კვირის ამბები,მთავარი

რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

01.09.2016 • 4620
რა შეიცვალა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით

იპოთეკარების საპროტესტო აქციები ბათუმში განახლდა. აქციები იანვრიდან შეწყდა, როცა პარლამენტმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება შეიტანა და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოს მიანდო. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით არაფერი შეცვლილა – ისევ ასახლებენ. პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა სარჩელი, რომლითაც ბიზნესორგანიზაციები საპოლიციო გამოსახლების წესის დაბრუნებას მოითხოვენ.

საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი მოქალაქე გია ნოდიაა. მას საჯარო აუქციონის გზით შეუძენია საცხოვრებელი ბინა თბილისში, თუმცა ყოფილი მესაკუთრე ბინას არ ათავისუფლებს: „გიას მსგავსად სხვა, კანონიერ მესაკუთრესაც ამ წესის მიხედვით უწევთ სასამართლოსთვის იმის მტკიცება, რომ ისინი არიან მესაკუთრეები. კანონში ჩაიწერა, რომ ამ ტიპის საქმე სასამართლომ ერთ თვეში უნდა განიხილოს, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდება და არც მოლოდინი გვქონდა ამის. გია ნოდიას საქმის განხილვა წელიწადზე მეტია გრძელდება სასამართლოში,“ – ამბობს ლევან ალაფიშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოში გია ნოდიასთან ერთად, ბიზნესასოციაციის და საბანკო ასოციაციის ინტერესებს იცავს.

იპოთეკით დაზარალებულებმა სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე იცავს: „კანონის შეცვლის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ სასამართლო გაარკვევდა, აქვს თუ არა ადამიანს სხვა საცხოვრებელი, თუ ის ღია ცის ქვეშ რჩება. შემცირდა თუ გაიზარდა პირის გადახდისუნარიანობა და სამართლიანია თუ არა, რომ ახალი ვადები დაუწესდეს მას აღებული სესხის დასაფარად. რეალურად მივიღეთ ის, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს ქონების ჩამორთმევის საკითხს და მაინც მივდივართ გამოსახლებამდე. მეორეა თაღლითობის შემთხვევები, რომლის გამოძიებაც გაჭიანურებულია და არ ასრულებს პროკურატურა“.

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე დაახლოებით 10 შემთხვევა განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და ათივე შემთხვევაში გამოსახლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მხოლოდ ერთი ოჯახის გამოსახლება მოხერხდა. „სხვა ოჯახები არ გამოდიან ნებით, იძულებით აღსრულებაზე კი, ჯერ არ მისულა საქმე“, – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

სამი მოვალის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლელა ბჟალავა იცავდა. მისი შეფასებით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: „აღნიშნული გადაწყვეტილებით ნათქვამია, რომ ბანკმა უფლების დაკმაყოფილებისას უნდა გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც მეტად იქნება შესაბამისობაში მოვალის ინტერესებთან და არ მოახდინოს ქონების რეალიზება, თუკი არსებობს უფლების დაკმაყოფილების ალტერნატივა. საფინანსო ორგანიზაციამ, თუ მევახშემ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მსესხებელს და უძრავი ქონების გაყიდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოითხოვოს, როცა თანხის ამოღების ყველა სხვა გზა ამოწურულია“, – ამბობს ლელა ბჟალავა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავს ბიზნესზე, ვიდრე ფიზიკურ პირებზე. მათი რეალური ინტერესების დამცველი ისევ არ არსებობს, ბანკები კი ორგანიზებულად ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას“, – გვითხრა ლია ელიავამ, ეკონომიკის ექსპერტმა. ის ერთ-ერთია, ვინც საკანონმდებლო ცვლილებისგან პოზიტიური მოლოდინი ჰქონდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ იყო და რეალურად სასამართლოს „გამოსახლების საქმეები“ ხელისუფლებამ სათანადო საკანონმდებლო ბაზის გარეშე გადააბარა. „ჩვენთან ჯერ კიდევ არ განუხილავთ კანონი, რომელიც ყველა ცივიზილებულ ქვეყანაში მოქმედებს – ესაა ფიზიკური პირის გაკოტრება. როცა ადამიანს აღარანაირი საშუალება არ აქვს სესხის დაფარვის, არის შემთხვევები ევროპის ქვეყნებში, როცა სასამართლო მთლიანად ჩამოაწერს მას ვალს და ეს გადადის მსესხებლის ზარალში. შესაძლებელია, ადამიანს სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეუმციროს გადასახადები, დაუწესოს სესხის დაფარვის ახალი განრიგი, ასევე აძლევს უფლებას იცხოვროს სახელმწიფო სოციალური სახლებით“.

