Batumelebi | როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

როგორ რეგულირდება “მოსამზადებელი კლასების” არსებობა

კერძო სკოლა “მედიანა 2011”-ის საქმიანობის შესწავლას რამდენიმე მშობელი მოითხოვს. მათი თქმით, ბავშვებმა ამ სკოლის ქობულეთის ფილიალის პირველი კლასი გაიარეს, რომლის შემდეგაც დირექტორმა უთხრა, რომ ეს მოსამზადებელი კლასი იყო.

“ამ ბავშვებმა მართლაც გაიარეს პირველი კლასი, მაგრამ ეს იყო მოსამზადებელი,”- უთხრა “ბათუმელებს” სკოლა “მედიანა 2011”-ის დირექტორმა, ზაურ სოლომონიძემ. ის ირწმუნება, რომ მშობლებმა ამის შესახებ იცოდნენ, ბავშვები 6 წელს მიუღწეველი იყვნენ და მათ ოფიციალურად პირველი კლასის გავლას ვერ ჩაუთვლიდა: “სულ ოთხი ბავშვი იყო ასეთი ქობულეთში. მათ შევთავაზე, რომ გავატარებდი პირველი კლასის პროგრამას. ისინი პირველკლასელებთან ერთად ისხდნენ, მაგრამ ასაკით არ იყვნენ 6 წლის და როგორ გადავიდოდნენ მეორე კლასში?”

ზაურ სოლომონიძის თქმით, ბავშვები თუკი ამავე სკოლაში განაგრძობენ სწავლას, მათ მეორე კლასის პროგრამით ასწავლიან, მაგრამ ოფიციალურად პირველკლასელები იქნებიან. კითხვაზე, რატომ გაიარეს ბავშვებმა პირველი კლასის პროგრამა, როცა ისინი მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები იყვნენ, გვიპასუხა: “აბა, რა გვესწავლებია ბავშვებისთვის? ცალკე პროგრამა მოსამზადებელი კლასისთვის ჩვენ არ გვაქვს. როცა გამოცხადდება ექსტერნი, ეს ბავშვები მიიღებენ მასში მონაწილეობას და შესაძლებელი იქნება, ერთი კლასი გამოტოვონ,” – გვიხსნის ზაურ სოლომონიძე.

“თუკი დაფიქსირდება ეს ფაქტი, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ფაქტობრივად მეორე კლასის პროგრამას ასწავლიან, ეს დარღვევაა და ამას აუცილებლად შეისწავლის საქართველოს განათლების სამინისტრო,” – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მისი განმარტებით, “მოსამზადებელი კლასის” პროგრამას თავად სკოლა განსაზღვრავს და სთავაზობს მშობელს: “ასევე მიუღებელია დაპირება ექსტერნის გამოცდებზე. წინასწარ არ ვიცით, გამოსცემს თუ არა ბრძანებას განათლების მინისტრი და ჩააბარებენ თუ არა მოსწავლეები ამ გამოცდებს. ასევე, ბრძანების გამოცემამდე უცნობია, რა ასაკობრივი შეზღუდვები იქნება დაწესებული”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი