.

„მაქ კერძო საკუთრებაა. ინვესტორი უნდა დაელაპარაკოს ათვისებაზე მესაკუთრეებს, დავუშვათ ქუჩის გაჭრაც… ეს რთული და შესაძლოა ხანგრძლივი პროცესიც კი იყოს. აჭარის მთავრობა ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ კოეფიციენტი არ ჰყოფნის მშენებელს და მოგვმართავს. ასეთ შემთხვევაში განვიხილავთ საკითხს,“ – ამბობს დათო ზოიძე, არჩილ ხაბაძის მრჩეველი.

ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, იდეაში არა თუ ლუკა ასათიანის, არამედ შესაძლოა დემეტრე თავდადებულის ქუჩამდეც კი გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ასათიანის  მხრიდან ქუჩა გაივლის მერიის შენობის გვერდით, ეზოს [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალური სასწავლებლის გვერდით შეუერთდება თავდადებულის ქუჩას.

„შესაძლოა ჯერ ერთი ნახევარი გაკეთდეს [ასათიანის ქუჩამდე] და შემდეგ მეორე. თუ მერია, ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებამდე მივა, რომ იქ მართლაც გაკეთდეს ქუჩა, მაშინ უნდა გადაგეგმარდეს მთლიანი სივრცე, ყველაფერი ახალი გეგმარების საზღვრებში უნდა იყოს – სიმაღლეები და ა.შ. მთლიანობაში, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება. სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გვერდითა ხედიც გაიხსნება და საინტერესო გამოვა“, – ამბობს დათო ზოიძე.

ვაჟა-ფშაველას 27-თან დაკავშირებით, რომელსაც ადრე სახურავი გადახადეს, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ „სააგენტოში ამხანაგობის მიერ შემოტანილია ამ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი. იმავე ამხანაგობას [ამხანაგობა „რიშონი“ – ავტ.] ამ ძეგლსა და სინაგოგას შორის არსებული მომიჯნავე ნაკვეთებიც ეკუთვნის, რამდენადაც მე ვიცი და მაგ ტერიტორიაზე, რომელიც არ ეკუთვნის ძეგლებს, სურთ მშენებლობა. მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენთანაც უნდა იყოს შემოსული [განცხადება], რომლებიც ჯერ არ განხილულა. სხვა მხრივ, რაიმე პროექტი მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ შემოსულა. მერია ან ვინმე მანდ რას გეგმავს, ეს არ ვიცი“.

რაც შეეხება შენობას მერიის წინ, ასათიანის 28-ში, რომელზეც არის რეკომენდაცია ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, ჩარკვიანის თქმით, „საჯარო სამუშაო განხილვა გვქონდა – შესაბამისი განყოფილება ამუშავებს ყველა არგუმენტს და სააგენტო გადაწყვეტს სტატუსის მინიჭებისა თუ ზოგ ძეგლზე ამ სტატუსის მოხსნის საკითხს“.

თორნიკე თავაძის ფოტო (13)
თეთრი ხაზით აღნიშნულია სავარაუდო გზა, რომელიც უნდა გაიჭრას ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე ~ ფოტო: თორნიკე თავაძე

უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარმენ ჯალაღონია წარადგინეს

24 ივნისს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანდიდატურები წარუდგინა:

აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად – პარმენ ჯალაღონია;

აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძე და მზიური შავაძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია გუშინ, 23 ივნისს დასრულდა.

უსკოს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობებზე კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ, 2016 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ოთარ დავითაძისა და პარმენ ჯალაღონიას; ხოლო უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად – სოფიო კახაძის,  დავით ფარტენაძისა და მზიური შავაძის  კანდიდატურები წარუდგინა.

ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან.
კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს ეხება: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესზე ყველა მოხსენება ორიენტირებული იქნება პირველადი ჯანდაცვის თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე, მის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

კონგრესი ბათუმის ხელოვნების ცენტრში გუშინ საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. დელეგატებს სიტყვით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრა დავით სერგეენკომ, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ – „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრების ჩატარება, რადგან აქ გაჟღერდება ყველა ის სიახლე, რაც ბოლო წლებში მიღწეული იქნა მედიცინის ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სპიკერების გამორჩეული პროფესიული დონე საშუალებას მისცემს კონგრესის დელეგატებს წარმატებით გამოიყენონ კონგრესზე მიღებული ინფორმაცია სამედიცინო პრაქტიკაში“ – თქვა ნუგზარ სურამნიძემ.

კონგრესი 23 ივნისს გაიხსნა და ხვალ, 25 ივნისს დასრულდება.


რამაზ ზოიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

 22 ივნისს რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში,  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც აჭარის მკვიდრმა, საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში უკრაინელი ათლეტი – ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რამაზ ზოიძე 2012 წლის ევროპის ჩემპიონია ჭაბუკებში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში.

რამაზ ზოიძე რამაზ ზოიძე

 

 

ფიროსმანის სკვერში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ.


მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში არსებულ გზაგამყოფ ზოლში დაიწყება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აჭარგანათება“ ასრულებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე გარე განათების მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 44 ათას 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

აქცია ევროპის მოედანზე 9 წლის ნინის დასახმარებლად, რომელსაც სახლი დაეწვა

ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 3 საათამდე, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება გურიაში, სოფელ გვიმბილაურში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად, რომელთაც ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს.

როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან  ცუდ ამინდში, რადგან კედლები და ჭერი ვერც ქარისგან იცავს და ვერც წვიმისგან.

9 წლის ნინიამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე.


ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა ქამადაძე და ლევან დევაძე, ბათუმელი მუსიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების დახმარებით შეეცდებიან.

“გვინდა, რომ მათ სახლის აშენებაში დავეხმაროთ, ამიტომ ყველაზე მეტად სასურველია სამშენებლო მასალები. იმის გათვალისწინებით, რომ აქედან ტრანსპორტირება გართულდება, ალბათ თანხა ყველაზე სასურველია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, როგორმე მაინც მივაწვდენთ, იქნება ეს ბლოკით ცემენტი თუ სხვა რამ. ცოტა ხნის წინ მათთან იყო აკა სინჯიკაშილი, რომელმაც გვითხრა, რომ საკვების მარაგი უკვე საკმარისად მოუგროვდათ, ამიტომ აქცენტი სამშენებლო მასალებზე გადავიტანეთ,” – ამბობს ლაშა ქამადაძე. ბიჭები მოუწოდებენ სამშენებლო კომპანიებს, საჩუქრად თუ არა, ხელმისაწვდომ ფასში მაინც მისცენ ნინის ოჯახს საშენი მასალა.

ლაშა ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქის წვლილი მნიშვნელოვანია ამ საქმეში, „შეიძლება სახლი ბოლომდე ვერ ავუშენოთ, მაგრამ ბიძგს მივცემთ, ერთი და ორი კედელი მაინც რომ ამოვაყვანინოთ, მაგალითი გახდება სხვა ადამიანებისთვის, რომ დანარჩენი ორი კედელი სხვამ ამოაყვანინოს და გადახურონ საბოლოოდ სახლი. ახლა ფაქტიურად მიწაზე სძინავთ,” – ამბობს ლაშა.

ხვალ, ევროპის მოედანზე, 9 წლის ნინისთვის სასკოლო ნივთების მიტანაც შეგიძლიათ.

 

ადეიშვილების ოჯახის დროებითი საცხოვრებელი

 

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია ზღვარზე დაახლოებით 2-ჯერ მაღალია თბილისში, რუსთავში – 2.5-ჯერ, ზეტსაფონში – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 3,0-ჯერ.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში, ძირითადად სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ხდება. ასეთ ჯიხურებში დღის განმავლობაში ჰაერი სამჯერ იზომება.

თბილისში, ჭიათურასა და უკვე ბათუმშიც [ქათამაძის ქუჩაზე] ავტომატური სადგურები არსებობს, სადაც ჰაერის ხარისხზე მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ბათუმში ავტომატური სადგური ისევ სატესტო რეჟიმშია და მისი მონაცემები ჯერ არ ქვეყნდება. ბათუმში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სადამკვირვებლო ჯიხურის საშუალებით, სადაც ისაზღვრება შემდეგი მავნე ინგრედიენტები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

ჰაერის ხარისხის სადამკვირებლო პუნქტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #1

სადამკვირვებლო ჯიხურების მონაცემები ეროვნული სტანდარტებით იზომება, რომლებიც UNECE-ს ანგარიშის თანახმად, კვლავ კონცენტრაციის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზეა დაფუძნებული და არ შეიძლება პირდაპირ იყოს შედარებული ჯანმოსა თუ გაეროს მიერ გამოყენებულ სტანდარტებზე.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით.

„ხშირად ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაკავშირებულია მშენებლობებთან. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს განსახორციელებლი მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით… ინტენსიური მშენებლობებია როგორც თბილისში, ისე ბათუმში“, – აღნიშნა მინისტრმა კონფერენციაზე.

გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ჰაერში მტვრის შესამცირებლად ქალაქი სველი წესით უნდა იწმინდებოდეს, რაც დღეს არ კეთდება.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვითხრეს, 2016 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 614 ფაქტი გამოვლინდა, გასულ წელს კი – 1066. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სტატისტიკის შედგენისას, მონაცემები მათ დიფერენცირებულად არ გადმოაქვთ – ანუ ამ მონაცემებში ჰაერის დაბინძურებისთვის დაჯარიმებული შეიძლება იყოს როგორც სამშენებლო კომპანია, რომელიც დამცავ ბადეს არ აფარებს მშენებლობაზე, ისე ბლოკის დამამზადებელი ქარხანა, რომელიც მავნე ნივთიერებებს აფრქვევს ჰაერში.

თამარ მაღლაკელიძის თქმით, ყოველ კვარტალში ერთხელ ამ ქალაქებში ორკვირიანი ხანგრძლივობის ინდიკატორული გაზომვებიც ტარდება, რომლებიც ევროსტანდარტით ითვლება და მასში დაბინძურების მიხედვით, ოთხ გრადაციას გამოყოფენ: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. „სპეციალური ინდიკატორული მილაკები იკიდება ქალაქის განსაზღვრულ წერტილებში. ისაზღვრება შემდეგი ინგრედიენტები: აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი. ორი კვირის შემდეგ ხსნიან ამ მილაკებს, აგზავნიან ინგლისში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც კეთდება ანალიზი და გვიგზავნიან პასუხებს“, – ამბობს ის.
ბოლო ასეთი გაზომვები მაისში ჩატარდა. ბათუმში ინდიკატორული მილაკები – ტერმინალთან, რუსთაველის ქუჩაზე – თეატრთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სუფსა-ხელვაჩაურის გზაგამყოფზე და ხიმშიაშვილი-კობალაძის კვეთაში ბულვართან იყო განთავსებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბულვართან ჩამოკიდებული ინდიკატორული მილაკი ვიღაცამ მოიპარა, ამიტომ ინგლისში ერთით ნაკლები სინჯი გაიგზავნა. ამ გაზომვების მიხედვით ბათუმში ოთხივე ადგილზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არის საშუალო დონეზე, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების კონცენტრაციები დაბალია.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ამბობს, რომ რეალური სურათის მისაღებად ეს გასინჯვები არ არის საკმარისი:

„ჰაერის ხარისხს, ფაქტობრივად, არ აკონტროლებენ, მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა დაყენებული დანადგარები, ისიც ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ – არა. საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გამართული სისტემა არ არსებობს“, – ამბობს ის. მისივე განმარტებით, გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების დინამიკა ორი ძირითადი ფაქტორის გამო იზრდება: „გარდა იმისა, რომ იზრდება მოძრაობის ინტენსივობა, პატარა ქალაქებშიც კი მატულობს საცობები. გარდა ამისა, ძველი ტრანსპორტი კიდევ უფრო ძველდება, ძველი ავტომობილების შემოყვანაც უფრო იაფი ჯდება, არც ტექნიკური შემოწმება უტარდება ამ ავტომობილებს. მეორე ძირითადი ფაქტორი კი საწვავის ცუდი ხარისხია“.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი რეგულაციების გარეშე და უსაფრთხოებაზე, გზაზე ვარგისობასა და გამონაბოლქვის შესახებ სავალდებულო ტესტის გარეშე, შეუძლებელი იქნება ყველაზე დამაბინძურებელი სატრანსპორტოს საშუალებების აკრძალვა გზებიდან. საქართველომ 2004 წელს თქვა უარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იქამდე სავალდებულო, ყოველწლიურ შემოწმებაზე. მთავრობამ მხოლოდ 2015 წელს გადაწყვიტა მისი ხელახლა ამოქმედება, თუმცა პროცესისადმი საზოგადოების მოუმზადებლობის გამო ხელისუფლებამ სავალდებულო ტექშემოწმება კიდევ ორი წლით გადაავადა.  რაც შეეხება საწვავის ხარისხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარებულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე დაადასტურა, ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი – 2017 წლიდან გახდება.

გელა კვაშილავა ამბობს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიაფდა ჰაერის ხარისხის საზომი თანამედროვე დანადგარები, რომელთა შეძენაც საქართველოში ჰაერის ხარისხის ზუსტ სურათს აჩვენებს და პრობლემებზე დროულად რეაგირების საშუალებასაც მისცემს სპეციალისტებს.  “უკვე შემოვიდა სენსორები [Air Quality Egg], რომლებიც კიდევ უფრო დახვეწილია, ვიდრე აქამდე, ჩვენი პროექტის ფარგლებში შემოტანილი სენსორები. ეს სენსორები 24 საათის განმავლობაში ზომავს ჰაერში სხვადასხვა ინგრედიენტის კონცენტრაციას და ონლაინრეჟიმში ასახავს სპეციალურ რუკაზე ზუსტ მონაცმებს. ასეთი 20-25 რომ დაამონტაჟონ თითოეულ ქალაქში, მივიღებთ მთლიან სურათს ქვეყანაში – კონკრეტულად რა ტიპის დაბინძურებასთან გავქვს საქმე ამა თუ იმ ადგილზე”, – ამბობს გელა კვაშილავა. მისივე თქმით, არსებული სადგურები მხოლოდ რამდენიმე კომპონენტს ზომავენ, ეს დანადგარები კი გაცილებით უფრო მეტი კვლევის საშუალებას იძლევა.

„ჰაერის ცუდი ხარისხი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ევროპულ რეგიონში,“ – წერია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონი ადამიანის გარდაცვალება დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება.

ჯანმოს მონაცემებით, 2010 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის, ეკონომიკური ზიანის ღირებულებამ საქართველოში 9 127 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 35.2 პროცენტი იყო. ამავე პერიოდში ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული გარდაცვალებების შემთხვევები თანხობრივად ყველაზე ძვირი რუსეთს დაუჯდა, კერძოდ, 285 467 მილიონი აშშ დოლარი, რამაც მათი მშპ-ს 9.8% შეადგინა. მართალია, ჯანმოს ევროპის რეგიონის 50 ქვეყანას შორის, უშუალოდ თანხის მონაკვეთში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ თანხის მშპ-სთან მიმართებაში, ანუ გამოდის, რომ ევროპის რეგიონში საქართველოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები ყველაზე ძვირად დაუჯდა.

“ბილივის” საქველმოქმედო საღამო ბათუმში

25 ივნისს, 19 საათზე, სასტუმრო “ჰილტონ ბათუმში”, ფონდი “ბილივის” საქველმოქმედო გალა საღამო ჩატარდება, რომელზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელია მიწვეული. გალა საღამოზე ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი, რომელსაც კანადის საპატიო კონსული საქართველოში – კლიფ ისააკი გაუძღვება. ასევე  გათამაშდება ლატარიის ბილეთები.

საღამოზე  შესული თანხა, სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდების მხარდაჭერას.

საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეონას მიიღებს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილე, თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი – მარიკო ებრალიძე.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ელენე გამგონიძემ, ნინო ჩაკვეტაძემ, გიგიშა პაჭკორიამ, ბექა ჯოხაძემ, თამარ გუგუნავამ, სოფი ეცადაშვილმა, თათია კინწურაშვილმა, გია ბარათაშვილმა, გრიგოლ ღვანიამ, დავით ბაძაღუა, კახაბერ ბარამიამ, ირაკლი კეკელიამ, ლაშა ბერაიამ, იულია სოროკინამ, გაბრიელა პროქშმა, გია მარკოზაშვილმა, ტიტე შეყილაძემ, ნათია ოჩიგავამ, ანია ვიშნევსაკაიამ, ასევე ქართველმა მორაგბეებმა დიმიტრი ბასილაიამ და ზურაბ ჟვანიამ.

 

ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი.

„როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან და ამიტომ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიძნელეებში იმყოფება უმაღლესი საბჭო ყოველთვის, ბატონი ავთანდილი ყველაფერს ახერხებს, კარგად მიჰყავს სხდომები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯაში, ფრაქციის – „ქართული ოცნება-აჭარა“ თავმჯდომარე. მან ვერ დაგვისახელა „კარგად ჩატარებული სხდომების“ კონკრეტული შედეგი: „მასე ზეპირად არ ვიცი. გადავხედო უნდა მაშინ.“

მიუხედავად იმისა, რომ გარედან უმაღლესი საბჭო ხშირად ფასდებოდა როგორც „მკვდარი“ ან „კომფორტზე ორიენტირებული“ სახელმწიფო ორგანო, ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელები „ცოცხალზე“ აკეთებენ აქცენტს.

„ამ ოთხ წელიწადში ყველამ დაინახა, როგორი ცოცხალი და ფუნქციური ორგანოა უმაღლესი საბჭო. აქამდე საბჭოს არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ“, – ამბობს ალექსანდრე ჩიტიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

„ბათუმელებს“ არ უცდია დაკავშირება თავად ავთანდილ ბერიძესთან, რადგან ის გასული ოთხი წლის განმავლობაში არიდებდა თავს ჟურნალისტებთან კომუნიკაციას.

რისთვის იყო სასარგებლო, როცა მაცივრიანი ჯიპი, ქოლგა ან სასაფლაოებზე სიარული იუმორისტული შოუების თემად იქცა? – კითხვაზე ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა ასე გვიპასუხა: „თუ დააკვირდებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ასეთი შეცდომები აღარ დაუშვია. საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა. ესეც ხომ გასათვალისწინებელია?“

„ბოლო დროს ჟურნალისტებს არც კი ახსოვთ ავთანდილ ბერიძე. როცა მნიშვნელოვან მოვლენებზე ჟურნალისტებს აღარ უჩნდებათ სურვილი ჩაწერონ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კომენტარი, ეს აჩვენებს, რომ მის მიმართ დაკარგულია ნდობა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობა არის ნული და ამაზე პასუხისმგებლობა უწყების თავმჯდომარესაც ეკისრება“, – ფიქრობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ის კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა აჭარის მაღალმთიანეთში მშენებარე ჰესებით ავთანდილ ბერიძე აქტიურად იყო დაინტერესებული, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა: „შემდეგ მისი რეაქციები იყო ან გაუგებარი, ან საერთოდ არაფერს ამბობდა. ახლა რომც გამოჩნდეს იმ ხეობაში და დაიწყოს პრობლემაზე საუბარი, აღარავინ მოუსმენს“.

„მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დაიშალა, ის კიდევ უფრო ჩაიკეტა. ამან, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მასზე. ეს იყო ალბათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ ჩანდა“, – ასე ხსნის ავთანდილ ბერიძის „პოპულარობის“ კლებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, ფრაქციის – „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი. მისი აზრით, ავთანდილ ბერიძე ვერ შედგა როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ის, ძირითადად, ანგარიშვალებული იყო საკუთარ პარტიასთან და არა საზოგადოებასთან: „ის უფრო „ქართული ოცნების~ თავმჯდომარე იყო და არა – მთლიანად უმაღლესი საბჭოს“.

ჩაკეტილობას საყვედურობს ავთანდილ ბერიძეს ეკა თარგამაძეც, დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „ვერ ვიხსენებ ვერც ერთ კრიზისულ მომენტს და ასეთი არაერთი იყო უმაღლეს საბჭოში, როცა ავთანდილ ბერიძემ მინიმუმ სცადა ოპოზიციასთან დალაპარაკება. ნაცვლად იმისა, რომ ის უნდა იყოს მოვლენების ეპიცენტრში, გარბის. აშკარად ვერ გაათვიცნობიერა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ის ჩაკეტილი იყო მედიისთვისაც. გახსოვთ, მას თავდაპირველად ყოველკვირეულად ბრიფინგი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის, რომელმაც ასევე კარიკატურული ხასიათი მიიღო და რომელმაც, სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა. მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთხელ საჯარო დებატებში, სადაც ეყოლებოდა მოპასუხე, ან დაისმებოდა კრიტიკული კითხვები. მხოლოდ იქ მიდიოდა, თუ პერსონალურად მას მიუძღვნიდნენ გადაცემას და მონოლოგის რეჟიმში ისაუბრებდა.“

ერთ-ერთი ბრიფინგის დროს, ავთანდილ ბერიძემ კატეგორიულად მოითხოვა ჟურნალისტებისგან მისთვის მიემართათ, როგორც „ბატონი ავთანდილი“ და არამც და არამც – „ბატონი ავთო“. სამაგიეროდ, მისმა პრესსამსახურმა ნება დართო ნებისმიერს, ავთანდილ ბერიძისთვის ეწოდებიათ VIP [ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა] ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა ბულვარში, მოძრაობისთვის აკრძალულ ადგილზე გამოჩნდა.

რაზე იყო ორიენტირებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? – კითხვაზე ირაკლი ჯაშმა „ქართული ოცნებიდან“ გვითხრა, სამშობლოზე: „ერთგულია ქვეყნის, წინსვლა აინტერესებს ჩვენი კუთხის“. დაახლოებით იგივე პათოსი ჰქონდა ალეკო ჩიტიშვილსაც და როცა კონკრეტული, გაკეთებული საქმის გახსენება ვთხოვეთ, გვითხრა: „მოსახლეობას ზოგჯერ სხვანაირი წარმოდგენა აქვს უმაღლეს საბჭოზე და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი კანონები მოვიყვანოთ შესაბამისობაში საქართველოს კანონებთან. მთავარი ამოცანაა ბიუჯეტის მიღება და ვისაც არ უნდა უნდოდეს ამის დანახვა – ბიუჯეტი გაორმაგებულია“.

ასლან ჭანიძე სამოქალაქო სექტორიდან დეპუტატებს ახსენებს, რომ მათი მთავარი იარაღი პოლიტიკური ტრიბუნაა, რომელიც არ გამოუყენებიათ: „პოლიტიკის კეთების ნაცვლად ამ გუნდმა ავთანდილ ბერიძის მეთაურობით აჩვენა, რომ ორიენტირებული იყო ძალაუფლების მოხვეჭასა და მის შენარჩუნებაზე. ავთანდილ ბერიძის ძალაუფლება „ქართული ოცნების~ წევრებზეც არ ვრცელდებოდა სრულად. გასაგებია, რომ შეიძლება იგივე ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა პროფესიონალიზმის პრობლემა, მაგრამ მეორეა, რამდენად იზრდები და ითვალისწინებ შენიშვნებს, საზოგადოების ხმას. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მალევე მიიღო ფორმალური ხასიათი“.

„მისი ქმედებებიდან გამომდინარე, სავარძელზე იყო ორიენტირებული. თავიდან მურმან დუმბაძესთან იყო ასოცირებული, მაგრამ მასაც გაემიჯნა, ოღონდაც თანამდებობა შეენარჩუნებინა“, – ამბობს ეკა თარგამაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~. დეპუტატი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას იხსენებს, რომელიც სასამართლომდე მივიდა. აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი კი, ეკა თარგამაძის აზრით, ავთანდილ ბერიძემ ვერც ერთხელ გაბედა: „მე არ მახსენდება მისი კრიტიკული მოსაზრება თუნდაც მთავრობის რომელიმე წევრის საქმიანობაზე, ან ბიუჯეტის შესრულებაზე“.

ოპოზიციონერი სულხან ღლონტი თავმჯდომარის დადებით მხარეზეც – შრომისმოყვარეობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ავთანდილ ბერიძე ყველაზე დიდ დროს ატარებდა სამსახურში და ძალიან პუნქტუალური იყო. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მოსწრება ჰქონდა~.
რა შედეგი მისცა უმაღლეს საბჭოს ამ პუნქტუალობამ? „არ მახსენდება“ – გვიპასუხა დეპუტატმა: „არ ვთვლი ამ თემას ასე მნიშვნელოვნად, რომ ამაზე ვიფიქრო და სერიოზული პასუხები გაგცეთ. ფაქტია, რომ გასული ოთხი წელი ყველაზე მარტივი ეპიზოდი იყო და ეს ყველაფერი მომავალ საბჭოს გამოადგება გამოცდილებად“.

სულხან ღლონტი არ იყო ერთადერთი, ვისაც ავთანდილ ბერიძეზე საუბარი საინტერესოდ არ მოეჩვენა. „აღარ მინდა. თქვით, რომ ინტერვიუ არ მოგეცით“, – გვითხრა, მაგალითად, რესპუბლიკელმა გიორგი მასალკინმა. მან კომენტარი გადაიფიქრა კითხვის -„რომელი ფრაზა დაგამახსოვრდათ ავთანდილ ბერიძის პოლიტიკური შემოქმედებიდან?“ – დასმის შემდეგ.

ვინც დაგვთანხმდა, მათი განწყობაც ასეთი იყო – საუბარი „ქოლგიან კაცზე“? ეგ ხომ უკვე ნანახი კინოა?

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

„გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, 250 და 300 ცხენის ძალის მქონე ოთხი კატერი და ერთი ბუქსირი, რომელიც სამბალიან შტორმში გადის, მას ოდნავი რემონტი ჩაუტარდა, რამაც, ფაქტობრივად, თავისი ძველი სიჩქარე დაუბრუნა და ძალიან კარგ ფორმაშია,“ – ამბობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე.

უკვე მეორე წელია სამაშველოს სკუტერები და კატერები გამოძახებებზე იახტკლუბიდან აღარ გადიან, ნაცვლად ამისა, სწრაფმავალი მცურავი საშუალებები მონაკვეთების მიხედვით არიან ზღვაში განლაგებული. ეს, მაშველების თქმით, უფრო ოპერატიულად მუშაობის საშუალებას იძლევა. „ერთი მცურავი საშუალება გონიოშია მოთავსებული – იგი აკონტროლებს გონიოსა და კვარიათს. ახალ ბულვარში ცალკე მცურავი საშუალება გვაქვს, რომელიც ნაპირიდან სამ მეტრში, სპეციალურ სამაგრზე იქნება მიმაგრებული, იქედან გავა და გააკონტროლებს ახალ ბულვარს, ცალკე მცურავი საშუალება ექნება ძველ ბულვარსა და ბენზე-ბარცხანას, ქობულეთს კი ორი სკუტერი გააკონტროლებს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით განთავსებულ საგუშაგო კოშკებში, რომლებიც ერთმანეთისგან 170-200 მეტრის დაშორებით არის განთავსებული, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ორი მაშველი მორიგეობს. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, ადამიანი, რომელიც იხრჩობა, აგრესიულია და შეიძლება მაშველიც დაძიროს, ამიტომ, როგორც წესი, მის გადასარჩენად ერთი ადამიანი არასდროს შედის.

მაშველებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ ყურადღების მოდუნება კითხვით, გასართობი თამაშებითა თუ სხვა საქმიანობით.
საზღვაო მიმართულების მაშველები წელსაც კონკურსის წესით შეარჩიეს. კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსანტების ისტორიის შესწავლა იყო. „როცა პოლიციის სისტემაში მოდის ადამიანი, მას საფუძვლიანად სწავლობენ, არ უნდა იყოს ნასამართლევი, არ უნდა ჰქონდეს საპროცესო, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმები და ა.შ.“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

კონკურსის მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კანდიდატების ფიზიკური შემოწმებაა. ნორმატივები, რომელთა ჩაბარებაც მაშველებს მოუხდათ – 100 მეტრის მაქსიმუმ 3 წუთში გაცურვას გულისხმობდა. „ეტაპობრივად გავატარეთ შემოწმებაზე 135 ადამიანი, ჯერ პირველი ოცეული გავატარეთ, მათ, ვისაც ამ ოცეულში წუთები არ ეყო (გადაამეტეს სამი ან ხუთი წამი), მივეცით საშუალება მომზადებულიყვნენ და მეორე ოცეულთან მოსულიყვნენ, ანუ შანსი ყველას მივეცით,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველის სტატუსის მოპოვებამდე მათ გაიარეს პირველადი დახმარების კურსი და ტრენინგი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, 135 მაშველთაგან დაახლოებით 100 აჭარის სამაშველო სამსახურში უკვე სამი-ოთხი წელია სეზონურად მუშაობს. საზღვაო მიმართულების მაშველის სამსახურში ასაკი შეზღუდული არ არის. „მათ შორის არიან 50 წლის ადამიანებიც, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და მათზე ახალგაზრდებზე უკეთ ცურავენ. 60 წლის კაცი ჩვენთან არ მოვა სამუშაოდ და 50 წლამდე არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მიმართულების მაშველის სამსახურზე გენდერული შეზღუდვა არ არის, წელსაც ყველა მაშველი კაცია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, ამ სამუშაოზე ქალებს განაცხადები არ შეუტანიათ. „დღეს მოთხოვნაც არ არის ქალების მხრიდან ამ პროფესიაზე, ისეთი მომზადებული ქალი ჩვენ არ გვყავს, რომ მაშველებად ვამუშაოთ. როცა ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, რეკლამაზე ვერ იმუშავებ“, – ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, შეზღუდვა ქალ მაშველებზე არსად არის გაწერილი და თუ ქალი კანდიდატი დააკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს და ექნება შესაბამისი სპორტული მონაცემები, ის შეძლებს მაშველად მუშაობას.

მოქალაქისთვის მზის დაკვრის შემთხვევაში ჰაერის უკმარისობისას, ღია ჭრილობაზე და სხვა, შედარებით უფრო მსუბუქ დაზიანებებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მაშველებსაც შეუძლიათ. მაგრამ მძიმე ტრავმებსა და გართულებებზე დამსვენებლებისთვის დახმარების აღმოჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პრეროგატივაა.

„ბათუმის სანაპიროზე შვიდი ივნისიდან მუდმივად მორიგეობს ერთი ბრიგადა [ექიმი, ექთანი და მძღოლი]“ – ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, როცა ბრიგადა გამოძახებაზეა გასული, დამსვენებლებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს ექთანი, რომელიც შაუმიანის ქუჩის დასაწყისში [პლაჟთან] განთავსებულ ბეტონის სამაშველო-სახანძრო კოშკურაში იქნება მუდმივად მობილიზებული.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბადრი პაქსაძისავე განმარტებით, გონიო-სარფის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, ივლისიდან დაემატება კიდევ ერთი ბრიგადა. „ახლა არ არის დიდი დატვირთვა და ეს ერთი ბრიგადა ემსახურება სანაპიროს,“ – ამბობს ის.

როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, სანაპიროზე შესაძლოა მაშველების რაოდენობაც გაიზარდოს. „მაგალითად, ციხისძირში გაიხსნა ახალი დიდი სასტუმრო კომპლექსი, რაც სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს და ამიტომ ციხისძირში რამდენიმე მაშველი დავამატეთ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველები ამინდის ცვლასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს რაციის მეშვეობით იღებენ, თუ რაციით კავშირი გაწყდა – კორპორაციული ტელეფონებით. აქედან გამომდინარე იცვლება ალმებიც საგუშაგოზე: წითელი ალამი ნიშნავს, რომ წყალში შესვლა სარისკოა, თეთრი ალამი კი მიანიშნებს, რომ ბანაობა დაშვებულია.

ზღვაში ბანაობასთან დაკავშირებით, სამაშველო სამსახურის მთავარი რეკომენდაცია უცვლელია – დაუშვებელია ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში.

უსკო – მორიგ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.

კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატად კონკურსში სულ შვიდი პირი დარეგისტრირდა. მათ შორისაა აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია:

1. ბერიძე მურად;
2. დავითაძე ოთარ;
3. დიასამიძე ნერიმან;
4. იაკობაძე ზებურ;
5. მამულაძე ვლადიმერ;
6. ფარტენაძე დავით;
7. ჯალაღონია პარმენ.

ოცი პირი დარეგისტრირდა, უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატად.

კონკურსზე რეგისტრაციის დამთავრებიდან  არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში კომისია უსკოს თავმჯდომარეობის  ორ კანდიდატს და წევრობის სამ კანდიდატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს წარუდგენს,  ხოლო არჩილ ხაბაძე, წარდგენილი კანდიდატებიდან უსკოს თავმჯდომარეობის ერთ კანდიდატს და  წევრობის ორ კანდიდატს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

 

ბათუმში, რაგბის მოედანზე, მწვანე საფარს აგებენ [ფოტო]

ბათუმის მშენებარე სარაგბო სტადიონის მთავარ მოედანზე ბუნებრივ მწვანე საფარს აგებენ. უკვე დასრულებულია ხელოვნური საფარის დაგება ერთ-ერთ მოედანზე. მესამე, შედარებით პატარა მოედანი კი ქვიშისსაფარიანი იქნება.

ბათუმის სარაგბო სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ერთ-ერთ მოედანზე ხელოვნური საფარი ფაქტობრივად დაგებულია
ერთ-ერთ მოედანზე ხელოვნური საფარი, ფაქტობრივად, დაგებულია
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა.

გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

ამავე თემაზე იხილეთ:

გონიოელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან 

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა 

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

 ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

„ხოფის ბაზრობა“ – ვაჭრობა სანთლის შუქზე [ფოტო]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის ერთ ნაწილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მესამე დღეა შუქი სამუშაო საათებში ფაქტობრივად არ მიეწოდება.

ამავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში კი მოვაჭრეების ნაწილი სანთლის შუქზე მუშაობს, ნაწილს კი გაზის ლამპები უნთია. აღმაშენებლის ქუჩის ამ ნაწილში სავაჭრო ობიექტების მფლობელები გენერატორებსაც ამუშავებენ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, 23 ივნისის საღამოს 6 საათის შემდეგ აღდგება.

IMG_20160623_151509IMG_20160623_151501IMG_20160623_151550IMG_20160623_151407IMG_20160623_151421IMG_20160623_152706

რაში იყენებს მერია 215 ვიდეოთვალს ბათუმის ქუჩებში

რაში იყენებს ბათუმის მერია ვიდეო სათვალთვალო კამერებს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2014 წელს ზუსტად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა? – შეკითხვაზე პასუხი მერიაში არ აქვთ, არც – საკრებულოში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი ერმაკოვის ხელწერით „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მიიღო.

ვიდეო სათვალთვალო კამერები ბათუმის მუნიციპალიტეტმა ძირითადად იმ მიზნით შეიძინა, რომ მუნიციპალური ქონება დაიცვას. კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მერია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას – რის დაცვა მოხერხდა, რამდენი დანაშაული გაიხსნა, ვის აქვს წვდომა ამ მონაცემზე, როგორ მუშავდება ჩანაწერები, დაცულია თუ არა მისი უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ინფორმაცია ამ თემაზე ვერც საკრებულოს წევრებს აქვთ.

„რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ამ საკითხზე მერს“, – გვიყვება საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ირაკლი ჩავლეიშვილი: „ტერნოპოლში თავად მაქვს ნანახი, როგორ იყენებენ ვიდეოთვალს და რადმენად იოლია მართვის გაუმჯობესება ამ გზით. ტერნოპოლში ვიდეოთვალით კონტროლდება ქალაქის დასუფთავება, კომუნალური სერვისები. თავის დროზე ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევისყიდეთ ეს კამერები“.

შესყიდვამდე რატომ არ იყო გათვლილი, რა ფორმით და კონკრეტულად რა მიზნით გამოიყენებდა მერია ვიდეოკამერებს? – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს: „ეს შეკითხვები მერიის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. არ ვიცი, რატომ ვერ ახერხებს მერია ამ კამერების გამოყენებას“.

მან საუბრის დროს გვითხრა ისიც, რომ ძვირადღირებული კამერების ნაწილი არც მუშაობს: „რამდენიმე დღის წინ ბათუმის საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ვიცით, რომ მერიის კამერებს საჭიროების შემთხვევაში პატრულიც იყენებს, როცა ავარია ხდება, მაგალითად. პატრულის წარმომადგენელმა იმ შეხვედრაზე თქვა, რომ კამერების ნაწილი აღარ მუშაობს. რატომ – არ ვიცი“.

„თუკი ამ კამერებს იყენებს მხოლოდ პოლიცია, მომხრე ვარ, გადავცეთ იგი პოლიციას“, – მოითხოვს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე. მისთვის გაუგებარია, რისთვის დაიხარჯა რესურსი – მილიონი ლარი. 2015 წელს საკრებულოს კამერების მუშაობის ხარჯისთვის დამატებით კიდევ დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოუყვია. „ჩვენ გასული წლის 3 აპრილში მივმართეთ მერიას, რომ გაგვეგო, ვის აქვს წვდომა ვიდეოკამერიდან მიღებულ ინფორმაციაზე. მივიღეთ პასუხი, რომ 6 აპრილს გიორგი ერმაკოვის ბრძანებით მერიის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების უფროსს, გიორგი ყენიას მიენიჭა ამ ინფორმაციაზე წვდომის და დაშვების უფლებამოსილება. გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი 215 კამერის მონაცემს ამუშავებდეს, თან ის განყოფილების უფროსია და თავისი საქმე აქვს“, – განმარტავს კობა ჩხეიძე.

ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო
ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო

„აღნიშნული ვიდეოკამერების ფუნქციონირება ხდება ბათუმის მერიის შესაბამისი დანაყოფის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ასე უპასუხა გიორგი ერმაკოვმა ჩვენს წერილობით კითხვას – როგორ რეგულირდება ვიდეოკამერების მუშაობა?
„ეს უნდა იყოს გაწერილი შიდა უწყებრივ დოკუმენტში. თითოეული ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს როგორც ორგანიზაციული, ისე ტექნიკური ზომები უსაფრთხოების დაცვისთვის. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება მიიღოს პასუხი კითხვებზე: შესაძლებელია თუ არა ამ ჩანაწერების პირადი მიზნებისთვის გადაწერა, აძლევენ თუ არა ამ ჩანაწერებს მესამე პირს და რა საფუძვლით აძლევენ, რა ვადით ინახება ჩანაწერები. მხოლოდ ის, რომ მერია მუნიციპალური ქონების დაცვას ცდილობს და აქვს ლეგიტიმური მიზანი, არ არის საკმარისი“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ოთარ ჩახუნაშვილი.

საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე არ გამორიცხავს რისკს, რომ კამერებს შესაძლოა უკანონო თვალთვალისთვის იყენებდნენ. ამის პირობას რეგულაციის არარსებობაში ხედავს: „ვვარაუდობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ეს კამერები, რომ ადამიანს ან ავტომობილს გასდიოს, უთვალთვალოს ქუჩის დასაწყისიდან – ბოლომდე“.

„ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი და რეგულაციის გარეშე დარჩენილი 215 კამერიდან უკანონო თვალთვალის საფრთხეს ვერ ხედავს: „თუ ვინმეს უკანონო თვალთვალი უნდა, ამას ისედაც მოახერხებს, იმდენი საშუალებაა ამისთვის. როცა ადამიანი ქუჩაში გადაადგილდება და კამერაში ფიქსირდება, ეს რატომ წარმოადგენს საშიშროებას, არ მესმის“.

ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო
ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო

ბათუმის მუნიციპალიტეტს ზუსტად მილიონ ლარად 215 ვიდეოკამერა 2014 წლის 20 ოქტომბერს მიაწოდა კომპანია „დელტა კომმა“. თითოეულ ვიდეოკამერაში მერიამ 1306,77 ლარი გადაიხადა. ამას დაემატა შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა.

ბათუმის მერიამ გასულ წელს ვიდეო სათვალთვალო კამერებთან საცნობარო ნიშნები განათავსა, თუმცა თავად მერიის შენობაზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, მიმაგრებულია ვიდეოთვალი, რომელსაც არ ახლავს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანი: „ვიდეოკონტროლი“.

სისტემა, რომელიც აფერხებს ქალაქს

კორპუსები ეზოების, 80-100-ბინიანი სახლები პარკინგისა და გამწვანების გარეშე – ეს არის ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანერგა და მოქმედმა ზედმიწევნით აითვისა. მოიმატა ავტომანქანების რაოდენობამაც და ასე თანდათან ბათუმი იქცა „საცობების“ ქალაქად. მალე, როდესაც ახალაშენებულ თუ მშენებარე ბინებში ადამიანები დასახლდებიან, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება გადაადგილება. ინფორმაცია, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა დაკავშირებულია მენაშენეებსა და აჭარისა თუ ბათუმის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებთან, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მსჯელობის საგანია – ამის მტკიცებულება, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #17-ში, ერთი პატარა, ორსართულიანი სახლის ადგილზე 6-სართულიანი კორპუსი შენდება. ეს კორპუსი ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობიდან ორ კვარტალში, „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციის შენობის გვერდით მდებარეობს. სახლს, რომლის ეზოს მხარეს ერთი კვადრატული მეტრი შავი კარკასი 800 ამერიკული დოლარი ღირს, ხოლო ქუჩის მხარეს – 1000 დოლარი, არც ავტომანქანებისთვის განკუთვნილი პარკინგი აქვს და არც ეზო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მობინადრეს ავტომანქანა გაეჩერებინა.

15-სართულიან სახლს, რომელიც, მაგალითად, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში შენდება და რომელშიც სავარაუდოდ 80-100 ბინა მაინც იქნება, ავტომანქანების გასაჩერებლად მხოლოდ 11 ადგილი აქვს გამოყოფილი;

გორგილაძის ქუჩის 28 ნომერში აშენებული თუ მშენებარე სამი კორპუსიდან [5-5-7-სართულიანი კორპუსებია], არც ერთში არ არის გათვალისწინებული ადგილი ავტომანქანების გასაჩერებლად. ამ სახლებს ისეთი ერთი საერთო შესასვლელი და ეზო აქვს, ორი ან სამი მეზობელი ძლივს რომ აუქცევს გვერდს. ეს მშენებლობაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან 3 კვარტალში მდებარეობს.
მელიქიშვილის ქუჩაზე, #43-ში თავდაპირველად აშენებულ უზარმაზარ კორპუსს მართალია აქვს საკუთარი პარკინგი კორპუსის სივრცეში, მაგრამ იმავე მისამართზე არანაკლებ დიდი ზომის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ სამშენებლო ღობე აქვს შემოვლებული [სხვათა შორის, ქუჩის ამ მონაკვეთზე ტროტუარი წლებია გადაკეტილია და ფეხითმოსიარულეებს მანქანების ნაკადში უწევთ მოძრაობა – ავტ] ასევე პარკინგის გარეშეა.

ეს ის მისამართებია, რომლებიც „გაზეთმა ბათუმელებმა“ გასულ კვირას იმ ნიშნით შეარჩია და გადაამოწმა, რომ ყველა მათგანი ბათუმის მერიასთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ქალაქის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, სავარაუდოდ, ყოველ დღეს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხედავდეს ამ მშენებლობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, პარკინგის გარეშე, ანუ სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.

რას აკეთებს ასეთ სიტუაციაში ბათუმის მერიის ზედამხედველი ორგანო – ბათუმის საკრებულო? – ამ ორგანოში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი მიდგომა „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს“. გასულ კვირას უკვე მეორედ შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სცადა ემსჯელა, რა ეშველება ბათუმს ტურისტულ სეზონზე, როცა ახლაც კი დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ავტომანქანით გადაადგილება. ლაშა სირაბიძე _ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამავდროულად ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ `საცობების~ პრობლემა მხოლოდ ავტომანქანების ჭარბი რაოდენობით არის გამოწვეული. მას არაფრის გაგონება არ სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში შენდება კორპუსები, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილები, ან აქვთ, მაგრამ შენობის მასშტაბებთან შედარებით მინიმალურია, ან კიდევ პროექტით გათვალისწინებული პარკინგი სხვა დანიშნულებით – საწყობად თუ სავაჭრო ობიექტად გამოიყენება.

ლაშა სირაბიძე დაჟინებით აცხადებს, რომ პარკინგის გარეშე სამშენებლო ნებართვები მხოლოდ წინა ხელისუფლების პირობებში გაიცემოდა და აქედან მომდინარე კორუფციაც მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს იყო.

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ - ფოტო ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტიდან.
„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ – ფოტო ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტიდან.

ლაშა სირაბიძის ხედვით „საცობების“ პრობლემა დიდწილად მოიხსნება, თუ გორგილაძის ქუჩაზე ავტომანქანები ცალხმრივად იმოძრავებს, რასაც „სპონტანურ გადაწყვეტილებად“ აფასებს ამავე სამუშაო ჯგუფის წევრი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი ზურაბ გვარიშვილი. „ბათუმელებთან“ კერძო საუბარში ოფიცერი ამბობს, რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია და უკავშირდება როგორც პარკინგების, ისე ეზოების უქონლობას ახალაშენებულ კორპუსებში.

ამ საქმის ბევრი მცოდნე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, თუ ბათუმის საკრებულოს „დადგენილება #50-ში“ გაჩნდება ჩანაწერი სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს პარკინგისთვის ადეკვატური ზომის ადგილის გამოყოფაზე. ამ ჩანაწერის არარსებობის გამო მენაშენეები ზუსტად იმდენ ფართობს ტოვებენ პარკინგისთვის, რამდენიც მათთვის არის მისაღები და არა იმდენს, რამდენის საჭიროებაც არსებობს.

გარდა ამისა, ბათუმისთვის განსაკუთრებული მოვლენაა „K2-ის სინდრომი“, რომლის გამოყენებითაც, გარდა ძველი ბათუმისა, ქალაქის ნებისმიერ მონაკვეთში იმ სიმაღლის კორპუსის აშენება შეიძლება, რამდენსაც მენაშენე მოისურვებს. ცხადია, ამ მენაშენეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემდე, რომელიც მოამზადებს სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისა და ინვესტიციის მოზიდვის საფარქვეშ, შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლების მიცემაზე. არჩილ ხაბაძის სარეკომენდაციო წერილებს მერიაში, როგორც წესი, ყოველთვის აკმაყოფილებენ. შედეგად ქალაში, სადაც ადრე ერთი ორსართულიანი სახლი იდგა პატარა ეზოთი, ჩნდება 8 ან 10-სართულიანი კორპუსი ყოველგვარი ეზოსა და მწვანე ნარგავის გარეშე.

იმავე „დადგენილება #50“-ში წერია, რომ რეკრიაციულ ზონაში, ანუ ქალაქის მწვანე მონაკვეთებში ასევე შეიძლება მშენებლობის წარმოება, მაგალითად, სასტუმროს, ეკლესიის ან სხვა კომერციული ტიპის დაწესებულების აშენება. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი და ამჟამად უბრალოდ არქიტექტორი გია რამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ სათანადოდ არ იქნა დაცული რეკრიაციული ზონები, 10 წლის შემდეგ შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას ბათუმში, როგორიც დაახლოებით 10 წლის წინ იყო მეზობელი სახელმწიფოს ქალაქ ტრაპზონში, როდესაც მუნიციპალიტეტმა კერძო მესაკუთრეებისგან დაიწყო სახლების შესყიდვა სკვერების გასაშენებლად – რადგან ტრაბზონში მაშინ არც ერთი ძირი ხე არ იდგა.

Untitled

ბოლო აღწერის მონაცემებით, ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის 153 ათასს აღწევს.

ამ თემაზე მოსაზრება „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილსაც სთხოვა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი:

გორგილაძის ქუჩის ცალმხრივობა შეღავათს მოგვცემს, რადგან ძირითადი დატვირთვა ტურისტულ სეზონზე მოდის რუსთაველისა და ასევე გორგილაძის ქუჩებზე. მაგას დაემატება მოპირკეთებული პუშკინის ქუჩა, რომელიც სრული დატვირთვით მალე ამუშავდება და ბაგრატიონის ქუჩა – პროექტი, რომელიც წელს სრულდება. ვფიქრობ, ასე ბათუმის დიდი ნაწილი განიტვირთება… სხვა გამოსავალი მე ამ ეტაპზე არ ვიცი.

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი
ვფიქრობ, ბარაკები თუ უსახური შენობები უნდა ჩანაცვლდეს კორპუსებით, ხალხი დასაქმდა და ეს მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვქონდეს რეგულაციები, რაც იქნება ქალაქის იერ-სახესთან შესაბამისობაში. რეგულაციები არის გადასახედი და მოსაწესრიგებელი – ეს ქალაქი არ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ყოველ შემთხვევაში არის საკითხები, რაც ჩვენი გამოსასწორებელია და ამაზე უახლეს ხანში აუცილებლად ვიმსჯელებთ.

კიდევ ერთ პრობლემად განიხილება K2-ის საკითხი – თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ K2 უნდა გასცეს თვითმმართველობამ, მაგრამ წინა მოწვევის საკრებულომ გადასცა ეს უფლება აჭარის მთავრობას. ოპოზიცია ახლა ითხოვს, რომ ეს უფლება დაიბრუნოს მუნიციპალიტეტმა… მაგრამ მე მოვაწერ სარეკომენდაციო წერილს ხელს თუ ხაბაძე, ამით რა შეიცვლება? არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ, ზოგადად, მიდგომა არ შეიცვალა.

რადგან მშენებლობა ქაოტურია, სიმაღლეები ვერ რეგულირდება, ამიტომ საჭიროა სტანდარტული ფორმა და ზომა მივიღოთ. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ ზონაში, მხოლოდ X-სართულიანი სახლის აშენება შეიძლება. როგორც ძველ ბათუმშია – არის 15 მეტრი და მორჩა. აი, ისე უნდა დაიყოს ქალაქი ზონებად და განისაზღვროს, სად რა სიმაღლის მშენებლობა იქნება შესაძლებელი. 15 მეტრში გინდა 9 სართული ააშენე, გინდა – 5. იმის იქეთ ვერც არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, ვერც მე და ვერც ვერავინ.

სიმაღლე კვარტალების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რაღაც მსგავსია მოსაფიქრებელი, რაზეც ახლა ვიწყებთ მუშაობას და იმ თვეს არ გადავაცილებთ, რომ შესაბამისი სტანდარტი არ დავადგინოთ. ყოველ შემთხვევაში, ზომებს შემოვიღებთ, ასე ქაოტურად რომ არ მივიღოთ სიმაღლეები. ჩვენი მოწვევის საკრებულო აუცილებლად მიიღებს მაგ რეგულაციებს. ამიტომაც არ ვჩქარობ კ2-ის წამოღებას…

რაც შეეხება პარკინგს – რამდენადაც არქიტექტურის სამსახურისგან ვიცი, ისინი პარკინგის გარეშე ნებართვას არ გასცემენ, ან ეზო უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ არ სჭირდებოდეს მიწისქვეშა პარკინგი. მაგრამ რამდენად საკმარისია ეგ სივრცე, ან რა დანიშნულებით გამოიყენება საპარკინგე ტერიტორია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამას ზედამხედველობა უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუ 15-სართულიან სახლს 11 ავტომანქანის გასაჩერებელი აქვს. მინიმუმ 30 მაინც უნდა იყოს.
პარკირება არ უნდა იყოს კეთილი ნების საკითხი. შეგიძლიათ გააშუქოთ, რომ აუცილებლად მოვიკითხავ მაგ საკითხს და თუ რაიმე რეგულაცია იქნება მისაღები, აუცილებლად დავინტერესდები. ამ იდეის ინიცირებას პირადად მე მოვახდენ საკრებულოში. ვიფიქრებ, რაღაც ცვლილებებს მაგ მიმართულებით მოვიფიქრებთ…

რეკრიაციულ ზონებთან დაკავშირებით კი ერთი რამ ვიცი ზუსტად – ქალაქს ჟანგბადი რომ ჰქონდეს, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ – სკვერს ვაკეთებთ ხელოვნების ინსტიტუტის უკან, ლერმონტოვის ქუჩაზე გავაკეთეთ კარგი სკვერი. მაგრამ, ჩემი აზრით, ქალაქში არსებული რეკრიაციული ზონები არის გადასახედი, ერთგვარი ინვენტარიზაციაა ჩასატარებელი. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია იყოს სასტუმრო, ვიდრე რეკრიაციული ზონა, მაგალითად, აეროპორტის გზაზე არსებულ რეკრიაციულ სამკუთხედს ვგულისხმობ, სადაც ახლა ინვესტორი 50 მილიონს ხარჯავს. ვფიქრობ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

ჩვენ წელს ვაპირებთ რეკრიაციული ზონების გადახედვას – ამას დიდი ფული არ სჭირდება, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება, რას მიენიჭოს სკვერის სტატუსი და რას – არა.

საცობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. თორნიკე თავაძის ფოტო
საცობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, დენის მიწოდებას მალევე აღადგენენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 700-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია აღმაშენებლის ქუჩაზეც. მათ ელექტროენერგიას საღამოს 6 საათის შემდეგ ჩაურთავენ.

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა?

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ციალა ქათამიძე, რომელიც სასამართლო უწყების გარეშე ვერ გამოცხადდებოდა. ის მომხდარის თვითმხილველია და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე, რომელიც სასამართლოში გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის ინტერესებს იცავს.

გუშინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი  [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული კოდექსისი 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

იასონ პაქსაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინვე [22 ივნისს] ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლა. გურამ მიქელაძე და ენვერ ირემაძე კი, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. დღეს სწორედ მათ საქმეს განიხილავდა მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სასამართლო სხდომა 28 ივნისისთვის გადაიდო.

219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის

ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება.

პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს სთავაზობს.

როგორც „ბათუმელებს“ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მარინა რუხაძემ უთხრა, წელს ომის ვეტერანები აღნიშნულ პროგრამაში პირველად მოხვდნენ, თუმცა ამ დროისათვის ვეტერანებს რეგისტრაციაში აქტიურობა არ გამოუჩენიათ.

„მათი ჩართვა პილოტური სახით ხორციელდება წელს, ვეტერანთა სამსახურის მომართვის საფუძველზე. იმედი გვაქვს ვეტერანთა აქტივობა გაიზრდება, ამ ეტაპზე  განაცხადია შემოსული, თუ გავითვალისწინებთ თანმხლებ პირს არის 230. სულ თანმხლები პირების ჩათვლით, გათვალისწინებულია 362 ბენეფიციარი“, -ამბობს მარინა რუხაძე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში. მის. ლუკა ასათიანის ქ. N25. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 24 63 02. 

ბრალდებული, რომელიც პოლიციას გაექცა, პოლიციას ჩაბარდა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც პოლიციას სამი დღის წინ ავტომანქანიდან გაექცა, 22 ივნისს სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ლერი შ. რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციამ 20 ივნისს დააკავა, თუმცა იმავე დღეს ის სამართალდამცავებს მანქანიდან იმ დროს გაექცა, როცა სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ლერი შ-მ დანით დაჭრა – გია ბ.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. „აღნიშნული პირი დაკავებულია 19-108 და 379-ე მუხლებით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

სს კოდექსის 19-108 მუხლები – მკვლელობის მცდელობას, ხოლო 379-ე მუხლი – დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს.

 

აჭარაში გაზის მიწოდება 24 ივნისს დილიდან შეწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აჭარაში მიმდინარე წლის 24 ივნისს დილის 6 საათიდან შეწყდება.

24-27 ივნისს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის   მიწოდება ყველა მომხმარებელს შეუწყდება.

რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯია გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება.

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო.

„მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… ახლა ეს სასაცილოა, მაგრამ ასე მეჩვენებოდა“, – ამბობს ნინო, რომელიც ბათუმის მეათე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნობის კანდიდატი მოსწავლეა. მისი თქმით, ყველაზე მეტად სიახლეები და განვითარება უყვარს, მიზნისკენ სწრაფვის პროცესი, თავისი დაძაბულობისა და სტრესულობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მოსწონს. გამოცდების წარმატებით დამთავრების შედეგ უკან მოხედვისას ამას მიხვდა: „ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო… ახლა უკვე სხვა მიზანია, ისევ თავიდან უნდა დაიწყოს ეს გზა და მიზანი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს სიხარული დიდ ხანს არ გეყოფა“.

გარდა მაღალი მოსწრებისა, ნინო სკოლაში აქტიურ ცხოვრებას ეწევა – ჩართულია სასკოლო კლუბების სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსში და ახალ-ახალ გამოწვევებს ეძებს. იგი მეგობრებთან ერთად გამოცდების პარალელურად ლიტერატურულ კონკურსშიც მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც ნინო ამბობს, წარმოდგენა, რომ ფრიადოსანი მოსწავლეების ცხოვრება ნაცრისფერია და „წიგნის ჭიად“ ყოფნას ნიშნავს, სრულიად მცდარია:

„რა თქმა უნდა, გამოცდების პერიოდში, არც მე და არც ჩემს მეგობრებს ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ მანამდეც და მაშინაც კი ვპოულობდით დროს გართობისთვის, სიახლეების ძიებისთვის. არ მახსენდება, როდესმე მეგობრებისთვის მეთქვას ვერ წამოვალ, სამეცადინო მაქვს-მეთქი. ჩვენ ორივეს ვათავსებთ. ამის გამო ღამეც გამითენებია, დაბრუნებულს რომ მემეცადინა… მიუხედავად იმისა, რომ დიდად არასდროს ვყოფილვარ ინიციატორი, შატალოზეც წავსულვარ“, – ამბობს ნინო და დასძენს, „შესაძლებლობა რომ მქონოდა, შეიძლება ცოტა კიდევ უფრო გიჟური ვყოფილიყავი“. ამბობს, რომ ბევრი რამ უცდია – ზოგი მოეწონა, ზოგ შემთხვევაში მიხვდა, რომ მისთვის არ იყო, მაგრამ მცდელობად ყველაფერი ღირდა.

„ბევრი რამ მომწონდა, მასწავლებლობაც მინდოდა და კიდევ ბევრი სხვა. იყო პერიოდი, ჟურნალისტიკით ვიყავი გატაცებული, მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე ცოცხალი, აქტიური და განვითარებადი, სიახლეებით აღსავსე პროფესია“, – იხსენებს ნინო და ამბობს, რომ ჟურნალისტიკის კურსებზეც ჩაეწერა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ან ზედმეტად დიდი მოლოდინი ჰქონდა, ან ამ კურსებმა შესაბამისად ვერ აჩვენა ეს პროფესია: „ალბათ ბავშვურად მეგონა რეპორტაჟებს მოვამზადებდით, ამბების გასაშუქებლად გაგვიშვებდნენ… სინამდვილეში ჟურნალისტიკაზე თეორიული საკითხების სწავლა დავიწყეთ და ცოტა რუტინულად მომეჩვენა. ჩავთვალე, რომ ალბათ ეს არ არის ჩემი საქმე“.

ნინოს პროფესია დღემდე არ აქვს არჩეული. ამბობს, რომ იურისტობა მოსწონს, მაგრამ ორი მომენტი აყოვნებს. პირველი, რასაც საკუთარ თავთან კონფლიქტში შეჰყავს იმის გააზრებაა, რომ იურისტს მოუწევს თუნდაც დამნაშავე დაიცვას და გაამართლოს. რაც შეეხება მეორეს, აქ კვლავ განვითარების შესაძლებლობაზე ფიქრობს: „არ ვიცი, ვთქვათ და ჩავაბარე იურიდიულზე, იქნებ ისიც ისეთივე ან უარესად რუტინული აღმოჩნდეს, როგორც ჟურნალისტიკა მომეჩვენა?! ან ვთქვათ დავასრულე ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა, დოქტორანტურა… მერე?!“

გამოცდებზე საუბრისას ნინო ამბობს, რომ აქ გამართლება და ცოდნა სადღაც 50/50-ია. მისი თქმით, შესაძლოა ეს გამოცდები ცოდნასაც ამოწმებს, მაგრამ ამასთან ერთად, უფრო სტრესულ მდგომარეობაში მობილიზების უნარები მოწმდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მანამდეც გვქონდა გამოცდები. ალბათ, ასე რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომ მგონია, რომ აჯობებს თუ თავიდანვე მივეჩვევით. მგონი გამოცდების ცუდი შედეგებიც ამ მიზეზით დგება ხოლმე“, – აღნიშნავს ნინო.

მას საკუთარი მოსაზრება აქვს პროფილურ სწავლებაზეც. „საერთოდ მგონია, რომ საშუალო საფეხური [X, XI და XII კლასები] პროფილური სწავლება უნდა იყოს. არ შეიძლება თავს მოვახვიოთ ზედმეტი საგნები. მაგალითად, მე უფრო ჰუმანიტარი ვარ და თუნდაც ის საგნები, რაც ახლა ჩავაბარე, საბაზო საფეხურის შემდეგ რომ მესწავლა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. აჯობებდა ჰუმანიტარული მიმართულებით უფრო დიდი დატვირთვით მემუშავა – იმაზე, რაც მაინტერესებს“, _ მსჯელობს 17 წლის ბათუმელი მოსწავლე და დასძენს, რომ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას სკოლის ლიტერატურული კლუბის მეშვეობით ცდილობდა. კლუბის ფარგლებში რამდენიმეჯერ საზაფხულო ბანაკ „ლიტერატურლ ქალაქშიც“ ყოფილა.

საერთო ჯამში, სკოლით და მასწავლებლებით კმაყოფილია. ამბობს, რომ მასწავლებლები მას და თანაკლასელებს დამატებით უსასყიდლოდ ამეცადინებდნენ და წინასაგამოცდო პერიოდში, სკოლიდან ღამითაც წასულან: „მეამაყება, რომ ჩვენ სკოლაში წელს არც მეთორმეტეკლასელთა და არც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე არავინ ჩაჭრილა. ჩვენთან სხვასაც აქვს ძალიან კარგი ქულები და არ ჩამითვლია, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემი შედეგები“, – ამბობს ნინო და იხსენებს, რომ გამოცდის დღეს მეგობრები სწორედ იმ დერეფანში, რომელიც მისტიურ გვირაბად ეჩვენებოდა, მეცადინეობდნენ, ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ, გამოცდიდან გამოსულები კითხვებს სვამდნენ, რომლებიც უცხოდ ან გაუგებრად ეჩვენათ, რომ შემდეგი შემსვლელი მომზადებული ყოფილიყო: „ამოხსნის პრინციპს ვეძებდით, რომ სწრაფად გაეკეთებინა შემდეგს“.

ნინოს საყვარელ გასართობთა სიაში ეზოში „წრეში ბურთის“, „კლასობანას“ და „შვიდ ქვობანას“ თამაში, წიგნების კითხვა და სიახლეების ძიება დაუგროვდა, ახლა უკვე აბიტურიენტობისთვის ემზადება. მანამდე კი ფიქრობს, კიდევ ერთხელ ხომ არ სცადოს ჟურნალისტიკის გაცნობა, მას ხომ პროფესია აქვს ასარჩევი – ენერგიული, დინამიკური და საინტერესო.

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებმა საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია გამართეს.
14 წლის მოზარდი 26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

აქცია ხელვაჩაურში
აქცია ხელვაჩაურში

ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

გონიოელების აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დღეს 3 პირი დააკავეს, ამათაგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მესამე დაკავებული კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ საქმის წარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა. დაკავებულებს სამართლებრივ მხარდაჭერას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევდა.

აქციის მონაწილე იასონ პაქსაძე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე კარვის აღება მოსთხოვა და ლეიბები წაართვა. ვიდრე პოლიცია კიდევ ორ პირს დააკავებდა, აქციაზე გამოჩნდნენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი.

საკრებულოს წევრებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კომისია კვირის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ვერ გასცეს შეკითხვას პასუხი – რის გამო ვერ მოახერხა კომისიამ შეკრება და რატომ ვერ შეასრულა დანაპირები საკრებულომ? როგორც ცნობილია, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაპირდა გონიოელებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია 21 ივნისს მიიღებდა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა ასევე მედეა ვასაძემ. ის გონიოელებს საკითხით აქტიურად დაინტერესებას დაპირდა.

“დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად” – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ გონიოელებს, როცა გაისმა რეპლიკა, რომ პოლიციამ ისინი ორჯერ დაარბია და ხელისუფლება ამგვარად არ უნდა იქცეოდეს. “თქვენთან არავინ მოსულა პოლიციიდან, როცა იყავით საკრებულოს შენობასთან” – მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილმა.

“რომელი კანონის შესაბამისად დაშალა პოლიციამ აქცია?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა: “არ ვიცი, ჩემი შინაგანი რწმენის საფუძველზე ვფიქრობ ასე”.

ირაკლი ჭეიშვილის წასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების საკრებულოს შენობისკენ დაიძრნენ. ამ დროს დააკავეს აქციის ორი მონაწილე. 

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

gonio 2

13499818_1040999492657092_1760695659_o

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა.
სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან თუ არა იმის შესახებ, რაც მათი ადმინისტრაციული შენობის წინ ხდება? – ამის პასუხად სოფო გუჯაბიძემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის რა ხდება, მაგრამ იცის იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებთან ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] იყო მისული.
20 წუთის წინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პოლიციამ და უნიფორმის გარეშე მყოფმა ადამიანებმა დაშალეს გონიოს მოსახლეობის აქცია ძალის გამოყენებით.

მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია
მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია

უნიფორმის გარეშე პოლიციელები აქციის დაშლის შემდეგ საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდნენ, რამაც აქციის მონაწილეებში გაღიზიანება გამოიწვია.
პოლიციამ ასევე იძულების წესით წაიყვანა პარკინგიდან აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომანქანა. სწორედ მაშინ, ერთი მოქალაქე მანქანის შეჩერების მზინით მიკროავტობუსის ქვეშ შევარდა. პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით გამოათრიეს და დააკავეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, არ დაიშლებიან.
გონიოს მოსახლეობა 5 დღის განმავლობაში ბათუმის მერიასთან მართავდა საპროტესტო აქციებს. დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლა.

აჭარის მთავრობა, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, საარჩევნო წელს, როგორც ჩანს, უკმაყოფილო ხალხის პროტესტს მის ადმინისტრაციული შენობასთან აღარ დაუშვებს. შედეგად, აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
გონიოს მიწებთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძემ გუშინ შემდეგი განმარტება გააკეთა: “ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება”.

ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ბრალდებულ დათო ნ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ექსპერტიზის ორი დასკვნიდან მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი არ მოუხმარია. მანამდე დათო ნ.-ს ნარკოტესტირება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე უთხრეს, რომ ნარკოტიკი მოიხმარა. პროკურატურა მის დასჯას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე აპირებდა.

„ღამის ათ საათზე მომაკითხეს სახლში და წამიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში მივედით და ჩავაბარე ბიოლოგიური მასალა. მითხრეს, მეტადონი გაქვს უკანონოდ მოხმარებული, ასე დადგინდაო,“ – იხსენებს დათო ნ. იგი წარსულში მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვობს, რომ პოლიციას სწორედ წარსულში მომხდარმა ფაქტმა „გაუჩინა გონივრული ეჭვი“.

მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიურომ პოლიციისგან სრულიად საწინააღმდეგო შედეგი დადო, დათო ნ. ქობულეთის პოლიციას კიდევ ორჯერ დაუკავებია: „ორივეჯერ 12 საათს მამყოფეს პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატისგან მქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავების უფლება აქვთ, მაგრამ ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. არ უთქვამთ, გინდა თუ არა ჩაგვაბარე ბიოლოგიური მასალაო, მაგრამ ტუალეტში არ მიშვებდნენ. მაქ არ შეიძლებაო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, რატომ შეიძლება იყოს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო პოლიციის ლაბორატორიისა და სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნები. „ჩვენთან ნამდვილად ჩაუტარდა ამ პიროვნებას ანალიზი აპარატით, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველზე ზუსტ აპარატად და დაუდგინდა დადებითი პასუხი. იგივე ბიოლიოგიური მასალა მას არ გაუტანია ალტერნატიული ანალიზის ჩასატარებლად. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებენ არც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

პოლიციაში ჩატარებული ნარკოტესტირებისგან გასხვავებული შედეგი მიიღო ბესიკ მახარაძემაც დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან. მას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გარდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად და მისი საქმის განხილვა ახლახან დაიწყო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. „ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს. არ ვიცი, იძულებით ჰქვია თუ არა ამას, მაგრამ ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ – მთელი ღამე იქ მაყურყუტებდნენ. ადვოკატსაც არ მისცეს შემოსვლის უფლება. იგივე ბიოლოგიური მასალის ნაწილი გავაგზავნეთ თბილისში და დადასტურდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვარ. ალტერნატიულ ექსპერტიზაში დაახლოებით 300 ლარი გადავიხადე,“ – ყვება ბესიკ მახარაძე.

ორი ექსპერტიზის ურთიერთგამომრიცხავი შედეგი დაფიქსირდა 2013 წელსაც. მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი არ გაითვალისწინა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ლევან ლორთქიფანიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულს სამსახურიც დაატოვებინეს.

„ესეც მიღწევაა, რომ ნარკოტესტირებისგან გასხვავებულ შედეგს დებს ექსპერტიზა. სასამართლოში კი ამ კუთხით განსხვავებული პრაქტიკა მკვიდრდება,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. ადვოკატების თქმით, სამხარაულის ბიუროს მეტი შესაძლებლობა აქვს, ზუსტი შედეგი დადოს და სასამართლო ამას იზიარებს. პრობლემა ამ კუთხით იქმნება იმ შემთხვევაში, თუკი პირს, ვინც საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია, არ აქვს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის ფული. „პრობლემაა ექსპერტის პასუხისმგებლობაც. როცა დგინდება რამდენიმე შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი შედეგი, ამ საკითხით უნდა ინტერესდებოდეს პროკურატურა,“ – ამბობს მერი ცინარიძე. ის ნარკოტიკის მოხმარებაში გამართლებული ბრალდებულის, დათო ნ.-ს ადვოკატია.

„ქობულეთი ლიდერია აჭარაში. იქ ყველაზე მეტ ადამიანს აკავებენ და მიჰყავთ ნარკოტესტირებაზე. არ ვიცი, რატომაა ასე. ალბათ, პოლიციის უფროსის მიდგომაა ასეთი,“ _ ამბობს ზორია წურწუმია, კავშირ „იმედის“ ხელმძღვანელი. ის იხსენებს შემთხვევას, როცა პირმა ნებაყოფლობით არ მისცა ნიმუში ქობულეთის პოლიციის ლაბორატორიას, კანონით გათვალისწინებული 12 საათის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, მაგრამ გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციის სხვა თანამშრომლებმა უკანვე შეაბრუნეს – ისევ 12 საათით.

ზორია წურწუმიას მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, თემურ ქორიძეც მიიჩნევს, რომ ზეწოლაა დაკავებული პირის 12 საათით პოლიციის შენობაში გაჩერება: „მხოლოდ წელს ხუთმა ადამიანმა მომართა სახალხო დამცველის აპარატს აჭარის რეგიონში, აქედან სამმა უარი თქვა ნიმუშის ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი მაინც 12 საათის განმავლობაში გააჩერეს განყოფილებაში. ამ გაჩერების მიზანი არის ის, რომ ადამიანი იძულებული გახდეს მოსცეს ბიოლოგიური მასალა. ჩვენ ეს შემთხვევები გადავამოწმეთ და მივმართეთ პროკურატურას. რეაგირების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჯამში 37 503 პირი დააკავეს ნარკოტესტირებისთვის, აქედან 10 894 შემთხვევაში დაფიქსირდა ნარკოტიკის მოხმარება. 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 8095 ადამიანი დააკავეს იმავე მიზეზით, დადებითი პასუხი 2180 შემთხვევაზე გასცა პოლიციის სხვადასხვა განყოფილების ლაბორატორიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა ქუთაისში ჩაატარა. გასული ორი წლის მონაცემებით, ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა 80 პროცენტს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. კვლევის შედეგების გასაანალიზებლად ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა, პრობლემები ამ კუთხით არსებობს. ეს მონაცემები შემაშფოთებელია. მინისტრის ახალი ბრძანება გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა და ვფიქრობ, ის შეცვლის მოცემულობას. მხოლოდ პოლიციელის საფუძვლიანი ეჭვი აღარ არის საკმარისი. სამი შემთხვევაა განსაზღვრული: როცა პოლიციელი შეესწრება სამართალდარღვევის ფაქტს, მეორე – როცა პრევენციის მიზნით პოლიციელი აჩერებს პირს, ახდენს გამოკითხვას და ადამიანი ცდილობს მიმალვას და მესამე რჩება ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება უნდა იყოს შესაძლებელი და ის უნდა იყოს ასევე დაფიქსირებული 112-ზე.“

„რეალობა მინისტრის ამ ბრძანების შემდეგ არ შეცვლილა,“ – ამბობს „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის“ წარმომადგენელი საქართველოში ინა ინარიძე. ინარიძის თქმით, ისევ არავის აქვს წვდომა, საიდან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია პოლიციელმა: „მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის, რომ მათ აქვთ უფლება, არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და არ ჩააბარონ ბიოლოგიური მასალა. ვინც იცის ამ უფლების შესახებ, მას პოლიცია აშინებს, ეუბნებიან, მაინც დაგიჭერთ, ვერ გადაგვირჩებითო და ასე შემდეგ“.

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს ბათუმში ორი პირი დააკავა პოლიციამ. დაკავებულებმა უარი თქვეს ნიმუშის ნებაყოფლობით ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი არ გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან, ვიდრე დაკავებიდან 12 საათი არ გავიდა. დაკავებულებთან რამდენიმე საათის დაგვიანებით შეუშვეს მათი ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე: „ბრძანებას არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ინსტრუქციები გაიწერა პოლიციელებისთვის.

არაფერი შეცვლილა საკანონმდებლო ხარვეზის კუთხით – ისევ შეუძლია პოლიციას ადმინისტრაციული წესით დააკავოს ადამიანი, რომელმაც შემდეგ ნებაყოფლობით უნდა მისცეს ნიმუში ნარკოტესტისთვის. რატომ უნდა ხდებოდეს დაკავება, გაუგებარია“.

ფოტოზე: აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა. ჯაბა ანანიძის ფოტო

Exit mobile version