კაზინოს წინააღმდეგ მოქალაქემ სასამართლოში შრომითი დავა მოიგო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქის პეტრო განჯას სარჩელი დააკმაყოფილა. ადვოკატის, ლელა ბჟალავას ინფორმაციით, დაკმაყოფლდა: ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოზე აღდგენა და  განაცდურის ანაზღაურება.

ეს იყო შრომითი დავა შპს „ლიმონი 2009“-ის წინაღმდეგ, რომლის მფლობელობაშიცაა კაზინო „ივერია“ და იგი მდებარეობს სასტუმრო „რედისონში“.  პეტრო განჯასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2019 წლამდე, მაგრამ იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში სამსახურში  უმიზეზოდ არ ცხადდებოდა.

როგორც ლელა ბჟალავა აღნიშნავს,  მოსარჩელე  მხარე ითხოვდა  უკანონოდ გათავისუფლებული პეტრო განჯას სამსახურში აღდგენას. ბრძანება, რომელიც გამოსცა შპს „ლიმონი 2009“-ის დირექტორმა პეტრო განჯას გათავისუფლების თაობაზე, აბსოლუტურად უკანონო იყო. „პეტრო განჯა არის უკრაინის მოქალაქე მუშაობდა დილერად აღნიშნულ კაზინოში, სადაც ასეთი წესია: ვინმე თუ რამეს დააშავებს, ხელფასიდან ექვითება თანხა. ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, როცა სამსახურში პეტრო განჯამ მიიღო გაფრთხილება და ხელფასიდანაც თანხა ჩამოეჭრა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ,  აღნიშნული გაფრთხილების საფუძველზე, რატომღაც კაზინომ გადაწყვიტა პეტრო განჯა  და მასთან ერთად ორი თანამშრომელი გაეთავისუფლებინა,“-აცხადებს ლელა ბჟალავა. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კაზინოს ადმინისტრაცია.

„ბათუმელები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კაზინო „ივერიასაც“ დაუკავშირდა,  თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს.

„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ სექტემბერში ჩატარდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19-23 სექტემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტი – „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ განხორციელება იგეგმება.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს მოსწავლეებისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული „მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების“ გაცნობას. ღონისძიების ფარგლებში გაკვეთილი მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებში ერთდროულად ჩატარდება.

„ვინაიდან საერთაშორისო პროგრამა ინგლისურ ენაზეა, გაკვეთილს ჩაატარებენ ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები წყვილში. შესაბამისად, პროექტში მონაწილეობა აღნიშნული საგნის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს შეუძლიათ“- ნათქვამია ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აღნიშნული პროექტი საქართველოში მეორედ ხორციელდება. გასულ წელს „მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური გაკვეთილი“ საქართველოს 30-მდე საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – მომხრე და მოწინააღმდეგე პარტიული ლიდერები რეგიონში

კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით  კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: „ვიცით, რომ ნარკოტიკების შენახვა იქნება ეს, მოხმარება თუ გადაზიდვა, ყველა რგოლი დასჯადია  დღეს. არსებობს საკმაოდ მკაცრი კანონი. ასე დგას საკითხი: ნარკოტიკი და ნარკოდამოკიდებულება განვიხილოთ სისხლის სამართლის დანაშაულად თუ როგორც ავადმყოფობა, როგორც არის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ გადავიდეთ პრაქტიკაზე, როცა ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაუქმდეს. მე ვგულისხმობ მოხმარებას და ასევე, მცირე რაოდენობით საკუთარი მოხმარებისთვის შენახვა-შეძენას, ეს რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კანონით დადგენილი. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ პარლამენტში.“

ანალოგიური პოზიცია აქვთ „რესპუბლიკელებს“. პარტიის რეგიონული ლიდერის ზაურ ახვლედიანის განმარტებით, პარტიის პოზიციაა, რომ კანონში შევიდეს ცვლილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით: „ეს არ არის დანაშაულებრივი ქმედება და ამაზე არსებობს სამედიცინო დასკვნები. ამიტომ ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს.“

„გირჩმა“ პარტიული ორგანიზაციის დამოკიდებულება იმაზე, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა, წინასაარჩევნო კლიპშიც გამოხატა.  ამ მოსაზრების მომხრეა პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯემალ ბერიძეც. „ჩემი აზრი პარტიის აზრს ემთხვევა. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ჰოლანდიაში მოხმარება არ არის დასჯადი, მაგრამ ეს პრობლემებს არ ქმნის. თუკი დასჯადი არ იქნება, არ იმუშავებს პრინციპი – აკრძალული ვაშლი გემრიელიაო,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის მოსაზრებით, მარიხუანას მომხმარებლის ციხეში ჩასმა არ არის სწორი. მისი მოსაზრებით ამ მიმართულებით ცვლილება კანონში უნდა შევიდეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ბრეგვაძე ამბობს, რომ დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თუმცა მან „ბათუმელებს“ ისიც გაუმხილა, რომ არ გაუხარდება თუ მარიხუანას მოხმარებას მისი შვილიც დაიწყებს:   „ეს არც კრიმინალია და არც არაფერი, მაგრამ ჩემს შვილს არ მივცემდი ამის საშუალებას. მაინც ნარკოტიკია, ჩემი გაგებით. თუმცა მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს. მარიხუანა არც ისეთი მავნეა, ლეგალიზაციაც რომ გააკეთონ და სადმე ბარებში იყოს, კარგიც იქნება, რადგან ჩუმად აღარაფერს გააკეთებენ. პარტიაშიც ასე ფიქრობენ ალბათ, რადგან სწორი ფიქრი ეს არის.“

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა „კონსერვატორი“ დავით ბაციკაძე. ის მიიჩნევს, რომ შესაცვლელია მიდგომები, რითაც სახელმწიფო ნარკოტიკების მომხმარებლებს ებრძვის: „ის შეურაცხმყოფელი მიდგომები და რაც მოხდა სამტრედიაში [დემურ სტურუას თვითმკვლელობა. სტურუამ, სიკვდილის წინ დაწერილი წერილის თანახმად, პოლიციელის ზეწოლის გამო მოიკლა თავი. პოლიციელი რომას მარიხუანას მომხმარებლების დასახელებას აიძულებდა], თუ ეს მართლა ასე იყო, დაუშვებელია. მომხმარებელი არ უნდა დავაკავოთ, მაგრამ უნდა იყოს სხვა სახის ჯარიმები და შეზღუდვები, რაც მოხმარების წახალისებას შეუშლის ხელს,“ – მიიჩნევს „კონსერვატორების“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი.

„ეროვნული ფორუმის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ანანიძე ამ მხრივ კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია პარტიაში სხვაგვარადაც ფიქრობდნენ:

„თუ ჩვენ  შევალთ პარლამენტში, ეს თემა პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი იქნება. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველოში ამის გაკეთება არ შეიძლება, ჩვენ ფაქტობრივად დანაშაულისკენ ვუბიძგებთ ამ ხალხს, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიქნები. მე მაქვს სასამართლოში და პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება და ვიცი საით მიდის ეს ყველაფერი. ნორმალურმა ერმა ეს არ უნდა დაუშვას, მითუმეტეს საქართველოში  როცა ტყეებშიც კი არის ეს ბალახი. ეს ახალგაზრდებს გადაიყვანს კიდევ სხვა ტიპის ნარკოტიკების მოხმარებისკენ და საქართველოში კრიმინალი გაიზრდება,“ – ამბობს დავით ანანიძე.

2015 წლის მარტში საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა  დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მცირე ოდენობით კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების განსახორციელებლად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კანონპროექტი 47 ხმით 21-ის წინააღმდეგ ჩავარდა. პარლამენტმა მხარი არც მისგან გამომდინარე ცვლილებებს დაუჭირა მხარი. კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე 36 ხმით 17-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მოხმარება ისჯება 500-ლარიანი ჯარიმით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა,  რომელიც პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ითვალისწინებს.

„თოვლში, ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ…“

ბათუმის სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეს განიხილავს

„იმ დღეს როცა მივედით სახლში, შუქი დაგვხვდა გათიშული. დედამ მამას დაუძახა, ჩაგვირთე სინათლე, რა დავაშავეთო… ამის გამო დაიწყო ჩხუბი. მამამ თმაში წაავლო ხელი დედაჩემს და თოვლში გააგდო… მე ორი წლის ბავშვი მეჭირა ხელში. მეც მიმკრა ხელი მამაჩემმა. მერე ეზოში გაგრძელდა ჩხუბი… ყინულებზე წააქციეს დედაჩემი და სცემდნენ უმოწყალოდ მამა, მამიდა, ბებიაც,“ – ასე აღწერა მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის პირისპირ მყოფმა სოფო ზ.-მ საკუთარ დედაზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ამბავი. გოგონამ ისტორიის მოყოლა რამდენჯერმე შეწყვიტა მორეული ცრემლის გამო.

გამოძიება ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ თემურ ზ.-ს, ასევე მასთან ერთად მცხოვრებ დას და დედას ოჯახში ძალადობას ედავება, რომელიც არაერთგზის განხორციელდა ჯგუფურად მცირეწლოვნის თანდასწრებით. დაზარალებული ქალი თემურის ყოფილი ცოლია, რომელსაც ის რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად გაშორდა. განქორწინების შემდეგ ისინი საერთო საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. დედამ ორ შვილთან ერთად განაგრძო ცხოვრება, სახლის მეორე მხარეს კი, ყოფილი მეუღლე, დედამთილი და მული დარჩა. რამდენიმე მოწმის ჩვენების მიხედვით, ოჯახში კონფლიქტები მას შემდეგ გააქტიურდა, როცა თემურმა სხვა ქალი მოიყვანა ცოლად – საკუთარი გათხოვილი შვილის მული.

„ასე იყო. მეც მინდოდა სცოდნოდა ლიკა კ.-ს ვის მიყვებოდა ცოლად. ლიკა ჩემი მულია. მასთან დაოჯახდა მამაჩემი,“ – უთხრა სოფო ზ.-მ მოსამართლეს. მისი თქმით, მამა, ბებია და მამიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემას ხელოვნურად უქმნიდნენ დედას, რომ მას სახლი დაეტოვებინა და წასულიყო.

საკუთარი მამის წინააღმდეგ ჩვენება მისცა სასამართლოს სოფოს ძმამაც, რომელიც სავარაუდო ძალადობის დროს მცირეწლოვანი იყო. გოგიტა ზ.-მ დის მსგავსად თქვა, რომ მამასთან ერთად დედას ბებია და მამიდაც სცემდნენ: „მე გაშველებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა…“

„ეს იყო ბევრჯერ… პოლიცია ვინ იცის, რამდენჯერ გამოვიძახეთ, მაგრამ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. ბოლოს თოვლში რომ სცემეს დედაჩემი და სასწრაფოს გამოძახება დარჩა საჭირო, მერე აღიძრა საქმე,“ – თქვა სოფო ზ.-მ. მას ჩვენების მიცემის დროს აღელვებულმა მამიდამ დაფიცება სთხოვა იმის დასადასტურებლად, რომ ის დედამისს ნამდვილად სცემდა. მოსამართლემ ბრალდებულს თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამ დროს გოგონა კიდევ ერთხელ ატირდა.

„აშკარაა, რომ კონფლიქტი უკავშირდება ბრალდებულის მიერ ახალი ოჯახის შექმნას და ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. იგივე და-ძმას არ ახსოვთ ზუსტად დღის რომელ მონაკვეთში მოხდა ძალადობა, როცა ისინი თოვლში ცემას აღწერენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. დაკითხვის დასრულებისთანავე მოწმედ დაკითხულმა და-ძმამ სასამართლო დარბაზი დატოვა.

პროკურატურა სამივე ბრალდებულს  ოჯახში ძალადობას  ორ ეპიზოდში ედავება. რა ნახეს ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა – ამას ისინი მოსამართლეს შემდეგ სხდომაზე მოუყვებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თითოეული ბრალდებული დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით – ერთიდან სამ წლამდე.

ძალადობა
ბრალდებულები ადვოკატთან ერთად სასამართლო პროცესის შემდეგ / ფოტო: ჯაბა ანანიძე

ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა.

დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.

ილია მეორე გონიოში ჩავიდა

დღეს, პირველ სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე გონიოში ჩავიდა. პატრიარქი იმ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც ზღვაში დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად იმართება.

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

საქართველოს პრემიერ-მიმისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა ადგილობრივი ძალებით გაგრძელდება. 

14163883_1166261930113665_971806652_o
გონიო, 1.09.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

14233699_1166262046780320_788630154_o14182678_1166229380116920_1899422993_n

14203572_1166290926777432_1992603128_o14233393_1166290850110773_76133928_o

“კაბელების საქმის” და უგულავას სარჩელის განხილვა არ შედგა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, პირველ სექტემბერს დანიშნული არსებითი განხილვა ე.წ. “კაბელების საქმეზე” და გიორგი უგულავას სარჩელზე, არ შედგა. განხილვა დღის სამი საათისთვის იყო ჩანიშნული, მაგრამ მხარეებს სასამართლოს ადმინისტრაციამ აცნობა, რომ განხილვა არ შედგებოდა. სასამართლოს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ე.წ. “კაბელების საქმეს”, საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი უგულავას სარჩელთან ერთად განიხილავს. დავის საგანი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის ნორმატიული შინაარსია, რაც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ეხება.

“მოსამართლეები ანგრევენ კონტიტუციურ მართლწესრიგს,” – უთხრა “ბათუმელებს” სასამართლო სხდომის დარაბზში ბექა ბასიალაიამ, ის გიორგი უგულავას ადვოკატია. ბასიალაია კოკნრეტულ მოსამართლეებსაც ასახელებს, ვინც, მისი ინფორმაციით, დღეს საქმის განხილვაზე უარი თქვა: “ესენი არიან ტურავა, სიჭინავა, ფაფიაშვილი და თავაძე. ამ ადამიანებმა ვერ გაუძლეს ცდუნებას და შანტაჟს და დადიან “შატალოზე”. ისინი ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, რომ უგულავა არ გათავისუფლდეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე. რეალურად მოსამართლეების ასეთი მოქმედება იძლევა მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმის საშუალებას, მაგრამ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უკვე ჯიბეში უდევს ხელისუფლებას.”

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დასკვნითი სიტყვების ეტაპი სასამართლოში მეორედ გადაიდო. “იგივე მერაბ ტურავა, მოსამართლეა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ჩვენ დასკვნითი სიტყვა მისი ნაშრომების მიხედვითაც დავწერეთ, ამიტომაც არ უნდათ მათ ამის მოსმენა. ეს დამოკიდებულება აზიანებს არა კონკრეტულ პატიმრებს, არამედ ქვეყნის საგარეო იმიჯს,” – ამბობს ლევან სამუშია.

როდის გაიმართება საქმის არსებითი განხილვა – თარიღი ჯერ უცნობია.

ზღვაში დაკარგულ სამხედროებს პატივს მიაგებენ

დღეს, გონიოში ზღვის სანაპიროსთან, სადაც წვრთნების დროს ორი სამხედრო ზღვაში დაიკარგა, ღონისძიება გაიმართება. ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივს მიაგებენ და ტრადიციისამებრ, ზღვაში გვირგვინებს ჩაუშვებენ. ადგილზე უკვე იმყოფებიან მესამე ქვეითი და სპეციალური ძალების შემადგენლობის წარმომადგებნლები.

ღონისძიება რამდენიმე წუთში დაიწყება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქ ელოდებიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

14163661_1166190483454143_405775095_o
გონიო, 1.09. 2016 / როინ გუნდაძის ფოტო

რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ.

საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის გზით შეუძენია საცხოვრებელი ბინა თბილისში, თუმცა ყოფილი მესაკუთრე ბინას არ ათავისუფლებს: „გიას მსგავსად სხვა, კანონიერ მესაკუთრესაც ამ წესის მიხედვით უწევთ სასამართლოსთვის იმის მტკიცება, რომ ისინი არიან მესაკუთრეები. კანონში ჩაიწერა, რომ ამ ტიპის საქმე სასამართლომ ერთ თვეში უნდა განიხილოს, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება და არც მოლოდინი გვქონდა ამის. გია ნოდიას საქმის განხილვა წელიწადზე მეტია გრძელდება სასამართლოში,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოში გია ნოდიასთან ერთად, ბიზნესასოციაციის და საბანკო ასოციაციის ინტერესებს იცავს.

იპოთეკით დაზარალებულებმა სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე იცავს: „კანონის შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაარკვევდა, აქვს თუ არა ადამიანს სხვა საცხოვრებელი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩება. შემცირდა თუ გაიზარდა პირის გადახდისუნარიანობა და სამართლიანია თუ არა, რომ ახალი ვადები დაუწესდეს მას აღებული სესხის დასაფარად. რეალურად მივიღეთ ის, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ქონების ჩამორთმევის საკითხს და მაინც მივდივართ გამოსახლებამდე. მეორეა თაღლითობის შემთხვევები, რომლის გამოძიებაც გაჭიანურებულია და არ ასრულებს პროკურატურა“.

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე დაახლოებით 10 შემთხვევა განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ათივე შემთხვევაში გამოსახლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მხოლოდ ერთი ოჯახის გამოსახლება მოხერხდა. „სხვა ოჯახები არ გამოდიან ნებით, იძულებით აღსრულებაზე კი, ჯერ არ მისულა საქმე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

სამი მოვალის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლელა ბჟალავა იცავდა. მისი შეფასებით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: „აღნიშნული გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და არ მოახდინოს ქონების რეალიზება, თუკი არსებობს უფლების დაკმაყოფილების ალტერნატივა. საფინანსო ორგანიზაციამ, თუ მევახშემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მსესხებელს და უძრავი ქონების გაყიდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს, როცა თანხის ამოღების ყველა სხვა გზა ამოწურულია“, – ამბობს ლელა ბჟალავა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავს ბიზნესზე, ვიდრე ფიზიკურ პირებზე. მათი რეალური ინტერესების დამცველი ისევ არ არსებობს, ბანკები კი ორგანიზებულად ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას“, – გვითხრა ლია ელიავამ, ეკონომიკის ექსპერტმა. ის ერთ-ერთია, ვინც საკანონმდებლო ცვლილებისგან პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ იყო და რეალურად სასამართლოს „გამოსახლების საქმეები“ ხელისუფლებამ სათანადო საკანონმდებლო ბაზის გარეშე გადააბარა. „ჩვენთან ჯერ კიდევ არ განუხილავთ კანონი, რომელიც ყველა ცივიზილებულ ქვეყანაში მოქმედებს – ესაა ფიზიკური პირის გაკოტრება. როცა ადამიანს აღარანაირი საშუალება არ აქვს სესხის დაფარვის, არის შემთხვევები ევროპის ქვეყნებში, როცა სასამართლო მთლიანად ჩამოაწერს მას ვალს და ეს გადადის მსესხებლის ზარალში. შესაძლებელია, ადამიანს სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეუმციროს გადასახადები, დაუწესოს სესხის დაფარვის ახალი განრიგი, ასევე აძლევს უფლებას იცხოვროს სახელმწიფო სოციალური სახლებით“.

ეკონომიკის ექსპერტი რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაც მისი შეფასებით კანონმდებლებს უნდა აესახათ კანონმდებლობაში: „ფაქტია, როცა სესხს იღებ, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ მეორეა ამ სფეროს რეგულირება, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან იმიტომაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომ პატიოსან მოქალაქეს სჯიან რისკებით, იქნებ ვინმემ ვერ გადაიხადოს საპროცენტო, ან სესხი ვერ დაფაროსო. რეალურად ეს რისკი პატიოსან, გადახდისუნარიან მოქალაქეზე აისახება. უნდა არსებობდეს ასევე გირაოს შესახებ კანონი, ასევე საპროცენტო განაკვეთის რეგულირება. პრობლემურია დღემდე უძრავი ქონების შეფასებაც. დღეს ქონების ღირებულებას თავად ბანკები საკუთარი მადის მიხედვით აფასებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ არაკომპეტენტურია. პროფესიონალურია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შეფასება, მაგრამ ბანკები მათ შეფასებისთვის იშვიათად მიმართავენ. მოქალაქეები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ მომსახურება ძვირია“.

„ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფულით გააკეთოს უფრო მეტი ფული“, – პასუხობს განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებს ლევან ალაფიშვილი, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების ინტერესების დამცველი. მისი თქმით, მოვალეებს საქართველოში გაცნობიერებული არ აქვთ მარტივი მოცემულობა, რომ სესხს დაბრუნება სჭირდება: „როცა ფულს იღებდი ბანკში, მაშინ არ იცოდი, რომ უკანონო ხელშეკრულებას აწერდი ხელს? მე უფრო მეტს გეტყვით: ამ პროცესით საბოლოო ჯამში, ისევ იპოთეკარები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან. საფინანსო ორგანიზაციებმა უკვე იციან, რომ უძრავი ქონებიდან პირის გამოყვანა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზეა დამოკიდებული. რისკი გაიზარდა, გაიზარდა – საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკარებმაც რა მოიგეს? სასამართლო მაინც აკმაყოფილებს კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნას. მათ დროის ხარჯვის და ენერგიის გარდა, დამატებით სახელმწიფო ხარჯის დამატებაც უწევთ. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმი. მაშინ მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავდნენ იპოთეკარები და ამით თითქოს გააჩუმეს“.

„არაფერიც არ შეიცვალა“, – გვიპასუხა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა იპოთეკარების მოთხოვნების შემდეგ კანონმდებლობის შეცვლამ. გიორგის შეფასებით, შედეგი არის ის, რომ პროცესი დროში გაიწელა, კიდევ უფრო გადაიტვირთა სასამართლოები და გამოსახლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიცია. „ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულება და წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტდა, შეუსრულებელია“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„შეხვედრები მაქვს, ვმუშაობ, არ მცალია. კანონის მიღებით დაფიქსირებულია უკვე ჩემი პოზიცია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამ მოკლე პასუხის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ტელეფონი გაგვითიშა. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და კანონმდებლობაში გამოსახლების შესახებ შესული ცვლილების აქტიური მხარდამჭერი იყო.

ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, პირველ სექტემბერს, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ვინაობა დადგენილია და ცხედარი არ ეკუთვნის ზღვაში წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცებიდან არც ერთს.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა.

დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  დაზიანდა საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი.

შვიდამდე ოჯახი დაზარალდა და ერთი საფრთხის წინაშე დგას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაქვსა და ჩაისუბანში.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებელი დაზარალებულ ოჯახებს მოინახულებს:

„საჭიროების შემთხვევაში მოხდება ოჯახის სახლიდან გამოყვანა და დროებით თავშესაფარში გადაყვანაც, თუმცა არამგონია ეს საჭიროება დადგეს“, – განაცხადეს ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში.

„ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ბათუმის ცენტრალური ქუჩების ნაწილი და მახინჯაურის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ჭაობის დასახლების ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ივანიშვილის პროგნოზი: 15-მდე დეპუტატი უმაღლეს საბჭოში, 100-მდე პარლამენტში „ოცნებიდან“

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ 15-მდე, ხოლო საქართველოს პარლამენტში 100-მდე დეპუტატის ხილვას პროგნოზირებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. მან ამის შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში – „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„პლუს-მინუს 10%, ვერ წარმომიდგენია 90 დეპუტატზე ნაკლები იყოს საქართველოს პარლამენტში, ეგ უფრო ნაკლებად წამომიდგენია, ვიდრე 115“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ბოლო 200-300 წლის განმავლობაში და უკანასკნელი 25-30 წლის გამოცდილება არასაკმარისია სახელმწიფოს მართვისა და შეფასების კარგად სასწავლად. ივანიშვილის თქმით, „ჩვენს მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში“ და მას რეგიონულ მედიასთან შეხვედრებით, სურს „მათ ვისაც სჯერა ბიძინა ივანიშვილის“, დაეხმაროს ანალიზში და სწორედ ამ ანალიზში გამოიკვეთება, თუ რატომ უნდა შევიდეს „ქართული ოცნების“ ასი დეპუტატი პარლამენტში, ხოლო 15 აჭარის უმაღლეს საბჭოში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21, ხოლო საქართველოს პარლამენტში სულ 150 წევრია, როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული წესით არჩეული.

მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელში საავტომობილო გზებსა და საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ ცხმორისში, ჩარგაულარის უბანში საუბნო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოსულმა მასამ 12 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა.

ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის 3 მთას, პირველი მაისის ორ სოფელსა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულს.

„მობილიზებულია მობილური ჯგუფები, ტექნიკა და შესაბამისი უწყებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები. სასმელი წყალი მიეწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. სიტუაცია მართვადია. ქედაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

უამინდობა ბათუმში: გადაკეტილი წყლის სათავე ნაგებობები, დატბორილი ქუჩები და სადარბაზოები

ბათუმში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. უხვი ნალექის გამო, შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დროებით გადაიკეტა ჩაისუბნისა და ჩაქვის სათავე ნაგებობები და წყლის მიწოდება შეუწყდათ: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, ბენზეს, გარადოკის, განთიადის, თამარის და ბარცხანის დასახლებებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნონეშვილის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

წყლის მიწოდება დღეს დილიდან უნდა აღდგენილიყო, მაგრამ „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ უხვი ნალექის გამო წყლის მიწოდების აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე თქმით, სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და ცხელ ხაზზე შესულ ყველა ზარზე გასულია ბრიგადები:

„კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი არ გვაქვს, მაგრამ გასულია ბრიგადები, ტარდება ამოტუმბვითი სამუშაოები“, – თქვეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ ოფიციალურ განცხადებას შპს „ბათუმის წყალი“ დღის ბოლოს გააკეთებს.

ბათუმში ამ დროისათვის დატბორილია რამდენიმე ქუჩა; ასევე დატბორილია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე მაღაზია.

ადიდებული მდინარე მეჯინისწყალი ავტომაგისტრალსა და მიმდებარე ქუჩებში გადმოვიდა. უამინდობამ ავტომაგისტრალის ჩაქვი-ქობულეთის მონაკვეთზე [უღელტეხილი] საცობი გამოიწვია.

მოსალოდნელი უამინდობის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

ადიდებული მდინარე მეჯინისყალი, გზის სავალ სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტი და დატბორილი გზის სავალი ნაწილი / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინისყალი, გზის სავალ სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ადიდებული მდინარე მეჯინიწსყალი, გზის სავალ ნაწილზე / ფოტო: ცაგო კახაბერიძე
20160901_093115
აღმაშენებლის ქუჩაზე მაღაზიებში წყალი ჩავიდა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
20160901_093155
აღმაშენებლის ქუჩა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე
20160901_093137
აღმაშენებლის ქუჩა / ფოტო: ირმა დიმიტრაძე

20160901_093151

მაიაკოვსკის ქუჩა / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა. დატბორილი სადარბაზო / ფოტო: შორენა ამაღლობელი
მაიაკოვსკის ქუჩა. დატბორილი სადარბაზო. აქ მცხოვრებლებს „ბათუმის წყალში“ უთხრეს, რომ ამოსატუმბ მანქანებს ვერ გამოუშვებენ, „სამაშველო სამსახურში“ კი ეუბნებიან, რომ ყველა მანქანა გამოძახებაზეა  / ფოტო: შორენა ამაღლობელი

ქირავდება დღიურად ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე 50-კვ.მ ბინა

ქირავდება დღიურად ბათუმში, ზვიად გამსახურდიას (ყოფილი ორჯონიკიძის) ქუჩაზე  50-კვ.მ ბინა. ფასი: 100 ლარი.

samaklero.ge

5.

საუბნო კომისიები „გამჭვირვალე“ პოლიტიკური გავლენებით

გასულ კვირას საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა. 13-კაციან საუბნო კომისიაში შვიდი წევრი სხვადასხვა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. დანარჩენი ექვსი კი, კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა იყოს შერჩეული. საარჩევნო მიმართულებით სერტიფიცირებული კადრები საუბნო კომისიების გარეთ დარჩნენ. „საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ეს მადონა ბერიძის შეფასებაა „სამართლიანი არჩევნებიდან“.

„ცესკოს გამოცდები გასულ წელს ჩავაბარე. ვერ წარმოვიდგენდი, თუ უარს მეტყოდნენ, რადგან სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე ძალიან ცოტაა,“ – გვიყვება დავით ფარტენაძე. მას საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს 2012 წლიდან. დავით ფარტენაძეს ბათუმის #62 საარჩევნო უბანში სურდა დასაქმება. აქ „პროფესიული ნიშნით“ შერჩეულ ადამიანებს სერტიფიცირება არ გაუვლიათ. საარჩევნო კანონმდებლობის საკვალიფიკაციო გამოცდა ცესკოში ტარდება. სერტიფიკატი აუცილებელი მოთხოვნაა საარჩევნო ოლქის ან ცესკოს წევრობისთვის.

„სერტიფიკატი არაა გადამწყვეტი, არაა აუცილებელი კანონის მიხედვით,“ – გვითხრა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი ბერიძემ. მან ვერ განმარტა, რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს უბნის ის წევრები, რომელთა მიმართ მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი უნდა იყოს: „იცით, როგორ არის? სერტიფიკატი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ რომ დაუსვა კითხვა, ვერ გიპასუხებს. დაზეპირებული აქვს და იმიტომ. ბევრ სერტიფიცირებულს სჯობია უშუალოდ არჩევნებში გამოცდილი ადამიანი… მე ვიძახდი, რომ გამოცდილებისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ზოგი ამბობდა, ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, არ გვინდა სულ ერთი და იგივე სახეებიო. მოკლედ, ერთიან კრიტერიუმებზე ვერ შევთანხმდით“.

სერტიფიცირებულ საარჩევნო მოხელეს მხარი არც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“  წევრმა ბათუმის ოლქში მზია მჟავანაძემ გვითხრა, რომ მისთვის კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყო და სერტიფიკატის ქონა. მას კონკრეტულ უბანზე ვკითხეთ, სადაც სერტიფიცირებულს მან ხმა არ მისცა. „ძალიან ცუდია, რომ ასე მოხდა. ალბათ მექანიკურად გამომეპარა. ახლა ამას ძალიან ვნანობ,“ – გვითხრა მზია მჟავანაძემ.

სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები არც ქობულეთის ოლქში შეურჩევიათ. ირაკლი ბერიძე, ოლქის თავმჯდომარის მოადგილე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიას ინფორმაციაც არ ჰქონია, რომელიმე კონკურსანტს ჰქონდა თუ არა სერტიფიკატი: „მომხრე ვარ, რომ ამის მიხედვით გაკეთდეს არჩევანი. შესაძლებელია, ეს იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც ამა თუ იმ პირზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. სამწუხაროდ კონკურსში მონაწილეობის ის ფორმა, რომელიც ცესკოს მიერ არის შემუშავებული და რომელსაც ავსებს საუბნო კომისიის წევრობის მსურველი, ამ კითხვას არ ითვალისწინებს. განაცხადებში არსადაა აღნიშნული, ფლობს თუ არა პიროვნება საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატს“.

თუკი ცესკო არის ორიენტირებული პროფესიონალი კადრების შერჩევაზე, რატომ არ ითვალისწინებს კონკურსში მონაწილეობის ბლანკი ინფორმაციას სერტიფიცირების შესახებ? – კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონმდებლობა არ სთხოვს საუბნო კომისიის წევრს სერტიფიკატს, ხოლო ოლქის წევრებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულების მიხედვით ჯერ ინდივიდუალურად იმსჯელონ კანდიდატებზე, შემდეგ კი ერთიანი გადაწყვეტილება მიიღონ. „შესაძლოა, ოლქის წევრებმა ჩათვალეს, რომ გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეორიული გამოცდის ჩაბარება. კანონი სერტიფიცირებულს უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს. სერტიფიკატის არქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნაკლებად კვალიფიციურია,“ – ამბობს ანა მიქელაძე. მან ვერ დაგვისახელა კანონის ნორმა, რომელიც აუკრძალავდა ცესკოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შევსებულ ბლანკში ჩაწეროს პირმა, მას ჩაბარებული აქვს თუ არა საარჩევნო გამოცდა, ან რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი, თუკი ოლქის წევრი არჩევანს სერტიფიცირებულის სასარგებლოდ მიიღებს. ცესკოში ვერ ხედავენ პრობლემას იმ კუთხით, რომ ცესკოშივე ჩაბარებული გამოცდების შემდეგ, ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციების მიღმა რჩებიან.

ცესკოს მსგავსი პოზიცია დაგვიფიქსირეს „ქართულ ოცნებაშიც“: „სულ ერთი და იგივე ხალხი საქმდება უბნებზე. რა გამოდის, იქნებ ნაციონალების ინტერესებს გაატარებს მაშინ ეს ხალხი. ამოსავალი არის გამოცდილება. მათ უკვე იციან კარგად საარჩევნო პროცედურები და ალბათ, ამაზე გაკეთდა არჩევანი, არ ვიცი,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს წევრმა პარტია ქართული ოცნებიდან“, ალესანდრე ჩიტიშვილმა.

„საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით. ეს ტესტი ხელისუფლებამ ამჯერადაც ვერ ჩააბარა,“ – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. ის სერიოზულ რისკს ხედავს, როცა საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრს ოლქი გაურკვეველი კრიტერიუმებით და გაუმჭვირვალედ ირჩევს: „ეს ხალხი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური იმისთვის, რომ იყვნენ ორიენტირებული კანონის შესრულებაზე და არა პარტიულ ინტერესებზე. როცა ნეიტრალურობა პრობლემაა, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები ვერ იქნება ობიექტური.“

მადონა ბერიძე „წინასწარ სიებზეც“ გვესაუბრა. მან აჭარის რამდენიმე ოლქის მონაცემი დაგვისახელა, სადაც კენჭისყრაზე საუბნო კომისიის ექვსი წევრის შესარჩევ ბლანკში ოლქის წევრებმა სახელები და გვარები „წინასწარი სიიდან“ გადააკოპირეს: „იმიტომ, რომ ოლქი ასობით განაცხადს განიხილავს, „წინასწარ სიებით“ ხელმძღვანელობა პრობლემა არ არის, მაგრამ ოლქის თითოეულმა წევრმა უნდა განიხილოს საერთო სხდომამდე თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად და უნდა არსებობდეს კრიტერიუმი, რაზეც ოლქი თანხმდება გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ შემთხვევაში თითქმის ყველა ოლქში დაფიქსირდა ტენდენცია, როცა არსებობდა წინასწარი სიები და იქედან გადაწერეს პირდაპირ ექვსეული. ახალი ამაში არაფერია, მაგრამ იგივე წინა ხელისუფლების დროს, მაგალითად, გრძელი სია იყო შედგენილი, არეული იყო სახელები და გვარები, მაგრამ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა შემოეხაზათ. ამჯერად ეს ფარული პოლიტიკური გავლენა აღარავის დაუმალავს… ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში იკვეთება, არის ის, რომ საქმე გვაქვს საოლქო კომისიის საქმიანობაში სავარაუდო ჩარევასთან. აქამდეც კეთდებოდა ამაზე განცხადებები. ცესკოს უნდა გამოეჩინა ნება და მოეძებნა მექანიზმები, რომ ასე არ მომხდარიყო და პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულიყო საუბნო კომისიის წევრები. ცესკოგან მარტო იმის მოსმენა, რომ თურმე კანონის შესაბამისობაშია ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არაფერს ცვლის. თავიდან ბოლომდე სიები არ შეგვისწავლია, მაგრამ ჩანს ტენდენცია, რომ აირჩიეს ძირითად შემთხვევებში ის ადამიანები, ვინც წინა არჩევნებზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა. შერჩეულია ისეთი პირებიც, ვისაც წინა არჩევნებზე ჰქონდა გადაცდომა და მიღებული აქვს საყვედური“.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ოლქში? – „ბათუმელები“ ბათუმის 79-ე ოლქის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაეცნო. გამოჩნდა, რომ საუბნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები დიდი უმრავლესობითაა არჩეული. კონკურსში სულ 1490 განაცხადი შევიდა, საიდანაც ოლქმა 714 წევრი შეარჩია. შერჩეული წევრების დიდ ნაწილს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმაც“.

პეტრე ზამბახიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ფაქტია, რომ წინასწარ მიწოდებულ სიებს დაუჭირა მხარი ამ ოპოზიციურმა პარტიებმაც.  როგორ შეიძლება ინდივიდუალურად გაკეთებული არჩევანი დაემთხვეს „ქართული ოცნების“ არჩევანს, თან 700 შემთხვევაში, ეს დაუჯერებელია. ჩემი ინფორმაციით, ისინი გაურიგდნენ მმართველ ძალას იმიტომ, რომ საკუთარი აქტივისტები და ახლობლებიც ჩაესვათ საუბნო კომისიებში.“

„გარიგებას“ გამორიცხავენ როგორც „რესპუბლიკურ პარტიაში“, ასევე „თავისუფალ დემოკრატებში“, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ შეიძლება დაემთხვეს ასეულობით შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის არჩევანი მმართველი პარტიისას. „არ ვიცი, ალბათ დაემთხვა. წინასწარი სიები არ არსებობდა. მე არჩევანი გამოცდილების მიხედვით გავაკეთე,“ – გვითხრა სოფიო დიასამიძემ. ის ბათუმის საარჩევნო ოლქის წევრია „რესპუბლიკური პარტიიდან“.

„წინასწარ „შპარგალკა“ არ მქონია, ღმერთის წინაშე დავიფიცებ ამას. საარჩევნო სკოლა დამთავრებული ვინც იყო, ისინი შემოვხაზე მე. ათიდან ექვსი როცაა ასარჩევი, რაღაც ბუნებრივია დაემთხვევა,“ – ეს მზია მჟავანაძემ გვითხრა, ბათუმის ოლქის წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“. ამ პარტიაში გვითხრეს, რომ მათ წინასწარი სია ბათუმში არ უნახავთ: „ჩვენ გავაპროტესტეთ წინასწარი სია იქ, სადაც ეს კონკრეტულად ვნახეთ. პირველად ჩვენმა წარმომადგენელმა ქობულეთში, სალომე ზაქარიაძემ ნახა ეს სია და გაასაჯაროვა. დიდი ალბათობით, ბათუმშიც იქნებოდა წინასწარი სია,“ – ამბობს კობა ჩხეიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ოპოზიციური პატიების მხარდაჭერის გარეშეც, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო სასურველი პირების შეყვანა საუბნო კომისიებში – ოლქის დამოუკიდებელი ექვსი წევრის არჩევანი [ოლქების შემთხვევაშიც, დეკლარირებულად ასევე „პროფესიონალიზმისა“ და „პოლიტიკური ნეიტრალობის“ ნიშნით შეარჩიეს დამოუკიდებელი ექვსი წევრი] საუბნო კომისიის წევრების არჩევის დროს, ძირითადად მმართველი პოლიტიკური პარტიის არჩევანს დაემთხვა. 6+1 კი უკვე უმრავლესობაა საოლქო კომისიაში.

„რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კვლევა, როგორ შეირჩნენ საოლქო კომისიის დამოუკიდებელი წევრები. გამოიკვეთა ისეთი წევრების შერჩევა, რომლებიც წინა არჩევნებზე მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. საერთოდ გაურკვეველი დარჩა რის საფუძველზე შეარჩია ცესკომ ეს წევრები, რადგან პოლიტიკური ბეგრაუნდი არავის მოუკითხავს,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ „სამართლიანი არჩევნებიდან“.

ფოტოპორტრეტები შშმ პირთა გამოწვევებზე “თავისუფალ სივრცეში”

31 აგვისტოს “თავისუფალ სივრცეში” ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტოპორტრეტები ასახავს იმ ბარიერებს, რომლებიც ბათუმში გადაადგილების დროს შშმ პირებს ხვდებათ. პროექტის მიზანია არაადაპტორებული გარემოს წარმოჩენა და საზოგადოების დაინტერსება შშმ პირთა მდგომარეობით.

“ჩვენი სურვილია ჩვენს ქალაქში თანაბრად ხელმისაწვდომი გარემო არსებობდეს ყველა ადამინისთვის.” – ამბობს ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, პროექტების კოორდინატორი ნინო ჩხაიძე.

ნინო გვიყვება, რომ კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადეს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა გადაეღოთ ფოტოები და აესახათ პრობლემები, რომლებსაც ითვალისწინებს გაეროს შშმ პირთა კონვენციის მე-9 მუხლი ხელმისაწვდომობის შესახებ. თუმცა, რეალურად, კონკურსი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ფოტოგრაფმა, ედო მჟავანაძემ მიიღო.

“მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო ჯგუფმა მაქსიმუმი გავაკეთეთ და ბევრი ვიმუშავეთ ინფორმაციის გავრცელების კუთხით, დაინტერესება და ჩართულობა ამ პროექტში იყო მინიმალური.” – აცხადებს ნინო ჩხაიძე.

ედო მჟავანაძე
ედო მჟავანაძე

ედო მჟავანაძე ორგანიზაციის, “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის”, მოხალისეა. ის ამბობს, რომ არაადაპტირებული გარემოს პრობლემა ყოველთვის აწუხებდა, თუმცა ეს პროექტი მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვისაც, საინტერესო იყო.

კითხვაზე, რატომ აღმოჩნდა კონკურსში უკონკურენტოდ, ედო გვპასუხობს: “ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს თემა პირადად არ ეხება და არ მიიჩნევენ მნიშვნელოვნად. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს შშმ პირი, ფოტოპორტრეტებში ასახული დაბრკოლებების გადალახვაც ერთად გვიწევს დ ამიტომ კარგად მაქვს გააზრებული პრობლემის არსი.”

მიშიკო ცინცაძე
მიშიკო ცინცაძე

„უამრავი პრობლემა ექმნებათ შშმ პირებს ჩვენს ქალაქში. უნდა გაკეთდეს მეტი პანდუსი, ატრაქციონები შშმ ბვშვებისათვის, სკვერები და პარკები, რომლებიც სრულად იქნება ადაპტირებული, რათა ჩვენც, შშმ პირებმაც, შევძლოთ გართობა და დროის გატარება ჩვენი თანატოლების მსგავსად. საჭიროა დაიგეგმოს ბევრი ხვადასხვა აქტივობა, რომლებიც შშმ პირთა პრობლემებს წარმოაჩენს და მათი გამოსწორებისკენ იქნება მიმართული.” – ამბობს გამოფენის ერთ-ერთი დამთვალიერებელი, 17 წლის მიშიკო ცინცაძე. ის ფიქრობს, რომ “თავისუფალი სივრცის” საორგანიზაციო ჯგუფი უფრო მეტად ზრუნავს შშმ პირებისთვის შეზღუდული გარემოს გაუმჯობესებაზე, ვიდრე სახელმწიფო.

“თავისუფალი სივრცე” არის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაესწროთ საინტერესო შეხვედრებს, დისკუსიებს, ფილმის ჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს. ასევე, თავად დაგეგმოთ და ჩაატაროთ ღონისძიება. ორშაბათიდან, 5 სექტემბრიდან, აქ უკვე კაფეც დაიწყებს ფუნქციონირებას.

DSCN2594
თამთა კახაბერიძის ფოტო
DSCN2581
თამთა კახაბერიძის ფოტო
ფოტო ედო მჟავანაძე
ედო მჟავანაძის ფოტო

დისკრიმინაციის ფაქტი ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში

ხელვაჩაურის სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი ა(ა)იპ “ხულოს ბაღების გაერთიანებაში” დაადასტურა. გაერთიანების წინააღმდეგ სარჩელი მაია გელაძეს ჰქონდა შეტანილი. მისი თქმით, უარი ერთ-ერთ ბაღში დასაქმებაზე კონკურსის დროს „კარგი სოციალური მდგომარეობის” გამო უთხრეს. სასამართლო მორიგებით დასრულდა – ხულოს ბაღების გაერთიანებამ აღიარა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას ქონებრივი ნიშნით. მაია გელაძის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა.

„დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს ხულოს ბაღების გაერთიანების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ხულოს ბაღების გაერთიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრმინაციულ მოპყრობას პირის მიმართ, მათ მიერ სრულად იქნა გააზრებული დაშვებული შეცდომა. იმედია, მომავალში ნებისმიერი დამსაქმებელი მეტი ყურადღებით მოეპყრობა დასაქმებულის ინტერესებს,” – ამბობს პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი.

ხულოს ბაღების გაერთიანებამ ვალდებულებად აიღო, რომ მაია გელაძეს დანიშნავს საბავშვო ბაღში მეორე ცვლის აღმზრდელ-მასწავლებლის პოზიციაზე.

მაია გელაძის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა მიიღო.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. დღეს, 31 აგვისტოს იგი საანგარიშო განცხადებით წარსდგა აჭარაში მოქმედი საავადმყოფოების მენეჯერების და სამინისტროს თანამშრომლების წინაშე. მან ოთხი წლის მანძილზე, მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა. როგორც ცნობილია ნუგზარ სურმანიძე უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია.

„მივიღე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მინდა ჩავერთო წინასაარჩევნო პროცესებში, რომ შემდგომში არ იყოს გაურკვევლობა. მივმართე მთავრობის თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ. ხვალიდან უკვე შემეძლება აქტიურად ჩავერთო საარჩევნო პროცესებში“ – განაცხადა ნუგზარ სურმანიძე.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს თავისი მინისტრობის პერიოდს, ნუგზარ სურმანიძემ განაცხადა, რომ მათ შესძლეს სამედიცინო მომსახურების მოცულობების გაზრდა. „ჩვენ შევეცადეთ, ის გამოწვევები, რაც მოსახლეობას ჰქონდა ჯანდაცვის სფეროში, მაქსიმალურად დაგვეფარა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ, მაგრამ მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდეთ ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებოდათ. ვფიქრობ, 40 მილიონი ლარი, რაც იყო გამოყოფილი ამ ოთხი წლის განმავლობაში, მიზნობრივად გავხარჯეთ თითოეული ადამიანის მკურნალობაზე და ყველა ის ვალდებულება, რაც გვქონდა მოსახლეობის წინაშე შესრულებულია“ – აცხადებს ნუგზარ სურმანიძე.

ნუგზარ სურმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან ხვალიდან დაიწყებს.

სააგარიშო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა. მან ნუგზარ სურმანიძეს მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა არჩევნებში.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან გორგილაძე შეასრულებს.

ყოფილი იურისტი და ფინანსური დირექტორი ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ

რამდენიმე თვის წინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ განაცდური 70 ათასი ლარი ჩაურიცხა ექიმ დავით მურვანიძეს – საავადმყოფოდან ექიმის უკანონო გათავისუფლება სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა. ამავე საავადმყოფომ ჯარიმის 206 231 ლარის ნახევარი უკვე გადაიხადა იმ დარღვევებისთვის, რაც ინფექციურში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ შემოწმების შედეგად დააფიქსირა. დღემდე სახელმწიფო შპს “ბათუმის ინფექციური, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალურ ცენტრში” მართვის რგოლიდან არავინ დასჯილა. პირიქით, საავადმყოფოს დირექტორმა, ჯემალ დუმბაძემ სამსახურიდან იურისტიც გაუშვა. ყოფილი იურისტის და ამავდროულად ფინანსური დირექტორის, რუსლან ბერიძის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალიხ შაინიძე განიხილავს.

“იმედია, პროცესის დასრულებამდე დირექტორის შტატიც არ გაუქმდება,” – ამ რეპლიკით მოსამართლემ საავადმყოფოს იურისტს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა. სხდომაზე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, დალი ჭანიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და აცნობა, რომ საავადმყოფომ იურისტის შტატი გააუქმა. “ეს არის მისი მიზანმიმართული მცდელობა, რომ არ მოხდეს ჩემი დაბრუნება, თუკი სასამართლოს მოვიგებ,” – მიმართა მოსამართლეს საავადმყოფოს ყოფილმა იურისტმა, რუსლან ბერიძემ. მოსამართლე სალიხ შაინიძემ კი მიიჩნია, რომ დავის საგანზე საავადმყოფოს დირექტორის, ჯემალ დუმბაძის ეს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და შუმადგომლობა მიიღო, როგორც ინფორმაცია.

ინფექციური საავადმყოფო იურისტის გათავისუფლების მიზეზად სამსახურში არაერთხელ უსაფუძვლოდ დაგვიანებას ასახელებს. ყოფილმა იურისტმა კი მოსამართლეს უკვე აჩვენა სასამართლო პროცესის ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ რუსლან ბერიძე სასამართლოში იმყოფებოდა საავამდყოფოს წინააღმდეგ განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე. ეს მტკიცებულება საქმეში ბოლო “დაგვიანების” შესახებ ჩაიდო, რის შემდეგაც რუსლან ბერიძე სამსახურიდან დაითხოვეს.

“ამაზე აპელირებს მხარე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაგვიანება არ ყოფილა იურისტის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი,” – უთხრა “ბათუმელებს” დალი ჭანიძემ: ” სამსახურში უმიზეზოდ დაგვიანება დაფიქსირდა რამდენჯერმე და მას მიეცა ჯერ საყვედური, შემდეგ 10 დღის ხელფასი დააკლდა, შემდეგ – 10 დღით მუშაობის უფლება შეუჩერდა. რაც მთავარია, მას არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტებითი ბარათი, რა მიზეზით მოუხდა დაგვიანება. ასევე თუკი ის არ ეთანხმებოდა, მაგალითად, საყვედურს, ან 10 დღის ხელფასის დაკლებას, ეს უნდა გაესაჩივრებია თავის დროზე სასამართლოში.”

“გასაჩივრება დამიჯდებოდა 150 ლარი. გარდა ამისა, შინაგანაწესით უნდა დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და დირექციას უნდა მოეთხოვა ჩემთვის ახსნა-განმარტება. მე რის განმარტება უნდა დამეწერა, როცა არ დამიგვიანია, ან სასამართლოში ვიყავი სამსახურის საქმეზე?” – ამბობს რუსლან ბერიძე,

ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი იურისტის თქმით, დირექტორი ჯემალ დუმბაძე მიზანმიმართულად მას შემდეგ დაუპირისპირდა, როცა მან კონკრეტული ექიმის უკანონო გათავისუფლება მოითხოვა და უარი მიიღო: “სპეციალური ეთიკის კომისია შექმნა და მეც ჩამსვა. უნდოდა, რომ მისთვის არასასურველი ექიმი სხვისი ხელით მოეცილებია. მე ვთქვი, რომ ეს არ იყო სწორი და არ არსებობდა კონკრეტული საფუძველი. კომისიის სხვა წევრებმაც თავი შეიკავეს… ამის შემდეგ დავრჩი ჯერ კომპიუტერის, შემდეგ მაგიდის და სკამის გარეშე. მაინც მივდიოდი სამსახურში და ტელეფონზეც ვრეკავდი ახლობელთან, რომ დაფიქსირებულიყო ჩემი სამსახურში მისვლა.”

რუსლან ბერიძემ ჯემალ დუმბაძის მიერ ხელმოწერილი რამდენიმე ბრძანებაც გვაჩვენა, სადაც ჩანს, რომ, მაგალითად, გაფრთხილების მიცემის პარალელურად, დირექტორი ძალადაკარგულად მიიჩნევს საყვედურის გამოცხადებას, ასევე 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავების დროს, უქმდება გადაწყვეტილება სასტიკი საყვედურის შესახებ.

“მე ექიმი ვარ პროფესიით, იურისტი არ ვარ, შემეშალა… ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს მიმართეთ დალი ჭანიძეს და ის აგიხსნით,” – გვითხრა ჯემალ დუმბაძემ, ბათუმის ინფექციურის საავადმყოფოს დირექტორმა.ის ყოფილი იურისტის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ რუსლან ბერიძე სამსახურში უმიზეზოდ რამდენჯერმე არ გამოცხადდა. ჯემალ დუმბაძეს ყოფილ იურისტთან პროფესიული კუთხითაც აქვს პრეტენზია. დირექტორი ყოფილ იურისტს დათო მურვანიძის საქმის [საავადმყოფოს ყოფილი ექიმი, რომელმაც საქმე ინფექციურის წინააღმდეგ მოიგო] “წაგებაში” ადანაშაულებს.

რაც შეეხება იურისტის შტატის გაუქმებას, ჯემალ დუმბაძე ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილებით მან ფინანსები დაზოგა: “ორი ერთნაირი თანამდებობა რატომ უნდა მქონოდა? იურისტის ფუნქციას ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შეითავსებს. ორივეს 1000-1000 ლარს ვუხდიდი, ახლა მხოლოდ ათას ლარს გადავიხდი,”- ამბობს ჯემალ დუმბაძე.

სამედიცინო რეგიულირების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ინფექციური საავადმყოფოს დარღვევებზე სტატია “ბათუმელებმა” მაისში დაწერა. უნდა აგოს თუ არა პასუხი მენეჯმენტიდან ვინმემ, როცა მასობრივ დარღვევებზეა საუბარი? – ჯემალ დუმბაძემ გვირჩია შემოსავლებით დავინტერესებულიყავით: “როცა წლიური ბრუნვა 4 მილიონია, ამის გამოც უნდა დავისაჯო?”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოში დაფიქსირებულ დარღვევებს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება.

 

 

 

როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა

კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო.

“ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 წელს მიუღწეველი იყვნენ და მათ ოფიციალურად პირველი კლასის გავლას ვერ ჩაუთვლიდა: “სულ ოთხი ბავშვი იყო ასეთი ქობულეთში. მათ შევთავაზე, რომ გავატარებდი პირველი კლასის პროგრამას. ისინი პირველკლასელებთან ერთად ისხდნენ, მაგრამ ასაკით არ იყვნენ 6 წლის და როგორ გადავიდოდნენ მეორე კლასში?”

ზაურ სოლომონიძის თქმით, ბავშვები თუკი ამავე სკოლაში განაგრძობენ სწავლას, მათ მეორე კლასის პროგრამით ასწავლიან, მაგრამ ოფიციალურად პირველკლასელები იქნებიან. კითხვაზე, რატომ გაიარეს ბავშვებმა პირველი კლასის პროგრამა, როცა ისინი მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები იყვნენ, გვიპასუხა: “აბა, რა გვესწავლებია ბავშვებისთვის? ცალკე პროგრამა მოსამზადებელი კლასისთვის ჩვენ არ გვაქვს. როცა გამოცხადდება ექსტერნი, ეს ბავშვები მიიღებენ მასში მონაწილეობას და შესაძლებელი იქნება, ერთი კლასი გამოტოვონ,” – გვიხსნის ზაურ სოლომონიძე.

“თუკი დაფიქსირდება ეს ფაქტი, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ფაქტობრივად მეორე კლასის პროგრამას ასწავლიან, ეს დარღვევაა და ამას აუცილებლად შეისწავლის საქართველოს განათლების სამინისტრო,” – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, “მოსამზადებელი კლასის” პროგრამას თავად სკოლა განსაზღვრავს და სთავაზობს მშობელს: “ასევე მიუღებელია დაპირება ექსტერნის გამოცდებზე. წინასწარ არ ვიცით, გამოსცემს თუ არა ბრძანებას განათლების მინისტრი და ჩააბარებენ თუ არა მოსწავლეები ამ გამოცდებს. ასევე, ბრძანების გამოცემამდე უცნობია, რა ასაკობრივი შეზღუდვები იქნება დაწესებული”.

იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურის – იაგო შარაძის დედამ გონიოში შიმშილობა დაიწყო. ელენე შარაძე ზღვაში დაკარგული შვილის ძებნის სამუშაოების განახლებას მოითხოვს. სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებენ. ამ დროისთვის ისინი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ელოდებიან. იაგო შარაძის ნათესავების თქმით, მათ ამ უწყებიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

იაგო შარაძის მეუღლემ – მარიკა შარაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მას დღეს დილით სთხოვეს მოეწერა ხელი განცხადებისთვის, სადაც ეწერა, რომ სამხედრო მოსამსახურეები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. განცხადებაზე ხელი დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებს არ მოუწერიათ. დღეს, 31 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

samxedroebis axloblebi
ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები, გონიო. როინ გუნდაძის ფოტო

4 სექტემბერს ბათუმში მარათონი გაიმართება

ბათუმობის დღესასწაულთან  დაკავშირებით 4 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის მერიის ა[ა]იპ „სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით მძლეოსნური გარბენი გაიმართება.

ახალგაზრდული ცენტრის გარბენი სტარტს 6 მაისის პარკიდან აიღებს და საოცრებათა პარკში [ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია] დასრულდება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი ვაუჩერებით.

18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების შეჯიბრში მონაწილეობისათვის სავალდებულოა მშობელთან ერთად გამოცხადება.

გარბენში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  ვებ-მისამართზე:

https://www.batsyc.com/mtavari/garbeni

დისკუსია წინასაარჩევნო გარემოზე აჭარაში

“გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს “ქართული ოცნების” პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად,” – ეს ერთ-ერთი შემთხვევაა, რაზეც მადონა ბერიძემ “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა გაამახვილა ყურადღება. წინასაარჩევნო გარემოზე დღეს, 31 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის მომხსენებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო დარღვევების მაჩვენებლებმა იმატა. მათ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაში პოლიტიკური გავლენაზე, ასევე სიძულვილის ენის გააქტიურებაზე.

“ძალადობისგან დაცული ეს რეგიონი ისევ აღარ არის, განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძის და დავით თარხან-მოურავის განცხადებების შემდეგ,”- აღნიშნა დისკუსიაზე ხათუნა სამნიძემ, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

საარჩევნო ადმინისტრაციების პრობლემაზე ისაუბრა გიორგი ხიმშიაშვილმა, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა: “მაგალითად, ქობულეთის ოლქმა აირჩია 11 წევრი, რომელთაც წინა არჩევნებში არაერთხელ ჩაიდინეს სამართალდარღვევა საარჩევნო პროცედურების განხორციელების დროს. როცა ადამიანი არაერთგზის არღვევს კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ აყენებ საარჩევნო პროცესის ობიექტურობას”.

დისკუსიის ყველაზე დიდი ნაწილი დღეს მედიაზე საუბარს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ბათუმის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა, არმაზ ახვლედიანმა კი მიკერძოებულობაში დასდო ბრალი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს. მან კონკრეტული სიუჟეტი დაასახელა, როცა აჭარის ყოფილ მმართველის, ასლან აბაშიძის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: “ამ სიუჟეტში შეგნებულად გამოიყენეს ასლან აბაშიძის ის კადრები, სადაც ის ჩემთან ერთად ჩანს. ეს კადრი სოსო სტურუას მიერ მომზადებული ფილმიდან იყო…”

არმაზ ახვლედიანს უპასუხა ცოტნე ანანიძემ, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა. მისი განმარტებით, წინა მონიტორინგი აჩვენებს, რომ ტელევიზია დაბალანსებული და მიუკერძოებელია, ხოლო წინასაარჩევნო მუშაობას აკვირდებიან და შედეგები სამომავლოდ გამოქვეყნდება.

10 სექტემბრიდან წინასაარჩევნო დებატების გამართვას აპირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენლებმა დისკუსიის მონაწილეებს უთხრეს, რომ დისკუსიებს ბათუმში მოდერაციას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაუწევს.

სახალხო დამცველი: ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს ქალების დარბაზიდან გასვლის მოთხოვნას

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება 26 აგვისტოს ქედის საკრებულოში მომხდარ ფაქტს, როდესაც საკრებულოს წევრმა სხდომის დამსწერეებს მოუწოდა, ქალები გასულიყვნენ დარბაზიდან.

„პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – ასე შეაფასა მაშინ ფაქტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ.

“საკრებულოს სხდომათა დარბაზი არის პოლიტიკური ფორუმი, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები და რომელში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს ყველა წევრს, მათი სქესის მიუხედავად. დაუშვებელია, მამრობითი სქესის წარმომადგენელი დეპუტატების მიერ პოლიტიკური ფორუმი აღქმული იყოს როგორც პირადი სივრცე, სადაც შეეძლებათ ქალებს პოლიტიკური დებატების დატოვება მოსთხოვონ” – აღნიშნულია სახალხო დაცველის განცხადებაში.

სახალხო დმცველი ქედის საკრებულოს წევრ ბაქარ ბარამიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან ცინცაძეს მოუწოდებს მომავალში თავი შეიკავონ სექსისტური და გენდერული სტერეოტიპების შეცველი განცხადებებისგან.

“ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა; მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს და ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში, სქესის გამო, უფრო მეტად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას.. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოში, რომლის საქმიანობის ეფექტურად წარმართვა მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს”– აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

“ბათუმელები” იმავე დღეს ესაუბრა ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ფიქრობს, რომ საკითხზე ასეთი ყურადღების გამახვილა არ არის საჭირო: „ეს ბრძანება არ ყოფილა, თხოვნა იყო. პირადი გარჩევები არ ყოფილა, ორგანიზაციულ საკითხებზე ვისაუბრეთ. მამაკაცებში იყო სათქმელი. შეიძლება სადმე პურმარილზე მივდიოდით, რატომ მიაჩემდით ამ საკითხს? მეტ შეკითხვას არ ვუპასუხებ“ – განაცხადა ამირან ცინცაძემ.

ქედის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი დეპუტატია. მათ კოლეგების განცხადება არ გაუპროტესტებით და „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ეს ფაქტი მათთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილა.

“ჩემთვის შეურაცმყოფელი არ ყოფილა. სხდომა დასრულებული იყო. ვფიქრობ არც პირად გარჩევას ჰქონია ადგილი. ბევრი რამეა არაადეკვატურია და მაინც ხდება,” – განაცხადა „ბათუმელებთან“ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატმა, ნარგიზ დიასამიძემ.

“მანამდე წავედი, მაგ საუბარს არ ვესწრებოდი, აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით” – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ტატიანა სირაბიძემ.

ზღვაში დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ

შავ ზღვაში სამხედრო წვრთნის დროს დაკარგული სამხედროების ახლობლები გონიოში ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სამხედროს ახლობელმა უთხრა.

ახლობლებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა. დაკარგულთა ახლობლები სამძებრო ღონისძიებების გაგრძელებას ითხოვენ.

„ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მივმართოთ შესაბამის ზომებს, გზებსაც გადავკეტავთ… ვითხოვ ჩემი მეუღლის ცხედარს, თუნდაც ერთი ნაწილი იყოს, იმიტომ რომ 16 დღეა ზღვაშია და რა მდგომარეობაშია არ ვიცით, ჩემს შვილებს მამის საფლავი მაინც ჰქონდეთ.  ხალხს ველოდებით, მეზობლები გვერდში გვიდგას, ნაწილი აქ არის და დაახლოებით ერთ-ორ საათში გადავკეტავთ ბათუმი-სარფის მაგისტრალს.“ – უთხრა „ბათუმელებს“ დაკარგული იაგო შარაძის მეუღლემ, მარიკა შარაძემ.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

ალაგ-ალაგ გადაღებილი ველობილიკები

ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველობილიკებს ალაგ-ალაგ ღებავენ.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ინფორმაციით: „ბილიკები, რომლებიც ალაგ-ალაგ გადაიღება, მაისის თვეში სრულად იყო შეღებილი. ახლა, უბრალოდ, დაზიანებული ადგილები გადაიღება, ძირითადად ხეების ქვეშ, ზოგან მანქანებს აჩერებდნენ და დაზიანდა… ორ-სამ დღეში, დაჯდება საღებავი და განსხვავება ფერში ახალსა და ძველს შორის, აღარ იქნება. შეგვეძლო მთლიანად გადაგვეღება, თუმცა გავუფრთხილდით ბიუჯეტს“.

ქალაქში ველობილიკების გადაღებვა წელს, აპრილის თვეში დაიწყო. მაშინ ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდებოდა.

IMG_20160830_161425IMG_20160830_161516IMG_20160830_195345IMG_20160830_161323IMG_20160831_095220IMG_20160830_161641

მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]

ხათუნა სამნიძე ბურჭულაძისა და თარხან-მოურავის განცხადებებზე: ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა

“სახიფათო, საშიში და საბჭოთა აზროვნება” უწოდა „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ დღეს, 30 აგვისტოს „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიერ პარტიის კანდიდატების წარდგენისას „აჭარლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნაზე“ და გუშინ „რუსთავი 2“ -ზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას თურქეთის რესპუბლიკის ოკუპანტად მოხსენიების შესახებ. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ასეთი განცხადებები არის არაკვალიფიციური, სახიფათო, საშიში, საბჭოთა არჩევნების აზროვნებაში ჩარჩენილი პოლიტიკოსების განცხადებები. ეს არის ასლან აბაშიძის რიტორიკა, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ დავძლიეთ. ასლან აბაშიძის მერე არავის გაუბედავს და არავის უკადრებია ჩვენთვის ამ ტიპის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პაატა ბურჭულაძისგან. აჭარლების ხსენება განცალკევებით საქართველოს სხვა ნაწილისგან, მათი დაკნინებულ მდგომარეობაში ჩაყენება და რიგი თანამდებობების ჩამონათვალი, თითქოს ამ თანამდებობებზე თუ არ არიან ბათუმში გაზრდილი, ამ კუთხეში დაბადებული და გაზრდილი ადამიანები, არის საშიში და პრობლემური აჭარისთვის. სახიფათოა ამ ტიპის განცხადებები პოლიტიკოსისგან.

გარდა ამისა, თარხან-მოურავისგან გუშინდელი განცხადებები, რომ ჩვენი პარტნიორი, ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი არის ოკუპენტი, არის არაკვალიფიციური. შეუძლებელია, რომ ქვეყანა იყოს ოკუპანტი, რომელთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ოკუპანტი არის რუსეთი.

ანტიმუსლიმური განცხადებებით, ის [დავით თარხან-მოურავი] აპირებს ამ ტიპის კამპანიის წარმოებას აჭარაში, ეს არის სახიფათო და რელიგიური შუღლისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამას ვამბობ მე, ადამიანი რომელიც დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ამ კუთხეში. მე მზრდიდა მაჰმადიანი ბებია, გავიზარდე ქრისტიანულ ოჯახში, ვარ საქართველოს რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და ცოტა მეტი ვიცი აჭარაზე, ვიდრე ამ ორმა ადამიანმა, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” სატელიტები და საკუთარი უცოდინრობით, დაკვეთით მოვლენილი არიან აქ არეულობისთვის. უნდა გავთავისუფლდეთ სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებისგან, არაპროფესიონალებისგან, სტერეოტიპული აზროვნებისგან და საბჭოთა მენტალიტეტისგან“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბუჭულაძემ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის კანდიდატების წარდგენისას აჭარაში ხელმღვანელ თანამდებობებზე არააჭარელი კადრების დანიშვნაზე ისაუბრა და ეს საკითხი შეაფასა, როგორც პრობლემა. მისი განმარტებით უნდა დაწინაურდნენ ადგილობრივი კადრები, რაც აფხაზეთისთვის და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის მაგალითი იქნება.

„ … აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, აჭარელი არ არის არც აჭარის სუსის უფროსი, აჭარელი არ არის არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც აჭარის მთავარი პროკურორი, აჭარის იუსტიციის სამინიტროსაც ხელმძღვანელობენ არა აჭარლები, მთავრობის თავმჯდომარც არ არის აჭარელი – რა ხდება კადრები არა გვყავს აჭარაში?“ – განაცხადა დღეს ბათუმში კანდიდატების წარდგენისას პაატა ბურჭულაძემ.

დავით თარხან-მოურავმა კი გუშინ, “რუსთავი 2”-ის ეთერში თურქეთი საქართველოს მტრად და ოკუპანტად მოიხსენია.

ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა

ბათუმის კულტურის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოსგან მიიღო უფლება „ბათუმობასთან“ დაკავშირებული შესყიდვის პირდაპირი წესით განხორციელებასის თაობაზე.

ღონისძიების ტექნიკურ გაფორმებას შპს „მარკა“ უზრუნველყოფს, ხოლო შპს „ჯი ფლორა“ იზრუნებს ქუჩების სადღესასწაულო მორთულობაზე.

ორგანიზატორების ინფორმაციით დაგეგმილ ღონიძიებებში ცვლილებები არ შედის, თუ ამინდი არ გაუარესდება. წვიამიანი ამინდის შემთხვევაში მთავარი კონცერტი არა საოცრებათა პარკში , არამედ საზაფხულო თეატრში ჩატარდება.

უკვე მზადაა ღონისძიების აფიშა.

ბათუმობა 2016 - აფიშა
ბათუმობა 2016 – აფიშა

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა სიხარულიძის ინფრომაციით, ქალაქში უკვე დაიწყო „ბათუმობასთან“ დაკავშირებული დროშებისა და ბანერების განთავსება და დაახელოებით ორ საათში ქალაქში აფიშებიც გამოჩნდება.

საინფორმაციო ფლაერების დარიგებას ორგანიზატორები 1-2 სექტემბერს გეგმავენ: „ეს იმისთვის რომ მოსულმა სტუმრებმა მიიღონ ინფორმაცია თუ რა სად და რა დროსაა დაგეგმილი“

მემედ აბაშიძისა და დუმბაძის ქუჩების გადაკეტვას ღონისძიების ორგანიზატორები პირველ სექტემბერს ღამის პირველი საათიდან გეგმავენ: „ღამით შევასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, რომ ქალაქში მოძრაობა დიდი ხნით არ შევაფერხოთ. 5 სექტემბერს დილით მოძრაობა ამ ქუჩებზე ისევ გაიხსნება.“

ბათუმობა 3-4 სექტემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე

მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი

ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში.

არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით 24-25 გრადუსამდე დაეცემა.

ამ დროისთვის ბათუმში ჰაერის ტემპერატურა, ობსერვატორიის მონაცემებით, 29 გრადუსს არ აღემატება, თუმცა ობსერვატორიაში ამბობენ, რომ შეგრძნება არის თითქოს მეტი – 32-33 გრადუსია, რაც ჰაერის ზედმეტად ტენიანობითაა გამოწვეული და ასევე იმით, რომ საკმაოდ თბილია ზღვის წყალიც.

დავით თარხან-მოურავი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იყრის კენჭს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სიის პირველი ნომერი იქნება.

თუ რატომ გადაწყვიტა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა,  ამ კითხვით დავით თარხან-მოურავს მივმართეთ.

„ორში იქნება პრესკონფერენცია, ყველაფერს ვიტყვი იქ, რა გადავწყვიტე, რატომ გადავწყვიტე, ყველაფერს ორში გაიგებთ“- აცხადებს დავით თარხან-მოურავი.

პოლიტიკური პარტია კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას 2 სექტემბერს გეგმავს. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში ქობულეთიდან, ის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ია მესხიძე იქნება.

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს.

„ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის ბაღი ფერმერთა თანადაფინანსებით 6 ჰექტარზე გავაშენეთ. პროგრამაში 44 ფერმერი იყო ჩართული. მომავალ წელს, სავარაუდოდ, აქცენტი სხვა მიმართულებებზე გაკეთდება – ესაა სასათბურე მეურნეობები, ფერმერთა გაერთიანებების ხელშეწყობა, კოოპერატივების ჩამოყალიბება-განვითარება, ასევე გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების განვითარება და სხვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა, მამუკა თურმანიძემ.

ფერმერი პროგრამის ფარგლებში საჭირო თანხის მხოლოდ 20%-ს იხდიდა. მამუკა თურმანიძის განცხადებით, ყველა ტექნოლოგიის დაცვით, 1 ჰექტარი მოცვის ბაღის გაშენებისთვის დაახლოებით 35 ათასი ლარია საჭირო. 1 ჰექტარზე ფერმერს პროგრამის ფარგლებში წელს გადაეცა 3300 ძირი მოცვის ნერგი.

სადემონსტრაციო ნაკვეთების ჩათვლით, დღეს მოცვი აჭარაში 16 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ბერიძის განცხადებით, ფერმერმა ოჯახის შემოსავლის წყაროდ რომ აქციოს მოცვი, მისი ბაღი სულ ცოტა 2500 კვ/მ-ზე მაინც უნდა გააშენოს. რაც შეეხება დიდ ბიზნესს, ამ შემთხვევაში მინიმუმ 10 ჰექტარი ბაღია საჭირო. იგი ამბობს, რომ მთავარი ბაზარი დღეს მაინც არის რუსეთი და უკრაინა, თუმცა მოცვი საქართველოდან დიდ ბრიტანეთშიც გააქვთ.

სერვისცენტრის დირექტორის თქმით, არსებობს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ეძლევათ საშუალება ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში, ჩართონ პროექტში და მოცვის ნერგების საფასურის 50%-ს სახელმწიფო დაფარავს.

ამავე თემაზე:

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

Exit mobile version