ეკონომიკის ექსპერტი რამდენიმე მიმართულებას ასახელებს, რაც მისი შეფასებით კანონმდებლებს უნდა აესახათ კანონმდებლობაში: „ფაქტია, როცა სესხს იღებ, ის უნდა დააბრუნო უკან, მაგრამ მეორეა ამ სფეროს რეგულირება, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან იმიტომაა მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომ პატიოსან მოქალაქეს სჯიან რისკებით, იქნებ ვინმემ ვერ გადაიხადოს საპროცენტო, ან სესხი ვერ დაფაროსო. რეალურად ეს რისკი პატიოსან, გადახდისუნარიან მოქალაქეზე აისახება. უნდა არსებობდეს ასევე გირაოს შესახებ კანონი, ასევე საპროცენტო განაკვეთის რეგულირება. პრობლემურია დღემდე უძრავი ქონების შეფასებაც. დღეს ქონების ღირებულებას თავად ბანკები საკუთარი მადის მიხედვით აფასებენ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, მინიმუმ არაკომპეტენტურია. პროფესიონალურია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შეფასება, მაგრამ ბანკები მათ შეფასებისთვის იშვიათად მიმართავენ. მოქალაქეები ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ, რომ მომსახურება ძვირია“.

„ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ფულით გააკეთოს უფრო მეტი ფული“, – პასუხობს განსხვავებული პოზიციის მქონე ექსპერტებს ლევან ალაფიშვილი, საკონსტიტუციო სარჩელის ავტორების ინტერესების დამცველი. მისი თქმით, მოვალეებს საქართველოში გაცნობიერებული არ აქვთ მარტივი მოცემულობა, რომ სესხს დაბრუნება სჭირდება: „როცა ფულს იღებდი ბანკში, მაშინ არ იცოდი, რომ უკანონო ხელშეკრულებას აწერდი ხელს? მე უფრო მეტს გეტყვით: ამ პროცესით საბოლოო ჯამში, ისევ იპოთეკარები და ჩვეულებრივი მოქალაქეები ზარალდებიან. საფინანსო ორგანიზაციებმა უკვე იციან, რომ უძრავი ქონებიდან პირის გამოყვანა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზეა დამოკიდებული. რისკი გაიზარდა, გაიზარდა – საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკარებმაც რა მოიგეს? სასამართლო მაინც აკმაყოფილებს კანონიერი მესაკუთრის მოთხოვნას. მათ დროის ხარჯვის და ენერგიის გარდა, დამატებით სახელმწიფო ხარჯის დამატებაც უწევთ. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმი. მაშინ მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავდნენ იპოთეკარები და ამით თითქოს გააჩუმეს“.

„არაფერიც არ შეიცვალა“, – გვიპასუხა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა კითხვაზე, რა შედეგი მოიტანა იპოთეკარების მოთხოვნების შემდეგ კანონმდებლობის შეცვლამ. გიორგის შეფასებით, შედეგი არის ის, რომ პროცესი დროში გაიწელა, კიდევ უფრო გადაიტვირთა სასამართლოები და გამოსახლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიცია. „ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულება და წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტდა, შეუსრულებელია“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„შეხვედრები მაქვს, ვმუშაობ, არ მცალია. კანონის მიღებით დაფიქსირებულია უკვე ჩემი პოზიცია. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – ამ მოკლე პასუხის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ტელეფონი გაგვითიშა. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს და კანონმდებლობაში გამოსახლების შესახებ შესული ცვლილების აქტიური მხარდამჭერი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: