კვირის ამბები,მთავარი

მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა

30.07.2016 • 1955
მარიხუანა და არათანმიმდევრული სახელმწიფო მიდგომა

არჩილ ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ მას სასჯელი ვერ შეუფარდა. არჩილ ა. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ დასჯის ნაცვლად, გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ,  გასული წლის 24 ოქტომბრიდან მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისთვის დაუშვებელია. პარლამენტმა დღემდე ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა ვერ მოახერხა.

„გაურკვეველი პოლიტიკაა ამ მიმართულებით,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი შეფასებით, მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან არ შეიძლება 70 გრამი მარიხუანას შეძენაზე ან მოხმარებაზე ადამიანს სჯიდე [კანონმდებლობით, 50 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა დიდ ოდენობად ითვლება] და ერთი ტაბლეტი სააფთიაქო ნარკოტიკის შეძენისთვის თავისუფლების აღკვეთას უფარდებდე. „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, მაგრამ არ შეიძლება, საერთოდ სასჯელის გარეშე რჩებოდეს ნარკოტიკის მომხმარებელი. მე, როგორც ერთი ადვოკატი, ვთვლი, რომ ყველა ამ შემთხვევაში და მხოლოდ მარიხუანაზე არა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დგებოდეს. ბოლოს შემთხვევა მქონდა, როცა პირის მიმართ მარიხუანას მოხმარებაზე გამამტყუნებელი შედეგი დადგა, მაგრამ მას გირაოც უკან დაუბრუნეს და გაუშვეს. სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ეს აღარაა დანაშაული და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოახდინოს, ან „სისხლის სამართლის კოდექსში“ ასახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლომ მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება და თავისუფლების აღკვეთა 7-დან 12-წლამდე მიიჩნია „შეუსაბამოდ მძიმედ, არაპროპორციულად, სასტიკად და ღირსების შემლახველად“.

საკონსტიტუციო სასამართლომ  კონკრეტულად „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლის მეორე ნაწილი განიხილა, რომელიც მარიხუანას შეძენას და შენახვას ეხებოდა. ადვოკატი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ ფართო გაგებით, გადაწყვეტილება 70-გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მოხმარებასაც უნდა შეეხოს და კულტივაციასაც, თუმცა პრაქტიკა განსხვავებულია: „გაურკვეველია, თუკი 70 გრამი მარიხუანას შეძენაზე არ მსჯი, მაშინ კულტივაციაზე რატომ მსჯი? კანონის გამოყენებას უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული დამოკიდებულება, თუკი ამას აქვს პრევენციული მიზანი. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი პრობლემა და ფაქტია ისიც, რომ პარლამენტი არის უმოქმედო. ამაში უნდა ჩართულიყვნენ მეცნიერები, ანალიტიკოსები, ნარკოლოგებიც და ამ გზით უნდა შეცვლილიყო ნარკოპოლიტიკა. პარლამენტი არის არაკომპეტენტური და ამის შედეგია ეს მოცემულობა, რაც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვენებელი, მათ შორის, მარიხუანას კუთხით, არ შემცირებულა“.

გიორგი ხიმშიაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ყველას, ნებისმიერ პირს, ვის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მარიხუანას შეძენა-შენახვის, მოხმარების თუ კულტივაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ 260-ე მუხლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე განმარტებები ვერ გავრცელდება სხვა მუხლებზე, რომელიც შეეხება მარიხუანას. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა თავიდანვე არასწორია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს პრეცედენტული ხასიათი, ამიტომ მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს არამხოლოდ იმას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, არამედ იმასაც, თუ რას განმარტავს სასამართლო ამ გადაწყვეტილებაში. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაპროპორციულობაზე.“

გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, როცა „სისხლის სამართლის კოდექსი“ უცვლელი დატოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად: „საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა „სისხლის სამართლის კოდექსის“ სხვა მუხლებზე, სადაც საუბარია მარიხუანას დასჯადობაზე. ამიტომ ჯერი პარლამენტზე იყო, რომელსაც უნდა მიეღო სწორი და დაბალანსებული პოლიტიკა მარიხუანასთან მიმართებით და ამით მეტი სიცხადე შეეტანა საზოგადოებაში, მაგრამ როგორც სხვა ბევრ საკითხთან მიმართებით, პარლამენტი აქაც ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რაც მათი მუშაობის არაეფექტურობაზე მიუთითებს“.

„საჭირო იყო კანონში ცვლილების შეტანა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ვახტანგ ხმალაძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. კანონპროექტი ამ კუთხით პარლამენტთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუმზადებიათ. კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გასულა, თაროზე დევს. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კანონპროექტისთვის კენჭისყრას აზრი არ ჰქონდა: „დღემდე ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიციაა. კანონპროექტის ავტორები, მათ შორის მე, მომხრე ვიყავით სანქციების შემსუბუქების და მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრით. მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ არანაირი სახდელი მარიხუანას მოხმარებაზე არ უნდა ყოფილიყო. შეთანხმება ამ პოზიციებს შორის ვერ მოხერხდა. ამ დამოკიდებულებამ განაპირობა მოცემულობა, რომელიც გვაქვს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: