კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

25.06.2016 • 2414
გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში.

quchaa 66666

ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, სავარაუდოდ, გაივლის სინაგოგას გვერდით, ასათიანის ქუჩამდე, აქედან კი მერიის შენობის გვერდით [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალურ სასწავლებელთან შეუერთდება თავდადებულის ქუჩას

ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის  გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში უარყოფენ.

„კეთილმოწყობის სამსახურში  განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პროექტი ქუჩის გაჭრასთან დაკავშირებით – არ არის. შეიძლება კერძო ინვესტორს რაღაც სურვილი ჰქონდეს, საუბარი იყოს, მაგრამ მერიის დონეზე მსგავსი რამ არ განიხილება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„რამდენადაც ვიცი, არიან ინვესტორები, ვისაც სურთ აქ მშენებლობა, სახლის აშენება და არის მათი იდეა – გაიჭრას გზა და აღდგეს 100-120 წლის წინანდელი რეალობა. როგორც მითხრეს, არის ძველი რუკები, რომლებიც მე არ მინახავს, სადაც თითქოს დატანილია ქუჩა არათუ ასათიანის, არამედ ამჟამინდელი თავდადებულის ქუჩამდეც კი. თუმცა, გზის გაჭრაზე რაიმე მუშა ან მზა პროექტი არ არსებობს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, პროფესიით არქიტექტორმა დათო ზოიძემ.

საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის თქმით, იმ ძველი რუკების მიხედვით, რაც მას გააჩნია, „არ დასტურდება, რომ ახლანდელი ახვლედიანის ქუჩა თითქოს გრძელდებოდა თავდადებულის ქუჩამდე. მაშინდელი გურიის ქუჩა [შემდგომში ჯინჭარაძის] 1888 წლისთვის მხოლოდ ერთი კვარტალია, 1898 წლისთვის კი ორივე კვარტალი ჩამოყალიბებულია და ამის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. 1917 წლის ფოტოზე ჩანს, რომ დღევანდელ კონსერვატორიასთან გადის პატარა შუკა, მაგრამ ისეთი უმნიშვნელო, რომ არც ერთ რუკაზე დატანის ღირსად არ ჩათვალეს, ან სულაც ეზოში შესასვლელი ბილიკი შეიძლება იყოს.“

შოთა გუჯაბიძის თქმით, არანაირი საფუძველი ახალი ქუჩის გაჭრის არ არსებობს, არც ისტორიული და არც დღევანდელობით გამოწვეული: „ქალაქის ცენტრში ახალი ქუჩის გაჩენას მხოლოდ კომერციული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ააშენებენ მრავალსართულიან კორპუსებს, რომელიც ფასადით ახალ ქუჩაზე გამოვა და შესაბამისად, მისი გასაყიდი ფასიც უფრო მაღალი იქნება. არსებული მდგომარეობა კი ამდენის საშუალებას არ იძლევა. ეს არის მტრული დამოკიდებულება ქალაქისადმი“.

ფოტო თედო

ვაჟა-ფშაველას 31 [ხედი ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩიდან]

ტერიტორია, სადაც თითქოს ქუჩა უნდა გაიჭრას, მთლიანადაა მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში. ეს ძეგლებია: ვაჟა-ფშაველას N27-ში მდებარე ბელეტაჟი, ბათუმის სინაგოგა, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. გარდა ამისა, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარეობს სახლი, რომელსაც, სავარაუდოდ, „ახალი გზა“ ჩაუვლის და რომელსაც „გეოგრაფიკის“ რეკომენდაციით, სასურველია  მიენიჭოს ძეგლის სტატუსი.

ასათიანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მდებარე ნაკვეთები და შენობები კერძო საკუთრებაშია. ინვესტორთა ინტერესი კი, ბუნებრივია, ამ ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იქნება. რამდენად მისაღებია ეს და მაქსიმუმ რამდენი სართული იქნება ძეგლთა დაცვის აღნიშნულ ზონაში?

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის თქმით, „სართულიანობას, ზოგადად, მერია არეგულირებს, მაგრამ მაქ რომ 15 და 20-სართულიანი სახლი არ აშენდება, მაგაზე ყველა თანხმდება. თუმცა, შეიძლება კომპანიამ მოიტანოს 5-სართულიანი სახლის პროექტი და არ ვარგოდეს, იმიტომ, რომ სინაგოგასთან იყოს შეუთავსებელი; მაგრამ შეიძლება მოიტანოს 7-სართულიანი და კარგი იყოს. მე ყველას ვეუბნები, რომ დომინანტური მაგ კვარტალში არის სინაგოგა და შემდეგ ვაჟა-ფშაველას 27-ში მდებარე შენობა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გასათვალისწინებელია და არქიტექტურულად ისე უნდა დაბალანსდეს ყველაფერი, რომ არ ჩაგვიყლაპოს ძეგლები. შესაძლოა მაქ 2-3 სართულიანმაც კი გააფუჭოს ყველაფერი და არ გავცეთ ნებართვა“.

აღნიშნულ კვარტალში, მაგალითისთვის, 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთზე, 600 კვ/მ ის მოშენებაა შესაძლებელი, სადაც დღეს მოქმედი რეგულაციით, 5-სართულიანი კორპუსის აშენება შეიძლება, ცხადია, ეს დადგენილი კოეფიციენტის [კ2] მიხედვით, რომელიც ამ დროისთვის აქ 3,0-ის ტოლია. მაგრამ, მერიის ზონალურ კომისიას, თუ საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია ამ კოეფიციენტის გაზრდა 4,8-მდე. შესაბამისად, გაიზრდება ფართობიც [სართულიანობა]. კოეფიციენტი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობითაც [ამ შემთხვევაში ულიმიტოდ], ოღონდ მერიის თანხმობით. წინა გამოცდილების მიხედვით, მერია ყველა ასეთ შუამდგომლობას თანხმდება.

„მაქ კერძო საკუთრებაა. ინვესტორი უნდა დაელაპარაკოს ათვისებაზე მესაკუთრეებს, დავუშვათ ქუჩის გაჭრაც… ეს რთული და შესაძლოა ხანგრძლივი პროცესიც კი იყოს. აჭარის მთავრობა ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ კოეფიციენტი არ ჰყოფნის მშენებელს და მოგვმართავს. ასეთ შემთხვევაში განვიხილავთ საკითხს,“ – ამბობს დათო ზოიძე, არჩილ ხაბაძის მრჩეველი.

ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩა, იდეაში არა თუ ლუკა ასათიანის, არამედ შესაძლოა დემეტრე თავდადებულის ქუჩამდეც კი გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ასათიანის  მხრიდან ქუჩა გაივლის მერიის შენობის გვერდით, ეზოს [სადაც მერიის ავტოპარკინგია] და მუსიკალური სასწავლებლის გვერდით შეუერთდება თავდადებულის ქუჩას.

„შესაძლოა ჯერ ერთი ნახევარი გაკეთდეს [ასათიანის ქუჩამდე] და შემდეგ მეორე. თუ მერია, ვთქვათ, იმ გადაწყვეტილებამდე მივა, რომ იქ მართლაც გაკეთდეს ქუჩა, მაშინ უნდა გადაგეგმარდეს მთლიანი სივრცე, ყველაფერი ახალი გეგმარების საზღვრებში უნდა იყოს – სიმაღლეები და ა.შ. მთლიანობაში, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება. სინაგოგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, გვერდითა ხედიც გაიხსნება და საინტერესო გამოვა“, – ამბობს დათო ზოიძე.

ვაჟა-ფშაველას 27-თან დაკავშირებით, რომელსაც ადრე სახურავი გადახადეს, მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ „სააგენტოში ამხანაგობის მიერ შემოტანილია ამ ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი. იმავე ამხანაგობას [ამხანაგობა „რიშონი“ – ავტ.] ამ ძეგლსა და სინაგოგას შორის არსებული მომიჯნავე ნაკვეთებიც ეკუთვნის, რამდენადაც მე ვიცი და მაგ ტერიტორიაზე, რომელიც არ ეკუთვნის ძეგლებს, სურთ მშენებლობა. მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენთანაც უნდა იყოს შემოსული [განცხადება], რომლებიც ჯერ არ განხილულა. სხვა მხრივ, რაიმე პროექტი მაგ ტერიტორიასთან დაკავშირებით არ შემოსულა. მერია ან ვინმე მანდ რას გეგმავს, ეს არ ვიცი“.

რაც შეეხება შენობას მერიის წინ, ასათიანის 28-ში, რომელზეც არის რეკომენდაცია ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, ჩარკვიანის თქმით, „საჯარო სამუშაო განხილვა გვქონდა – შესაბამისი განყოფილება ამუშავებს ყველა არგუმენტს და სააგენტო გადაწყვეტს სტატუსის მინიჭებისა თუ ზოგ ძეგლზე ამ სტატუსის მოხსნის საკითხს“.

თორნიკე თავაძის ფოტო (13)

თეთრი ხაზით აღნიშნულია სავარაუდო გზა, რომელიც უნდა გაიჭრას ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე ~ ფოტო: თორნიკე თავაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: