მთავარი,სიახლეები

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

13.07.2016 •
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის, მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმა

„განათლების ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს და არსებობს ერთგვარი წყვეტა – უნივერსიტეტსა და შრომის ბაზარს შორის“ – მიიჩნევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, მერაბ ხალვაში. მისი სამოქმედო გეგმა პრობლემებზე აქცენტირებით იწყება. მერაბ ხალვაში ბოლო ერთი წელია ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

სამოქმედო გეგმის დასაწყისში მერაბ ხალვაში 8 კონკრეტულ პრობლემას ასახელებს და ჩამონათვალს  უნივერსიტეტის სოციალური როლით იწყებს: „უნივერსიტეტი სრულფასოვნად არ წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობის ცენტრს“, – აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში. კანდიდატს კონკრეტული ამოცანა აქვს – საზოგადოებრივ, ინსტიტუციურ და ეროვნულ პროცესებში აქტიურად ჩართვა.

რატომ მიიჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად უნივერსიტეტის სოციალური როლი მერაბ ხალვაშმა და როგორ წარმოუდგენია ამ კუთხით ნდობის გაზრდა? – „ბათუმელების“ შეკითხვას მერაბ ხალვაშმა უპასუხა: „უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი სოციალური როლი რეგიონის და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უნივერსიტეტი უნდა აკვირდებოდეს მაჯისცემას და ეხმაურებოდეს ყველა მნიშვნელოვან პროცესს. უნივერსიტეტის პროფესორების აზრი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი, ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ დონეს“.

რექტორობის კანდიდატის მიერ ჩამოთვლილ 8 პრობლემაში მოხვდა პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევები, რასაც მერაბ ხალვაში „კვლევას კვლევისთვის“ უწოდებს. „ეს კვლევები ნაკლებად რეზონანსულია საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში. მერაბ ხალვაშის შეფასებით, ასევე დაბალია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხი, უნივერსიტეტს არ ჰყავს სტრატეგიული „მეგობრები“, ხოლო სტუდენტებსა და პროფესორებს შორის კავშირი სუსტია. მერაბ ხალვაშის სამოქმედო გეგმაში ჩამონათვალის ბოლოშია მოქცეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მმართველობითი პროცესის განახლება.

„ძალიან მინდა, მივიღოთ ისეთი უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებული პირდაპირ ნიშნავს დასაქმებულს. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი ეს სამოქმედო გეგმა აქეთკენ წაიყვანს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მთავარი გზავნილი ჩემი სამოქმედო გეგმიდან არის ის, რომ სწავლება უნდა გახდეს თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ხოლო სამეცნიერო კვლევები ფუნდამენტური და რაც მთავარია, გამოყენებითი“, – ამბობს მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“.

პრობლემების დასახელების შემდეგ რექტორობის კანდიდატი კონკრეტულ ამოცანებს ასახელებს, რომლითაც შესაძლებელია მათი მოგვარება.  ის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზით აჩვენებს, რა რესურსი აქვს უნივერსიტეტს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის.

მერაბ ხალვაში სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებასაც აანონსებს. მათ შორის ერთ-ერთია – „არა პლაგიატს“. ამ პროგრამის საშუალებით უნდა გამოვლიდეს პლაგიატის შემთხვევები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში. „პლაგიატის აღმოფხვრა უპირველესი მიზანია. ამას აკეთებს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენთანაც შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ“ – ამბობს მერაბ ხალვაში.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა, ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანთაზ ქიქავაა.

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 2016 წლის 18 ივლისს, 15 საათზე ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: