თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

“ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან – განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისასა გააკეთა” – ინფორმაციას „ტელეარხი 25“ ავრცელებს.

საუბარია ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობაზე”, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლაა.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან. ჟურნალისტის განცხადებით, ციტატის თარგმანი კონსულის თარჯიმანს ეკუთვნის.

კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ყოფილი იმამი ფეტულა გულენი და მისი მრავალმილიონიანი მიმდევრები თურქეთის მთავრობას მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. თავად აშშ–ში დაფუძნებული და გულენთან დაკავშირებული ორგანიზაცია დღევანდელ გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს და გმობს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

ფეტულა გულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა. შაჰინის სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

ამ დროისათვის საქართველო-თურქეთის საზღვარის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა თურქეთიდან სარფის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ.

როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ ეკრძალებათ.

აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე. როინ გუნდაძის ფოტო
ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე. როინ გუნდაძის ფოტო
ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე. როინ გუნდაძის ფოტო
ზურაბ პატარაძე სარფის საბაჟოზე. როინ გუნდაძის ფოტო

თურქეთის მხრიდან საქართველოში თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქეთიდან სარფის საზღვარზე თურქეთის მოქალაქეებს არ უშვებენ.

როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა არ ეკრძალებათ.

აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

ანკარა ღამით, ერდოღანის მომხრეები ქუჩებში [ვიდეო]

15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაფიქსირდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. ვიდეო „ბათუმელებს” ანკარიდან მოაწოდეს. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი გაიხსნა

ამ დროისათვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, საბაჟო ჩვეულ რიტმში მუშაობს. მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან თურქეთში.

საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 ივლისს, დაახლოებით დილის 4 საათზე ჩაიკეტა და საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გადასვლა შეეზღუდათ, ხოლო თურქეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვარზე გადსვლა შესაძლებელი იყო.

სარფის საბაჟო. როინ გუნდაძის ფოტო
სარფის საბაჟო. როინ გუნდაძის ფოტო

აღნიშნული ზომები 15-16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდებოდა. გადატრიალების მცდელობა თურქეთის ხელისუფლებამ აღკვეთა, ამჟამად თურქეთში მუშაობენ ავიაკომპანიებიც.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე [ფოტო, ვიდეო]

15 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალი 27 გრემის მფლობელი ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის,  ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნა. პროექტის (QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS) ფარგლებში მუსიკოსმა ქართველ მსმენელს თავად წარუდგინა 3 ახალგაზრდა მუსიკოსი – ჯეიკობ კოლიერი, რიჩარდ ბონა და ალფრედო როდრიგესი.

ჩოგბურთის კორტების უკანა მხარე

ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20 საათზე გაიხსნა, თუცა უშუალოდ ფესტივალი დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაიწყო.

სცენაზე ქუინსი ჯონსი გამოვიდა, რომელმაც პროექტის პირველი მუსიკოსი ჯეიკობ კოლიერი შემდეგი სიტყვებით წარადგინა, “ის 21 წლისაა, აკეთებს ყველაფერს, ასე რომ ახლა მივცემ მას საშუალებას, რომ გააკეთოს ეს, რადგან როგორც ლუი არმსტრონგი იტყოდა: „ნუ ილაპარაკებ, დაუკარი”.

 

ჯეიკობ კოლიერი

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართება. 11 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ბენდი, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას დაუკრავს. 

 

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაწილობრივ ამ დრომდე ჩაკეტილია [ფოტო]

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში აპირებენ გადასვლას, ჩაკეტილია. შესაბამისი გადაწყვეტილება გვიან ღამით საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე საზღვარი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თურქულმა მხარემ ჩაკეტა.

სხვა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, დღეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას შეზღუდვა არ არის. როგორც „ბათუმელებს“ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უთხრეს,  საქართველოს, ასევე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა უპრობლემოდ შეუძლია.

გამშვებ პუნქტზე ამბობენ, რომ საზღვრის გახსნის შესახებ, ან სხვა რაიმე ახალ ინფორმაციას საქართველოს მთავრობისგან ნებისმიერ დროს ელოდებიან. თურქეთში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს კი ეუბნებიან, რომ დღის 12 საათამდე საზღვარი, სავარაუდოდ, არ გაიხსნება. სარფში, თურქეთში გადასვლის ბევრი მსურველი ამ დროისთვის არ იმყოფება. საზღვარზე არც ის შეინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გამსვლელ პუნქტთან საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი პატრულირებს. საზღვარზე ინტენსიური მიმოსვლა არ არის.

საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები თურქეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, რომელიც თურქეთის ხელისუფლების შეფასებით არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რომელიც არ შედგა.

შენიშვნა: 

დღესვე, 16 ივლისს, 14 საათსა და 20 წუთზე საზღვარზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა.

IMG_20160716_084621
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი / 16.07.2016 / საზღვარი ჩაკეტილია / თედო ჯორბენაძის ფოტოები

IMG_20160716_084144IMG_20160716_084822IMG_20160716_084719IMG_20160716_084857IMG_20160716_085048IMG_20160716_085136IMG_20160716_085202IMG_20160716_085447IMG_20160716_085627IMG_20160716_084311

 

პატარაძის პირველი შეხვედრა იპოთეკით დაზარალებულებთან

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე მთავრობის სახლთან იპოთეკით დაზარალებულებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით აჭარის მთავრობის თავმჯდობომარემ იცის პრობლემა. მაგრამ დაგვპირდა პრობლემის დეტალურად შესწავლას.

ბათუმში მცხოვრები, იპოთეკით დაზარალებული 100-მდე ოჯახი აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აწარმოებს. იპოთეკით დაზარალებულები რამდენჯერმე შეხვდნენ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თუმცა – ამაოდ.

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბათუმში ვიზიტისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი სასტუმრო „რადისონში“ გამართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში ამჯერად მხარს დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, პარლამენტმა 10 ივნისს უყარა კენჭი და მხარი არც ერთ მაღგანს დაუჭირა. ანა დოლიძის კანდიდატურა 34 ხმით 4-ის წინააღმდეგ ჩავარდა,  თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა- 27 ხმით 2-ის წინააღმდეგ, ხოლო ნონა თოდუას კანდიდატურა 22 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ჩავარდა.

ლევან ბოძაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2015 წლის 15 ივნისიდან  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. იგი 2014 წლიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. 2014 – 2015 წლებში მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე.

2012 წლის ოქტომბრიდან არის ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი და მკვლევარი. კითხულობს ლექციებს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში.

2006 წლიდან დღემდე მისი აკადემიური საქმიანობა მოიცავს ლექციების კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) კონსტიტუციურ სამართალში, ევროპული კავშირის სამართალსა და საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიურ და საკონსულო სამართალში, კიბერსამართალში.

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, სახელმწიფო რწმუნებული აჭარაში, ზურაბ პატარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა არ მიიღო მონაწილეობა. კანდიდატის ასარჩევად 11 ხმა იყო საკმარისი.

ახალარჩეულმა თავმჯდომარემ აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად მინისტრობის კანდიდატები უნდა წარუდგინოს, რისთვისაც კანონით, ათდღიანი ვადა აქვს. ამასთან, ყველა კანდიდატი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წარედგინოს ისინი ერთად უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

13664483_1117765711632010_922046586_nზურაბ პატარაძის განცხადებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და უახლოეს პერიოდში წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს. მისივე თქმით, ის აჭარის სამინისტროებში რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.

აჭარაში, ოთხი მინისტრიდან, არცერთი არ არის მოქმედი. ისინი 14 ივლისიდან არც მოვალეობის შემსრულებლები არიან, ვინაიდან, პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც პრემიერმაც მოაწერა ხელი, გადაყენებული იქნა აჭარის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა და ჩამოყალიბდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, სადაც აჭარის ყოფილი მინისტრების პირველი მოადგილეები შედიან. გამონაკლისია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საიდანაც პირველი მოადგილის ნაცვლად ადმინისტრაციაში სხვა მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე შეიყვანეს.

ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად, გუშინ, 14 ივლისს წარადგინა.

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

13689630_1117765074965407_59312312_n
უმაღლესი საბჭოს 15 ივლისის რიგგარეშე სხდომა

დღეს ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება

დღეს ბათუმში შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი იხსნება.

ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის,  ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი ქართველ მსმენელს პროექტს QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS თავად წარუდგენს და  3 ახალგაზრდა მუსიკოსს  – რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესს და ჯაკობ კოლიერს გააცნობს.

მუსიკოსები მსმენელს საათიან პროგრამას შესათავაზებენ.  

მსმენელები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში  შესვლას 20:00 საათიდან შეძლებენ.

ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზ-ბენდები გამართავენ.

ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება:

15 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier

16 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MILES ELECTRIC BAND

17 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Ms. Lauryn Hill

21 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – THE PRODIGY

22 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIE CULLUM

23 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Chris Brown

24 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MACY GRAY

ფესტივალი ტარდება პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში.

 

ამავე თემაზე: შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ.

 

წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება

ცოტა ხნის წინ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰერას” და საქართველოს სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებმა, აჭარაში წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის პროექტის შესახებ ისაუბრეს. პროექტი 2015 წლიდან ქობულეთში ამუშავდა, წელს კი იგი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდება.

პროექტის დირექტორის ლევან მეტრეველის განმარტებით. ამ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებსა და სოფლების სკოლებში სანიტარული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხდება. “ასევე ხდება ჯანმრთელობითი განათლება და წყლის სისტემის მიყვანა. იმ შემთხვევაში თუ სკოლაში წყალი არსებობს – მაშინ ამ წყლის შემოწმება და მისი ვარგისიანობის დადგენა” – ამბობს ლევან მეტრეველი.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბავშვების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი დიარეა და პნევმონიაა, რომელთა გამომწვევიც ძირითადად ხელების დაუბანლობაა.

ბსუ-ში ევროპეიზაციის თემებზე საზაფხულო სკოლა იწყება


15-24 ივლისს, ბათუმის  სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ევროპეიზაციის  წარმოჩენის თემაზე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ტარდება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, 30 სტუდენტი ათი დღის განმავლობაში ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, უმცირესობათა უფლებების, სამხრეთ კავკასიაში  უსაფრთხოების, ევროპული სოციალური პოლიტიკის და  მიგრაციის საკითხებს განიხილავენ. ასევე, მათთვის ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები და პროფესორები წაიკითხავენ. მათ შორის: ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების, მეცნიერების, ევროპული და კავკასიური კვლევების სკოლის პროფესორი ოლივერ რაისნერი, ტარტუს უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ( ესტონეთი) – რაულ ეამეთსი, გრაცის უნივერსიტეტის მკვლევარი ( ავსრტია) – სტეფან ჰინგჰოფერ -ზალკეი და სხვები.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში   მონაწილეობს 17 ქვეყნის, მათ შორის ქართველი, იტალიელი, პოლონელი, გერმანელი, ავსტრიელი, ლატვიელი, თურქი, უნგრელი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი და  სომეხი სტუდენტები.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა, ევროპეიზაციის გზაზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების გაანალიზებას ისახავს მიზნად კერძოდ, კი იმის გაანალიზებას თუ რა გავლენას იქონიებს ეს გზა რეგიონის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, უსაფრთხოების სტრატეგიაზე, კანონმდებლობასა და სოციალურ და კულტურულ საკითხებზე.

საზაფხულო სკოლა “ევროკავშირის პროგრამის ჟან მონეს ქსელის ,,ევროპისმცოდნეობის განვითარება კავკასიაში’’ და ერაზმუს+ -ის სასწავლო მოდულის ,,ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში” ორგანიზებით იმართება.

 

წელს პერინატალური მოვლის პროექტში აჭარაც ჩაერთვება

დღეს, 2:00 საათზე,  ბათუმში  პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის შესახებ კონფერენცია იმართება. პერინატალური მოვლის რეგიონალიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც სამინისტრო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს. იგი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათი ავადობისა და სიკვდილობის შემცირებას ემსახურება.

პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით, გასული წლის 1 მაისიდან, საპილოტე სახით ამოქმედდა იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში. შემდეგ პროექტი გავრცელდა ქვემო ქართლის რეგიონში და თბილისში.

2016 წლის ივლისიდან გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პროექტში ჩაერთვება აჭარის, გურიისა და სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონები.

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) და თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით მინიჭებას გულისხმობს.

თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.

მურმან დუმბაძე: მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს მხარი არ დაუჭიროს პატარაძის კანდიდატურას

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პრესკონფენეცია გამართა, სადაც უმაღლეს საბჭოს მოუწოდა მხარი არ დაუჭიროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატს, ზურაბ პატარაძეს.

„დღევანდელ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი, კონტრასიგნაციის წესით ერთობლივი ხელმოწერის დოკუმენტით, 2016 წლის 13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულად აჭარაში ნიშნავენ ზურაბ პატარაძეს. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური და ამავე დროს, არის უზნეო და პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პრეზიდენტს სურს ეს ადამიანი დასვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ პოლიტიკურ პირად, ანუ ლიდერად. ეს ადამიანიც ხელს აწერს უკანონობაზე. ადამიანი, რომელიც ხელს აწერს ანტიკონსტიტუციურობას, ხელს აწერს უკანონობას, ვერასდროს ვერ დაამყარებს სამართალს რეგიონში“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

გუშინ, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება დაენიშნა რწმუნებული: „გუშინ საღამოს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე, და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, დღეს დილით დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია“.

უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან.

 

კენჭისყრის შედეგები ბათუმის სასამართლოს ხუთი მოსამართლისთვის

მოსამართლეთა კენჭისყრაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 მოქმედი მოსამართლე მონაწილეობდა, მათგან სამი მოსამართლე გამოსაცდელი სამწლიანი ვადით დაინიშნა [2013 წლიდან მოსამაართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, ვიდრე სასამართლო რეფორმით ახალი წესი არ დადგინდება].

ორმა მოსამართლემ – ლაშა თავართქილაძემ და გიორგი გრატიაშვილმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კენჭისყრა ვერ გაიარა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა დავით მამისეიშვილი. ის 2013 წლიდან დღემდე ამავე სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა და სასამართლოს თავმჯდომარეა. სასამართლოს მენეჯერის, ივერი აბაშიძის თქმით, დავით მამისეიშვილი თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს, რადგან ის 2013 წელს აირჩიეს ხუთწლიანი ვადით.

გუშინ, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ბურჯანაძე და ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებად დანიშნეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კენჭისყრაში 65 ვაკანსიაზე 122 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან 44 მოსამართლე აირჩია იუსტიციის საბჭომ. არჩეული მოსამართლეებიდან 21 მოქმედი მოსამართლეა, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლე.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო

დღეს, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, წუხელ ღამით, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გუშინ მომხდარი ფაქტის შესახებ აღნიშნა, რომ პარიზის, ბრიუსელის და სტამბოლის ტერორისტული აქტების შემდეგ, არათუ შემცირდა, არამედ გაცილებით უფრო ცინიკური და მასშტაბური ხასიათი მიიღო ტერორიზმის გამოვლინებამ ევროპაში.

უმაღლეს საბჭოში ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან

დღეს, 15 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს ზურაბ პატარაძის კანდიდატურას უყრიან.

ზურაბ პატარაძე 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რწმუნებულად დანიშნა აჭარაში, ხოლო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციის შემდეგ კი იგი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

კანდიდატურის ასარჩევად უმაღლეს საბჭოში მინიმუმ 11 ხმაა საჭირო. საბჭოს სხდომა დღეს, 12 საათზეა ჩანიშნული.

ამავე თემაზე:

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა გვთხოვა

დავით ბერძენიშვილი: ჩვენ გვაქვს „ოქროს ხმა” აჭარაში

ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, 14 ივლისს, ბათუმი-ხელვაჩაურის გზაზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, 42-43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მძღოლი შეუძლოდ გახდა, მანქანა გააჩერა [მახვილაურის გადასახვევთან] და ძირს ჩავიდა. მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების თქმით, გზაზე, მაშინ როცა მძღოლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სხვა სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ჩამოიარა, მოქალაქეებმა მისი გაჩერება სცადეს, თუმცა აღნიშნულმა ბრიგადამ მძღოლს იმ მიზეზით არ გაუწია დახმარება, რომ სხვა გამოძახებაზე მიდიოდა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ადასტურებენ, რომ გამოძახებული ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე სხვა ბრიგადამ ჩაიარა:

„სასწრაფოს ბრიგადა ამ გამოძახებაზე გამოსული იყო ქალაქ ბათუმიდან. ამ გზაზე მეორე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდიოდა სოფელ სატეხიაში, მშობიარესთან, რომელსაც სანაყოფე წყლები დაღვრილი ჰქონდა და რა თქმა უნდა გარბოდნენ. შემდეგ ოპერატორმა რაციით გამოიძახა თავისუფალი და უახლოესი ბრიგადა, რომელიც იყო სწორედ ეს ქალაქიდან გასული ბრიგადა. მივიდა ზუსტად ექვს  წუთში გამოძახებიდან, მაგრამ სამწუხაროდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ“, – განაცხადეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათივე თქმით, გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

„ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ისიც უთხრეს, რომ გამოძახებაზე გასულმა ბრიგადამ, რომელიც გზად რაიმე უბედურ შემთხვევას ან ავარიას შეხვდება, უნდა გააჩეროს და დახმარება გაუწიოს საჭიროების მქონე პირებს. ხოლო თავისი გამოძახება გადასცეს სხვა ბრიგადას: „თუმცა, შესაძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს ექიმისთვის და მძღოლისთვის ქუჩაში პიროვნების ცუდად გახდომის ფაქტი, რის გამოც არ გაუჩეროს მანქანა“.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით.

სად ისვენებენ ქართველები უცხოეთში – რჩევები დამწყები მოგზაურებისათვის

თურქეთი, ეგვიპტე, ჩეხეთი, უნგრეთი, ესპანეთი – „ბათუმელების“ მიერ გამოკითხული ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ამ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას. არჩევანს ძირითადად ფასი და შედარებით ლიბერალური სავიზო რეჟიმი განაპირობებს. ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე იაფი და პოპულარული კურორტი ანტალიაა, სადაც დასვენების ფასი საშუალოდ 300 დოლარიდან იწყება. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ტურისტული სააგენტოების გარეშეც გეგმავენ საზღვარგარეთ მოგზაურობას.

24 წლის ნათია დემეტრაშვილი ქართველი ბლოგერია, რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობის შესახებ საკუთარ ბლოგზეც ხშირად წერს. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, პირველად საზღვარგარეთ სამოგზაუროდ თურქეთში იმყოფებოდა: „ახლოსაა, იაფი ჯდება და უფრო მეტად ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა“, თუმცა შემდეგ ევროპისკენ აიღო გეზი და ცდილობს მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა და ადგილი მოინახულოს.

როგორც სხვადასხვა ტურისტული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, ნათიას მსგავსად ქართველი დამსვენებლების უმრავლესობა თურქეთს ირჩევს. როგორც ტურისტულ სააგენტო „ევრო ტურში“ ამბობენ, მათი მომხმარებლების უმეტესობა საზაფხულო კურორტებს შორის ანტალიას ნიჭებს უპირატესობას მომსხურების მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის გამო: „ჩვენთან შედარებით ცა და დედამიწაა“, – აღნიშნავენ განსხვავების შესახებ „ევრო ტურში“. გარდა ამისა, ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა თურქეთს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქართველი დამსვენებლებისთვის.

შემდეგი ქვეყანა, რომელსაც ქართველი დამსვენებლები ყველაზე ხშირად ირჩევენ – ეგვიპტეა. ტურები ეგვიპტეშიც შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა. ტურისტულ სააგნეტო „კალიფსო ტურში“ ამბობენ, რომ ეგვიპტე ზამთრის სეზონზეც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, თუმცა ახლა, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია ეგვიპტეში, მსურველები არჩევანს ძირითადად მაინც ანტალიაზე ან თურქეთის სხვა რეგიონებზე აკეთებენ.

კიდევ ერთი ტურისტული სააგნეტო – „აი ემ ჯორჯიაში“ კი ამბობენ, რომ ეგვიპტე, მართალია, კვლავ ტოპმოთხოვნად უცხოურ ტურებშია, მაგრამ ბოლო წლებში უფრო ნაკლები დამსვენებელი ირჩევს მას, „ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გამო, მოგეხსენებათ ხალხს მაინც ეშინია უკვე იქ წასვლა“, – ამბობენ „აი ემ ჯორჯიაში“.

ნათია დემეტრაშვილი ამბობს, რომ მათთვის, ვისაც ზღვის სანაპიროზე ურჩევნია დასვენება, ცოტა უფრო მეტის გადახდა და ევროპაში წასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა: „ბარსელონაში, მაგალითად. მშვენიერი ადგილია ზღვისთვის, გასართობად და პლუს ამას იაფიცაა. ცოტათი ძვირი დაჯდება ანტალიაზე, თუმცა, ზღვის გარდა არქიტექტურის შედევრებს იხილავენ“.

ტურისტულ სააგენტოებში ადასტურებენ, რომ სწორედ ესპანეთის სანაპიროებს ერგოთ მესამე ადგილი ზაფხულის მოთხოვნად ტურებს შორის საქართველოში. სახელდება ასევე საბერძნეთი და იტალიაც.

ნათია, რომელიც თავის ტურებს ყოველთვის თავად გეგმავს, ევროპაში მოგზაურობის მსურველებს რამდენიმე რჩევას აძლევს. მისი თქმით ვიდრე მოგზაურობას დაიწყებდა, თავადაც მიიჩნევდა, რომ მოგზაურობა ფუფუნება იყო, სინამდვილეში კი კარგი დაგეგმვის შემთხვევაში საშუალო შემოსავლის საქართველოს მოქალაქე შეძლებს წელიწადში ერთხელ მაინც მოუწყოს საკუთარ თავს ტური საზღვარგარეთ:

„ევროპაში ორჯერ ვიყავი. პირველ ჯერზე ოთხი ქვეყანა: ჰოლანდია, ჩეხეთი, გერმანია და ლატვია ვნახე, მეორე ჯერზე ორი ქვეყანა – ესპანეთი და იტალია. დაახლოებით ერთი და იგივე თანხა დამიჯდა – 1000 ევრო,“ – ამბობს ნათია. მისი თქმით, მოგზაურობისას ძირითადად ჰოსტელში ჩერდება ან „ეარბიენბიზე“ [airbnm.com – ვებგვერდი, სადაც ოთახის/ბინის პოვნა და დაჯავშნა შეიძლება მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ ქალაქში] დაჯავშნულ ბინაში ან ოთახში და არა სასტუმროში, რადგან სწორედ ასეთი ადგილებია იაფი, ხალხმრავალი და ახალგაზრდა მოგზაურისთვის მოსახერხებელი. ის ამბობს, რომ ჰოსტელში ცხოვრება პატარა, დამოუკიდებელი თავგადასავალია. კვების მხრივაც უპირატესობას მაღაზიებში შეძენილ პროდუქტებს ან „ფასთფუდს“ ანიჭებს – „გაცილებით იაფი ჯდება“.

„მოგზაურობას ყოველთვის თავად ვგეგმავ რამდენიმე თვით [3-4 თვით] ადრე. ვეძებ ყველაზე იაფიან ბილეთებს, ჰოსტელებს, შიდა გადაადგილებისთვის ტრანსპორტს. თავად ვჯავშნი ბილეთებსაც და ჰოსტელსაც. თავად ვავსებ სავიზო განაცხადს და ა.შ. ტურისტული სააგენტოსთვის არც ერთხელ არ მიმიმართავს. სრულიად შესაძლებელია წელიწადში ერთხელ მოგზაურობა მოუწყო საკუთარ თავს, მთავარია, სწორად შეარჩიო სამოგზაურო პერიოდი, შეისწავლო ავიაკომპანიებში ბილეთების ფასები, დაელოდო აქციებს და ნორმალურ ფასად შეძლებ ბილეთების შეძენას. და კიდევ საშუალოშემოსავლიან ადამიანს თუ არ ექნება პრეტენზია ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე და ასევე საშუალოშემოსავლიანით დაკმაყოფილდება – ყველაფერი გამოუვა“, – ამბობს ნათია.

ქართველ დამსვენებლებს ნათიას რჩევები შემოდგომა-ზამთრისთვის გამოადგებათ, რადგან როგორც ტურისტულ სააგენტოებში ამბობენ, სწორედ ამ სეზონებზეა ევროპის მიმართულებით ტურებზე მაღალი მოთხოვნა. თითქმის ყველა სააგენტოში, რომლებსაც „ბათუმელები“ დაუკავშირდა, ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩეხეთი ევროპულ ტურებში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. სააგენტოებში ამის მიზეზადაც ფასს ასახელებენ: „მაგალითად, 350 ევროდ ერთ ადამიანს შეუძლია სამი ქალაქი: პრაღა, ვენა და ბუდაპეშტი მოინახულოს ზამთარში“, – ამბობენ „ბლუ ბირდ თრეველში“.

ზამთარში ასევე დიდია მოთხოვნა უნგრეთისა და ავსტრიის მიმართულებითაც. როგორც ერთ-ერთ სააგენტოში თქვეს, ზამთარში ევროპის მიმართულებებზე ფასი იკლებს და სწორედ ამიტომ მოთხოვნა იზრდება. სამაგიეროდ, დუბაიში მოგზაურობა დამსვენებელს ყველაზე ძვირი დაუჯდება ზამთარშიც, თუმცა როგორც „ევრო ტურში“ ამბობენ, ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილს ეს მაინც არ აშინებს.

რაც შეეხება იმ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს, რომელსაც ევროპელები ირჩევენ, ონლაინგამოცემა europeanbestdesinations.com-ის მონაცემებით, ამ მიმართულებებში პირველ ხუთეულს ზადარი [სიდიდით მეხუთე ქალაქი ხორვატიაში], ათენი [საბერძნეთის დედაქალაქი], პლოვდივი [სიდიდით მეორე ქალაქი ბულგარეთში], ნანტი [ქალაქი საფრანგეთში] და აზორის კუნძულები [პორტუგალია, არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში] იკავებენ.

პოპულარული ინგლისურენოვანმა გამოცემა The Guardian-მა კი წლის დასაწყისში გამოაქვეყნა იმ ადგილების სია, სადაც მკითხველს მოგზაურობას ურჩევს. ამ სიის მიხედვით პირველ ხუთეულში ავსტრალიის რიფები, ბორდო [ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში], დუბლინი, რიო დე ჟანეირო და ინდოეთია. აღსანიშნავია რომ „გარდიანის“ 40 მიმართულებას შორის საქართველოც მოხვდა.

უსკომ კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია

დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ კენჭი უყარა კომისიის მდივნობის მსურველ კანდიდატებს. თუმცა უსკოს ოფიციალურ ფესიბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, ექვსი ხმით, ზურაბ გოლიაძე აირჩია:

„უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კომისიის მუდმივმოქმედი სამი წევრი – ზურაბ გოლიაძე, სოფიო კახაძე და თორნიკე მჟავანაძე დასახელდა. კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი 6 ხმით ზურაბ გოლიაძე გახდა. სოფიო კახაძემ 5 ხმა მიიღო, თორნიკე მჟავანაძემ კი – 4. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის ასარჩევად უსკოს 7 წევრის ხმაა საჭირო“, – ვკითხულობთ უსკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უსკოს რეგლამენტის თანახმად, კომისიის მდივანი:

  • ანაწილებს უსკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და უსკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
  • რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
  • რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უსკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
  • განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
  • უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მომზადებას;
  • ხელს აწერს კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
  • ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა.

პრეზიდენტის განცხადებით, რწმუნებულის დანიშვნისთავანავე დაიწყო უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციები და ზურაბ პატარაძის კანდიდატურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დასამტკიცებლად უკვე წარდგენილია უმაღლეს საბჭოში.

ხაბაძის წასვლა განპირობებული იყო ინტენსიური საარჩევნო კამპანიით, რომელშიც არჩილ ხაბაძე აპირებს ჩაბმას. გუშინ მომმართეს განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე  და კონსტიტუციის შესაბამისად, აჭარაში მთავრობასთან კონსულტაციით, დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს, 14 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, შეიკრიბა ბიუროს სხდომა და მთავრობის თავმჯდომარეობის  კანდიდატურა განსახილველად გადაეცა კომისიებსა და ფრაქციებს.

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს.

წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, სწორედ ამ არჩევნების შედეგად აირჩია უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში.

წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ან მერაბ ხალვაშზე უნდა შეაჩეროს, ან ანთაზ ქიქავაზე.

ანთაზ ქიქავა უნივერსიტეტში გეოგრაფიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი 2004 წლიდან მუშაობს ბსუ-ში, მანამდე კი, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იყო.

მერაბ ხალვაში ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გასულ წლებში იგი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ბსუ-ს დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კენჭისყრა ფარულია. ხმას აკადემიური საბჭოს 11 წევრი აძლევს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს. გამარჯვებული კანდიდატი ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იქნება ოთხი წლის მანძილზე.

თავად აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლებიც რექტორს ირჩევენ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ არიან არჩეულნი.

აკადემიური საბჭოს წევრები არიან: მარინა აროშიძე [ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი], გურამ ჩაგანავა [სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი], ვაჟა ვერულიძე [ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი], მალხაზ ნაკაშიძე [იურიდიული ფაკულტეტი], რუსუდან ხუხუნაიშვილი [საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი], გული შერვაშიძე [განათლების ფაკულტეტი], თეიმურაზ ქიქავა [ტექნოლოგიური ფაკულტეტი], ანზორ დევაძე [ტურიზმის ფაკულტეტი], ზურაბ მიქელაძე [აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი], ზოია სიხარულიძე [ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი], თამილა ლომთათიძე [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი].

აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯერჯერობით კანდიდატების სამოქმედო გეგმებს ეცნობიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აკადემიური საბჭოს წევრი რუსუდან ხუხუნაიშვილი კითხვაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს პროგრამის შინაარსს დაეყრდნობა თუ ამ ადამიანების გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, ამბობს, რომ ჯამში ყველაფერი თამაშობს თავის როლს: „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებთ ის უნარებს, რაც აქვთ ამ ადამიანებს,“ – ამბობს ის.

აკადემიური საბჭოს წევრი მარინა აროშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა წინასწარ ამაზე ვერ ისაუბრებს. იგი რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ერთი კანდიდატის სამუშაო გეგმა არის ძალიან მოკლე, არ არის დაკონკრეტებული, ძალიან ზოგად ხასიათს ატარებს, მეორე არის საკმაოდ ვრცელი, მრავალმხრივ გაანალიზებულია საკითხები, არის „სვოტ ანალიზის“ პრინციპზე აგებული, ნაჩვენებია ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები… არა მხოლოდ მიზნებია ჩამოთვლილი – რას უნდა მივაღწიოთ, არამედ გზებიც არის, რა გზით უნდა მივაღწიოთ გაუმჯობესებას.“
მარინა აროშიძე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მერაბ ხალვაშმა ერთი წლის წინ აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა მოიპოვა და ისე გახდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი [რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა უნივერსიტეტის 300-მდე თანამშრომელმა, აკადემიურმა პერსონალმა მისცა].

„ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ დღეს ვინც ასრულებს რექტორის მოვალეობას, ამ პიროვნებას, ჩემი თვალსაზრისით, ერთი დიდი პლუსი აქვს, ის არა მარტო აკადემიური საბჭოს წევრების მიერაა დელეგირებული, არამედ, თავის დროზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მთელი აკადემიური პერსონალი იყო ჩართული. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ენდობა ამ პიროვნებას და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა ყველა კანდიდატს ჰყავს მისი მომხრეები,“ – ამბობს მარინა აროშიძე.

აკადემიური საბჭოს წევრი გურამ ჩაგანავა, რომელიც საბჭოში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენს, ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ჯერ არ გაცნობია და რექტორობის კანდიდატებზე ვერ ისაუბრებს.

აკადემიურ საბჭოში განათლების ფაკულტეტის წარმომადგენელი გულიკო შერვაშიძეა. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შემცირდა უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში, იგი ასე პასუხობს: „ახლა ვინც მართავს [უნივერსიტეტს] მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, როცა შეხედეს [რექტორობის მსურველებმა], რომ ბევრი რამ გაკეთდა, ვისაც სურვილი ჰქონდა რექტორობის, გაუქრა. ეს არის ჩემი მოსაზრება.“

გულიკო შერვაშიძე ამბობს, რომ ამ ერთ წელიწადში უნივერსიტეტს ბევრი მიღწევა ჰქონდა: „ბევრ რამეს მივაღწიეთ და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს.“

აკადემიურ საბჭოში აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ მიქელაძე ამბობს, რომ ორივე კანდიდატის პროგრამას უკვე გაეცნო და რექტორობის კანდიდატებსაც კარგად იცნობს, კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას, ზურაბ მიქელაძე პასუხობს, რომ ამას თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს. „ასე ვარ განწყობილი, მათ შევეკითხები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მათი აზრი მნიშვნელოვანია“.

ზოია სიხარულიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ახლა ეცნობა: „გუშინ მივიღე ორივე კანდიდატის გეგმა, გავეცნობი და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით, რატომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი კადიდატი. ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ბატონმა ქიქავამ ჩათვალა, რომ მიიღოს მონაწილეობა და ალბათ თვლის, რომ აქვს შანსები, ტყუილად ხომ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ქობულეთში ვართ, ახლა შევუერთდით უნივერსიტეტს, ძალიან ახლოს არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ. შევხედავ პროგრამებს. ქაღალდი დღეს ყველაფერს იტანს, თუმცა, იმედია, ტყუილს არ დაწერენ.“

აკადემიური საბჭოს წევრმა, მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც საბჭოში იურიდიულ ფაკულტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, იგი მოგვიანებით დააფიქსირებს თავის პოზიციას.

რექტორობის კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 6 ხმა დასჭირდება.


ამავე თემაზე:

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაცია იქნება

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა  ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. როგორც იოჰანეს ჰანმა განაცხადა, საქართველო შემოდგომაზე მიიღებს ვიზალიბერალიზაციას: „მე ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ ყველაზე გვიან, ოქტომბრის დასაწყისში ვიზალიბერალიზაცია იქნება შესაძლებელი და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უფრო მალე მოხდეს ეს“.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორობის საკითხებზე. მისი თქმით, ევროკავშირი სქართველოს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებისათვის გამოყოფს სოლიდურ თანხას. 

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებულად მივყვებით გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისარმა ჰანმა, თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, ვინაიდან ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ბათუმის  მე-13 საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია დღეს, 14 ივნისს, გაიხსნა და ორდღიანია.  15 ივლისს გაიმართება დისკუსია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა გვთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი 14 ივლისს აჭარაში თავის რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა. პარალელურად პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შეხვდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა სთხოვა. „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ფრაქციის, „დემოკრატიული აჭარის“ თავმჯდომარეს  სულხან ღლონტს ესაუბრა. მისი განცხადებით, ფრაქციაში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ  სულხან ღლონტი და მისი ფრაქციის ორი წევრი – ჯემალ ფუტკარაძე და თემურ კახიძე, ზურაბ პატარაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

„პრეზიდენტმა გვთხოვა კანდიდატის მხარდაჭერა და იმ არგუმენტებს, რაც პრეზიდენტს აქვს, ჩვენი ფრაქციაც იზიარებს, რადგან არჩევნების, ტურისტული სეზონის და ციტრუსის სეზონის წინ, როცა უნდა დაიწყოს ახალი ბაზრების მოძიება და პროდუქციის დროული ექსპორტირება, როცა რეგიონი არის საზღვრისპირა და სტრატეგიული, არ შეიძლება დარჩეს არჩევნების წინ ლეგიტიმური ხელისუფლების გარეშე. ეს არგუმენტი არის მყარი და ჩვენი ფრაქციაც იზიარებს ამ არგუმენტს“.

სულხან ღლონტის თქმით, პრეზიდენტი შვიდივე ფრაქციას ინდივიდუალურად შეხვდა.  „ბათუმელების“ კითხვაზე, „ქართული ოცნების“ წევრების ხმებთან ერთად იქნება თუ არა მისი ფრაქციის წევრების ხმები საკმარისი იმისათვის, რომ ზურაბ პატარაძე არჩეული იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, სულხან ღლონტი ამბობს, რომ  მისი აზრით, კრიზისი დაძლეული იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინტერესში შედის, რომ მთავრობის თავმჯდომარე არ იქნას არჩეული და შეეცდებიან კრიზისი შექმნან რეგიონში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისი არ შეიქმნება, გადაილახება და აჭარას ეყოლება სრული ლეგიტიმაციის მქონე მთავრობა,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

კანონმდებლობის მიხედვით,  მთავრობის თავმჯდომარის ასარჩევად უმაღლესი საბჭოს წევრების მინიმუმ 11 ხმაა საჭირო.

ამავე თემაზე: ზურაბ პატარაძის მომხრეები და მოწინააღმდეგეები უმაღლეს საბჭოში

საქველმოქმედო ორგანიზაცია: მერიისგან ოფიციალურ პასუხს ვერ ვიღებთ

თიკო აბაშიძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი

მოქმედ ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არქონის გამო. საჯარო სამსახურებისა და სახელმწიფო უწყებებისგან პრობლემაა ინფორმაციის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გაცემის ვადები კანონითაა დადგენილი.

 
ინფორმაციის გაუცემლობის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ბათუმის მერია. მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ის საჯაროა, არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენი ორგანიზაციაც არაერთხელ წააწყდა აღნიშნულ პრობლემას.

 
უკვე ერთი წელია რაც ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ უშედეგოდ ცდილობს ბათუმის მერიასთან თანამშრომლობას. ყველა ჩვენი წერილი, წინადადება თუ პროექტი უყურადღებოდ რჩება და არის შემთხვევა, როცა უარის მოსაწერადაც კი ხვეწნა გვიწევს. ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ ვერ პოულობენ ჩვენს განცხადებას და რამდენიმე დღე გვჭირდება იმის გასარკვევად, თუ სად გადაიგზავნა ჩვენი წერილი.

 
ბოლო ერთ წელიწადში ბათუმის მერიას 12 ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ, 5 წერილი კანცელარიაში ჩავაბარეთ, 7 წერილი კი – ელექტრონულად. მიუხედავად იმისა, რომ წერილებს ოფიციალურად იბარებდნენ, ოფიციალურ პასუხს მაინც ვერ ვიღებდით კანონით დადგენილ ვადებში.

 
ქალაქის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებთან ორი წლის განმავლობაში კომუნიკაციას ვერ ამყარებს, ფაქტობრივად, უცხო წარმონაქმნია.
ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და არა პარტიული ლიდერების წინაშე, თუმცა, ამ ქალაქში საპირისპირო ხდება.

აჭარის მთავრობა გადაყენებულია – პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებული დანიშნა

დღეს, 14 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. ინფორმაციას ადასტურებს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე.

ბატონო  თემურ, როდის მოხდა ოფიციალურად ზურაბ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნა?

აჭარის კონსტიტუციაში არის  მუხლი, რომელიც  იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს თავისი რწმუნებული რეგიონში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილების მიღმა რჩება. აქედან გამომდინარე, გამოყენებულია მუხლი, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო რწმუნებულის, არამედ მისი აპარატის დანიშვნასაც და ამასთანავე გადაყენებულია მთავრობაც.

დღეს, 14 ივლისს, დაინიშნა იურიდიულად პატარაძე?

მე როგორც ვიცი, დღეს წარადგინა დოკუმენტაცია პრეზიდენტმა.

ვის წარედგინა ეს დოკუმენტაცია, უმაღლეს საბჭოს თუ მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს?

უმაღლეს საბჭოს. ჩვენ ვიყავით კონსულტაციაზე სადაც დაგვიდასტურა რომ დანიშნულია რწმუნებულად და გადაყენებულია მთავრობაც.

თუ უკვე დანიშნულია ზურაბ პატარაძე, მაშინ რაში სჭირდება უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა? როგორც ვიცით დღეს პრეზიდენტი ფრაქციებს შეხვდა და პატარაძის მხარდაჭერა სთხოვა.

ამის პარალელურად იწყება პროცედურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს უმაღლეს საბჭოში. ეს უკვე მეორე პროცედურაა რწმუნებულის დანიშვნის შემდეგ.

თუ უმაღლესმა საბჭომ არ დაუჭირა მხარი მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, პატარაძე რჩება რწმუნებულად არჩევნებამდე?

რა თქმა უნდა. რწმუნებული ორი თვის ვადით არის დანიშნული. ამ დროში უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, ან უნდა აირჩიონ ახალი მთავრობა ან უმაღლესი საბჭო იქნება დათხოვნილი და გამოცხადდება საპრეზიდენტო საბჭო. აქედან გამომდინარე, რწმუნებული მიიყვანს არჩევნებამდე პროცესს და ამის შემდეგ თავისთავად გაირკვევა ვინ იქნება ახალ მთავრობაში.

საქართველოს პრეზიდენტი, აჭარაში თავისი რწმუნებულის დანიშვნის შესახებ განცხადებას, რამდენიმე წუთში გააკეთებს.

ბათუმში კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა

დღეს, 14 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა.

კონფერენციას ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე,  ესწრება.

მოგვიანებით კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციების ხელმძღვანელებთან დღეს დილიდან კონსულტაციებს მართავს.

პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვრები გაფართოვდა და მას ხელვაჩაურის ნაწილი შეუერთეს, მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატა ქალაქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. პატრულის ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, ზოგჯერ გამოძახებაზე დროულად რეაგირება შეუძლებელია, ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

„ვერ გეტყვით, რომ ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ავტოსაგზაო თუ სხვა შემთხვევის გამო ადგილზე მისვლა გვიანდება“,- გვითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბათუმში მუშაობს და ვინაობის გამხელა არ სურს. „ეს მაშინ ხდება, როცა დღის განმავლობაში რამდენიმე დარღვევა ფიქსირდება. მოსახლეობასაც არაერთხელ გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ დაგვიანებით მივსულვართ. სამსახურში გვისაუბრია ამ პრობლემაზე, მაგრამ რეაგირება არ ხდება. ხელმძღვანელობაც ხედავს, რომ პრობლემაა, გვპირდებიან, მალე დაგვემატება ეკიპაჟებიო, მაგრამ უფრო პირიქით მოხდა – ამას წინათ ჩემს კოლეგას გამოუცხადეს საყვედური დაგვიანებისთვის“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას პატრულის თანამშრომლისთვის საყვედურის გამოცხადებაზე იმის გამო, რომ მან შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმში შსს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე ყოველდღიურად პატრულირებს 13 საპატრულო ეკიპაჟი, აქედან 3 ეკიპაჟი დაემატა ბათუმის საზღვრების გაფართოების შემდეგ“, – აღნიშნულია შსს-დან გამოგზავნილ წერილში.

შსს-ს მონაცემებით, პატრულის ეკიპაჟის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა მხოლოდ ზაფხულში, ზღვის სეზონის პერიოდში არსებობს. ამ დროისთვის ყოველდღიურად 20 საპატრულო ეკიპაჟი მუშაობს, 2 მოტო-პატრული, 2 ელექტრომობილი ორ-ორი წევრით და 10 ქვეითი პატრული.
პატრულის ამ შემადგენლობას საკმარისად მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ კითხვის საპასუხოდ შემთხვევების დასახელება მოგვთხოვა: „თუ თქვენ დამისახელებთ 10 ან 8 შემთხვევას მაინც ბათუმში, როცა ავტოსაგზაო ან სხვა შემთხვევის დროს პატრულმა დაიგვიანა და არ გამოცხადნენ დროულად, მაშინ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს მონაცემები.“

ბათუმის საზღვრები 2011 წელს დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემით, ბათუმში 154 600 ადამიანი ცხოვრობს. 2010 წელს კი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 123 500 იყო.

___

ამავე თემაზე:

ბათუმის ახალი საზღვრები

საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში

გასულ კვირას ბათუმში, კაფე `შემოიხედეში~ სტუმრობის შემდეგ 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლის მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგენს. რა ნორმები დაარღვიეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და როგორ ხორციელდება კვების ობიექტების მონიტორინგი აჭარაში? – “ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა, ბიძინა ჯიბლაძემ უპასუხა.

ბატონო ბიძინა, რა დადგინდა `შემოიხედეს~ შემოწმების შედეგად, რამ გამოიწვია მოქალაქეების მოწამვლა?

ამ საკითხზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუშაობდა და როგორც ვიცი, ეჭვი მიიტანეს სალათ „ცეზარზე“. ჩვენს სააგენტოს რაც შეეხება, განხორციელდა ინსპექტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ეს არის ისეთი შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რომლის აღმოფხვრაც საჭიროებს ობიექტის საწარმოო პროცესის შეჩერებას.

ბიძინა ჯიბლაძე
ბიძინა ჯიბლაძე
შეგიძლიათ კონკრეტულად განმარტოთ, რა ტიპის დარღვევაზეა საუბარი?

კრიტიკული იყო ის, რომ ერთ-ერთ მაცივარში დარღვეული იყო ტემპერატურული რეჟიმი უხეშად, ასევე, კაფეში დაბინძურებული იყო გამწოვი ზონდები ნადებით, რაც გარკვეულწილად სურსათის დაბინძურების საფრთხეს ქმნის. ამ შეუსაბამობების საფუძველზე მოხდა საწარმოო პროცესის შეჩერება სიტუაციის გამოსწორებამდე და ადმინისტრაციული ზემოქმედების წესით, აღნიშნული ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ჩვენ ავიღეთ და ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ თერმულად დამუშავებული ფრინველის ხორცის ნიმუშები, რაც `ცეზარისთვის~ გამოიყენებოდა და ხორცის ფარში, მაგრამ ჯერ პასუხები არ არის.

კაფე „შემოიხედე“ უკვე ფუნქციონირებს, ანუ გამოასწორა ის დარღვევები, რაც ინსპექტირებით გამოვლინდა?

საწარმოო პროცესის შეჩერება არ ნიშნავს იმას, რომ კაფეს ლუქი ედება. კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების ღონისძიებები ტარდება და „შემოიხედეში“ ჩატარდა დეზინფექცია, გაწმინდეს გამწოვი ზონდები ნადებისგან და გამოასწორეს ტემპერატურული რეჟიმი. ამის შემდეგ მოგვმართეს ჩვენ განცხადებით, რის საფუძველზეც ადგილზე გავედით და ვნახეთ გამოასწორა თუ არა ეს კრიტიკული შეუსაბამობები საწარმომ.

კვების სხვა ობიექტები თუ გადაამოწმეთ ამ სეზონზე და კიდევ რამდენი ობიექტი აღმოჩნდა მსგავს ვითარებაში ბათუმში ან სხვაგან?

აჭარის მასშტაბით ინსპექტირება ჩაუტარდა 396 ობიექტს, 153 ობიექტიდან მოხდა ნიმუშის აღება, ადმინისტრაციული ჯარიმა კი 133 ობიექტს დაეკისრა. პირველი ინსპექტირების დროს კვების ობიექტი ათასი ლარით ჯარიმდება, იმ შემთხვევაში, თუკი არ გამოასწორებს შეუსაბამობებს, 1200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

რამდენი ადამიანი ახორციელებს ინსპექტირებას?

ადრე იყო სურსათის სპეციალისტი და ინსპექტორი, ახლა ყველა ინსპექტორი ვართ და ერთნაირი უფლებამოსილება გვაქვს. სულ 12 ინსპექტორი ვართ და შემოწმებაზე ორი გავდივართ.

რამდენი ობიექტი უნდა შემოწმდეს და რა ვადებში, ეს წლის განმავლობაშია გაწერილი? ტურისტული სეზონის დროს თუ იცვლება მონიტორინგის გრაფიკი?

მონიტორინგის გეგმა არის წლიური, სადაც გაწერილია, თუ რამდენი და რა სახის ნიმუში უნდა ავიღოთ დამტკიცებული პროგრამით. ბოლოს ავიღეთ ხორცის სახეობრივ იდენტიფიკაციაზე ნიმუშები და თბილისში გავგზავნეთ ლაბორატორიაში, ასევე სასმელი წყლის სინჯები ავიღეთ როგორც კვების ობიექტებში, ასევე მოხმარების ადგილებში. გარდა გეგმიურისა, შემოწმება ხდება კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, ანუ არაგეგმიური ინსპექტირება. ტურისტულ სეზონზე, რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურად მოწმდება სეზონური ობიექტები, სწრაფი კვების ობიექტები, მარკეტები და აგრარული ბაზარი განსაკუთრებულ კონტროლზეა, რადგან რისკი იზრდება.

შარშანდელთან შედარებით, როგორია დაჯარიმების სტატისტიკა წელს?

კონტროლის სფეროც გაიზარდა და ჯარიმები ბევრად არ შემცირებულა, თუმცა იმ ობიექტებში, რომლებშიც განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. უბრალოდ იზრდება კონტროლის სფერო და ახალ რეგულაციებზე მოდის ჯარიმები.

გარდა ბათუმისა, აჭარის სხვა რეგიონში იყო კანონდარღვევები?

საერთოდ, მონიტორინგს აჭარის მასშტაბით ვახორციელებთ. გუშინ ხულოსა და შუახევში გვქონდა ინსპექტირება, ქობულეთშიც იყო დაჯარიმების შემთხვევები.

პრეზიდენტი აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციების ხელმძღვანელებს ხვდება. კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას უკავშირდება. პრეზიდენტი ფრაქციის ხელმძღვანელებს ინდივიდუალურად, დახურულ კარს მიღმა ხვდება.

წარადგენს თუ არა დღეს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამის შესახებ განცხადება ცოტა მოგვიანებით გაკეთდება.

პრეზიდენტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ზურაბ პატარაძის კანდიდატურას წარადგენს.

ზურაბ პატარაძე საქართველოს ელჩია ყაზახეთში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 6 ივლისს დატოვა.

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

„დაგეგმე-შეასრულე-შეაფასე-დაგეგმე“ – უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, ანთაზ ქიქავა სამოქმედო გეგმაში წერს, რომ მისი რექტორად მუშაობის მთავარი პრინციპი ეს იქნება. კანდიდატის სამოქმედო გეგმის ამოცანების ჩამონათვალიც ამით იწყება.

ეს პრინციპი ძალიან ჰგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშფასების დოკუმენტში 5.1 პუნქტს, სადაც ვკითხულობთ: „მოქმედებს საჯაროდ ხელმისაწვდომობის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს „დაგეგმე-განახორციელე-შეამოწმე-განავითარეს ციკლს“.

„ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ანთაზ ქიქავასთან მისი სამოქმედო გეგმის და გეოგრაფიის დეპარტამენტის მუშაობის შესახებ ჰქონდა კითხვები. ანთაზ ქიქავა ამჟამად სწორედ გეოგრაფიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, სადაც 60-მდე სტუდენტი სწავლობს. როგორც დეპატამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, მხოლოდ 4 სტუდენტია პირველკურსელი, მეორე კურსზე კი სულ 14 სტუდენტი სწავლობს.

თუმცა „ბათუმელებს“ რექტორობის კანდიდატთან ინტერვიუს საშუალება არ მიეცა. ანთაზ ქიქავამ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, უარის ერთ-ერთი მიზეზი „ბათუმელების“ 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიაა – რექტორობის კანდიდატი, რომელმაც აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ქიქავა ასლან აბაშიძის დროს სენატის თავმჯდომარე იყო და მას ეკუთვნის სიტყვები: „…ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

ანთაზ ქიქავა სამოქმედო პროგრამაში ხაზს უსვამს იმას, რომ 35 წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს და პროცესების უშუალო მონაწილეა. დაპირებების გრაფაში  ანთაზ ქიქავა ყველაზე დიდ ნაწილს უნივერსიტეტის მირ უკვე შემუშავებული სტრატეგიული გეგმის კრიტიკას უთმობს. მისი აზრით, გეგმა დაუსრულებელი დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზედმეტად დეტალიზებულია და გაფერმკრთალებულია ტავტოლოგიებით:

„უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნები ზედმეტად დეტალიზებულია და გადატვირთულია ტექსტობრივად. ამის გამო, ხშირად ძირითადი აზრი იკარგება მეორეხარისხოვან ნიუანსებში. გეგმა, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს განვითარების ძირითად კონცეფციას, ფერმკრთალდება ტერმინოლოგიური ტავტოლოგიებით. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესი, მიუხედავად მისი სტატუსისა და მნიშვნელობისა, ერთიანად აისახა ერთ დოკუმენტში. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტრატეგიული გეგმა ტოვებს დაუსრულებელი დოკუმენტის შთაბეჭდილებას. მასში არ არის ასახული დოკუმენტის შემუშავების ნორმატიული წინაპირობები, სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადები და შესრულების ინდიკატორები. სტრატეგიული გეგმა დარჩება ქაღალდზე დაბეჭდილ ლამაზ დეკლარაციად, თუ მას თან არ დაერთო სტრატეგიული მიზნების მიღწევის სამოქმედო გეგმა, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელების გასატარებელი აქტივობები, რეალისტურად შეფასებული მოსალოდნელი ფინანსური დანახარჯები, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია ანთაზ ქიქავას სამოქმედო პროგრამაში.

ცხრაგვერდიან სამოქმედო გეგმაში ანთაზ ქიქავა პრობლემების გადაჭრის გზებზეც საუბრობს. ის მართვის პროცესში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, ასევე თვითმმართველობის აქტიურად ჩართვას გვპირდება. რექტორობის კანდიდატი მართვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ციფრული საინფორმაციო საშუალებების გამოყენებას აპირებს. კონკრეტულად როგორ და რა ფორმით, ამის შესახებ პროგრამაში არაფერია ნათქვამი.

კონკრეტიკა არ ახლავს კიდევ ერთ დაპირებას – როგორ გაგრძელდება უნივერსიტეტში დაწყებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა. დაზუსტებული არც ისაა, რა რესურსით გეგმავს რექტორობის კანდიდატი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას.

ანთაზ ქიქავა მიიჩნევს, რომ „პუბლიკაციების რაოდენობის გასაზრდელად არარეფერირებად გამოცემებში ნაშრომების გამოქვეყნების ტენდენციამ მიიღო შემაშფოთებელი მასშტაბები“. რექტორობის კანდიდატი კონკრეტულ გამოსავალს პროგრამაში ვერ ასახელებს და რექტორად არჩევის შემთხვევაში, აკადემიურ საბჭოს სამეცნიერო ნაშრომების შეფასების მექანიზმის პროექტს წარუდგენს.

ანთაზ ქიქავა მონაწილეობდა 2015 წლის 16 მარტის ბსუ-ს რექტორის არჩევნებში. მაშინ აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევა ვერ მოახერხა და არჩევნები გადაიდო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი მერაბ ხალვაშია, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობას ასრულებს.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება.

[ფოტო: TV ერა]

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

„განათლების ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არსებობს ერთგვარი წყვეტა – უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის“ – მიიჩნევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, მერაბ ხალვაში. მისი სამოქმედო გეგმა პრობლემებზე აქცენტირებით იწყება. მერაბ ხალვაში ბოლო ერთი წელია ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

სამოქმედო გეგმის დასაწყისში მერაბ ხალვაში 8 კონკრეტულ პრობლემას ასახელებს და ჩამონათვალს  უნივერსიტეტის სოციალური როლით იწყებს: „უნივერსიტეტი სრულფასოვნად არ წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობის ცენტრს“, – აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში. კანდიდატს კონკრეტული ამოცანა აქვს – საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და ეროვნულ პროცესებში აქტიურად ჩართვა.

რატომ მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად უნივერსიტეტის სოციალური როლი მერაბ ხალვაშმა და როგორ წარმოუდგენია ამ კუთხით ნდობის გაზრდა? – „ბათუმელების“ შეკითხვას მერაბ ხალვაშმა უპასუხა: „უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი სოციალური როლი რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტი უნდა აკვირდებოდეს მაჯისცემას და ეხმაურებოდეს ყველა მნიშვნელოვან პროცესს. უნივერსიტეტის პროფესორების აზრი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ დონეს“.

რექტორობის კანდიდატის მიერ ჩამოთვლილ 8 პრობლემაში მოხვდა პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევები, რასაც მერაბ ხალვაში „კვლევას კვლევისთვის“ უწოდებს. „ეს კვლევები ნაკლებად რეზონანსულია საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში. მერაბ ხალვაშის შეფასებით, ასევე დაბალია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხი, უნივერსიტეტს არ ჰყავს სტრატეგიული „მეგობრები“, ხოლო სტუდენტებსა და პროფესორებს შორის კავშირი სუსტია. მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმაში ჩამონათვალის ბოლოშია მოქცეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მმართველობითი პროცესის განახლება.

„ძალიან მინდა, მივიღოთ ისეთი უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული პირდაპირ ნიშნავს დასაქმებულს. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი ეს სამოქმედო გეგმა აქეთკენ წაიყვანს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მთავარი გზავნილი ჩემი სამოქმედო გეგმიდან არის ის, რომ სწავლება უნდა გახდეს თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ხოლო სამეცნიერო კვლევები ფუნდამენტური და რაც მთავარია, გამოყენებითი“, – ამბობს მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“.

პრობლემების დასახელების შემდეგ რექტორობის კანდიდატი კონკრეტულ ამოცანებს ასახელებს, რომლითაც შესაძლებელია მათი მოგვარება.  ის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზით აჩვენებს, რა რესურსი აქვს უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის.

მერაბ ხალვაში სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებასაც აანონსებს. მათ შორის ერთ-ერთია – „არა პლაგიატს“. ამ პროგრამის საშუალებით უნდა გამოვლიდეს პლაგიატის შემთხვევები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში. „პლაგიატის აღმოფხვრა უპირველესი მიზანია. ამას აკეთებს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენთანაც შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ“ – ამბობს მერაბ ხალვაში.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა, ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანთაზ ქიქავაა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება.

ბათუმიდან ხვალ კენჭს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს უყრიან

ხვალ,  14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საერთო სასამართლოების 125 მოსამართლეს უყრიან კენჭს. იუსტიციის საბჭოს ძირითადად ის მოქმედი მოსამართლეები მიმართავენ, ვისაც უფლებამოსილების, ან გამოსაცდელი ვადა ეწურება. მოსამართლეები 2013 წლიდან მხოლოდ გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით ინიშნებიან.

ფარულად კენჭს უყრიან ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხუთ მოსამართლესაც, მათ შორის არის სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე – დავით მამისეიშვილი. მას საკონკურსო გრაფაში ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვს მითითებული. 2013 წლიდან დღემდე, ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა, თუმცა ამჯერად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სურს დასაქმება, სადაც ამ დროისთვის ერთი ვაკანსია არსებობს.

დავით მამისეიშვილი ბათუმის სასამართლომდე ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა, მანამდე – ქედის სასამართლოში. ის მოსამართლედ 2008 წლიდან მუშაობს. თუკი დავით მამისეიშვილმა ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო, ის მოსამართლეობას 2018 წლამდე განაგრძობს, ხოლო მხარდაჭერის შემთხვევაში, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ხელახლა დაინიშნება. საქმე იმაშია, რომ 2013 წლამდე მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებოდნენ. სწორედ ეს 10-წლიანი ვადა იწურება დავით მამისეიშვილის შემთხვევაში 2018 წელს. საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში კი ის მინიმუმ 1 წლით გაიხანგრძლივებს მოსამართლეობის ვადას.

მოსამართლეების ხანგრძლივი ვადით [ან უვადოდ] დანიშვნა-არდანიშვნის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა, მიმდინარე სასამართლო რეფორმის დასრულებაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, ვისაც უფლებამოსილების ვადა გასდის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძეა. ის 2013 წელს დაინიშნა მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. მომავალ წელს უსრულდება უფლებამოსილების ვადა და კენჭისყრას გაივლის ხვალ – ლაშა თავართქილაძეც. ის 2014 წელს დაინიშნა მოსამართლედ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოდან კიდევ ორი მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე [ის 2009 წლიდან მუშაობს მოსამართლედ] და გიორგი გრატიაშვილი [მოსამართლეა 2016 წლიდან] გაივლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრას. არც ერთ მათგანს სამომავლო დასაქმების ადგილად ბათუმის საქალაქო სასამართლო მითითებული არ აქვს.

ბათუმის სასამართლოში ამ დროისთვის სულ 13 მოსამართლე მუშაობს.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1747 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე კ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მათივე ცნობით ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის

ტაქსის მძღოლები ავტომანქანის გაჩერებას პარკირების ადგილებზე შეძლებენ. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდება, როცა ბათუმის მერია არსებულ რეგულაციებში შეიტანს შესაბამის ცვლილებას. ცვლილების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი პარკირებისთვის განკუთვნილ წლიურ 40 ლარს გადაიხდის და შეძლებს ისარგებლოს როგორც ტაქსისთვის განკუთვნილი, ასევე, ზოგადად, პარკირების ადგილებით.

დღევანდელი რეგულაციით, ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გაჩერება მხოლოდ ტაქსისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში შეუძლიათ. ამისთვის ისინი ყოველდღიურად ერთ ლარს იხდიან. ამ ცვლილების ინიციატორი კობა ჩხეიძე, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამბობს, რომ ქალაქში დაახლოებით 3 ათასამდე ტაქსი მოძრაობს და მათთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილები საკმარისი არ არის.

„ხშირად ტაქსები ჩერდებიან პარკირების მოპირდაპირე მხარეს და ქმნიან  საცობებს. ისინი ჯარიმდებიან, როცა პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილით სარგებლობენ და არა სპეციალურად ტაქსისთვის განკუთვნილი ადგილით. ეს იწვევდა დაპირისპირებებს მძღოლებს შორის. ამ გადაწყვეტილებით, გაიზრდება შემოსავლებიც ქალაქის ბიუჯეტში, რადგან ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ერთ ლარს, უმეტეს შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები არ იხდიდნენ, მაინც ვერ ვსარგებლობთო – ასეთი იყო მათი არგუმენტი”, – უთხრა კობა ჩხეიძემ “ბათუმელებს”.

საკრებულოში ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ბათუმის მერი არ დასწრებია. ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა გიორგი ერმაკოვი საკრებულოს პოზიციას.

Exit mobile version