მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

01.09.2016
აჭარის მთავრობა: უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა სამი მუნიციპალიტეტი

აჭარის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უამინდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტები, სადაც  მიწის მასა ჩამოიშალა რამდენიმე სოფელში და მეწყრული მოვლენები განმეორდა.

დაზიანდა კერძო სახლების ეზოები და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. უხვმა ნალექმა დააზიანა სოფლებში: ზემო წინსვლაში, ფერიაში, ავგიაში, თხილნარსა და სამებაში რამდენიმე ოჯახი. სოფელ ფერიაში, ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი;  დაზიანდა საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი.

შვიდამდე ოჯახი დაზარალდა და ერთი საფრთხის წინაშე დგას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაქვსა და ჩაისუბანში.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებელი დაზარალებულ ოჯახებს მოინახულებს:

„საჭიროების შემთხვევაში მოხდება ოჯახის სახლიდან გამოყვანა და დროებით თავშესაფარში გადაყვანაც, თუმცა არამგონია ეს საჭიროება დადგეს“, – განაცხადეს ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში.

„ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა ბათუმის ცენტრალური ქუჩების ნაწილი და მახინჯაურის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ჭაობის დასახლების ნაწილი, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: