მთავარი,სიახლეები

მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

14.07.2016 • 2121
მერაბ ხალვაში თუ ანთაზ ქიქავა – რას გადაწყვეტს აკადემიური საბჭო

ორშაბათს, 18 ივლისს, გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს.

წელს რექტორის არჩევნებში  მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. გასულ წელს რექტორობის სურვილი 8 კანდიდატს ჰქონდა, თუმცა არჩევნები ვერ შედგა, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აკადემიური საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა, ამიტომ, გასულ წელსვე, მაისში, ბსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდა, სადაც 5 კანდიდატი მონაწილეობდა, სწორედ ამ არჩევნების შედეგად აირჩია უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში.

წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ან მერაბ ხალვაშზე უნდა შეაჩეროს, ან ანთაზ ქიქავაზე.

ანთაზ ქიქავა უნივერსიტეტში გეოგრაფიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი 2004 წლიდან მუშაობს ბსუ-ში, მანამდე კი, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე იყო.

მერაბ ხალვაში ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, გასულ წლებში იგი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ბსუ-ს დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი და ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კენჭისყრა ფარულია. ხმას აკადემიური საბჭოს 11 წევრი აძლევს. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს. გამარჯვებული კანდიდატი ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იქნება ოთხი წლის მანძილზე.

თავად აკადემიური საბჭოს ის წევრები, რომლებიც რექტორს ირჩევენ, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების მიერ არიან არჩეულნი.

აკადემიური საბჭოს წევრები არიან: მარინა აროშიძე [ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი], გურამ ჩაგანავა [სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი], ვაჟა ვერულიძე [ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი], მალხაზ ნაკაშიძე [იურიდიული ფაკულტეტი], რუსუდან ხუხუნაიშვილი [საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი], გული შერვაშიძე [განათლების ფაკულტეტი], თეიმურაზ ქიქავა [ტექნოლოგიური ფაკულტეტი], ანზორ დევაძე [ტურიზმის ფაკულტეტი], ზურაბ მიქელაძე [აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი], ზოია სიხარულიძე [ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი], თამილა ლომთათიძე [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი].

აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯერჯერობით კანდიდატების სამოქმედო გეგმებს ეცნობიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აკადემიური საბჭოს წევრი რუსუდან ხუხუნაიშვილი კითხვაზე, გადაწყვეტილების მიღების დროს პროგრამის შინაარსს დაეყრდნობა თუ ამ ადამიანების გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, ამბობს, რომ ჯამში ყველაფერი თამაშობს თავის როლს: „რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებთ ის უნარებს, რაც აქვთ ამ ადამიანებს,“ – ამბობს ის.

აკადემიური საბჭოს წევრი მარინა აროშიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუმცა წინასწარ ამაზე ვერ ისაუბრებს. იგი რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ერთი კანდიდატის სამუშაო გეგმა არის ძალიან მოკლე, არ არის დაკონკრეტებული, ძალიან ზოგად ხასიათს ატარებს, მეორე არის საკმაოდ ვრცელი, მრავალმხრივ გაანალიზებულია საკითხები, არის „სვოტ ანალიზის“ პრინციპზე აგებული, ნაჩვენებია ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები… არა მხოლოდ მიზნებია ჩამოთვლილი – რას უნდა მივაღწიოთ, არამედ გზებიც არის, რა გზით უნდა მივაღწიოთ გაუმჯობესებას.“
მარინა აროშიძე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მერაბ ხალვაშმა ერთი წლის წინ აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა მოიპოვა და ისე გახდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი [რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა უნივერსიტეტის 300-მდე თანამშრომელმა, აკადემიურმა პერსონალმა მისცა].

„ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ დღეს ვინც ასრულებს რექტორის მოვალეობას, ამ პიროვნებას, ჩემი თვალსაზრისით, ერთი დიდი პლუსი აქვს, ის არა მარტო აკადემიური საბჭოს წევრების მიერაა დელეგირებული, არამედ, თავის დროზე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მთელი აკადემიური პერსონალი იყო ჩართული. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი ენდობა ამ პიროვნებას და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა ყველა კანდიდატს ჰყავს მისი მომხრეები,“ – ამბობს მარინა აროშიძე.

აკადემიური საბჭოს წევრი გურამ ჩაგანავა, რომელიც საბჭოში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენს, ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ჯერ არ გაცნობია და რექტორობის კანდიდატებზე ვერ ისაუბრებს.

აკადემიურ საბჭოში განათლების ფაკულტეტის წარმომადგენელი გულიკო შერვაშიძეა. კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შემცირდა უნივერსიტეტის რექტორობის მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში, იგი ასე პასუხობს: „ახლა ვინც მართავს [უნივერსიტეტს] მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში, როცა შეხედეს [რექტორობის მსურველებმა], რომ ბევრი რამ გაკეთდა, ვისაც სურვილი ჰქონდა რექტორობის, გაუქრა. ეს არის ჩემი მოსაზრება.“

გულიკო შერვაშიძე ამბობს, რომ ამ ერთ წელიწადში უნივერსიტეტს ბევრი მიღწევა ჰქონდა: „ბევრ რამეს მივაღწიეთ და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს.“

აკადემიურ საბჭოში აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ მიქელაძე ამბობს, რომ ორივე კანდიდატის პროგრამას უკვე გაეცნო და რექტორობის კანდიდატებსაც კარგად იცნობს, კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას, ზურაბ მიქელაძე პასუხობს, რომ ამას თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს. „ასე ვარ განწყობილი, მათ შევეკითხები. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მათი აზრი მნიშვნელოვანია“.

ზოია სიხარულიძე, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში ამბობს, რომ კანდიდატების სამოქმედო გეგმას ახლა ეცნობა: „გუშინ მივიღე ორივე კანდიდატის გეგმა, გავეცნობი და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით, რატომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი კადიდატი. ვიღაცამ ჩათვალა საჭიროდ, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ბატონმა ქიქავამ ჩათვალა, რომ მიიღოს მონაწილეობა და ალბათ თვლის, რომ აქვს შანსები, ტყუილად ხომ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ქობულეთში ვართ, ახლა შევუერთდით უნივერსიტეტს, ძალიან ახლოს არც ერთ კანდიდატს არ ვიცნობ. შევხედავ პროგრამებს. ქაღალდი დღეს ყველაფერს იტანს, თუმცა, იმედია, ტყუილს არ დაწერენ.“

აკადემიური საბჭოს წევრმა, მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც საბჭოში იურიდიულ ფაკულტეტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავი შეიკავა. მისი თქმით, იგი მოგვიანებით დააფიქსირებს თავის პოზიციას.

რექტორობის კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 6 ხმა დასჭირდება.


ამავე თემაზე:

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, ანთაზ ქიქავას სამოქმედო გეგმა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: