კვირის ამბები,მთავარი

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

30.08.2016
სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს.

„ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის ბაღი ფერმერთა თანადაფინანსებით 6 ჰექტარზე გავაშენეთ. პროგრამაში 44 ფერმერი იყო ჩართული. მომავალ წელს, სავარაუდოდ, აქცენტი სხვა მიმართულებებზე გაკეთდება – ესაა სასათბურე მეურნეობები, ფერმერთა გაერთიანებების ხელშეწყობა, კოოპერატივების ჩამოყალიბება-განვითარება, ასევე გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების განვითარება და სხვა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა, მამუკა თურმანიძემ.

ფერმერი პროგრამის ფარგლებში საჭირო თანხის მხოლოდ 20%-ს იხდიდა. მამუკა თურმანიძის განცხადებით, ყველა ტექნოლოგიის დაცვით, 1 ჰექტარი მოცვის ბაღის გაშენებისთვის დაახლოებით 35 ათასი ლარია საჭირო. 1 ჰექტარზე ფერმერს პროგრამის ფარგლებში წელს გადაეცა 3300 ძირი მოცვის ნერგი.

სადემონსტრაციო ნაკვეთების ჩათვლით, დღეს მოცვი აჭარაში 16 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული.

აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ბერიძის განცხადებით, ფერმერმა ოჯახის შემოსავლის წყაროდ რომ აქციოს მოცვი, მისი ბაღი სულ ცოტა 2500 კვ/მ-ზე მაინც უნდა გააშენოს. რაც შეეხება დიდ ბიზნესს, ამ შემთხვევაში მინიმუმ 10 ჰექტარი ბაღია საჭირო. იგი ამბობს, რომ მთავარი ბაზარი დღეს მაინც არის რუსეთი და უკრაინა, თუმცა მოცვი საქართველოდან დიდ ბრიტანეთშიც გააქვთ.

სერვისცენტრის დირექტორის თქმით, არსებობს სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ რომლის ფარგლებშიც ფერმერებს ეძლევათ საშუალება ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში, ჩართონ პროექტში და მოცვის ნერგების საფასურის 50%-ს სახელმწიფო დაფარავს.

ამავე თემაზე:

კოოპერატივი, ამერიკული მოცვი და ქართული ეკონომიკა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: